რატომ არ მოეხსნა ყადაღა ღვინის ქარხანას?

zx

პეტრიაშვილის ქუჩის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ბედი ისევ გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა, ქარხანას ისევ ყადაღა ადევს და კანონიერ მესაკუთრეებს ქონების განკარგვის საშუალება არ ეძლევათ.

 

ქრონიკა+“ კომპანიის ადვოკატს, არჩილ თაბაგარს ესაუბრება:

_ 2015 წლის 6 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „უპრეცედენტო“ გადაწყვეტილება მიიღო და გაურკვეველი ვადით „ღვინის ქარხნის“ მთელ ტერიტორიას ყადაღა დაადო, ასევე კომპანიას აუკრძალა მისი კერძო საკუთრების იჯარით გაცემა და ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება.

გაირკვა, რომ აღნიშნული სარჩელის ინიციატორი გახდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელიც მოცემულ დავაში მოგვევლინა, როგორც მოდავე კომპანიის სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატად.

საქართველოს ყოფილი პროკურორი და ამჟამად ადვოკატი, ბატონი კბილაშვილი, სასამართლოსგან ითხოვს, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე „ღვინის ქარხანა“ სრულად ჩამოერთვას მესაკუთრეებს და გადაეცეს სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხანას“, რომელსაც, თურმე, 2004-2006 წლებში იძულებით, პროკურატურის ზეწოლით, დანაშაულებრივად გააყიდინეს ქონება სხვა პირზე, თუმცა თავად არ უარყოფს და პირიქით, აღიარებს კიდეც, რომ 10 წლის წინათ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა ამ ფაქტთან არ ჰქონიათ!

ინფორმაციის მიზნით, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე „ღვინის ქარხნის“ შესყიდვა განხორციელდა 2013 წელს. ქონების გამოსყიდვა მოხდა 2 ნაწილად, ნახევარი შეისყიდეს კომპანიის სახით, რომელიც იმ დროს საკუთრებაში მოცემულ ნაკვეთს ფლობდა, ხოლო მეორე ნახევარი გამოისყიდეს „საქართველოს ბანკისგან“.

ქონების შეძენამდე ინვესტორებმა ყველა ის საბუთი შეამოწმეს, რომელთა შემოწმებაც საჭიროა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაძენად და ენდნენ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს, საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერებს, როგორც ამას საქართველოს ყველა მოქალაქე აკეთებს უძრავი ქონების შეძენისას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთელ ამ პროცესს უშუალოდ აკვირდებოდნენ საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის ორი უმსხვილესი ბანკის, „თიბისი ბანკისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები.

_ არჩილ, როგორ განვითარდა მოვლენები ქარხნის გამოსყიდვის შემდეგ?

_ ქარხნის გამოსყიდვიდან (2013 წლის მარტი) მანამ, სანამ სასამართლო სრულად დაბლოკავდა მას (2015 წლის იანვარი), ქარხანაში დაიწყო სრული სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები. კერძოდ, თბილისის მერიის თანადგომით ქარხანამ 2 მიზნობრივი კრედიტი მოიპოვა: 1) სს „თიბისი ბანკმა“ 2014 წლის 27 თებერვალს შპს ღვინის ქარხანა #1-ის სასარგებლოდ გასცა 150,000.00 ლარის მიზნობრივი კრედიტი ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით; 2) სს „საქართველოს ბანკმა“ 2014 წლის 29 დეკემბერს შპს ღვინის ქარხნის სასარგებლოდ გასცა 430,000.00 ლარის მიზნობრივი კრედიტი შენობის სახურავის რეაბილიტაციის მიზნით.

უშუალოდ დამფუძნებლების მიერ კომპანიაში პირდაპირ ინვესტირებულ იქნა 2,750,017.00 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც მოხმარდა ობიექტზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სამუშაო ვითარების აღდგენას, დასაქმებულთა ხელფასების გასტუმრებასა და ყველა სხვა იმ წვრილმანი თუ მიმდინარე ხარჯების ფინანსირებას, რაც საზოგადოდ ამ მოცულობის ობიექტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

ზემოთ დასახელებული პროექტების პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და ურთიერთქმედებით, შპს „ღვინის ქარხანა #1“-ის მენეჯმენტმა მოამზადა მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ობიექტის მეზობლად მდებარე სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ სხვა შენობაში გადაყვანას გულისხმობდა, მათ მიერ ამჟამად დაკავებული შენობის შპს „ღვინის ქარხანა #1“-ისთვის გადაცემის სანაცვლოდ. ამ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შპს „ღვინის ქარხანა #1“ საკუთარი სახსრებით მოახდენდა იმ შენობის სრულ რეაბილიტაციას, რომელიც სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ ეკონომიკის სამინისტრომ გამოუყო. ინვესტიცია, რომლის დახარჯვაც ამ პროექტზე იგეგმებოდა, დაახლოებით 2,8 მილიონი ლარის ფულად პირდაპირ დაბანდებას მოიცავდა. აღნიშნული ინვესტიცია, მისი განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის გარდა, შედეგად მოიტანდა იმას, რომ „ერისიონს“ სარგებლობაში გადაეცემოდა სრულიად ახალი გარემონტებული და კეთილმოწყობილი შენობა. „ერისიონს“, რომელსაც წლების განმავლობაში არ გააჩნდა ფუნქციონირებისთვის საჭირო, ადეკვატური პირობები და, პრაქტიკულად, სხვადასხვა შენობას იყო „შეკედლებული“, სწორედ ამ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში მიეცა რეალური შანსი, რომ სარგებლობაში მიეღო გარემონტებული და კეთილმოწყობილი შენობა. ალბათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს შენობა იქნებოდა მათი საკუთრება.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია: იმისათვის, რომ ობიექტს საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და დოტაციაზე არ ყოფილიყო, 2014 წლის 24 დეკემბერს ფორმდება გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მენეჯმენტ კომპანიასთან საქართველოში, სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი _ მ/გრუპთან“. ხელშეკრულება განისაზღვრა 12 წლის ვადით 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა ხანგრძლივი და მრავალთვიანი დაძაბული მუშაობის შედეგად. ხელშეკრულების გაფორმებისკენ გადაწყვეტილების მისაღებად პარტნიორებს მნიშვნელოვანი არგუმენტი შეუქმნა იმ ფაქტორმა, რომ უპირველეს ყოვლისა მათ პარტნიორად მიიღეს საქართველოში ყველაზე გამოცდილი, მაღალი საქმიანი რეპუტაციის მატარებელი და ფინანსურად ძლიერი კომპანია _ სს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – მ/გრუპი“. ამასთან ერთად „მ/გრუპმა“ იკისრა ვალდებულება, რომ განახორციელებდა ობიექტის რემონტს, გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის მიზნით მასში 3 600 000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის დამატებით ინვესტიციას ჩადებდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 12-წლიანი იჯარის ჯამური შემოსავალი, რომელსაც შპს „ღვინის ქარხანა #1“ მიიღებდა, ობიექტის მხოლოდ საიჯარო გადასახადის სახით განისაზღვრა, გარანტირებული 11 645 000 (თერთმეტი მილიონ ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით დღგ-ს გარეშე.

ზემოაღნიშნული ყველა ბიზნესაქტივობა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 16 იანვარს სრულად შეჩერდა, რომელმაც ქარხანა დაავალდებულა და ნებისმიერი აქტივობა აუკრძალა მანამ, სანამ ბატონი კბილაშვილის ადვოკატობის ფარგლებში მომზადებული სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელი არ განიხილებოდა.

_ ჩვენ დეტალურად ვწერდით, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები და საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა, რატომ არ მოიხსნა ობიექტზე ყადაღა?

_ მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად უარი უთხრა „სავანე ღვინის #1 ქარხანას“ სარჩელზე, ობიექტის ყადაღა კვლავ ძალაშია, რადგან მოდავე კომპანიას ამჯერად უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში აქვს წარდგენილი საჩივარი. მიუხედავად იმისა, რომ მათ საჩივარს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, იურიდიული მანიპულაციებით ქარხნის აქციონერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ დავის განხილვა სააპელაციო და შემდეგ, ალბათ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკმაოდ დიდი ხნით გაგრძელდება, რაც დროში გაურკვეველი ვადით ქარხანაში არასტაბილურ გარემოს ქმნის.

ასეთ პირობებში კი ერთადერთი დაზარალებული ინვესტორები არიან, რომლებიც ენდნენ სახელმწიფოს ოფიციალურ უწყებას, საჯარო რეესტრს და საქართველოს სახელმწიფოში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ფულადი ინვესტიცია ჩადეს იმ იმედით, რომ მათი კერძო საკუთრება დაცული იქნებოდა და საქმიანობის ნორმალური შესაძლებლობა მიეცემოდათ.

სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკული მას შემდეგ გახდა, რაც ამ გაურკვეველი სასამართლო დავის ფონზე „მ/გრუპმა“ უარი განაცხადა ობიექტში ინვესტიციის ჩადებაზე და 2015 წლის 25 მაისის შეტყობინებით ცალმხრივად მოშალა 12-წლიანი იჯარის ხელშეკრულება. შედეგად:

ა) დაიკარგა ის კონკრეტული შემოსავალი 11 645 000 (თერთმეტი მილიონ ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარი, რომელიც ჩემს მარწმუნებელს უნდა მიეღო საკუთარი ქონების გაქირავებით;

ბ) შენობაში არ ჩაიდო 3 600 000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის ფულადი ინვესტიცია, რაც ზრდიდა ქონების კაპიტალიზაციას (ღირებულებას);

გ) კომპანია ვერ იხდის ბანკისაგან და დამფუძნებლებისაგან ნასესხებ ფულად სახსრებს და, პრაქტიკულად, გაკოტრების ზღვარზეა.

ყოველივე ამ უარყოფითი პროცესების შედეგად, რომელმაც შეაფერხა შპს „ღვინის ქარხნის“, როგორც მეწარმე სუბიექტის საქმიანობა, რომლის ერთადერთი აქტივიც სწორედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სადავო ქონება გახლავთ, გამოიწვია ის, რომ სპეციალისტების დასკვნით, უკვე შენობა გარდაუვალი საშიშროების წინაშე დგას და თუ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაიწყება, არსებობს მისი მყისიერი ჩამოქცევის საშიშროება, რომელიც სრული განადგურებით ემუქრება ქარხნის საცავებში დაცულ უნიკალურ ისტორიულ ენოთეკას! ყველას კარგად მოეხსენება, რომ სარემონტო სამუშაოები დაკავშირებულია დამატებით ინვესტიციასთან, რომლის მოზიდვის არავითარი რესურსი მესაკუთრეებს არ გააჩნიათ და იმ პირობებში, როდესაც ობიექტი სრულად არის დაყადაღებული, ასეთი ოდენობით ფულადი რესურსის მოძიების ყველა შანსი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდება.

_ სააპელაციო სასამართლოს თქვენმა კომპანიამ რა სარჩელით მიმართა?

_ ასეთი კრიტიკული ვითარების ფონზე ქარხნის ხელმძღვანელობამ 2016 წლის იანვარში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, დეტალურად ჩააყენა საქმის კურსში ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ხელოვნურად ინსპირირებულმა სასამართლო დავამ გამოიწვია, სადაც სასამართლო აღმოჩნდა ჩართული და ითხოვა, რომ პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების შემხვედრი უზრუნველყოფის წარმოდგენა დაევალებინა!

სამწუხაროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მოსამართლეთა შემადგენლობამ შორენა ყაველაშვილის თავმჯდომარეობით სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც, პრაქტიკულად, კვლავაც გაურკვეველი ვადით, ქარხანა სრულიად ბედის ანაბარა მიატოვა.

ღვინის ქარხნის მესაკუთრეები, რომელთაც საჯარო რეესტრში ქონება მართლზომიერად შეიძინეს, იმედგაცრუებული არიან, მათი ბიზნესსაქმიანობა, პრაქტიკულად, შეჩერებულია და ბუნებრივია, ამ პროცესების ფონზე სრულიად ლეგიტიმური კითხვა უჩნდებათ, რომ ბატონი კბილაშვილი, როგორც ყოფილი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბოროტად ხომ არ სარგებლობს საკუთარი ავტორიტეტით და მათზე იურიდიული მანიპულაციების გამოყენებით ხომ არ ზემოქმედებს?

მე, როგორც ადვოკატი, ვაცხადებ, რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს კერძო საკუთრების, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის როლს და მის პრაქტიკულ ღირებულებას. ამ პრეცედენტით საფრთხის ქვეშ ექცევა არა მარტო ერთი კონკრეტული კერძო საკუთრება და მასში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია, არამედ საფრთხის ქვეშ დადგა ზოგადად ინსტიტუციური მოვლენა, კერძო საკუთრება _ ბატონი კბილაშვილის მიერ შედგენილი სარჩელით, სამწუხაროდ, უკვე შეიქმნა პრეცედენტი, რომ იურიდიული მანიპულაციებით შესაძლებელია 10 წლის წინათ რამდენჯერმე მართლზომიერად გაყიდული ქონების ბოლო მესაკუთრისათვის შედავება და დავის განხილვის დასრულებამდე ქონების მართლზომიერად შემძენი მესაკუთრის სრული პრაქტიკული პარალიზება! ეს გადაწყვეტილება თავისი არსით პრეცედენტულია და სამოქალაქო ბრუნვაში ქაოსის შეტანა სურს. მისი გაზიარება საფუძველშივე დაუშვებელია, რადგან მთლიანად თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოშლისკენ არის მიმართული!

 

                                                                                                                               ელისო კილაძე