მალხაზ პატარაია: „რუსეთს საქართველოში ჰყავს აფხაზეთის ორი ხელისუფლება და აქვს ორი ტელევიზია, _ სოხუმსა და თბილისში!“

c3

რამდენიმე დღის წინათ „აფხაზთა კრების“ ოფისში უცნაური ქურდობა მოხდა. ღამით შენობაში პატარა სარკმლიდან შემძვრალმა ქურდმა მხოლოდ კომპიუტერის მონიტორი მოიპარა, ტექნიკის დანარჩენ ნაწილს კი არ შეხებია, ასევე ხელუხლებელი იყო  მაგიდებისა და კარადების უჯრები. როგორც „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ქურდობა მათ აქტიურობას უკავშირდება და ერთგვარი გაფრთხილებაა.

ქრონიკა+“- ესაუბრებააფხაზთა კრებისწარმომადგენელი, მალხაზ პატარაია:

_ თქვენმა გაზეთმა რამდენიმე მასალა მიუძღვნა აფხაზეთის ხელისუფლების თემას, სადაც „აფხაზთა კრებაში“ შემავალი ორგანიზაციები მათ მუშაობას ვაკრიტიკებდით. „ქრონიკა+“-ში დაბეჭდილი მასალების შემდეგ ჩვენი მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაიწყო და ეს აღვნიშნეთ კიდეც თქვენთან. 4 აპრილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის დღეა და ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში მასშტაბური ღონისძიება ჩავატარეთ, რომელიც 3 ნაწილისაგან შედგებოდა. სასტუმრო „რედისონში“ 2-დღიანი ნატო-საქართველოს კონფერენცია იყო, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. პირველი ნაწილი გახლდათ საქართველოს დროშის გაშლა, მიმართვა კონფერენციისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი. ნატოს მხარდაჭერის გარდა, ეს მიმართვა გულისხმობდა იმას, რომ სრული მასშტაბით აღდგენილიყო დეოკუპაციის კურსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოხსნა და შეწყვეტილიყო კოლაბორაციონისტული, კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის მიმართ. მეორე ნაწილი იყო ავტომსვლელობა ქალაქში და მესამე ნაწილი მოიცავდა ფლაერების დარიგებას მეტროს სადგურებთან. „აფხაზთა კრების“ ორგანიზაციებმა ღონისძიების სამივე ნაწილი ჩავატარეთ. ამ ღონისძიების ფარგლებში ვთანამშრომლობდით ნატოს ადგილობრივ ოფისთან. რადგან საქართველოში რუსთუმეთა რაოდენობა მომრავლდა, ამ აქციას სწორედ ის მიზანი ჰქონდა, რომ ქართული საზოგადოების მოტივაცია დასავლეთის კურსთან მიმართებით ამაღლებულიყო. მსვლელობის დროს, როდესაც ქალაქი მოვიარეთ, შემდეგ ავაკითხეთ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ საქართველოში, კლასიკური გაგებით, ხელისუფლება არ არსებობს, რადგან არაფორმალური მმართველი ჰყავს. მასაც შევახსენეთ ნატო და მის წინაშეც დავაყენეთ ჩვენი მოთხოვნები. ერთი ექსცესი ჯერ კიდევ დილით შეგვემთხვა, როდესაც „რედისონის“ წინ ვინმე ნიკამ აქციის მოწყობა აგვიკრძალა. მეორე ექსცესი „ბუკიას ბაღთან“ მოხდა, როდესაც მერიის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ფლაერების დარიგება მათი თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა. როგორც ჩანს, პროვოკაციასაც გვიწყობდნენ, მაგრამ სრულიად შემთხვევით იქ ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც სულ სხვა რამეს იღებდნენ. საბოლოოდ, პრესის გამოჩენამ მერიის დაცვის აღვირახსნილი თანამშრომლები დააშოშმინა. მეორე დილას ოფისში მოვედით და გატეხილი დაგვხვდა. საკმაოდ უცნაური ქურდობა იყო: წაღებულია მხოლოდ კომპიუტერის მონიტორი, დანარჩენი ტექნიკა ხელუხლებელია. მაგიდებისა და კარადების უჯრებიც ხელუხლებელი დაგვხვდა. გამოვიძახეთ პოლიცია, მთელი დღე იურიდიულ პროცედურებში გავატარეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კრიმინალური ფაქტი, ეს გაფრთხილებაა! როგორც ჩანს, ჩვენი აქტიურობით ხელისუფლება, მისი არაფორმალური მმართველიანად, ძალიან შევაწუხეთ და ამ ფორმით იძია შური. შესაძლებელია, ოფისში რაიმე სახის მოსასმენი აპარატურაც დაგვიმონტაჟეს, ჩვენ შემოწმების საშუალება არ გვაქვს. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ოფისი, რომელმაც შეგვიკედლა, რადგან შესაძლებლობა არ გვაქვს, სხვა ფართი ვიქირაოთ. ასეთი ფაქტები ხდება და აფხაზეთის ტელევიზია ამ დროს ხმას არ იღებს, პირიქით, ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ეწევა. სწორედ ტელევიზიის თემაზე მინდა თქვენთან საუბარი.

_ რას გულისხმობთ?

_ საკითხი წამოიწია იმ აგრესიული მოქმედებების გამო, რასაც თავად ეს ტელევიზია აწარმოებს. ახლა სიპია და აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი ეწოდება. მოგეხსენებათ, მაუწყებლობის შესახებ კანონმა საინფორმაციო საშუალებები გარკვეულ რეგულაციებში მოაქცია და იმ ფორმით, რომლითაც ის ადრე არსებობდა _ ტელეკომპანიის ფორმით, შეუძლებელი გახდა მისი ფუნქციონირება. 2006 წელს აფხაზეთის მთავრობამ ეს ტელევიზია თავად გააუქმა და, სხვათა შორის, იმ შემადგენლობამ, რომელიც დღეს აფხაზეთის მთავრობაშია. უბრალოდ, მაშინ მთავრობის თავმჯდომარე სხვა იყო. შემდეგ მოძრაობა „დაბრუნების“ ინიციატივით სასამართლო პროცესები გაიმართა და განთავისუფლებული თანამშრომლები ორჯერ აღვადგინეთ. თუმცა ამ განთავისუფლებული თანამშრომლების გარდა, 300-მდე დევნილი ტელევიზიის აღდგენას ითხოვდა. რადგან მატერიალური საშუალება არ იყო, რომ აფხაზეთის ტელევიზიას მაუწყებლის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ემუშავა, ისეთი ფორმით აღდგა, რომ გადაცემები მომზადებულიყო და მერე სხვა მაუწყებლის ეთერში გასულიყო. როგორც კი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში მოვიდა, ეს საინფორმაციო საშუალება კომუნისტების პერიოდის „ვრემიად“ გადაიქცა. განსხვავებული აზრი არ არის, მხოლოდ აფხაზეთის სამარცხვინო მთავრობის ღონისძიებები შუქდება, რაღაც ნეიტრალური სიუჟეტები, არანაირი სოციალური თემა, აკრძალულია სიუჟეტების მომზადება აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის დაღუპულ მეომრებზე, მათი აზრით, ეს ხელს უშლის სამშვიდობო კურსს, ვითომ დღევანდელ ურთიერთობას, რომელიც თითქოს არსებობს. არ არის საუბარი გალის მოსახლეობის პრობლემებზე და რაც მთავარია, არ არის საუბარი „აფხაზთა კრებაზე“, საერთოდ წაშლილები ვართ. კვირაში მხოლოდ ერთი გადაცემა გადის მეორე არხზე, ჟურნალისტის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირება, განსხვავებული აზრის გაშუქება, _ ეს ყველაფერი პირწმინდად დარღვეულია. ფორმალურად ჰყავთ 21-კაციანი სამეთვალყურეო საბჭო, ამდენი საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი არ ჰყავს. კვირაში ერთსაათიან გადაცემას 3 ჟურნალისტი ამზადებს და მათ 21 კაცი აკონტროლებს. ჯერ ერთი, სიპია და ამ იურიდიული ფორმით ის მაუწყებელი არ არის. საერთოდ, რა საჭიროა სამეთვალყურეო საბჭო, მაგრამ ანალოგია აიღეს. ამ საბჭოში არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები და სინამდვილეში, „ქოცები“. არ ვიცი, რიგით შეკრებაზე რას აკეთებენ, მაგრამ რიგგარეშე შეკრება მიეძღვნა და მკაცრად დაგმეს ის ინციდენტი, რომელიც გმირთა მოედანზე მოხდა და რომელზედაც თქვენს გაზეთში უკვე ვწერდით.

_ რატომ არის თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ამ ტელევიზიის საკითხი იმ დროს, როცა კვირაში ერთი საათი ეთმობა და მაყურებელიც არ ჰყავს?..

_ მოგეხსენებათ, აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის გადამწყვეტია. საინფორმაციო საშუალებების არსებობა, რომლის პრიორიტეტი სწორედ ეს საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დევნილებისთვის, ისე საქართველოს დანარჩენი ნაწილისთვის. დევნილობაში რომ წამოვედით, თბილისში ტელევიზია ჩემს მეგობრებთან ერთად, ძალიან მძიმე პირობებში აღვადგინე, ჯერ რადიო ჩავრთეთ და შემდეგ მაუწყებლობა 6 გადაცემით. ეს შევძელით აფხაზეთიდან ახლად გამოძევებულმა ადამიანებმა. ამ ტელევიზიის არსებობა აუცილებელია! ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში და რომ დავბრუნდეთ, დევნილი საზოგადოება უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის გაუქმების მომხრენი. შემადგენლობის მოწინააღმდეგეები ვიყავით, თორემ თვითონ სტრუქტურის არსებობას უპირველესი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს საზოგადოება შეინარჩუნოს და ამისათვის ტელევიზია ყველაზე მძლავრი საშუალებაა. ამ ფუნქციას ვდებდით, როდესაც აღვადგინეთ ტელევიზია და დღესაც ამიტომ ვსაუბრობთ მის დანიშნულებაზე და არა ის, რომ ყოლბაიას სდიონ და მისი არაფრისმთქმელი ღონისძიებები გააშუქონ, რომელსაც თვითონაც კი არ უყურებენ.

_ რას ითხოვთ აფხაზეთის ხელისუფლებისგან?

_ ჩვენ ვითხოვთ არა მარტო აფხაზეთის ხელისუფლებისგან, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლისგანაც, რომ ყურადღება მიაქციოს მეორე არხმა, რა გადის მის ეთერში. შარშან 10 მაისს, აფხაზეთის ტელევიზიისა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 9 მაისთან დაკავშირებულ გადაცემაში, ყირიმის ოკუპაციის სიმბოლო, გეორგიევსკის ლენტი გადმოფინეს. იმ კურსს, რასაც აფხაზეთის მთავრობა ადგას _ პრობლემების მიჩუმათებისა და ე. წ. რაღაც სამშვიდობო კურსს, რეალურად კი, კოლაბორაციონისტულ კურსს, აფხაზეთის ტელევიზიაც ატარებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დროც ხომ გადასახადის გადამხდელთა თანხით იფარება, ასევე აფხაზეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება ეს ტელევიზია, აქედან გამომდინარე, მაყურებელს ის პროდუქტი უნდა მიეწოდოს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონი ითვალისწინებს, ზოგადად, ინფორმაციის გაცემისა და მიღების თვალსაზრისით. ის არ არის რაღაც ორგანოს პრესცენტრი, ეს არის ყველა დევნილის ტელევიზია და, შესაბამისად, რა აზრიც არის საზოგადოებაში, მით უმეტეს, არასამთავრობო ორგანიზაციის აზრი, უნდა გაშუქდეს. ეს არის ინფორმაციის გადაცემის ყველა საშუალების ზოგადი პრინციპი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხელშეკრულება დავდეთ და უფლება არ გვაქვს, რომ მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩავერიოთო. ხომ არ შეიძლება, მაგალითად, „ენტევეს“ გადაცემა გავიდეს აფხაზეთის ტელევიზიის ეგიდით და ყურადღება არ მიაქციო, ან ისლამური სახელმწიფოს რაღაც ვიდეორგოლი მოგიტანონ და ის გაუშვა?! ხომ უნდა უყურო, რა გადის ეთერში და ხომ უნდა უთხრა, რომ ჟურნალისტურ სტანდარტებს არღვევენ?! ასე არ შეიძლება! ეს პასუხისმგებლობა არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე! არ ვამბობ, რომ ცენზურა უნდა არსებობდეს, მაგრამ ის, რომ მის ეთერში ირღვევა მაუწყებლის შესახებ კანონი, ამაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს რეაგირება უნდა ჰქონდეს! რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთის ტელევიზიას, იქ უნდა შუქდებოდეს ხელისუფლების საინტერესო ღონისძიებები, ოპოზიციის აზრი და, რა თქმა უნდა, აქტუალური საკითხები დევნილებზე. აბსოლუტურად ყველა არხზე, მეტ-ნაკლებად, სიუჟეტებს ნახავთ დევნილთა სოციალურ მდგომარეობაზე, აფხაზეთის ტელევიზიაში კი სამარცხვინო ტაბუ ადევს სამშობლოს დამცველების თემას! ამ დროს აფხაზეთის ბიუჯეტიდან ეს სიპი 247 000 ლარს იღებს! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ, ამ უმსგავსობასთან ერთად, ეს ტელევიზია აფხაზეთის მთავრობისთვის ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი გახდა: გვლანძღავენ, ზედიზედ აკეთებენ გადაცემებს „აფხაზთა კრებაზე“, აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ ხელს ვუშლით ჟურნალისტურ საქმიანობას. გახსოვთ, დევნილთა სამინისტროსთან კადიევის მხარდასაჭერი აქცია ჩავატარეთ, იქვე არიან, შენობის მეორე მხარეს, მოვიდნენ და როგორ გააშუქეს, იცით? _ ჩატარდა აქცია, მაგრამ იქ იყო სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელიო. ჩვენ არავის ვზღუდავთ, პირიქით, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მოვიწვიეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ, ზოგადად, კადიევის საქმე საერთო ეროვნული ღირსების საქმეა. ასეთი კომენტარი გაუკეთეს: იქ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთაც, თავის დროზე, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს აფხაზეთის ტელევიზიასო. აფხაზეთის ტელევიზიის პროცესზე პირადად ვიყავი ადვოკატი და შოთა მალაშხიას მივმართე (მაშინ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო), პასუხი მომწერა, _ თქვენ თვითონ არ გინდათ და მე რა გავაკეთო, თქვენი ხელისუფლების გაუქმებულიაო. აფხაზეთის ხელისუფლებაში ვინც მაშინ იყო, ახლა ყველა ის ადამიანი ისევ თანამდებობაზეა. ვახტანგ ყოლბაია მაშინ უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და როდესაც ჩვენ დავწანწალებდით და ვთხოვდით, რომ თანადგომა მაინც გამოუცხადეთ ამ ხალხს, სასამართლოში მოდითო, რაღაც პეტიციას ვწერდით და სულ 2 კაცი მოვიდა ჩვენს შეკრებაზე, საერთოდ დუმილი იყო. კარგი, მთავრობა ასე მოიქცა, შენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რომ ხარ, რას აკეთებ?! ჯერ ერთი, ეს კომენტარი რა მისაბმელი იყო, კადიევის საქმესთან რა კავშირში იყო?! ამ ტელევიზიის ჟურნალისტს ვესაუბრე. სხვათა შორის, როცა ისინი, თავის დროზე, ტელევიზიიდან გაათავსუფლეს, მე მას ვიცავდი. როდესაც ვკითხე, _ რატომ არ აშუქებთ ჩვენ მიერ მოწყობილ ღონისძიებებს-მეთქი? მიპასუხა, _ რა აუცილებელია, საინფორმაციო ცენტრი ვართ და არა ტელევიზიაო. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაა! დემოკრატიული პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ! რა თქმა უნდა, ის სამარცხვინო 21-კაციანი ბორდი უნდა გაუქმდეს და სტრატეგია იქით უნდა აიღონ, რომ ეს ტელევიზია საერთო ქართული მაუწყებელი იყოს, ისევე როგორც აჭარის ტელევიზიაა. ეს შემდეგი ამოცანაა, ჯერ ამას მოვუაროთ, რადიოშიც აღვადგინოთ გადაცემები იგივე პრინციპით და შემდეგ სრულყოფილი მაუწყებელი უნდა შეიქმნას. ამ ტელევიზიის მიმართ ჩვენ ეს ხედვა გვაქვს. ტელევიზიის საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის. დღეს გვაქვს ასეთი ვითარება: რუსეთს საქართველოში ჰყავს აფხაზეთის 2 ხელისუფლება, ერთი სოხუმში, მეორე თბილისში და აქვს 2 ტელევიზია, ასევე ერთი სოხუმში და მეორე თბილისში. ისიც უნდა აღვნიშნო, როგორც თავისი არაფორმალური მმართველი ჰყავს აფხაზეთის მთავრობას, ასევეა ტელევიზიაში. ამ შემთხვევაში „რუხ კარდინალად“ „ენტევეს“ კორესპონდენტი საქართველოში, ნუგზარ კერესელიძე გვევლინება. ეს ადამიანი, ამავდროულად, სოხუმის უნივერსიტეტშიც მუშაობს. მოგეხსენებათ, „ენტევე“ რას წარმოადგენს. გახსოვთ, ალბათ, პუტინმა ყირიმის აღებისთვის 300 ჟურნალისტი დააჯილდოვა. ამ 300 ჟურნალისტიდან ყველაზე მაღალი ჯილდო „ენტევეს“ დირექტორმა მიიღო. რა სიბინძურესაც გადასცემს რუსეთის ტელევზია და მისი არხები, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ყველაზე დიდ და საშინელ სიბინძურეს „ენტევე“ გადასცემს, სხვა რომ არ კადრულობს, იმას გადასცემენ. სწორედ მისი ადგილობრივი კორესპონდენტია აფხაზეთის ტელევიზიის არაფორმალური მმართველი!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორს, ავთანდილ დავითაიას:

_ სსიპ „აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ საქმიანობა ეფუძნება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ძირითად პრინციპებს. სიუჟეტის მომზადებისას ვხელმძღვანელობთ ინფორმაციის ობიექტურად მოპოვებისა და გავრცელების თავისუფალი პრინციპებით, აგრეთვე მიუკერძოებელი კომენტარებით და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული მემორანდუმით. მოგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა ითარგმნება აფხაზურ ენაზე და გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რაც შეეხება განსხვავებულ აზრს, იგი ჩვენს გადაცემებში წარმოდგენილია. აგრეთვე წარმოდგენილია ამა თუ იმ მოვლენის მონაწილე მხარეთა პოზიციები. ჩვენ არაერთხელ გაგვიშუქებია „აფხაზთა კრების“ აქციები, მაგრამ მათი ზოგიერთი წარმომადგენელი რეგულარულად, თავხედურად თავს ესხმის ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში. კომუნისტების დროინდელი „ვრემიას“ აღზრდილებს ნამდვილად თავად ჰგვანან, რადგან კომუნისტებისთვის მთავარ იარაღს სიცრუე და ძალადობა წარმოადგენდა, ისევე როგორც „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებისთვის (იხილეთ გადაცემა „აფხაზეთი“ _ 20/03/2016),

რაც შეეხება სსიპ „აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას და მის საქმიანობას, აღსანიშნავია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა ემყარება ცენტრის წესდებას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისგან განსხვავებით არ ღებულობენ ხელფასს, ანუ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ცდილობენ დაეხმარონ ცენტრს რეკომენდაციებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მრავალფეროვნება და რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებრივი აზრი წარმოდგენილ იქნას რაც შეიძლება მასშტაბურად, მათ კონსულტაციებს აქვთ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. ჩვენ მადლობას ვუხდით სამეთვალყურეო საბჭოს უანგარო თანამშრომლობისთვის.

„აფხაზთა კრების“ ყველაზე სასაცილო და აბსურდული სიცრუე უკავშირდება ნუგზარ კერესელიძეს. ამ სიბრიყვეზე პასუხს არ გავცემდით, რომ არა თქვენ მიერ დასმული კითხვა. მას არანაირი საერთო არ აქვს სსიპ „აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრთან“. სსიპ „აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს“ მართავს დირექტორი. „აფხაზთა კრებას“ გადაცემის მაღალი რეიტინგი აწუხებს და ცდილობს, სიცრუითა და ძალადობით ებრძოლოს „აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს“ და ხელი შეუშალოს ჟურნალისტურ საქმიანობაში. ჩვენ შეგვიძლია, ისინი დავარწმუნოთ, რომ ამას ნამდვილად ვერ მიაღწევენ.

 

 

                                                                                                     თამარ ბატიაშვილი