რუსული იმპერიის გეოპოლიტიკური ამბიციები – ისტორია მეორდება?!

t1

„არსებობს ასეთი გამოთქმა: „ყველაფერი ახალი მივიწყებული ძველია“. რუსეთის ბოლო საუკუნეების ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ გამოთქმის მართებულობაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით. ეს განსაკუთრებით რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკური კურსისა და მისი იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებას ეხება.

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-თან ექსპერტმა სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, თამაზ იმნაიშვილმა ისაუბრა. ამჯერად პარალელებს გავავლებთ ავღანეთსა და სირიის კონფლიქტს შორის და ამ ორ ომში რუსეთის როლს შევეხებით.

თამაზ იმნაიშვილი:

_ 1979 წლის დეკემბერში სსრკ-ს წითელი არმიის 103-ე გვარდიული დივიზია მდინარე ამუდარიის გავლით ავღანეთში შეიჭრა. სამხედრო საჰაერო სადესდანტო ძალებმა დესანტირება გააკეთეს, აიღეს ქაბული, ყველა სტრატეგიული ობიექტი, პრეზიდენტის სასახლე, მოკლეს პრეზიდენტი ამინი და მის მაგივრად დასვეს კგბ-ს მიერ დამუშავებული ბაბრაქ ქარმალი (შემდგომში ნაჯიბულა). სსრკ-მ ეს ნაბიჯი ინტერნაციონალური ვალის მოხდად გაასაღა. დროის გადასახედიდან კარგად გამოჩნდა, თუ რა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა სსრკ-ს ელიტურმა ოთხეულმა: ბრეჟნევმა, ანდროპოვმა, უსტინოვმა და გრომიკომ. ინტერნაციონალური ვალის მოხდის უკან სსრკ-ს გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელების მცდელობა იდგა. ავღანეთი ცენტრალური აზიის საკვანძო ტერიტორიაა. ეს ტერიტორია მაშინ გეოპოლიტიკური მოთამაშეებისგან ცარიელი იყო. ავღანეთის ათვისებით სსრკ-ს მიზნად ჰქონდა დასახული, შემდეგი დივიდენდები მიეღო: იგი გააკონტროლებდა ცენტრალურ აზიას, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, არაბული სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილს, სპარსეთის ყურეს, იპოვიდა გასასვლელს ინდოეთის ოკეანეზე და ამით აისრულებდა უდიდეს ოცნებას _ თბილ წყლებში ადგილის დამკვიდრებას. ამ დივიდენდების მიღებით სსრკ, პრაქტიკულად, მონოპოლისტი გახდებოდა გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.

ავღანეთში შეჭრის წინ მსოფლიო პოლიტიკური რუკა ასე გამოიყურებოდა: აშშ-ს პრეზიდენტი იყო ჯიმი კარტერი, რომლის მმართველობის პერიოდი აშშ-ს ისტორიაში შესულია, როგორც ეკონომიკური რეცესიისა და პოლიტიკური კრიზისის პერიოდი. აშშ-მ დიდწილად დათმო საკუთარი პოზიციები მთელ მსოფლიოში; საფრანგეთის პრეზიდენტი გახლდათ ვალერი ჟესკარ დესტენი, რომელიც სსრკ-სთან ფლირტით ცდილობდა აშშ-ს როლის შესუსტებას ევროპის კონტინენტზე და, შესაბამისად, საკუთარი ლიდერობის განმტკიცებას ამ სივრცეში; გფრ-ს კანცლერი იყო ჰელმუტ შმიდტი, ერთობ სუსტი პოლიტიკოსი, რომელსაც გერმანიის ევროპის ლიდერად გახდომის წარუმატებელი მცდელობები ჰქონდა და, მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან გამომდინარე, ძალიან პასიური იყო სსრკ-თან დაპირისპირებაში. ასეთი სუსტი ტრიუმვირატი კარგ სტიმულს წარმოადგენდა სსრკ-სთვის, განეხორციელებინა თავისი გეპოლიტიკური გეგმები.

მეორე მხრივ, სსრკ-ს ქვეყნის შიგნით ჰქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. 1973-1975 წლებში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო (60-65 დოლარიდან 8 დოლარამდე) სსრკ-ს 1976-1777 წლებში მოუწია საკუთარი ოქროსა და ძვირფასი ქვების რეზერვების გახსნა და მათი დიდი ოდენობით გაყიდვა, რამაც სერიოზულად შეასუსტა სსრკ-ს ეკონომიკა. ქვეყნის შიგნით კორუფციის სახელმწიფო დონეზე აყვანამ კი ეკონომიკა კიდევ უფრო მძლავრ კოლაფსში ჩააგდო. სსრკ-ს ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ავღანეთში შეჭრით ისინი ორ ამოცანას გადაჭრიდნენ _ აითვისებდნენ ამ სივრცეს და შემდეგ შეძლებდნენ ენერგომატარებლების დიდწილად კონტროლს, რაც მათი ეკონომიკის გაძლიერებაზე პირდაპირპროპორციულად აისახებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ სსრკ-ს ლიდერებს ავღანეთის ომის სურათი სრულად და სიღრმისეულად არ ჰქონდათ გააზრებული. მათ არ იცოდნენ, თუ რა კოეფიციენტის წინააღმდეგობა შეხვდებოდათ ქვეყნის შიგნით მუსლიმანური სამყაროს მხრიდან და რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო დასავლეთი მის წინააღმდეგ ომში.

_ სინამდვილეში, რა სურათი გამოჩნდა?

_ 1981 წლისთვის უკვე გამოჩნდა გარკვეული სურათი: პრეზიდენტი ამინი წარმოშობით პუშტუნების ტომიდან იყო. პუშტუნები ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომია. ამინი კომუნისტი იყო და მას მთავარ პარტნიორად სსრკ მიაჩნდა. ამინის დახვრეტით სსრკ-მ, ერთი მხრივ, სრულად მოიკიდა მტრად პუშტუნების ტომი და, მეორე მხრივ, თვითონვე გააქარწყლა საკუთარი ოფიციალური ვერსია ინტერნაციონალური ვალის მოხდის თაობაზე. ამინის სიკვდილი მუსლიმურმა სამყარომ რელიგიურ შეურაცხყოფად აღიქვა და სრულიად მუსლიმური სამყარო ჩაერთო სსრკ-ს წინააღმდეგ ომში პირდაპირი თუ ირიბი გზებით. აქ მხოლოდ ირანი და ერაყი არ მონაწილეობდა ერთმანეთს შორის ომის გამო. საბრძოლო სივრცე ავღანეთის სრულ ტერიტორიაზე გავრცელდა და შეჭრიდან 1.5 წლის თავზე სსრკ-ს უკვე გაოთხმაგებული კონტინგენტის გამოყენება უხდებოდა საბრძოლო ოპერაციებში. პრეზიდენტმა კარტერმა სსრკ-ს წინააღმდეგ იმავე მეთოდებით დაიწყო ბრძოლა, როგორსაც თვით სსრკ აწარმოებდა, ანუ მოკლევადიანი გეგმები და აგრესია აგრესიის წინააღმდეგ. თუმცა თამაშის ეს წესები სსრკ-ს ყველაზე წარმატებულ ვარიანტს წარმოადგენდა და კარტერის ქმედებას ხელშესახები წარმატება არ მოჰყოლია.

დადგა 1982 წელი. აშშ-ს პრეზიდენტი გახდა რონალდ რეიგანი, რომელიც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი აშშ-ს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი. საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა ფრანსუა მიტერანი, რომელმაც გუნდური თამაშის პრინციპი დააყენა წინა პლანზე და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა ამჯობინა სსრკ-სთან ფლირტს. გერმანიის კანცლერი გახდა ჰელმუტ კოლი, რომელიც გერმანიის ისტორიაში ასევე უაღრესად წარმატებულ მმართველად სახელდება და იგი პირველი კანცლერია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რომელმაც აქტიურად დაიწყო მოქმედებები სსრკ-ს წინააღმდეგ. დასავლეთმა სსრკ-ს წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა.

_ რას ითვალისწინებდა ეს სტრატეგია?

_ ნატომ და ევროპამ კოორდინებული გეგმების განხორციელება დაიწყო. კარტერის პოლიტიკის ნაცვლად ძალაში შევიდა რეიგანის სტრატეგია _ გრძელვადიანი გეგმები, ეკონომიკური სანქციები, იდეოლოგიური და საინფორმაციო ომი, მუსლიმური სამყაროს სსრკ-ს აგრესიის თემით გაერთიანება, სსრკ-ს სრული მასშტაბით დიდი ხნით ომში ჩართვა. რეიგანმა პრეზიდენტ კენედის მიერ 1963 წელს კარიბის კრიზისის დროს ნათქვამი ფრაზა პარადიგმად გამოიყენა ამ სტრატეგიაში: „ჩვენ მათ საკუთარი ეკონომიკის წუმპეში ჩავახრჩობთ!“ 1985 წლისთვის სსრკ-ს უკვე 180 000-ანი არმია ჰყავდა ავღანეთში და მთელი ქვეყანა მხოლოდ ამ ომის საჭიროებისთვის მუშაობდა. მთლიანი მშპ-ს 35% და წლიური ბიუჯეტის 60%-მდე ამ ომისთვის იხარჯებოდა. პარალელურად, რეიგანმა ახალი გეგმა წარმოადგინა კარტერისდროინდელი დაკნინებული აშშ-ს გასაძლიერებლად _ გამალებული შეირაღება _ სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა, რომელიც მრავალ ასეულ მილიარდიანი პროექტი იყო. ამ გეგმის საპირწონედ სსრკ იძულებული გახდა, თვითონაც დაეხარჯა უდიდესი სახსრები შეიარაღების ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. პირდაპირ თუ ირიბი გზით სსრკ-ს წინააღმდეგ ომში ჩართული იყვნენ: მუსლიმური სამყარო, ნატო და დასავლეთ ევროპა. სსრკ-ს დახმარებაზე უარი თქვეს მისმა პარტნიორებმა ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინენტზე. გრძელვადიანმა და ფილიგრანულმა გეგმებმა შედეგი მოიტანა, რომელიც სოციალისტური სამყაროს და თვით სსრკ-ს გეოპოლიტიკური კრახით დამთავრდა.

_ ავღანეთისა და სირიის კონფლიქტს შორის პარალელებზე საუბრობდით…

_ 2015 წლის ზამთარში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ინტერნაციონალური დახმარების ხელი გაუწოდა და სირიაში ღიად და აშკარად ჩაერთო საბრძოლო ოპერაციებში. ამ ნაბიჯის წინ მსოფლიოში, დაახლოებით, ასეთი პოლიტიკური სურათი იდგა _ რუსეთი აღარ აღიქმებოდა დასავლეთის მტრად, იგი უფრო პარტნიორად განიხილებოდა. 2008 წლის ომმა დაანგრია 1990 წლის შემდეგ დაწესებული პოლიტიკური თამაშის წესები და რუსეთს საშუალება მისცა, საკუთარი აგრესიული და ამბიციური  გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რადიკალური ნაბიჯები გადაედგა. აშშ-ს პრეზიდენტი უკვე რვა წელია, ბარაკ ობამაა, რომელმაც ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობა გააძლიერა, მაგრამ, კარტერის მსგავსად, მოახერხა და მსოფლიოში აშშ-ს ლიდერობა დიდწილად დათმო. მისი მმრთველობის პერიოდს ნახევარზომებისა და გაუბედაობის პერიოდი შეიძლება დაერქვას. საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, მისი წინამორბედის, სარკოზის მსგავსად, ცდილობს რუსეთთან ფლირტს და ამით აშშ-ს როლის შესუსტებას ევროპის კონტინენტზე, ამავდროულად, გერმანიის მაგივრად, ევროპის ლიდერობის პრეტენზია აქვს. ამას კი ძალიან კარგად იყენებს პუტინი საკუთარი გეგმების განსახორციელებლად. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა, ასევე ცალმხრივად მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან ეკონომიკურ ასპექტებში. ამავდროულად, იგი ევროპის ლიდერად მოიაზრება და რუსეთთან სრულიად ევროპის სახელით ლაპარაკობს. მას ბრალდება საბერძნეთის გაკოტრება და ევროპაში 1.7 მლნ ლტოლვილის მიღება ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტური ზონიდან, რომელმაც უდიდესი პრობლემები მოუტანა ევროპას და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ სივრცის ერთიანობა. დასავლეთმა გადაყლაპა აგვისტოს ომი, ყირიმის „ანშლუსი“ და აღმოსავლეთ უკრაინის ფაქტობრივი ოკუპაცია. მან, ჯერჯერობით, პუტინს საკადრისი პასუხი ვერ გასცა ამ ქმედებებზე. ყველა ეს ასპექტი კარგი სტიმული გახდა პუტინისთვის, თავისი გეოპოლიტიკური გეგმების განხორციელება დაეწყო. თვით რუსეთს ქვეყნის შიგნით უდგას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ნავთობის ფასების 35 დოლარამდე ვარდნამ (რუსეთს, საშუალოდ, 45 დოლარი უჯდება ბარელი ნავთობის მოპოვება), რუსეთის ეკონომიკაში დიდი რეცესია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების გაყინვაზე 2016 წლის 16 იანვრის დონეზე და ამ შეთანხმებას მალე მიუერთდებიან ოპეკის ქვეყნებიც, ამ მიმართულებით რაიმე გარღვევა დიდხნას ვერ იქნება, რადგან 2016 წლის 16 იანვრის მონაცემი ნიშნავს 96,7 მლნ ბარელს დღეღამეში, ეს კი ნავთობის 35-დოლარიან ფასს მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინარჩუნებს. მით უმეტეს, რომ ირანი ახლა გამოდის მსოფლიო ბაზარზე სანქციების მოხსნის შემდგომ და საკუთარი რესურსების გაყინვას არ აპირებს. ეს კი დამატებითი სტიმული იქნება ფასების ამ დონეზე და უფრო დაბლა შესანარჩუნებლად.

სპეციალისტთა მონაცემებით, 2015 წელს რუსეთიდან 280 მლრდ დოლარამდე გავიდა და 2016 წელს ეს გადინება უფრო ინტენსიური გახდება. რუსეთი ახდენს საკუთარი შეიარაღების მოდერნიზაციას და განახლებას, რისთვისაც დამატებითი კოლოსალური თანხების მოძიება უწევს. ბოლო 1,5 წელია, ნატომ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტების ზრდა დაიწყო, ანუ, პრაქტიკულად, გამალებული შეიარღების ახალი ეტაპი სახეზეა. რუსეთის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება დნეპრისპირეთის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის, აფხაზეთის, `სამხრეთ ოსეთის~, ყარაბაღის, სომხეთის, ჩრდილოკავკასიის და ტაჯიკეთის შენახვა. ენერგომატარებლებზე ასეთი ფასები კიდევ 1,5-2 წელი შენარჩუნდება. რუსეთს ეკონომიკური კოლაფსი გარანტირებული აქვს. ამიტომ აშკარად სახეზე გვაქვს 1979 წლის სურათის განმეორება.

სირიაში შეჭრის გაცხადებული მიზანი სირიის ხელისუფლებისთვის ინტერნაციონალური დახმარების გაწევაა, გეოპოლიტიკური მიზანი კი ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება, არაბული სამყაროს (აქედან გამომდინარე, ენერგორესურსების მოპოვების კვოტებისა და ფასების) კონტროლი, სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის კონტროლი. თუ პუტინი მიზანს მიაღწევს, იგი ერთდროულად შეძლებს ორი კურდღლის დაჭერას: გაიმყარებს გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსს, მიიღებს კოლოსალურ შემოსავლებს საკუთარ ბიუჯეტში და შეძლებს საკუთარი თამაშის წესების კარნახს მსოფლიოსთვის. დღეისთვის სირიაში შეჭრის შემდგომ რუსეთს ასეთი სურათი აქვს: თავიდან რუსეთი სირიაში წარმოდგენილი იყო 4 სამხედრო ხომალდით ხმელთაშუა ზღვის პორტ ტარტუსში, 4000 სამხედრო მრჩევლით ასადის არმიაში. ამჟამად ტარტუსში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ნატოს ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებით 16-18 ათასია. რუსეთმა განახორციელა 7200 საჰაერო დაბომბვა სირიის ტერიტორიაზე, რომლის 88% ასადის ოპოზიციის პოზიციებზე მოდის. სხვადასხვა მონაცემით, რუსეთს ერთი დღე სირიაში უკვე 4-დან 6 მლნ დოლარამდე უჯდება. ამავდროულად, რუსეთი იძულებული ხდება, ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც გააფართოვოს თავის ყოფნის არეალი სირიის ტერიტორიაზე. თურქეთთან სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კონფლიქტის გამო რუსეთი იძულებული ხდება, დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინოს როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ისე თვით სირიაში და ასევე სომხეთის გიუმრის ბაზაზე. არაბულმა ლიგამ საუდის არაბეთის ლიდერობით 350 000-ანი სამხედრო შენაერთი შექმნა, რომელიც დიდი ალბათობით სირიაში ასადის წინააღმდეგ ომში შეიძლება ჩაებას. ეს ფაქტორიც აიძულებს რუსეთს, გაზარდოს თავისი რესურსები სირიის ტერიტორიაზე.

2016-2017 წლებში მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე შემდეგი სახის ცვლილებები ელოდება: აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში არჩევნებია, სადაც დიდწილად უკვე ნათელია, რომ ამჟამინდელი ლიდერები ვერ დარჩებიან თავიანთ პოსტებზე. აშშ-ს პრეზიდენტობის მთავარ ორივე კანდიდატს რუსეთის მიმართ ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და ასევე, დიდი ალბათობით, 2017 წლისთვის აშშ-ს მიდგომა რუსეთისადმი რადიკალურად შეიცვლება. ირანს სანქციების მოხსნის შემდგომ შანსი გაუჩნდა, ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნდეს და თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ამიტომ ის ვეღარ და აღარ იქნება რუსული გეოპოლიტიკური თამაშების მარიონეტი აქტორი. ერთ ინტერვიუში შეუძლებელია ყველა პარალელის გავლება, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ რუსულ პოლიტიკაში ყველაფერი ძველია და ამ საჭადრაკო პარტიის სვლები უკვე ცნობილია. როგორც უცხოელი, ისე რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სსრკ-ს ლიდერების მთავარი შეცდომა ავღანეთის ომში (გარდა იმისა, რომ, პრაქტიკულად, წაგებული თამაში დაიწყეს) ის იყო, რომ დროზე ვერ გაიაზრეს ომიდან გამოსვლა, რამაც სოციალისტური სამყაროს კრახი გამოიწვია. ამჟამად რუსეთის ეფემერული წარმატებების ფონზე, დიდი ალბათობით, საკითხი ისევ ისე დგას: შეძლებს კი პუტინი დროულად გავიდეს რუსეთისთვის ამ ერთობ სარისკო თამაშიდან, თუ იგივე შეცდომას გაიმეორებს, რაც სსრკ-ს დროს მოხდა?

 

                                                                                                          თამარ ბატიაშვილი