ჯონი კვარაცხელია: „რაც „ქრონიკა+“-ში მასალა გამოქვეყნდა, ჩვენ მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს!“

j1

 

ცოტა ხნის წინათ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მუშაობას აკრიტიკებდა, გარჩევების საგანი გახდა. დაძაბული სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაზარეს“ ხელმძღვანელი _ ჯონი კვარაცხელია:

_ როგორც კი თქვენს გაზეთში ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა იმის თაობაზე, თუ რა ხდება აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საჭოში, რა თქმა უნდა, იქაურ მესვეურებს არ მოეწონათ. როცა ასეთ მწარე სიმართლეს წერ, ვის გაუხარდება?! როგორც მითხრეს, ამ მასალას შიგნით დიდი არეულობა მოჰყვა. ყვირილ-წივილი ხელმძღვანელისგან, როგორ არ ვიცოდი, რომ ასეთი რამე იბეჭდებოდა გაზეთშიო?! და იქ ვისაც ევალებოდა, სამსახურის უფროსი იყო თუ რიგითი თანამშრომელი, ყველას მწარე საყვედური გამოუცხადა. ამას კიდევ რბილად ვამბობ. ასევე შეფუცხუნდნენ უმაღლეს საბჭოში. ჩვენს ინტერვიუში გაიჟღერა დეპუტატ რუდიკ ცატავას გვარმა, რომელიც ძალიან შეწუხდა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ არ არიან ასეთი ცუდები და დაახლოებით 4 საათი მოგვიწია იმის მოსმენა, რა კარგები არიან. გახსოვთ, გამწვანებისთვის დახარჯულ თანხებზე ვსაუბრობდით და კითხვა შევუბრუნე, _ რას ამწვანებთ, რომლის გამოც ბიუჯეტიდან თანხებია დახარჯული და საერთოდ, რატომ უნდა ეხებოდეს დევნილებს დედაქალაქის ერთ-ერთი ნაგავსაყრელის გამწვანება-მეთქი? ასეთი პასუხი გაგვცა, _ აბა, რა ვქნათ, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთო! ამ მასალამ მიზანს მიაღწია და შედეგი გამოიღო, დღემდე ამ ინტერვიუს შესახებ ლაპარაკობენ, ჩემი სახელი და გვარი უკვე ზეპირად იციან ორივე უწყებაში. „ქრონიკა+“-ის მეშვეობით ერთ დღეში პოპულარული გავხდი.

ამის შემდეგ ისევ გავაგრძელეთ იმ თემებზე მუშაობა, რომელზედაც გაზეთიდან ვისაუბრეთ და მესამე წერილი შევიტანეთ საჩუქრებთან დაკავშირებით. ერთი და იგივე კითხვაზე პასუხი რომ ვერ მივიღეთ, გადავწყვიტეთ, მესამედ შეგვეტანა განცხადება და თუ კიდევ ვერ მივიღებდით პასუხს, სასამართლოს ძალით მოგვეპოვებინა ინფორმაცია. ასევე ვაპირებდით მიგვემართა პროკურატურისთვის, რომ გამოგვეძიებინა კონკრეტულად საჩუქრების ამბავი. ამ წერილის მიწერის შემდეგ ოფიციალური პირები შეგვხვდნენ, პასუხიც მოგვწერეს, მაგრამ საჩუქრებზე საერთოდ არაფერი იყო გაჟღერებული. სიტყვიერად გვითხრეს, ეს საჩუქრები ალილოსთვის იყო განკუთვნილიო. სასაცილოც აღარ არის მათი პასუხი, ეს ფაქტი 23 დეკემბერს დავაფისქირეთ და ალილო 7 იანვარს იყო, ან ალილოსთვის განკუთვნილ საჩუქრებს რატომ ჰქონდა ბარათებზე დაწერილი უსუფაშვილის, ვოლსკის და სხვების გვარები?! ალილოზე ბავშვებს  ძვირადღირებულ კონიაკებს ურიგებენ?! ჰგონიათ, რომ ამით ჩამთავრდა ყველაფერი…

_ პირად საუბარში მითხარით, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

_ გმირთა მოედანზე, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალია, 16 მარტს მივედით და „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ. იქ ასევე იყვნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. მათ აფხაზეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრი აქვთ, სადაც ბორდის წევრია 21 ადამიანი, ეს იმ დროს, როცა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბორდში 9 კაცი ჰყავს. საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 არხი აქვს, რადიო, ამათ კიდევ მე-2 არხზე კვირაში ერთი საათი ეთმობათ. 250 000-ლარიანი ბიუჯეტია გაწერილი. პირდაპირ ვუთხარი, ბრეჟნევის დროში გეგონებათ თავი, მათ გადაცემას რომ უყუროთ. დევნილებზე, ვეტერანებზე, პრობლემებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. პიარდებიან მთავრობის წარმომადგენლები, თურმე რა კარგი კაცია ვახტანგ ყოლბაია, დითირამბებს უძღვნიან, რა კარგ ღონისძიებებს ატარებენ და ა. შ. ეს არის აფხაზეთის ხელისუფლების პირადი ტელევიზია. სადაც საერთო ღონისძიებებზე გვიხდება შეხვედრა, ტელევიზიით ჩვენზე ყოველთვის ნეგატიურად საუბრობენ. სოხუმის უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები იყო და ამის შესახებ მასალა რომ მოამზადეს, იქ ისე გააშუქეს, თითქოს ჩვენ კონკრეტულ მხარეს წარმოვადგენთ და ობიექტურები არ ვართ. მეორე შემთხევვა იყო, როდესაც კადიევის საკითხთან დაკავშირებით გვქონდა აქცია დევნილთა სამინისტროსთან, იქაც მობრძანდნენ, გადაიღეს, მაგრამ არ ესიამოვნათ, როდესაც ერთ-ერთმა სპიკერმა აქციაზე განაცხადა, რომ ეს საინფორმაციო ცენტრი მიკერძოებულია. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი გავეცით, მაგრამ სიუჟეტში უკვე ნეგატიურად გააშუქეს. გმირთა მოედანზე რომ დავინახეთ, ბრეჟნევიზაცია გრძელდებოდა და მხოლოდ იმას იღებდნენ, ყოლბაიამ რა კარგი გვირგვინი მიიტანა მემორიალთან, ჟურნალისტის მოძებნა დავიწყე, მინდოდა მეკითხა, _ რატომ არ აინტერესებდა დევნილების აზრი, მათ შორის, ჩვენი? ოპერატორს გავესაუბრე და ვუთხარი, რატომ იღებთ, მაინცდამაინც, მათ, თქვენ ხომ ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებით-მეთქი? ჩვეულებრივ ვსაუბრობდით, უცხო კი არ არის, ვიცნობთ ერთმანეთს. ამ დროს ჩვენს საუბარში მეორე ოპერატორი ეჭრება, არც ვიცოდი, რომ ოპერატორი იყო. პროვოკატორებს გვეძახის, მერე გაიქცა, მანქანაში კამერა შეინახა, ალბათ, რომ არ დაზიანებულიყო, წამოიყვანა თავისი ძმაკაცები, როგორც შემდეგ გაირკვა, ერთ-ერთი მათგანი მძღოლი ყოფილა და კონკრეტულად ჩვენთან მოვიდა საჩხუბრად, გინება დაგვიწყო. ქართველებში დედის გინება ვიცით, რისი ტოლფასიც არის და ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. ამ დროს ჟურნალისტი ელისო ხუტკუბია ყვირის, _ გადაიღე, გადაიღეო! რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი არ ყოფილა. საღამოს ვხედავთ, რომ სხვადასხვა სააგენტოს მეშვეობით ავრცელებენ განცხადებას, თითქოს ჩვენ თავს დავესხით ჟურნალისტს და აჩვენებენ ფალსიფიცირებულ კადრებს. ამის უყურადღებოდ დატოვება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც ხალხი უყურებს, რომ ჟურნალისტს თავს ესხმი, ეს ცუდად ჟღერს. თან ჩემზე ამბობდა, ყელში მეცა და მახრჩობდაო. გავეცით სათანადო პასუხი, აღვნიშნეთ, რომ ეს ხდება ზუსტად იმ ინტერვიუს შედეგად, რომელიც „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ჩვენ მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ყოველთვის ცდილობენ, ჩვენზე ნეგატიურად ისაუბრონ, ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო გმირთა მოედანზე მომხდარი ინციდენტი. ჩვენი კამერაც მუშაობდა ამ დროს და ჩანაწერები გვაქვს, რა მოხდა სინამდვილეში.

_ აფხაზეთის მთავრობამ ჩვენთან საუბრისას არასერიოზულად შეაფასა თქვენი მუშაობა, პრესსამსახურში ისიც კი თქვეს, „აფხაზთა კრება“ ჰქვია და კარგი იქნება, ერთი აფხაზი მაინც ჰყოლოდათ ორგანიზაციაშიო…

_ მაგათ არ აქვთ გათვითცნობიერებული ის, რომ ჩვენ აფხაზები ვართ. ის ვინც აფსუაა, თავს აფხაზად ასაღებს. ჩვენ ეროვნება აფხაზი არ ვიცით. სხვათა შორის, ეს რუსული იდეოლოგიაა! რა გამოდის, თუ ისინი არიან აფხაზები და ჩვენ ქართველები ვართ, ისინი ცხოვრობენ აფხაზეთში და ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში?! ჩვენ ყველანი ვართ აფხაზები. აფხაზი იგივე ქართველია, როგორც მეგრელი, სვანი, კახელი… შეგნებულად ამკვიდრებენ აფხაზეთის მთავრობაში ტერმინს აფხაზი. კახელი ან იმერელი არსებობს? რაც რუსებს უნდათ და სეპარატისტებს, ესენი თვითონ უწყობენ ხელს! კარგად იციან, რას ნიშნავს „აფხაზთა კრება“ და რა იდეოლოგიაა, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამის ეშინიათ! აფხაზები „აფხაზთა კრებას“ არ ახსენებენ, ამის ეშინიათ, რაღაც ორგანიზაციას, გვარს და სახელს დაწერენ, მაგრამ ამას არ იტყვიან. უცხოელი რომ ჩამოდის და ელაპარაკებიან, „აფხაზთა კრებამ“ რაღაც განცხადება გააკეთაო, კითხულობს, სადაა ეს „აფხაზთა კრებაო“? პასუხია, _ თბილისში, ეს დევნილები აფხაზები არიან, ამას ძალიან დიდი ეფექტი აქვს, რასაც ესენი ვერ ან არ აცნობიერებენ! მაგალითს გეტყვით: როცა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა იყო და კარასინმა მთავრობას მიუთითა, შეცვალეთ ოკუპაციის შესახებ კანონიო, ამ დროს აფხაზეთის მთავრობა ხმას არ იღებს. ხმას კი არა, ამ დროს უნდა ანგრევდეს ყველაფერს აფხაზეთის ხელისუფლება. ეს ამბავია და ამ დროს ჩემზე აკეთებენ განცხადებას, დასაგმობია ის ფაქტები, რაც გმირთა მოედანზე ხდებაო. მე კი არა, საკუთარ თავს მიუთითონ, როცა თვითონ არიან ამ ყველაფრის მაპროვოცირებლები! სერიოზული თემები არ აინტერესებთ! როცა ვეკითხები, _ რატომ აკეთებთ იგნორირებას თუნდაც პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს აფხაზეთი არასდროს არ ყოფილა საქართველოო? ასე მიპასუხეს, _ თქვენ რა გესმით დიპლომატიის, ეს სვლებია და ჩვენ ყველაფერზე არ ვპასუხობთო. _ რომელზე გაეცით-მეთქი პასუხი?! ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს უწყება საერთოდ იმისთვის არსებობს, რომ მილიონები ჭამონ, პირდაპირი გაგებით! ცენტრალური ხელისუფლებაც იმიტომ არ უზრდის ბიუჯეტს, რომ იციან, ის ფული შეიჭმევა და საქმე მაინც არ გაკეთდება, თორემ საქმისთვის 14 მილიონი არ კმარა. ამათი ქმედებებიდან გამომდინარე, პირიქით, მცირდება ბიუჯეტი, რადგან იციან, ეს ყველაფერი მხოლოდ ამათ ჯიბეებში მიდის.

აფხაზეთის ხელისუფლებამ ანგარიშები 2013 წელს „პრივატბანკში“ გადაიტანა. მოგეხსენებათ, შემდგომ ეს ბანკი გაიყიდა და „საქართველოს ბანკმა“ შეიძინა. შესაბამისად, ამ ბანკში აღმოჩნდნენ, მაგრამ ფაქტია, ამხელა ოპერაციით, როცა 14-მილიონიანი გარანტირებული ბიუჯეტი გადაგაქვს სხვა ბანკში, აქტივების ფასი იზრდება. ამით ვიღაცებმა, ალბათ, ბონუსებიც მიიღეს. ეს ოპერაცია ერთხელ უკვე განხორციელდა და ახლა ისევ დაიწყო. წელს „საქართველოს ბანკიდან“ დაიწყეს „კორ სტანდარტ ბანკში“ ანგარიშების გადატანა თავისი სესხებით, სახელფასო ანგარიშებს თანამშრომლებს იქ უხსნიან და ცდილობენ, კრედიტებიც იქ გადაიტანონ. ამ დროს ეს ძალიან პატარა ბანკია, ძალიან ბევრ ქალაქში საერთოდ არ ფუნქციონირებს, ბანკომატებიც კი არ აქვთ თბილისში. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისევ ფინანსური ინტერესებია და გარკვეულ ბინუსსაც მიიღებენ, ბანკისთვის რამხელა მოგებაა 14-მილიონიანი ბრუნვა წელიწადში და ამისთვის ვიღაცას აუცილებლად დააჯილდოებენ. კონკრეტულად ვინ არის ჩართული ამ საქმეში, გარკვევის პროცესში ვართ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ფინანსური ინტერესებისთვის კეთდება! ასეთი მაქინაციების საკეთებლად სპეციალურად ჰყავთ ადამიანი და ის განაგებს ყველაფერს!

_ ვისზე ამბობთ?

_ არის ასეთი დეპუტატი გივი ლომინაძე, „რუხი კარდინალი“, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაფერს განაგებს, მაგრამ არსად ჩანს. აფხაზეთის ყოფილი შს მინისტრია. ეს ადამიანი ძალიან ბევრჯერ კაზინოებშია შემჩნეული. ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩებს შორის, უმაღლესი საბჭოს შენობის უკან მდებარეობს „ლიდერბეთი“ და იქ ხშირად დაბრძანდება, ძალიან დიდ თანხებს დებს. როგორც ჩანს, ფულის შოვნის პრობლემა არ აქვს და ამ ჩვენი ფულით იღებს სიამოვნებას. ესეც ძალიან საყურადღებოა. ჩვენი მეგობარი ხშირად დადის ამ კაზინოში და იმისგან გვაქვს ინფორმაცია. კულუარულად ისიც გავიგეთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში მერე კაზინოს ამბებს განიხილავენ და ა. შ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა და ის წერს ამ ფინანსურ სქემებს, ის ასწავლის უმაღლეს საბჭოში ათასგვარ მაქინაციას, როგორ მოარგონ საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორ გაითამაშეს ყოლბაიას დანიშვნა თანამდებობაზე, ამისთვის ჯერ კონსტიტუციაში რაღაც ცვლილებები განახორციელეს და ა. შ. მილიონებს როგორ დახარჯავ, როგორ აითვისებ, ეს იცის ძალიან კარგად. თაღლითური სქემები მაგათთვის ახალი არ არის. შარშან, მაგალითად, 40 კაცი წავიდა პრაღაში, არზაყან შერვაშიძის მემორიალი გახსნეს. მთელი მთავრობა, უმაღლესი საბჭო, მათი შვილები და ნათესავები, საერთოდ რომ არ მუშაობენ მანდ, ისეთებიც, ერთი კვირა იყვნენ წასულები. განათლების სამინისტროს პროექტია აფხაზეთის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და ამ ეგიდით იყვნენ, როცა შეიძლებოდა ერთი კაცი წასულიყო და საღამოს ისევ უკან დაბრუნებულიყო. პოპულარიზაცია რას ნიშნავს, _ აქტიურად რომ მუშაობ, ფორუმებში მონაწილეობ, კონფერენციებში, გამოფენებში… აქედან კიდევ 30 კაცი ჩავიდა, გაერთო და ჩამოვიდა. არის კიდევ პროგრამა _ დევნილთა დასვენების ბანაკი, გაჭირვებული ბავშვები უნდა წაიყვანონ დასასვენებლად. როგორც თქვენ არ დაგისვენიათ, ისე არ დაუსვენია იქ გაჭირვებულ ბავშვს, მათი შვილების გარდა.

კონფერენცია ჩავატარეთ თემაზე, _ გალი თანამედროვე რუსული გულაგი, სადაც მოწვეული გვყავდა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. ძალიან ამომწურავი ინფორმაცია გავაჟღერეთ, რაც ხდება დღეს გალში, როგორ დაჩაგრულ მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა და ამ დროს არაფერს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ბოლოს ერთ-ერთი დიპლომატი გვეუბნება, _ ჩვენ ვიცით, რომ გალში ძალიან კარგი ცხოვრებააო. ვკითხეთ, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია და, _ თქვენი ხელისუფლებიდან გვაქვსო. ე. ი. საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ. ვის აწყობს ეს?! დევნილები იმიტომ არ მიდიან აფხაზეთის მთავრობაში, რომ ასეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, ამას თვითონ აფხაზეთის ხელისუფლებამ შეუწყო ხელი, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხებაო. დევნილებიც დადიან სხვადასხვა სტრუქტურაში, ამათ კიდევ აწყობთ, თავის შეწუხება არ უნდათ. ამ დროს სრული ატრიბუტიკა აქვთ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა. რად გვინდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს თანხები, რაც მათზე იხარჯება, ყველა დევნილს განათლება გვექნებოდა უფასო! ბევრი დევნილი ფულის გამო სასწავლებელს ვერ ამთავრებს! სხვა ბევრი პროექტი შეიძლება განხორციელდეს ზუსტად ამ ფულით. აფხაზეთის სტრატეგიაზე და პოლიტიკაზე იმუშაონ, იარონ საზღვარგარეთ, აფხაზეთის თემაზე აკეთონ პროპაგანდა. ამ ყალბი სამინისტროების მაგივრად, არ სჯობია, განათლების პროექტებზე ვიმუშაო, კოლეჯები, დასაქმების ცენტრები გავაკეთო და დავეხმარო, რომ იმ ადამიანმა თვითონ მოიგვაროს თავისი პრობლემები?! ეს არ აინტერესებთ! 10 წლის წინათ რომ დაეწყოთ ეს პროექტები, დღეს სერიოზული შედეგები გვექნებოდა განათლებაზე. 700-შტატიან თანამდებობებს ვინახავთ და რისთვის?! ამაზე მწყდება გული, ეს 20 წელი დაკარგულია არაფრისთვის იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, ეს ფულის საჭრელ მანქანად გადაექცია, მეტი ფუნქცია არ გააჩნიათ, სამწუხაროდ! პირდაპირ ვუთხარი, _ გეყოთ და წადით, თქვენს ყოფნას არაფერი შედეგი არ აქვს-მეთქი! და რა მიპასუხეს, იცით? _ რა შედეგს ელოდებითო?.. არჩევნებზე რომ დავიწყებთ ლაპარაკს, ოღონდ მაგათ არ შეეხო და თუ გინდათ, დამატებით ადგილებზე ვილაპარაკოთო. 23 დეპუტატი ხომ არის, 28-მდე გავზარდოთ, 5-ს დავამატებთო. ოღონდ იქ დარჩნენ, გევაჭრებიან! ასე ესმით მაგათ ჩვენი პროტესტი! ვგეგმავთ შეხვედრას პრეზიდენტთან, ასევე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კონკრეტულად ეს საკითხები ეხება, შევაწუხოთ და გავაგებინოთ, რომ აქ რაც ხდება, ყველაფერი უკანონო და არასწორია! ამიტომ ვისაც ეს ევალება, რეაგირება უნდა მოახდინოს, საქართველოს პრეზიდენტიდან დაწყებული!

„ქრონიკა+“ აფხაზეთის მთავრობის საზოგადოებასთან და  მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა:

_ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელზეც სურთ აპელირება „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს, არ არის სწორი აქცენტი, რადგან „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს არაერთხელ მოუწყვიათ მიტინგები და გარკვეული პროვოკაციები, რაც პრესასა  და ტელევიზიაში დაფიქსირებულია. რაც შეეხება გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს აფხაზეთიდან დევნილებმა, ყველა თაობის ვეტერანებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თუ „აფხაზთა კრების“ წევრებს  რაიმე სახის კონკრეტული მოსაზრება ჰქონდათ, შეეძლოთ მშვიდ ვითარებაში გაეცნოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისთვის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის, მთავრობის წევრებისა და დეპუტატებისთვის. რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ვენდობით აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის  ცენტრის ინფორმაციას. მომხდარი ინციდენტის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო  საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა და შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს. მოვლენების ნეგატიურად გაშუქებასა და იგნორირებასთან დაკავშირებით, კარგი იქნება მოგვმართონ კონკრეტული ფაქტების ჩვენებით.

რაც შეეხება საჩუქრების თემას, „ლაზარეს“ და „აფხაზთა კრებას“ გაეგზავნა საპასუხო ოფიციალური წერილი,  გიგზავნით წერილის ასლს.

რას ამბობენ ,,აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები გივი ლომინაძის თაობაზე, ჩვენიგან ამის შეფასება უხერხულია, რადგან გივი ლომინაძე გახლავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და მას ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია, თავად გიპასუხოთ, მათ შორის, პირად საკითხებზეც.

„კორ სტანდარტ ბანკმა“  მომსახურების უკეთესი პირობები შემოგვთავაზა და შეგვიძლია ვისარგებლოთ არა მხოლოდ „კორ სტანდარტ ბანკის“ ბანკომატების, არამედ „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატების უფასო  მომსახურებით.

 

P. S. ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის გადაცემული საჩუქრების თემაზე „ქრონიკა+“-მა პრესსამსახურს მეორედ მიმართა და შესაბამისი ფოტოც გაუგზავნა, სადაც სასაჩუქრე კალათაზე მიმაგრებულია ადრესატების _ უსუფაშვილისა და ვოლსკის გვარი, რომელიც გაზეთში უკვე დაიბეჭდა. ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ვერც ამჯერად მივიღეთ. მათ მიერ გამოგზავნილი წერლის ასლში მითითებულია მხოლოდ ის, რომ ისინი თანამდებობის პირებს ძღვენს არ უგზავნიან. რაც შეეხება პრესსამსახურის მხრიდან ვინმეს მოღვაწეობის შეფასების უხერხულობის საკითხს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კონკრეტული საკითხი კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეაფასონ. პრესსამსახურის მოვალეობას კი წარმოადგენს ის, რომ დაეხმაროს კონკრეტულ ჟურნალისტს მათი უწყების მიმართ დასმულ კითხვაზე პასუხის მოპოვებაში.

„ქრონიკა+“-მა გივი ლომინაძესთან დაკავშირება სცადა. მან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის, რევაზ გერგედავას მეშვეობით გადმოგვცა, რომ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს ხვალ გასცემდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გაზეთის გამოსვლის დღე იყო და მისი კომენტარის დაბეჭდვა ვერ მოესწრებოდა, აღნიშნა, თუ მასალაში მოყვანილი იქნება ცილისმწამებლური ფაქტები, „აფხაზთა კრებას“  ცივილიზებული გზით სასამართლოში უჩივლებს. რედაქცია იტოვებს უფლებას, რომ სურვილის შემთხვევაში, გივი ლომინაძის პოზიციის დაფიქსირებაც მოხდეს გაზეთის ფურცლებზე.

 

                                                                                                                    თამარ ბატიაშვილი