რას ელოდება ბიძინა ივანიშვილი და რისთვის ემზადება ირაკლი ღარიბაშვილი?

ub

დაშლილი უმრავლესობა, პირადი ცხოვრების ფირების სკანდალი და დამალული გადასახადები ოფშორულ ზონაში, _ ასე ხვდება საარჩევნო სტარტს „ქართული ოცნება“ და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი.

„რესპუბლიკელები“ კოალიციიდან წავიდნენ და თანამდებობები, ჯერჯერობით, შეინარჩუნეს, „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია და უმრავლესობა საპარლამენტო პოსტებთან ერთად დატოვა, „ქართული ოცნება“ საარჩევნო მარათონში მარტო ჩაერთვება. ახალი სახეები, უმწიკვლო წარსული, კარგი განათლება და პროფესიონალიზმი, _ ეს კრიტერიუმები დაასახელა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვედრის მთავარ პირობად. რას იტყვის კახი კალაძე, ამას დიდი მნიშვნელობა არც პარტიის გარეთ აქვს და არც პარტიის შიგნით. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ კოალიციის არაფორმალური ლიდერი კალაძეს ტელეფონზეც კი არ ურეკავს, ის მხოლოდ პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს ეკონტაქტება, ამ უკანასკნელის განცხადებები კი იმის მიხედვით იცვლება, რას ეტყვის მას ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილს სიტუაციის გატესტვის საკუთარი მეთოდები აქვს. მაგალითად, ერთ დღესაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილთან შეიძლება კონსულტაციები დაიწყოსო. დღენახევარში ყოფილი პრემიერის ფანკლუბი სრული შემადგენლობით გამოვლინდა, ზუსტად მეორე დღეს კი მათ ცივი წყალი გადაასხეს, _ რა კონსულტაციები, რის კონსულტაციები, მსგავსი რამ თავში არავის მოსვლიაო. კოალიციის არაფორმალურ მმართველს შუშის სასახლის კარი საგულდაგულოდ ჩარაზული აქვს, პარტიული და საარჩევნო სიის საკითხები მან მოქმედ პრემიერს გადააბარა, მოქმედი დეპუტატები საკუთარი მომავლის გარკვევას ამაოდ ცდილობენ, კასტინგი კულუარებში მიმდინარეობს და ისინიც საჯარო განცხადებებით ცდილობენ, ივანიშვილს თავი მოაწონონ, ამ პოდიუმზე კი სისულელეებს სისულეებზე აბრეხვებენ. სწორედ ასე დაემართა დეპუტატ ეკა ბესელიას. მართალია, ბესელია-კობახიძის დუეტი ე. წ. კოკაინის სკანდალში პროკურატურამ გაამართლა, მაგრამ ეს პირადი ცხოვრების ფირების გასაჯაროების ფონზე მოხდა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების მიღმა დარჩა, ეკა ბესელიამ კი ივანიშვილის ტელევიზიის ეთერში მორიგი სისულელე დააბრეხვა, _ „ქრონიკა+“-ში პირადი ცხოვრების ამბები რომ ქვეყნდებოდა, მაშინ სად იყვნენ ეს არასამთავრობოებიო? თქვენი არ ვიცი და, მგონი, ქ-ნი ბესელია ფრიად უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მისი პირადი ცხოვრების ფირი რედაქციაში არ დავიტოვეთ და მისი მეგობარი ე. წ. კახელების კლანის მსხვერპლი არ აღმოვჩნდით, უფრო სერიოზულად კი, ქ-ნი „უფლებადამცველი“ ვერ დაგვისახელებს ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, როცა „ქრონიკა+“ რომელიმე ჩინიანის, ან უჩინოს პირადი ცხოვრების თემას შეეხო. კულუარებში ჭორაობა, ოჯახის წევრების ყველა ბრუნვაში ხსენება, ინტრიგების ხლართვა და ზღაპრების მოგონება სწორედ ბესელიასა და მისი მეგობრების ექსკლუზივია. ჩვენ ფაქტებით ვწერთ, ფაქტები კი ხშირად იმდენად მძიმეა, რომ მასზე რეაგირებას ვერც მოქმედი ხელისუფლება უვლის გვერდს.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების სკანდალს, ქვეყნის არევის ეს სქემა სწორედ 2015 წლის 26 დეკემბერს „ქრონიკა+“-ის ოფისში გელა ღურწკაიას სტუმრობით და დეპუტატის პირადი ცხოვრების ფირის მოტანით დაიწყო. ჩვენი განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ დანაშაულში ხუთი პირია მხილებული და ორგანიზებული ჯგუფის არსებობა კიდევ უფრო მკაფიოს ხდის იმ სქემას, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში პირადი ფირების გამოქვეყნებით გაგრძელდა.

გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ამ დღეებში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გვითხრა, ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფების მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული ჩD და DVD დისკი, 25 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი, ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა, გამოძიებისათვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი, გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა. გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას, _ ეს ბოლო ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც პროკურატურამ ამ საქმეზე გაავრცელა. არაოფიციალური ინფორმაციით, დადგენილია ქვეყანა, საიდანაც ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ფირები აიტვირთა და ამ ეტაპზე, გამოძიება ინტენსიურად მუშაობს კავშირების გაშიფვრასა და მყარი მტკიცებულებების მოპოვებაზე.

მხოლოდ აღნიშნული სტატისტიკა მოწმობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს საჯაროდ მოწყობილი სპექტაკლი, რომელიც პირადი ცხოვრების მასალების განადგურებას ეხებოდა, მხოლოდ ფარსი იყო და, რეალურად, ფირები არ განადგურებულა, მეტიც, მაღალი ალბათობით, აღნიშნული ფირები სწორედ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებმა, მისმა სიმამრმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა გაიტანეს სამინისტროდან. არსებობს დაუსაბუთებელი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ეს და სხვა კომპრომატები სწორედ ამ ჯგუფმა სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ რუსებს მიჰყიდეს.

დღეს პოლიტიკურ წრეებში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ფირების გავრცელების უკან სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა დგას. მაღალი ალბათობით, სწორედ ამ კვალის დაფარვის მიზნით გეგმის ნაწილი იყო გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების სხვა ფირების გასაჯაროებაც, რომლის კვალიც ავტომატურად წავიდოდა გელა ხვედელიძის მიმართულებით. გეგმის ამ ნაწილმა არ იმუშავა, სკანდალურად ცნობილმა გიორგი ტატიშვილმა, იგივე „მაცაცომ“, სქემა დროზე ადრე გაშიფრა. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ზოგიერთი ექსპერტის მიერ „სკანდალური“ ამბის გახსენება, რომ თითქოს „კუდის“ ყოფილი უფროსი ვაჟა ლელუაშვილი ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ოფისში გელა ხვედელიძის კაბინეტთან ნახეს კომპრომატებით ხელში. ფანტაზია ფანტაზიას გააჩნია, _ როდის იყო, მსგავსი ტიპის შეხვედრები ოფისებში და თან არაკონსპირაციულად ხდებოდა? სამწუხაროდ, პატივცემულმა ექსპერტებმა არ იციან, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ნამდვილად ხდებოდა არჩევნების წინ, ხდებოდა კონსპირაციულად „კუდის“ მხრიდან ამ შეხვედრებში ლევან ქარდავა, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან კი ივანიშვილთან დაახლოებული სხვა პირი მონაწილეობდა და არა გელა ხვედელიძე. რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს, იგი სწორედ ხვედელიძის კაბინეტში დააკავეს და განთავისუფლების შემდეგ იმდენად მჭიდრო კავშირში იყო ღარიბაშვილის ნათესავებთან, რომ რამდენიმე ფასდაუდებელი სამსახურიც კი გაუწია მათ (ერთ-ერთი მსგავსი სამსახურის შესახებ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს პირადად აქვს ინფორმაცია და თუ ამ თემით სპეკულაცია გაგრძელდება, სამომავლოდ ამ ფაქტების გახსენებასაც წინ არაფერი უდგას). სწორედ ამ სამსახურის სანაცვლოდ დარჩა ვაჟა ლელუაშვილი თავისუფლებაზე, ხოლო მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაწინაურდა. მეტიც, მას პრემიერ ღარიბაშვილის სახელით გამართულ სადღესასწაულო მიღებებზეც ხშირად იწვევდნენ, რაც შეეხება კომპრომატებს და ჩემოდანს, კომპრომატები ვაჟა ლელუაშვილს არავისთვის გადაუცია, ჩემოდანი კოჯრის ტყეში მას შემდეგ ამოთხარეს, რაც მისი არსებობა „კუდის“ ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა გასცა.

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი?

ერთი ვერსიით, ის ნამდვილად აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას და პარტნიორებსაც ეძებს. პარტიის შექმნის რეალური მიზანი არა მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა, არამედ ხმაურიანი დაჭერებისგან საკუთარი ცოლის ნათესავების გადარჩენაა. ამავე მიზნით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილი ტელევიზიის ამუშავებას აპირებს. ახალი ტელევიზია კარგად დავიწყებული ტვ 3-ია, რომლის დირექტორმა, ლალი ეგაძემ, თანამდებობა უკვე დატოვა და ტელევიზიის დირექტორად ჯანყარაშვილის კადრი, თათია ელიაძე ინიშნება. პარტია და ტელევიზია ე. წ. კახელების კლანის ერთადერთი სტრატეგია არ არის, ექსპრემიერის სიმამრის მარანში აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები და იმ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემაც განიხილება, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს აქტიურად შეუტევენ, პარალელურად კი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ხმაურიან განცხადებებს გააკეთებენ არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ და სფეროების მიხედვით კორუფციულ სქემებს ამხელენ. ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, პორტები და გადაზიდვის ტარიფები, _ ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ე. წ. კახელების კლანის წარმომადგენლები ხმაურიანი განცხადებებისთვის განიხილავენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მათი სამიზნე ექსპრემიერის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილია, რომელსაც კორუფციასა და ბიზნესწილების განაწილებაში ამხელენ. გამომდინარე იქიდან, რომ ე. წ. კახელების კლანი სამი წლის განმავლობაში ერთპიროვნულად აკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსმენდა და იწერდა ყველაფერს, მათ შორის, უჩა მამაცაშვილსა და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც, საქმეში ჩახედული ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, რომ მათ ხელში არაერთი სკანდალური ჩანაწერია, რომელიც სწორედ კორუფციულ სქემებსა და ბიზნესგარიგებებს ეხება. სწორედ ამის გამო, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილმა საპარტნიორო ფონდი უკვე დატოვა.

რას ელოდება ბიძინა ივანიშვილი?

როგორც ჩანს, მან კახელების კლანის გეგმების შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე მიიღო. ამის გამოძახილი იყო პრემიერ ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომა და „მოქალაქის“ ირონიული მინიშნება, _ ირაკლის აქვს ამის რესურსი და მას შეუძლია შექმნას პოლიტიკური პარტიაო. ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ფული, ამბიცია და რევანშის განწყობაც. გაბედავს თუ ვერ გაბედავს ბიძინა ივანიშვილთან ომს?

დრო ამჯერად მის წინააღმდეგ და ბიძინა ივანიშვილზე მუშაობს!

 

                                                                                                                   ელისო კილაძე