მცირეწლოვანზე ,,ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები“ – რატომ არ ცნობენ ბავშვს დაზარალებულად?

k6

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რ. გ.-ს წარმომადგენელია და მისი ბავშვის ინტერესებს იცავს. გულიევების ოჯახის დანგრევის შემდეგ სასამართლომ დროებითი განკარგულება მიიღო, რომ ბავშვი 15-15 დღით ორივე მშობელთან დარჩენილიყო. ერთხელაც, წარმომადგენელმა დედის ოჯახიდან ბიჭი ფიზიკური დაზიანებების ნიშნებით წამოიყვანა, რაც ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაზარალებულად ცნობილი არ არის, ამიტომ ადვოკატი ბავშვის დაზარალებულად ცნობას და მისი სრული დაცვით უზრუნველყოფას მოითხოვს.

ქრონიკა+“ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრება:

_ მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები რ. გ.-ს წარმომადგენელი ვარ. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც 2014 წლის 24 მარტს დაიბადა. ბავშვს დაბადებიდანვე ანემია აღმოაჩნდა. იაშვილის კლინიკაში იყო რეგისტრირებული და სერიოზულად მკურნალობდა.

_ დაბადებისთანავე სჭირდებოდა აღნიშნული მკურნალობა?

_ დიახ, მაშინვე დასჭირდა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ავადმყოფობა მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. დაბადების შემდეგ, დაახლოებით ივნისში, ბავშვის დედამ, გარკვეული პირობების გამო, ოჯახი დატოვა. მანამდე კარგი ცხოვრების პირობები ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ შვილს მეუღლე მკურნალობდა, მეუღლესაც არაფერს აკლებდა. ეტყობა, პიროვნებებს შორის გარკვეული შეუსაბამობა იყო, გოგომ ოჯახი მიატოვა და მშობლების სახლში წამოვიდა.

_ სად წამოვიდა თავის სახლში?

_ კასპის რაიონში, ერთ-ერთ სოფელში. ბავში მამამისთან დატოვა. ამის შემდეგ ბავშვს მამა ზრდიდა, არაფერს აკლებდა. საავადმყოფოში რეგისტრირებული იყო და მკურნალობდა. მდგომარეობა აშკარად უკეთესობისკენ მიდიოდა.

2014 წელს დედამისმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა კასპის რაიონის სოფელში მოითხოვა, სადაც თავად ცხოვრობდა. მოკლედ, თავისთან წაყვანა და მამისთვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა. პროცესს მცხეთის სასამართლოში დიანა გოგატიშვილი (მოსამართლე) აწარმოებდა. სანამ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, დროებითი განკარგულება მიიღო და ბავშვის მშობლებთან ყოფნის ვადები განსაზღვრა _ 15 დღე დედასთან და 15 დღე მამასთან. ამ პერიოდში ვცდილობდი, რომ ცოლ-ქმარი შემერიგებინა. ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ. ჩემთან სახლში შევკრიბე, დაველაპარაკე. ეს ბიჭი, რ.-ი, უფრო მონდომებული იყო მეუღლესთან შესარიგებლად. გოგოს მიზეზზე რა გითხრათ, _ მამაჩემი უფლებას არ მაძლევსო და ა. შ., ანუ მის ოჯახს სიძის მიმართ აგრესია, შეუთავსებლობა ჰქონდა.

რამდენიმე დღით შერიგდნენ. ჩვენთან საუბრის შემდეგ ორივე ერთად გავამგზავრე. ამ ბიჭს ბინა ჰქონდა ნაქირავები. ორი დღის შემდეგ გოგო სახლიდან ისევ გაიქცა. ის ზედმეტად ემოციური და აგრესიული იყო. ეს 15-15-დღიანი სასამართლოს განკარგულება რომ გაიცა, ჩვეულებრივად მე ვიყავი შუამავალი და ბავშვიც მე მომყავდა ერთი სოფლიდან მეორეში და პირიქით… ბოლოს, სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ბავშვის საცხოვრებელ ადგილად კასპის რაიონის ერთ-ერთი სოფელი განსაზღვრა. მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა, ფაქტობრივი გარემოებისა, რომ იმ ოჯახში არ იყო ჯანსაღი მდგომარეობა, რეალურად, ერთი ვიზიტის შედეგად გაკეთებული დასკვნა გაითვალისწინა, რომელიც რაიონის სოციალური სამსახურის მუშაკებმა დაწერეს… იქაც თავისი კი არა, ბიძაშვილის სახლი აჩვენეს. მერე დავადგინე, რომ იმ სახლში სულ სხვა აღწერილობაა და ბავშვი სხვა სახლში ცხოვრობს. არ მესმოდა „ფეშენ-სახლის“ გამოჭიმვა, როდესაც რეალურად ბავშვის სამყოფლად სხვა სახლი უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი.

_ ეს დასკვნა კასპის სოციალურმა სამსახურმა დაწერა?

_ დიახ. ამის შემდეგ ბავშვი 15 დღით წაიყვანეს, დროებითი განკარგულების გათვალისწინებით.

_ სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება სრულად რას ითვალისწინებდა?

_ საცხოვრებელ ადგილად კასპის რაიონი განისაზღვრა და მამას ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

_ მაგრამ ეს 15-15-დღიანი დათქმა მაინც მოქმედებდა?..

_ დიახ. რადგან პირველი ინსტანციის სასამართლო საბოლოო არ არის და გასაჩივრების უფლებაც არსებობს, ჩვენ ეს გავასაჩივრეთ და ბავშვის სამყოფელს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვითხოვდით. ალიმენტის დაკისრებაც კანონის დარღვევად მივიჩნიე და რატომ, _ ალიმენტი ეკისრება იმას, ვისაც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია და მთელი ეს პერიოდი ყველაფერში სწორედ მამა მონაწილეობდა. მესმის, დედამისს, შეიძლება, საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ აქ უფრო ფინანსური ინტერესი ჰქონდათ, მამისგან თანხა წამოეღოთ. მთელი ეს პერიოდი, ბავშვი 15-15 დღე რომ აქეთ-იქით მიდიოდა, ინტენსიური კონტაქტი მქონდა სოციალურ მუშაკებეთან, _ ვუგზავნიდი წერილებს, საქმის კურსში ვაყენებდი და ვითხოვდი, რომ ბავშვი დარეგისტრირებულიყო იქ, სადაც ცხოვრობდა (ჯერჯერობით მაინც, რადგან იაშვილის კლინიკაში აცრები და მთელი რიგ საქმეებია მოსაგვარებელი და უნდა ვიცოდე, ეს ყველაფერი როგორ იქნება).

წერილებზე ერთსა და იმავეს მპასუხობდნენ, _ დღეს ვიყავითო. როგორც ვატყობ, სოციალურ მუშაკს ერთი ვიზიტი ჰქონდა შესრულებული. შესთავაზა, _ რეგისტრაციაში ავიყვანოთო… რაც არ განხორციელებულა. შემდეგში არც გადაუმოწმებიათ, ბავშვი დაარეგისტრირეს თუ არა.

ბავშვი მიმყავდა და მომყავდა. რამდენჯერმე რ. გ.-მა რჩევა მთხოვა. _ რა ხდება-მეთქი?

_ ყოველ მეორე დღეს, როცა ბავშვი იქ იყო, ღამის 2-3 საათზე დედის ტელეფონიდან ირეკებოდა და ბავშვის არანორმალური კივილის ხმა ისმოდაო. რ.-ს ამაზე ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა.

_ ალბათ, ბავშვს ან გაეღვიძა, ან შეუძლოდ არის-მეთქი. არადა, თითქმის ყოველი ჩასვლის დროს ასე ხდებოდა.

ვიფიქრე, რომ ბავშვია, შეიძლება, რაღაც ასტკივდა, ტირის, მშობელი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს-მეთქი.

ამის შემდეგ საქმე აპელაციაში გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტი გაუქმებულიყო, ბავშვი მამასთან ყოფილიყო, რადგან ის ზრუნავდა თავიდან ბოლომდე. იმ პერიოდში მე ორივე ოჯახს ვიცნობდი, რადგან ერთგანაც ჩავდიოდი და _ მეორეგანაც.

2015 წლის 2 ოქტომბერს რ.-ი მირეკავს, _ კასპის რაიონის სოცმუშაკმა დამირეკა და მითხრა, მ.-ს დაურეკავს და უთქვამს, რომ ბავშვი ავადაა, ვირუსი აქვს, მაღალი სიცხე და იქნებ, წარმომადგენელი 10 ოქტომბრის შემდეგ ჩამოვიდეს, წაიყვანოსო.

_ რ.-ნ, მე იცი რას ვიზამ, მაინც ჩავალ, ბავშვს ვნახავ, რა მდგომარეობაშია და თუ ვირუსი, სიცხე აქვს, სხვა საქმე იქნება-მეთქი.

მანქანით ჩავდიოდი, მძღოლი მაკითხავდა, რადგან ბავშვთან ერთად საჭესთან ჯდომა რთულია.

3 ოქტომბერს მანქანით წავედით. როცა ოთახში შევედი, მე იქ ბავშვი სიცხით და ვირუსით ვერ ვნახე. ეს იყო სასწაულად დაზიანებული ბავშვი: ლოყაზე, ყბაზე, შუბლზე, ყბის ქვევით, ტუჩებზე დაზიანებები ჰქონდა. ბავშვს ეგრევე მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე.

_ რა გითხრეს ამაზე ოჯახში?

_ ხმა არ ამომიღია, კითხვა-პასუხის რეჟიმში შესვლა სრული უაზრობა იყო. როგორც კი ვთქვი, ეს ბავშვი მიმყავს-მეთქი, მაშინვე დიდი ბებია  (რომელსაც ატამანას ეძახიან) აყვირდა, _ რას ჰქვია, ბავშვი მიგყავს, ღმერთი ზემოდან იყურებაო და ა. შ.

_ ქალბატონო, დღეს ბავშვის წაყვანის ვადაა და უნდა წავიყვანო, გინდათ თუ არა-მეთქი. ერთი კი ვიკითხე, _ ბავშვს ეს რა დაემართა სახეზე-მეთქი? _ წაიქცაო. _ როგორ, ბავშვი არ დადის და ასე როგორ წაიქცა, ლოგინიდან გადმოვარდა, გადახტა თუ როგორ მოხდა-მეთქი? მერე გავჩერდი, საუბარს აზრი არ ჰქონდა. მოვკიდე ბავშვს ხელი და წამოვიყვანე, მამამისს ჩავაბარე. იქვე ბაბუა და ბებია იყვნენ. ვუთხარი, რომ ეს ამბავი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს-მეთქი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დარწმუნებით ცოდნა მჭირდებოდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და არა სხვა რამე.

ბავშვი მცხეთის პოლიციაში წაიყვანეს. როცა გაიგეს, რომ ბავშვი კასპის რაიონში დაზიანდა, გვითხრეს, იგოეთის განყოფილებას უნდა მიმართოთო. მერე გადაეგზავნათ, მიეღოთ და დაეწერათ, რეაგირება მაინც მოეხდინათ. ასე სიტყვიერად გამოუშვეს.

ვუთხარი, _ მაშინ ბავშვი წაიყვანეთ და ექსპერტიზა ჩაუტარეთ-მეთქი. 3-ში წამოვიყვანე და შაბათ-კვირა დაემთხვა. 5-ში ექსპერტიზაზე მიიყვანეს. ექსპერტიზამ ბავშვი იმწუთშივე შეამოწმა, შპს მედკაპიტალში სამედიცინო ცნობაც გაკეთდა, სადაც ბავშვი იყო რეგისტრირებული. მათ შორის ნევროპათოლოგმა შეამოწმა და ყველამ სერიოზული დასკვნები დაწერა: რომ ბავშვი ძალიან აგრესიული, დაზიანებული იყო და ესეც საქმეში დევს.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში წერია:

,,მოქალაქე ე. გ.-ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას შუბლის, მარცხენა ლოყის, მარცხენა ქვედა ყბის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ცხვირის, მარჯვენა ლოყისა და მარჯვნივ ქვედა ტუჩის მიდამოში _ პირის მარჯვენა კუთხესთან ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. შუბლისა და მარცხენა ქვედა ყბის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები განვითარებულია სასამართლო სამედიცინო შემოწმებამდე 7-12 დღით ადრე. ნაჭდევები და მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით 3-4 დღისაა“. ამის შემდეგ განცხადება კასპის რაიონის პოლიციაში შევიდა. საჩივარი რ. გ.-მა დაწერა, რომ ბავშვი ჩემმა წარმომადგენელმა დაზიანებული მომიყვანაო. დავიკითხე, ასევე დაიკითხა მძღოლი, რომელიც მანქანით ჩემთან ერთად იყო. დაიკითხა მამამისი და სხვა დანარჩენი.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით: ძალადობა ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ.

_ საქმე როგორ წარიმართა?

_ 9 ოქტომბრიდან დღემდე არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მოსულა, რომ ბავშვი დაზარალებულად არის ცნობილი. _ მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ საფუძველი არ გვაქვს, ბავშვი დაზარალებულად ვცნოთო. ეს პასუხი მივიღეთ როგორც ოლქის პროკურატურიდან, ასევე მთავარი პროკურატურიდანაც, სადაც ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადება შევიდა. ისევ ოლქს გადაუგზავნეს და იქიდანაც იგივე პასუხი მიიღეს.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ბათილად ცნონ და გაუქმდეს ბავშვის დაზარალებულად არცნობის თაობაზე გადაწყვეტილება. ამაზე დადგენილება მიიღეს, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, რადგან ბავშვს დაზარალებულად არ ვცნობთ და ეს გამოძიების ინტერესებიაო.

მივმართეთ სახალხო დამცველს, აპარატი ჩაერთო. ბოლოს რ.-მა დარეკა და ამბავი იკითხა. გვითხრეს, რომ კომისიურ ექსპერტიზას ვატარებთო. ოქტომბრიდან მარტამდე რომელ კომისიურ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია. კასპის რაიონის საგამოძიებომ ყველაფერი სახალხო დამცველის აპარატს უთხრა. ეს იმ დროს, როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ადგილზე იყო მიტანილი. ბავშვს დაზარალებულად არ ცნობენ და თურმე საქმის გამოძიება მიმდინარეობს. რეალურად, რას იძიებენ, ჩვენთვის უცნობია.

უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამოვდივარ და ხელს არავის ვადებ. ჩემი შეფასებით, თვითონ იმ ოჯახში არსებული ვითარება ძალიან არამყარი და არაჯანსაღი იყო. თუ სააპელაციოში და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც მოწმეების ჩვენებებს გავითვალისწინებთ, გოგოს მამას, ოჯახის უფროსს, აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა, ასევე შვილს მამის მიმართ, მამა გარბოდა, ასევე დედა _ მეორე მხარეს და ა. შ. შესაბამისად, ბავშვისთვის მიუღებელი გარემო იყო.

ყოფილა შემთხვევა (სატელეფონო ჩანაწერიც არის), თუ როგორ გამოაგდო ოჯახის მამამ დედა და მ.-ი; როგორ წავიდნენ ისინი ბებიასთან, როგორ რეკავდა იქიდან ნათესავი და რუსლანს ეუბნებოდა, _ მ.-ი წაიყვანეო. მ.-ი ამბობდა, _ მე არსად წავალო და ა. შ.

ყოფილა შემთხვევა, რ.-ისა და ჩემი თანდასწრებით უთქვამს, _ მაგ ბავშვს მაინც წავიყვან და გაგამწარებო. სამწუხაროდ, ასეთი ტერმინოლოგია ჰქონდათ. აზერბაიჯანული არ ვიცოდი, მაგრამ რ.-ი რომ იძაბებოდა და ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი, ერთი ნახე, რას მეუბნებაო. და რას-მეთქი? _ აი, ასე, წავიყვან და გაგამწარებო.

იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი მომხდარია, არც სოციალურ სამსახურს, სააგენტოს, არც გამოძიებას არ მოუთხოვია, რომ ის 15-დღიანი დროებითი განკარგულება სასამართლოს გაეუქმებინა. ესეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეაო.

უბრალოდ, შემდეგში როდესაც საქმე აღიძრა, მე თვითონ, როგორც წარმომადგენელმა, სოციალური სამსახურის მცხეთისა და კასპის რაიონის ხელმძღვანელობას მივწერე. ვუთხარი, რომ საქმე აღძრულია და პროცესში ნუ ჩაერევიან. როგორც მამა, ასევე მე, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვს ვერ გავატანთ-მეთქი. ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

იგივე ტექსტით მივმართე გამოძიებას, რომ აქ თქვენი ინტერესიც ხომ არსებობს-მეთქი? ღმერთმა დაიფაროს და რაღაც რომ არ მოხდეს, კეთილი ინებეთ, შედით სასამართლოში და გამოძიების ინტერესით შეაჩერეთ, ან გააუქმეთ გარკვეული პერიოდით ეს დადგენილება-მეთქი. მაგდაგვარი არც გაუკეთებიათ.

ასევე 2 ოქტომბრიდან, რაც კი ბავშვი წამოყვანილია, დედამისი არ მოსულა და ბავშვი წესიერად არ უნახავს.

_ ამას რას უკავშირებთ?

_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ბავშვი მართლა უნდა, ჯერ გამოძიება დამთავრებული არ არის, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, მას სურვილი არ აქვს, რომ თავისი შვილი ნახოს, რომელიც ყოველდღე და ყოველ წამს იზრდება? ერთხელ თუ ამოვიდა და ფეხსაცმელები მოუტანა ბავშვს. სურათზე ასახული დაზიანებები კი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნამწვებია. ექიმებმა თქვეს, დამწვარიაო. წარმოიდგინეთ, წლისა და ორი თვის ბავშვია, აქ რას უნდა დაეწვა?

_ რა მოხდა?

_ რ.-მა ასეთი რაღაც მითხრა, _ ასანთს რომ ვანთებ, ბავშვი სულ ასეთ რაღაცას აკეთებს _ ხელს ლოყაზე იდებს და მექანიკურად უკან იწევაო. არ ვიცი, ამაზეც თუ წავიდნენ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბავშვი ნივთად არის გამოყენებული. ახლა პოზიცია ასეთია, რომ რ.-ნი დაბრუნდეს და ეს გოგო წაიყვანოსო. ოჯახის უფროსებს სურთ, რომ მ.-ი ისევ დაბრუნდეს თავის ოჯახში. აქ ყველაზე მეტად არც რ.-ის ცოლი მაინტერესებს და არც მ.-ის ქმარი. მე აქ ბავშვი მაღელვებს და ახლა მამის ოჯახში იდეალურ მდგომარეობაშია. ჩემთან ოჯახშიც მოჰყავს ეს ბავშვი, ვნახულობ და დანახვაზე სულ ბაბუ-ბაბუს გაიძახის, მაგრამ საქმის გამოძიება გაჩერებული და მიგდებულია. და მთავარი: ექსპერტი აცხადებედა, _ დამიბარონ და დამკითხონ, მე რატომ არ მიბარებენო? ამ დროს სახალხო დამცველს ეუბნებიან, რომ კომისიურ დასკვნას აკეთებენ. ამასობაში 6 თვე გავიდა.

_ რას ითხოვთ?

_ ელემენტარულად, კანონის თანახმად, გამოძიებამ ბავშვი დაზარალებულად ცნოს. აბა, რა საქმეს იძიებს და ვის მიმართ? ბავშვი არ არის დაზარალებული? თუ ასე არაა, მაშინ რა საქმის აღძვრა და გამოძიება მიმდინარეობს, რის საფუძველზე? დაზარალებული არ არის და ოჯახში ძალადობა ვის მიმართ მოხდა? მერე თვითონ არკვიონ, დედამისი იყო, ბებიამისი, ბაბუამისი, უმცროსი ძმა თუ ვინ. ამიტომ საფუძველი ბავშვის დაზარალებულად ცნობაა.

_ ამ ბავშვისთვის, ოჯახისთვის გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ ასეთი შემთხვევა, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ორჯერ მოხდა. ამიტომ აქ თუ რაღაც კანონიერი ზღვარი არ დაწესდა (შენ უფლება არ გაქვს, რადგან ამაზე პასუხისმგებელი ხარ და სხვ.) შედეგი არ იქნება. სასამართლო პროცესი 6 თვეა, მიდის. დედამისი ამდენი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა და ახლა პროცესზე თამამად მოდის. ისე ზის, ვითომც არაფერი. ე. ი. ვიღაცისგან ინფორმაცია აქვს მიღებული, რომ ნუ გეშინია, ეს ასე ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, შენ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვსო.

ბავშვისთვის დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უფლება მას შემდეგ იქნება დაცული, როცა გამოძიება რეალურად და კანონის მიხედვით იმოქმედებს, რადგან ძალადობის შემადგენლობის მეტი ნიშანი არ არსებობს. ღმერთმა დაგვიფაროს და ბავშვი, მაინცდამაინც, ხომ არ უნდა მოკვდეს?! ამიტომ ოჯახური მდგომარეობა ნაკლებად მაინტერესებს, აქ, უპირველესად, ბავშვის უფლება არის დასაცავი. ეს იმიტომ კი არა, რომ რ. გ.-ის წარმომადგენელი ვარ. ყველაფერი შეფარდებითია, დედობის უფლებაზე ვერ ვისაუბრებ, ერთადერთი ბავშვის უფლებაზე ვსაუბრობ და ის დაცული უნდა იყოს.

_ ახლა რა მდგომარეობაშია?

_ შემიძლია ჩამოგიყვანოთ, ან ერთად ავიდეთ და ვნახოთ. ბავშვი იდეალურ მდგომარეობაშია. ბოლო სასამართლომდე მცხეთის რაიონის სოცმუშაკი თამარ ნოზაძე ავიდა მამამისის სახლში და ასეთ მდგომარეობაში ნახა. მკურნალობას აგრძელებს, აცრები ჩაუტარდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა… იმას კი არ ვამბობ, რომ დედა ცუდია, ამის განსაზღვრა ჩემი კომპეტენცია არ არის. მთავარი ბავშვია და გამოძიებამ თავისი საქმე გააკეთოს. ნუარავის ნურაფერს ჰპირდება, დაუსჯელი კი არავინ უნდა დარჩეს. და ეს დანაშაული, 126-ე პრიმა მუხლი, მაინცდამაინც, ციხე არ არის, ჯარიმაც არის და სხვა პასუხისმგებლობაც. ცოდოა, ბავშვი, ლამის ჩემი შვილიცაა, ბავშვებთან ერთად მასთან ავდივარ და ჩამოვდივარ.

ახლა იმის თქმა, რომ ბავშვი წაიქცა, ეს მტკიცებულება არ არის. მესმის, ერთხელ წაქცევა, რაღაზე ურეკავ სოცმუშაკს, რომ არ მოვიდნენ და მალამოებით გინდა ეს სისხლჩაქცევები მოურჩეს? ერთი ქალი ამბობს, წაიქცა და სახე დაარტყაო. ვუთხარი, _ ასე ერთ დარტყმაზე ცხვირი, შუბლი, ყბა, ლოყა ერთდროულად როგორ უნდა დაარტყას, ერთი ამიხსენი-მეთქი. ეს ხომ ფანტაზიის სფეროა? ამ დროს გამოძიება არაფერს აკეთებს. ამის გარეშე ბავშვი დაცული ვერ იქნება. ხვალ მომადგებიან და იცით, რას მეტყვიან? აგერ მაქვს 15-დღიანი გადაწყვეტილება, რომელიც არ გააუქმეს და ბავშვი უნდა წავიყვანოო. მამამისმა ბავშვი რომ არ გაატანოს, პირველად გააფრთხილებენ-დააჯარიმებენ და მერე 30 დღით ციხეში ჩასვამენ, რადგან დროებითი განკარგულება 15 დღეზე ისევ მოქმედებს.

გამოძიებას სწორედ ამას ვეუბნები, _ მოდით, რა, საგამოძიებო ინტერესი მაინც არ გაგაჩნიათ? იქნებ, მართლა დამნაშავეა ბავშვთან დამოკიდებულებაში ოჯახის რომელიმე წევრი. სულ არ აინტერესებთ.

 

.-, ბავშვის დედა:

_ ქალბატონო, რა მოუვიდა ბავშვს, რის გამო მიიღო ფიზიკური დაზიანებები?

_ წაიქცა და სახე, შუბლი დაარტყა. ჩვენ გარეთ ვიყავით.

_ წაქცევის დროს მარტო იყო?

_ დიახ.

_ ხომ არ აპირებთ . .-თან შერიგებას, ერთად ცხოვრებას?

_ თვითონ რ.-ი აპირებს შერიგებას? თუ ამას აპირებს, მაშინ ეს საქმე რატომ გააკეთა, სისხლის სამართლის საქმე რატომ აღძრა? ბავშვია, წაიქცა და რა ვქნა ახლა? თვითონ რ.-თან არასოდეს წაქცეულა? ექვსი თვეა, იქ არის. თუ მას შერიგება უნდა, საქმე ასეთი გზით რატომ წაიყვანა? სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რატომ მოითხოვა? ამიტომ მე არ მინდა მასთან შერიგება.

_ როგორ ფიქრობთ, ბავშვი სად უნდა დარჩეს, ვისთან უნდა გაიზარდოს?

_ აბა, ჯერ თქვენ მითხარით, ბავშვი ვის ეკუთვნის?

_ ალბათ, დედას, მაგრამ სადაც ნორმალურ პირობეში გაიზრდება

_ ორი წელია, ჩემი ბავშვი წესიერად არ მინაავს…

 

აქ სატელეფონო კავშირი გაწყდა. კიდევ ერთხელ დარეკვაზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომ მ.-ი ტირის და საუბრის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

რედაქციის მინაწერი: გამომდინარე იქიდან, რომ არ დავარღვიოთ ბავშვის უფლებები, იდენტიფიცირების გამორიცხვისა და სასამართლოს დასრულებამდე, ვიტოვებთ უფლებას ვწეროთ მხოლოდ ფაქტზე, ინიციალების გამოყენებით, გეოგრაფიული არეალის დაკონკრეტების გარეშე და დავიტოვოთ იმედი, რომ შესაბამისი ორგანიზაციები ამ დავაში ჩაერთვებიან.  

 

                                                                                                           გელა მამულაშვილი