დაპირისპირება თელავში – საკრებულო მერიის ცოდვებზე ალაპარაკდა?!

ss

თელავი. 2016 წელი. 6 აპრილი. საკრებულოს ყველაზე ხმაურიანი სხდომა. მერიამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო საკრებულოს განკარგულებების შეუსრულებლობაზე. როგორც მერიის წერილიდან ირკვევა, თურმე ცნობილი კომპანია „სერპანტინი“ საკუთარი გადაწყვეტილებით ხაზავს და აწესრიგებს ქალაქში საპარკინგო წერტილებს…

ვინ არის ამ ქალაქში გადაწყვეტილებების მიმღები?

ვინ ტყუის _ მერია თუ საკრებულო? რას ამბობს მერია?

„სერპანტინის“ პასუხი მერიას, საკრებულო კი მერიის გადაწყვეტილების მოლოდინში…

მაშ, ასე! დედამიწა ისევ ტრიალებს, „ოცნებამ“ გრავიტაციას სძლია, ყველაფერი ახალი კი კარგად დავიწყებული ძველია… საკრებულო მერიის ცოდვებზე ალაპარაკდა… თელავი კი უკვე რამდენიმე თვეა, მიწათხრილების ქალაქია. მოსახლეობას ეშინია, საღამოს შინ შესულს დილით შესაძლოა, ეზოს ჭიშკრის წინ ისეთი ღრმა ორმო დახვდეს, რომ სახლიდან ვეღარ გამოვიდეს…

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ინტერვიუირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატებისქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატ დიმიტრი ზაქაიძესთან:

_ ვინც იცის, ან გაეცნობა თვითმმართველობის კოდექსის 93-ე მუხლს, ნახავს რომ: „ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრისა და ადმინისტრირების წესით აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის, ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისთვის“.

ანუ რასთან გვაქვს საქმე: სწორედ 2012 წლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა ბაგა-ბაღებში ყოველგვარი გადასახადი აკრძალა _ არა მარტო კვების, არამედ სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის. დღეს ბაგა-ბაღებში მშობლებს სურთ, რომ ბავშვებმა მუსიკასა და სიმღერასთან ერთად ცეკვაც ისწავლონ. ბუნებრივია, მეც მშობელი ვარ და ეს მეც მინდა, მაგრამ კანონი გადახდას გვიკრძალავს, ბაღი კი საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩვენმა ბავშვებმა ცეკვაზე იარონ, სადაც სწავლის მომსახურება მცირეწლოვან ბავშვებთან ფასიანი იქნება. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ამიტომ ეს საკითხი დავაყენე. ფაქტი ერთია: ჩვენ პარლამენტის მიღებულ კანონს უგულებელვყოფთ. ცეკვის გაკვეთილი ფასიანი გვაქვს. მისი ღირებულება ერთ ბავშვზე 10 ლარია. ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, 10 ლარი გადაიხადოს. რაც არ უნდა ჰუმანურები აღმოვჩნდეთ და ვთქვათ, რომ ვისაც უჭირს, მას უფასოდ ვასწავლით, აქვე ჩნდება კითხვა და ვისაც არ უჭირს, ის რატომ იხდის ფულს, მაშინ როცა ამას კანონი გვიკრძალავს? როცა თავისუფლად შესაძლებელია ცეკვის მასწავლებელი, მუსიკის მასწავლებლის დამხმარედ, შტატით ავიყვანოთ და შესაბამისად მივცეთ ხელფასი. სანაცვლოდ კი კანონის წინაშე მართლები ვიყოთ და მშობელი არ დავავალდებულოთ, რომ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში 10 ლარი გადაიხადოს. თუ მუსიკა და სიმღერა უფასოა, მაშინ ცეკვა რატომ არის ფასიანი? მოკლედ, ამ საკითხზე შესაბამისი კომისიები იმსჯელებს. თუმცა დღეს ფაქტი ერთია: თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში თვითმმართველობის კოდექსი ირღვევა, რაც კანონის, მინიმუმ, უპატივცემულობას ნიშნავს.

_ თქვენ ამ თემის გარდა დააყენეთ საკითხი, რომლის მიხედვითაც მერიის მხრიდან საკრებულოს განკარგულების შეუსრულებლობა დადგა დღის წესრიგში, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარემ მოითხოვა, ადმინისტრაციული წესით დასჯილიყო ის პირი, ვინც პასუხისმგებელი იყო საკრებულოს განკარგულების შესრულებაზე. უფრო რომ განგვიმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე?

_ გასულ წელს ქალაქის საკრებულოში შეიქმნა დროებითი ჯგუფი, რომლის მოვალეობა იყო და არის ქალაქში პარკინგის მოწესრიგება. ჯგუფმა შესაბამისი დასკვნა წარადგინა და საკრებულოს განკარგულებით პარკინგის „წერტილები“ მონიშნა, ამის გარდა ყველგან მიუთითეს შშმ პირებისთვის სადგომი ტერიტორიები. თუმცა აბსოლუტურად სხვა სურათი მივიღეთ, _ სამუშაოების შემსრულებელმა კომპანია „სერპანტინმა“ სრულიად სხვა ნახაზი დადო და საკრებულოს განკარგულებები უგულებელჰყო. შესაბამისად, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მერიას წერილობით მივმართე: რატომ არ შესრულდა აღნიშნული განკარგულება? მერიამ კი მიპასუხა, რომ ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა და სამუშაო შეასრულა ერთ-ერთმა კეძო კომპანიამ. ჩნდება კითხვა, _ საკუთარი გადაწყვეტილებით კერძო კომპანიამ სამუშაობი როგორ უნდა გააკეთოს? უბრალოდ, ხომ უნდა იკითხოს, სად აკეთებს, რის საფუძველზე აკეთებს, რას აკეთებს? არც ისაა მისაღები ჩვენთვის, რომ ბიუჯეტი არ დახარჯულა… მარტივი ლოგიკაა: რატომ არ შესრულდა საკრებულოს განკარგულება? პასუხი სხვა გვაქვს, შედეგი _ სხვა. მჯერა, რომ საკრებულოს განკარგულება შესრულდება, თუმცა აქვე დავძენ, რომ საკითხს აუცილებლად მივყვები ბოლომდე და დიახ, მოვითხოვ, რომ მერიამ საკრებულოს მიერ მიღებული ყველა განკარგულება შეასრულოს, გაგზავნილ წერილებზე კი ადეკვატური პასუხი მივიღოთ!..

_ ეს პირველი შემთხვევა იყო?

_ მთავარია, ასეთი შეცდომა ბოლო შემთხვევა გახდეს…

_ საინტერესოა, სხვა რა მნიშვნელოვანი პრობლემებია თელავში

_ პირველ რიგში: უმუშევრობა, გაჭირვება, სამართლიანობის აღდეგნა და სოციალური მდგომარეობა. ასეა ადამიანი გურიაშიც და კახეთშიც, სადაც გინდა წახვიდე, ყველგან ანალოგიურია.

_ რა შეიცვალა თვითმმართველობის  არჩევნების შემდეგ?

_ ძალადობა აღარ ხდება; სიტყვის თავისუფლებაა; მთავარია, რომ ხალხში შიში გამქრალია და განეიტრალებულია. მაშინ სხვა ვითარება იყო, შენს აზრს ხმამაღალა ვერ დააფიქსირებდი, მოსახლეობა ქუჩიდან ქუჩაში ისე გადადიოდა, რომ თავს მაღლა ვერ სწევდა.

_ გასაგებია, მაგრამ დღეს თუ ის შიში გამქრალია, მოსახლეობას რაღაც პრობლემა აქვს და მის მოგვარებას ითხოვს, რამეს აღწევს?

_ ძალიან ხშირად ვერ აღწევს. მუნიციპალიტეტი მოსახლეობას პრობლემის მუდმივად მომავალ წელს გამოსწორებით აიმედებს. არადა, ხალხი ელემენტარულს ითხოვს, _ ორმოების ამოვსებას და ჩიხების შეკეთებას. დაუსრულებელი უარის შემდეგ ხალხი ან გენდობა ან _ არა…

_ მაშინ სად მიდის ეს ბიუჯეტი, რას ხმარდება?

_ არსად არ მიდის, ეს თანხა არასწორად იგეგმება. ფაქტია, რომ 2016 წელს თელავის მერიას 2015 წლიდან 1 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. სწორად ვერ დაგეგმეს: ფული გაქვს, არ ხარჯავ, ან ვერ ხარჯავ და საქმე არ კეთდება…

_ დღეს ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რას დაასახელებდით?

_ ქუჩები!!! ერთი მხრივ, კარგია, რომ წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ ის, რომ ქალაქის სამხრეთ ნაწილი სრულიად გადათხრილია და ხალხი სახლებში ვერ შედის, ეს ცუდ დაგეგმარებას ნიშნავს. საკრებულოში ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია მოვიწვიეთ, რომელსაც ყველა ქუჩაზე წყალგაყვანილობის შეცვლის ვალდებულება აქვს, რაც მთავარია, ყველა გზა უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს. მაგრამ გაყვანილობას დატესტვა სჭირდება, ამიტომ ეს კომპანია ვერაფერს აკეთებს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისკენ იშვერს ხელს. ჯამში _ ქალაქის ნახევარი გადათხრილია. მდგომარეობა კრიტიკულია!

_ ამომრჩეველმა თქვენ, საკრებულოს დეპუტატებს მოგცათ ხმა და არა წყალმომარაგების კომპანიას. რამდენად აქვს დღეს უნარი წარმომადგენლობით ორგანოს, რომ რამე შეცვალოს?

_ თავიდან სწორედ ეგ აღვნიშნე, რომ საკრებულომ აზერბაიჯანულ კომპანიას საქმის განმარტება მოსთხოვა: კომპანია, რომელიც დღეს ამ პროექტს ახორციელებს, გვაინტერესებდა, რამდენად თანმიმდევრულია? სახელმწიფო ამხელა თანხას უხდის და მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაშია. კომპანიამ ისიც აღნიშნა, რომ შეიძლება ვადებში ვერ ჩაეტიოს, ანუ 22 თვეში. მაგრამ ამას დასაბუთება უნდა. მთავარი პრობლემა იცით, რა არის? ჩვენ რატომ უნდა დაგვეძახა კომპანიისთვის, როცა არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება, მერია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მიმდინარე პროცესები აკონტროლოს?

მაგრამ როცა ხედავ, რომ აღმასრულებელი უნარს მოკლებულია, საჭიროა ჩაერთო როგორც წარმომადგენლობითი ორგანო.

_ თუ მაისის ბოლოს ქალაქი ისევ გადათხრილი იქნება, თქვენი კომისია ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს ხომ არ დააყენებდა?

_ აპრილში ველოდებით შეხვედრას, სადაც უნდა მოვისმინოთ, რა გაკეთდა და რა კეთდება. თუ სასურველი სურათი არ იქნება, უკვე ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ ქალაქში საჭირო წესრიგისთვის.

თელავის მერია აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს!

ქრონიკა+“ „სერპანტინისწარმომადგენელს, ნუგზარ ხუცაიძეს დაუკავშირდა:

_ ჩვენ ქალაქ თელავის მერიის თანამშრომელმა, გიორგი კიკნაძემ, ზეპირსიტყვიერად მოგვმართა თხოვნით, რომ პარკინგის შესაბამისი ტერიტორიები უსასყიდლოდ დაგვეხაზა, თანხა დიდი ოდენობის არ იყო, სადღაც, 200 ლარს შეადგენდა და ჩვენ ეს, უბრალოდ, უსასყიდლოდ, თხოვნის საფუძველზე შევასრულეთ.

_ ნახაზი გიორგი კიკნაძემ მოგცათ, თუ სად უნდა გაკეთებულიყო პარკინგის წერტილები?

_ მათ რამდენიმე ადგილი გვთხოვეს, რომ გაგვეკეთებინა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ასევე იორდანეს წყლის ტერიტორიები. ნახაზი არ მოუციათ, ზეპირად შევთანხმდით და სამუშაო ასე შევასრულეთ.

 

                                                                                                  მაკა მოსიაშვილი