აჭარლები „მედინას“ წინააღმდეგ – „ეს არის საავადმყოფო, რომელიც სასაკლაოდ გადააქციეს!“

n1

აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკის შემოწმებას და იმ პირების დასჯას სთხოვენ, რომლებიც პაციენტებს არასათანადოდ ექცევიან. ავადმყოფების ახლობლები აცხადებენ, რომ ამ კლინიკის მესვეურებისთვის მთავარია ფულის გაკეთება, პაციენტის მდგომარეობა კი, მოკვდება თუ გადარჩება, არ ანაღვლებთ. „ქრონიკა+“-მა ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი უამრავი უკმაყოფილო პაციენტი მოიძია, რომლებიც საშინელ და დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებიან.

ნაირა ქობულაძე _ აჭარაში მოღვაწე ჟურნალისტი:

_ 7 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, ჩემი ძმა ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიძახეთ. სანამ ეს მანქანა მოვიდოდა, დედაჩემიც ცუდად გახდა და მეორე ბრიგადის გამოძახება დამჭირდა. დედაჩემი, მერი ბიბილეიშვილი, 74 წლისაა, 250 ჰქონდა წნევა, სასწრაფოს ექიმმა რომ გაუზომა, თქვეს, ინსულტია და აუცილებლად უნდა გადავიყვანოთო. აჭარაში მხოლოდ კლინიკა „მედინაში“ არის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამიტომ თქვეს, იქ გადავიყვანთო. ჩემი ძმაც გადასაყვანი იყო და მინდოდა, ორივე ერთ კლინიკაში მოხვედრილიყო, რადგან ჩემთვის მათი მიხედვა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. პატარა მანქანით იყვნენ მოსულები და მეორე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, უფრო დიდი, რომ გადაეყვანათ. ის მანქანა საცობში მოჰყვა და 40 წუთი დასჭირდა მოსვლას, ამ პერიოდში უკვე მოსულმა ბრიგადამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მეორე ბრიგადა რომ მოვიდა, წნევა ისევ 250 ჰქონდა, ქვევით არ იწევდა, იმათაც გადაწყვიტეს, რომ სასწრაფოდ „მედინაში“ გადაეყვანათ. პაციენტი რომ შეიყვანეს, ვიცი, არ შეიძლება იქ შესვლა, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი და შევყევი. ექიმს ვკითხე, _ ტომოგრაფიას როდის გადაუღებთ-მეთქი? ალბათ, ეს იყო პირველი წინადადება, რომელიც არ უნდა მეთქვა. მიპასუხა, _ ვინ გითხრა, რომ ტომოგრაფია სჭირდებაო? _ სასწრაფოს ექიმმა-მეთქი. _ სასწრაფოს ექიმს ვინ ეკითხება, როდის იყო, მაგათ ჭკუაზე დავდიოდი, შენ რა ექიმი ხარ, ხელს გვიშლი მუშაობაში, თუ საჭიროდ ჩავთვლი, გადავიღებ და გარეთ გადიო. 6 საათიდან ღამის პირველ საათამდე გარეთ ვიდექი და ველოდებოდი. ექიმი გამოდიოდა და მეუბნებოდა, _ გილოცავ, გადარჩა, ინსულტი არ არის, რამდენიმე საათში პაციენტს სახლში გაგატანთო. თან დამაკვალიანა, _ ხვალ 8 მარტია, დასვენების დღეა, 9-ში მოიყვანე, გამოკვლევა გაუკეთე, სხვა კლინიკებთან შედარებით ჩვენთან დაბალი ფასებიაო. შეიძლება ახლა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ როგორც გავარკვიე, მსგავსი შემთხვევები ბევრი ხდება: თუ წამოვიყვანდი სახლში, გამიმართლებდა და არ გარდაიცვლებოდა, მეორედ ისევ დამჭირდებოდა მისვლა და ეს უკვე ფასიანია, ანუ პაციენტს რომ შეიყვანენ, რაღაცნაირად ოდნავ მოიყვანენ ჯანზე, რომ შემდეგ ისევ მიხვიდე და თანხა გადაიხადო. სახელმწიფო პროგრამა მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, მეტი დასკვნა ვერ გავაკეთე! ღამის პირველ საათზე ექიმი მეუბნება, _ შემოდი და დედაშენი წაიყვანეო. შევდივარ, ქალი ვერ მცნობს, ვერ მელაპარაკება. ექიმს ვეუბნები, _ სახლში როგორ წავიყვანო, ფეხზე ვერ დგება-მეთქი და მეუბნება, _ ექიმი მე ვარ თუ შენ, რას მასწავლი, გეუბნები, კარგად არის, ააყენე ფეხზე, ჩააცვი და წაიყვანეო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვუთხარი, _ ვიღაცამ მომაქციეთ ყურადღება, 7 საათია ხმა არ ამომიღია, ქუჩაში ვდგავარ გაყინული და ვიცდი, ხომ შეიძლება, ვიღაცამ მითხრას, ამ ქალს რა სჭირს, ასეთ მდგომარეობაში სახლში როგორ მატანთ-მეთქი?! შემოვიდნენ პოლემიკაში, _ შენ ტომოგრაფიის გადაღება გინდა უფასოდ, ეს სცენა ამიტომ მოაწყვე, საერთოდ ვინ ხარ და რას მაკონტროლებ, წადი, შენი თავი და ოჯახი გაიკონტროლეო! ასეთი სახის უამრავი შეურაცხყოფა მომაყენეს. მეც პასუხი გავეცი, _ ვაკონტროლებ იმიტომ, რომ 7 საათის განმავლობაში არაფერი გაგიკეთებიათ, დედას ხომ არ მოვკლავ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებ-მეთქი. ამის შემდეგ დაიწყეს მასხრობა, ირონია, ერთმანეთთან გადაძახილი, _ ვაიმე, როგორ შეგვაშინა, ჟურნალისტია, დედა, დედა, რას გვიზამს, გაგვისკდა გულიო. სასოწარკვეთილი ვიყავი, ვუთხარი, _ დედაჩემს შინ არ წავიყვან, გაუკეთეთ რაც საჭიროა-მეთქი! დაუძახეს დაცვას და უთხრეს, გარეთ გაათრიეთო, იმედი მქონდა, რომ კამერები იყო და სიტუაციას დააფიქსირებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როგორ შეიძლება, ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულებაა აჭარაში, რომ ვიდეოკონტროლი არ იყოს?! როგორც ჩანს, აწყობთ, იმდენმა ადამიანმა მომწერა სოციალურ ქსელში, უამრავი ჰყვება მსგავს ისტორიებს და ამიტომ არ აქვთ კამერები დამონტაჟებული! დაცვამ ვერ გაბედა მოსვლა და ჩემი ძალით გამოყვანა. დამემუქრნენ, პატრულს გამოვიძახებთო. ვუთხარი, _ გამოიძახეთ, მინდა, რომ ნახოს, რა მდგომარეობაშია ქალი და როგორ მატანთ სახლში, მე გამოვიძახებ, თუ არ მიაქცევთ ყურადღებას-მეთქი. მორიგე ექიმი ნინო ფილია აღმოჩნდა და მანამდე ექიმი გახლდათ გია ახობაძე. ეს კაცი მლანძღავს, რეპლიკებს ისვრის დამცინავად, _ ჟურნალისტია, გაგვისკდა გული, ახლა ეს რას გვიზამს, ხალხოო. დაცვამ მკითხა, _ მამაკაცები თუ გახლავსო? რომ ვუთხარი, მარტო ვიყავი, _ წადი ახლა, მოჰკიდე ხელი შენს ავადმყოფს, გადაიყვანე ძუნძულ-ძუნძულით, ჩვენ კიდევ გიყურებთ, რას იზამო. ექიმებმაც მხარი აუბეს, _ ეს ხომ ექიმი-ჟურნალისტია, ეს პროფესორი თვითონ მიხედავს საქმეს, ახლა დედამისს გადაიყვანს და ყველაფერს გაუკეთებს, ჩვენი დახმარება არ სჭირდებაო. დაახლოებით 130 კგ-ს მაინც იწონის დედაჩემი, ტირილით სრულიად მარტომ გავიყვანე რაზედაც იწვა, ესენი კიდევ რეპლიკებით მაცილებდნენ. ლიფტთან რომ მივედი, გამწარებულმა ვუთხარი, _ ყველას გავაგებინებ ამ ამბავს, არც ერთი ადამიანი რომ არ აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში-მეთქი. ტომოგრაფიის გადასაღებად რომ მივიყვანე, უნდა გადამეწვინა და ახლაც ვერ გამიცნობიერებია, მარტომ როგორ შევძელი. სანიტარმა დაცვას სთხოვა დახმარება და უარი უთხრეს, კარი გააღეს, მიყურებდნენ და იცინოდნენ. დედაჩემი სულ გაითიშა, გადავუღეთ ტომოგრაფია და გადავიყვანეთ პალატაში. ვიფიქრე, ჯანდაბას, რაც იყო ჩაბარდა ისტორიას-მეთქი, მაგრამ კოშმარი გაგრძელდა. ერთი აბი ასპირინი მომცეს და მითხრეს, დაალევინეო. მთელი ღამის განმავლობაში ავადმყოფს ამაზე მეტი არაფერი მიუღია. დაუდგეს სისტემა, შევამჩნიე, რომ წვეთები არ მოდიოდა, შემოვიდა ექთანი და მეუბნება, _ კი მაგრამ, შენ აქ რას მიკეთებო? არ ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა და რა მექნა?! ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ისევ არ მოდის წვეთი. ტომოგრაფიის გადასაღებად რომ გავიყვანე, ქალი ძლივს გადავაგორე და კათეტერი დავუზიანე, არ გამოუცვალეს, დილამდე თავის შარდში იწვა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. მერე შევამჩნიე, რომ სიცხე ჰქონდა, თერმომეტრი ძლივს მოვატანინე, პარაცეტამოლი 2 საათის შემდეგ მომცეს. მეუბნებიან, _ ჩვენ იმ პალატაში შევდივართ, სადაც თავმდგმური არ არის და რადგან შენ აქ ხარ, ამიტომ არ შემოვედით მთელი ღამე, რას გვიკეთებდი, შენ ხომ ყველაფერი იციო?! გადაწყვეტილება მივიღე, დედაჩემი სხვა კლინიკაში გადამეყვანა. ახლა მედავებიან, ხომ არაფერი დაუზიანდა და საფრთხე არ მიადგა მის ჯანმრთელობასო?.. დაახლოებით 18 საათი დამაკარგვინეს, ინსულტი კი არა, შეიძლება გრიპის დროსაც 10 წუთს ჰქონდეს მნიშვნელობა! გადავიყვანე რეფერალურ საავადმყოფოში, არც ფორმა-100 მომცეს, არც კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხი, მოაწერე ხელი, რომ კარგად არის და ისე მიგყავს, თუ არადა, არ მოგცემთ პასუხებსო. არ მოვუწერე ხელი და ვუთხარი, _ მიმყავს იმიტომ, რომ ქალი არ მოკვდეს, რადგან თქვენ ყურადღებას არ აქცევთ-მეთქი. რეფერალურ საავადმყოფოში ტომოგრაფიის გარეშე არ გვიღებდნენ, ისევ „მედინაში“ გვაგზავნიდნენ. თხოვნის შემდეგ როგორც იყო მიგვიღეს, დააწვინეს. „მედინაში“ ახლობელი გავაგზავნე, რომ პასუხები წამოეღო, 4 საათი აწვალეს, არ მისცეს. წამიყვანა და მეუბნებიან, _ დღეს 8 მარტია, ექიმი არ არის და ვერ მოგცემთო. ვთხოვე, _ ექიმის მისამართი მომეცით, მანქანით წამოვიყვან, მაგ დისკზეა დამოკიდებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა-მეთქი. უარი მითხრეს. 9-ში მივედი და ვთქვი თუ არა, ტომოგრაფიის პასუხი მინდა-მეთქი, გამაჩერეს, _ ვერ მიიღებო! შეურაცხყოფა მოგვაყენე, გაგვლანძღე, შენი ჭკუით წაიყვანე დედაშენი, დასჯილი ხარ, პასუხს ვერ მიიღებ და რაც გინდა, ის გააკეთე, სადაც წევს, იქ გადაუღონო. ვუთხარი, _ იქ არ არის ტომოგრაფიის აპარატი-მეთქი. _ ეგ არ არის ჩვენი პრობლემაო. 3 საათი დავდიოდი კაბინეტიდან კაბინეტში, ბოლოს დირექტორთან შევვარდი და მეუბნება, _ დაწერე განცხადება და 3 დღეში მოგცემთო. დიდი დავიდარაბის შემდეგ 3 საათში მომცეს დისკი, ფორმა-100 მაინც არ მომცეს. ჯოჯოხეთი გადავიარე და მეუბნებიან,  ბაზრის ქალივით ყვირიო.

შემდეგ ეს ყველაფერი „ფეისბუქზე“ დავწერე. მოგვიანებით ადგილობრივი ტელევიზია გამომეხმაურა და ჯანმრთელობის სამინისტროს დაუკავშირდნენ. ამის შემდეგ თვითონ „მედინაში“ შეიქმნა კომისია და საკითხის ძიება დაიწყო. ახლა რეგულაციის სამსახურიდან ელოდებიან, რომ კომისია ჩამოვიდეს. „მედინამ“ დასკვნა უკვე გააკეთა, რომ თურმე ექიმების საქმიანობაში არანაირი დარღვევა არ იყო აღმოჩენილი, დარღვევები გამოვლინდა სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კუთხითო. ეს ყოფილა მხოლოდ დარღვევა! აკონკრეტებენ, რომ პაციენტის, ან მისი ნათესავის ხელმოწერა შესაბამის დოკუმენტაციაზე არ არის, რაზედაც მიმღები განყოფილების უფროსს, გიორგი ახობაძეს, საყვედური გამოეცხადაო. საავადმყოფოში ვიდეოკამერა არ არის, ექიმი საკუთარ თავს ხომ არ დაიდანაშაულებს, პლუს ფორმა-100 არ მაქვს და რასაც უნდა, იმას ჩაწერენ. თბილისიდან კომისია რომ ჩამოვა, რის საფუძველზე უნდა გამოიძიოს?! მეუბნებიან, ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგაო. იმიტომ არ მიადგა, რომ წავიყვანე და გადავარჩინე. რეფერალური საავადმყოფოს დასკვნა მაქვს, სადაც გარკვევით წერია, რომ პაციენტი შეყვანის დროს იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. მეუბნებიან, _ აქედან რომ წავიდა, კარგად იყო და ინსულტი ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება, 5 წუთში განვითარდესო. ე. ი. „მედინადან“ რომ გავიყვანე, დატაკებია ინსულტი და მანამდე დედაჩემის ჯანმრთელობას პრობლემა არ ჰქონია! კლინიკის დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის. როგორც იყო, ადგილობრივი ტელევიზია დაუკავშირდა და გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა. უთხრეს, გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდაო. იცით, პასუხად რა მიიღეს? _ იქნებ, ექიმ ნინო ფიფიას მენსტრუაცია ჰქონდა, აღგზნებული იყო და პაციენტს სათანადო ყურადღება ვერ მიაქციაო. ეს არის პასუხი?! გამოდის, მეორე ექიმს, გია ახობაძეს, კლიმაქსის შეტევა ჰქონია და რა ვქნათ ახლა, ავადმყოფობა შევუთანხმოთ ამათ კრიტიკულ დღეებს და კლიმაქსს?! მაშინ გამოაკრან მიმღებში ექიმების კრიტიკული დღეების გრაფიკი, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე! ხანდახან რომ დავფიქრდები, არ მჯერა, ეს ყველაფერი მე თუ გადამხდა თავს. დედაჩემს რომ ვეწეოდი და ვწვალობდი, ხორცი და ფრჩხილი ერთნაირად ამეხა, საავადმყოში თავზე რომ ვედექი, ვერ მივაქციე ყურადღება და ათივე თითი დამიჩირქდა, ახლა ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, რომ რეგულირების სააგენტო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაგრამ იმიტომ მიჭირს დაჯერება, რომ დოკუმენტაცია გააყალბეს, ვიდეოკონტროლი არ არის და ექიმებმა ახსნა-განმარტება დაწერეს, თითქოს ყველაფერს ვიტყუები. კომისიამ რის საფუძველზე უნდა იმუშაოს?! ბევრმა მეგობრულადაც მირჩია, ამ საქმეს შეეშვი, ძალიან გავლენიანი მფარველები ჰყავს „მედინას“ და საბოლოოდ ისე მოგიტრიალებენ საქმეს, ინანებ, ხმამაღლა რატომ თქვიო. ვინ მფარველობს მათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, უამრავი დაზარალებული არსებობს, განმკითხავი კი არავინაა! არ მინდა, დაუსჯელები დარჩნენ!

 

თიკო აბაშიძე _ არასამთავრობო ორგანიზაციაიალქნისხელმძღვანელი:

_ დაახლოებით 10 დღის წინ ჩემმა ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა. ბავშვთა საავადმყოფოში მივიყვანე. ჯერ იქ დაიწყეს ვაჭრობა, _ ხომ იცით, რომ გადავიღოთ და გადაყლაპული არ აღმოჩნდეს, გადახდა მაინც მოგიწევთო. როცა გადაიღეს, აღმოჩნდა, რომ ბავშვს კუჭში 20-თეთრიანი ჰქონდა. მითხრეს, _ ჩვენ ამას ვერ მივხედავთ, ერთადერთი კლინიკაა „მედინა“, სადაც ამას იღებენო. რაც თანხა მქონდა, ბავშვთა საავადმყოფოში გადავიხადე, საშუალება აღარ გამაჩნდა, რომ „მედინაში“ წავსულიყავი. კატასტროფის ბრიგადამ გადამიყვანა და თორმეტი საათი იყო დაწყებული, უკვე იქ ვიყავით. ომარ სურმანიძემ მიგვიღო, რომელმაც თქვა, რომ კუჭშია, უნდა ამოვიღოთ, ოღონდ ბავშვმა უნდა მიგვიშვასო. ბავშვმა იტირა, არ მიუშვა და გადაწყვიტეს, ნარკოზით გაეკეთებინათ, თუმცა იქვე იყო მეორე ქირურგი, რომელიც ეუბნებოდა, _ დაველოდოთ, იქნებ, ნაწლავში გადავიდესო. მერე აღმოჩნდა, რომ ნარკოზისტი არ იყო და მითხრეს, 5 საათისთვის მოვა, მანამდე ბავშვმა არც უნდა ჭამოს, არც დალიოსო. ქარია, წვიმაა, შიგნით არ გაჩერებენ, გარეთ დაელოდეთ, სადმე გაისეირნეთო, თითქოს იქ ისეთი ბულვარი იყოს, სადაც ამას შეძლებ. ასე ვიყავი მარტო ბავშვით, ყოველ ერთ საათში ვკითხულობ ნარკოზისტს, მეუბნებიან, არ არის, არ არისო… ნარკოზისტი 7 საათის შემდეგ მოვიდა, 8 საათი იყო დაწყებული, როცა ბავშვი შეიყვანეს, ისე, რომ იცოდნენ, 6 საათი გასული იყო, შეიძლებოდა საჭმელი კუჭიდან ნაწლავში უკვე გადასულიყო და ისედაც გაეყოლებინა. ექიმი არ ვარ და არც უნდა ვიცოდე ასეთი დეტალები. ისე შეიყვანეს ბავშვი, არც გადაუღეს, რომ გაეგოთ, რა მდგომარეობა იყო. ნარკოზი გაუკეთეს, დააწვინეს, ცოტა ხნის შემდეგ მეუბნებიან, ყველაფერი ნორმალურად არის, ხურდა უკვე კუჭში გადავიდაო. სინამდვილეში, ეს იყო მთავარი მაქინაცია, რომ 210 ლარი გადამეხადა! როგორ შეიძლება, მარტო იმიტომ, რომ ფული გააკეთო, მშიერ-მწყურვალი ბავშვი 8 საათამდე ასე ამყოფო?! გული მისდიოდა, ასე დავდიოდით ჰოლში ამდენი ხნის მანძილზე, არავის უკითხავს, როგორ ვიყავით. საბოლოოდ, იმაში გამოგვართვეს ფული, რომ ბავშვმა ის 20-თეთრიანი სახლში გამოაყოლა. „მედინასთან“ დაკავშირებით მხოლოდ უკმაყოფილო პაციენტების შესახებ მესმის. როცა ეს მდგომარეობა გაიგეს, ჩემი ახლობლების 90% მეუბნებოდა, მანდ რამ წაგაყვანინა ბავშვიო?! სასაკლაოდ აქვთ გამოცხადებული ეს საავადმყოფო და წესით, ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს, რატომ არის ამდენი უკმაყოფილო პაციენტი?! დღეს არავის აინტერესებს მოსახლეობის მდგომარეობა, თვალწინ გვყავს ექიმი ნონა ნაკაშიძე, რომელმაც ნახევარი ქალაქი მოწამლა, ბავშვები ჭკუიდან შეშალა, ერთი და იგივე პრეპარატს უნიშნავს და პასუხისმგებელი არავინაა. ეს ქალბატონი „მედინაში“ არ მუშაობს, მაგრამ, ზოგადად, რა ხდება ამ კუთხით, ამ მაგალითზეც ცხადია!

 

მაყვალა კვირიკაძე _ აჭარის მკვიდრი:

_ ჩემი მეუღლე საერთოდ ჩაფიძის კლინიკაში მკურნალობდა და 18 დეკემბერს ცუდად რომ გახდა, გვინდოდა, ისევ იქ მოხვედრილიყო, მაგრამ სასწრაფომ პირდაპირ „მედინაში“ წაგვიყვანა. პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა, მისაღებშიც არ ვიყავით მისულები, რომ გვითხრეს, არ გვაქვსო. ინსულტი ჰქონდა, ხომ შეიძლებოდა, მისაღებში აღმოეჩინათ პირველადი დახმარება და შემდეგ გამოეძახათ რეანომობილი?! შემდეგ რეფერალურ საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ, ამის მერე ერთი თვე კიდევ იცოცხლა. ძალიან დიდი შენიშნვა მაქვს პაციენტისა და ექიმის დამოკიდებულებას შორის. „მედინას“ რომ ხელოვნური აპარატი არ გააჩნია, ხომ უნდა იყოს ინფორმირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება?! თუ ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ გააჩნიათ, რატომ აქვთ ლიცენზია?! აქაც ხომ არის ფუნქციები განსაზღვრული?! პაციენტს ბათუმიდან ხელვაჩაურში რომ გადაიყვან, როგორი საცობებია, რამხელა დრო დაიკარგა და ინსულტით დაავადებული ადამიანებისთვის სიცოცხლისთვის რამდენად სასარგებლო წუთებია?! მე რომ ეს დამემართა, მთიდან ჩამოსული კაცი როგორ გაიკვლევს გზას და იმას რა პასუხს გასცემენ? ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯანდაცვის მინისტრს, მედიკოსებსაც, მაგრამ როცა ობიექტის ხელმძღვანელი ხარ, ყველა თანამშრომელს უნდა მიაქციო ყურადღება, როგორ ეპყრობიან პაციენტებს! ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, 22 წლის გოგონა არ მიიღეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, რა გახდა ერთი ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასავლეთ საქართველოში?!

ქრონიკა+“ კომენტარისთვის რეგულირების სააგენტოს საზოგადოებასათან ურთიერთობის სამმართველოს დაუკავშირდა:

_ რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, მივიღეთ მოსამართლის ბრძანება, შპს ,,მედინაში“ პაციენტ მერი ბიბილეიშვილის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შესახებ. სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ამ დღეებში დაიწყება ადგილზე საკითხის შესწავლა. შესაძლოა, საჭირო გახდეს ექიმი-სპეციალისტების, დარგობრივი ასოციაციების ჩართვა სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზიისთვის. თუ

გამოიკვეთა გარკვეული ტიპის დარღვევები, პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისმება ექიმის, ან ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

 

„ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას „მედინას“ დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ, არ უპასუხა.

 

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი