შაქრო ტერტერაშვილი: ,,უთავბოლო თვითმმართველობა, სადაც იხარჯება ბევრი ფული და შედეგი არ ჩანს”

12782394_10207866800003318_1724515446_n

2012 წლის შემდეგ ყველაზე აქტიურად დღის წესრიგში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხი განიხილებოდა. `ქართული ოცნების~ მუშაობით დღევანდელი თვითმმართველობა მივიღეთ, რამაც სახალხო ზეიმი და მადლიერება ვერ დაიმსახურა, თუმცა რიგი ადამიანები მაინც კმაყოფილები დარჩნენ…

,,ქრონიკა+”-მა აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ სთხოვა კახეთის მხარეში გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, შაქრო ტერტერაშვილს:

_ რა მოგვიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ?

_ პირველ რიგში, ცვლილება არ ნიშნავს რეფორმას. მათ გაუგებარი იდეა, ცვლილების სახით, გაყიდეს როგორც რეფორმა. მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მცდარი ნაბიჯი  თვითმმართველობების კუთხით. რომ ავიღოთ კახეთის მაგალითი, თელავი  დაიყო ორ ნაწილად, ერთი ჩამოყალიბდა თვითმმართველ ქალაქად, ხოლო მეორე თვითმმართველ თემად. მაგალითად, ისმის კითხვა, _ რა სარგებელი მიიღეს ამ ორი მუნიციპალიტეტის დაყოფით მცხოვრებლებმა? _ არც არაფერი!

ერთს, რასაც ცალსახად ვხედავთ, არის ის, რომ გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯი, მანამდე თუ ჰყავდა თელავის მუნიციპალიტეტს ერთი გამგებელი, ერთი საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისად მათი მოადგილეები, თუ გვყავდა საკრებულოში 5 კომისია და ხუთი სამსახურის ხელმძღვანელი, ახლა ეს ყველაფერი ერთად აღებული არის გაორმაგებული, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებით, დამთავრებული  რიგითი სპეციალისტებით. შესაბამისად, ყველაფერი თუ გაორმაგდა, გაორმაგდა მათი შენახვის ხარჯიც. რეალურად ხალხმა კი არ მიიღო ფული, არამედ ხალხმა დაკარგა ფული. რეფორმის მთელი შინაარსის მიხედვით ჩვენ ერთით ზედმეტად გავისროლეთ ხელფასიც საწვავიც, მივლინების და სხვა ხარჯები.

_ თუმცა წელიწადნახევარია გასული, რაც ეს რეფორმა განხორციელდა…

_ კი, წელიწადნახევარზე მეტია გასული ამ თვითმმართველობების ჩამოყალიბებით, მაგრამ კაციშვილი ვერ მეტყვის, რა სიკეთე მოიტანა ამ თვითმმართველობამ?

_ მათი ერთი არგუმენტი იყო ასეთი, რომ, მაგალითად, ქალაქიდან უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა მუნიციპალიტეტს, ვიდრე სოფლიდან და, შესაბამისად, ქალაქის შემოსავალი ქალაქს რომ მოხმარებოდა, უფრო კარგი იქნებოდა.

_ დიახ, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქიდან უფრო მეტი ფული შემოდის და ეს ფული სოფელში უფრო მეტად იხარჯებაო, რაც სრული ბოდვაა. თუნდაც ასე ყოფილიყო, ამას არ სჭირდებოდა მუნიციპალიტეტის დაშლა, ამისათვის კანონით რეგულირებაც საკმარისი იქნებოდა, შესაძლოა ზღვარი დაწესებულიყო და ამის მიხედვით კანონის თანახმად მომხდარიყო თანხის გადანაწილებაც.

_ ერთი საინტერეო დეტალი: ყველანაირი ლოგიკით,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია განთავსებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა…

_ თელავის თემის წარმომადგენლობა განთავსებულია სხვა მუნიციპალიტეტის, ანუ ქალაქის ტერიტორიაზე, როცა თვითმმართველობას საკუთარ მუნიციპალიტეტში არ აქვს ადმინისტრაციული ცენტრი და სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა ე. წ. რეფორმის მცდარობისა. ამის გარდა, როცა მუნიციპალიტეტს არ გაქვს მეორე მუნიციპალიტეტთან გამყოფი საზღვარი, ისეთ სურათს ვიღებთ, როგორიც დღეს არის: უთავბოლო თვითმმართველობა, სადაც იხარჯება ბევრი ფული და შედეგი არ ჩანს.

_ წინასაარჩევნო დაპირებიდან ხალხს ყველაზე მეტად იოლი ფული იზიდავდა და არა, ვთქვათ, თვითმმართველობის რეფორმა?

_ ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ხელისუფლება მოვიდა დაპირებით, მეტი ფული ჰქონოდა ხალხს, უკეთესი ცხოვრება, შეღავათიანი კრედიტები, განახევრებული გაზისა და დენის გადასახადი, რეალურად კი მივიღეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყიდულობენ მანქანებს, უაზროდ ხარჯავენ მუნიციპალურ საწვავს, იღებენ ხელფასს, დანამატს და პრემიას და ეს მხოლოდ ერთეულებზე არ ვრცელდება, ამან მიიღო მასობრივი სახე.

ჩვენ ხშირად გვსმენია მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან, რომ თურმე წინა ხელისუფლებაც ისევე ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს, როგორც დღეს იხარჯება და ეს არ უნდა გვაკვირვებდეს. თუმცა ამ მოსაზრების მართებულობის შესაფასებლად მხოლოდ თვითმმართველობების საკრებულოებში სოკოებივით მომრავლებული ფრაქციები და მათზე გასაწევი გაზრდილი ხარჯიც საკმარისია.

_ რა ნიშნით იქმნება ფრაქციები?

_ როგორც წესი, ფრაქციებს ქმნიან საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე საკრებულოს წევრები, ანუ 2012 წლამდე მმართველ ძალას თუ ჰყავდა 2 ფრაქცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკრებულოებში სწორედ სახელისუფლებო გუნდიდან იქმნება არა ერთი ან ორი ფრაქცია, არამედ მათი რიცხვი ავიდა შვიდამდე და ხან შვიდსაც სცდება. ეს რომ ციფრებში გადავიტანოთ, 2012 წლამდე თუ მმართველ ძალას საკრებულეობში ჰქონდა კახეთის მასშტაბით 16 ფრაქცია, დღეს აქვს 60-ზე მეტი; თუ მაშინ ფრაქციის თამჯდომარის ხელფასი იყო 450-500 ლარი, დღეს არის 1000-1200 ლარი. ცხადია, არ ვთვლი ოპოზიციურ ფრაქციებს, არც მაშინდელს და არც ახლანდელს, მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის ფრაქციების შედარება მომყავს.

პლუს გაიზარდა საკრებულოს რიგითი წევრების კომპენსირების თანხა, ესეც სამ-ოთხჯერ მეტად: თუ მაშინ იყო წარმომადგენლობითი ხარჯი 100 ლარი, დღეს უკვე არის 300-400 ლარი. ამას დავუმატოთ იგივე თავმჯდომარეებისთვის გამოყოფილი საწვავი და სხვა ხარჯები.

_ საერთო ჯამში, 2012 წლამდე საკრებულოებს რა ბიუროკრატიული ხარჯიც ჰქონდათ, დღეს გვაქვს უკვე შვიდჯერ და რვაჯერ მეტი დანახარჯი, ვიდრე მაშინ, ანუ რა იყო რეფორმა?

_ რეფორმა, რომელსაც ესენი ეძახიან, არ იყო რეფორმა. ეს იყო რაღაც ახირება, რომელიც ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ქარს ატანს და მხოლოდ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი აქტივისტი გამხდარიყო დასაქმებული და ჰქონოდა მაღალი ანაზღაურება. დღეს ვერავინ მეტყვის, რომ რამე სიკეთე მოიტანეს თვითმმართველობების ე. წ. რეფორმის წყალობით.

რეალურად, მუნიციპალიტეტების დაშლამ არანაირი სიკეთე არ მოგვცა, ცვლილება _ რასაც რეფორმა დაარქვეს, აღმოჩნდა ნარმანიას ერთი ჩვეულებრივი ნაბოდვარი.

ეს არის ხარჯი, რომელიც არაფერ შუაშია ხალხის კეთილდღეობასთან, დაიწყო იმიტომ, რომ ნარმანიას რაღაც ახირებები ჰქონდა. შეიძლება ხელისუფლებას მართლა ჰქონდა ამბიციები, რომ უკეთესი თვითმმართველობა ჩამოეყალიბებინა, მაგრამ მივიღეთ უაზროდ შეთხზული სადღეგრძელოსავით ამბავი, რომელმაც არაფერი გააკეთა.

_ დღეს კი მაჟორიტარული ოლქების დაყოფა აღმოჩნდა კრიტიკის ობიექტი?

_ რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების დაყოფას, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, რომ ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თანაბარი წონის ხმა, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ გადმოთარგმა და გეოგრაფიულად დაჰყო, ანუ ტერიტორიები დაჩეხა.

_ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, ტერიტორიები დაყავითო?

_ ცხადია, არა, პირიქით, სხვა ბევრი მოდელის მოფიქრება შეიძლებოდა, თუმცა ეს აღმოჩნდა მოდელი, რომლის მიხედვითაც ერთი, რომ ამ ბუნებრივ-ისტორიულ მოცემულობას (რაიონების საზღვრებს ვგულისხმობ) არ შეცვლიდა. სხვა მოდელის შემთხვევაში შეიძლებოდა რეგიონულ-პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო, ამით არც კონსტიტუციური ნორმები დაირღვეოდა და ამომრჩევლის ხმის წონის თანასწორობაც დაცული იქნებოდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ იმ გეოგრაფიული ნიშნულით გადაანაწილა, როგორც აწყობდა. სადაც სუსტი წერტილები ჰქონდათ, ის ტერიტორიები გაფანტეს, სადაც გამყარებული ადგილები ჰქონდათ, ის, ბუნებრივია, ისევ ისე დატოვეს.

 

                                                                                                               მაკა მოსიაშვილი