ვინ არის გოჩა, რომელიც საქართველოს საბაჟოს და მთავრობის ნაწილს აკონტროლებს?!

12767459_10207845024698949_1826297302_n

ქართულ ალკოჰოლურ ბაზარზე დიდი ომი იწყება. ერთ მხარეს მაგნატი ჰოლდინგი დგას, რომელსაც ადგილობრივი ქსელის უმეტესი ნაწილი უჭირავს, მეორე მხარეს კი ახლად დაფუძნებული კომპანია, რომელმაც „გაბედა“ და ანალოგიური პროდუქციის შემოტანა გადაწყვიტა. დაპირისპირებაც აქედან დაიწყო.

იოსებ (ბაჩო) მიქაძე _ „დრანკ ოკტოპუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

_ ჩვენი კომპანია „დრანკ ოკტოპუსი“ ქართულ ბაზარზე 2014 წლის მაისიდან შემოვიდა. ჩვენამდე ბაზარს მხოლოდ  ერთი მონოპოლისტი _ „გ.დ. ალკო“ განაგებდა, რომელსაც ადგილობრივ  ქსელში პრემიუმ ალკოჰოლის მთლიანი მოცულობის 90-95% ეკავა. მოხდა ისე, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში, დაახლოებით ერთ წელიწადში, ჩვენმა კომპანიამ ბაზრის 25-30% დაიკავა.

_ რით იყო ეს განპირობებული?

_ დღე და ღამე ვმუშაობდით. შეიკრიბა ძალიან ერთგული და პროდუქტიული გუნდი. ბაზარზე ჩვენს შემოსვლამდე ფასები იყო არარეალურად მაღალი. ჩვენ შემოვედით ჩვენი ფასებით და კონკურენტებმა, ბიზნესი ჩვენთვის არასაინტერესო რომ გამხდარიყო, ფასები ჯერ 5%-ით, რამდენიმე თვეში კი ისევ 5%-ით დააგდეს. ეს შეეხო ასეულობით ბრენდს. ფაქტობრივად, ალკოჰოლურობა ზრდის საკმაოდ დიდ სეგმენტს. ბიზნესის ინტერესი, ბუნებრივია, არ დაგვიკარგავს. ფეხი ავუწყვეთ პრეისკურანტის ცვლილებას და აი, აქ დაიწყო სწორედ პრობლემები. თუმცა პატარ-პატარა ინციდენტები საბაჟოზე მანამდეც გვქონდა.

_ რა ინციდენტებზეა საუბარი?

_ ბიზნესის დასაწყისში, შემოწმების მიზნით, საზღვარზე კონტეინერებს გვიჩერებდნენ და ნიმუშებს იღებდნენ. ხშირად ეს დროში იმდენად იწელებოდა, რომ ბიზნესზე ნეგატიურად ისახებოდა. ჩვენ გვიწევდა საბაჟოზე მისვლა და იქ საბაჟოს ხელმძღვანელობასთან და ბრენდების პატენტრწმუნებულებთან ერთად ჩვენი პოზიციების დაცვა. აქვე დავძენთ, რომ პატენტრწმუნებულები საბაჟო სამსახურს მოჰყავდა. მახსოვს, მთელი დებატები იყო გამართული საბაჟოს ხელმძღვანელის, ვლადიმერ ხუნდაძის კაბინეტში „აბსოლუტის“ პარტიასთან დაკავშირებით. ვერაფერზე რომ ვერ მოგვედავენ, პირველი კონტეინერი გაუშვეს, მაგრამ მეორე კონტეინერზე უკვე ძალიან დაგვიმძიმეს მდგომარეობა: ხან ბოთლს ამოწმებდნენ, ხან _ ეტიკეტს და ა. შ. მიზეზს რომ ვერ გვიკონკრეტებდნენ, იძულებული გავხდით გაგვეფრთხილებინა, რომ ეს შეიძლება საერთაშორისო სკანდალამდე მისულიყო. 2014 წლის მანძილზე საბაჟო თითქმის ყველა კონტეინერიდან იღებდა ნიმუშს და ამოწმებდა. შემოწმების შემდეგ ყველაფერს უკან გვიბრუნებდნენ, ვინაიდან შემოწმების შედეგად დარღვევები არ ფიქსირდებოდა.

_ მანამდე „გ.დ. ალკოსთან“ შეხების წერტილები არ გქონდათ?

_ მანამდეც გვქონდა შეხების წერტილები… მაგალითად, როდესაც გაიგეს, რომ პროდუქციის ჩამოტანას ვაპირებდით, შევხვდით კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს და მაშინდელ დირექტორს, სოსო ესართიას. საუბარი იყო ისეთი შინაარსის, რომ ეს არის ჩვენი ბიზნესი, ამდენი ხანია ამ ბიზნესში ვართ და ჯიბეში ხელს ნუ გვიყოფთო.

_ „ჯიბეში ხელის ჩაყოფაში“ რა იგულისხმება?

_ ცნობილია, რომ ჩვენი კანონმდებლობით დაშვებულია პარალელური იმპორტი. „გ.დ. ალკო“ საქართველოში იმპორტირებული პრემიუმ ალკოჰოლის თითქმის ყველა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლია და პროდუქციას უშუალოდ მწარმოებლებისგან იღებს. შესაბამისად, ჩვენ მწარმოებლებისგან პროდუქციას ვერ ვყიდულობთ. ჩვენი მომწოდებლები არიან მსოფლიოს დიდი სატრეიდერო კომპანიები. ბუნებრივია, მოწოდებული საქონელი ორიგინალია და იდენტურია იმისი, რაც „გ.დ. ალკოს“ ჩამოაქვს.  კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც რამდენიმე უცხოური ბრენდის დისტრიბუცია ერთი კომპანიის ხელშია თავმოყრილი. საქმე ეხება 8-10 დასახელების პორტფელს. ამ პორტფელში შემავალი მაგნატი კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები არიან, მაგრამ საქართველოში თავისი ნაწარმი სადისტრიბუციოდ ერთ კომპანიას გადასცეს. როგორ წარმოგიდგენიათ, „კოკა-კოლას“ და „პეპსის“ ერთი და იგივე კომპანია რომ უკეთებდეს რეალიზაციას?

_ იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებით რატომ მოხდა ასე?

_ იმიტომ, რომ მწარმოებელ კომპანიებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ალბათ, სხვას არავის შემოჰქონდა საქართველოში, სანამ ჩვენ არ გამოვჩნდით. არადა, მეორე მხრივ, ასეთი პარადოქსული ვითარება ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის. რა დემოკრატიაზე და ბაზრის ლიბერალიზაციაზეა საუბარი, როდესაც ყველა ბრენდი, ფაქტობრივად, ერთი კომპანიის _ „გ.დ. ალკოს“ ხელშია თავმოყრილი.

_ პარტნიორებთან ურთიერთობაში ამის გამო რაიმე წინააღმდეგობას ხომ არ წააწყდით?

_ სანამ ამ ბიზნესს დავიწყებდით, დიდი და ხანგრძლივი მუშაობა დაგვჭირდა. ჰოლანდიაში რამდენჯერმე ჩავედით, მაგრამ ყველა უარზე იყო, ჩვენთვის პროდუქცია მოეყიდა. საინტერესო ამბავს გეტყვით, _ ევროპაში შევიტყვეთ, რომ, თურმე, საქართველოს საბაჟო არის გოჩასი.

_ გოჩა ვინ არის?

_ „გ.დ. ალკოს“ დამფუნებელი გოჩა დარჩიაშვილი. ევროპაში მასზე ლეგენდებს ჰყვებიან. მაგალითად, რომ ფართებს აქირავებს და საზღვარს მის გარეშე ვერავინ გადმოკვეთს. ამას ევროპის სატრეიდერო და სადისტრიბუციო კომპანიებში გვეუბნებოდნენ.

_ საბაჟოს უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე საქმის კურსშია, რომ მისი უფროსი გოჩაა?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ სწორედ საბაჟო გვიქმნიდა ყველაზე დიდ პრობლემებს. როცა ევროპაში ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებოდით, რა გოჩა, რის გოჩა, საქართველო ცივილიზებული ქვეყანაა და საზღვარს მხოლოდ სახელმწიფო აკონტროლებს და არა კერძო პიროვნება, არავის სჯეროდა. აი, ჰოლანდიაში, მაგალითად, დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოჩას გარეშე, მისი გვერდის ავლით, ქვეყანაში პროდუქციას ვერავინ შემოიტანს.

_ ანუ გოჩა არის „გივი“?

_ თავად განსაჯეთ. მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ: უკრაინაში არსებობს ქსელი _ „ფოზზი გრუპი“, რომლის ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს, ვლადიმირ კოსტელმანს, მე-18 ადგილი უკავია უკრაინულ „ფორბსში“. კოსტელმანი შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. კოსტელმანთან რამდენიმე წლის წინათ დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ, ბიზნესი ერთად გაგვეკეთებინა. გოჩა დარჩიაშვილსაც კოსტელმანთან ერთად შევხვდი პარიზში. საკმაოდ მეგობრული საუბარი გვქონდა. საუბრის დროს დარჩიაშვილმა შემოგვთავაზა, რომ ჩვენი ბიზნესი მის მიერ შემოთავაზებული ბიზნესით ჩაგვენაცვლებინა. თანხის დასახელებამდე საქმე არ მიგვიყვანია. ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორმა უთხრა, რომ თუ ჩვენი ბიზნესის მისთვის მიყიდვის თემას ეხებოდა საქმე, საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.  უბრალოდ, დავუკონკრეტეთ, რომ ჩვენ ჩვენი ამბიციები გვაქვს, _ გვინდა, პატარა ნიშა დავიკავოთ საქართველოში. დღესაც იგივე აზრზე ვართ.

_ როდის შედგა ეს შეხვედრა?

_ 2015 წლის 29 სექტემბერს. 2015 წლის 31 დეკემბერს კი ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიაში მოგვივიდა განჩინება, სადაც ეწერა, რომ 28 დეკემბერს სასამართლომ ჩვენ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება და დაგვიყადაღა 550 ათასი ლარის საქონელი.

_ ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?! მანამდე ამ ფაქტს არაფერი უძღოდა წინ?

_ ერთადერთი ის, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს ჩაგვბარდა პატენტრწმუნებულის, გიორგი თაქთაქიშვილის შეტყობინება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი ბრენდული ბოთლის შიდა მხარეს, ეტიკეტის უკანა ნაწილში, დატანილი უნდა იყოს გარკვეული მნიშვნელობის მქონე კოდი, რომელიც განსაზღვრავს მწარმოებლის ხარისხის სტანდარტს; რომ ეს კოდი არ იყო ჩვენ მიერ შემოტანილ პროდუქციაზე, რაც გახდა პარტიის დაყადაღების მიზეზი.

_ როგორ არის ეს განსაზღვრული  საქართველოს კანონში ეტიკეტირების შესახებ? თუ არის დაკონკრეტებული, რა უნდა იყოს მითითებული ბოთლზე და ეტიკეტზე, რომ პარტიამ საზღვრის გადმოლახვა შეძლოს?

_ 2013 წლის 31 დეკემბერს შეიცვალა ეტიკეტირების წესი და შემოტანილ საქონელს განსაზღვრული უნდა ჰქონდეს პარტიის კოდი. ჩვენ მიერ შემოტანილ ყველა პროდუქციას აქვს დატანილი პარტიის კოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი წელი ასე ინტენსიურად ამ ბაზარზე ვრ ვიქნებოდით. ასე და ამრიგად, ჩვენ, ფაქტობრივად, ბრალს გვდებდნენ ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოტანაში. 10 დღის ვადა მოგვცეს თანამშრომლობისთვის. მეორე დღესვე მივწერეთ პასუხი, მაგრამ 28 დეკემბერს მეორე მხარემ უკვე სარჩელით მიმართა სასამართლოს და გადაწყვეტილება 29-ში გამოიტანეს. დაგვედო ყადაღა. ავიყვანეთ იურისტთა ჯგუფი და შევიტანეთ საჩივარი, რომლითაც მოვითხოვეთ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

_ შეგიძლიათ, ორივე მხარის სასარჩელო განცხადების მოკლე შინაარსი მითხრათ?

_ მოწინააღმდეგე მხარეს შედარების მიზნით წარმოდგენილი ჰქონდა „გ.დ. ალკოს“ და ჩვენი პროდუქციის ნიმუშები. „გ.დ. ალკოს“ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანა მხარეს დატანილი ჰქონდა რაღაც კოდი, რომელსაც ისინი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზას. მოვითხოვეთ, ჩვენი ბოთლის შიგნით არსებული სითხის ექსპერტიზა და მისი შედარება „გ.დ. ალკოს“ პროდუქციის შიგთავსთან. დადგინდა, რომ შესამოწმებლად წარდგენილი ბოთლები ერთმანეთის იდენტურია.

_ ინტერვიუს დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ საქონელს ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სატრეიდერო კომპანიისგან იღებთ. მათ აცნობეთ ამ პრობლემის შესახებ?

_ რა თქმა უნდა. მათ ვთხოვეთ, გამოეგზავნათ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

_ აქამდე არ გქონდათ?

_ მანამდე ეს საბუთები არ გვქონდა, ვინაიდან განსაბაჟებლად საკმარისი იყო „ევრო ერთი“, ანუ ჰოლანდიის სავაჭრო პალატის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი. ეს იყო სრულიად საკმარისი, რომ პროდუქცია საქართველოში შემოსულიყო და ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვქონია. თუ ჩვენ ვვაჭრობთ ფალსიფიცირებული პროდუქციით, რასაც გვედავებიან, მაშინ გამოდის, რომ ჰოლანდიის სავაჭრო პალატა დაკავებულია კორუფციით და იძლევა გაურკვეველ საბუთებს.

_ პატენტრწმუნებულის, გიორგი თაქთაქიშვილის მოქმედებაში რა არის თქვენთვის მიუღებელი?

_ სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით მოქმედებს კანონი, სადაც ნათქვამია, რომ თუ არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი ფალსიფიცირებულია, ეს უნდა ეცნობოს კონკრეტულ პატენტრწმუნებულს, ან გამომძიებელს. ამ შემთხვევაში, 10 დღის მანძილზე ტვირთი ჩერდება საზღვარზე და მიმდინარეობს მოლაპარაკება, შეუშვან ქვეყანაში თუ გააბრუნონ უკან? კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ პარტია განადგურდეს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავა გადადის სასამართლოში. აი, შემდგომ უკვე ტვირთის შენახვის ხარჯები ეკისრება მას, ვინც ეს ტვირთი დააკავა _ პატენტრწმუნებული იქნება ეს თუ გამომძიებელი. ახლა, წარმოიდგინეთ ასეთი სურათი _ თუ მე, როგორც პატენტრწმუნებულს, მაქვს რეალური მიზანი, დავიცვა ჩემი ინტელექტუალური საკუთრება და საქართველოში არ შემოვუშვა ფალსიფიცირებული პროდუქცია, მაშინ 10 დღის განმავლობაში ან ვანადგურებინებ პროდუქციას, ანდა სასამართლო დავის რეჟიმში გადავდივართ. ჩვენს შემთხვევაში პატენტრწმუნებული რას აკეთებს? საზღვარს კი არა, ეგრევე სასამართლოს მიმართავს და სასამართლოს ძალით კომპანიას ეკრძალება პროდუქციის იმპორტი, დასაწყობება, განბაჟება და გაყიდვა.

_ რომელ ბრენდებზეა საუბარი?

_ „ფინლანდიაზე“ და „ჯეკ დენიელსზე“. ჩვენში ეჭვს იწვევს პატენტრწმუნებულის მოქმედებები. ფაქტია, რომ შექმნილი მდგომარეობა სხვა კომპანიის წისქვილზე ასხამს წყალს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი პროდუქციის გაჩერების შემდეგ, მაგალითად, „ჯეკ დენიელსი“ და „ფინლანდია“ (სწორედ ამ ბრენდების რეალიზაცია გვაქვს დღეს აკრძალული) 2-3 დღეში გაძვირდა.

_ აი, ეს, თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ…

_ 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში „ფინლანდიის“ სადისტრიბუციო ფასი თუ იყო 26,20 ლარი, ჩვენ რომ გავჩერდით, ზუსტად 2-3 დღეში გახდა 31,50 ლარი. „ჯეკ დენიელსი“ თუ ღირდა 58 ლარი, დღეს 67,40 ლარია.

_ თქვენ დღეს უჩივით პატენტრწმუნებულს, გიორგი თაქთაქიშვილს?

_ 2016 წლის იანვრის დასაწყისში პატენტრწმუნებული მიმართავს ჩვენს სავაჭრო ობიექტებს და ეუბნება, რომ ჩვენგან წამოღებული „ჯეკ დენიელსი“ და „ფინლანდია“ არის გაურკვეველი წარმომავლობის. გასაგებია, რომ თაქთაქიშვილი „ბრაუნ ფორმანის“  წარმომადგენლის უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, როგორც ადვოკატი და როგორც პატენტრწმუნებული, მაგრამ ამ შემთხვევაში… მე ვერ ვხედავ, რომ თაქთაქიშვილის ეს მოქმედება მისი მარწმუნებლის ინტერესებს ემსახურება. 19 თებერვალს ჩვენ შევიტყვეთ, რომ კიდევ ორ პორტფელზე უნდათ ანალოგიურის გაკეთება. რა გამოდის, რომ საბაჟოზე პროდუქციის დაყოვნებით ვერ დაამტკიცებენ, რომ პროდუქცია ფალსიფიცირებულია და ამიტომ, აპირებენ, რომ სხვა პროდუქციის რეალიზაციაც გაგვიჩერონ.

_ გიორგი თაქთაქიშვილთან დაკავშირება არ გიცდიათ?

_ არაერთხელ ვცადე ტელეფონით. შეხვედრაც გვინდოდა. ბოლოს „ფეისბუქით“ მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის „ჯეკ დენიელსისა“ და „ფინლანდიის“ პატენტრწმუნებულს საქართველოში _ გიორგი თაქთაქიშვილს დაუკავშირდა:

_ ვიცი, რაზეც მირეკავთ _ „ფინლანდიასთან“ და „ჯეკ დენიელსთან“ დაკავშირებით. ახლა, ამ წუთას, წერილს ვწერ ჩემს მარწმუნებელს, რომელსაც მე წარმოვადგენ და ვუთანხმებ, თვენთვის მოსაცემი ინტერვიუს დეტალებს.

_ კონკრეტულად, ვის სწერთ, თუ საიდუმლო არ არის?

_ გეტყვით. დევიდ გუდერს, რომელიც არის „ბრაუნ ფორმანის“ („ჯეკ დენიელსი“, „ფინლანდია“) დირექტორი. როგორც კი შევთანხმდებით, ყველაფერზე გაგცემთ პასუხს.

 

„ქრონიკა+“ შემდეგი ნომრიდან იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც საქართველოში მოქმედი ალკოჰოლური ბაზრის მონოპოლიას შეეხება.

 

                                                                                                                  თამარ როსტიაშვილი