ზურაბ ჯაფარიძე: ,,საზოგადოებაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია – ბანკები ყველას არ აპატიებენ ვალებს!”

n8

რამდენიმე წლის წინათ დაწყებულ კამპანიას _ „ბანკი ჩვენი მტერია!“ ბოლო პერიოდში ახალიც დაემატა _ „არა ონლაინ სესხებს!“ ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ერთგვარ პრევენციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაფრთხილდნენ, რადგან ბანკები ადამიანებს ხშირად ატყუებენ. რა უნდა იცოდნენ და არ იციან ნებისმიერი ბანკის მომხმარებლებმა? როგორც უნდა იმოქმედონ, როცა ონლაინ სესხს ვერ აბრუნებენ და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ სხვადასხვა მეთოდით აშანტაჟებენ?

   ქეთი უტიაშვილი, ადვოკატი:

_ ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრობლემური სესხების შემთხვევაში იმ პირებს, რომელთაც დაუდასტურდებათ გადახდისუუნარობა, ვალი ეპატიებათ. იმ პროცენტს, რომელიც ბანკებს მათ მიერ დაბრუნებული თანხებიდან სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადათ, უკვე სახელმწიფო აპატიებსო. თქვენ ხომ არ ხართ საქმის კურსში, რა ხდება?

_ დიახ, მეც გავიგე ამ კანონპროექტისზე. მინდა ვიფიქრო, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან ობიექტურად გამომდინარეობს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული კანონი დაეხმარება ბანკებს, თუკი მათ ამის სურვილი ექნებათ, აპატიონ  უიმედო მოვალეებს სესხის თანხები, ხოლო თვითონ ბანკებიც განთავისუფლდებიან იმ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან, რაც მათ ვალის პატიების შემთხვევაში ეკისრებათ. თუმცა ამ კანონპროექტშიც არის ერთი „მაგრამ“… კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თუ ბანკის გადასაწყვეტი უნდა გახდეს, ვინ მიიჩნიოს უიმედო მსესხებლად და ვინ _ არა, ან მხოლოდ მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული სესხის პატიება-არპატიების საკითხი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მეეჭვება, აღნიშული ცვლილება ადამიანებისთვის შვების მომტანი იყოს. თუმცა მანამდე კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს.

_ სანამ კანონში ცვლილება შევა (თუ საერთოდ შევიდა), პრობლემურ სესხებთან დაკავშიერებით ბანკები როგორ იქცევიან?

_ პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ბანკები ხშირად ამორალურ გარიგებებს დებენ, მაგალითად, ბანკები, დაახლოებით, 20.000.000 აშშ დოლარის ქონებას იფორმებენ 1.000.000 აშშ დოლარად იმ დაპირებით, რომ მოვალეს სესხის გადახდის ვადას გაუგრძელებენ. მოვალე, რომელიც, ერთი მხრივ, მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მას შეიძლება ყველაფერი აუქციონზე გაუყიდონ, იძულებული ხდება, ასეთი გარიგება დადოს, რაც შემდგომში, ძირითადად, ამ ქონების დაკარგვით მთავრდება. ბანკი ამ ქონებების გაყიდვით კი დიდ სარგებელს ნახულობს.

_ ბოლო დროს გაჩნდა ახალი მოწოდება: „არა ონლაინ სესხებს!“ . . ონლაინშიც ბანკები ხალხს მახეს უგებენ. როგორც ჩანს, ონლაინ სესხებით მუშაობის სქემაც არ არის სამართლიანი, რადგან საზოგადოებას ათქმევინა, _ არა!

_ რაც შეეხება ონლაინ ბანკებს და მათ მიერ გეცემულ სესხებს, მიმაჩნია, რომ ეს სფერო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ძალიან მალე შეუქმნის დიდ პრობლემებს. ონლაინ ბანკები გასცემენ სესხებს ყველა ფიზიკურ პირზე (20-დან _ 65 წლამდე), რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „კრედიტ ინფო საქართველოს“ საინფორმაციო ბაზაში. საქართველოში არსებული მძიმე სოცილური მგომარეობის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ასეთ სესხს. ხშირად გამარტივებული პროცედურები ახალგაზრდებში ასეთი სესხის აღების საფუძველი ხდება, რაც შემდგომში მათ ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის. ერთი შეხედვით, სესხის თანხა მცირეა (50-დან 650 ლარამდე) და ეს ადამიანი იმედოვნებს, რომ მის დაფარავას შეძლებს, ასევე მცირედად გამოიყურება სარგებელიც, მიუხედავად ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთისა, მაგრამ საკითხს რეალურად თუ შევხედავთ, შემდეგს მივიღებთ _ მაგალითისთვის ერთ-ერთ ონლაინ ბანკს მოვიშველიებ:

სესხის აღება შესაძლებელია 50-დან 650 ლარამდე 1-30 დღემდე ვადით. პირველი სესხი არის უპროცენტო, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. განმეორებით სესხზე თვიური საპროცენტო განაკვეთი არის 5,5-15%. წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 435%. სესხი არის 1-თვიანი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1%, ანუ წელიწადში 365%. ვადის დარღვევის შემდეგ ეს უკანასკნელი (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ონლაინ ბანკების უმრავლესობა) გადასცემს კონკრეტული პირის საქმეს პრობლემური სესხების მართვის სამსახურს, საიდანაც უკვე იწყება ის უმართავი პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება.

_ უმართავ პროცესებში რას გულისხმობთ?

_ ამ ონლაინ ბანკებმა იციან, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება დღევანდელი სამოქალაქო კოდექსის არსებობის პირობებში მიუღწევადია, ამიტომ ყველა უკანონო გზას მიმართავენ, რათა მათთვის სასურველ შედეგებს მიაღწიონ. ეს უკანასკნელნი თავს ასაღებენ სააღსრულებო ბიუროდ (სააღსრულებო ბიურომ უკვე გააკეთა განცხადება აღნიშულზე), მიდიან ბინებში ნივთების აღსაწერად, მაშინ როდესაც სააღსრულებო ფურცელი არ არსებობს. ასეთი დოკუმენტის არსებობის პირობებშიც კი ისინი აღმასრულებლები არ არიან და ამის უფლება არ გააჩნიათ. ასევე არათუ მოვალე მხარესთან რეკავენ მუქარით, შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ არღვევენ მოვალეთა უფლებებს და  კონფიდენციალურ ინფორმაცებს, როგორიცაა სესხის თაობაზე არსებული ინფორმაცია, რომელსაც გადასცემენ მესამე პირებს _ ოჯახის წევრებს, მეზობლებს და ა. შ. ასეთ დროს მოვალემ უნდა მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაინტერესდეს მსგავსი ბანკების საქმიანობით და ვიდრე ძალინ გვიანი არ არის, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ვალი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასიკვდილო განაჩენი არ უნდა გახდეს, არადა, სწორედ ასეა.

_ ვალის გამო თვითმკვლელობის ფაქტების ზრდაზე საუბრობთ?

_ დიახ, რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ონლაინ კერდიტის გამო თვითმკვლელობა სცადა. ამას წინათ თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა, გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ბათილად ცნო იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც არასრულწლოვნის სახელზე იყო რეგისტრირებული. აღნიშული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის თავმჯდომარეობით. ეს საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია. ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში ბავშვის უფლებები დაცული იქნება. კერძოდ, ბავშვების ქონებას მშობლები სესხის უზრუნველსაყოფად ვერ გამოიყენებენ, რაც, თავის მხრივ, არასრულწლოვანს იმ პრობლემებისგან დაიცავს, რაც სესხის გადაუხდელობას მოსდევს.

ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც . . უიმედო ვალებს ეხება და, სავარაუდოდ, პარლამენტში უკვე შევიდა, „ქრონიკა+“ საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის წევრს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, ზურაბ ჯაფარიძესაც ესაუბრა:

_ უიმედო ვალებთან დაკავშირებით მართლაც არსებობის საინტერესო ინიციატივა. ეს გახლავთ პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის ინიცირებული. კანონპროექტი, დიახ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსულია, თუმცა მისი შინაარსი საზოგადოებაში არასწორად გავრცელდა. ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმას, რომ ბანკები ყველას აპატიებენ ვალებს. ის შეეხება, მხოლოდ და მხოლოდ, უიმედო ვალების მცირე პროცენტს, რადგან, კანონპროექტის მიხედვით, მსესხებელსა და ბანკს შორის მოლაპარაკება უნდა მოხდეს. ვისაც ბანკი მიიჩნევს გადახდისუუნაროდ და უიმედო ვალს ჩამოაწერს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბანკს გარკვეულ შეღავათს გაუკეთებს.

ერთ-ერთ კომიტეტში უკვე შევესწარი ამ კანონპროექტის განხილვას და ვეთანხმები. როცა სესიაზე გამოვა, ვფიქრობ, რომ მხარს დავუჭერ, რადგან ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეღავათს მისცემს.

 

                                                                                                                ნელი ვარდიაშვილი