ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტანძიისა და ბალიჭისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

1q

საქართველოს კანონი “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” არცთუ უხარვეზო გამოდგა. მან ვერ მოიცვა ისეთი დასახლებებიც კი, რომლებიც, ობიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ შეღავათიან სტატუსს იმსახურებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ტანძიისა და ბალიჭისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს.

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს: წიფორს, ხახალაჯვარს, დარბაზს, ჭრეშსა და ბერთაკარს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა. სტატუსს მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელი ელოდა, თუმცა მათ შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს.

ამ დრომდე სოფლების _ ტანძიისა და ბალიჭის მოსახლეობა სტატუსის მინიჭებას ელის. დამატებითი არგუმენტაციის წარდგენისთვის მთავრობის მიერ განსაზღვრული ვადა, პირველი აპრილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოიყენა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, ნოდარ ჯავახიშვილს, წერილობით მიმართა.

წერილის შინაარსს “ქრონიკა+” აქვე გთავაზობთ:

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, ნოდარ ჯავახიშვილს. ბატონო ნოდარ, ბოლნისის მუნიციპლიტეტის სოფელ ტანძიაში, 1987 წელს, მესტიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად 120 კომლი ჩამოასახლეს. სოფელი ადმინისტრაციული ცენტრიდან 18 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან 890 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

სოფელში არ არის განთავსებული ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაციები: სტაციონარული და სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, კულტურის, განათლების, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური აქტივობის ობიექტები, არ არის ბუნებრივი აირი.

თითოეულ ტანძიელს სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად უხდება ჩამოსვლა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, რაც ყოველდღიურ ხარჯებს უკავშირდება.

სოფლის თითოეულ კომლს ჩამოსახლების დღიდან რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, საშუალოდ, 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა. სოფელში არ არის სარწყავი წყალი; მძიმე კლიმატური პირობები და სოფლის რელიეფის დახრილობა იწვევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გართულებასა და დაბალ პროდუქტიულობას; მიწების დამუშავება შეუძლებელია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. დღევანდელი ტანძიელი მოსახლე მიწას ამუშავებს, ძირითადად, ცხენითა და ხარების საშუალებით.

2013-15 წლებში სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს მიერ “მცირემიწიან ფერმერთა საზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში სოფელ ტანძიაში გაცემული სახნავი ბარათების რაოდენობა ყოველწლიურად ურიგდება თითოეულ ბენეფიციარს, საიდანაც უკან ბრუნდება 62% სახნავი ბარათი (რიგდება, საშუალოდ, 177 ბენეფიციარზე _ ბრუნდება 109 სახნავი ბარათი).

ამასთანავე, მისანიშნებელია ის გარემოება, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული ობიექტების არარსებობის გამო მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ყოველწლიურად ტოვებს სოფელს.

საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002 წელს მოსახლეობა შეადგენდა 613 ადამიანს, ხოლო 2014 წელს შეადგინა 522 ადამიანი; ანუ მოსახლეობის კლება არის 15%.

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ ტრადიციულად სვანური ოჯახი ხასიათდება მრავალშვილიანობით. დღეის მდგომარეობით კი, ახალგაზრდა მცხოვრებლებს უმუშევრობის გამო, უჭირთ ოჯახის შექმნა, რაც სოფლიდან ახალგაზრდობის მიგრაციის წინაპირობა გახლავთ.

მოსწავლეთა რაოდენობა 2005 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 150 ბავშვით. სავალალოდ შემცირდა აღსაზრდელთა რაოდენობა საბავშვო ბაღშიც. სოფლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია და ხშირია სოფლიდან ოჯახების გადასვლის შემთხვევები, განსაკუთრებით ქალაქებში.

ყოველივე ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო და პერიფერიული კრიტერიუმებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სოფელ ტანძიას მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს თითოეული ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და სოფელი არ დაიცლება მოსახლეობისგან, განსაკუთრებით ახალგაზრდობისგან.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ტანძიის მიმდებარე სოფლებს მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

გთხოვთ, გაგვიწიოთ შუამდგომლობა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან, რათა სოფელ ტანძიას მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების პუნქტის სტატუსი”, _ წერილს ხელს აწერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგი მეშველიანი.

წერილთან დაკავშირებულ რეაგირებაზე “ქრონიკა+”, უპირველესად,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უწყების შემდეგი პოზიცია გამოხატა:  

_ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის დავალებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით,  ინტენსიურად მუშაობს საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით იმ დასახლებების პარამეტრების შესაბამისობის დასადგენად, რომლებიც წარმოდგენილია სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების მიერ შუამდგომლობებში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების თხოვნით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის გარდა, ამ სტატუსის მოთხოვნა საქართველოს კიდევ 270 დასახლებისთვისაა წარმოდგენილი.

ცხადია, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს არ შეუძლია, კანონის შესაბამისად დაუშვას 270 გამონაკლისი _ მაშინ ეს “გამონაკლისი” აღარ იქნება. თავად ასეთი გამონაკლისის დაშვებაც უნდა ემყარებოდეს მკაფიო კრიტერიუმებს და არა დასახლების მცხოვრებთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღწერას.

ამდენად, სამინისტრო, განიხილავს რა თითოეულ შუამდგომლობას საერთო-ეროვნულ ჭრილში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის დამატებით მისანიჭებლად მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შესთავაზებს კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება არა კონკრეტული დასახლებისთვის სტატუსის მოთხოვნასა ან არმოთხოვნაზე, არამედ, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრაზე ქვეყნის მთიანი რეგიონის ყველა დასახლებისათვის.

“ქრონიკა+” კომენტარისთვის ამ პრობლემაზე მომუშვე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა ჯიბლაძეს დაუკავშირდა:

_ მას შემდეგ, რაც ჩვენმა პარტიამ მთის კანონის ხარვეზებთან დაკავშირებით მოქმედება დაიწყო, “ქრონიკა+” იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სფეროში არსებული პრობლემები გააშუქეთ. შემდეგ ჩვენს ინიციატივას ბევრი პოლიტიკური პარტია აჰყვა. ამას, რასაკვირველია, მივესალმებით. ასევე, მასმედიამ პრობლემების მასობრივად გაშუქება დაიწყო. სამწუხაროდ, ამ პროცესში ჩვენი პარტიის სახელს არ ახსენებენ,

მაგრამ ჩვენთვის მთავარი შედეგია. რაც შეეხება ბოლნისის რაიონის დასახელებულ სოფლებს, მინდა გითხრათ, რომ ამ კონტექსტში არა მარტო დუშეთის რაიონის სოფლები იყო გამოტოვებული, რის შესახებაც ხელისუფლებას თქვენი გაზეთის მეშვეობით მივაწოდეთ პოზიცია.

ჩვენ პარლამენტში წერილიც შევიტანეთ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის სახელზე. კონკრეტული ჩამონათვალი გვქონდა, რომ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აღდგენოდათ. მივუთითეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სოფელი ამ სტატუსისგან გამორჩათ.

ასევე განვაცხადეთ, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია. ჩვენი მოსაზრებით, მთის სოფლის სტატუსი საქართველოს ყველა იმ სოფელს უნდა მინიჭებოდა, რომელიც 800 მეტრს ზევით მდებარეობს. რადგან მათი განვითარებისთვის არა მარტო ინფრასტრუქტურის, არამედ სხვა პროექტების შეღავათიანი პირობებით განხორციელებაა აუცილებელი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში მთის კანონი შემუშავდა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას მეტი შეღავათი უნდა გაეკეთებინა. დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები, ჩანს, მეტის საშუალებას არ იძლევა. თუმცა ხელისუფლებას ამ კუთხით რეზერვები აქვს, თუ მეტად შემოიჭერენ ქამრებს და ნაკლებს დახარჯავენ პირადი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის.

_ დუშეთის სოფლებთან დაკავშირებით თუ მიაღწიეთ გარკვეულ შედეგებს?  

_ ჩვენ სამი დღის წინათ კიდევ ერთი წერილი შევიტანეთ, რათა აღნიშნულ სოფლებს მაღალმთიანი სტატუსი აღუდგეთ. იქ ჩამოთვლილია კონკრეტული სოფლები: საკრამული, ძველი საკრამული, ჭილურტი, ოძისი, ილტოზა, გრემისხმევი, გრიგოლიასკარი, შეიძლება რომელიმე გამომრჩეს. ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ პარლამენტარ ირაკლი ტრიპოლსკისგან, რომელიც რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეა _ მუშაობა დაწყებულია და იქ კიდევ სხვა სოფლებიც დაამატეს.

ვიმედოვნებთ, საკითხი მთლიან კონტექსტშია გააზრებული და გამოსავალი მოიძებნება. მჯერა, რომ ირაკლი ტრიპოლსკი უახლოს ხანში ამ საკითხს მთის განვითარების საბჭოს სხდომაზე დასვამს და ამ სოფლებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭება.

ირაკლი ტრიპოლსკი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, მთის ეროვნული საბჭოს წევრი:

_ საქართველოში 3500 სოფელია და ყველას ზღვის დონიდან სიმაღლეზე ვერ ვისაუბრებთ. კანონში კონკრეტულ კრიტერიუმებზე არის საუბარი. სიმაღლის გარდა კიდევ სამი კრიტერიუმია. ახლა ზეპირად ვერ გეტყვით, ვთქვათ, ტანძია რა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო (ვისაც მისწერეს) მომზადებულ წინადადებას შემოიტანს და ეროვნული საბჭოს სხდომა, ალბათ, მალე დაინიშნება.

მანამდე, ტყიბულშიც ამაზე მთელი ამბავი იყო, ზესტაფონშიც ეს ხდება და სხვაგანაც. მთის კანონი და ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა.

ვინც ვერ გაიგო, თავიდან უნდა ავუხსნათ ამ კანონის არსის შესახებ. ეს არ არის სოციალური დახმარება. საქართველოში ხალხს როგორც მთაში, ასევე ბარშიც უჭირს, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ არის სოციალური დახმარების კანონი. რეალურად, სოფლები დაიცალა, საზღვრები მოშიშვლდა და ა. შ. ბევრი საკითხია აქ გათვალისწინებული.

შემოვა წინადადება, შევხედავთ, თუ იმსახურებს, ყველა მხარს დაუჭერს. მარტო ჩემი პოზიცია ამას რას უშველის, ბევრი ხალხია მთის ეროვნულ საბჭოში. პრემიერ-მინისტრია მისი თავმჯდომარე და არა ჯავახიშვილი.

ამაზეც დიდი ამბავი იყო. სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა მთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ამ საქმეს ინფრასტრუქტურა განაგებდა. ეს ცვლილება განხორციელდა, რადგან მთის განვითარება კომპლექსური საკითხია. ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, სხვა დარგების მობილიზაციას მოითხოვს. ამიტომ მინისტრები ჩართულნი არიან და საბჭოს მაღალი სტატუსი უნდა ჰქონოდა.

ასე რომ, ჩვენ შევხედავთ რეალურ მდგომარეობას. მაგალითად, დუშეთის რაიონიდან ბევრი სოფელი ამოღებულია და წინადადება მეც მაქვს შეტანილი. სოფლები 1000, 1200 და მეტ სიმაღლეზეა. ზოგი შეცდომით და ზოგი მის გარეშე სიიდან ამოვარდნილია. ეს ყველაფერი კონკრეტულად სანახავია, ზეპირად შეუძლებელია ამაზე საუბარი.

წინადადებათა შეტანის ვადა პირველ აპრილამდეა. შემდეგ, ალბათ, პირველივე კვირაში გადაწყდება ეს საკითხი. პირველ აპრილამდე ყველას უნდა ვაცალოთ წინადადების შემოსატანად.

კანონთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ თუ დასახლება ათას მეტრზე და მასზე მაღლაა, იმ სამი კრიტერიუმიდან ერთიც საკმარისია, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუ დაბლაა (ვთქვათ, 800 მეტრის ფარგლებში) სამი კრიტერიუმიდან, სულ მცირე, ორი უნდა დააკმაყოფილოს და ა. შ. ისეც არაა, ვისაც როგორც მოუნდება, საქმე იმგვარად გაკეთდეს.

 

                                                                                              გელა მამულაშვილი