ასე დაიწყო პოლიტპორნოგრაფია საქართველოში…

wsss

2013 წლის მაისში, საქართველოს ისტორიაში პირველად, კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები პუბლიკის წინაშე გამომზეურდა. იქამდე უცნობი აქტივისტის _ გიორგი ფარესიშვილის ექსკლუზიურად პირადი საზოგადოებამ ინტერნეტის საშუალებით იხილა, რასაც ტრადიციებისადმი პატივისცემით სახელგანთქმულ ქვეყანაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. სამი წლის წინათ გამოქვეყნებულ ფარულ კადრებზე, მორიგ ჯერზე, მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ანონიმმა შანტაჟისტებმა ამ საგაზაფხულოდ მსგავსი ტიპის ჩანაწერებით ამჯერად პოლიტიკოსების დისკრედიტაცია დაიწყეს და მორალური ლუსტრაციით ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ.

შესაბამისად, ჩემი, როგორც მედიის წარმომადგენლის მიზანია, ერთად გავაანალიზოთ ეს პრეცედენტი, _ კიდევ ერთხელ ერთად შევეცადოთ გავარკვიოთ, ვინ, რა მიზნით და რა ფორმით ჩაერთო ფარულად მოპოვებული კადრების ტირაჟირებაში? ვინ ატვირთა ვიდეომასალა? ვინ იყვნენ თანამონაწილეები? რა ურთიერთობები აკავშირებდათ ერთმანეთთან იმ პირებს, რომლებიც გიორგი ფარესიშვილის ირგვლივ ტრიალებდნენ?

დასაწყისშივე აუცილებელი განმარტება: ბიოგრაფიული ფაქტებით გაჯერებულ ამ საავტორო სტატიაში არ ვაპირებ არც პროკურორისა და არც მოსამართლის მანტიის მოსხმას, ვინაიდან თემა ერთობ დელიკატურია და ამ ამბავთან კავშირში მყოფ რეალურ პერსონაჟებთან ნაცნობ-მეგობრობა მაკავშირებდა და მაკავშირებს, შევეცდები, მაქსიმალური სიზუსტით მოგითხროთ ყველაფერ იმაზე, რისი მომსწრეც თავად გახლდით.

გიორგი ფარესიშვილი, დაახლოებით, ექვსი-შვიდი წლის წინათ გავიცანი. იგი თავიდან ლადო სადღობელაშვილის გვერდით მოძრაობდა, შემდგომ მას პერიოდულად გადაცემები მიჰყავდა მედია-კავშირ „ობიექტივში“. ამ მედიასაშუალების ფორმატი ითვალისწინებდა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის წამყვანის რანგში ეთერი დაეთმოთ, თუმცა მისი ავტორობით მომზადებული ბლოგების, ინტერვიუებისა, თუ სიუჟეტების შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი. შესაბამისად, შემდგომი თხრობისას მთავარ გმირს ჟურნალისტად არ მოვიხსენიებ. გარკვეული დროის შემდეგ აქტივისტ ფარესიშვილს სადღობელაშვილთან კონფლიქტი მოუვიდა და საერთოდ ჩამოსცილდა საპროტესტო ტალღებს. ჩვენი გზები მაშინ არ გადაკვეთილა.

2010 წლისთვის ლევან ჩიტაძეს უკვე ჰქონდა დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „არა“ (ახალგაზრდა რეფორმატორთა ალიანსი) და სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას დიდი ენთუზიაზმით შევუერთდი. ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურად ვმონაწილეობდით უფლებადამცველ ღონისძიებებსა თუ სემინარებში ჩვენს პოზიციებს მთელ რიგ საკითხებზე ვაფიქსირებდით, რის გამოც მაშინ მედიაში მყოფი ალექსანდრე ელისაშვილმა, ტელეკომპანია „კავკასიაზე“ ახალგაზრდულ-პოლიტიკურ თამაშებში მიგვიწვია. პოლიტიკურ რინგამდე რამდენიმე დღით ადრე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა _ მოძრაობა ერთ-ერთმა წევრმა დატოვა, რის გამოც გუნდში დანაკლისი გვქონდა, ოთხი წევრით კი მარათონში ვერ წარვდგებოდით. ლევან ჩიტაძემ მთხოვა, _ იქნებ, როგორმე ერთი აქტივისტი მეპოვნა _ ისეთი, რომელიც ჩვენი სახელით გამოსვლაზე უარს არ იტყოდა და ისეთი, რომელსაც ხელისუფლებასთან ბრძოლის გამოცდილება ექნებოდა. უცებ ვინც გამახსენდა, ფარესიშვილი იყო. მისი ნომერი საერთო მეგობრების საშუალებით მოვიძიე და იმავე ღამით დავურეკე. მან მითხრა, რომ ორგანიზაციის აქტივობებს თვალს ადევნებდა და „პოლიტიკურ თამაშებში“ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას. მეორე დღეს ფარესიშვილი ჩიტაძეს გავაცანი და გაცნობისთანავე კარსმომდგარი ეთერისთვის მზადება დავიწყეთ. 2011 წლის გაზაფხულიდან შემოგვიერთდა იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფი შოთა აფხაიძის ძმა _ გიორგი აფხაიძე. ფარესიშვილის მსგავსად ისიც მე დავაკავშირე „არას“ ლიდერს. მაშინ სააკაშვილის წინააღმდეგ საჯაროდ პროტესტს ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ ბედავდა, შესაბამისად, რესურსების არმქონე ორგანიზაციას, რომელიც ეკა ბესელიას ოფისს იყო შეკედლებული, დასაკარგი წევრები არ ჰყავდა, კონკრეტული ადამიანების ბიოგრაფიების მიკროსკოპით შესწავლისა და პოლიტიკური კასტინგების დრო არავის გვქონდა. ცოტა ხნის შემდეგ აფხაიძეს და ფარესიშვილს ამბიციებმა სძლიეს და ჩიტაძეს ორგანიზაციის შიგნით ბლოკი შეუკრეს. მე ამ პროცესებზე არანაირი გავლენა არ მომიხდენია და ნელ-ნელა გუნდის დატოვებაზე ფიქრი დავიწყე, რადგანაც სამივე მხარე ინდივიდუალურ, პრივატულ თამაშებს აწარმოებდა. სიტუაციის მოკლე ანალიზი ცხადყოფდა: ორგანიზაციის პირველ პირს არც ერთი ჩვენგანის დაკარგვა არ უნდოდა, თუმცა ვინაიდან ჩიტაძეს ღია ტექსტებით საუბარი არ უყვარდა და საერთოდაც კონსპიროლოგიური ქცევები ჰქონდა, გადავწყვიტე, ბურუსით მოცულ ინტრიგებს გავცლოდი და ფარესიშვილი მას შევატოვე; ხოლო აფხაიძემ ჩემთან ერთად ყოფნა არჩია, მე ის გვერდზე დავიყენე, რასაც ჩემს დიდ შეცდომად მივიჩნევ, თუმცა პირად განცდებზე თხრობით აქ არ დაგღლით და მთავარი გმირების მეტად რთული ურთიერთობების აღწერაზე გადავალ. დუეტს გულწრფელ მეგობრებს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. ეს უფრო გარემოებიდან არსებული აუცილებლობა იყო. ფარესიშვილს დასაყრდენი არ ჰყავდა, ჩიტაძეს კი აქტივისტების დეფიციტი ჰქონდა. მე აფხაიძესთან ერთად განვაგრძე სვლა იქამდე, სანამ თავად აფხაიძე არ დაადგა ფარესიშვილის გზას. უფრო მართებულია ვთქვათ, რომ აფხაიძემ ფარესიშვილის შედეგები ამ მიმართულებით გააუმჯობესა და ოთხმაგ თამაშებში ჩაერთო. თამაშებში ჩართეს ჩემი მეგობრებიც: ჟურნალისტები თამარ ბოჭორიშვილი და მარიამ გულორდავა. იქამდე კი მნიშვნელოვანი ინფორმაციების მოპოვების, ან ორგანიზაციის წევრებზე ზეწოლის შემთხვევაში მათ ვეხმიანებოდით, ვინაიდან იმ პერიოდში სოცქსელებს საქართველოში მასობრივად არ მოიხმარდნენ, ჟურნალისტები ერთადერთ ხიდს წარმოადგენდნენ სამოქალაქო აქტივისტებსა და საზოგადოებას შორის.

 

***

გულორდავა და ბოჭორიშვილი ჩიტაძის ოფისს ჩემი წამოსვლის შემდეგაც სტუმრობდნენ. ამ თემას მოგვიანებით მივუბრუნდები, მანამდე კი ზოგად ვითარებას შეგახსენებთ: 2011 წლის შემოდგომიდან, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, პატარ-პატარა ორგანიზაციების ცალკე არსებობამ აზრი დაკარგა. სამოქალაქო აქტივისტების უმრავლესობამ კოალიციის ახალგაზრდულ გუნდს ინდივიდუალურად მიაშურა. მოძრაობა „არამ“ არსებობა შეწყვიტა. შეწყდა ჩიტაძისა და ფარესიშვილის მეგობრობაც. ჩემი ინფორმაციით, ეს უკანასკნელი თავად ლევანმა მოისროლა, ვინაიდან მას უკვე კოალიციაში მფარველი ჰყავდა ბესელიას სახით, ყოფილი თანაგუნდელი კი არსებულ პოლიტიკურ განლაგებაში მისთვის ზედმეტი ბარგი აღმოჩნდა. ახალი პატრონის ძიებით დაღლილი გაშმაგებული ეხეთქებოდა კედლებს. ის ალკოჰოლსაც მიეძალა და ათასნაირ ინტრიგაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთ ფაქტსაც გავიხსენებ, რომელიც ფარესიშვილის მეგობარ, ვინმე ზვიად ყუშიტაშვილს ეხებოდა. გიორგიმ დახმარება მთხოვა და ისტორია მიამბო კაცზე, რომელსაც, მისი მტკიცებით, კუდ-ის თანამშრომლები ემუქრებოდნენ. მე ამ ამბავს ძირამდე ჩავყევი და მივხვდი, რომ ყუშიტაშვილი ცრუობდა, ფარესიშვილი კი ხელს უწყობდა. ტყუილის მიზანი ზუსტად არ ვიცი, ვვარაუდობ, ეს მათ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღოთ და აქედან რეპრესირებულების სახელით გაქცეულიყვნენ. მე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალაგამოჩენილ ივანიშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე ყუშიტაშვილი არავის წამოეყვანა, მაგრამ ფარესიშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად ის სოლოლაკის რეზიდენციასთან ჩემ მისვლამდე დამხვდა. კართან მიახლოების შემდეგ ჩოჩქოლი შევნიშნე, ყუშიტაშვილს ცალი ფეხი მოშიშვლებული ჰქონდა, მისი ფეხსაცმელი კი ვიღაცას ეჭირა და ათვალიერებდნენ _ თუ სწორად მახსოვს, ფეხსაცმელს, რომელშიც ჩამწერი მოწყობილობა აღმოჩნდა, ფოტოებიც გადაუღეს. ეს კონკიას ქართულ-პოლიტიკური პაროდია დღემდე არ ამომდის მეხსიერებიდან. ფარესიშვილი კი მილიარდერთან შეხვედრაზე ამის შემდეგაც ჯიუტად ითხოვდა ყუშიტაშვილის შეყვანას, _ აიძულეს კაცი და აგერ კართან თავად აღიარა, რომ ჩამწერი ჰქონდაო. ალბათ, იმედოვნებდნენ, რომ ივანიშვილი მათ გმირებად შერაცხდა… ეს ამბავი პრესის წარმომადგენლებს უმალვე შევატყობინე, რის შემდეგაც ყუშიტაშვილი „ქართული ოცნების“ არეალიდან გაქრა, ფარესიშვილის ავტორიტეტს კი დიდი ზიანი მიადგა.

2012 წლის შემოდგომიდან გამარჯვებული კოალიციის რიგებში მისთვის არავის ეცალა. ის დროებით უკრაინაში გაემგზავრა, უკან დაბრუნებულთან კი არანაირი კონტაქტი არ მქონია. იგი უკვე ვიწრო წრეშიც აღარ ახსოვდათ. თუმცა, მოულოდნელად, 2013 წლის მაისში, ინტერნეტსივრცეში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოჩნდა. ეკრანებზე, გაზეთების ფურცლებზე, კომპიუტერის მონიტორებზე რაღაც ენით აღუწერელი ხდებოდა. სახელმწიფოს რეაქცია მომენტალური იყო, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. ერთი მხრივ, ხელისუფლებამ მარტივად დაიბანა ხელი ამ საქმიდან, გადააბრალა რა მთელი ეს პროცესი რეპუტაციაშელახულ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო, მეორე მხრივ, საჩვენებელი დაკავება მოაწყო, რითაც მთავარი მესიჯი გააჟღერა, _ ჩვენს ხელისუფლებაში დამნაშავეებს არ ვმფარველობთ, როგორ მაღალ პოსტზეც არ უნდა იყვნენ ისინიო. თითის გაშვერის, ინსინუაციებისა და პოლიტიკური ბრალდებების ფონზე ქართული საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს ეკრანებზე ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანები ცვლიდნენ. ადამიანები, რომელთა ურთიერთობებშიც მე გზაჯვარედინის ფუნქციას ვასრულებდი, ერთმანეთს საჯაროდ ლანძღავდნენ. ვინ არ ფიგურირებდა ამ საქმეში და ამ საქმესთან?! ზოგიც პირდაპირ, ზოგიც ირიბად, ზოგიერთს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვინ იყო გიორგი ფარესიშვილი და რატომ აკავშირებდნენ მათ სახელს ამ ადამიანთან. მთელი რიგი სახელმწიფო სტრუქტურები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექსპერტები, გავლენიანი ადამიანები ერთი კონკრეტული ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ამსახველი კადრების ირგვლივ ტრიალებდენ. ყველაზე მოულოდნელად კი, პირადად ჩემთვის, მაინც ლევან ჩიტაძისა და გიორგი მამაცაშვილის სახელები ამოტივტივდა. მამაცაშვილს ჯერ კიდევ იქიდან ვიცნობდი, როცა ის ჟურნალ „ახალგაზრდულს“ ხელმძღვანელობდა.

 

***

თემას მცირედით გადავუხვევ: პირველად ჟურნალ „ახალგაზრდულის“ არსებობა ჩემი მეგობრებისგან ერთ ხმაურიან შეხვედრაზე გავიგე. სანამ თავად ამბავს გავიხსენებ, გეტყვით, რომ ეს ისტორია, დაახლოებით, 11-12 წლის წინათ მოხდა, მაშინ ქართული პრესით სექსზე ღიად საუბარს თვით შოუბიზნესის ვარსკვლავებიც ერიდებოდნენ, თუმცა „ახალგაზრდულმა“ დროს გაუსწრო და თავისი გვერდები ერთობ პიკანტურ ისტორიებს დაუთმო. „პუბლიკაცია“, რომელიც ჩემი მეგობრების შფოთვის მიზეზი გახდა, ორალურ სექსს ეძღვნებოდა. თამამი ავტორი, მართალია, ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა, მაგრამ დეტალურად აღწერდა სცენას, რაც იდენტიფიკაციის საშუალებას აადვილებდა. ვნებიანი ანონიმი მოგვითხრობდა, თუ როგორ სძლიეს ვნებებმა და როგორ ეამბორა თავისი დაქალის ცნობილ საქმროს მისსავე ავტომობილში. „დაქალი“ მაშინ დამწყები ჟურნალისტი იყო. ჩემმა მეგობარმა, რომელიც გიორგი მამაცაშვილის წრეშიც ტრიალებდა, კონკურენტის გზიდან ჩამოცილება გადაწყვიტა. ანონიმი _ ვინმე ნინო, მარტივად ამოიცნეს, ამხილეს და სახლშიც მიუვარდნენ. სხვათა პირადი ცხოვრების, პიკანტური დეტალების ბეჭდური ვერსიით გადმოცემა „ახალგაზრდულისთვის“ ჩვეული პრაქტიკა იყო, თუმცა აღნიშნულ გამოცემას მისი რედაქტორისთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა _ იგი თავისი ჟურნალის სახელით გასართობ ღონისძიებებს აწყობდა სხვადასხვა ეგიდით _ ხან კლუბ „16 რაუნდში“, ხანაც სპორტის სასახლეში. შესაბამისად, მის გვერდზე არაერთი მომღერალი ტრიალებდა, მათ შორის, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც. შოუბიზნესში მოღვაწე მამაცაშვილს მათთან ბიზნესინტერესები აკავშირებდა. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა: არ მახსენდება ფაქტი, მისი მხრიდან რაიმე ტიპის ჰომოფობიური გამონათქვამისა. უკვე წლების შემდეგ, როდესაც მამაცაშვილის სახელი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ფარულად ჩაწერილ საუბრებში ამოტივტივდა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. აქ ჩემს გაკვირვებაზე და მამაცაშვილზე თხრობას დროებით შევწყვეტ და ლაშა ამირეჯიბის შესახებ მოგიყვებით.

ამირეჯიბი, მამაცაშვილისგან განსხვავებით, მოგვიანებით _ 2009 წელს გავიცანი, შოთა აფხაიძის მეშვეობით. აფხაიძეს რუსული ტელეკომპანიებისთვის დოკუმენტური ფილმების გადაღება სურდა, რისთვისაც რეჟისორად მე შემარჩია და საქმის გამოსვლის შემთხვევაში კარგ ანაზღაურებასაც დამპირდა. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ცნობილი ქართველი მწერლის შვილს ღამით ქუჩაში შევხვდით. დაპირების მიუხედავად, პროექტი არ შედგა, მაგრამ ამ პიროვნებას შემდეგაც ვეკვეთებოდი. ზოგჯერ თანამოაზრეების გარემოცვაში, ხანაც სხვადასხვა პარტიის ოფისებში. სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდების მთავარი უსტაბაში _ ამირეჯიბი, არაერთ აქტივისტთან მეგობრობდა.

შოთა აფხაიძის დაკავების შემდეგ ამირეჯიბთან მეგობრობა მისმა ძმამ _ გიორგი აფხაიძემ განაგრძო. გიორგი აფხაიძისა და ჩემი ურთიერთობის შესახებ, რომელსაც ამ გადმოსახედიდან გაუგებრობას დავარქმევდი, ზემოთაც მოგახსენეთ. ჰოდა, ერთხელაც, მან ამირეჯიბის საიდუმლო აპარატურის შესახებ მიამბო, რომლის საშუალებითაც, მისი მტკიცებით, ნებისმიერი ტიპის ფარული გადაღება იყო შესაძლებელი. „ყველანაირი აქვს: „პასტაში“ ჩამონტაჟებული, ღილზე მისაბნევი, ჭაღზე, ან შტეფსელზე მისამაგრებელი თუ საძინებლის გადაღება გინდა“, _ მითხრა შოთა აფხაიძის ძმამ.

აქვე განმარტებისთვის დავწერ: არასდროს 33 წლის ასაკში არ მიწარმოებია ფარული გადაღება, თუმცა პოლიტიკურად აქტიურმა რეჟისორმა, ამირეჯიბის ჩამწერი სტუდიის მიმართ, დიდი ინტერესი გამოვიჩინე და აფხაიძეს ვთხოვე, ეს ტექნიკა ენახვებინა, მაგრამ მალევე მასთან ურთიერთობა დამეძაბა, რის გამოც აღნიშნული თემით აღარ დავინტერესებულვარ, იქამდე სანამ ფარული კადრების სკანდალურ საქმესთან ამირეჯიბის სახელი არ ამოტივტივდებოდა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ კი ფარესიშვილი გელა ხვედელიძესთან ერთად ცნობილი ჟურნალისტების _ ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვდა. ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა ნუგზარ ფოფხაძის სახლში გამართული საუბრის სტენოგრამა. როგორც ცნობილია, აუდიოჩანაწერი ლაშა ამირეჯიბის მიერ ფარულად იყო მოპოვებული. მასპინძლისა და ინფორმაციის გამომტანი ვიზიტორის გარდა, რომელიც, სხვათა შორის, მისი სახელოვანი მამის მეგობარი იყო, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, ჯერ კიდევ, მინისტრის მოადგილის რანგში მყოფი ხვედელიძე და ფოფხაძის შვილობილი ჟურნალისტი მამაცაშვილი. როგორც გაირკვა, შეხვედრა ამირეჯიბის სურვილით გამართულა, რათა ხვედელიძესთან წარსულში არსებული კონფლიქტების შემდეგ მას შერიგებოდა, თუმცა დათბობა-შერიგების მიზნით გამართული ოჯახური შეხვედრის დეტალები საზოგადოების მონაპოვარი გახადა.

ფაქტებზე დაყრდნობით გავრცელებული მასალის მიხედვით მამაცაშვილის საუბრიდან გაირკვა, რომ ფარესიშვილის კადრები გაზეთ „ასავალ- დასავალის“ რედაქციაში წლების წინათ „შეუგდია“ მავანს. სხვა ბევრ საკითხთან ერთად დღემდე გამოცანად რჩება, რატომ ჩამოვარდა ერთი კონკრეტული ადამიანის სექსუალური მიდრეკილებების შესახებ საუბარი შს მინისტრის მოადგილისა და ცნობილი კლასიკოსის ვაჟის შესარიგებლად გამართულ შეხვედრაზე? რატომ გააკეთა გიორგი მამაცაშვილმა აქცენტი ერთი უცნობი და წარუმატებელი ადამიანის პირად ცხოვრებაზე? საერთოდაც, 2013 წლის 3-მა მაისმა ბევრი ადამიანის ავტორიტეტი შეარყია, მას შემდეგ ბევრი ადამიანის ბედი დაიდო სასწორზე. მამაცაშვილთან და ამირეჯიბთან ერთად გამონაკლისს არც ლევან ჩიტაძე წარმოადგენდა, მის თავზე არსებული კითხვის ნიშნები კი გაცილებით დიდი მოცულობისაა, ვიდრე ზემოთ ნახსენები პიროვნებების. ჩიტაძის პერსონა ამ ამბის სხვა ეპიზოდია, _ მისი მეშვეობით სკანდალში გაეხვნენ ნაკლებად ცნობილი ჟურნალისტები, ჩემი მეგობრები მარიამ გულორდავა და თამარ ბოჭორიშვილი, რომლებიც, როგორ ვთქვით, ჩიტაძესა და ფარესიშვილს, ჯერ კიდევ, მოძრაობა „არას“ პერიოდიდან გადაეკვეთნენ. ძაღლის თავის სამარხს ვერავინ აგნებდა.

ლევან ჩიტაძის გვარი აღნიშნულ საქმეში ჟურნალისტ მარიამ გულორდავას მისამართით არსებული კითხვების შემდეგ მალევე გაჟღერდა. როგორც თავად ფარესიშვილისგან შევიტყვეთ ჟურნალისტმა მას შეთავაზება გაუკეთა: გულორდავას პოტენციური რესპონდენტისთვის მასალები უნდა გადაეცა, მასალების მიხედვით კონკრეტული მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების კორუფციულ სქემები უნდა გაშიფრულიყო. შეთავაზებით, რომლის უკანაც გარკვეული ჯგუფები იდგნენ, ხელმოცარული ფარესიშვილი უმალ დაინტერესდა.

„ჟურნალისტი მარიამ გულორდავა საერთო ახლობლებისგან გავიცანი და მასთან რესპოდენტ-ჟურნალისტის ურთიერთობა არ მქონდა“, _ აღნიშნა ფარესიშვილმა ელისო კილაძესთან ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც „ქრონიკა+“-ის 2013 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნდა. მართალია, აღნიშნულ სტატიაში ნაცნობ-მეგობრების ვინაობა არ დაკონკრეტებულა, თუმცა დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ფარესიშვილსა და გულორდავას შორის კომუნიკაცია ჩემი მეშვეობით შედგა, ისევე როგორც გულორდავასა და ჩიტაძეს შორის, ჯერ კიდევ, მოძრაობა „არას“ არსებობის პერიოდში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოლეგიალობასა და მეგობრობაზე მაღლა მხოლოდ სიმართლეს დავაყენებ და მშრალ ფაქტებს მოგაწვდით. 2013 წლამდე მარიამ გულორდავას ბულვარულ პრესაში მოღვაწეობის გამოცდილება ჰქონდა და პოლიტიკურ ნიუანსებში გარკვეული არ ყოფილა, რამაც ის ადვილად წამოაგო პროვოკაციაზე. თუ მავანი მიკერძოებას დამაბრალებს და მკითხავს, რატომ არ საუბრობთ გულორდავას პროფესიულ შეცდომაზეო?! ვუპასუხებ: ვინაიდან მან „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში თავად ისაუბრა ამ ყველაფერზე, აღნიშნულ საკითხს ჩემეულ შეფასებებს აღარ გავუკეთებ. ერთ კითხვას კი აქვე დავსვამ, _ საიდან უნდა ჰქონოდა ყვითელ თემებზე მომუშავე ჟურნალისტს ნათია მოგელაძის, მისი მეუღლისა და სხვა პირების შესახებ არსებული კომპრომატები?

ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი მრჩევლის, ცნობილი ექსპერტის, გია ხუხაშვილის ვინაობაც. ასეთ ინტრიგებში გამოცდილი ადამიანი კი ნამდვილად არ დაასახელებდა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ადამიანთან, რომლის გაწირვასაც აპირებდა. როდესაც ჟურნალისტი მისთვის კარგად ნაცნობ აქტივისტს მავანთა მიერ შეგდებული მასალების გადასაცემად უნდა შეხვედროდა, დათქმულ დღეს (2013 წლის 3 მაისი), დათქმულ დრომდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე, ინტერნეტში ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები ატვირთეს. დედაქალაქის ცენტრში ფარესიშვილთან პირისპირ მდგარმა გულორდავამ მას ეს ამბავი აუწყა, რის შემდეგაც მის უწყინარ ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირად გვერდზე ჰქონდა გამოქვეყნებული, წამყვანი არხები 24-საათიან რეჟიმში ატრიალებდნენ. იმავე პერიოდში ახსენებდნენ თამარ ბოჭორიშვილსაც. თამარმა ჩრდილში დარჩენა შეძლო და ჩიტაძესთან დიპლომატიური ურთიერთობაც შეინარჩუნა. რეალურად, ლევანმა ორივე მათგანი, ლამის, ციხის კარამდე მიიყვანა, ორივე ჟურნალისტის კარიერა, ფაქტობრივად, სასწორზე დადო. გულორდავა თავიდან კამერებთან არ ჩნდებოდა, მაგრამ რეალური საფრთხის წინაშე მდგარმა ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობა დაასახელა.

მიმწოდებელი ლევან ჩიტაძე აღმოჩნდა. ის ბოჭორიშვილსა და გულორდავას თავის ოფისში იბარებდა. მე ამ შეხვედრებში არ ვმონაწილეობდი, თუმცა ასეთი ვიზიტების შესახებ, რომელიც ლევან ჩიტაძის ოფისში იმართებოდა, ინფორმაცია მქონდა. მოგვიანებით, სწორედაც რომ ამ ოფისის შიდა ინტრიგების შესახებ საუბრებმა, ისევ და ისევ, „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მოჰფინა ნათელი რეალურ სურათს. გულორდავაზე თავდასხმების შემდეგ, მას მერე, რაც ლევანმა თავი შორს დაიჭირა, _ აქაოდა, მე რა შუაში ვარო, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ოფისში განხეთქილებამ იფეთქა. „აჯანყებულები“ ჩიტაძის მეგობრები იყვნენ და აღსარებისთვის ჩვენს რედაქტორს მოადგნენ. ელისო კილაძის კაბინეტში წარმართული საუბრიდან გარკვევით ისმოდა კონკრეტული ბრალდებები. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრი, გოჩა ნაჭყებია, ორგანიზაციის სხვა წევრებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ გიორგი ფარესიშვილის სკანდალური ვიდეო „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ოფისიდან გავრცელდაო. სიტუაცია სხვა შესახვევში გაგრძელდა.

ჩახლართულ ისტორიებში და კონკრეტულ ადამიანთა ურთიერთობების რთულ ლაბირინთებში უხვად მოიძებნებიან ეპიზოდური პერსონაჟები. ერთ დროს ლაშა ამირეჯიბის მეგობარი გიორგი აფხაიძე ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან აძლევდა ადამიანებს რჩევებს, რომ ფარესიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოკადრები სოციალური ქსელებიდან წაეშალათ, ვინაიდან მალე მასზე სამარცხვინო კადრები გავრცელდებაო. ასეთ „რეკომენდაციებს“ მოისმენდით „ქართული ოცნების“ დერეფნებშიც. ჩემ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, კოალიციის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ყოფილი თანაგუნდელის პირად ცხოვრებაზე ღიად ქირქილებდნენ და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ კადრები კერძო კოლექციიდან მზის შუქს იხილავდა. ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება ის ფაქტი, თუ საიდან იცოდა სხვადასახვა პოლიტიკური ორიენტაციის ათობით ადამიანმა ასეთი კადრების არსებობა და რატომ აანონსებდნენ გარკვეულ წრეებში ამ ტიპის ვიდეოფირის გამოქვეყნებას?!

 

ეპილოგის მაგიერ

 

საქმე, რომელიც პრეცედენტად რჩება; საქმე, რომელსაც ათობით მოწმე ჰყავს; საქმე, რომლის მიმართაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, დღემდე თაროზეა შემოდებული. არ არიან დაკითხული რეალური მოწმეები თუ თანამონაწილეები; არ არიან დაკავებული რეალური დამნაშავეები და რა ხდება ამ დროს? მავანთა გაზრდილ პოლიტიკურ მადას, მავანთა ბინძურ თამაშის წესებს _ შემოთავაზებულს „მორალური ლუსტრაციის“ სახით, რომელსაც საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა „მორალური ტერორიც“ კი უწოდა, ეწირება კონკრეტულ ადამიანთა ბედი, ეწირება მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ეწირება ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი _ ახალგაზრდა ქართული მედოკრატია, ადამიანები იღუპებიან „კაგებეს“ მეთოდებით, იმ „კაგებეს“, რომლისთვისაც ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის ადამიანთა საძინებელში შეღწევაც პრობლემას არ წარმოადგენდა.

როგორია ხელისუფლების პასუხი? პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, „უკეთესზე უკეთესს“, მეოთხე წელს, მმართველი კოალიცია ბევრად წამგებიან პოზიციაშია. პათოსი, _ ამას ხომ ისინი აკეთებდნენ? _ მუდამ აღარ იმუშავებს. ამ შემთხვევაში არ არსებობს ახალი გელა ხვედელიძე. დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთა შესახებაც არათუ მოსახლეობის დიდ ნაწილს, არამედ მედიის წარმომადგენლებსაც მწირი ინფორმაცია გვაქვს. არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ბრალდებებით, თუმცა ხელისუფლების ნაწილი მედიის წარმომადგენლებს იმის გამო საყვედურობს, რომ XXI საუკუნეში ღიად, ტელემაყურებლების წინაშე, სექსზე საუბრობთო, შანტაჟზე კი არა, იმაზე კი არა, რომ ქვეყანაში ადამიანებს დაუცველობის განცდა გვაქვს! არა _ თურმე, სექსზე საუბარი ყოფილა. ანონიმი შანტაჟისტების მიერ დაანონსებულ 31 მარტამდე რამდენიმე დღე დარჩა _ ეს კინო ნანახი გვაქვს? დიახ, ნანახი გვაქვს ფარესას მონაწილეობით. სწორედ ასე მიმართავდნენ ამ აქტივისტს პირად საუბრებში ის ადამიანები, რომლებმაც შემდგომ იგი ულმობლად გაწირეს. ფარესა და სხვები…

 

                                                                                                               ზაზა სვანაძე