1937 წლის ქრონიკები – ,,პარტიული მეტსახელიც ჰქონდა – ,,კასრი“…

sss

გაგრძელება. დასაწყისი იხ. ,,ქრონიკა+“ #11.

 

სტალინური დიდი ტერორი საქართველოში 1936 წლის ზაფხულში იღებს სათავეს და იგი ორი ქალბატონის პიროვნებას უკავშირდება. ლიდია გასვიანისა და ლეილა ალავერდოვას სახელი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის არაფრის მთქმელია. არადა, სწორედ მათი მეშვეობით გახდა შესაძლებელი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეპრესიებისთვის საფუძვლის მომზადება.

არც ლიდია და არც ლეილა კომუნისტური პარტიის ელიტას არ განეკუთვნებოდნენ. მათ არ ეკავათ რაიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობა, არ ეწეოდნენ თვალში საცემ საზოგადოებრივ ცხოვრებას. იმ პერიოდის საქართველოში ისინი ცნობადი სახეებიც კი არ იყვნენ. და მაინც, შინსახკომმა (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) გასვიანსა და ალავერდოვას იმ დეტონატორის როლი დააკისრა, რომელმაც ქვეყანაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თავიდანვე დავაზუსტოთ: გარემოებათა გამო, როგორც ლიდია, ასევე ლეილა, რეპრესიების უნებური გამომწვევები იყვნენ და არა შეგნებული მონაწილეები. მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ საქართველოში სტალინის ყოფილი ოპოზიციის გასანადგურებლად შინსახკომმა ისინი მექანიკური მასალის როლში შეარჩია.

გასვიანსა და ალავერდოვაზე ერთი უბრალო მიზეზის გამო შეჩერდა არჩევანი _ ისინი ახლოს იცნობდნენ ქართული ტროცკისტული ოპოზიციის ხელმძღვანელებს. მათი საშუალებით შინსახკომი სტალინის მიერ რეპრესიებისთვის წინასწარ განსაზღვრულ ფიგურებზე გასვლასა და ბრალდებისთვის საჭირო მასალის შეგროვებას ცდილობდა. უპირველესი სამიზნე საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (დღევანდელი ვიცე-პრემიერის პოსტი), ბუდუ მდივანი იყო.

ლიდია გასვიანი და ლეილა ალავერდოვა პარტიაში სტალინის მოწინააღმდეგის, ლევ ტროცკის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ლიდია ტროცკის პირადად იცნობდა და მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდა. იგი იდეური კომუნისტი გახლდათ და პარტიაში 1918 წელს შევიდა, მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ, 16 წლის იყო. სტალინისგან განსხვავებით, ტროცკი ჭეშმარიტ კომუნისტად მიაჩნდა და მის იდეებს დევნის პერიოდშიც კი ღიად უჭერდა მხარს.

გასვიანმა ტროცკი სტუდენტობის დროს გაიცნო, როდესაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. მათი ნაცნობობა 1926 წელს ტროცკის ბინაში შედგა, სადაც იგი ამხანაგმა მიიყვანა. ლიდიამ ტროცკიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სულ მალე ისინი დაახლოვდნენ. გასვიანი ბუნებით თავისუფალი, გახსნილი გოგო იყო და ურთიერთობისას საკუთარ თავს არაფერში ზღუდავდა. იგი არც მალავდა, რომ პოლიტიკურ სიმპათიებთან ერთად მას ტროცკის მიმართ ამურული გრძნობებიც ამოძრავებდა. ლიდია ტროცკის ხშირი სტუმარი გახდა და ასეთი მდგომარეობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა.

1927 წელს, ოქტომბრის რევოლუციის მე-10 წლისთავზე, ტროცკიმ სტალინის საწინააღმდეგო ალტერნატიული დემონსტრაცია ჩაატარა, რომელიც ხელისუფლებამ ძალით დაშალა. ბელადმა პარტიაში მთავარი კონკურენტი ალმა-ათაში გადაასახლა, ხოლო შემდეგ იგი საბჭოთა კავშირიდან საერთოდ გაასახლეს.

ლიდია გასვიანის დაკითხვის ოქმიდან: ,,ალმა-ათაში გადასახლებამდე ტროცკისთან პოლიტიკური და პირადი კავშირი მუდამ მქონდა. მასთან სახლშიც ბევრჯერ ვყოფილვარ და აგარაკზეც. პოლიტიკურადაც და პიროვნულადაც ტროცკი სრულიად მენდობოდა“.

მოსკოვშივე გაიცნო გასვიანმა ლეილა ალავერდოვა. ისინი ორივე თბილისიდან იყვნენ და ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მათ დაახლოებას საერთო პოლიტიკურმა შეხედულებებმაც შეუწყო ხელი. ლიდიას მსგავსად ლეილაც 18 წლის ასაკში შევიდა პარტიაში. იგი თავგადაკლული, უკომპრომისო კომუნისტი გახლდათ. მიაჩნდა, რომ სტალინმა ლენინურ გზას გადაუხვია და პარტიის უზურპირებას ახდენდა.

1928 წელს გასვიანმა და ლეილამ ტროცკის გადასახლების საწინააღმდეგოდ მოწყობილ დემონსტრაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ამის გამო მეგობრები პარტიიდან გარიცხეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. 1929 წელს, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, ლიდია და ლეილა დააპატიმრეს და შემდეგ გადაასახლეს კიდეც, თუმცა სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, 1929 წელს, საერთო პოლიტიკური ამნისტიის ფარგლებში, ისინი გადასახლებიდან გაათავისუფლეს და პარტიაშიც მალევე აღადგინეს.

თუმცა შეწყალება სტალინის მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური სვლა გახლდათ. ამ ნაბიჯით იგი პარტიული ოპოზიციის ყურადღების მოდუნებას ცდილობდა. ეჭვიანი ბუნებიდან გამომდინარე, ბელადი მოწინააღმდეგეებს ვერ ეგუებოდა და მათი სრული ლიკვიდაციისთვის საჭირო ნიადაგს ამზადებდა, ამიტომ ტროცკის აქტიურ მომხრეებზე შინსახკომის თვალთვალი და ინფორმაციის შეგროვება ამნისტიის შემდეგაც მუდმივად მიმდინარეობდა.

1934 წელს ლეილა ალავერდოვა მოსკოვის შინსახკომში დაიბარეს და მას სპეცსამსახურზე მუშაობა მოსთხოვეს. ლეილას ორგანოებისთვის ტროცკისტულ წრეებში მიმდინარე საუბრები და მათი განწყობები უნდა ეცნობებინა. ალავერდოვა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ მასზე შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდები გამოიყენეს და საიდუმლო აგენტის ხელწერილი მაინც ჩამოართვეს. აგენტთა კარტოთეკაში იგი ,,ლოს“ ფსევდონიმით გაატარეს.

თვალთვალი მიმდინარეობდა ლიდია გასვიანზეც. შექმნილი ვითარების გამო გასვიანმა და ალავერდოვამ 1934 წელს მოსკოვის დატოვება და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტეს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ლიდიამ ენგელსის ქუჩაზე (ახლანდელი ლ. ასათიანის, _ რედ.), 29 ნომერში ერთოთახიანი ბინა იქირავა. ალავერდოვა მშობლებთან გრიბოედოვის ქუჩაზე დასახლდა.

პოლიტიკური ნაცნობების საშუალებით გასვიანმა თბილისში სამსახურიც იშოვა _ იგი სახელმწიფო გამომცემლობაში დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. ლეილა ამიერკავკასიის შემნახველი სალაროების სამმართველოს კანტორაში კონსულტანტის თანამდებობაზე მოეწყო. თბილისში გადმოსულ მეგობრებს შინსახკომი, ჯერჯერობით, არ აწუხებდა.

ახალ სამსახურში ლიდია ქართველი მწერლების საზოგადოებაში აღმოჩნდა. მის მოვალეობაში შედიოდა წიგნების ბეჭდვა, ჰონორარების დამტკიცება, ტექნიკური საკითხების შეთანხმება. გასვიანის კაბინეტში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. აქ შეხვდებოდით მიხეილ ჯავახიშვილს, პაოლო იაშვილს, გერონტი ქიქოძეს, ტიციან ტაბიძეს, ნიკოლოზ მიწიშვილს. თუმცა ყველაზე ხშირად ლიდიასთან კონსტანტინე გამსახურდია დადიოდა. გამსახურდიამ, რომელიც დიდი რომანების ოსტატი იყო, გასვიანთან ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. იგი ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა კონსტანტინემ ლიდიასთან ურთიერთობა ეჭვიანობის გამო შეწყვიტა.

კონსტანტინე გამსახურდიას ჩვენებიდან: ,,რაც შეეხება გასვიანის ამბავს, არის ერთგვარი დელიკატობის ამბავი… სხვათა შორის, მე ვუთხარი გასვიანის ქალს, რომ მამაკაცებთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო, თუ არადა, ჩემთან უნდა გაწყვიტო კავშირი-მეთქი… ლიდია ლამაზი და თავქარიანი ქალი იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი მისი ტროცკისტული წარსულის შესახებ… მაგრამ მისი პოლიტიკური საქმეების თაობაზე წარმოდგენა საერთოდ არ მქონდა. მე მასთან მხოლოდ ამურული ურთიერთობა მაკავშირებდა და სულ ვეუბნებოდი, რომ არ ჩარეულიყო პოლიტიკაში“.

ეჭვიანობის საბაბს ლიდია ნამდვილად იძლეოდა. ნაცნობ მამაკაცებთან ღიად ფლირტაობდა და მათ სახლში სადილად, ან, უმეტესად, ვახშმად ეპატიჟებოდა.

მიხეილ ჯავახიშვილის ჩვენებიდან: ,,მე გასვიანს არსად და არც ერთხელ განმარტოებით არ შევხვედრივარ. მან ოთხჯერ მიმიპატიჟა თავის ბინაში, მაგრამ მოვერიდე და არ წავედი“.

მეგობარი მამაკაცი ჰყავდა ლეილა ალავერდოვასაც _ მწერალი ლევან ასათიანი. უთანხმოების გამო მათ ოჯახის შექმნა ვერ მოახერხეს, მაგრამ ლეილას მისგან ტყუპი ბიჭი შეეძინა.

მეგობრების ასეთი უშფოთველი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. შინსახკომი ყოფილი ტროცკისტებით თბილისშიც დაინტერესდა. 1934 წლის 8 ივნისს ამიერკავკასიის უშიშროებამ მოსკოვიდან შემდეგი შინაარსის დირექტივა მიიღო:

,,სრულიად საიდუმლოდ.

ტფილისი, ზაკგპუ-ს

ამხანაგ პოღოსოვს

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსკოვიდან ტფილისში ჩამოვიდა ტროცკისტი ლეილა ალავერდოვა, რომელიც ირიცხება, როგორც სპეცინფორმატორი ფსევდონიმით ,,ლო“.

,,ლოს“ გააჩნია საკმაოდ მჭიდრო კავშირი ტროცკისტული აქტივის წევრებთან. სასურველია მისი, როგორც საიდუმლო აგენტის გამოყენება ბუდუ მდივნის, ლიდია გასვიანისა და სხვა ტროცკისტების დამუშავების საქმეში.

,,ლოს“ ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, იგი ოგპუ-ს ორგანოებთან თანამშრომლობას უფრთხის, მაგრამ, ჩვენი აზრით, ამ ფაქტორის განეიტრალება მასთან ტაქტიანი და ზომიერი მიდგომით შეიძლება.

ოგპუ გთხოვთ, კავშირი დაამყაროთ ,,ლოსთან“, პირადად გაესაუბროთ მას და გამოიყენოთ იგი აქტიური მუშაობისთვის. შეხვედრისას გადაეცით, რომ ეს დავალება მოსკოვიდან მიიღეთ და რუტკოვსკის მითითებებს ასრულებთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ,,ლოს“, როგორც აგენტის რეკონსპირაცია“.

მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციების თანახმად, ალავერდოვა თბილისის შინსახკომში გამოიძახეს და თანამშრომლობა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც თბილისიდან მოსკოვში 1934 წლის 28 ივლისს გაგზავნილი საიდუმლო ანგარიშიდან ირკვევა, ლეილამ უშიშროებასთან ყოველგვარ კონტაქტზე კატეგორიული უარი განაცხადა.

,,ოგპუ-ს უფროსს – მოლჩანოვს

გაცნობებთ, რომ ჩვენ (კერძოდ, პირადად ქობულოვმა) დავამყარეთ კავშირი ტროცკისტების კუთხით მომუშავე სპეცინფორმატორ ,,ლოსთან“. შეხვედრისას მას განვუცხადეთ, რომ საუბარს ვაწარმოებდით პირადად რუტკოვსკის დავალებით. ,,ლომ“ სიტყვის დასრულებაც არ გვაცადა და პირდაპირ მოგვახალა, რომ მისთვის ცნობილია, თუ რა თემაზე უნდა ესაუბრონ: ,,ძალიან გთხოვთ, ნერვები არ მომიშალოთ, რადგან მსგავს თემაზე რუტკოვსკისთან მოსკოვში გამართული საუბრებისას ისტერიკამდე მივედი. ბოლო შეხვედრაზე რუტკოვსკის ნათლად განვუცხადე, რომ ფიზიკურად არ შემიძლია და არც აგენტურული საქმიანობისთვის საჭირო უნარები გამაჩნია. ამდენად, თქვენს დავალებებს ვერ შევასრულებ“, _ კატეგორიულად განაცხადა მან.

,,ლომ“ დაამატა, რომ იგი მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, არის პარტიის გენერალური ხაზის ერთგული, აქვს სერიოზული ქალური პრობლემები, რის გამოც განიცდის ნერვულ აშლილობას და ამასთან, არავითარი სურვილი არ გააჩნია, ადამიანებს სულში ჩაუძვრეს და დაფარული აზრები გამოსტყუოს. ჩვენ მიერ გამოთქმული კონტრარგუმენტების შემდეგ მან ისტერიულად განაცხადა, რომ თუ ისევ გავაგრძელებთ მსგავს საუბრებს, იგი იძულებული იქნება, მოსკოვში ჩავიდეს და პირადად სერგო ორჯონიკიძესთან იჩივლოს. შეხვედრის ბოლოს დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდება და მოგვაწვდის ინფორმაციას. მოკლედ, ,,ლო“ თანამშრომლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

საქართველოს შინსახკომის საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების უფროსი სულთანიშვილი“.

ამ წერილის შემდეგ თბილისის შინსახკომმა მოსკოვიდან ალავერდოვას თაობაზე შემდეგი პასუხი მიიღო: ,,რადგან ტროცკისტების კუთხით მომუშავე აგენტი ,,ლო“ კატეგორიული ფორმით უარს აცხადებს შინსახკომთან მუშაობაზე, ჩამოართვით ხელწერილი უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ და დაიწყეთ მის წინააღმდეგ აქტიური მოქმედება“.

1934 წლის პირველ დეკემბერს კომუნისტმა ნიკოლაევმა ლენინგრადის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, სერგეი კიროვი მოკლა. ეს მკვლელობა სტალინმა ოპოზიციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების დაწყების საბაბად გამოიყენა. კიროვის მკვლელობა დააბრალეს ტროცკის თანამოაზრეებს: კამენევსა და ზინოვიევს. მათი ღია სასამართლო პროცესი მოსკოვში 1936 წლის 19 აგვისტოს გაიმართა. სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯა. ამის შემდეგ, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ტროცკის მხარდამჭერთა დაპატიმრება დაიწყო.

სტალინის მითითებით შინსახკომს მოკავშირე რესპუბლიკებში ტროცკისტთა არალეგალური ორგანიზაციების აღმოჩენა დაევალა. საქართველოს ტროცკისტული დაჯგუფების ხელმძღვანელად ბელადმა ბუდუ მდივანი დაასახელა.

საქართველოში ოპოზიციის ლიკვიდაციისთვის სამზადისი მოსკოვის სასამართლო პროცესამდე დაიწყო. ბუდუ მდივნის დასაჭერად შინსახკომს შესაბამისი მამხილებელი ჩვენებები სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად უნდოდა შინსახკომს ლეილა ალავერდოვა და ლიდია გასვიანი.

1936 წლის 21 ივლისს, ღამის ორ საათზე, ენგელსის ქუჩაზე, 29 ნომერთან, შავი ავტომობილი გაჩერდა. შინსახკომის თანამშრომლები სადარბაზოში შევიდნენ და გასვიანის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის ოქმში ზედმიწევნით აღწერილია ბინაში ნაპოვნი ყველა ნივთი: ქალის წინდები, ბიუსტჰალტერი, რეზინის სათბური, ჩემოდანი, ღამის პერანგი, ლენინის 10-ტომეული, წერილები და ა. შ.

გასვიანი შინსახკომის შიდა ციხეში გადაიყვანეს. საკანში შეყვანამდე ლიდიამ ციხეში მიღების პროცედურა გაიარა. გასვიანს სტანდარტული კითხვები დაუსვეს და მის სახელზე პატიმრის ანკეტა შეადგინეს. ბარათის შევსების შემდეგ ციხის თანამშრომელმა თითების ანაბეჭდები აიღო და ცალკე ჩაინიშნა ლიდიას სიმაღლე, ფეხის ზომა, თმისა და თვალის ფერი. გაფორმების პროცედურა პატიმრის ვიზუალური დათვალიერებით დასრულდა. გასვიანს ტანსაცმლის გახდა უბრძანეს და მის სხეულზე ყველა ნაკაწრი და ხალი აღნუსხეს.

იმავე ღამეს დააპატიმრეს ლეილა ალავერდოვა. ჯანმრთელობის ცნობაში, რომელიც ციხეში მიყვანისას შინსახკომის შიდა ციხის ექიმმა გასცა, წერია, რომ ალავერდოვას ნევრასთენია აწუხებდა.

გამოძიებამ ლიდია გასვიანსა და ლეილა ალავერდოვას კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრობის ბრალი წაუყენა და მათგან შესაბამის აღიარებით ჩვენებას მოითხოვდა. მათ გამოძიების ვერსია უნდა დაედასტურებინათ, რომელიც ტროცკისტთა ტერორისტულ და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას გულისხმობდა. პატიმრებს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებიცა და წევრებიც უნდა დაესახელებინათ. პირველ რიგში გამომძიებელს ბუდუ მდივნის კონტრრევოლუციური საქმიანობა აინტერესებდა და ჯიუტად ცდილობდა ამ თემაზე ინფორმაციის მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, ორი თვის განმავლობაში ლეილა და ლიდია გამოძიების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.

მუდმივი დაკითხვებისა და ციხის დამთრგუნველი გარემოს შედეგად, გასვიანი და ალავერდოვა ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე იმყოფებოდნენ (თუ რა მეთოდებს იყენებდა გამოძიება პატიმრების წინააღმდეგ 1937 წელს, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით). საკანში მათი მდგომარეობის შესახებ გამოძიება ინფორმაციას სპეციალური აგენტების მეშვეობით იგებდა. მაგალითად, გასვიანზე ყოველდღიურ მოხსენებას შინსახკომი ერთდროულად ორი აგენტისგან იღებდა, რომლებიც პატიმრების სახით მის საკანში ჩასვეს.

აგენტ ,,რურიკის“ დასმენა: ,,გასვიანი ძლიერ დათრგუნულია. თითქმის სულ ჩუმად არის და იშვიათად მელაპარაკება. იგი მარწმუნებს, რომ გამოძიება ისეთ რაღაცებს ეკითხება, რაზედაც პასუხი არ იცის. ამტკიცებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, თუ რომელ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაზე ელაპარაკებიან“.

აგენტ ,,ვენერას“ დასმენა: ,,გასვიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მას ამანათებისა და წიგნების მიღება აუკრძალეს. მისი აზრით, ბუდუ მდივანს სტალინის თანხმობისა და ნებართვის გარეშე ვერ დააპატიმრებენ. ის იმდენად მიამიტია, რომ ფიქრობს, დახმარებისთვის ლავრენტი ბერიას მიმართოს და მას გადარჩენა სთხოვოს“.

ბუდუსთან დაკავშირებით, ერთხელ, გასვიანს საკანში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია წამოსცდა. როგორც ირკვევა, რამდენიმე წლის წინათ საქართველოში ჩამოსული იყო ტროცკისტული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რაფაილი, რომელსაც ბუდუ მდივანმა მახინჯაურში უმასპინძლა. დუქანში გაშლილ სუფრასთან რაფაილი, მდივანი, ალავერდოვა და გასვიანი ისხდნენ. როდესაც აგენტმა გასვიანს სუფრასთან გამართული საუბრის თემაზე ჰკითხა, გასვიანმა ირონიით უპასუხა: ,,რაზე უნდა ელაპარაკა 4 ყოფილ ტროცკისტს? რა თქმა უნდა, ანტიპარტიული საუბარი იყო“. ხუმრობდა თუ არა გასვიანი, აგენტმა კარგად ვერ გაიგო, თუმცა ლიდიას ეს ფრაზა რამდენიმე საათში უკვე გამომძიებელმა იცოდა.

ამ ეპიზოდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. მახინჯაურთან დაკავშირებით გამომძიებელმა ლიდია კუთხეში მიიმწყვდია და გასვიანს აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულა. იგივე განმეორდა ალავერდოვასთან დაკავშირებითაც. ლიდიასა და ლეილას მიერ მახინჯაურის ეპიზოდის აღწერას გამომძიებელი საკუთარი ფანტაზიით ამძიმებდა და ყველაფერი კოტრრევოლუციურ ელფერში გადაჰყავდა. ალავერდოვამ და გასვიანმა შინსახკომის ზეწოლას ვეღარ გაუძლეს,  მორალურად გატყდნენ და გამომძიებლის მონაჩმახი დაადასტურეს. მათთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. პატიმრები მზად იყვნენ, სუფთა ფურცელზე მოეწერათ ხელი და ჩვენების შეთხზვა შინსახკომისთვის დაეთმოთ. 1936 წლის სექტემბერში შინსახკომმა ბუდუ მდივნის წინააღმდეგ სასურველი სამხილი მოიპოვა.

გასვიანის ჩვენებიდან: ,,დუქანში ცალკე ოთახში ვისხედით, სადაც ჩემთან ერთად ბუდუ მდივანი, რაფაილი და ალავერდოვა იმყოფებოდნენ. ბუდუ თამადა იყო. ძირითადად ის და რაფაილი საუბრობდნენ და ეს საუბარი კონტრრევოლუციურ ხასიათს ატარებდა. აკრიტიკებდნენ პარტიის პოლიტიკას, იხსენებდნენ ტროცკისტულ საქმიანობას და სინანულით ამბობდნენ, რომ მათი მოძრაობა დამარცხდა. საუბრობდნენ მუშათა კლასის მძიმე მდგომარეობაზე, კოლექტივიზაციაზე და გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ კოლექტივიზაციის პოლიტიკამ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, გამოიწვია ძლიერი უკმაყოფილება გლეხობაში და ამან საბჭოთა ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნა… როდესაც სუფრა მთავრდებოდა, რაფაილმა სადღეგრძელო წარმოთქვა: ,,ჩვენს მოხუცს გაუმარჯოსო“, მას ტროცკი ჰყავდა მხედველობაში. ბუდუმ ჭიქა მიუჭახუნა და დალია. ჩვენ ყველამ დავლიეთ ტროცკის სადღეგრძელო. ამის შემდეგ მდივანმა ოფიციანტს დანახარჯი გადაუხადა და დავიშალეთ“. გასვიანის ეს ჩვენება შემდეგ ალავერდოვამაც დაადასტურა.

მაგრამ გამოძიება მხოლოდ გასვიანისა და ალავერდოვას აღიარებით არ დაკმაყოფილდა. 1936 წლის 14 სექტემბერს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს პარტორგანიაზაციამ და შინსახკომმა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის კოლმეურნეობების ტრესტის მმართველის, სევერიან კუხალეიშვილის წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ბუდუ მდივანი ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა.

სევერიან კუხალეიშვილის ჩვენებიდან: ,,1935 წლის აგვისტოში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგზურით დასასვენებლად ვიმყოფებოდი ქალაქ კისლოვოდსკის სანატორიუმში. ამავე სანატორიუმში იმყოფებოდნენ ბუდუ მდივანი, დათიკო მახარაძე, მალაქია ტოროშელიძე, ბარონ ბიბინეიშვილი…. თბილისიდან ჩვენ ამხანაგ ლავრენტი ბერიას მოხსენება მივიღეთ, რომელიც ამიერკავკასიაში ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხებს ეხებოდა. იგი ყველამ წაიკითხა. მოხსენებასთან დაკავშირებით მდივანმა და ტოროშელიძემ აღშფოთება გამოთქვეს. ამბობდნენ, რომ ბერიამ ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორია გააყალბა. მათი აზრით, მდივნის, ტოროშელიძისა და სხვათა დამსახურება საერთოდ მიჩქმალულია, ხოლო სტალინის როლი კი პირიქით, გაზვიადებული. ბერიას მოხსენებაზე ცილისწამებას ისინი სანატორიუმის დამსვენებლებს შორისაც ავრცელებდნენ“.

ბუდუ მდივნის ბედი გადაწყვეტილი იყო. გამოძიებას მის წინააღმდეგ უკვე საკმარისი მასალა ჰქონდა.

მდივანი სტალინს საკმაოდ ახლოს იცნობდა. იგი ძველი ბოლშევიკი იყო და ჯუღაშვილთან ერთად ამიერკავკასიის კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ვეტერანი გახლდათ. ხმაურიანი ხასიათის გამო სტალინი მას შეშლილს ეძახდა, რადგან ბუდუ ყოველთვის ისე ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცას ეჩხუბებოდა. მოსკოვში ბელადის ბინაზე ხშირად რჩებოდა. სიმსუქნის გამო სტალინი ხუმრობით ღიპიანის ეპითეტით ამკობდა. ბუდუს შესაბამისი პარტიული მეტსახელიც ჰქონდა _ ,,კასრი“, მაგრამ სტალინის ხუმრობა არაფერს ნიშნავდა. ბელადს კარგად ახსოვდა, რომ 20-იანი წლების დასაწყისში სწორედ მდივანი და მასთან ერთად სხვა ქართველი ბოლშევიკები დაუპირისპირდნენ მას საქართველოს ავტონომიის საკითხის განხილვისას. მაშინ სტალინმა ისინი ,,ნაციონალ-უკლონისტებად“ მონათლა, ტროცკისთან დაპირისპირების დროს კი ბუდუ მდივანმა მისი საპირისპირო პოზიცია დაიკავა.

როდესაც ტროცკი დამარცხდა და იგი ქვეყნიდან გააძევეს, ბუდუ შერისხულთა სიაში აღმოჩნდა. 1928 წელს იგი ყველა თანამდებობიდან მოხსნეს, პარტიიდან გარიცხეს და 3 წლით ციმბირში გადაასახლეს. 1931 წელს მდივანმა სტალინს მონანიების წერილით მიმართა. ამის შემდეგ იგი გადასახლებიდან დააბრუნეს, პარტიაშიც აღადგინეს და საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისარიატიც ჩააბარეს.

რა თქმა უნდა, ბუდუს ესმოდა, რომ ბოლშევიკურ მოძრაობაში სტალინს უზარმაზრი წვლილი მიუძღოდა, მაგრამ მიიჩნევდა, რომ პარტიის წინაშე მასაც საკმაოდ დიდი დამსახურება ჰქონდა. კომუნისტთა რიგებში პარტიის შექმნის პირველი დღიდანვე ირიცხებოდა. მთელი ახალგაზრდობა ბოლშევიკურ მოძრაობაში იყო ჩართული. კომუნისტური იდეების ერთგული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდშიც. ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის ნოე ჟორდანიას მთავრობამ ბუდუ მდივანი, სხვა ბოლშევიკებთან ერთად, ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი ქვეყნიდან საერთოდ გააძევა. იგი იყო საქართველოში წითელი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი და შულავერის ცნობილი რევოლუციური კომიტეტის წევრი. ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების გამო ბუდუ მდივანი შულავერის რევკომის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილებით მოღალატედ გამოაცხადა.

მდივანი იყო მე-10 და მე-11 არმიების რევკომის წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ჩეკას თავმჯდომარედ და სახალხო კომისართა საბჭოს ხელმძღვანელად.

ბოლშევიკური მოძრაობის წინაშე ასეთი დამსახურების მქონე პიროვნებას შესაბამისი ამბიციაც ჰქონდა. მისთვის სტალინი თანამებრძოლი და თანაპარტიელი იყო და ბელადს ხშირად, როგორც თანასწორს ისე ესაუბრებოდა. სტალინი არ იმჩნევდა, მაგრამ ბუდუს ასეთი დამოკიდებულება ძალიან აღიზიანებდა. ყველა ეს წყენა ბელადს გულში ჰქონდა და სამაგიეროს გადასახდელად დიდხანს ემზადებოდა.

1936 წლის სექტემბერი ბუდუ მდივანმა თითქმის სულ სახლში გაატარა. იგი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. სამსახურიდან ბუდუ ოფიციალურად განთავისუფლებული არ იყო, მაგრამ მის საქმეს პარტკონტროლი იძიებდა. პარტკონტროლის კოლეგიაზე ბუდუ მდივანი პირველად 22 სექტემბერს დაიბარეს. დაკითხვის საბაბი შინსახკომიდან მოსული შეტყობინება გახდა, სადაც ეწერა, რომ მდივანი კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა.

სხვა ბრალდებებთან ერთად ბუდუს ლიდია გასვიანის დაკითხვის ოქმებიც წაუკითხეს. ამ ოქმებით პარტიულმა კოლეგიამ დაასკვნა, რომ მდივანი პარტიას ატყუებდა და კვლავ ტროცკის იდეებს იზიარებდა. თავის მართლებამ შედეგი არ გამოიღო. 1936 წლის 2 ოქტომბერს ბუდუ მდივანი პარტიიდან გარიცხეს და თანამდებობიდან მოხსნეს. მდივანს პარტბილეთი პირდაპირ სხდომაზე დაატოვებინეს. ბუდუმ ნათლად იგრძნო, რომ კატასტროფა ახლოვდებოდა. ბუდუ მდივნის ცოლი _ მარია წულუკიძე, მეუღლის საშველად გაგრაში ჩავიდა, სადაც ბელადი ისვენებდა. სტალინი ბუდუს ოჯახს ახლოს იცნობდა, მაგრამ მარიასთან შეხვედრაზე მაინც უარი განაცხადა. ბუდუ იმედს არ კარგავდა და მომხდარი შეცდომად მიაჩნდა. ყველას არწმუნებდა, რომ პარტიაში მას მალე აღადგენდნენ.

1936 წლის 17 ოქტომბრის ღამეს ბუდუ ვიღაცამ გააღვიძა. საწოლთან უცნობი მამაკაცი იდგა. ოთახების ჩხრეკას და ბუდუს პირადი არქივის დახარისხებას შინსახკომის თანამშრომლებმა ერთი საათი მოანდომეს. ჩხრეკის პროცედურას ორი შეშინებული მეზობელი მოწმის სახით ესწრებოდა.

სხვა დროს ენერგიული ბუდუ ამჯერად ჩუმად იჯდა და ოჯახის წევრების დაწყნარებას ცდილობდა. ჩხრეკა მორჩა. ბადრაგმა მდივანი გაიყვანა, მანქანაში ჩასვა და შინსახკომის შიდა ციხეში მიიყვანა.

ციხეში ბუდუ გაჩხრიკეს, ჩამოართვეს 400 მანეთი, პასპორტი, ხელის ვერცხლის საათი. ციხის კომენდანტის მითითებით ზედამხედველმა ბუდუს ქამარი და ფეხსაცმლის ზონრებიც შეხსნა. საკნისკენ მდივანი ფეხსაცმელების ფრატუნით წაიყვანეს. ყველა სიკეთესთან ერთად, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გზაში უქამრო შარვალიც სძვრებოდა.

ათარბეგოვის 43 ნომერში, პირველ სართულზე, მდივნის ოჯახს ექვსოთახიანი ბინა ეკავა. ბუნებით აქტიური ბუდუ სუფრის დიდი მოყვარული იყო და მის ოჯახში ქეიფი ხშირად იმართებოდა. მდივანთან ყოველთვის იკრიბებოდნენ მისი მეგობრები, თანამშრომლები, სოფლიდან ნათესავები ჩამოდიოდნენ. ბუდუს დაპატიმრების შემდეგ სახლი უცებ დაცარიელდა. მათთან მხოლოდ მოხუცი ფოსტალიონი მოდიოდა, რომელსაც დილაობით გაზეთები დაჰქონდა. სადარბაზოში მეზობლები სალამს ძლივს ამბობდნენ და კიბეებზე სწრაფად არბოდნენ. მაღაზიაში მომუშავე ქალიც კი შეიცვალა. ადრე მომღიმარი პურის გამყიდველი მდივნის ოჯახის წევრებს წარბშეკრული ხვდებოდა. ბუდუს მეუღლემ სხვა ცვლილებაც შეამჩნია _ მათ სახლთან მუდმივად ვიღაც იდგა და ფანჯრებს უთვალთვალებდა.

ბუდუს დაკავებიდან 9 დღე იყო გასული, როდესაც მდივნის სახლის კარზე ღამე კვლავ კაკუნი გაისმა. შინსახკომის თანამშრომლებმა ბუდუს შვილის, დავითის დაპატიმრების ორდერი წარადგინეს. იმავე ღამეს _ 26 ოქტომბერს, დააპატიმრეს ბუდუს მეორე შვილი გიორგიც, რომელიც რუსთაველის 22 ნომერში ცხოვრობდა. გიორგის ბინა დალუქეს, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი კი ქუჩაში გამოყარეს. 31 ოქტომბერს შინსახკომის თანამშრომლებმა ბუდუ მდივნის კიდევ ერთი ბიჭი _ ივანე აიყვანეს. სამივე ძმა კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დაადანაშაულეს. ბუდუ მდივანის 5 შვილიდან თავისუფლებაზე, ჯერჯერობით, უმცროსი ბიჭი არჩილი და ქალიშვილი მერი რჩებოდა.

სამივე დაპატიმრებული ძმა შინსახკომის ციხეში მიიყვანეს. 1936 წლის ნოემბერში ერთ ციხეში, მაგრამ სხვადასხვა საკნებში, ოთხი მდივანი იჯდა. შვილების დაპატირების ამბავი ბუდუმ გამომძიებლისგან შეიტყო. მდივანი, რომელიც დაკითხვებზე თითქმის ყოველ ღამე გაჰყავდათ, მათთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდა. ბუდუ ხმაურობდა, ყვიროდა, კარზე აბრახუნებდა. ცოტა ხანში მას მოჩვენებები დაეწყო.

ბუდუ მდივნის წერილი გამომძიებელ ქობულოვს: ,,მომეჩვენა, რომ დერეფანში ჩემი ცოლის, მარიას ცხედარი გაატარეს, რომელიც კუბოში იყო ჩასვენებული. ნეტავ, სად არიან ჩემი შვილები? გამომძიებლები სიკვდილით მემუქრებიან და მათი ბედით მაშინებენ. მათ არაფერი აქვთ ჩემ წინააღმდეგ. ტყუილად დამიჭირეს. უნდათ რომ ჩემი დაპატიმრება, ყალბი ჩვენებებით გაამართლონ“.

 

გაგარძელება შემდეგ ნომერში

 

                                                                                                                     მიხეილ ბასილაძე