ზაზა ხატიაშვილი: ,,მანიფესტაცია სისხლის სამართლის დანაშაული ხდება!“

x2

რა საკანონმდებლო ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა ხელისუფლებამ და ეწინააღმდეგება თუ არა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ პრაქტიკას“ ადმინისტრაციული პატიმრობის 3 თვემდე ვადით გაზრდას? რა უარყოფითი ასპექტები მოყვება საკანონმდებლო ცვლილებას და რატომ არის მსგავსი მოქმედება ფეოდალური აზროვნების გამოძახილი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი „ქრონიკა+“-ს ახალი საკანონმდებლო ცვლილების უარყოფით ასპექტებზე დეტალურად ესაუბრა:

 

ზაზა ხატიაშვილი

_ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 111-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა უნდა შენარჩუნდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით და არ გადავიდეს სისხლის სამართლის კოდექსში. შემოთავაზებული ცვლილებებით კი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გადატანილი იქნება სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გულისხმობს ხსენებული გადაცდომების სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად გათვალისწინებას და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებელი რეალიზების ხელყოფას წარმოადგენს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდა 15 დღის ვადის ნაცვლად 3 თვემდე და მისი  სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში გადატანა, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ისეთი მსუბუქი დანაშაულების დროსაც მოხდება, როგორიცაა ზემოთ ხსენებული კანონის მე-9, მე-11 და 111-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების პრინციპებს. ამის შედეგად ასევე არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები დაირღვევა.

_ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები რას ითვალისწინებს? ან ხელისუფლებამ, მაინცდამაინც, ახლა რატომ მოისურვა კანონის ამგვარად შეცვლა

_ მე-10 მუხლი ეხება გამოხატვის თავისუფლებას, მე-11 _ შეკრებისა და მანიფეტაციის გამართვისა და მასში მონაწილეობის თავისუფლებას. როცა ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა და ადმინისტრაციულ პალატაში დაინიშნა, განვაცხადე, რომ ივანიშვილს მურუსიძე სჭირდება არჩევნებზე, რადგან ადმინისტრაციული პალატა ბოლო ინსტანციაა, სადაც არჩევნების შედეგები საჩივრდება. ეს ადგილი კი აღმოჩნდა მურუსიძის ხელში, რაც შემთხვევით არ მომხდარა. ამის მერე საზოგადოებას მხოლოდ დარღვევების გაპროტესტების გზაღა დარჩა, მაგრამ ამ უფლებას უკვე ამ კანონით მოუსპობენ, თუკი ის მიიღეს. სწორედ ამ უფლების მოხრჩობა უნდათ ახლა. ვინც გააპროტესტებს და რამეს დაარღვევს, ის ნასამართლები გახდება.

ცხადია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების სავარაუდო აქტიურობა არ დაივიწყა, ამიტომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას, რომელიც იყო ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება და ითვალისწინებდა სახდელის სახით 500-ლარიან ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, სისხლის სამართლის დანაშაულად ხდის. ეს არის კატასტროფული მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში! ის, რაც ვერ გაბედა სააკაშვილის რეჟიმმა, ივანიშვილის „ფეოდალური“ ხელისუფლება გვიბედავს. ჩემი, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, ეს ცვლილებები ნეგატიურად იმოქმედებს წინაასააჩევნო გარემოზე და პოლიციას ბერკეტს მისცემს, ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია დაშალოს.

სახელმწიფოებს დისკრეცია იმისთვის აქვს, რომ ზომები მიიღოს, რათა კანონიერმა დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. დემონსტრაცია უკანონოდ რომც მიიჩნიონ, ეს არ უნდა წარმოადგენდეს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს და უფრო ცხადი გახდეს პირის თავისუფლებაში ჩარევის შინაარსი და ფარგლები.

_ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არჩევნებში ამ გზითაც გაიმარჯვოს, მაგრამ რას მოუტანს ეს თავად ხელისუფლებას?

_ საბოლოოდ, ეს არსებულ ხელისუფლებას მიუტანს იმას, რაც სააკაშვილის რეჟიმს მოუტანა იმ ქმედებებმა, რასაც ისინი სჩადიოდნენ, _ წააგო არჩევნები და ვერც თავად, ვერც ძმანი მისნი ვეღარ ჩამოდიან საქართველოში. როცა ივანიშვილის ხელისუფლებამ დაინახა, რომ სახელმწიფოს ვერ მართავდა, ოდიოზური, დამნაშავე ფიგურების შენარჩუნება დაიწყო, ამით იგი „განაციონალურდა“ და სააკაშვილისნაირად გადაიქცა. უკვე მისი აზრითაც ძალმომრეობაა ერთადერთი გზა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ რაც ამით დაემართა სააკაშვილს, ის დაემართება მასაც. საზოგადოებამ არა მგონია, აპატიოს პროკურატურის, სასამართლოს გამურუსიძება. ცხადია, არც მე მივცემ იმ პოლიტიკურ ძალას ხმას, რომელიც არ მოსპობს მურუსიძეობას და მთავარ ფიგურას, „ნინო გვენეტაძე-მურუსიძისას“ დატოვებს ამ ადგილზე. კატასტროფული რამ ხდება უზენაეს სასამართლოში. ხალხი ამ ხელისუფლებას არ აპატიებს გვენეტაძის გადაქცევას რიგით მურისიძედ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განმარტა, რომ  სასამართლო მოხელის სახელმწიფოს ორგანოებიდან, გამოავლინონ გარკვეული მოთმინება კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მშვიდობიანი შეკრებების მიმართ, რათა არ მოხდეს აღნიშნული უფლების შემადგენლობის ხელყოფა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, ან 111-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 თვემდე. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა, სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება და აღნიშნული ადმინისტრაციული დარღვევის სისხლის სამართლებრივ რეგულაციებში ინკორპორირება კი არის არალეგიტიმური. ევროპულმა სასამართლომ ცხადად განმარტა ისიც, რომ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე თავისთავად არ ამართლებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას. პატიმრობის გამოყენების საჭიროება უნდა ეფუძნებოდეს დამაჯერებელ და თანმიმდევრულ საფუძვლებს, რომელიც კონკრეტულ გარემოებებში შეფასდება. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს პატიმრობის უპირობოდ შეწყვეტის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ინკორპორირება სისხლის სამართლის კოდექსში დაუშვებელია, _ ბალანსი უნდა დაიცვან დემოკრატიულ საზოგადოებაში ზემოთ აღნიშნული ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და თავისუფლების უფლების მნიშვნელობას შორის. წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული „გადაცდომის“ ჩადენის შემთხვევაში, პირის 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთით აშკარად დაირღვევა ჩადენილი დანაშაულისა და გამოყენებული სანქციის პროპორციულობის პრინციპი, რადგან სამართალდარღვევის ბუნება და სასჯელის სიმკაცრის ხარისხი არამართლზომიერია.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს ადმინისტრაციული პატიმრობის პოლიტიკური მოტივებით გამოყენების რეალური საფრთხე, ამიტომ მიზანშეწონილია პატიმრობის, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სასჯელის ერთიანად გაუქმების საჭიროება. შემოთავაზებული ცვლილებები კი შესაშური სამართლებრივი ნიადაგი იქნება პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნისთვის. იგი შექმნის უსამართლო ნიადაგს, რომლითაც უსამართლობა და მსუბუქი უსამართლობის კრიმინალიზაცია დაკანონდება.

მთავრობის მხრიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის გამოცხადება პროგრესული ნაბიჯი იყო სამართლებრივი სივრცის ჰუმანიზმის პრინციპთან მიახლოების თვალსაზრისით, თუმცა ფაქტია, რომ მოცემული ცვლილებები ემსახურება არა ლიბერალიზაციას, არამედ პოლიციური სახელმწიფო სისტემის შექმნას. ადმინისტრაციულ ნორმათა კრიმინალიზაცია პოლიციური სახელმწიფოს სამართლის დამახასიათებელი ნიშანია. მსგავსი სამართლებრივი რეგულირება დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს გადახვევაზე მიუთითებს.

_ როგორ უნდა მოიქცნენ, _ აქციები, მანიფესტაციები თავისუფალი გახადონ და ვისაც რა უნდა, ის აკეთოს?

_ ცხადია, ამას არ ვგულისხმობ. სახელმწიფოს მოვალეობა სადამსჯელო ღონისძიებათა და ამკრძალავ ნორმათა ლიბერალური კორექტირებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი კატეგორიის სამართლებრივმა უმართლობამ _ ცემამ, ხულიგნობამ და სხვა ისეთმა ქმედებებმა, რომელიც არ წარმოადგენს საზოგოდოებისთვის საშიშროებას, სისხლის სამართლის კოდექსიდან გადაინაცვლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არა პირიქით.

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ შემოდის დანაშაულის ახალი ცნება _ მსუბუქი დანაშაული _ ისეთი განზრახ ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 3 თვით თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემოთავაზებული ცვლილებით კი მსუბუქი კატეგორიის დანაშაულისთვის განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1 დღიდან 3 თვემდე ვადით.

მიმაჩნია, რომ დანაშაულის არსებული 3 კატეგორიის ნაცვლად 4 კატეგორიის შემოთავაზება გამართლებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში _ თუკი მოხდებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სასჯელის ზომის ლიბერალიზაცია და უკვე არსებულ დანაშაულთა კატეგორიისა და სასჯელის ზომის გადახედვა. დემოკრატიული სამართლებრივი სივრცე გამორიცხავს მსგავს სამართლებრივ ვანდალიზმს. გარდა ამისა, მსუბუქი კატეგორიის დანაშაულად შესაძლებელია ისეთი განზრახი, ან გაუფრთხილებელი  დანაშაულის აღიარება, რომლის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით  თავისუფლების აღკვეთას.

_ ცვლილება, რომლის შემოღებაც ახლა სურთ, უპრეცედენტოა, თუ არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება?

_ „ქრონიკა+“-დან მივმართავ „მკვდარ სულებს“, ოპოზიციურ ძალებს: ამ ფაქტზე თქვენი გაჩუმება მიანიშნებს იმაზე, რომ ცდილობთ, ბიძინას პოლიტიკურ ორბიტაზე ამჟამად გამოთავისუფლებული ადგილები დაიკავოთ და ეს სიჩუმეც ამიტომ გჭირდებათ. ასეთ რამეზე ვყვირი და პოლიტიკური პარტიები ჩუმად არიან, სხვა როგორ უნდა ავხსნა მათი საქციელი? მანიფესტაცია ხდება სისხლის სამართლის დანაშაული და ის ხალხი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, დუმს. ვსვამ კითხვას და მიპასუხონ: რა სტრატეგია აქვთ ოპოზიციურ პარტიებს სამართლიან სასამართლოსთან მიმართებით? რატომ არ ადარდებთ ის, რომ იუსტიციის საბჭოში კოლექტიური მურუსიძეები მიიყვანეს, უზენაეს სასამართლოში დასვეს კუბლაშვილი კაბაში, პროკურატურა მურუსიძეების გახდა, პოლიციაც მათია?!. ჩემთვის და ბევრისთვის მთავარი იყო ის, რომ პოლიციის, პროკურატურისა თუ სხვათა უკანონობა სასამართლოს გამოესწორებინა, მაგრამ ფაქტია, ეს არ ხდება.

სწორედ ამ ყველაფრის გამო ნდობის მანდატი „ქართულ ოცნებას“ ნული აქვს. სააკაშვილის რეჟიმზე ყველას მოგვეხსენება, მაგრამ არანაკლებ ბინძური მმართველობა გვქონდა პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი კლანის მმართველობის დროს. ამის გამო ბოდიში არ მოუხდია „ოცნებას“. ეს მაშინ, როცა „ნაცებიც“ კი საკუთარ ქმედებებზე ბოდიშს იხდიან. შეიძლება მათი ბოდიშის არ გვჯერა, მაგრამ ხომ ამბობენ? ესენი კი ბოდიშის ნაცვლად კანონებს ამკაცრებენ: გაილაშქრეს „რუსთავი 2“-ზე, „მაესტროში“ რა ხდება, არავინ იცის, „იმედი“ ის „იმედი“ აღარ არის. დაარტყეს თქვენს რედაქტორს. ქალბატონ ელისო კილაძეს სიჭკვიანე რომ არ გამოეჩინა და ის ფირები მიეღო, ახლა ციხეში იჯდებოდა. ივანიშვილმა მედია რომ მოილია, წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედება დაიწყო, რათა ადამიანები შიშისა და ტერორის ქვეშ იყვნენ. მიტინგზე მისულმა პიროვნებამ 20 მეტრის შიგნით რომ შეიწიოს, მაშინვე დააკავებენ. მეც რომ მივიდე, ხალხი მომაწვეს და 15 მეტრით აღმოვჩნდე დაახლოებული ადმინისტრაციასთან, 3 თვე ჩამსვამენ ციხეში.

ასეთი კანონები არის რუსეთში, ბელარუსში, მაგრამ ჩვენ ხომ ევროპისკენ მივისწრაფით? უკვე გითხარით, რომ ევროსასამართლომ არ მოიწონა 30-დღიანი სასჯელი და ეს კიდევ უფრო გამკაცრებაზე ფიქრობს. სიტყვის გამოხატვის უფლება საკმაოდ ძლიერი უფლებაა და ამის აკრძალვას ევროპა არასდროს გვაპატიებს. რომელიმე ქვეყანაში რაღაცას ყურს მოჰკრავენ და მერე ამით აპელირებენ. ამ კანონზეც ვიღაც-ვიღაცებმა თქვეს, რომ ეს ცვლილება შემოთავაზებულია გერმანული მოდელიდან, რაც არ არის სინამდვილე. ეს ცვლილება არ გახლავთ გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემის იდენტური. გერმანიის კანონმდებლობით ამგვარ დანაშაულს გადაცდომა ჰქვია და არა დანაშაული და იგი არ იწვევს ნასამართლობას.

თუკი სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული იქნებოდა მსუბუქი დანაშაულის ცნება და შესაბამისი რეგულაციები, მაშინ უნდა გაკეთებულიყო დათქმა, რომ იგი არ იწვევს ნასამართლობას, ან ნასამართლობის გაქარწყლების ვადა სასჯელის მოხდის ვადასთან ერთად დადგება, მაგრამ ესეც არ გაუკეთებიათ.   შემოთავაზებული ცვლილებები უსაფუძვლოდ ამკაცრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ეწინააღმდეგება სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს, რომლის ძალითაც, მცირე მნიშვნელობის გამო, არ დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

_ ამ პრეტენზიით, ასეთი განმარტებებით, კანონის ინიციატორებს არ მიმართეთ? როგორც თქვით, მთავრობის ინიციატივის შემსრულებელი იუსტიციის სამინისტროა. მათ როგორ გაამართლეს საკუთარი ქმედება?

_ რასაც გიყვებით, ეს მოკლედ დავწერე და, დაახლოებით, 100 პირს გავუგზავნე ხელისუფლებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებში. ველოდები, რომ მკაცრი გამოხმაურება იქნება და არა მგონია, რასაც აპირებენ, ამაზე ვინმემ თქვას, რომ კარგია. ასე რომ მოხდეს, წინასაარჩევნო გარემო არ გვექნება, რაც თავად „ოცნებასაც“ დააზარალებს. თუკი არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, ხალხი ქუჩაში გამოვა, რადგან არაერთმა არჩევნებმა დაამტკიცა, რომ გაყალბების შემდგომ ხალხი ქუჩაში გამოდის და მერე მას ვეღარაფერი შეაჩერებს.

ამჯერად კი ასეთი მდგომარეობაა: ოპოზიცია დუმს, რადგან ჯერ თავის ადგილს ელოდება ივანიშვილის ცარგვალზე და ხალხს არ უხსნის, ამ კანონის ცვლილებით რა შეიძლება მოხდეს! მხოლოდ მე ვხმაურობ და მათ გასაკეთებელსაც ვაკეთებ, რადგან ასე თუ არ მოვიქცევი, ამას საზოგადოება სექტემბერში მხოლოდ კი არ გაიგებს, საკუთარ თავზე გამოცდის და საშველიც აღარაფერი იქნება.

 

                                                                                                           ნელი ვარდიაშვილი