შალვა ნათელაშვილი: ,,ყველა ლაპარაკობს, ვის ვისთან ეძინა. ამის სპეციალისტია ბიძინა ივანიშვილი და ფირები არის სოლოლაკის სასახლეში!“

k9

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ისთვის, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებსა და ქართულ სექსსკანდალზე ალაპარაკდა.

შალვა ნათელაშვილი:

_ სკოლამდელი ასაკის ბავშვიც კი გიპასუხებთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში შეუძლებელია არსებობდეს ერთადერთი ფირი და ერთადერთი ასლი, როდესაც ნებისმიერი დოკუმენტის, ვიდეოჩანაწერის გამრავლებას სჭირდება ერთი პატარა დაწკაპუნება და უცბად, მილიონად გადაიქცევა კონკრეტული ეპიზოდი თუ სცენა. შესაბამისად, არავისაც არ სჯეროდა, რომ ეს ფირები განადგურებული იყო. ეს გახლდათ გარკვეული პიარის ნაწილი, ვითომ ვნებები ჩააცხრეს, მაგრამ, პირადად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილი ამის ამოყრას დაიწყებდა, როცა არჩევნები მოახლოვდებოდა და ის სრულად გაკოტრდებოდა და გაბანკროტდებოდა პოლიტიკაში. ესღა დარჩებოდა უკანასკნელ იმედად, რადგან ამ პიროვნებას მთელი თავისი ცხოვრება, თუკი რაიმე მიღწევა ჰქონია, ნაშოვნი აქვს ფარული ჩანაწერებით, ინტრიგებით, ჩაშვებებით, დასმენებით, აგენტობით, უზნეობით, ურცხვობით და სხვა რა გითხრათ მეტი? კაცს ქვეყანა ეცლება, ხალხი ეხოცება, ტერიტორიები ეღობება და ორი ხის გადარგვაზე ლამის მსოფლიო ომი წამოიწყო და იმ ხეებზე ჩამოეკიდა. არც ერთ გაჭირვებულთან არ მოსულა, არც ერთ გლეხთან, ინვალიდთან, ავადმყოფთან, რაც პოლიტიკურ ლიდერად აირჩია ხალხმა და ხეებთან მივიდა, რომელიც უნდა გადარგოს საკუთარი თვალის დასამშვიდებლად და სულიერი სამყაროს (თუ აქვს ასეთი) გასამრავალფეროვნებლად. შესაბამისად, ასეთი კაცისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, განსაკუთრებით ის, რომ აუცილებლად გამოიყენებდა ამ ჩანაწერებს უკვე პირადი მიზნებისთვის, რათა მთელი საზოგადოების ყურადღება მისი დანაშაულებრივი პოლიტიკიდან და საქმიანობიდან გადართულიყო ასეთ სექსსკანდალებზე და, გარკვეულწილად, კიდეც მიაღწია მიზანს. აგერ ტერიტორიები იღობება, ხალხი საბანკო ვალებს ვერ იხდის, ბინებიდან ადამიანებს ასახლებენ, გაძვირდა პროდუქტი, წამლები, ცხოვრება გაძაღლებულია და მთელი მასმედია და ტელევიზიები ლაპარაკობენ, ვის ვისთან ეძინა. აი, ამის სპეციალისტია ბიძინა ივანიშვილი.

_ ტერიტორიების შემოღობვასთან დაკავშირებით ივანიშვილს ასეთი რამ უთქვამს და ეს სოციალურ ქსელშიც გავრცელდა: რუსები მიწებს თან ხომ არ წაიღებენო?

_ ასე რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, რომ ქართულ მიწებს თან არ წაიღებდნენ ირანელები, რუსები, ბიზანტიელები მონღოლები და სხვები, აქამდე ჩვენი ნასახი აღარ იქნებოდა. წაიღებენ რომელია, ტრასაზე რომ გაივლით გორთან, უკვე საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დგას და გადახვალ თუ არა მას, ცხინვალის იზოლატორში მოხვდები, საიდანაც შეიძლება მხოლოდ ფულით გამოგისყიდონ ახლობლებმა. ეს დუმილი თუ ასე გაგრძელდა, წაღებულიც არის და დამთავრებულიც. იმის გამო, რომ მისი ბიზნესი არ დაზარალებულიყო, მათთან გარიგებით გააკეთებინა ეს და რუსებს ტერიტორიები მიჰყიდა. მისი მოსვლის შემდეგ დაიწყეს რუსებმა მავთულხლართების გაკეთება. ღმერთო, მაპატიე, მტერი იყოს მათი მაქებარი („ნაციონალებს“ გულისხმობს), მაგრამ მანამდე რუსები ასეთ რამეს ვერ ბედავდნენ, ხომ გახსოვთ კარგად?! პოსტებსაც კი ვერ დგამდნენ, რადგან ღამე სნაიპერები ცხრილავდნენ. აზრად არავის მოუვიდოდა მავთულხლართების გაბმა ამ ადგილებში. ეს ამან გააკეთებინა კრემლს და საქართველო გაყიდა. სწორედ ეს იქნება მის საბრალდებო დასკვნაში პირველი პუნქტი, მე ასე ვფიქრობ.

_ ერთი კვირის წინათაც იყავით იქ ჩასული, მაგრამ ამის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსები სამუშაოებს თავიანთ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აწარმოებდნენო. ეს სიმართლეა?

_ ერთი კვირის წინათ კი არა, სულ იქ ვარ და რუსებს ფეხებში ცუდად ვეჩხირები. ხან მგლის თავზე სახარებას ვკითხულობ, ხან საპროტესტო განცხადებას ვაკეთებ, ხან მსოფლიოს მოვუწოდებ, ხან ამათ მოვუწოდებ, რომ ადგილზე ჩამოვიდნენ. ვერც ერთი მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერი ვერ ჩამოვიყვანე, ვერც ივანიშვილი და მისი თავდაცვის მინისტრები ვერ ჩამოვიყვანე. არ ჩამოდიან იმიტომ, რომ გარიგებულები არიან მოსკოვთან და არ უნდათ, ხელი შეუშალონ შემოღობვაში. რუსებს იქ ტელევიზიების გამოჩენის და მსოფლიო პიარის ეშინიათ, სანქციები ადევთ ყირიმის გამო და არ უნდათ, კიდევ ვინმემ აქედან გაუმწვავოს მდგომარეობა. როცა ჩავედი, მუშაობდნენ და გაიქცნენ, მერე აღარ გამოჩენილან. ჩემი კი არა, მსოფლიო საზოგადოების რეაქციის შეეშინდათ. აბა, წარმოიდგინეთ, ჩავიდეს იქ მინისტრთა კაბინეტი და სადაც რუსებმა გზა გააკეთეს, იმ გზაზე დადგან მაგიდები და სკამები, ჩაატარონ სხდომა ერთიანი საქართველოს პრობლემების შესახებ და მთელი მსოფლიოს პრესა ჩაიყვანონ, რა ამბავი იქნება დედამიწაზე, როცა ნახავენ გაყვანილ გზას, გაჩეხილ ვაშლებს, გაუბედურებულ გლეხებს, გაჩერდება და ვეღარ გააგრძელებს ასეთ რამეს, მაგრამ ახლა ყველაფრის უფლებას აძლევენ მოღალატეები. თუ ეგ თქვეს, რა გამოდის, იმასაც აღიარებენ, რომ ეს უკვე მათი ტერიტორიაა, მათი სახელმწიფოსია და მათი იურისდიქციაა იქ? მეც ამას ვამბობ, რომ გარიგებულები არიან და აღიარებენ, რომ ის არის სხვა სახელმწიფო, სხვა ტერიტორია და სხვა მიწა. რას ჰქვია, ერთი ხის მოჭრა და ჯაგის ამოღება სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი უნდა იყოს და ეს რა საშინელებაა?! ეს განცხადება თავად არის მტკიცება, რომ სამშობლოს უღალატეს. წინასაარჩევნო პერიოდში, საკუთარი ცოდვების გადასაფარავად, სექსკასეტები გადაინახა ბატონმა ივანიშვილმა და ახლა მისი მითითებით დაიწყო გაშვება. არავითარი ძებნა და ძიება ამას არ უნდა _ ვინ ატვირთა იუთუბზე, სახლიდან ატვირთა თუ ინტერნეტკაფედან, არგენტინიდან თუ საფრანგეთიდან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გამშვები ბიძინა ივანიშვილია.

_ ამ ვერსიაში ხალხი ლოგიკას ვერ ხედავს. ფიქრობს, ეკა ბესელია და ის ხალხი, ვისზეც ამბობენ, რომ ჩანაწერებია, დიდი ნაწილი, მისი გუნდის წევრია, ან იყო და მათზე ასეთი ფირების გამოქვეყნება ივანიშვილს რაში აწყობსო?

_ ამ ადამიანმა მილიარდები ისეთ პერიოდში იშოვა, როცა თავის თანაგუნდელებს თუ არ დახოცავდა, არ გაწირავდა და ციხეში არ ჩაყრიდა, ვერაფერს მიაღწევდა. ახლა სურს, ეს ადამიანები მოიცილოს და არ უნდა, პრობლემები, ვალდებულებები ჰქონდეს მათთან. ახალი გუნდის შექმნა სურს, მათი ჩაჩოჩება უნდა, ამიტომ დააძრო ეს ფირები და ამით მათ უთხრა, დიდი პრეტენზიები არ გქონდეთ სიაში პირველ-მეორეობაზე და გარანტიაზე, რომ აუცილებლად შეხვალთ პარლამენტშიო. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

_ ვიდეოების გამშვებისგან ასეთი მუქარა იყო: თუ 31 მარტამდე არ გადადგება, სავარაუდოდ, ხელისუფლება (მაინც გაუგებარია, კონკრეტულად ვინ?), ფირების გამოქვეყნება გაგრძელდებაო.

_ ეს იცით, რა არის? ეჭვი რომ არ მიიტანოს ხალხმა ივანიშვილზე, კითხვა გაუჩნდეს ხალხს, რომ როგორ, ივანიშვილი თავის დეპუტატებს და უახლოეს ადამიანებს ამას როგორ გაუკეთებსო? ეჭვის ასაცილებელი პიარია სინამდვილეში ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ორ მიზანს ემსახურება _ დაიფაროს დანაშაულებრივი, ტრავმული შედეგები ტელეზომბირებით და საარჩევნო სიაში არ ჰქონდეს პრეტენზიები იმ ხალხს, ვინც უკვე გამოიყენა და ერთჯერადი მოსახმარებელი ნივთივით უნდა მოიცილოს. შესაბამისად, მათ არგუმენტაციებს უმზადებს, რომ ამბიციები აღარ ჰქონდეთ.

_ ფირების თითქმის 98% გადაღებულიანაციონალებისდროს, ისინი არ იყენებენ და ივანიშვილი იყენებს? ცოტა უცნაურია

_ „ნაციონალების“ დროს კი არის გადაღებული, მაგრამ „ნაციონალებმა“ გადამღები და მოსასმენი აპარატურა თავად კი არ იყიდეს, ივანიშვილმა უყიდა 2004-05 წლებში. მილიონები გადაიხადა ივანიშვილმა. ეს დოკუმენტაცია „ქართუ ბანკში“ დევს. თავის დროზე მას აუცილებლად ამოვიღებთ და გამოძიებაც წავა. თანაც მარტო მათ კი არ უყიდა ჩამწერი და გადამღები აპარატურა, თვითონაც იყიდა აპარატურა, რომლითაც ისინი რასაც იწერდნენ და იღებდნენ, მის ასლებს აკეთებდა. მის სასახლეში ამისთვის სპეციალური აპარტამენტები გამოიყო. ამიტომ „ნაცებსა“ და „ოცნებას“ ნუ გაჰყოფთ. ეს იყო ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ერთად ჩაიფიქრა ყველა უზნეო საქმე და ერთად მოუსპო ქვეყანას განვითარების პერსპექტივა. ერთმანეთზე სიამის ტყუპებივით არიან გადაბმულნი და გადაკვანძულნი. ჩემი ინფორმაციით, მაგალითად, ახლა მოლაპარაკება მიდის ივანიშვილის ჯგუფსა და „ნაციონალებს“ შორის მამაცაშვილის შუამავლობით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ადგილების გაყოფასა და ხელის ჩამორთმევაზე. კონსულტაციები იმართება რეგულარულად. ამას ახლა პირველად თქვენთან ვახმოვანებ, მაგრამ ნამდვილად ასეა.

_ აქციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინათ თბილისსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართა და ერქვა: „ჩემს საძინებელში ნუ მივარდები“, იყვნენნაციონალებიცდა ისინი ამბობდნენ, ამ ფირების გადამღებებიც უნდა დაისაჯონ და გამავრცელებლებიცო. ხალხი მართლა დაიბნა

_ რეჟიმი უნდა გასამართლდეს. ორი საქმის აღძვრაა საჭირო ქართულ საგამოძიებო სისტემაში, რათა ისტორიული სამართლიანობა აღდგეს:

1. 1991 წელს უკანონო სამხედრო გადატრიალების საქმე. ვინც ეს გააკეთა, ისინი უნდა მიეცენ პასუხისგებაში;

2. 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზების გამო, მისი ლიდერები, ივანიშვილის ჩათვლით, უნდა იქნენ მიცემული პასუხისგებაში. სხვა ყველაფერი არის ფრაგმენტი და ეს რომ მოხდება, მერე დავისვენებთ მათი მოღვაწეობისგან. სხვანაირად ჩვენ გვირგვინს ვერასდროს დავადგამთ სამართლიანობის საკითხს. ეს ორი საკითხი აქვს ერს გადასაწყვეტი და ბევრ კითხვას მერე გაეცემა პასუხი იოლად.

_ პროკურატურა ამბობს, რომ ფირები, რომლებიც ვრცელდება, უცხოეთშია ატვირთული

_ ფირები არის სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სასახლეში. იქ რომ შევიდეს ახლა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი და ჩხრეკის უფლება ჰქონდეს, სამართლებრივი სახელმწიფო რომ იყოს, ასეც მოხდებოდა, იქიდან უამრავ ფირს ამოიღებდნენ, მათ შორის, ისეთ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ცნობილი არ იყოს, ან ისეთ პირებზე, რომლებზეც შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ. ძირითადი ფირშესანახი არის სოლოლაკის რეზიდენციაში, ივანიშვილის სასახლეში, სადაც ღრმა სარდაფებია გაკეთებული, რომ ასეთი ბინძური საქმეები დაიმალოს.

_ მანდ არის თუ უცხოეთში, მიგაჩნიათ, რომ დამნაშავის მიგნება შეუძლებელი იქნება და ეს აურზაურიც და გამოქვეყნებებიც გაგრძელდება?

_ დამნაშავეს გისახელებთ: ბიძინა ივანიშვილია ორგანიზატორი, გამავრცელებელი, სანქციის მიმცემი, შემნახავი, სულისჩამდგმელი და ამ პროცესების მენეჯერი. ახლა ის რომ უშიშროებას ავალებს და ისინი რომ ამას ტექნიკურად აკეთებენ, უცხოეთში რომელიმე საინფორმაციო საიტს მოისყიდის და იმას დაადებინებს ასეთ რამეს, ეს უკვე ტექნიკური ამბავია. საიტების მოსყიდვას რა უნდა? გააკეთებენ დილამდე ერთ საიტს და დადებენ, რასაც უნდათ.

_ ერთერთ საიტზე თურმე ეს ჩანაწერები იყიდება

_ რა ვიცი, ჰოლივუდის ბლოკპასტერები აღარ იყიდება და რაღა ამისთანა ვიდეოებზეა ვაჭრობა, ვერ გავიგე! შემოდგომაზე უნდა დაველოდოთ ამათ გადადგომას, მერე საგამოძიებო ჯგუფს შევქმნით და დეტალურად შევისწავლით ამ ფირების წარმოშობისა და მოძრაობის პროცესს. აუცილებლად მივცემთ პასუხისგებაში დამნაშავეებს. პირველ რიგში, ივანიშვილი დაჯდება საბრალდებო სკამზე, რადგან  აპარატურის ფულიც კი „ქართუ ბანკიდან“ გადაუგზავნა კონკრეტულ ფირმებს, საიდანაც ჩამწერ-მოსასმენები შემოიტანეს. ვიმეორებ: თავისთვისაც შემოიტანა და სააკაშვილის რეპრესიულ სამსახურებსაც უყიდა. ასე რომ, ცხადზე ცხადად არის დანაშაულის ორგანიზატორი გამოკვეთილი.

_ ახლაც იწერენ ადამიანებს? ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

_ მე შეგუებული ვარ, რომ 2005 წლიდან სასამართლო სანქციით ჩემზე ოფიციალური ელექტრომეთვალყურეობა წარმოებს. ეს სანქცია სასამართლომ გასცა და არ გაუუქმებია. მე მითვალთვალებენ კანონიერად, როგორც ანტისახელმწიფოებრივ ელემენტს, დანარჩენს უკანონოდ უთვალთვალებენ. ჩემზე თვალთვალით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა უნდა მითვალთვალონ, ყველაზე უარესს საჯაროდ ვამბობ და ყველაზე რბილი და თბილი ვარ ტელევიზიის გარეთ _ ოჯახში, მეგობრებში, ახლობლებში, ჩემს ხალხთან.

_ ყველა მოუთმენლად, შიშით, ნერვიულობით ელოდება 31 მარტს, როდიდანაცსექსსერიალისდაწყება დააანონსეს. შეიძლება, ეს სიმართლე აღმოჩნდეს?

_ აბა, სხვაგვარად როგორ უნდა გადაფაროს ის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა დაგვინგრია და დაგვიქცია? მილიარდები იშოვა? სექსსკანდალისკენ ამიტომ უნდა გადართოს ხალხის ყურადღება. თანაც სექსსკანდალით არის მოსულიც. პირველ ჯერზე სექსსკანდალმა გაუმართლა ივანიშვილს. ახლა უკვე რომ მიეჩვია, მადა ჭამაში მოუვიდა, თანაც მოსკოვიდან თავისი მეგობრები, პიარჯგუფები ეხმარებიან და, ალბათ, უნდა, იგივე გზით გააგრძელოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. ხალხი აღარ ჭამს ასეთ რამეს.

_ თუმცა ხალხი იმასაც ფიქრობს, რომ არ ყოფილიყო ამორალობა, ეს ფირებიც არ გაჩნდებოდა. ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს ხალხი, რომელსაც სუფთა წარსული არ აქვსო. ეს არ არის სწორი?

_ ამ ფირების ჩვენების გარეშეც ხალხი ასეთ აზრზეა ყოველთვის. პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანი უნდა იყოს სანიმუშო, არაკომპრომეტირებული, ზნეობრივად გამართული და ქრისტიანული გზით მავალი. ეს ძალიან პიროვნული საკითხია და კონკრეტულ ადამიანებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ისეთივე ღვთისგან ბოძებული ფუნქციაა ადამიანისთვის, როგორც სხვა ნიშან-თვისებები. სექსით რა უნდა გააფუჭოს მან? ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ მოიწყობს პირად ცხოვრებას და საჭირო არ არის ციციკორობა. ამორალობა რა არის, ისიც უნდა გადავწყვიტოთ. როცა ბრბოს უნდოდა კონკრეტული ადამიანის, ქალბატონის ჩაქოლვა, იესომ მათ უთხრა, პირველმა იმან ესროლოს, ვინც უცოდველიაო. ძალიან რთულია მორალის სწავლება, რა არის მორალური, რა ამორალური… კაცობრიობამ განვითარების მრავალათასიანი პერიოდის განმავლობაში ბოლომდე ვერ დაადგინა და არ უნდა ვიყოთ ციციკორეები, თუმცა ადამიანი თუ კანონს არღვევს, პოლიტიკას ამრუდებს, ვიღასაც რაღაცას ვნებს, ეს სექსს არ უნდა დაუკავშირდეს, რადგან ეს სხვა ქმედებაა.

_ სხვა ქვეყანაში თუ არის პრეცედენტი, რომ ასე მასობრივად გამოეტანათ საჯაროდ ყოფილი თუ ამჟამინდელი ჩინოვნიკების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები?

_ პოლიტიკაში პიარით მოქმედება მოსულა და ჩვენ გამონაკლისები არ ვართ. რუსეთში გენერალური პროკურორის სკანდალი, ალბათ, გახსოვთ, როცა ორი შესანიშნავი გარეგნობის ლამაზი გოგონა მიუგზავნეს, თუ თავად მიიყვანა საუნაში და იყო ერთი ამბავი. გადააყენეს ის ადამიანი, არადა, კარგი იურისტი იყო. მას ეს ბერეზოვსკიმ მოუწყო, რადგან მას დაეჯახა. კლინტონსაც ამოაშხამეს მონიკა ლევინსკი. ეს ქალი მოწინააღმდეგე პარტიამ მიუგზავნა თავის დროზე კლინტონს და მერე გამოიყენეს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ. ატყდა სკანდალი, იმპიჩმენტის პროცედურა წავიდა და საკმაოდ მოახერხა დემოკრატიული პარტიის იმიჯის შერყევა მიწინააღმდეგე პარტიამ იმ დროს. ასეთი რამეების გამოყენება კი ხდება, მაგრამ აქ მასობრივი სახე მიეცა და არაფერს აღარ ჰგავს. ფარული, პირადი ცხოვრების ჩანაწერების ასე სისტემური გამოყენება და საზოგადოების დათრგუნვა, შეშინება არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა და მეშინია, რომ მსოფლიო საზოგადოებას სექს-ფსიქო-შიზოიდები არ ვეგონოთ. ხომ იცით, უცებ და გარკვეული პროცესებით ყალიბდება ქვეყანაზე შეხედულება, ამიტომ ამაზე უფრო მეტად ვღელავ, ვიდრე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე და შიდა ემოციებზე. არ გამოგვაჩენს ეს ყველაფერი კარგად.

_ ბიბისიმ, სხვა უცხოურმა მედიამ, უკვე დაიწყო ამაზე საუბარი. როცა თქვენ ჩახვალთ, ალბათ, ერთერთი კითხვა ესეც იქნება, _ რა ხდება სექსთან დაკავშირებით თქვენთანო?

_ ამას არავინ მკითხავს. იქაურ პოლიტიკოსებს იმდენი პრობლემა აქვთ, რომ სულ არ აინტერესებთ სხვა ქვეყნების, თუნდაც მოკავშირის ან სტარატეგიული პარტნიორის თანამდებობის პირთა სექსუალური ცხოვრება. მაგრამ რიგითი მაყურებელი ხომ უყურებს ამ არხებს და ისინი ცუდ ინფორმაციასაც და კარგსაც ისრუტავენ, ამიტომ ასეთ რამეს რომ ვასრუტინებთ, ძალიან ცუდია.

ამ გზით ივანიშვილმა ხმები რომ მიიღოს და ხელისუფლებაში დარჩეს, ყოვლად გამორიცხულია. ამ გზით რომ „ნაციონალებმა“ მიიღონ რაღაც სარგებელი, ესეც გამორიცხულია, რადგან ხალხმა იცის, რომ მათი დაწყებულია ეს გადაღებები. ამიტომ ორივე პარტია თანაბრად წაგებულია. დანარჩენი, ალბათ, კონკრეტულ პოლიტიკოსებს უფრო დააზარალებს არსებითად. ზოგჯერ ადამიანს ჭორი უფრო აინტერესებს, ვიდრე სიმართლე და მით უფრო, თუ ის ვიდეოზეა გადატანილი, ამიტომ გარკვეულ გავლენას კონკრეტული პირების პერსპექტივაზე მოახდენს გარკვეული პერიოდი და არა მუდმივად. ცხოვრებაში იმდენი რამე ხდება, ესეც მიავიწყდებათ ცოტა ხნის შემდეგ. სხვა რა უნდა შეიცვალოს პოლიტიკაში? ჩემზე ეგენი ასეთ ვიდეოფირებს არ ფლობენ და ასეთი რამის გამოქვეყნება შეუძლებელია.

_ მონტაჟს გამორიცხავთ?

_ ესენი ისეთი უნამუსოებო არიან, ეგ კი შეუძლიათ, მაგრამ მონტაჟს ექსპერტიზა იოლად არკვევს.

 

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი