გელა ხვედელიძის საქმის ანატომია

xzaaaaa

2014 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე გვამცნო, რომ მისი პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე, თანამდებობიდან გადაყენებული და დაკავებულია. მანვე ოფიციალურ განცხადებაში გვითხრა, რომ გელა ხვედელიძემ დანაშაული აღიარა.

პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამ დღეს დაიწყო, ორი წლის თავზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის თანამდებობიდან ჩამოშორებით გაგრძელდა და ბოლოს პრემიერ-მინისტრის გადადგომით დასრულდა.

სამი წლის განმავლობაში იყო ბევრი ჭორი და მართალი, ინტრიგა, შერიგება და დაშლა. 2016 წლის 11 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ფირების გამოჩენამ გელა ხვედელიძის საქმე კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური. საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებებში ხელისუფლებაზე ხშირად სწორედ გელა ხვედელიძის გვარი ისმოდა. მანამ, სანამ გელა ხვედელიძე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხებდეს, კიდევ ერთხელ საჭიროდ მიგვაჩნია, „ქრონიკა+“-ის მკითხველს გელა ხვედელიძის საქმის ანატომია შევახსენოთ:

პირველი სასამართლოს სხდომაზე, რომელსაც პირადად ვესწრებოდი, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მოსამართლის კითხვაზე, _ აღიარებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს? უპასუხა, რომ არ აღიარებს (ამ სხდომის აუდიოჩანაწერი უკვე გავასაჯაროვე). ხვედელიძის ამ განცხადების მერე ბრალდების მხარემ სხდომის სრულად დახურვის მოთხოვნით დააყენა შუამდგომლობა და სასამართლო ხვედელიძის ერთწლიანი პირობითი სასჯელით ისე დასრულდა, რომ პროცესზე არც გიორგი ფარესიშვილი მოუწვევია ვინმეს და არც საქმის ერთადერთი ცრუმოწმე, ირაკლი გელიტაშვილი.

„ქრონიკა+“-მა გელა ხვედელიძის საქმის ერთადერთი მოწმის, ირაკლი გელიტაშვილის ჩვენება მოიპოვა. რა წერია ი. გელიტაშვილის ჩვენებაში?

(სტილი დაცულია)

„მე სრულყოფილად ვფლობ კომპიუტერული ტექნოლოგიების სერვისის გამოყენებას, შემიძლია საიტების შექმნა, საიტის შესაქმნელად საჭიროა, რომ თავდაპირველად შევიძინო დომეინი და ვებ სივრცე, რაც ჯდება დაახლოებით 30 ლარი, რის შემდეგაც დომეინის, ანუ სახელის გამოყენების საფუძველზე ხდება საიტის სახელის შერჩევა. ამის შემდეგ ხდება ვებსაიტზე ძრავის დაყენება და საბოლოოდ სრულყოფა. მე ასევე კომპეტენტური ვარ შევქმნა ანონიმური საიტი.

დაახლოებით მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, მე ჩემს უბანში, დიდ დიღომში შემთხვევით შემხვდა მამაჩემის მეგობარი გელა ხვედელიძე. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს პიროვნება მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, ჩვენ მოვიკითხეთ ერთმანეთი და მან მკითხა, თუ რას ვსაქმიანობდი. მე მას ვუთხარი, რომ ვიყავი კომპიუტერული სფეროს სპეციალისტი. აღნიშნულზე მან მკითხა, შემეძლო თუ არა შემექმნა ანონიმური საიტი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ინფორმაციის ატვირთვა, რაზეც მე მას ვუთხარი, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა. ეს რომ შეიტყო გელა ხვედელიძემ, მთხოვა რომ მისთვის შემექმნა ანონიმური საიტი, რაზეც მე დავეთანხმე და ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით ერთ თვეში, რადგან საიტის შესაქმნელად მჭირდებოდა ეს დრო, ამის შემდეგ მე დავიწყე მომზადება საიტის შესაქმნელად, კერძოდ, შევიძინე ჩინური წარმოების მობილური ტელეფონის აპარატი და სატელეფონო ნომერი 599 910957 პირადობის მოწმობის გარეშე. ასევე ჩემ მიერ ნაპოვნი ვინმე ამერ ხატოიანის პირადობის მოწმობით, მის სახელზე გავხსენი დომეინი emoney.ge -ზე ანგარიში დომეინის შესაქმნელად, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის 29 აპრილს, საღამოს საათებში ქ. თბილისში დიღმის მასივის მეხუთე კვარტალი 1ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქის სიახლოვეს, კედელზე დამაგრებული სწრაფი გადახდის აპარატით მოვახდინე ამერ ხატოიანის სახელზე გახსნილი emoney.ge -ზე შესვლა და რეგისტრაცია. ამის შემდეგ ჩემი კუთვნილი პერსონალური კომპიუტერით სახლში დავიწყე საიტის აწყობა. ეს პერსონალური კომპიუტერი ამჟამად ინახება ჩემთან სახლში. როდესაც აღნიშნული დავამთავრე, ჩემს ხელთ აღმოჩნდა დომეინის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც მე არ მახსოვს, რადგან პროგრამამ ავტომატურად მიანიჭა, რაც ამოვიწერე ფურცელზე, ამის შემდეგ ისევ იმ ადგილას შევხვდი გელა ხვედელიძეს და ვუთხარი, რომ საიტი მზად იყო. საიტის სახელწოდება იყო www.kvercxebi.com და მასვე გადავეცი დომეინის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ამოვიწერე ფურცელზე. გელამ მომიხადა მადლობა, დამაბარა მოკითხვა ოჯახთან და გამოხატა დადებითი განწყობა ჩემი პროფესიონალიზმის მიმართ.

კითხვაზე გიპასუხებთ: საიტზე www.kvercxebi.com  თავისუფლადაა შესაძლებელი ვიდეორგოლების ატვირთვა. პირადად მე არაფერი ამიტვირთია ამ საიტზე და არც გელა ხვედელიძეს არ უთხოვია, რამე ამეტვირთა მასზე. საიტის გამოყენების ინსტრუქცია კი არის ძალზე მარტივი და რაიმე ინსტრუქტაჟს არ საჭიროებს.

კითხვაზე გიპასუხებთ: აღნიშნულის შესახებ ვიცოდით მხოლოდ მე და გელა ხვედელიძემ. მე იმიტომ არ გავუმხილე ამის შესახებ ჩემს ახლობლებს, რომ გელამ ვინაიდან ითხოვა ანონიმური საიტის შექმნა, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი.

კითხვაზე გიპასუხებთ: გელა ხვედელიძეს ჩემთვის არ უთქვამს იმის შესახებ, თუ რატომ დამამზადებინა ეს საიტი და არც მე დავინტერესებულვარ აღნიშნულით.

კითხვაზე გიპასუხებთ: საიტის შექმნისათვის საჭირო ხარჯები მე გელა ხვედელიძისგან არ მომითხოვია, მისი მცირე ღირებულებისა და ჩვენი ოჯახური ურთიერთობების გათვალისწინებით.

კითხვაზე გიპასუხებთ: ამერ ხატოიანის პირადობის მოწმობა მე აღარ მაქვს და აღნიშნული როცა გამოვიყენე, გადავაგდე.

კითხვაზე გიპასუხებთ: ჩემთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საიტზე www.kvercxebi.com აიტვირთა ინტიმური შინაარსის ვიდეორგოლი, რაც თუ ვინ ატვირთა, ჩემთვის უცნობია.

ი. გელიტაშვილი.

დავკითხე _ გენერალური ინსპექციის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძებელი დ.ამირხანაშვილი“.

 

ის, რომ ირაკლი გელიტაშვილი გენერალური ინსპექციის ცრუმოწმეა, აღნიშნული ჩვენება თვალნათლივ მოწმობს.

გამოძიებას მისთვის არ დაუსვამს ელემენტარული კითხვა: თუ მან არ იცოდა, რა მიზნებისთვის სჭირდებოდა გელა ხვედელიძეს ანონიმური საიტი, რატომ არ დაამზადა იგი საკუთარი პირადობის მოწმობის გამოყენებით?

სად და რა ვითარებაში იპოვა ამერ ხატოიანის პირადობის მოწმობა, ან რატომ გადააგდო იგი საიტის აწყობის შემდეგ? როგორ უკავშირდებოდა იგი გელა ხვედელიძეს და ვის ეკუთვნოდა იდეა, ანონიმური საიტისათვის ეწოდებინათ www.kvercxebi.com ? იყო თუ არა ეს წინასწარგანზრახული  კვალი იმდენად, რამდენადაც იმხანად თამაზაშვილის დავალებით გელა ხვედელიძეს სწორედ ე. წ. კვერცხების ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებდნენ?

და მთავარი კითხვა: ირაკლი გელიტაშვილმა, მისივე ჩვენების მიხედვით, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული _ გაურკვეველ ვითარებში ნაპოვნი პირადობის მოწმობის შესახებ არ განუცხადა სამართალდამცველ ორგანოებს. მეტიც, სხვისი პირადობის მოწმობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და გადააგდო. რატომ არ არის დასჯილი თუნდაც ამ ეპიზოდის გამო ირაკლი გელიტაშვილი?

აღნიშნული ჩვენების გაცნობის შემდეგ

„ქრონიკა+“ დიდ დიღომში ირაკლი გელიტაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა. დედამისმა ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყო მისი გარდაცვლილი მეუღლისა და გელა ხვედელიძის ნაცნობობაც კი, ისევე როგორც ვერც დიდ დიღომში, ვერც კასპის რაიონში ვერ ვიპოვეთ ირაკლი გელიტაშვილის მამის ვერც ერთი ნაცნობი, რომელიც გელა ხვედელიძის ამ ოჯახთან არათუ მეგობრობას, არამედ ნაცნობობას დაადასტურებდა. ი.გელიტაშვილის ჩვენება ერთადერთი `მტკიცებულება” იყო, რომლის საფუძველზეც გელა ხვედელიძე 2013 წლის 14 მაისს დააკავეს, 23 მაისს ცრუმოწმე ი.გელიტაშვილი რეგისტრტირდება როგორც ინდ.მეწარმე და ბანკში ანგარიშს ხსნის, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცრუჩვენების სანაცვლოდ, სწორედ ამ ანგარიშზე ჩაერიცხა ი.გელიტაშვილს შესაბამისი გასამრჯელო.

ცხადი იყო, რომ შს გენერალური ინსპექცია, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი და თამაზ თამაზაშვილის დისშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობდა, სწორედ საქმის შეკერვით იყო დაკავებული და არა საქმის გამოძიებით. მათი ამოცანა მარტივი იყო _ თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ შს მინისტრის გავლენიანი მოადგილე და სრული კონტროლი მიეღოთ ამ უწყებაზე.

ჯანყარაშვილის უწყებას არც უცდია, საქმე მტკიცებულებებით გაემაგრებინა. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობისთვის ემზადებოდა, მისი ცოლის ნათესავები კი _ გავლენების გაფართოებისთვის.

ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმეში დევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მთავარი ექსპერტის, აკაკი ჭითავას დასკვნა.

დასკვნაში წერია:

1. სისხლის სამართლის #007030513004 საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი. გელიტაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ სისტემურ ბლოკში არსებულ მყარ დისკზე www.kvercxebi.com ვებგვერდის შესაქმნელად საჭირო ფაილები არ მოიძებნა;

2. გამოკვლევაზე წარმოდგენილი ი. გელიტაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის კეისში არსებული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მეშვეობით ვებგვერდზე www.kvercxebi.com ვიდოერგოლის ატვირთვის კვალი არ მოიპოვება;

3. გამოკვლევაზე წარმოდგენილი გ. ხვედელიძის სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული კომპიუტერის სისტემურ ბლოკში არსებულ მყარ დისკზე ვებგვერდზე www.kvercxebi.com  შესვლის კვალი და გამოძიებისათვის საინტერესო ვიდეორგოლი არ მოიპოვება;

4. გამოკვლევაზე წარმოდგენილი ი. გელიტაშვილის ბინის ჩხრეკისას და გ. ხვედელიძის სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებულ სისტემურ ბლოკებში არსებულ მყარ დისკზე აღდგენილ ინფორმაციაში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიპოვება.

ექსპერტის დასკვნიდან გამომდინარე, ი. გელიტაშვილის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ საიტის აწყობა საკუთარ სახლში, პერსონალურ კომპიუტერზე დაიწყო და დაასრულა, სინამდვილეს არ შეეფერება.

და რაც მთავარია, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში არც უცდიათ, პასუხი გაეცათ მთავარ კითხვაზე: ვინ და საიდან ატვირთა ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი?

„ქრონიკა+“-მა ორი წლის წინათ საქართველოს მთავარ პროკურატურას აუდიოჩანაწერები გადასცა, სადაც ლევან ჩიტაძის ოფისის თანამშრომლები ადასტურებდნენ, რომ გ. ფარესიშვილის პირადი ფირი მათი ოფისიდან აიტვირთა. ოფისის ლობისტად გოგა ხაინდრავა, ხოლო დამფინანსებლად თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი დასახელდნენ. მოგვიანებით, „ქრონიკა+“-მა ისიც გაარკვია, რომ ლევან ჩიტაძის არასამთავრობო ორგანიზაციას ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თხოვნით „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი, გელა ბარკალაიაც აფინანსებდა. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ლევან ჩიტაძე საჯარო აქტივობებს საერთოდ ჩამოაშორეს, ოფისი დახურეს და ჩიტაძე ე. წ. კახელების კლანისთვის სანდრო პირის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დაცვის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას კომიტეტში შეაფარეს. მოგივიანებით, ზვიად ჯანყარაშვილი, „ქრონიკა+“-თან პერიოდული შერიგების მცდელობის დროს, მითვლიდა ხოლმე, რომ გელა ხვედელიძის საქმეში ის დამნაშავე სულაც არ არის, ხვედელიძე პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით დააკავეს.

დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ბიძინა ივანიშვილი ხვედელიძის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში და სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში პირადად ჩართული, მოისურვებს თუ არა ის ოდესმე ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ტესტი ძალიან მარტივია: დღეს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობაზე აღარ არის, ხვედელიძის საქმის ხელახლა გამოძიებას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს ნება, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოხატოს.

 

                                                                                            ელისო კილაძე