აჩუქა თუ არა პრემიერმა 1 ლარად ქონება შპს „ოცნებას“?!

c3

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ვლადიმერ ლაგვილავა, საქართველოს ბოლო დროის პრემიერ-მინისტრების „ვაჟკაცობებზე“ გვესაუბრა. მან იმ განკარგულებებისა და დადგენილებების შესახებ მოგვითხრო, რომელთაც მთავრობის სხდომების შემდეგ ან მიმდინარეობის პროცესში საქართველოს მთავრობა, კერძოდ პრემიერ-მინისტრები იღებენ.

ვლადიმერ ლაგვილავა:

_ ვსაუბრობთ საგანგაშო განკარგულებებზე, რაც გულისხმობს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას კორუფციულ გარიგებებში. ვსაუბრობთ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტებზე. ამ ფაქტებით დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, საქართველოს მოსახლეობის ჯიბეებიდან საზღვარგარეთ დიდძალი ფული გაედინება, რაც საგანგაშოა.

_ იქნებ, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ?

_ 2016 წლის პირველ თებერვალს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა საქართველოს მთავრობის #106 განკარგულება, რომელიც ეხება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფას. იგულისხმება ავსტრიული ბანკი _„ღაიფფეისენ Bანკ Iნტერნატიონალ AG“ს. ამ ბანკსა და საქართველოს შორის 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მორიგების თანხის მეორე ტრანშის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისთვის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყო 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საქმე ის არის რომ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ არასწორად გააკეთა რაღაც, შემდეგ ამ ბანკთან დაიწყო სასამართლო დავა, თუმცა ის არ მივიდა გადაწყვეტილებამდე და მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო მათ აუნაზღაურებდა თანხას. ამ თანხის ერთი ტრანში უკვე გაკეთებულია და ფულიც უკვე გაგზავნილია, მეორე ტრანში კი არის ეს 10 მილიონი დოლარი. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუმცა შესაძლოა, მე-3 და მე-4 ტრანშზეც იყოს შეთანხმება. საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი თავი დამნაშავედ რომ არ ეღიარებინა, ხომ არ გადაურიცხავდა ამ თანხას და არ მოურიგდებოდა ამ ბანკს?

_ ის თუ არის ცნობილი, რა გახდა ბანკსა და საქართველოს შორის დავის მიზეზი?

_ საქმე ჯერ მოკვლევაშია და მალე ყველაფერს გავარკვევთ. განკარგულება, რომელზეც გესაუბრეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ფარატინა ფურცელი, რომელსაც არავითარი დანართი ან ახსნა-განმარტება არ გააჩნია. არც საკანონმდებლო მაცნეში იძებნება მისი დანართები და განმარტებები. შესაბამისად, ამ დღეებში წერილს მივწერთ თავად პრემიერს და ვნახოთ, ის თუ განგვიმარტავს დავის მიზეზებს. ამ ეტაპზე არსად არ არის გაშიფრული, რა სახის დავაზეა საუბარი და რისთვის იხდის ქართველი ხალხი უცხოეთში ამდენ ფულს. ცხადია, დანაშაულია ისიც, რომ განკარგულება გამოდის და მას თან არ ახლავს, რისთვის ხდება ეს ყველაფერი. ერთადერთი დეტალი ამასთან დაკავშირებით რაც ვიცით, არის ის, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება და უკვე მეორე ტრანშია გამოყოფილი. კარგად იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში შემოსული იყო ბევრი ინვესტორი. ისინი ახალმა ხელისუფლებამ შემდგომ გააქცია. ჩვენი ვარაუდით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სწორედ ასეთ ფაქტთან. ალბათ, გაქცეულმა ინვესტორმა იჩივლა, რადგან მისი ინვესტიცია საქართველოში აღარ გაგრძელდა და სასამართლო პროცესი მოიგო. ალბათ მან საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა. ეს არის გონივრული ეჭვი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ამ კონკრეტულ განკარგულებას.

მეორე ფაქტი იურიდიულ მომსახურებას შეეხება. გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერილ 2016 წლის 18 იანვრის 50-ე განკარგულებაში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე ვკითხულობთ შემდეგს: სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოებისა და უცხოეთის ქვეყნების სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს წარმომადგენლობით განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვისთვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იუსტიციის სამინისტროს გამოუყო 619 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. როგორც ჩვენ ვიცით, საქართველომ სარჩელი შეიტანა და რუსეთს ჰააგის სასამართლოში ედავება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი მხრიდან არის შესული საჩივარი იმის გამო, რომ ქართველები რუსეთიდან გამოყარეს დეპორტით. სხვა საერთაშორისო დავა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. დანარჩენი დავები, რომელიც საქართველოს აქვს, სხვისი დაწყებულია. საქართველოდან გაგზავნილი კონკრეტული პიროვნებების სარჩელები ევროსასამართლოში სათაურდება ასე: ესა და ეს პიროვნება საქართველოს წინააღმდეგ. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული პირის უფლებები დაირღვა, მან ვერც ერთ სასამართლოში ვერ მიაღწია სამართალს და მისი საქმე ბოლოს მიიღო ჰააგამ, ან სტრასბურგმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობას უჯდება დიდი ფული, რადგან ადვოკატებს ქირაობს და უცხოეთში, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის, რათა თავი გაიმართლოს. ნახევარ მილიონზე მეტი თანხა გამოიყო იმისთვის, რომ უცხოეთში საქართველომ იურიდიული მომსახურება იყიდოს და თავი დაიცვას. ასეთი განკარგულებების გამოცემას კვირიკაშვილს ურჩევნია, რომ ქვეყანას მიხედოს და მერე ამხელა თანხის გადახდა აღარ მოგვიწევს საერთაშორისო დავების საწარმოებლად.

_ საქართველოს მოქალაქეებს ევროსასამართლოში სარჩელები ხშირად ძველი ხელისუფლების დროს ჩადენილი ქმედებების გამო შეაქვთ და არსებული ხელისუფლების დანაშაული ამჯერად რა არის, თავდაცვა?

_ ბოლო წლებში სამსახურებიდან განთავისუფლებული ადამიანების საქმეები სტრასბურგმა მიიღო და ძირფესვიანად სწავლობს მას. იქ მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების უფლებები მართლაც არის დარღვეული, თუმცა ქართულ სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში ისინი არ გაამართლეს. ამის მერე ხელისუფლება კიდევ ხარჯავს თანხებს, თავის მოქალაქეს რომ უფლებები შეულახა, მასთან დავაში საკუთარი თავი დაიცვას. ხალხს აზარალებს და ხელგაშლილი ხარჯავს ხალხის ფულს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მოქალაქემ, რომლის უფლებაც დაირღვა, არ უნდა გაასაჩივროს უცხოეთში, მან ყველა გზას უნდა მიმართოს საკუთარი უფლებების დასაცავად, მაგრამ მთავრობა ისე არ უნდა მოიქცეს, როგორც იქცევა.

შესაძლებელია, ეს დავები წინა ხელისუფლების საქმეებზეც იყოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. პრობლემა უფრო ის არის, რომ ვერაფრით მივედით გამოსწორების დონეზე. ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ინსტიტუცია უცვლელია და ახლაც ისევე ირღვევა უფლებები. ხვალ ხელისუფლებაში შეიძლება „მწვანეთა პარტია“ მოვიდეს, მაგრამ კურსი იგივე გააგრძელოს და მერე თავისი მოქალაქეებისგან თავდაცვა კვლავ ხალხის ფულით შეძლოს. ეს ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი ინსტიტუციური ხელისუფლება საქართველოს არ ჰყავს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გეტყვით:

პირველ თებერვლის #102 განკარგულებით, ამხანაგობა „ოცნება 2015“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით 648 650 ლარად მიჰყიდეს ბათუმში, ლერმონტოვის #111-ში 10 ათას კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. დღეს ეს უდრის 260 ათას დოლარს. ამ ფასად ამხელა მიწიანი ნაკვეთი შენობა-ნაგებობებიანად, ცხადია, არსად იყიდება. ამ თანხით კვ.მ.-ს ფასი გამოდის 26 დოლარზე ნაკლები. ბათუმისთვის, რაც არ უნდა ცუდ ადგილზე იყოს ნაკვეთი და ნაგებობები, ეს არის სასაცილო თანხა. განკარგულებაში ასევე წერია, რომ პირველ 6 თვეში შპს-მ უნდა გადაიხადოს 129 ათასი დოლარი, ერთი წლის მერე კი _ დანარჩენი თანხა. ე. ი. მიჰყიდეს განვადებით, ძალიან დაბალ ფასად. ყველაზე მეტ ეჭვს კი იწვევს ის, რომ ამხანაგობის დასახელება არის „ოცნება _ 2015“. ეტყობა, მოეწონათ დასახელება და ამიტომ მიჰყიდეს ასე. ჩვენ ამოვიღეთ 2016 წლის 26  იანვრის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, სადაც მე-15 საკითხად ეს იყო გატანილი. მომხსენებელი გახლდათ მინისტრი, ბატონი ქუმსიშვილი და ეკონომიკის მინისტრმა თავად გაუწია ამ კომპანიას ადვოკატირება, რათა ასეთი შეღავათიანი ფასით მიეყიდათ და განვადებით. საინტერესო გახლავთ ისიც, რომ ამ ამხანაგობას ვერ ვპოულობთ ვერც ერთ ბანკში და ვერც საჯარო რეესტრის ბაზაში. თუ სახელმწიფოს უნდოდა ამ ობიექტის გაყიდვა და იქიდან გარკვეული თანხის მიღება, მას უნდა გამოეცხადებინა ტენდერი, ან აუქციონი და არა ერთ პირთან ასე საეჭვო მოლაპარაკებით.

2016 წლის 18 იანვრის #71-ე განკარგულებაში, რომელზედაც ასევე კვირიკაშვილს აქვს ხელი მოწერილი, წერია: თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოცნებისთვის“ პირდაპირი ფორმით პრივატიზაციის შესახებ: სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და აწარმოე საქართველოში პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის მაისის 365-ე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თბილისში, კაიროს ქუჩა #44-ში, რომელსაც ესაზღვრება ჭიჭინაძის ქუჩა #1, მდებარე 5 184 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: 1. საერთო ფართი 1528,7 კვ.მ.; 2. 44,3 კვ.მ. მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად საკუთრებაში გადასცეს შპს „ოცნებას“.

როცა შევისწავლეთ დოკუმენტაცია, ვნახეთ შემდეგი: შპს „ოცნებას“ ევალება, 2 მილონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელოს ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რაც მერე ჩაშლილია მუხლობრივადაც და წერია, რომ შპს-მ ინვესტიციის არანაკლებ 25% ამ განკარგულების გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. წავაწყდით სასაცილო დეტალსაც, რომ შპს „ოცნებას“ ევალება, გააკეთოს 40 ათასი ცალი ხის სამშენებლო ნაწარმი და გაყიდოს, ასევე გააკეთოს მეტალოპლასტმასის კონსტრუქციის კარი, არანაკლებ 7 ათასი ცალი და ისიც გაყიდოს. ეს რა უბედურებაა? თუ ამ ობიექტის გაყიდვა უნდა, ჯერ მისცენ მრავალწლიანი იჯარით, შპს-მ გააკეთოს ყველაფერი, რაც ინვესტიციაში ჩაუდეს, ააწყოს ბიზნესი და თუ ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მერე გადასცენ 1 ლარად ამხელა ქონება. წინაწარ ჩუქება იმ იმედით, რომ მერე გააკეთებს, არის სახელმწიფო ქონების არამნიზნობრივი გამოყენება და მეტი არაფერი. ისიც საკითხავია, რატომ არ ჩუქნიან ამგვარ ქონებებს იმ კომპანიებს, რომელსაც ჰქვია „ბესო“, „ნელი“ ან მსგავსი სახელები და არა „ოცნება“?

შპს „ოცნება“ 1996 წელს დარეგისტრირდა ქალაქ ბათუმში და მისი მფლობელი გახლავთ ერთი პირი, რაულ გაიაძე. კომპანიის იურიდიული მისამართიც არის ქალაქი ბათუმი, ტაბიძის ქუჩა 4ა. კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს ბათუმში, რატომ ჩუქნიან ფართს, თუ აქ სხვა რამ არ იმალება? დეტალებს ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ვაზუსტებთ, მაგრამ იკვეთება ის, რომ პრემიერი ერთ პირთან მოლაპარაკებით, პირდაპირი მიყიდვით, 1 ლარად ჩუქებით იძლევა ქონებებს ისეთ კომპანიებზე, რომელთა სახელიც მათივე გუნდს უკავშირდება. არც ის არის გამორიცხული, რომ მათი ახლობლები არქმედვნენ ამ სახელს შპს-ებს და მერე ჩუქნიდნენ ქონებებს.

_ ასეთი ფაქტები მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ხდება?

_ ახლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზეც გესაუბრებით. მისი პრემიერობის ბოლო დღეებში, 2015 წლის 11 დეკემბერს, #2660 განკარგულებით, მან ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომ გამოეყო 202 490 ლარი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების დასაფინანსებლად. მე რაც მახსოვს, მათ დაიქირავეს ტაქსები და დროშებით დადიოდნენ თბილისში. ასევე მშვიდობის ხიდი გაანათეს ევროკავშირის დროშის ფერებში, გაუშვეს ფოიერვერკები. ასევე გაანათეს რამდენიმე შენობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს ყველაფერი არაფრით დაჯდებოდა მსგავსი თანხა. ამავე განკარგულებაში არსად გვხვდება, კონკრეტულად სად უნდა დახარჯულიყო ეს ფული და რატომ გაიწერა მაინცდამაინც ამ რაოდენობის თანხა? არ არის გამორიცხული, ამ თანხის დიდი ნაწილი სარესტორნე აღნიშვნისთვის იყოს გამოყენებული, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი არამიზნობრივი თანხის ხარჯვა, რომელიც საქართველოს მთავრობის უმაღლესი პირის დამსახურებით ხდება.

    „ქრონიკა+“ კომენტარისთვის პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

„2005 წლის 31 აგვისტოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში „რაიფაიზენ“ ბანკმა შეიტანა სარჩელი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსა“ და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქართული მხარის დავალიანება 2012 წლისათვის შეადგენდა დაახლოებით 217მილიონ აშშ დოლარს, რისი მიღების მიზნითაც მიმდინარეობდა საარბიტრაჟო დავა საერთაშორისო სასამართლოში. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2015 წლის 21დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება. ქართულმა მხარემ ბანკს მორიგების სახით უნდა გადაუხდოს თანხა 25.000.000 (ოცდახუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისი გრაფიკით 2017 წლის 15 თებერვლამდე, რითაც დავა საბოლოოდ დასრულებულად ჩაითვლება.

საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების  აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა; ასევე, სატელევიზიო ანძა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები, კერძოდ, ევროკავშრის დროშის გამოსახულებით იყო განათებული სვანური კოშკი – მესტიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე – ზუგდიდში, შუქურა და “პორტა ბათუმი თაუერი” – ბათუმში, თელავის ციხე და ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე – წიწამურში.

ასევე, შეძენილი იყო საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, რომლითაც ძველი თბილისის ტერიტორია მოირთო.

რაც შეეხება „შპს ოცნებისთვის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხს, ქონება გადაიცა სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ახალი საწარმოს შესაქმნელად. ამასთან,  “შპს ოცნებამ” 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

თუ საუბარია “ოცნება 2015”- ზე, ეს არის კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას სხვა კოპანიის მიერ დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებისა და მობინადრეების დაკმაყოფილების თაობაზე“.

 

                                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი