ბაკო ხელაძე: ,,აბსურდია, რომ საქართველოს თარხან ბათირაშვილი და სხვა მოჯაჰედები მფარველობენ!“

b2

ბელგიაში ტერაქტების დროს გარდაცვლილ, უდანაშაულო ადამიანებს გლოვობენ, თუმცა ირგვლივ კვლავ ტრიალებს დენთის სუნი. ფაქტია, ისლამური სახელმწიფო არ ჩერდება. ვინ იქნება შავდროშიანი, პირსისხლიანი, სასტიკი ტერორისტების შემდგომი სამიზნე? კვლავ „ბებერი ევროპა“, თუ?.. ზოგიერთი ამბობს, რომ საქართველოს ბათირაშვილი და ჩვენი ქვეყნიდან ისლამისტებთან გაქცეული ადამიანები იცავენ. სიმართლეა ეს ყველაფერი, თუ ქართველებმა საკუთარი სიმშვიდისთვის გამოვიგონეთ? არადა, იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდე და უმოქმედობა თვითგანადგურებას ნიშნავს.

 

,,ქრონიკა+”- ამ თემაზე ესაუბრება პოლიტოლოგი ბაკო ხელაძე:

_ პარიზის ტერაქტების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ზომები, თითქოს, გააძლიერეს, ამიტომ, წესით, ბელგიის ტერაქტი არ უნდა მომხდარიყო. ფაქტი ის არის, რომ სამართალდამცველები და სპეცსამსახურები ვერ ახერხებენ ტერორისტული აქტების თავიდან აცილებას და ტერაქტების სერია გრძელდება. ამას დასავლური პრესა უკვე ეძახის _ ომს ევროპაში. სინამდვილეში, ადვილია აკრიტიკო ევროპელი ძალოვნები და მათ პროფესიონალზმში ეჭვი შეიტანო, მაგრამ რთულია იდგე მათ ადგილას და ებრძოლო უხილავ მტერს.

_ რატომ არის ამ შემთხვევაში ასეთი რთული ტერორისტებთან ბრძოლა

_ მსოფლიო საზოგადოება, ჯერ კიდევ, ვერ გარკვეულა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე. მოძველებული სტერეოტიპული ხედვები გვაქვს ტერორისტებზე, თითქოს ისინი გაუნათლებელი, წვერგაუპარსავი მკვლელები არიან და პირველყოფილ მდგომარეობაში ცხოვრობენ. სინამდვილე სულ სხვაა _ ისინი განათლებული, კარგად გაწვრთნილი, პრაგმატული და თანამედროვე ტექნოლოგიებში საუკეთესოდ გათვითცნობიერებული ხალხია, რაც განასხვავებს მათ გასული საუკუნის ტერორისტებისგან. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ დღეს ტერორისტებს ხელი მიუწვდებათ ბევრ ისეთ ინსტრუმენტზე, რაც ჩვენი სამართალდამცველი სისტემებისა და უსაფრთხოების სამსახურების არსენალში შედის. ამ ყველაფრის შეძენა მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ ინტერნეტ-მაღაზიებში. ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელსაც, წესით, კაცობრიობისთვის კეთილდღეობა უნდა მოეტანა, რადიკალების ხელში მომაკვდინებელ ინსტრუმენტად იქცა. ტერორისტულმა ორგანიზაციებმა განსაკუთრებით კარგად აითვისეს ინტერნეტსფერო, რომლის გამოყენებაში, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან სპეცსამსახურებზე.

_ ეს სიმართლეა?

_ დიახ, სამწუხაროდ, სიმართლეა. ბრიუსელი შემთხვევითი სამიზნე არ იყო. ეს, სხვა რომ არაფერი, ოპერაციის დაგეგმვასაც ეტყობა. აფეთქებები ბრიუსელში, ერთი მხრივ, იყო შურისძიება პარიზის ტერაქტში მონაწილეობის გამო აბდესალამის (ევროპელ ისლამისტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარიზის ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში) დაპატიმრებისთვის. მეორე მხრივ, ამით, ტერორისტებმა იერიში მიიტანეს ევროკავშირზე, რომელიც ისლამისტებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი შაითანია. ისინი, აშშ-სთან ერთად, ევროკავშირს ბრალს სდებენ ათასობით მუსლიმის მკვლელობასა და წამებაში. ამიტომ შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ მეორე აფეთქება მეტროსადგურ `შუმანში~ განხორციელდა. ეს ადგილი რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული ევროკომისიისა და ევროსაბჭოს შენობებს და მათ ახლოს ასეთი სისხლისღვრის მოწყობას  დაახლოებით ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ტყუპი ცათამბჯენების აფეთქებას, როგორც სიმბოლოს ამერიკის ეკონომიკისა და სამხედრო ძლიერებისა. თუმცა ბევრად უფრო საინტერესოა აეროპორტში განხორციელებული აფეთქებები, რომელიც პირველად თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, ხოლო რამდენიმე წამში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა ამავე აეროპორტში, რომელიც, სავარაუდოდ, საგულდაგულოდ დამალულ ხელჩანთაში უნდა ყოფილიყო. საბედნიეროდ, მეორე ასეთი ბომბის აღმოჩენა სამართალდამცველებმა მოასწრეს. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა და, წესით, აეროპორტები ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტები უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, ბრიუსელის აეროპორტი, რადგანაც ის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმძიმის წერტილს წარმოადგენს. როგორც ირკვევა, ბრიუსელის აეროპორტის შესასვლელში დეტექტორები არ არსებობდა და კონტროლის გავლის გარეშე შეიძლებოდა მისულიყავით საპასპორტო ზონამდე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი სრულიად უპრობლემოდ შეიტანა შენობაში, ყოველგვარი შემოწმების გარეშე.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფრანგმა და ბელგიელმა სამართალდამცველებმა ერთი და იგივე შეცდომა დაუშვეს: პარიზის ტერაქტის მსგავსად, ბრიუსელის შემთხვევაშიც, ტერორისტები წარსულში ტერორიზმში იყვნენ ეჭვმიტანილნი და წესით, პარიზის ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველების თვალთვალქვეშ უნდა ყოფილიყვნენ. ძმებმა ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკროუებმა თავი აიფეთქეს აეროპორტსა და მეტროში. მათგან ბრაჰიმს წარსულში ბრალი ედებოდა ტერორიზმში, ხოლო ხალიდს კრიმინალური წარსული ჰქონდა. ერდოღანის განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ხალიდი 2005 წელს თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს, რომელიც შემდეგ ბელგიას გადაეცა, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა და, შესაბამისად, გაათავისუფლეს.

_ ტერორიზმის საფრთხის ზრდას ევროკავშირში მიგრანტების დიდი რაოდენობით შემოსვლას უკავშირებენ. მიგრანტებს შორის ტერორისტებიც იყვნენ და ასე შემოაღწიეს ევროპაში, თუ ვცდებით?

_ გასაგებია თქვენი მსჯელობა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ პარიზის ტერაქტი სწორედ ადგილობრივმა ისლამისტმა რადიკალებმა მოაწყვეს, რომლებიც საფრანგეთსა და ბელგიაში ცხოვრობდნენ. გარდა მოქალაქეობისა, ისინი ევროპაში იყვნენ დაბადებულნი, თუ არ ჩავთვლით მოჰამედ ამირს, რომელიც მაროკოში დაიბადა, თუმცა საფრანგეთში გაიზარდა. ამიტომ მიგრანტებზე საშიშ ძალას ადგილობრივი რადიკალები წარმოადგენენ, რომლებიც კარგად არიან ინტეგრირებული გარემოსთან და არ აქვთ გადაადგილების პრობლემა, რაც რამდენიმე დღის წინათ ჩამოსულ მიგრანტებს არ შეუძლიათ, რომ არაფერი ვთქვათ იარაღის არალეგალურად შეძენაზე, რისი გაკეთებაც შეუძლებელია, თუ გათვითცნობიერებული არ ხარ სად, რა და ვისგან იყიდო. ამ მხრივ ისლამური სახელმწიფოს მთავარი კოზირი სწორედ ისაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებითა და ეფექტიანი გამოყენებით მათ სულაც არ სჭირდებათ მოჯაჰედების გაგზავნა ახლო აღმოსავლეთიდან, რადგანაც მოხალისეების მოზიდვა და ინდოქტრინიზაცია ინტერნეტის მეშვეობითაც შეუძლიათ. ამ მეთოდის ეფექტიანობაზე მეტყველებს ევროპიდან წამოსული მოჯაჰედების რაოდენობა ისლამურ ხალიფატში.

აშკარაა, რომ ევროპის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის კლასიკური ომი; ეს გახლავთ ასიმეტრიული ომი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც აშკარად ტერორისტების სასარგებლოდ მიმდინარეობს. ბელგიის ტერაქტი იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ევროპა მისი ლიბერალური მიდგომებით მშვიდობას და კეთილდღეობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. თუ ისინი ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ, ამით კიდევ უფრო გაიზრდება მემარჯვენე ექსტრემიზმის (ულტრანაციონალიზმი) პოპულარობა და პრობლემა კიდევ უფრო ჩიხში შევა. ისლამისტების მიერ მოწყობილი თითოეული ტერაქტი ევროპის ტერიტორიაზე უფრო და უფრო გააძლიერებს ანტიისლამურ განწყობებს და მემარჯვენე რადიკალების პოზიციებს ევროპულ პოლიტიკაში, რისი ტენდენციებიც უკვე რეალურია. ეს ხდება აღმოსავლეთ ევროპაში _ პოლონეთში, სლოვაკეთში. ნაციონალიზმის მუხტი იზრდება გერმანიაშიც, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გმობდნენ ნებისმიერ მსგავს გამოვლინებას საზოგადოებაში და რცხვენოდათ საკუთარი წარსულის. იქაც გამოჩნდა მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე პარტია _ ,,ალტერნატივა გერმანიისთვის~, რომელიც ისლამოფობიითა და, ზოგადად, მიგრანტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ასევე ევროსკეპტიციზმით. მათი პოპულარობა დღითი დღე იზრდება გერმანიაში და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, საკმაოდ მაღალი პროცენტი მიიღონ. ზოგადად, ევროპელი ულტრამემარჯვენეები, მუსლიმური თემის სიძულვილის გარდა, გამოირჩევიან ცუდი დამოკიდებულებით აშშ-ს მიმართ. თუ დღევანდელმა ევროპულმა მთავრობებმა შესაბამისი ზომები არ მიიღო და თავი არ დააღწია მათივე ღირებულებების ტყვეობას, რომელიც დღეს მათ წინააღმდეგ მუშაობს, ზემოხსენებული ძალების მოსვლა ევროპული ქვეყნების სათავეში გარდაუვალი გახდება. ამაზე აფრთხილებდა 90-იან წლებში ტერორიზმის ერთ-ერთი ავტორიტეტული მკვლევარი, ვალტერ ლოკერი ევროპას, რომ ის ვერ შეძლებდა იმ რაოდენობის ჩრდ. აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი მიგრანტების ინტეგრირებას მათ საზოგადოებაში და მალევე მიიღებდა ისლამურ ექსტრემიზმს, ხოლო ამის საპირისპიროდ, ევროპულ ულტრამემარჯვენეების აღზევებას, რაც, დღევანდელი სურათით თუ ვიმსჯელებთ, ახდა.

_ ამ ყველაფრის გაგრძელება, თუ გნებავთ, დასასრული, რა შეიძლება იყოს?

_ დაძაბულობა კულმინაციას ა. წ. ზაფხულში მიაღწევს, რადგანაც წინ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გველოდება, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, ანუ ქვეყანაში, სადაც რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა. როგორც წესი, ევროპის ჩემპიონატს, სავსე ტრიბუნებთან ერთად, თან სდევს ხალხმრავალი მსვლელობები, შეკრებები ბარებსა და რესტორნებში. ასეთი ადგილები კი ტერორისტებისთვის სასურველ სამიზნედ მიიჩნევა.

ზომების მიღებას რაც შეეხება, ეს, პირველ რიგში, სპეცსამსახურების გაძლიერება და მათი დაფინანსების გაზრდაა, რადგანაც ტერორიზმთან ბრძოლას რეგულარული არმიით, რაც უნდა დიდი და კარგი შეიარაღებული ძალები გყავდეს, აზრი არ აქვს. ტერორისტი არ იბრძვის კლასიკური ომის ტაქტიკით, სადაც ფრონტის ხაზი არსებობს. ტერორისტის სამიზნე ხალხმრავალი დასახლებები და ადგილებია, მეტნაკლებად კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ამიტომ დიდი სამხედრო შენაერთების გამოყენება უხილავ მტერთან, უბრალოდ, ალოგიკურია. შეიარაღებაში დიდი რესურსების ფლანგვას, სჯობს, ევროპულმა და არაევროპულმა სახელმწიფოებმა სწორედ სპეცსამსახურებსა და პატარა არმიებზე გააკეთონ აქცენტი, რომელიც თანამედროვეობის გამოწვევებს უპასუხებს.

_ რუსეთის ტერიტორიაზე ისლამისტები მსგავს ტერორისტულ აქტებს რომ არ ახორციელებენ და სამიზნედ მხოლოდბებერი ევროპაგაიხადეს, ეს როგორ უნდა ავხსნათ

_ მართლაც საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი თითქმის ნახევარი წლის მანძილზე სირიაში ახორციელებდა საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს, მანამდე კი სისხლში ჩაახრჩო ჩრდილოეთ კავკასიაში მუსლიმების მიერ წარმოებული ამბოხებები და დღეს  მის ტერიტორიაზე არც ერთ სერიოზულ ტერორისტულ აქტს არ ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით ბოლოს მომხდარ აფეთქებას დაღესტანში, რომელზედაც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამ ფაქტის ახსნა, ალბათ, შეიძლება იმით, რომ სირიის კრიზისის დაწყების დღიდან, რუსეთის ტერიტორიიდან, სრულიად უპრობლემოდ, მოჯაჰედების უმრავლესობა გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად. ადგილზე ძალზე ცოტა მებრძოლი დარჩა, რის შესახებაც აწ უკვე გარდაცვლილი კავკასიის ემირატის ყოფილი ემირი, აბუ-მუჰამედი წუხდა, რომ თუ ადრე ჩრდ. კავკასიის ტყეებში ათასამდე მოჯაჰედი იყო, დღეისთვის მათი რიცხვი სულ რამდენიმე ათეული კაცით შემოიფარგლებაო. ახლო აღმოსავლეთის კრიზისით თუ ვინმემ ისარგებლა, ალბათ, ერთ-ერთი რუსეთი იყო, რადგანაც მისი ტერიტორია მისთვის არასასურველი ხალხისგან გაიწმინდა, ხოლო სირიაში შესვლით რუსეთმა, რეგიონზე გეოპოლიტიკური ამბიციების დაფიქსირებასთან ერთად, რუსეთიდან წასულ მოჯაჰედებს ბრძოლა ქვეყნის გარეთ გაუმართა.

_ საქართველოს ისლამისტები უკვე თვალნათლივ ემუქრებიან. ყველამ მოისმინა აქედან წასული ისისელების მუქარა, რომ აგვაწიოკებენ. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან თარხან ბათირაშვილი საქართველოდან არის და მისი მფარველობით ვართ ახლა მშვიდად. შეიძლება, ეს სიმართლე იყოს?    

_ რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი სამართალდამცველები გვპირდებიან, რომ მაქსიმალურად გააკონტროლებენ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავენ, თუმცა ეს არასაკმარისია და მოსახლეობამაც, შეძლებისდაგვარად, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ითანამშრომლოს ძალოვან სტრუქტურებთან. მსოფლიოში მრავალი მაგალითი არსებობს, თუ როგორ დაეხმარა უბრალო მოქალაქის ინფორმაცია სამართალდამცველებს ტერაქტის აღკვეთაში. ამის საუკეთესო მაგალითია ამერიკაში 2010 წელს თაიმსქვერზე დატრიალებული ამბები, როდესაც ამავე ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა საეჭვოდ მიიჩნიეს რამდენიმე დღით მდგარი ავტომანქანა და ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურს აცნობეს. აღმოჩენილმა კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა _ მანქანაში ბომბი იპოვეს, რომელიც მალევე გააუვნებელყვეს და რამდენიმე დღეში მისი შემოქმედი, პაკისტანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე, ფაისალ შაჰზადიც დააკავეს.

ქართულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თარხან ბათირაშვილი და საქართველოდან წასული სხვა მოჯაჰედები მფარველობენ, რაც არ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ისლამური სახელმწიფო ცივსისხლიანი და პრაგმატულად მოქმედი ორგანიზაციაა და ის სამიზნეებს იმისდა მიხედვით არ არჩევს, თუ ვის სად აქვს სამშობლო. საქართველო, ჯერჯერობით, მათ სამიზნედ არ მოიაზრება, რადგანაც ჩვენ მათთვის სერიოზულ ხიფათს არ წარმოვადგენთ, არც ჩვენზე განხორციელებული ტერაქტი მოუტანთ რაიმე დივიდენდებს, ან ხმაურს მედიაში, რადგანაც ჩვენ არც ბელგია ვართ და არც _ საფრანგეთი.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი