1937 წლის ქრონიკები – ,,შვილო, ამ საუბრის შემდეგ ხომ არავინ დამიჭერს?“

ue

როდესაც 1937 წლის საარქივო მასალებთან პირდაპირი შეხება გაქვს და იმ მოვლენების თვითმხილველთა მონათხრობს ეცნობი, შთაბეჭდილება რჩება, რომ ქვეყანას და მთელ საზოგადოებას მაშინ რაღაც უცნობი ფსიქიკური დაავადება შეეყარა. არ შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობას ეშინოდა, _ სიტყვა შიში უადგილოც კი არის ადამიანის იმ სულიერ მდგომარეობასთან შედარებით, რასაც ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე განიცდიდა სახელმწიფო მანქანის მიმართ. ეს იყო, ალბათ, ადამიანის სრული ფსიქიკური დეგრადაცია, როდესაც ცხოველური თვითგადარჩენის ინსტინქტი ყველა დანარჩენ გრძნობას თრგუნავს. უკიდეგანო შიში, სასოწარკვეთილება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ იგი დნმ-ის დონეზე თაობებს გადაეცემა.

იმ პერიოდის საზოგადოებაში არსებული ატმოსფერო ისეთი დამთრგუნველი იყო, ხალხმა ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომ ეს შიში ადამიანებში წლების შემდეგაც ბუდობს. რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთმა ინტერვიუერმა ქალბატონმა, რომელმაც 1937 წლის რეპრესიების მთელი საშინელება გამოიარა, საუბრის დასრულების შემდეგ, გამომშვიდობებისას, კითხვა დამისვა: `შვილო, ამ საუბრის შემდეგ ხომ არავინ დამიჭერს?~

და მაინც, რა იყო 1937 წელი? ყველაზე ხშირად იმ მოვლენების აღწერისას სიტყვათა სტანდარატულ კრებულს ხმარობენ: ტოტალური ტერორი, დაპატიმრებები, გადასახლებები, დახვრეტა, რეპრესიები… მაგრამ მხოლოდ ამ სიტყვებით, უბრალოდ, წარმოუდგენელია სტალინის მიერ საბჭოთა კავშირში დაწყებული საყოველთაო წმენდის პროცესის აღწერა. თავად ტერორის შემოქმედს _ სტალინს თუ დავესესხებით, ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო მილიონების განადგურება უკვე სტატისტიკის სფეროს განეკუთვნება. 1937 წელს 600 ათასზე მეტი ადამიანი გაანადგურეს, სამჯერ მეტი გადაასახლეს, ან ციხეში გამოკეტეს. ეს ზოგადი სტატისტიკაა, რომელიც მხოლოდ მშრალი ციფრებია და ტრაგიზმის მთელი სიმძიმის გააზრების საშუალებას არ იძლევა. მაგრამ საკმარისია ეს სტატისტიკა კონკრეტულ პიროვნებამდე გაშალო, მის ისტორიას დეტალურად გაეცნო და მაშინვე ცხადი ხდება, თუ რა საშინელება მოხდა 1937 წელს.

ჩვენ შევეცდებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნათ, თუ რამ გამოიწვია საბჭოთა კავშირში XX საუკუნის 30-იან წლების მიწურულს ტოტალური ტერორი, როგორი იყო მისი მექანიზმი, როგორ ხორციელდებოდა რეპრესიები და როგორ აისახა იგი კონკრეტული ადამიანების ბედზე.

1937 წლის რეპრესიები პირადად უკავშირდება სსრკ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელს, იოსებ სტალინს. ტერორის კამპანია ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა: კომუნისტურ პარტიაში სტალინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ყველა პირის ფიზიკური განადგურება და ქვეყანაში შიშის ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ დამოუკიდებელი აზრი მომავალში აღარავის გასჩენოდა. რეპრესიების შემდეგ საბჭოთა კავშირში მხოლოდ დათრგუნვილ და მორჩილ მოქალაქეს უნდა ეცხოვრა. ფაქტობრივად, სტალინი ახალ თაობას, ახალი ფორმაციის საბჭოთა საზოგადოებას ქმნიდა, რომლის ძირითადი მახასიათებელი ბელადის მიმართ ბრმა ერთგულება და სიყვარული იქნებოდა.

სტალინის ნომერ პირველი ამოცანა პარტიული ოპოზიციის მოსპობა იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიზარდა საყოველთაო ტერორში, რომელიც ლოგიკის ყველანაირ ფარგლებს გასცდა. კომუნისტურ პარტიაში სტალინი მეთოდურად იმკვიდრებდა წამყვან პოზიციებს. მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, ლევ ტროცკი, იგივე ლეიბ ბრონშტეინი იყო. ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში ტროცკი ქვეყნის მეორე პირად სახელდებოდა. თუმცა ხისტი და მკაცრი ბუნების ტროცკის ბოლშევიკურ პარტიაში ბევრი მტერი ჰყავდა. სწორედ ამ უკანასკნელის უკმაყოფილო პარტიული კადრების კონსოლიდაცია მოახერხა სტალინმა, რომელიც 1922 წელს კომპარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა და, შესაბამისად, პარტიულ ბიუროკრატიას აკონტროლებდა.

სტალინმა კონკურენტის განეიტრალება ეტაპობრივად მოახერხა: 1925 წელს ტროცკის ჯერ სამხედრო კომისრის თანამდებობა დაატოვებინეს, შემდეგ კი რევკომიდანაც დაითხოვეს, 1927 წელს კი კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, ის საბჭოთა კავშირიდან გაასახლეს. მთავარი კონკურენტის მოშორების შემდეგ სტალინი მის მომხრეებზე გადაერთო. 20-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში პარტიული რეპრესიები დაიწყო. ტროცკისტების დიდი ნაწილი პარტიიდან გარიცხეს და მათი უმრავლესობა ციმბირში გადაასახლეს.

იმ პერიოდში სტალინი ჯერ კიდევ არ ფლობდა სრულ ძალაუფლებას ხელისუფლებაში, ამიტომ სრულმასშტაბიანი ტერორისთვის არ მიუმართავს. მეტიც: რამდენიმე წელიწადში ტროცკისტთა უმეტესობამ პარტიისგან რეაბილიტაცია მიიღო და გადასახლებიდან დაბრუნდა, თუმცა სტალინი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, კონკურენტებს ასე ადვილად არაფერს ჰპატიობდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო. პარტიული რეპრესიების მეორე ტალღა უკვე 1934 წელს დაიწყო. სტალინმა საბაბად გამოიყენა ძველი ბოლშევიკის, ლენინგრადის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, სერგეი კიროვის მკვლელობა და ოპოზიციის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ნიადაგის მომზადებას შეუდგა.

კიროვის მკვლელობის შემდეგ ცვლილებები შევიდა საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელმაც ქვეყანაში რეპრესიების დაწყების საჭირო იურიდიული საფუძველი შექმნა. იმ ბრალდებულთა საქმეები, რომლებიც ტერორისტული აქტის მომზადებაში, ან მის განხორციელებაში იმხილებოდნენ, სასამართლოს, არაუგვიანეს, 10 დღის ვადაში უნდა განეხილა. საქმეები მხარეთა მონაწილეობის გარეშე ისმინებოდა. აიკრძალა განაჩენის გასაჩივრება და შეწყალება; უმაღლესი სასჯელის შემთხვევაში განაჩენი უნდა აღსრულებულიყო დაუყოვნებლივ. ამ ცვლილების შემდეგ ნებისმიერს, ვინც ტერორისტულ განზრახვაში იქნებოდა ეჭვმიტანილი, სასამართლოს გარეშე დახვრეტდნენ.

ამის შემდეგ სტალინმა მოქმედება დაიწყო. 1936 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში ღია სასამართლო პროცესი გაიმართა. ასამართლებდნენ 16 ძველ ბოლშევიკს. პროცესის ძირითადი ფიგურანტები ე. წ. ლენინური გვარდიის წარმომადგენლები იყვნენ: ლევ კამენევი და გრიგორი ზინოვიევი, რომლებიც, თავის დროზე, აქტიურად უჭერდნენ მხარს ტროცკის. მათ ბრალად ედებოდათ ტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბება და კომპარტიის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული აქტების დაგეგმვა.

გამოძიების პროცესში ზინოვიევმა და კამენევმა კიროვის მკვლელობის მორალური პასუხისმგებლობა იკისრეს. თუმცა სტალინისთვის ეს საკმარისი არ იყო. ბელადს ღია სასამართლო პროცესი სჭირდებოდა, სადაც ისინი ტერორისტებად გამოჩნდებოდნენ და კიროვის მკვლელობის ორგანიზებას საქვეყნოდ აღიარებდნენ. შეწყალების იმედით, ზინოვიევმა და კამენევმა სტალინის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს. 1936 წლის 25 აგვისტოს 16-ვე ბრალდებულს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. განაჩენი იმავე დღეს აღასრულეს.

ამ პროცესის შემდეგ სტალინმა შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მეშვეობით მასობრივი რეპრესიების მომზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ბელადი ყველა იმ პირის დაპატიმრებას გეგმავდა, ვინც ადრე კამენევს, ზინოვიევსა და ტროცკის მხარს უჭერდა. ასეთები კი მილიონობით იყო. რეპრესიების აქტიური ფაზა 1936 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1937 წლის გაზაფხულზე მიაღწია პიკს, ზაფხულში კი ტერორი უზარმაზარ ქვეყანას მეტასტაზებივით მოედო. ყოფილი ოპოზიციის ლიდერთა დაპატიმრება მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიმდინარეობდა.

ტერორის სქემა მარტივად გამოიყურებოდა: სტალინის დირექტივით, შინსახკომს ყველა რესპუბლიკაში ტროცკისტთა არალეგალური ცენტრი უნდა აღმოეჩინა, რომელსაც მოსკოვის მთავარ ორგანიზაციასთან კონსპირაციული კავშირი ექნებოდა. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა სიას პირადად სტალინი ადგენდა. რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. მით უმეტეს, რომ საქართველოს მიმართ სტალინს განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა.

გასაბჭოების შემდეგ სტალინი საქართველოში 1921 წლის ივლისში ჩამოვიდა. თბილისელი ბოლშევიკების მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, როგორც გამარჯვებული, ისე მივიდა, მაგრამ მას ცივი დახვედრა მოუწყვეს. ეს ერთადერთი შემთხვევა გამოდგა, როდესაც სტალინი შეურაცხმყოფელ ბრალდებებს გაჩუმებული ისმენდა.

სტალინი, როგორც ეროვნებათა კომისარი, საბჭოთა კავშირის მოდელის შემუშავებაში მონაწილეობდა. საქართველოს მდგომარეობა ჯუღაშვილმა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულის სახით განსაზღვრა. ქართველი ბოლშევიკების გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია. ისინი საბჭოთა კავშირში საქართველოს შესვლას რესპუბლიკის სტატუსით ითხოვდნენ. ქართველი ბოლშევიკები ლენინს შეხვდნენ, სადაც თავისი პროტესტი გამოხატეს. სტალინის პროექტი ჩავარდა, მის ნაცვლად ახალი მოდელი შემუშავდა. საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ამიერკავკასიის ფედერაციაში შევიდა და საბჭოთა კავშირში ამ გზით გაერთიანდა.

ძველი ქართველი ბოლშევიკებისთვის სტალინი ავტორიტეტი კი გახლდათ, მაგრამ მას მაინც ფამილარულად ექცეოდნენ და მის კრიტიკასაც არ ერიდებოდნენ. მათთვის სტალინი ის პიროვნება იყო, რომელიც რევოლუციურ საქმიანობაში მათ მსგავსად მონაწილეობდა, ამიტომ მას, როგორც თანასწორს, ისე ესაუბრებოდნენ.

სტალინმა ქართული ოპოზიცია ნაციონალ-უკლონისტებად მონათლა, ხოლო მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველი ბოლშევიკების ნაწილმა შიდაპარტიულ ბრძოლაში შემდეგ უკვე ტროცკის დაუჭირა მხარი, ამიტომ ძველი ბოლშევიკების განადგურება სტალინისთვის პირად საქმედაც კი გადაიქცა.

საქართველოს ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელად სტალინმა ძველი ბოლშევიკი, ბუდუ მდივანი შეარჩია, რომელიც 1936 წლისთვის საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ტროცკისტული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის 20-იანი წლების ბოლოს იგი გადაასახლეს, მაგრამ, ოპოზიციის სხვა წევრების მსგავსად, შემდეგ მდივანმაც რეაბილიტაცია მიიღო.

1936 წლის შემოდგომაზე ბუდუ მდივანი საქართველოს ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააკავეს. ცოტა ხანში ძველი ქართველი ბოლშევიკების დიდი ნაწილი უკვე ციხეში იმყოფებოდა, სადაც გამომძიებლები მათგან აღიარებითი ჩვენების მიცემასა და თანამზრახველთა დასახელებას მოითხოვდნენ.

ფართომასშტაბიანი რეპრესიები მხოლოდ ბობოლა ბოლშევიკების დაპატიმრებას არ ითვალისწინებდა, სტალინის მიზანი გახლდათ, საბჭოთა საზოგადოებას ქვეყანაში ტროცკისტების მიერ ორგანიზებული ტერორისტული ორგანიზაციის არსებობა ერწმუნა, სადაც უამრავი ადამიანი იყო ჩართული. ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყანა მტრებით იყო სავსე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევაზე ოცნებოდნენ და ამ მტრებმა საზოგადოების ყველა სფეროსა და დარგში შეაღწიეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, სტალინის ხელისუფლება მასობრივი რეპრესიებისთვის საზოგადოებას იდეოლოგიურად ამზადებდა.

სასტიკი წამების წყალობით, შინსახკომმა ძველი ბოლშევიკებისგან საჭირო აღიარებითი ჩვენებების მთელი დასტა მოიპოვა. ბუდუ მდივანმა და სხვა პატიმრებმა არა მარტო ის აღიარეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ, არამედ გამომძიებლებს ამ ორგანიზაციის წევრებად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უამრავი ადამიანი დაუსახელეს. სწორედ ეს აღიარებითი ჩვენებები გახდა მასობრივი რეპრესიების გამომწვევი.

1937 წლის 9 ივლისს ბუდუ მდივანსა და, მასთან, ერთად საქართველოს ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის სხვა 9 პირს, დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. საქართველოს ტოტალური დაპატიმრებების რამდენიმე ტალღამ გადაუარა.

საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-12 პუნქტი: `მოქალაქე, რომელმაც იცოდა, კონტრრევოლუციური დანაშაულის, ან მისი მზადების შესახებ და არ შეატყობინა სათანადო ორგანოებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 6 თვისა~.

სასჯელი 6 თვიდან იწყებოდა და მას ზედა ზღვარი არ გააჩნდა. მე-12 პუქტი მოქალაქეებს დასმენას ავალდებულებდა. ქვეყანაში შიში და უნდობლობა გაჩნდა. ამხანაგების წრეში უბრალო ლაქლაქი მოულოდნელად შინსახკომისთვის ხდებოდა ცნობილი. მეგობრისთვის ნათქვამ უწყინარ სიტყვებს დაკითხვაზე გამომძიებელი კონტრრევოლუციურ ხასიათს აძლევდა და თანამოაზრეების დასახელებას ითხოვდა. საიდუმლო სამსახურის მიერ უბრალო მოქალაქეების აგენტებად გადაბირებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. შინსახკომს საკუთარი აგენტი ყველგან ჰყავდა. ინფორმატორი იყო ფეხსაცმლის მკერავი, რომელიც სარდაფში საქმიანობდა. შინსახკომს კოლეგებზე დასმენებს აწვდიდა ექიმი, რომელიც კარგ ქირურგად მიიჩნეოდა. აგენტი იყო მოხუცი ქალიც, რომელიც სადარბაზოსთან სკამზე იჯდა და მზესუმზირას ყიდდა. ცოლი ქმარს უთვალთვალებდა, შვილი კი მამას ასმენდა.

საქართველოში გაჩნდნენ მოქალაქეები, რომლებიც დასმენით არსებობდნენ. ისინი სხვადასხვა დაწესებულებაში სპეციალურად ესწრებოდნენ კრებებს, გამომსვლელთა სიტყვას იწერდნენ და იქ პოლიტიკურ შეცდომებს ეძებდნენ. ასეთ მოხალისეებს შინსახკომი ყველანაირად ახალისებდა. დაპატიმრებული მოქალაქის კონფისკირებული ქონებიდან დამსმენი სარგებელს იღებდა. აბეზღებდნენ, შურის, თანამდებობის, ანგარების, ან, უბრალოდ, ნივთის გამოც. ადამიანი ციხისთვის შეიძლება პალტოსთვის გაეწირათ. თბილისში უამრავი კონსპირაციული ბინა მოქმედებდა, სადაც ორგანოს თანამშრომლები დამსმენისგან როგორც წერილობით, ასევე ზეპირ ინფორმაციას იღებდნენ.

ქვეყანა თითქოს შეიშალა. მოხუცმა ფეხსაცმლის მკერავმა მუშაობისას მახათი გაზეთში ჩაარჭო და გაზეთში დაბეჭდილ სტალინს უნებურად თვალი გაუხვრიტა. ამის შესახებ შინსახკომს იმ მოქალაქემ აცნობა, რომლისთვისაც მკერავი ფეხსაცმელს ამზადებდა. მოხუცს სტალინზე ტერორისტული აქტის მომზადება დააბრალეს და დახვრიტეს.

საავადმყოფოს ექთანი, რომელიც ღამის ცვლის შემდეგ სახლში დილით დაბრუნდა, დასაძინებლად დაწვა და დერეფანში რადიოს ჩაუწია. გოგონა კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო რადიო მთავრობის დადგენილებებს გადმოსცემდა. მისმა მეზობელმა შინსახკომში იჩივლა, _ მობინადრეებს მთავრობის სიტყვა არ მოგვასმენინაო. ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით ექთანი 10 წლით გადაასახელს.

საბჭოთა კავშირში პროპაგანდის მანქანა მთელი სიმძლავრით მუშაობდა. ყოველდღე რადიო ხალხის მტრების სიას და საჩვენებელ სასამართლო პროცესებს გადმოსცემდა. გაზეთის ფურცლები მყვირალა სათაურებით იყო აჭრელებული. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდა და პირადად არც დაპატიმრებულებს იცნობდა, სამთავრობო ინფორმაციას ბრმად იღებდა. მას სჯეროდა, რომ ირგვლივ უამრავი შენიღბული მტერი მოქმედებდა.

ძლიერი პროპაგანდის ზეგავლენით, ნაცნობთა დაპატიმრებაც კი არ იწვევდა ეჭვს. უბრალო მოქალაქე ფიქრობდა, რომ დაკავებული მეზობელი მართლა საეჭვო პირი იყო, რომელიც რაღაცას მალავდა. დაპატიმრებები, ძირითადად, ღამე ხორციელდებოდა. შავ, დახურულ მანქანას სახლის მცხოვრებლები ფანჯრებზე ჩამოშვებული ფარდებიდან უთვალთვალებდნენ. კიბეებზე ნაბიჯებს დაძაბულები უსმენდნენ. არავინ იცოდა, ვის კართან გაჩერდებოდა ბადრაგი. ღმერთს ევედრებოდნენ, რომ მათ ნაცვლად შინსახკომის თანამშრომლები მეზობელთან მისულიყვნენ.

საყოველთაო შიშის მიუხედავად თავის უდანაშაულობაში ყველა დარწმუნებული იყო. დაპატიმრებულთა უმრავლესობას ეგონა, რომ მის შემთხვევაში შეცდომა მოხდა და მალე გაათავისუფლებდნენ, ამიტომ შინსახკომის წარმომადგენლებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ. მათი ბრძანებით, კიბეზე ჩუმად, ფეხის წვერებზე ჩადიოდნენ, რათა მეზობლებს არ გაეგოთ.

უდანაშაულობაში დარწმუნებული პატიმარი საკანშიც შესაბამისად იქცეოდა. 1937 წელს საქართველოს შინსახკომის მოთხოვნით, კიევში უკრაინის ერთ-ერთი სახალხო კომისარი, გედეონ სვანიძე დააპატიმრეს. როდესაც სვანიძე თბილისის ციხის საკანში შეიყვანეს, პატიმრებმა მას ადგილი დაუთმეს: `მე ხალხის მტრების გვერდით ჯდომას არ ვაპირებ~, _ განაცხადა სვანიძემ. იგი მთელი დღე ფეხზე იდგა. საღამოს სვანიძე დაკითხვაზე გაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ იგი საკანში ისეთი ნაცემი დაბრუნდა, რომ ფეხზე ვეღარ იდგა.

1937 წელს საქართველოში რეპრესიებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ შინსახკომს ოპერაციებისთვის თანამშრომლები აღარ ჰყოფნიდა. ჩეკისტების დასახმარებლად კომუნისტურმა პარტიამ კადრების მობილიზაცია გამოაცხადა. თბილისის საქალაქო კომიტეტმა შინსახკომში ახალგაზრდა მუშაკები მიავლინა, რომლებიც გამომძიებლებთან თანაშემწის მოვალეობას ასრულებდნენ. თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ შვებულებას ამ წელს ვერავინ აიღებდა.

იჭერდნენ ყველას: პარტიულ და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, სახალხო კომისრებს, რაიკომის მდივნებს, შინსახკომის თანამშრომლებს, გლეხებს, მუშებს, მეცნიერებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს. საშინელი აბსურდი იმ დონემდე მივიდა, რომ შინსახკომის მიერ საბჭოთა კავშირში აღმოჩენილი არალეგალური ორგანიზაციების რიცხვმა სახელმწიფო ორგანიზაციებს გადააჭარბა.

ქვეყნის ყველა სფეროსა და დარგს საკუთარი კონტრრევოლუციური ცენტრი ჰქონდა. არალეგალური ცენტრი აღმოაჩინეს შეიარაღებულ ძალებში, სადაც სამხედროები ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ; მავნებლები იყვნენ მძიმე მრეწველობაში, რომლებიც ქარხნებსა და ფაბრიკებში დივერსიებს აწყობდნენ; ხალხის მტრები მოქმედებდნენ სოფლის მეურნეობაში, სადაც მოწამლულ სიმინდს თესდნენ და საქონელს განგებ ხოცავდნენ; კონტრრევოლუციურად აზროვნებდნენ რაიკომის მდივნები, რომლებიც ტროცკისტებთან იყვნენ დაკავშირებულნი; მხატვრები ბურჟუაზიულ ნახატებს ქმნიდნენ, მწერლები მავნე ნაწარმოებს წერდნენ, ხოლო მსახიობები ტერორისტულ აქტებს პირდაპირ სპექტაკლებზე ამზადებდნენ.

ყოველი მეორე უცხო ქვეყნის აგენტი იყო. ე. ი. 1937 წელს საბჭოთა მოქალაქის მთავარი შემოსავალი, ხელფასის ნაცვლად, ჯაშუშური საქმიანობიდან აღებული გასამრჯელო გახლდათ.

არ არსებობდა რაიმე წესი, ან პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში ვინმე იტყოდა, რომ მას არ დააპატიმრებდნენ. ადამიანის დასაჭერად ანონიმური წერილიც საკმარისი იყო. ვინმე კილაძემ კარის მეზობელი მხოლოდ იმის გამო დაასმინა, რომ მისი ნავთქურა მოეწონა; გლეხი თიბვისას ცელის ყოველ მოსმაზე ლენინ-სტალინს იძახდა, მის გვერდით მომუშავემ პოლიტიკური სიფხიზლე გამოიჩინა და ამის შესახებ შინსახკომს აცნობა _ მთიბავს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს.

დაპატიმრებები ისეთი მასშტაბით ხორციელდებოდა, რომ ზოგიერთ საწარმოს, კადრების დეფიციტის გამო, გაჩერების საფრთხე შეექმნა. კასპის ცემენტის ქარხანაში საწარმოს პერსონალის ერთი მესამედი დააპატიმრეს. დირექტორთან ერთად ციხეში ჩასვეს მისი მოადგილეები, ინჟინრები, კარიერის მუშები, ზეინკლები, ხელოსნები და მოხუცი დარაჯიც კი.

ივლისის დასაწყისში მავნებლობის ბრალდებით დააპატიმრეს ჯანდაცვის სახალხო კომისარი გიორგი მამალაძე. მამალაძის დაპატირებამ ჯანდაცვის სფეროში რეპრესიების მთელი სერია გამოიწვია. საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, სამედიცინო ინსტიტუტში მამალაძის კონტრრევოლუციური ჯგუფის წევრებს ეძებდნენ. ექიმებს პირდაპირ ოპერაციების დროს აპატიმრებდნენ. ცაგერში ბებიაქალ სარა ონიანს ახალშობილის მიღება არ აცალეს და იგი, როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, დააკავეს.

კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს თბილისის აღმასკომის თავმჯდომარე, მიხეილ ნიორაძე, მისი მოადგილეები, ყველა განყოფილების ხელმძღვანელი, ყველა ბუღალტერი, მთავარი ეკონომისტები. მათ ნაცვლად ლავრენტი ბერიამ ახალი ხალხი დანიშნა, თუმცა რუსპუბლიკის ხელმძღვანელს რაღაც არ მოეწონა და ორ თვეში აღმასკომში ისევ რეპრესიები დაიწყო. დაიჭირეს აღმასკომის ახალი თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ეკონომისტები, განყოფილების უფროსები. სამსახურში მხოლოდ დამლაგებლები და კურიერები დარჩნენ.

1937 წლის ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ციხეში აღმოჩნდა ყველა რაიკომისა და აღმასკომის მდივანი, აგრეთვე მათი აპარატის თანამშრომელთა უმეტესობა.

ხალხი უეცრად ქრებოდა. საყოველთაო შიში იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანმა წინააღმდეგობისა და პროტესტის უნარი საერთოდ დაკარგა. მეზობლის დალუქული კარის დანახვაზე მოქალაქე მაისურაძე ისეთ პანიკაში ჩავარდა, რომ სამი დღე სახლიდან არ გამოდიოდა. იგი ხომ დაპატიმრებულ მეზობელთან სწორედ მისი დაპატიმრების წინა დღეს ქეიფობდა. ყოველ ღამე კიბეებზე ფეხის ხმას სულგანაბული უსმენდა, დილით კი გასაღების ჭუჭრუტანიდან მეზობლის კარზე დადებულ ავბედით პლომბს უყურებდა. ასეთ ყოფას მაისურაძემ დიდხანს ვერ გაუძლო და შინსახკომში აღიარებით თავად გამოცხადდა. მან გამოძიებას გულწრფელად უთხრა, რომ სუფრაზე ანტისაბჭოთა ანეკდოტი მოისმინა.

ტერორმა 1937 წლის აგვისტოში პიკს მიაღწია. 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, ნიკოლაი ეჟოვმა, სპეციალური ბრძანება გამოუშვა: #00447 ბრძანებით შინსახკომს ხალხის მტრების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერება დაევალა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 270 ათასი ადამიანი უნდა დაეპატიმრებინათ. დასაპატიმრებელი  კონტინგენტი ორ კატეგორიად იყოფოდა: პირველ კატეგორიას 80 ათასი მოქალაქე შეადგენდა, რომლისთვისაც დახვრეტის განაჩენი უნდა გამოეტანათ, დანარჩენს 10 წლით ციმბირის ბანაკებში ასახლებდნენ. თითოეულ რესპუბლიკას მოსკოვიდან რეპრესიების გეგმა გაეგზავნა. თუ ადგილზე ხალხის მტრები უფრო მეტი აღმოჩნდებოდა, დასახვრეტი მოქალაქეების რიცხვი უპრობლემოდ იზრდებოდა. ხალხის დაჭერაში რესპუბლიკებს შორის სოციალისტური შეჯიბრება მოეწყო.

საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტებით 10 დეკებრამდე 1500 ადამიანი უნდა დაეხვრიტად. ისედაც პირობითმა საგამოძიებო პროცესმა აზრი საერთოდ დაკარგა. სასამართლო ფიქციად იქცა. 1937 წლის 5 აგვისტოს, ეჟოვის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში სპეცსამეულები შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდა შინსახკომის ხელმძღვანელი, პროკურორი და პარტიის წარმომადგენელი. ამ ორგანოს პატიმართა დიდი მასის სწრაფად გასამართლება ევალებოდა. სასამართლოს იმიტაცია სულ 10 წუთი მიმდინარეობდა. სამეული გამოძიების მიერ შედგენილ საქმის ანოტაციას ეცნობოდა და პატიმარს წინასწარ დაწერილ განაჩენს უკითხავდა. სამეულებს, ძირითადად, სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ, რომელიც იმავე დღეს მოჰყავდათ სისრულეში.

დასახვრეტთა სიებს სტალინი პირადად ეცნობოდა. საქართველოს შინსახკომი მოსკოვში ხალხის მტრების ვრცელ ჩამონათვალს აგზავნიდა, რომელსაც ბელადი რეზოლუციას ადებდა. რეპრესიების პერიოდში მარტო საქართველოდან სტალინმა 3 ათასზე მეტი ადამიანის დახვრეტას პირადად მოაწერა ხელი.

15 აგვისტოს ეჟოვის კიდევ ერთი ბრძანება გამოვიდა, რომელიც უკვე დაპატიმრებული ხალხის მტრების ოჯახის წევრებს ეხებოდა. ამ ბრძანებამ ისედაც გადატენილ ციხეებში პატიმართა ახალი ნაკადი გამოიწვია. კონტრრევოლუციის ბრალდებით დაპატიმრებული ყველა მოქალაქის მეუღლეს, გამოძიების გარეშე, 8 წლით ციმბირში ასახლებდნენ. ცოლებს ბრალს იმაში სდებდნენ, რომ ქმრის დანაშაულის შესახებ შინსახკომს არ აცნობეს. იყო შემთხვევა, როდესაც ოჯახი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ გააფრთხილეს. ცოლ-ქმარმა ითათბირა და ბავშვების გადარჩენის მიზნით, ცოლმა ქმარი შინსახკომში დაასმინა. ქმარი დააპატიმრეს და დახვრიტეს. ცოლი რეპრესიებს გადარჩა.

ციმბირის ბანაკებში აგზავნიდნენ ხალხის მტრის იმ შვილებსაც, რომლებსაც 15 წელი შეუსრულდათ. 1935 წლიდან, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით, 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები, დიდების მსგავსად, ისჯებოდნენ. შინსახკომმა არასრულწლოვანთა დახვრეტის უფლება მიიღო. ამ კანონის შემდეგ გამოძიება ბავშვებს, ხშირად, მშობელთა შანტაჟისთვის იყენებდა.

საქართველოს ციხეებში აუტანელი მდგომარეობა შეიქმნა. 1937 წლის შემოდგომაზე საკნებში 12 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამის გამო ბერია იძულებული გახდა, სტალინისთვის წერილი მიეწერა. საქართველოს ხელმძღვანელი ბელადს სწერდა, რომ პატიმართა დიდმა ნაკადმა ციხეებში იზოლაციის წესები დაარღვია. ბერიას მოხსენებით, ძიების მეთოდების შესახებ ბრალდებულები ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიდნენ და კონტრრევოლუციურ საქმიანობას საკნებშიც აგრძელებდნენ. ლავრენტი პავლოვიჩი სტალინს ციხეების განტვირთვას პატიმართა სწრაფი გასამართლების გზით სთხოვდა.

რეპრესიები შეეხო თავად შინსახკომსაც. 1937 წლის შემოდგომაზე, ტერორიზმის ბრალდებით, უკვე იმათ იჭერდნენ, ვინც თავად მონაწილეობდა რეპრესიებში. სტალინის ბრძანებით, ანადგურებდნენ შინსახკომის ყველა მნიშვნელოვან ფიგურას. სტალინი იმ არასასურველ მოწმეებს იშორებდა, რომლებსაც სულ რამდენიმე თვის წინათ ძველი ბოლშევიკების საჩვენებელი პროცესები მოამზადებინა.

1937-1938 წლებში განხორციელებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. საქართველოში, დაახლოებით, 63 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, 20 ათასამდე დახვრიტეს. უზარმაზარი სიების გათვალისწინებით, საქართველოში რეპრესირებულთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ რესპუბლიკაში არსებული საპყრობილეები პატიმრებს ვეღარ იტევდა. 1923 წელს საქართველოში ქართველების ხვედრითი წილი 71,5%-ს შეადგენდა, 1938 წლის დასასრულისთვის ეს მაჩვენებელი 61,4%-მდე დაეცა.

შემდგომ ნომრებში ჩვენ შევეცდებით, დეტალურად აღვწეროთ 1937 წლის რეპრესიები უკვე კონკრეტული ისტორიების სახით. მოგითხრობთ, თუ როგორ ჩატარდა წმენდა მწერალთა კავშირში; როგორ დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი; როგორ მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა; რისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს სანდრო ახმეტელი და რუსთაველის თეატრის ათეულობით მსახიობი; როგორ მოკლეს საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია და რა კავშირი ჰქონდა ლავრენტი ბერიას მის მეუღლესთან, თინათინ ჯიქიასთან…

რა ვითარებაში დააპატიმრეს საქართველოში ბაქტერიოფაგის დამფუძნებელი და ბაქტერიოლოგი გოგი ელიავა; როგორ დახვრიტა ბერიამ სერგო ორჯონიკიძის ძმა, პაპულია ორჯონიკიძე; როგორ აწარმოებდა ბერია რეპრესიებს მთაწმინდის პანთეონში დასაფლავებული ბოლშევიკების წინააღმდეგ; როგორ მოკლეს სტუდენტი დიმიტრი ვარდანაშვილი, რომელიც 1937 წლის 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის აღნიშვნას აპირებდა;

როგორი წამების მეთოდები იყო შინსახკომის ციხეში და რა გზებს იყენებდნენ პატიმრების წინააღმდეგ; როგორ წარმართავდა რეპრესიების პროცესს ლავრენტი ბერია. დაბოლოს, რა პიროვნება იყო შინსახკომის მთავარი კომენდანტი, ზახარ შაშურკინი, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა დახვრეტის ოპერაციებს, თავად ხვრეტდა ყველა სიკვდილმისჯილს (მათ შორის, საკუთარ თანამშრომლებს). ყველაფერი ეს და უამრავი სხვა ისტორია გაზეთ ,,ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომრებში.

 

                                                                                                              მიხეილ ბასილაძე