მამუკა ნოზაძე: ,,ქურუმი-მოსამართლეები” და არაეფექტური სადისციპლინო კოლეგია!”

s111

ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამჯერად ერთი მოსამართლის ქმედებაზე გვესაუბრა, რომელიც ცხადია, ჩვენ უნდა განვაზოგადოთ. როგორც ადვოკატი ამტკიცებს, არაეთიკური, არაკომუნიკაბელური და კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედი მოსამართლეები ზიანს აყენებენ ადამიანებს და მათ მიმართ არაობიექტური გადაწყვეტილებები გამოაქვთ.

მამუკა ნოზაძე:

_ გორის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაული, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს იხილავს, ვფიქრობ, არ იმსახურებს მოსამართლეობას. წესიერ ქვეყანაში მას იურიდიულ სფეროში მოღვაწეობას აუკრძალავდნენ თუნდაც იმიტომ, რომ ის არაკომპეტენტურია. ასევე ამ პიროვნებას პრობლემები აქვს ადამიანებთან კომუნიკაციის დროს და საფრთხეს წარმოადგენს მხარეებისთვის. მას ჰგონია, რომ მოსამართლე უნდა იყოს მკაცრი, აუცილებლად იბღვირებოდეს და ა. შ. კომუნიკაცია მოსამართლეს იმისთვის სჭირდება, რომ პროცესი სწორად წარმართოს. გერგაული არ არის ობიექტური, რაც მხარეებისთვისაც ცხადი და თვალნათელია, რადგან ამის შენიღბვასაც კი ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი მიუღებელი და დაუშვებელია. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილით სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრების საფუძველზე. იგივე მოთხოვნა არის გათვალისწინებული საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, მაგრამ როცა მოსამართლე მხარეთა თანასწორობას და შეჯიბრებითობას არღვევს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მხარის, ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარის იდეების გამამყარებელია, ეს გახლავთ კანონის უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს მოსამართლე მხოლოდ უზრუნველყოფს სასამართლოზე წესრიგის დაცვას და მხარეებისთვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომ საქმე სრულყოფილად გამოიკვლიოს.

_ იქნებ, თავად ფაქტზე გვესაუბრა? როგორ მოიქცა ეს მოსამართლე კონკრეტულ შემთხვევაში და რა ფორმით დაარღვია კანონი?

_ ამჟამად ეს მოსამართლე ლევან დათიაშვილის სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, სადაც აშკარად გამოკვეთილია პოლიციელების უკანონო ქმედება და თვისობრივი გარემოებებითაც დგინდება, რომ მის მიმართ პოლიციელებმა უკანონობა ჩაიდინეს და ნარკოტიკი ჩაუდეს.

პოლიციის თქმით, მათ ინფორმაცია მიიღეს, რომ გორში სტალინის ქუჩიდან ლევან დათიაშვილი ბერუაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა და თითქოს მას ნარკოტიკი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ქუჩები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს და სამი კილომეტრითაც არ არის დაცილებული. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ პოლიცია ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს და დაკითხოს პირი, რომელმაც ინფორმაცია მიიღო. ამის შემდგომ დასაკავებლად უნდა შეიქმნას ჯგუფი და ა. შ. თუ ადამიანს 3 წუთი სჭირდება ერთი ქუჩიდან მეორემდე მისასვლელად და თან უკანონო ნივთი აქვს, ბუნებრივია, ის არ დაელოდება, როდის განახორციელებს პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და როდის გაივლის იმ პროცედურებს, რაც კანონით არის დადგენილი. ამ საქმეში მნიშვნელოვანია ის, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. თუ ადამიანს უკანონო ნივთიერება აქვს და მისი სადმე გადატანა უნდა, ის ამას სწრაფად გააკეთებს და სწრაფადვე განახორციელებს საკუთარ განზრახვას. სასამართლო გამოკვლევაც იმიტომ არსებობს, რომ გაირკვეს ყველა ეს საკითხი _ როდის მიიღეს პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაცია, ვინ დაიწყო გამოძიება, ვის გადაეცა, რამდენი წუთი დასჭირდა ინფორმატორის დაკითხვას, როდის შეიქმნა ჯგუფი, როდის გავიდა შემთხვევის ადგილზე? ეს საკითხები ხომ უნდა გამოირკვეს და სამართლიანი სასამართლო მხოლოდ პოლიციელების ნათქვამზე არ უნდა იყოს დამყარებული? მოსამართლისთვის რატომ უნდა იყოს აქსიომა პოლიციელის ჩვენება, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკის დიდი დოზა ჰქონდა და სხვა არაფრით დაინტერესდეს? ასეთ შემთხვევაში, ყველა ადამიანის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია ის, რომ შეიძლება ნებისმიერს ჩაუდონ ნარკოტიკი ან იარაღი, ორმა და სამმა პოლიციელმა ჩვენება მისცეს და კონკრეტული პიროვნება ციხისთვის გაწირონ. დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დაკავების პროცესის გამოძიებას, რის შემდგომაც შესაბამისი ანალიზი უნდა გაკეთდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სასამართლო სხდომაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ არგუმენტების წარმოდგენის საფუძველზე, და მხოლოდ ტრაფარეტული ჩვენებით არ შემოიფარგლოს _ თითქოს პირს ნარკოტიკი ჰქონდა და დამთავრდა.

_ გერგაულს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით გამოაქვს  გადაწყვეტილება, ამის თქმა გსურთ?

_ მინდოდა, მოწმისგან მიმეღო ზუსტი ინფორმაცია, რათა შემდგომ ჩემი პოზიცია დასკვნით სიტყვაში ამესახა და მოსამართლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე მითითებით დამესაბუთებინა ის, რომ ლევან დათიაშვილი არის უკანონობის მსხვერპლი, მაგრამ გერგაულმა ამის საშუალება არ მომცა.

ამ ადამიანს ახასიათებს ის, რომ ამოიჩემებს პიროვნებებს და მხოლოდ ის ადვოკატები მოსწონს, რომლებიც მას ქურუმად და ღმერთად წარმოსახავენ, რაც დაუშვებელია. გორში მომუშავე ადვოკატებმა არაერთხელ მითხრეს კიდევაც, იქნებ, გერგაულს ლიბერალურად მიუდგე და აგრძნობინო, რომ ის არის ჩვენზე მაღლა მდგომი, რასაც აუცილებლად გაითვალისწინებს და უფრო ობიექტური იქნებაო. ადვოკატი ასეთ რამეს რომ განაცხადებს, მიმაჩნია, რომ არ იმსახურებს ადვოკატობას. ადვოკატზე მართლმსაჯულების პროცესში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც ადმინისტრაციულ საქმეებზე და მით უფრო, თუ ეს ეხება სისხლის სამართლის საქმეს, ადვოკატის როლს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. წესიერი ადვოკატები, ცხადია, პროდუქტს ქმნიან. ასეთი ადვოკატი ამახვილებს კიდევაც ყურადღებას მნიშვნელოვან სამართლებრივ ასპექტებზე და ასაბუთებს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობას. რაც შეეხება პროცესს, იქ ადვოკატიც, მოსამართლეც და პროკურორიც თანასწორუფლებიანნი უნდა იყვნენ. კანონის მიხედვით მოსამართლეს კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვს სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს. ის არის, მხოლოდ და მხოლოდ, არბიტრი და წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს. საბოლოო ჯამში, მან, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც გამყარებული უნდა იყოს სასამართლოზე გამოკვლევით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ადვოკატი რომელიც იტყვის, რომ მოდი, ქვემძრომობით, პირმოთნეობით მივაღწევ იმას, რომ მოსამართლისგან წყალობას მივიღებო და ამით თითქოს რაღაც შეღავათს გაუწევს თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, არაეთიკურად მიმაჩნია. ადვოკატმა უნდა იხელმძღვანელოს კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო რეზოლუციებით. მოსამართლე, ცხადია, არ არის ღმერთის ტოლი. ის საკუთარი ცოდნით და უნარ-ჩვევებით არაფრით მაღლა არ დგას არც ადვოკატზე და არც სხვა იურისტებზე და ნუ ექნება ნურავის მათზე ასეთი წარმოდგენა. ის არის ჩვენი კოლეგა, მოკვდავი ადამიანი, უბრალოდ, მართლმსაჯულების სფეროში სხვა ადგილი უკავია.

_ თუმცა კონკრეტული ადამიანის ბედს სასამართლო დარბაზში ის წყვეტს. შეუძლია, ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს, ან არ დაუნგრიოს. ეს არ არის მცირედი. ასე არ გახლავთ?

_ მართალია, კონსტიტუციით და კანონით გადაწყვეტილების მიღების უფლება მოსამართლეს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გერგაული იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მას გაუხარდება. თუ ადვოკატები, პროკურორები თავიანთ ფუნქციას კვალიფიციურად შეასრულებენ, ის იძულებული გახდება, უკანონო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს, ამისი სურვილი რომც ჰქონდეს. თუ მაინც გააკეთა ეს, ადვოკატი გააპროტესტებს, გაასაჩივრებს და ა. შ. გერგაულს იმიტომ აქვს ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომ მე არ ვჯდები იმ ჩარჩოებში, რომელშიც ზოგიერთი ადვოკატი, ნებსით თუ უნებლიეთ, არის მოხვედრილი და მისი განდიდების შემდგომი მოწყალების იმედად არის თავადაც და მისი დაცვის ქვეშ მყოფებიც. ამ პროცესში ასევე მონაწილეობდა პროკურორი გიორგი ლეკიშვილი, რომელიც ეთიკის ნორმებს აშკარად არღვევდა, მოსამართლე კი რეაგირებას არ ახდენდა და მხოლოდ ჩემზე იყო ორიენტირებული. პროკურორმა ჩემი ერთ-ერთი კითხვა გააპროტესტა, მაგრამ მოსამართლე არ დაელოდა ჩემს პასუხს და პირდაპირ მომიხსნა კითხვა. ამის თაობაზე, კორექტულობის ფარგლებში, მას შენიშვნა მივეცი.

ცხადია, ყველა მოსამართლე არ იქცევა ასე, მაგრამ გერგაულს ამოჩემებები აქვს და მისთვისაც არ დამიმალავს, რადგან ამის შემჩნევა ჩემთვის რთული არ არის. უამრავ მოსამართლეზე გვისაუბრია გაზეთის ფურცლებზე და გაგვიკრიტიკებია კიდეც სხვადასხვა კუთხით, მაგრამ გერგაული განსაკუთრებული მოვლენაა და მის პროცესს, ვფიქრობ, ფსიქოლოგები უნდა დაესწრონ და გადაწყვიტონ, ასეთი ადამიანის ყოფნა სასამართლოში შეიძლება თუ არა?! რადგან ის ხშირად მოქმედებს შინაგანი წარმოდგენებით და განწყობებით, რაც  აისახება კიდევაც მის გადაწყვეტილებებზე. არაერთი საქმე ვიცი, რომელშიც უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო. მოსამართლეს არ აქვს უფლება, ასე მოიქცეს და შინაგანი განწყობების მიხედვით, ანდაც პროცესში მონაწილე ადვოკატის სიმპათია-ანტიპათიით გადაწყვიტოს ესა თუ ის საქმე. სულაც არ სჭირდებათ მოსამართლეების მიმართ ადვოკატებს რევერანსები იმის გამო, რომ მათ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებები გამოიტანონ.

მოსამართლე გერგაულს ვუთხარი, რომ ის ჩემ მიმართ ნეგატიურად განწყობილი იყო, რაც სასამართლო სდომაზე აისახებოდა. მოვთხოვე, კორექტულობის ფარგლებში ემოქმედა და ჩემ მიმართ რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა, ამას კონკრეტული საქმის გადაწყვეტილებაზე არ უნდა ემოქმედა, მაგრამ როგორც ვიცი, მას მხოლოდ ჩემთან არ აქვს მსგავსი პრობლემა. ის საკუთარ თანამშრომლებსაც კი არ ესალმება. ჩემს შენიშვნაზე მიპასუხა, რომ თითქოს შეურაცხყოფას ვაყენებდი, მაგრამ არსებობს ჩანაწერი, სადაც გამოჩნდება, რომ მე მას მოვუწოდებ, ჩემდამი ნეგატიურ დამოკიდებულებას ნუ ასახავდა საქმის განხილვაზე და გადაწყვეტილებაზე. მას ისიც ავუხსენი, რომ თუ ეთიკას ვარღვევდი, მას ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისთვის უნდა მიემართა. ამის შემდგომ ვითხოვე, რომ კითხვის დასმის უფლება მოეცა, მაგრამ მან სიტყვა არ მომცა და სასამართლო სხდომიდან ჩემი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მე მას დავემორჩილე, რადგან ამ ყველაფერს ის ძალიან აგრესიულად აკეთებდა. როგორც ჩანს, უნდოდა, დავეჯარიმებინე, ანდაც დავეპატიმრებინე, რისი საშუალებაც არ მივეცი. შემდგომ სასამართლო დარბაზში, მოსამართლემ მხარეებისა და სხვა ადვოკატების თანდასწრებით გამოაცხადა, რომ თითქოს პიარი მჭირდებოდა და სპეციალურად მივაღებინე მოსამართლეს გარეთ გაშვების გადაწყვეტილება, რაც არასერიოზულია. თუ მოსამართლე ხვდება, რომ სხდომაზე, ნებისმიერი პირი, ადვოკატი იქნება ის თუ პროკურორი, სპეციალურად ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომ მისი გადაწყვეტილება გარკვეული მიზნებით გამოიყენოს, ეს არ უნდა დაუშვას, თუმცა არც ერთ ადვოკატს არ უნდა ის, რომ მის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალდეს. მით უფრო, ვინც მიცნობს, ვერ იტყვის, რომ ასეთი რამ გამიკეთებია, ან გავაკეთებ. ფაქტობრივად, დარბაზიდან ჩემი გამოძევების შემდგომ გერგაულმა ჩემზე იჭორავა და საკუთარი ქმედება იმით გაამართლა, რომ ჩემთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, თუმცა მხარეებს ძალიან ცუდი რამ უთხრა, რომ მე ეს მჭირდებოდა პიარისა და ჟურნალისტებთან დამოკიდებულებისთვის. არადა, სინამდვილეში, იმისთვის ვიღვწოდი, რომ მოსამართლისთვის დამესაბუთებინა, _ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო უკანონო პატიმარი და სიმართლე მეზეიმებინა. მან კი ეს ყველაფერი ასე მონათლა. აქედან გამომდინარე, დგინდება ის, რომ მოსამართლე გერგაული წინააღმდეგობაშია კანონთან, ეთიკასთან და ზნეობასთან. მით უფრო, რომ მას არ აქვს უფლება ჩაერიოს, რომელი კითხვა დასვას ადვოკატმა და რომელი _ არა. მოსამართლეს უფლება აქვს, თუ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეს არ ეხება ადვოკატის მსჯელობა და ის საქმეზე კი არა, ნიცშეს ფილოსოფიაზე მსჯელობს, მოხსნას ის კითხვა. თუმცა როცა კითხვა არის რელევანტური და მნიშვნელოვანი, მისი მოხსნის უფლება არ აქვს. ასევე წარმოუდგენელია მოსამართლისგან სასამართლო პროცესიდან გაძევებულ ადვოკატზე დარბაზში ჭორაობა და მასზე საუბარი. ახლა თქვენ მითხარით, რატომ უნდა ვერიდებოდე საქმეებში მონაწილეობას იმის გამო, რომ ნინო გერგაულს პიროვნული ამოჩემებები და პრობლემები აქვს?

_ კანონში წერია, როგორ უნდა იქცეოდეს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე?

_ დიახ, წერია და მე ახლა ამ კანონსაც გაგაცნობთ. კანონის მიხედვით: მოსამართლის საქმიანობა ორი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება _ კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით, ხოლო საერთო სასამართლოების კანონის 36-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლის პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებელად, მისი შეფასებისას გაითვალისწინება სასამართლოს ეთიკის დაცვა, მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი და ა. შ. ანუ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მას, რომ ის იყოს კორექტული და იქცეოდეს მისი წოდების შესაბამისად და როცა მოსამართლე ასე ცუდად იქცევა და მოქმედებს, აშკარაა, რომ ის პატივს არ სცემს კანონს და კანონდამრღვევი პიროვნებაა. იურიდიულ წრეებში და საზოგადოებაშიც მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი მორალური და ეთიკური მასახიათებლები, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხარისხი და სხვ. ეს წერია კანონში. აქედან გამომდინარე, გერგაული უხეშად არღვევს კანონს. სხვათა შორის, მას აგვისტოში უფლებამოსილება უწყდება და იმედია, კვლავ აღარ აირჩევენ მოსამართლედ.

_ სხვა მოსამართლეები კი ზუსტად იცავენ კანონის ამ ნორმებს?

_ ყველა ასე, ცხადია, არ იქცევა. არიან კარგი მოსამართლეებიც, რომლებიც კანონის ჩარჩოებში არიან, ზედმიწევნით იცავენ ყველა კრიტერიუმს, რაც სასამართლო სხდომის წაყვანასა და კომუნიკაციაში გამოიხატება, თუმცა არიან გერგაულის მსგავსებიც, რომლებსაც თავიანთი ქმედებით სამართლიან სასამართლოში არაფერი ესაქმებათ.

მოსამართლე მორის ფუხაშვილზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როცა მან ბრალდებულებს გინებაც კი დაუწყო. ასეთებს თავი ქურუმები ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს, ყველა მათ ფეხქვეშ უნდა იყოს გართხმული და ემორჩილებოდეს. ასეთების პროცენტული რაოდენობა, საერთო სასამართლოებში, 6-7% იქნება. შეიძლება, სხვებსაც ეშლებათ რაღაცები, მაგრამ ის, რაზედაც მოგიყევით, მსგავს ქმედებებს არ სჩადიან. ცდილობენ, აშაკარად გამოხატული უკანონობები მაინც არ ჩაიდინონ. ეს რაოდენობა არაკომპეტენტური მოსამართლეებისა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მცირე ნამდვილად არ არის.

_ მოსამართლე, ალბათ, კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რადგან მას უხდება როგორც იურისტებთან ურთიერთობა, ასევე განსასჯელებთან, დარბაზთან და . . საინტერესოა, ისინი ტრენინგებს მაინც თუ გადიან ამ კუთხით?

_ მათი ქცევა უნდა იყოს გაწონასწორებული, რადგან დარბაზში არავის შეექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ ეს სასამართლო კი არა, ინკვიზიციაა. მოსამართლეთა გასაუბრების დროს ფსიქოლოგებიც მონაწილეობენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ ფსიქოლოგებს მათთან შეხება ერთჯერადად აქვთ და მიმაჩნია, რომ ამ სფეროში უფრო მეტად უნდა იმუშაონ, რადგან არსებობს ფაქტები, როცა მოსამართლეები საკუთარი პიროვნული პრობლემების გამო სხვებს აზიანებენ და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ყველაფერი ადამიანების წინააღმდეგ აისახება და უკანონოდ ზარალდებიან. გერგაულმა დათიაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია, რადგან სხდომაზე მის მიერ არჩეული ადვოკატის გარეშე დატოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ უკანონოდ მისცეს ადამიანი პასუხისგებაში, რისი სურვილიც მის ქმედებებს ეტყობა. ასეთ დროს აუცილებლად მივმართავ ევროპის სასამართლოს და მისი უკანონო ქმედებები მაინც გამომჟღავნდება. ვიდეოჩანაწერს ხომ მაინც ვერსად წაუვა? ასეთ ადამიანებს საზოგადოებამაც არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ვინმეს ვნება მოუტანონ და დაჩაგრონ.

_ აპირებთ, რომ მოსამართლეს იუსტიციის საბჭოში უჩივლოთ ეთიკის დარღვევისთვის?

_ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის სადისციპლინო კოლეგია, რომელიც არაეფექტიანია და არ მუშაობს. იქ გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს პროცესები და თანაც ეს არის მოსამართლე, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არსებული დაჯგუფების წევრია, ამიტომ ზედმეტ რესურსს არ დავკარგავ იმისთვის, რომ საჩივრით ვიარო. მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ ის სამართლიანი არ იყო, აუცილებლად გავასაჩივრებ და ბოლომდე მივყვები.

 

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი