მარი გულორდავა: ,,გიორგი ფარესიშვილთან მასალები ლევან ჩიტაძემ გამატანა”

3wsx

აუცილებელი განმარტება:

არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს, ან რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ჟურნალისტი თამარ ბოჭორიშვილი. გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გამოქვეყნების დროს ელისო კილაძეს, ანუ მე, მისთვის არაფერი დამიბრალებია. მისი გვარი მოგვიანებით ამოტივტივდა, როცა გაირკვა, რომ ლევან ჩიტაძე, ჟურნალისტ მარი გულორდავას მეშვეობით, გიორგი ფარესიშვილს კომპრომატებს სთავაზობდა გია ხუხაშვილზე და თან ისე, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო.

 

საკითხში სიცხადის კიდევ ერთხელ შესატანად „ქრონიკა+“ ჟურნალისტ მარი გულორდავას ესაუბრა:

_ მარი, გიორგი ფარესიშვილმა იმ დღეებში, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გავრცელდა, თქვა, რომ ჟურნალისტი მას გარკვეულ კომპრომატებს სთავაზობდა გია ხუხაშვილის წინააღმდეგ და შენი ვინაობა დაასახელა. სამი წელი გავიდა… თუ შეგიძლია დეტალების გახსენება?

_ მე და თამარ ბოჭორიშვილს ლევან ჩიტაძემ დაგვირეკა და გვთხოვა, ჩვენთან გამოდითო. ჩვენც ჩვეულებრივად ავედით მის ოფისში, პლეხანოვზე. ახალი გადასული იყო ამ ოფისში. რა ერქვა ორგანიზაციას, ზუსტად არ მახსოვს. ჩიტაძემ მითხრა, რაღაც თემა მაქვს, ექსკლუზივი, გია ხუხაშვილთან დაკავშირებითო. ზუსტად არ მახსოვს, თავიდან მეგონა, რომ ამ თემაზე ლევანთან უნდა ჩამეწერა ინტერვიუ. ეს იყო ჟურნალისტისა და რესპონდენტის საუბარი. მერე მითხრა, რომ მე პირადად ვერ გეტყვი, „ფარესას“ უთხარი და ამ ამბავს მოგიყვებაო.

_ ხომ არ უთქვამს ლევან ჩიტაძეს მიზეზი, რატომ ვერ მოყვებოდა ხუხაშვილის სკანდალის შესახებ?

_ მიზეზი არ უთქვამს, ეს იყო ჩემი გამოუცდელობის ბრალი, ორი-სამი კვირის დაწყებული მქონდა მუშაობა „ალია ჰოლდინგში“, პოლიტიკურ თემებზე ახალი გადასული ვიყავი და არ ვიცოდი, თუ ასეთი ჩაძიებები სჭირდებოდა პოლიტიკურ თემებს. დავურეკე ფარესიშვილს და ვუთხარი, რომ შენთან საქმე მაქვს -მეთქი. _ რა საქმეო? _ მკითხა. ვუთხარი, _ თუ შეგიძლია, ესა და ეს ამბავია და ინტერვიუში მომიყვე-მეთქი. _ კი,  პრობლემა არ არისო, _ დამეთანხმა. რამდენიმე დღის მერე, ზუსტად არ მახსოვს, შეხვედრა დავგეგმეთ.

_ გიორგი ფარესიშვილს მარტო შეხვდი, თუ თამარ ბოჭორიშვილთან ერთად?

_ მარტო შევხვდი, თან რედაქციაში, იქვე შევთავაზე ეს და დავგეგმეთ კიდეც შეხვედრა საბურთალოზე „ნიკალასთან“. რედაქციაში ვიჯექი და იმ დროს ველოდებოდი, როცა უნდა შევხვედროდი. სწორედ მაშინ ვნახე კადრები, რომელიც გავრცელდა,

ანუ ეს ის დღეა, როცა კადრები გავრცელდა. კი, ეს ის დღეა. იმ წუთას დავურეკე გიორგის. მითხრა, რომ მეტროშია. შეხვედრის ადგილას მივედი, გაღიმებული დამხვდა. მივხვდი, რომ არაფერი იცოდა. ვუთხარი, _ შენზე რა ამბავია, გიორგი, კადრები გავრცელდა-მეთქი. _ რა კადრებიო? _ გაიკვირვა. ვუთხარი, რომ მხოლოდ დასაწყისი მქონდა ნანახი. იქვე ინტერნეტკაფეში შევედით. კადრები ნახა. ძალიან განერვიულდა, ძალიან შემეცოდა, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, კანკალმა აიტანა. მითხრა, რომ მობილურზე ანგარიში არ მაქვს, დამარეკინეო. პირველად დედამისთან დარეკა. უთხრა, რომ არ ინერვიულოო. რამდენიმე ზარი ისევ ჩემი ტელეფონით განახორციელა. ცხადია, ინტერვიუ აღარ ჩაგვიწერია. 15 წუთის მერე წავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონი აფეთქებული დამხვდა, სააგენტოები მირეკავდნენ კომენტარზე. პირველი განცდა იყო შოკი. დღემდე ვხვდები, რომ ეს იყო რაღაც დიდი სქემა და ძალიან ბევრი ადამიანია ამაში ჩართული. ვერ გავიგე, მე რა შუაში ვარ, პატარა ჭანჭიკიც კი არ ვარ ამ რგოლში, ამიტომ ძალიან ვინერვიულე და ვამტკიცებდი, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი. დავურეკე ლევან ჩიტაძეს. მან თავი ისე დაიჭირა, რომ თითქოს არაფერი იცოდა. ამაზე სულ გამოვშტერდი. მაშინ რომ გენახე, ჩვეულებრივად მკვდარი ვიყავი.

_ რა გამოდის? ლევან ჩიტაძემ „დაივიწყა“, რაც შენ დაგაბარა გიორგი ფარესიშვილთან და მთელი დარტყმები შენზე წამოვიდა?

_ ყველა დარტყმა ჩემი მისამართით წამოვიდა. მერე იყო ისე, რომ რაღაცნაირად მიწყნარდა ეს ამბავი. ვიღაცებმა დაიჯერეს, რომ მართლა არაფერ შუაში ვიყავი, ვიღაცებმა ისედაც იცოდნენ, იმიტომ რომ თავიანთი დაგეგმილი იყო ეს პროცესი, ვიღაცებმა ხმა ამოიღეს, ვერ ვიტყვი, რომ მე შევეცოდე, უბრალოდ, იმ დროს ისე აწყობდათ, რომ ხმა ამოეღოთ. გიორგი ფარესიშვილთან ამის მერე არანაირი კონტაქტი არ მქონია, ერთადერთხელ ვნახე ლევან ჩიტაძე მიწისქვეშა გადასასვლელში, ახლახან, შემოდგომაზე, ტელეფონზე ვსაუბრობდი, მე ამოვდიოდი და ის ჩადიოდა, გაჩერდა და გადამკოცნა. სიმართლე გითხრა, გავშტერდი, ვერც ვერაფერი ვუთხარი. მკითხა, _ როგორ ხარო? _ კარგად-მეთქი. და ეგრევე გავეცალე. მერე უკან-უკან ვიყურებოდი. ადამიანმა სულში ჩამაფურთა. ისე გადამკოცნა, თითქოს აქაც არაფერი. ცოტა არ იყოს, უხერხული მომენტია, ბევრჯერ მიფიქრია, რატომ მოიქცა ლევან ჩიტაძე ასე? რატომ გამომიყენა მე, როცა ის და გიორგი ფარესიშვილი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ერთი პერიოდი ერთ ორგანიზაციაშიც კი იყვნენ?

 

                                                                                                        ელისო კილაძე