დაიბრუნებს თუ არა სახელმწიფო ,,მაუდს“?

fc

სააქციო საზოგადოება „მაუდი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ერთ-ერთი საკუთრებაა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან გარიგების შემადგენელი კომპონენტი იყო ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინათ დაიწყო, როცა აღნიშნული ქონება ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება გახდა და ამ გადაცემას გარკვეული ვალდებულებებიც თან ახლდა. როგორ დაისაკუთრა სს „მაუდი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს დღეს ამ ქონების დაბრუნება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო?

„ქრონიკა+“-მა სასამართლოს ორი გადაწყვეტილება და ლონდონის სასამართლოში პატარკაციშვილების ოჯახის ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველის, ირაკლი რუხაძის ჩვენება მოიპოვა.

სახელმწიფომ, ჯერ კიდევ, 2006 წელს დაიწყო „მაუდის“ დაბრუნების პროცესი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ  სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ სს „ლოგოვაზისა“ და სს „ Laner Holding Limited “-ის მიმართ და სამინისტროსა და სს „ლოგოვაზს“ შორის დადებული სს „მაუდის“ აქციათა პაკეტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს #1-3/129 ბრძანებით გამოცხადდა სს „მაუდის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის (94,98% 2 232 335 აქცია) სიმბოლური საწყისი ფასით კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზაცია.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ზემოხსენებულ კომერციულ კონკურსზე განცხადება 1998 წლის 27 თებერვალს გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო პირობად დაფიქსირდა 1998-2002 წლებში საწარმოს ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და საბრუნავი საშუალებების შესავსებად არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტირება, ყოველწლიურად თანაბარი პროპორციით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე #1/3865) და იმავე სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე #1/3818-06) დადასტურდა ის ფაქტი, რომ ნიადაგი მზადდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის, დ. გელაშვილისა და სხვა პირების ხელშეწყობით სს „მაუდის“ ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სს „მაუდის“ გენერალურ დირექტორად იმ პერიოდში, 1998 წელს, მუშაობდა ომარ თეთრიშვილი, რომელმაც დ. გელაშვილისა და გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელი პირების ხელშეწყობით მოახერხა, ხსენებულ ფიქტიურ კონკურსში გამარჯვებულად გამოეცხადებინა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ლოგოვაზი“, რომლის ინტერესებსაც თვითონ წარმოადგენდა. 1998 წელს სს „ლოგოვაზის“ წარმომადგენელთან, ო. თეთრაშვილთან, რომელიც სს „მაუდის“ გენერალური დირექტორიც იყო, აქციათა პაკეტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. გაყალბდა მონაცემებიც იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა, მათ შორის, 7 595 447 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 7,6 მილიონი ლარიდან 4.6 მილიონი ლარი ჩათვლილია ყალბად, შესაბამისად, მაუდის აქციათა პაკეტის პრივატიზება და უძრავ-მოძრავი ქონების ხელში ჩაგდება პირთა ჯგუფმა თაღლითური გზით განახორციელა.

2006 წლის 26 მარტს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემული ქონების მართვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დ. გელაშვილი, სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის ყოფილი უფროსი თ. გოდერძიშვილი, აუდიტი მ. ყარსიმაშვილი და რუსეთის ფედერაციაში   რეგისტრირებული სს „ლოგოვაზის“ წარმომადგენელი ო. თეთრაშვილი.

2006 წლის მდგომარეობით სს „მაუდისა“ და შპს „კაპიტალ რეგისტრიდან“ მიღებული ოფიციალური ინფორმაციით დადგინდა, რომ სს „მაუდის“ აქციათა პაკეტის 95% 2006 წლის 23 თებერვლიდან ეკუთვნის ოფშორულ ზონაში განთავსებულ „ Lanner hikding limited suites 7 & 8b town range gibraltar-ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რევაზ თოფჩიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სს „ლოგოვაზს“ შორის 1998 წლის 10 ივნისს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

2007 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი სულაკაძემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის, თეა გვარამიას, მოპასუხის „ლანნერ ჰოლდინგს ლომითედის“ (LANNER  HOLDING  LIMITED) წარმომადგენლის, გოჩა სვანიძის მონაწილეობით, ერთპიროვნულად განიხილა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი სს „მაუდში“ „ლანნერ ჰოლდინგს ლიმითედის“ საკუთრებაში არსებული აქციების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თაობაზე.

2007 წლის 30 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებს შორის შედგა მორიგება, რომლის თანახმად, სს „მაუდის“ აქციათა პაკეტის მაშინდელ მფლობელს სამი წლის განმავლობაში, მინიმუმ, 30 მილონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა სს „მაუდის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, „რაც საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვნად და სრულყოფილად დაეხმარება აქციათა პრივატიზებისას მიღებული ზიანის აღმოფხვრაში (პუნქტი ა) “;

ბ) ამ შეთანხმებით, განსაზღვრული ვალდებულებების სამწლიანი ვადის განმავლობაში ჯამურად, ან მისი დასრულების მომენტისათვის, ტერიტორიაზე არანაკლებ ხუთასი პირის დასაქმებას (ამასთან, მოპასუხე, ანუ სახელმწიფო, გონივრულ ზომებს მიმართავს, რათა აღნიშნული ხუთასი პირის დაკომპლექტებისას, შეძლებისდაგვარად, მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, დაიქირავონ სს „მაუდის“ ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დაქირავებული იქნებიან ტერიტორიის ნებისმიერი მესაკუთრის,  ტერიტორიაზე მოქმედი (მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული და სხვა) ნებისმიერი პირის მიერ, რაც საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვნად და სრულფასოვნად დაეხმარება აქციათა პრივატიზაციისას მიღებული ზიანის აღმოფხვრაში).

სამი წლის განმავლობაში 30 მილიონი დოლარი და სს „მაუდის“ 500 დასაქმებული თანამშრომელი, _ ასეთია მორიგების ფასი და თუ დღეის მდგომარეობით ეს პირობა შესრულებული არ არის, სახელმწიფოს, ანუ ეკონომიკის სამინისტროს, მარტივად შეუძლია მორიგების აქტი, რომელიც სს „მაუდის“ აქციათა საკუთრებაზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის უფლებას აღიარებს, ბათილად გამოაცხადოს.

ქართული სასამართლოს ორი გადაწყვეტილება ერთადერთი დოკუმენტი არ არის, რომელიც „ქრონიკა+“-მა ამ თემაზე მუშაობის პერიოდში მოიპოვა.

„ჩვენ ხელთ გვაქვს გიბრალტარის უზანაეს სასამართლოში 2009 წლის 11 ივნისს ირაკლი რუხაძის დაკითხვისა და მის მიერ მიცემული ჩვენების ზუსტი თარგმანი, რომლის ნამდვილობაც ნოტარიულადაა დადასტურებული.

 

ბ-ნი ირაკლი რუხაძე (ნაფიცი).

მოწმედ დაკითხვა ლორდ გოლდსმითის მიერ

ლორდი გოლდსმითი: პირველ ყოვლისა დაასახელეთ თქვენი ვინაობა

A. ირაკლი რუხაძე

Q. და მისამართი

A. ვცხოვრობ ლონდონში

ეს პირი იყო პროექტი. აი, როგორ მოხდა ეს:

Q. იგი მიიჩნეოდა ინვესტორად, განა ასე არ არის?

A. არ ვარ დარწმუნებული, რადგან ჩემთვის ეს ყველაფერი რაღაც უაზრო თამაშები იყო. ადამიანების იმად წარმოჩინება, რადაც ისინი არ გვევლინებოდნენ, განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო. ამიტომაც ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ დიახაც, ის იყო და მე შემიძლია მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც, ალბათ, ბ-ნო მოსამართლე, ვითარებას ნათელს მოჰფენს. ჩვენ ვფლობთ კომპანიას სახელწოდებით „მაუდი“, ბადრი ფლობდა მას, დააბანდა მასში ფული 1990-იანების ბოლოს, როდესაც ბადრი საქართველოში მეფე და ღმერთი იყო.

Q. ეს ქსოვილების მწარმოებელი კომპანია იყო?

A. ქსოვილების ფაბრიკა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „მაუდი“ პირველი სამიზნე გახდა, ვინაიდან, ჩემი აზრით, მისი პრივატიზაციისას მრავალი შეცდომა დაუშვეს. მთავრობა აწყობდა „მაუდის“ მუშათა საპროტესტო გამოსვლებს ბადრის სახლის წინ. ისინი ითხოვდნენ ხელფასის მომატებას და ა. შ. გარდა ამისა, მთავრობამ ფარული შეტევა დაიწყო „მაუდზე“ პრივატიზაციასთან დაკავშირებით. დააპატიმრეს მისი თავდაპირველი ბუღალტერი, რომელიც წინა მთავრობის დროს მუშაობდა და რომელმაც მოწმის სტატუსით ჩვენება მისცა, რომ თავდაპირველად პრივატიზაციისას ყველა საბუღალტრო და სხვა წინაპირობები დაცული იყო. იგი დააპატიმრეს და თავისუფლების სანაცვლოდ მან სხვა ჩვენება მისცა, რომ იგი თავდაპირველი ჩვენების მიცემისას მოქრთამეს, ანუ ექვსი თუ შვიდი წლით ადრე. ამრიგად, ჩვენზე იერიში ყველა მხრიდან მოიტანეს. იმ დროისთვის იმ აქტივს მართავდა „სელფორდი“, მე და ჩემი უძრავი ქონების კომპანია. ბადრისთან მივედი და ვუთხარი: „ეს თავიდან უნდა მოვიშოროთ, ვინაიდან სანამ აქტივის უკან დგახარ, ჩვენ ვერასოდეს დავაწყნარებთ მთავრობას, ან მუშებს. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენი ფული გვაქვს და რამდენჯერაც საპროტესტო აქცია გაიმართება, იმდენჯერ უნდა გადაუხადო 50 000 $. ეს ასეა და ამას ბოლო არ მოეღება“.

მაშინ მე ვთქვი, _ კარგი, თვალის ასახვევად მოვიყვან-მეთქი ვინმეს. და მართლაც ასე ვქენი, მოვიყვანე აშშ-დან ჩემი ძველი პარტნიორი ამერიკელი, რომელსაც არასოდეს ჰქონია საქმე აქ და ახლა იგი ფლობს „მაუდს“.

იგი დადის აშშ-ს საელჩოში, ურთიერთობს საქართველოს მთავრობასთან, არის „მაუდის“ მფლობელი და ბადრი ოფიციალურად ჩამოშორდა „მაუდს“. ეს მოხდა, დაახლოებით, 2005 წელს, ფაქტობრივად, 2006-ში და შემდეგ ბადრი ამბობდა: „ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს“.

ვფიქრობ, ნელა-ნელა მთავრობა ამას ძნელად, მაგრამ მაინც დაიჯერებდა. კითხვები მაინც ისმოდა, მაგრამ მას მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს და ფულიც მან გადაიხადა, რომელიც ჩვენ დავუტრიალეთ. ანუ მას ფული ჩვენ მივეცით, ვითომდა „მაუდის“ შესასყიდად, რომელიც ჩვენვე დაგვიბრუნდა. ახლა ეს კონკრეტული ამერიკელი თითქოსდა ფლობს „მაუდს“, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ მომენტამდე მე სრულად ვაკონტროლებ „მაუდს“ და ეს არის ბადრის აქტივი.

მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომოთ, ბადრის აქტივებს შორის „მაუდს“ ვერ იპოვით. მე სხვაგვარად ვუძღვები საქმეს, ამიტომაც ვაკონტროლებთ მას, ოჯახი აკონტროლებს მას.

 

სწორედ ეს მინდოდა მომეყოლა.

გიბრალტარის უზენაეს სასამართლოში 2009 წელს მიცემულ ჩვენებაში ირაკლი რუხაძემ, ფაქტობრივად, აღიარა თაღლითობის ფაქტი.

შეასრულა თუ არა პატარკაციშვილის ოჯახმა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება, 30 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელების თაობაზე და დაასაქმა თუ არა 500 ყოფილი თანამშრომელი, ეს, ალბათ, გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

მოისურვებს თუ არა ხელისუფლება „იმედისა“ და, ამჯერად, უკვე „მაესტროს“ ფაქტობრივი მფლობელის გაკულაკებას და დაიბრუნებს თუ არა სახელმწიფო „მაუდის“ აქციებს?

ვნახოთ!!!

 

                                                                                                             მარიამ ბალანჩივაძე

a1

a2

a3