რა ინფორმაცია მოიპოვა „ქრონიკა+“-მა ირაკლი ფხალაძეზე?!

12910494_10208109406948340_266347705_n

15 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე ქართველმა სამართალდამცველებმა ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე დააკავეს. საზოგადოება ელოდა, რომ იმავე საღამოს პროკურატურა ინტერნეტსივრცეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ატვირთული ვიდეოს შესახებ გააკეთებდა განმარტებას, მაგრამ პროკურორმა სხვა საქმის გახსნის შესახებ გვამცნო.

საუბარია გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერებზე, რომელიც „ქრონიკა+“-ის რედაქტორისთვის, ელისო კილაძისთვის უნდა მიეყიდა. პროკურატურამ სწორედ ამ დანაშაულში ჩართულ პირთა წრე დაადგინა და აღნიშნა, რომ ისინი ჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს საქმე სწორედ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე აღიძრა. თუმცა არის თუ არა კავშირში აღნიშნული კადრები 2016 წლის 11-14 მარტს ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით გამოძიება გრძელდება.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, ზურაბ ჯამალაშვილი, ცნობილი ჰაკერისა და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა. რაც შეეხება ირაკლი ფხალაძეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დაადასტურა, რომ ის ადვოკატია და აღნიშნა, რომ არ იცის, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ფხალაძეს ამ საქმესთან. მისივე თქმით, თუ ის დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს და თუ უდანაშაულოა, მას ადვოკატთა ასოციაცია დაიცავს.

ადვოკატ ფხალაძის შესახებ „ქრონიკა+“-მა ინფორმაცია დამატებით მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სათემო კავშირის“ გამგეობის წევრია. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის მესვეურები მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, გრანტებს, დასაქმებას და ათას რამეს ჰპირდებოდნენ, მოქალაქეებისგან სოლიდური საწევრო მოსაკრებლის სახით ათეულობით ათას ლარს აგროვებდნენ და ბოლოს უჩინარდებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათთან ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ თანამშრომლობდა. ეს ინფორმაცია „ქრონიკა+“-თან საუბრისას „სათემო კავშირის“ ხელმძღვანელმა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ, საბოლოოდ, მათი თანამშრომლობა აღარ შედგა. ამ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის თაღლითობის შესახებ „ქრონიკა+“, ჯერ კიდევ, გასული წლის ზაფხულში წერდა. და მაინც, ვინ არიან ამ ორგანიზაციის მესვეურები და რა კავშირშია მათთან ირაკლი ფხალაძე?

საჯარო რეესტრის ოფიციალურ საიტზე განთავსებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 2 აგვისტოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი „ნდობა+“ დაფუძნებულა. იურიდიულ მისამართად მითითებულია გლდანი-ნაძალადევის რაიონი, თემქა, მე-11 მკრ-ნი, მე-2 კვარტ., 21ა კორპ., ბ. 126. დამფუძნებლები და ორგანიზაციის გამგეობის წევრები გახლავთ: ისაკ გიორგაძე, ფიქრია ბურდული, ლია კუტალაძე და ზაურ ზაზაძე. გიორგაძე, ამავდროულად, კავშირის თავმჯდომარეა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაცია სახელს, მისამართს, ორ დამფუძნებელს, გამგეობის წევრს იცვლის, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი კი იგივე რჩება. ორგანიზაციაში ორი ახალი გვარი ჩნდება _ გივი ყიფშიძე და ილარიონ ბარაბაძე, თავმჯდომარე, ძველებურად, ისაკ (ხვიჩა) გიორგაძეა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფიქრია ბურდული, გიორგაძის მეუღლეა. იურიდიულ მისამართად მითითებულია ძველი თბილისის რაიონი, კლდიაშვილის ქ. #15, I სადარბაზოში მდებარე სარდაფი.

„ქრონიკა+“-მა „ნდობა+“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლია კუტალაძეს მიაკვლია, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგაძეს სწორედ მან შეუწყო ხელი არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებისთვის, ორგანიზაციის იურიდიულ მისამართადაც კი მისი ბინის მისამართია მითითებული. როგორც კუტალაძე ამბობს, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ეს ადამიანი ასეთ თაღლითობას ჩაიდენდა და ამდენ ადამიანს დააზარალებდა. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გიორგაძე ფიზიკურად დაიკარგა და ვეღარ პოულობდა. ამ პერიოდში კი მის მისამართზე სხვადასხვა რეგიონიდან გამოგზავნილი დაზღვეული წერილები მიდიოდა, სადაც გიორგაძის მიერ ჩადენილ აფერაზე იყო საუბარი. როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ლია კუტალაძისა და ზაურ ზაზაძის გვარები ხვიჩა გიორგაძემ დამფუძნებელთა სიიდან მათ უნებართვოდ ამოიღო, იმ მოტივით, თითქოს ორგანიზაციის მუშაობაში არ მონაწილეობდნენ და სამსახურში არ ცხადდებოდნენ. ეს იმ დროს ხდება, როდესაც კუტალაძის ბინა ორგანიზაციის სამუშაო ოფისს წარმოადგენს. თუმცა საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მათი გვარები ისევ ფიგურირებს.

„საქართველოს სათემო კავშირში“ ირაკლი ფხალაძის გვარმა ოფიციალურად 2015 წელს გაიჟღერა. როგორც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, გასული წლის 23 ივნისიდან ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები ისაკ გიორგაძე, ფიქრია ბურდული და ირაკლი ფხალაძე არიან. „სათემო კავშირისგან“ მოტყუებული მოქალაქეები „ქრონიკა+“-ს უყვებიან, რომ ფხალაძე ორგანიზაციის ოფისში გაცილებით ადრე, თებერვალში გამოჩნდა თავის მეგობარ ადვოკატთან, ვინმე ზურასთან ერთად, რომლის გვარი არ იციან. ხვიჩა გიორგაძემ ორგანიზაციის წევრებს აუხსნა, რომ ეს ადამიანები „ზემოდან“ იყვნენ მოვლინებულნი ორგანიზაციაში საქმის „დასალაგებლად“. ფხალაძის გამოჩენამდე კი გიორგაძე მუდმივად ვინმე ირაკლის ახსენებდა. ოფისში გამოჩენისთანავე ფხალაძემ და მისმა მეგობარმა ზურამ პროექტების მართვის მენეჯერი გიორგი ამისულაშვილი სახლში გაუშვეს და ორგანიზაციის მართვა საკუთარ თავზე აიღეს. „სათემო კავშირის“ დაზარალებულმა წევრებმა ახალ მმართველებს დეტალურად აუხსნეს ორგანიზაციაში შექმნილი ვითარება და პასუხი მოითხოვეს კითხვაზე, _ როგორ აპირებდნენ მდგომარეობის გამოსწორებას და დანაპირების შესრულებას, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ავადმყოფობის გამო, ზურა ოფისში აღარ გამოჩენილა, ხოლო ირაკლი ორგანიზაციის გამგეობის წევრი ოფიციალურად გახდა. რეგიონებიდან ჩამოსული ორგანიზაციის დაზარალებული წევრები გიორგაძეს და ფხალაძეს დანაპირების შესრულებას და რეალურად გაკეთებულ საქმეს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხევვაში პროკურატურაში ჩივილით ემუქრებოდნენ. როგორც დაზარალებულები „ქრონიკა+“-თან იხსენებენ, ფხალაძე ამაზე პასუხობდა, რომ გიორგაძეს ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და პროკურატურაში ჩივილით ვერაფერს გახდებოდნენ. თან იმასაც აცხადებდა, რომ მას სამართალდამცველ ორგანოებში, კონკრეტულად პროკურატურაში, სახელისუფლებო წრეებში ახლობლები ჰყავდა და ჩივილით მაინც ვერაფერს მიაღწევდნენ. ისმის კითხვა, _ რა ინტერესი ჰქონდა ფხალაძეს, გამხდარიყო უკვე რეპუტაციაშელახული და თაღლითური დაჯგუფების სტატუსის მქონე ორგანიზაციის წევრი? როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ეს ყველაფერი არჩევნების თემას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფხალაძესთან ამ საკითხზე საუბარი არასოდეს ჰქონიათ, გიორგაძე არჩევნების თემით ხშირად სპეკულირებდა და პარტიებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, თავისი ორგანიზაციის ვითომ მრავალრიცხოვანი წევრების მეშვეობით დახმარებას სთავაზობდა. თუ ვიღაცის პირადი ცხოვრების კადრების გაყიდვით აპირებდა ფხალაძე ფულის შოვნას, რატომ არ ითვალთმაქცებდა ამ თემით? _ ეს დასკვნა „სათემო კავშირის“ მიერ დაზარალებულებმა მაშინ გააკეთეს, როდესაც ფხალაძე საბრალდებო სკამზე ტელევიზორიდან დაინახეს. საიდან და რა მიზნით მოხვდა „სათემო კავშირში“ ადვოკატი, რომელიც დაზარალებული ხალხის უფლებების დაცვის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში, რეალურად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ხვიჩა გიორგაძეს შეუძლია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზარალებულ მოქალაქეებს აჭარაში ემალება!

 

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი