კოდწაშლილი ბოთლები და დეკოდირებული პროდუქცია „გ.დ. ალკოსგან“!

2wsx

„ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც საქართველოში ალკოჰოლურ სეგმენტში ყველაზე დიდი კომპანიის, „გ.დ. ალკოს“ მონოპოლისტურ თამაშებს ეხება. „გ.დ. ალკოს“ ადგილობრივი სარეალიზაციო ქსელის 80-85% უჭირავს. დღესდღეობით იგი იმ კომპანიების შევიწროებით არის დაკავებული, რომელიც დარჩენილ 15%-ში ეცილება.

სქემა კი ასეთი აქვს:

კომპანიას, რომელიც საკუთარ იმიჯს და სახელს უფრთხილდება, ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ე. წ. პატენტრწმუნებული. ეს უკანასკნელი ერთგვარი კონტროლის მექანიზმია მარწმუნებლისთვის, რომ მის სავაჭრო ნიშანს ამა თუ სარეალიზაციო ქსელში არაფერი ემუქრება.

იმპორტიორ კომპანიას, თავის მხრივ, ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი კომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მას აძლევს პირდაპირ ქარხნიდან თავისი პროდუქციის გატანის უფლებას. მაგრამ გარდა ექსკლუზივის ფლობისა, მწარმოებლის პროდუქციის შესყიდვა და შეტანა შეუძლიათ სხვა კომპანიებსაც. უბრალოდ, ისინი ქარხნიდან ვერ გაიტანენ, ამიტომ სარგებლობენ ე.წ. სატრეიდერო კომპანიების მომსახურებით.

ახლა გადავიდეთ კონკრეტულ მაგალითზე. „ბრაუნ ფორმანის“ ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ „გ.დ. ალკო“. მას შემოაქვს პირდაპირ ქარხნიდან ვისკი „ჯეკ დენიელი“. აღნიშნული ვისკი საქართველოში შემოაქვს ასევე კომპანია „დრანკ ოკტობუსას“ ე. წ. პარალელური ბიზნესის პრინციპებიდან გამომდინარე („ქრონიკა+“-ის მკითხველს განვუმარტავთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ბრენდული კომპანიების ექსკლუზიურ წარმომადგენლობებთან ერთად აუცილებელია პარალელური ბიზნესის განვითარება მონოპოლიის თავიდან აცილების მიზნით. 2020 წლიდან პარალელური შემომტანების რიცხვის გაზრდა სავალდებულო იქნება). მაშასადამე, პარალელური შემომტანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ქარხნიდან ვერ იყიდის, ვინაიდან ეს მხოლოდ ექსკლუზივის მფლობელს აქვს. ამიტომ ევროპაში მათთვის სპეციალურად შექმნილია ე. წ. სატრეიდერო კომპანიები, რომელთაც ქარხანა აწვდის პროდუქციას სწორედ ამ პარალელური იმპორტიორებისთვის. ამ სატრეიდერო კომპანიებში დანერგილია ასეთი პრატქიკა და ეს სრულიად კანონიერია. მაგალითად, ჰოლანდიაში მდებარე სატრეიდერო კომპანიამ „ბრაუნ ფორმანის“ ქარხნისგან იყიდა 20 ათასი ცალი დანიაში, გერმანიაში, ფინეთში და ა. შ. გასატანად გამზადებული „ჯეკი“ (კომპანია იმ პარტიას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში იმპორტისთვის არის გამზადებული, სხვადასხვა კოდს აწერს. მხოლოდ იმიტომ, რომ თავად აწარმოოს აღრიცხვა და თვალი გაადევნოს, სად რა რაოდენობა გაედინება). მოკლედ, სატრეიდერო კომპანიები აწარმოებენ იმ პარტიების შესყიდვას, რომელიც ექსკლუზიური წარმომადგენლის შესყიდვის შემდეგ რჩება. მიაქვთ თავიანთ საწყობებში და იმ კოდებს შლიან, რომელზედაც მითითებულია, თუ რომელი ქვეყნისთვის იყო განკუთვნილი. ეს ხდება სრულიად კანონიერად, იმიტომ რომ მათ ამ კოდების წაშლის უფლება აქვთ. ამას ჰქვია დეკოდირებული ბოთლები.  ამ სატრეიდერო კომპანიებთან შემდეგ მიდიან პარალელური შემომტანები და ყიდულობენ პარტიებს.

შედეგად გამოდის, რომ ექსკლუზიურ შემომტანებს ქვეყანაში შეაქვთ კოდირებული ბოთლები, არაექსკლუზიურ შემომტანებს შეაქვთ დეკოდირებული ბოთლები. და ეს მთელ მსოფლიოში ასეა.

რა მოხდა საქართველოში? რატომ ატეხა „ბრაუნ ფორმანმა“ თავის დეკოდირებულ პროდუქციაზე ერთი ამბავი, რომელიც „დრანკ ოკტობუსს“ შემოჰქონდა, როდესაც გადასარევად უწყის, რომ მისი კონტრაქტიორი კომპანიები სატრეიდერო ფირმები არიან?

„ქრონიკა+“-ის კითხვებზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი პასუხობს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეჭვის საფუძველიც არ ჰქონიათ, რომ პარალელური იმპორტიორის მიერ შემოტანილი „ბრაუნ ფორმანის“ (და სხვა ბრენდების პროდუქცია) გაეჩერებინათ საზღვარზე.

თამარ ანდრიაძე _ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

_ „ბრაუნ-ფორმან ფინლანდ, ლტდ“-ს  კუთვნილი   სასაქონლო  ნიშნები FINLANDIA (რეგ. #21964), FINLANDIA  VODKA  OF  FINLAND (რეგ.  #22319), „jek daniel’z propertiz, ink“ “-ის კუთვნილი სასაქონლო ნიშნები JACK DANIEL’S (რეგ. #4407),  JACK DANIEL’S  OLD N 7 BRAND Jennessee SOUR MASH WHISKEY (რეგ. #21370) და კომპანია „ze absolut kompani aqtiebolag“-ის კუთვნილი სასაქონლო ნიშნები „ABSOLUT “, „АБСОЛЮТ“ და „აბსოლუტი“ რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში. შესაბამისად, ამ სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული საქონლის მიმართ ხორციელდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.

_ საბაჟოზე აღმოჩნდა თუ არა დარღვევები, რაც პროდუქციის გაჩერების საფუძველი გახდებოდა?

_ შპს „დრანკ ოკტოპუსის“ მფლობელობაში არსებულ, ზემოაღნიშნულ სასაქონლო ნიშნით მარკირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, კერძოდ კი, საქონლის დათვალიერების შემთხვევებში, საბაჟო დეპარტამენტს არ გასჩენია ვარაუდის საფუძველი, რომ საქონელი წარმოებული იყო ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, არ განხორციელებულა საქონლის შეჩერება და უფლების მფლობელის, ან მისი წარმომადგენლის ინფორმირება.

_ ხდებოდა თუ არა შპს „დრანკ ოკტოპუსის“ მფლობელობაში არსებული საქონლის შემოწმებისას უფლებების მფლობელების ინფორმირება?! და თუ ხდებოდა, როგორ რეაგირებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით უფლების მფლობელები, ან მათი წარმომადგენლები?

_ შპს „დრანკ ოკტოპუსის“ დირექტორმა რამდენჯერმე მომართა საბაჟო დეპარტამენტს ამასთან დაკავშირებით და ასევე მრავალჯერ მიიღო განმარტება, რომ არც ერთხელ არ შეჩერებულა შპს „დრანკ ოკტოპუსის“ მფლობელობაში არსებული ზემოაღნიშნული ნიშნებით ნიშანდებული საქონელი. ასევე არ მომხდარა უფლების მფლობელის, ან მისი წარმომადგენლის- პატენტრწმუნებულის ინფორმიერება. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას, ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული საქონლის მიმართ ატარებდნენ კანონით განსაზღვრულ სასაზღვრო ღონისძიებებს.

_ როგორ საზღვრავს საბჟო, საქონელი წარმოებულია თუ არა რეგისტრირებულ ობიექტზე უფლების დარღვევით?

_ ამის დასადგენად საბაჟო საქონელს (ეტიკეტები, ბოთლები და ა.შ.) ათვალიერებდა, შესაბამისად, ხორციელდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. იმდენად, რამდენადაც დარღვევა ვერ აღმოვაჩინეთ, „დრანკ ოკტოპუსის“ საქონელი არც ერთხელ არ შეჩერებულა.

_ ასეა თუ ისე, დღეს კომპანიის პროდუქცია დაყადაღებულია…

_ მოგახსენებთ: საქმე ის არის, რომ ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია მათი მფლობელი კომპანიების („ბრაუნ-ფორმან ფინლანდ, ლტდ“-ს, „ჯეკ დანიელ’ზ პროპერტიზ, ინკ“-ის, „ზე აბსოლუტ კომპანი აქტიებოლაგ“-ის) უფლებამოსილი წარმომადგენლების-პატენტრწმუნებულების მომართვის საფუძველზე და სამსახური იცავს სწორედ მფლობელი კომპანიების უფლებებს აღნიშნულ ნიშანზე. კიდევ გვინდა, აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ, ერთი მხრივ, კომპანიებს „ბრაუნ-ფორმან  ფინლანდ, ლტდ“-სა და „ჯეკ დანიელ’ზ პროპერტიზ, ინკ“-ს და, მეორე მხრივ, შპს „დრანკ ოკტოპუს“-სა და შპს „დრანკ ოკტოპუს დისტრიბუციას“ შორის დაწყებულ დავაში, საბაჟო დეპარტამენტი მხარეს არ წარმოადგენს და ყოველგვარი მცდელობა ამ დავაში საბაჟო დეპარტამენტის „წვლილის“ აღმოჩენისა, საფუძველს მოკლებულია.

ასე და ამრიგად, შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის პასუხიდან „ქრონიკა+“-ისთვის ირკვევა, რომ მთელი ორის წლის განმავლობაში საზღვარზე არ აღმოჩნდა არანაირი დარღვევა, რაც პარტიის გაჩერების მიზეზი გახდებოდა. პარტია გაჩერდა მხოლოდ მას მერე, რაც პატენტრწმუნებულმა შეატყობინა სასამართლო დავის შესახებ და კანონით დააკისრა საბაჟოს კონტეინერების საზღვარზე გაჩერება.

დღეს „დრანკ ოკტოპუსი“ სასამართლო დავის რეჟიმშია გადასული. თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდა, მოგების შემთხვევაშიც, მათი  ბიზნესი რეალურად განადგურდება. სქემა, რომლითაც ხსენებული კომპანია კოტრდება, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ერთზე იმეორებს სიგარეტების დისტრიბუტორი კომპანიის _ „ომეგას“ გაკოტრების სქემას. იქაც და აქაც, „დრანკ ოკტოპუსთანაც“ და „ომეგასთანაც“, მთავარი ფიგურანტი „გ.დ. ალკოა“.

საქართველოს თამბაქოს ბაზარზე ორი ძირითადი მოთამაშეა: პირველი „ომეგა“ გახლავთ, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნის და „ფილიპ მორისის“ პროდუქციას უწევს დისტრიბუციას ქართულ ქსელში. მეორე _ „ელიზი“, ელიზბარაშვილების საკუთრებაა და „ჯაპან ტობაკო ინტერნეშენალის“ ოფიციალური  დისტრიბუტორია. არიან სხვებიც, თუმცა ძირითადი მოთამაშე ეს ორია.

„ომეგას“ და „ფილიპ მორისს“ ერთმანეთთან თითქმის 18-წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. მათ შორის უთანხმოება 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. საერთაშორისო ბრენდების რეალიზაციაზე „ომეგას“ ლიცენზიას „ფილიპ მორისი“ აწვდიდა, სანამ ამ უკანასკნელმა არ დასდო ბრალი ქართულ კომპანიას რეიმპორტში (ერთ-ერთი ვერსიით), ანუ სიგარეტის თურქეთში გატანაში. სრულიად მოულოდნელად თამბაქოს მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა ქართველ პარტნიორს კონტრაქტი შეუწყვიტა. დავამ სასამართლოში გადაინაცვლა და „ომეგამ“ „ფილიპ მორისს“ სოლიდური რამდენიმემილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სასამართლო დავის პირობებში, „ომეგას“ „ფილიპ მორისის“ პროდუქცია ამოეწურა. ამასობაში „ფილიპ მორისის“ ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსის მოპოვებისთვის თამაშში თამბაქოს სხვა დისტრიბუტორები  ჩაერთნენ. სწორედ აქ გაირკვა, რომ „ომეგას“ ჩამნაცვლებელი კომპანია უკვე არჩეულია და ის „გ.დ. ალკოა“.

2016 წლის 16 იანვარს უკვე ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ „ფილიპ მორისი“ წყვეტს ხელშეკრულებას პარტნიორ ქართულ კომპანია „ომეგასთან“ და საქართველოში ახალ კონტრაქტს „გდ ალკო ლეისთან“ აფორმებს. ამიერიდან, სწორედ ამ კომპანიამ უნდა აწარმოოს „ფილიპ მორისის“ პროდუქციის იმპორტი საქართველოში. თუმცა, სასამართლო დავის გამო, პარალიზებულია თავად „გდ ალკო ლეის“-ის სადისტრიბუციო ქსელიც, რომელიც მზადყოფნაშია, „ფილიპ მორისის“ პროდუქცია შეიტანოს ბაზარზე.

ასე და ამრიგად, ისეთი სურათი ისახება, რომ „გ.დ. ალკომ“ „ფილიპ მორისის“ ექსკლუზივი მოიპოვა, რაც „ომეგასთვის“, ისევე როგორც „დრანკ ოკტობუსისთვის“ სრულ განადგურებას ნიშნავს.

საპირისპიროს ამტკიცებს „ბრაუნ ფორმანის“ წარმომადგენელი  საქართველოში, პატენტრწმუნებული გიორგი თაქთაქიშვილი. სწორედ მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, რომ „დრანკ ოკტობუსის“ მიერ საქართველოში შემოტანილი „ბრაუნ ფორმანის“ დეკოდირებულ პროდუქციას ყადაღა დაედოს. ამის საპასუხოდ, „დრანკ ოკტობუსმა“ აღმასრულებლის თანდასწრებით ალკოჰოლური ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა და „გ.დ. ალკოს“ მიერ დეკოდირებული     პროდუქცია ამოიღო. კითხვა, _ რატომ ხუჭავს თვალებს პატენტრწმუნებული გიორგი თაქთაქიშვილი ექსკლუზიური შემომტანის კოდწაშლილ ბოთლებზე? ანდა, რატომ უნდა ჰქონდეს კოდი წაშლილი იმ ბოთლებს, რომელსაც „გ.დ. ალკო“ პირდაპირ ქარხნიდან ყიდულობს?!

 

პატენტრწმუნებულმა გიორგი თაქთაქიშვილმა „ბრაუნ ფორმანის“ დირექტორს მარკეტინგის სფეროში დევიდ გუდერს მისწერა, რომ „ქრონიკა+“-ის კითხვებისთვის გაეცა პასუხი: 

_ კომენტარებს მე ვუთანხმებ „ბრაუნ ფორმანს“. საქმის კურსში ჩავაყენეთ და „ბრაუნ ფორმანის“ პოზიცია არის ასეთი, რომ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ არც ინტერვიუს და არც კომენტარს არ ვიძლევით.

_ ბიზნესკურიერს ინტერვიუც მიეცით და კომენტარიც…

_ მივდივარ მაქამდე. ჩვენ „ბრაუნ ფორმანს“ მივწერეთ, რომ ინტერვიუ იქნება ორ ადგილას _ „რუსთავი 2“-ში და „ქრონიკა+“-ში. „ბრაუნ ფორმანმა“ მოგვწერა, რომ გაძლევთ უფლებას, „ბიზნესკურიერთან“ გააკეთოთ კომენტარიო.

_ და „ქრონიკა+“-თან არაო? რა საინტერესოა…

_ არა, ნუ… იცით, რა… იქაც, აი, ძალიან დიდი გამონაკლისის სახით. ასეთი სურათია.

_ ეს ძალიან ცუდი თემაა, ბატონო გიორგი, რომელმაც შეიძლება ბრაუნ ფორმანს მედიის კუთხით დაარტყას. ის კომენტარი, რაც გააკეთეთ ტელევიზიაში, ზუსტად იგივე შეგეძლოთ გაგეკეთებინათ ჩვენთანაც. თუ არადა, გაჟღერდება ტელევიზიით და ამოვშიფრავთ. აქ პრობლემა ის არის, რომ საკითხი დგას მედიის შერჩევითობაზე. ეს რომ „ბრაუნ ფორმანს“ გაეკეთებინა თავის ქვეყანაში, დამერწმუნეთ, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. არ არის ეს თქვენთვის მომგებიანი პოზიცია, პირდაპირ გეუბნებით.

_ ტელევიზიაში ხომ არ გავიდა მერე…

_ მე გეტყვით, რატომ არ გავიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ასეთი ინფორმაცია მოვიდა: მეორე მხარემ, ანუ „დრანკ ოკტობუსმა“, ქართული ქსელიდან ამოიღო „გ.დ ალკოს“ დეკოდირებული ბოთლები და როდესაც გადაცემის ჩაწერისთვის უკვე მზად იყავით, ფაქტის წინაშე დაგაყენათ. იმის გამო, რომ ამაზე პასუხი არ გქონდათ, გადაცემა გადაიდო. ახლა თქვენ მითხარით, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

_ არ არის მართალი, გადაცემა შემდეგ კვირას გავა.

_ მაგრამ ახლა არ გავიდა. ჩვენთვის უკეთესი, პირველი ჩვენ გვეყოლებით. მოკლედ, დეკოდირებულ ბოთლებზე მინდა შეგეკითხოთ: „დრანკ ოკტობუსმა“ ქსელიდან ამოიღო „გ.დ. ალკოს“ მიერ გამოშვებული დეკოდირებული ბოთლები. ამის შესახებ რეაგირება არ უნდა მისცეს პატენტრწმუნებულმა? 

_ რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან და „ბრაუნ ფორმანთან“, ზოგადად?

_ „დრანკ ოკტობუსს“ პარტია დაუყადაღეს დეკოდირებული ბოთლების გამო. ადგა „დრანკ ოკტობუსი“ და თვითონ უკვე ექსკლუზიური შემომტანის, ანუ „გ.დ. ალკოს“ დეკოდირებული პროდუქცია ამოიღო აღმასრულებლის თანდასწრებით.

_ საიდან ამოიღეს?

_ ოფიციალური ქსელიდან. ჩემი კითხვა შემდეგია: თუ თქვენ, როგორც „ბრაუნ ფორმანის“ წარმომადგენელმა, ამოიღეთ დეკოდირებული პროდუქცია შემოტანილი „დრანკ ოკტობუსის“ მიერ, რატომ ვერ აღმოაჩინეთ დეკოდირებული პროდუქცია შემოტანილი „გ.დ. ალკოს“ მიერ? ანუ თუ იღებ, ორივესი უნდა ამოიღო. მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში კი ექსკლუზიური წარმომადგენლის.

_ ეს ეხება „პერნორიკარს“ და „ჯემისონს“. რა შუაშია აქ „ბრაუნ ფორმანი“?

_ აქვს მნიშვნელობა ბრენდების დასახელებას? თქვენ ხომ პატენტრწმუნებული ხართ და ბრენდებს იცავთ?

_ კი ბატონო, ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს გარკვევას და რომელზედაც მე რეაგირება უკვე მოვახდინე. მე მათაც გავუგზავნე წერილი და ვაპირებ, რომ „პერნორიკარი“ საქმის კურსში ჩავაყენო.

_ დავაკონკრეტებ: „პერნორიკარს“ საქმის კურსში ჩააყენებთ, რომ „გ.დ. ალკო“, მათი ექსკლუზიური შემომტანი ქსელში, მათივე დეკოდირებულ პროდუქციას ყიდის?

_ ეს საკითხი გამოკვლევას მოითხოვს. უბრალოდ, ეს „ბრაუნ ფორმანთან“ დაკავშირებული პასუხი რამდენად არის ამის პასუხი, არ ვიცი.

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

 

                                                                                                           თამარ როსტიაშვილი