რატომ არ ანაზღაურებს „ვითიბი ბანკი“ მემკვიდრეობით მიღებულ დავალიანებას?

vtb

ჩვენი ამბავი იმით იწყება, რომ „ქრონიკა+“-ის რესპონდენტებმა“ 1993 წელს მაშინდელი „შემნახველი სალაროდან“ ფასიანი ქაღალდები იყიდეს ათწლიანი ვადით, წლიური 40%-იანი დანამატით. წესითა და რიგით, წლიური მოგების გატანაც შეეძლოთ. მერე, როგორც ვიცით, ქვეყანა დაინგრა და ბევრი ვინმე და რამ მის ნანგრევებში მოყვა. შემნახველი სალაროების გაუქმების შემდეგ მათი სამართალმემკვიდრე „გაერთიანებული ქართული ბანკი“ გახდა, ხოლო მისი _ დღევანდელი „ვითიბი ბანკი“.

ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს კი უთხრეს, _ ჩვენ რა ვქნათ, წლების განმავლობაში ინფლაცია მოხდა, სხვადასხვა რეგულაცია განხორციელდა და ამიტომ თქვენმა ფულმა ძალა დაკარგა, ამის გამო არაფერი გეკუთვნითო. დაზარალებულებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დადიან და სიმართლის, ანუ საკუთრი ფულის პოვნას ცდილობენ მაშინ, როცა „ინფლაცია-რეგულაციების“ შემოქმედნი, ერთ მშენიერ დღეს, მშვიდი დაძინება-გაღვიძების შემდეგ, ოფიციალურ მილიონერებად მოგვევლინენ.

„ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტია დაზარალებული სოსო მარხვაშვილი:

_ შემნახველი სალაროდან ფასიანი ქაღალდი 1993 წელს ვიყიდე, ათწლიანი ვადით, წლიური 40%-იანი დანამატით, რასაც სერტიფიკატის უკანა მხარეზე მითითებული ყველა ეს აღნიშვნა, თავისივე გრაფიკული მონაცემით ადასტურებს. წლიური პროცენტის გატანაც შემეძლო, მაგრამ თუ მოგებას ათი წლის მერე გავიტანდი, ცხრილის სახით იყო მოცემული, ამ ვადაში რა თანხა უნდა ამეღო.

შემნახველი სალაროების გაუქმების შემდეგ სამართალმემკვიდრე „გაერთიანებული ქართული ბანკი“ გახდა, ეს დღევანდელი „ვითიბი ბანკია“. რადგან ხელშეკრულება მქონდა და „გაერთიანებული ქართული ბანკი“ (შემდგომში „ვითიბი“) სამართალმემკვიდრე გახდა, ამ ფასიანი ქაღალდის გამო ის ჩემთან ბოლომდე პასუხისმგებელი იყო.

_ შემდეგ რა მოხდა?

_ როცა ფასიან ქაღალდს ვადა გაუვიდა, კუთვნილი მოვითხოვე და ბანკი ამაზე უარს მეუბნება. ამ წლების განმავლობაში მოხდა ინფლაცია-რეგულაციები და ამიტომ თქვენმა ფულმა ძალა დაკარგაო, ამის გამო აბსოლუტურად არაფერი გეკუთვნისო.

_ ამას უკვე დღევანდელი „ვითიბი“ გპასუხობთ?

_ დიახ! მივმართეთ სასამართლოს. ამ დროს სასამართლო ხელმძღვანელობს ერთადერთი გაუქმებული ნორმატიული აქტით (1995 წელს მიღებული), როცა ერთი მილიონი რუსული რუბლი უდრიდა ერთ ლარს. აღნიშნული აქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ 1996 წელს შეაჩერა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე პრეცედენტად იყენებს, _ მილიონი რუბლი ერთ ლარს უდრის და მორჩა, მეტი არ გეკუთვნისო. ამით იწყებს და ამითვე ამთავრებს პროცესს.

ფაქტია, სასამართლო თავის დროზე გაუქმებული ნორმატიული აქტით ხელმძღვანელობს.

_ რომელ ინსტანციაზეა საუბარი?

_ ჩემი საქმე ჯერ სამოქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. თავიდან თითქოს უგულებელყო ეს ნორმატიული აქტი, მაგრამ ბოლოს, როცა საქმე გადაწყვეტილებაზე მიდგა, ცხვირწინ ისევ ეს ნორმატიული აქტი ამიფარა. ანუ რეალურად გაუქმებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მაინც მოქმედებს.

_ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება რით ახსნა?

_ ადრე უზენაეს სასამართლოში მსგავსი შემთხვევა ყოფილა, სადაც მოსარჩელისთვის, თურმე, ცნობილი არ იყო ამ გაუქმებული ნორმატიული აქტის შესახებ. და უკვე ჩემს საქმეს აღარ განიხილავენ, რადგან ეს ბანკს არ აწყობს. მას არაფრით არ აწყობს, რომ ხალხის ყურამდე მიიტანოს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ არის ამ საკითხში სამართალმემკვიდრე, როდის გახდა სამართალმემკვიდრე და კონკრეტულად რაზე აგებს პასუხს.

ამიტომ ბოლო სასამართლო სხდომის (აგერ მაქვს დისკი, რომელსაც შეგიძლიათ, მოუსმინოთ) დასაწყისშივე მოსამართლე ხმამაღლა აცხადებს, რომ ბანკი ამის პრეცედენტს არ დაუშვებს. უკვე წინასწარ იცის მოსამართლემ, _ ეს საქმე იმიტომ არ უნდა განიხილოს, რომ ამ პრეცედენტის დაშვება ბანკისთვის საზიანოა.

_ რატომ არ დაუშვებსო?

_ დიდი დავალიანება აქვს და ხალხმა არ იცის, ვის მიაკითხოს. დამალულია, გამქრალია ყველა საბუთი. ეს ჩვენ შემოვრჩით რამდენიმე ადამიანი და უკან ბევრი ხალხი დგას, მაგრამ ყველას არ მიუწვდება ხელი ამ საბუთებამდე. არ იციან და ამიტომ ჩუმად არიან.

ჰგონიათ, რომ როგორც ანაბარია შიდა ვალი, ასევეა ფასიანი ქაღალდიც. ბანკი ყველანაირად ცდილობს ამის ბოლომდე ჩაფარცხვას. ვინც არ უნდა შევიდეს, ბანკი ყველას ეტყვის, რომ ეს არის შიდა ვალი და ჩვენთან რა პრეტენზია გაქვსო? ხალხმა ეს არ იცის და ამ წინადადებით გაჩერებული ჰყავთ.

_ პრეცედენტის დაშვება რა შედეგებს გამოიწვევს?

_ უზარმაზარი თანხები იქნება გადასახდელი და ამისთვის ერთი „ვითიბი“ კი არა, 30 „ვითიბის“ თანხები შეიძლება არ ეყოთ. რასაც ვამბობ, ყველაფრის დამადასტურებელი საბუთი არსებობს: თავის დროზე, რამდენი ფასიანი ქაღალდი გამოუშვეს, რამდენი გაიყიდა და სხვ. რომ ვიანგარიშოთ, ეს ციფრები ათ წელიწადზე და ორმოცპროცენტიან განაკვეთზე რომ გადავიყვანოთ, უზარმაზარი თანხა გამოდის. „ვითიბის“ საქართველოში ყოველი მეორის ვალი აქვს.

_ შეგიძლიათ, ეს ციფრებიც მოიყვანოთ?

_ რასაკვირველია, შემიძლია. ჯერჯერობით, არ მსურს, ყველა ეს ციფრი დავასახელო. არც ის მინდა, რომ ყველა საბუთი გამოვამზეურო, ყველაფერი სახალხოდ გამოვიტანო, რადგან მე „ვითიბის“ არ ვებრძვი. ჩემი წინადადებაა, იქნებ, როგორღაც, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. თვითონ ბანკმა ამიხსნას და არა ისე, რომ სასამართლომ წინასწარვე იცის ეს ამბავი, რომ ბანკმა მსგავსი პრეცედენტი არ უნდა დაუშვას. წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ამაზე დასაწყისშივე მაფრთხილებს სასამართლო სხდომის თავმჯდომარე.

ყველა შემთხვევაში, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი „ვითიბი ბანკია“. ჩვენ ამას ჰაერზე არ ვამბობთ. ყველაფერს ოფიციალურად, დოკუმენტურად ვადასტურებთ. „ვითიბი“ სამართალმემკვიდრეა და ვალდებულია, დავალიანება კაპიკი-კაპიკზე გაისტუმროს.

_ ბოლო სხდომა სააპელაციოში გქონდათ?

_ დიახ და იქ მოსამართლე გოდერძი გიორგიშვილი იყო. ის ვინც პოზიცია დააფიქსირა, _ ბანკი ასეთ პრეცედენტს არ დაუშვებს, მორჩა და გათავდაო. მათი აზრით, ეს პოზიცია ჩემთვის გასაგები უნდა ყოფილიყო.

ბოლო სასამართლო გადაწყვეტილება გადაიდო კიდეც. ბატონმა გოდერძიმ მითხრა, _ პალატაში რაღაც შეუთანხმებლობაა, კიდევ დრო გვჭირდება, გადავხედოთო. მაგრამ, ვიმეორებ, პრეცედენტად დამიდო, რომ თურმე უზენაესში ყოფილა ასეთი სასამართლო გადაწყვეტილება და ისევ ის დარჩებაო.

არ გაითვალისწინა, რომ ისიც ვიცი, რაც ამასთან დაკავშირებით უზენაესში მოხდა. უბრალოდ, მაშინ არ იყო წარდგენილი დოკუმენტი, სადაც დასტურდება, რომ მილიონი უდრის ერთ ლარს, ეს უკვე გაუქმებული ნორმატიული აქტია.

ბანკს ჩემი საწინააღმდეგო მეტი საბუთი არაფერი აქვს. იქ რა რეგულაციები მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებს. მე წამოვიღე კონკრეტული ხელშეკრულებები და მის შესრულებას მოვითხოვ.

სასამართლოზე პირდაპირ მოვითხოვე, _ ჩემი ფული უკან დამიბრუნეთ-მეთქი! ის ფული, რომელიც შემოვიტანე _ ათმანეთიანები, ოცდახუთმანეთიანები, ასმანეთიანები. გაოცდა სასამართლო, _ რად გინდაო? _ ავტოფარეხში რემონტი მაქვს და შპალერად უნდა გავაკრა, ამაზე თქვენთან პრობლემა არ მაქვს-მეთქი. უარი მითხრეს, _ სად გვაქვს შენი ფულიო.

აბა, რა უქნეს ჩემს ფულს? რატომ დაწვეს? ბანკმა შეტყობინება გამომიგზავნა, რომ ინფლაცია წავიდა, რაღაც რეგულაციები და ა. შ.? მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, სსრკ-ს  დროს ფული რომ შეიცვალა, შეიძლება გვიან, მაგრამ ორი საათით ადრე მაინც, „ვრემიამ“ ათ საათზე გამოაცხადა, რომ ხვალიდან ეს ფული აღარ მუშაობს და რაც გინდათ, ის ქენითო.

ბანკმა მე შემატყობინა, შიგნით რას ჩალიჩობდა? მე არ ვარ ვალდებული ვუსმინო, თუ რა რეგულაციებს ახდენს სახელმწიფო და ბანკი. ამაზე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ვიღაცისთვის ამის შესახებ ხომ უნდა ეთქვათ? პირადად ჩემთან ამაზე არავინ მოსულა, _ გაზეთში არ დაბეჭდილა, ტელევიზიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა.

და უცბად, როცა ჩემი კუთვნილი მოვითხოვე, მასხრად ამიგდეს, _ შენ ფული ნაგავში გადაიხადეო. მე იქ ფული „მეშოკით“ მივიტანე, მანქანის ფული და დღეს ლიფტში რომ შევიდე, იმის ფულსაც აღარ მაძლევენ.

 

ნონა ბერიკაშვილი:

_ „ვითიბი ბანკს“ უსაშველო პატრონები ჰყავს. სახელმწიფოს ჩათვლით, ყველა მას აფარებს ხელს. ბანკს ლამის ყველა მოქრთამული ჰყავს, ამიტომ სარჩელი ვინც არ უნდა შეიტანოს, აღნიშნულ ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტს აჩეჩებენ. მართალია, მოსამართლის შეხედულებით, ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც უზენაესი სასამართლოსკენ ხელს იშვერს, _ პრეცედენტს ვერ დავარღვევთო. ეს პრეცედენტი კი უზენაესში მეგი ჩანტლაძემ, თეიმურაზ თოდრიამ და როზა ნადირიანმა დაუშვეს.

პირველად სარჩელი 2002 წელს შევიტანე, მაშინდელ საოლქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ განყოფილებაში. მაშინ მოპასუხედ სახელმწიფო, ფინანსთა სამინისტრო და „ვითიბი ბანკი“ იყო.

ბოლოს, ფინანსთა მინისტრის დღევანდელმა მოადგილემ, გიორგი ჯავახიშვილმა, აი, ეს წერილი გამომიგზავნა. სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც 12 წელი პროცეზე მოპასუხედ იჯდა (ანუ ფინანსთა სამინისტრო), მინისტრის მოადგილის სახით წერილს მიგზავნის, რომ ინფორმაციას არ ფლობს ფასიანი ქაღალდების შესახებ. როდესაც მივაღწიე და მას პირისპირ შევხვდი, მითხრა, _ ინტრიგანი ხარო. რატომ ვარ ინტრიგანი, იქნებ, ვინმემ ამიხსნას?!

ვითხოვ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო მალავს. მიუხედავად ამისა, სამინისტროს ხუთჯერ მივმართე. მაქვს პრეზიდენტის, მთავრობის ადმინისტრაციებიდან მიღებული წერილები. ასევე მივმართე ეროვნულ ბანკს, იქიდან სხვადასხვა რეაგირება მომივიდა, მაგრამ ყველა პასუხი მიმართულია იმისკენ, რომ მივმართოთ „ვითიბი ბანკს“, _ მიბრძანდით და ყველაფერი იქ გაარკვიეთო.

ამ დროს ბანკი ყველაფერს თავზე გვამხობს. ხელში უკავია 575-ე დადგენილება, სადაც აღნიშნულია, რომ 1993 წლის 8 აგვისტოდან მანეთი კუპონით შეიცვალა, მაგრამ ამავე დადგენილების მე-8 პუნქტზე (რაზეც ამდენი წელია, ვდაობ) მოსამართლე ყურადღებას არ ამახვილებს. კერძოდ, დადგენილების მე-8, მე-9 პუნქტით, რუსული მანეთი, იმავე დღიდან, როდესაც კუპონი შემოვიდა, უცხოურ ვალუტად გამოცხადდა, ანუ სახელმწიფოში მოქმედებდა მანეთი, კუპონი და დოლარი. ეს მანეთი 93 წლის 3 აგვისტოდან უცხოური ვალუტა იყო, როცა მიმოქცევაში კუპონი შემოვიდა.

მაგრამ რადგან კუპონი ფულის დროებითი ერთეული იყო და მას შემდეგ ლარი უნდა შემოსულიყო, თაღლითური მაქინაციის შედეგად დღევანდელი მილიარდერები მოგვევლინენ. საუბარია 16 კაცზე: ჩხარტიშვილი, კონცელიძე, მექვაბიშვილი, მაჭავარიანები, მეზურნიშვილი… ვისაც კი დღეს რამე ბიზნესი აქვს წამოწყებული, ყველა „გაერთიანებული ქართული ბანკიდან“ წამოვიდა. იქიდან მარტო ჩხარტიშვილი არ წამოსულა, ასევე ინგოროყვა და სხვა ვიღაცები.

ერთ მშვენიერ დღეს დაიძინეს, გაიღვიძეს და მილიარდერები გახდნენ, რადგან ასეთი რეგულაცია გააკეთეს _ ერთი მანეთი გადაიყვანეს ერთ კუპონში, სანამ ინფლაცია წავიდოდა; შემდეგ, როცა ჰიპერინფლაცია წავიდა და ერთი მილიონი კუპონი ერთ ლარს შეუფარდეს, ამ რეგულაციით მილიარდები მიითვისეს.

ფასიანი ქაღალდი, ქართული სერტიფიკატი ფინანსთა სამინისტროს ლიცენზიის საფუძველზე გამოიცა. გამოვიდა 5 მილიარდი მანეთის 40%-ანი ქაღალდები, _ ათასიანი, 5-ათასიანი და 10-ათასიანი კუპიურები. ეს თავისუფალ გაყიდვაში იყო, ყველას შეეძლო მისი შეძენა. მერე, როცა გაგვიჭირდა, რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ და ბანკს მივაკითხეთ, იქ გვითხრეს, _ ეს თქვენი ფული აღარ არსებობს, სახელმწიფომ შეჭამაო.

რასაკვირველია, ეს დაუჯერებელი ამბავი იყო. სახელმწიფომ ანაბრები შიდა ვალში აიღო, მაგრამ ეს არა ანაბარი, არამედ ფასიანი ქაღალდი იყო, რომლის ნომინალური ღირებულება უცვლელია. იცვლება მხოლოდ მისი პროცენტული შემადგენლობა ვალუტასთან მიმართებით.

რადგან 1993 წლის 3 აგვისტოდან რუსული რუბლი უცხოური ვალუტა იყო, მე რაც ვიყიდე, ის აბსოლუტურად არ ექვემდებარებოდა კუპონიზაციას. და ისედაც, ფასიანი ქაღალდები ეს არის სახსრები გზაში, რადგან ბანკმა არანაირად არ იცის, მე როდის მომინდება მისი განაღდება. მე შეიძლება ერთ წელიწადში გავანაღდო, შეიძლება ორში და შეიძლება გარკვეულ დროს დაველოდო, ვთქვათ, ათწლიანი ვადის გასვლას და ის 40% ავიღო.

მაგრამ აქ ბანკს ჰქონდა სრული ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობა ფინანსურ რეგულაციებთან, ასევე მთავრობასთან შეთანხმება; ერთობლივი მოქმედება პროკურატურასთან, რომ ეს ყველაფერი დამალულიყო, კავშირი მოსამართლეებთან და ა. შ. ამ მხრივ, ყველა მოსამართლე კორუმპირებულია. 16 მოსამართლეზე იუსტიციის საბჭოში განცხდება შევიტანე დისციპლინური დევნის დაწყებაზე. იუსტიციის საბჭო ამას არ განიხილავს.

_ აღნიშნულ პრობლემაზე ქვეყნის გარეთ ვის მიმართეთ?

_ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რადგან უზენაესში როზა ნადირიანმა პირდაპირ გამოგვიცხადა, _ თქვენ ფულის გადახდა არ გინდათ და პროცესი რატომ მოგაგებინოთო? ეს ჩანაწერიც მაქვს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სასამართლოსთვის ფულის გადახდა არ გვინდოდა, _ ამიტომ მართლები კი ხართ, მაგრამ ფულის გაღება არ გინდათო. რა ფული უნდა გადამეხადა, როცა იქით ბანკს ვთხოვდი ჩემსავე ფულს?

_ როდის ხდება ეს ამბავი?

_ დაახლოებით 2002-ში. უზენაეს სასამართლოში ნადირიანის ის სიტყვები ჩაწერილი მაქვს და თუ არ ვცდები, ეს მოსამართლე დღესაც ამ სისტემაში მუშაობს. ყველა კორუმპირებულია თეიმურაზ თოდრიადან დაწყებული. ყველა დღესაც მუშაობს, როგორც აპელაციაში, ასევე უზენაესში. მათ ხელს არავინ ჰკიდებს.

ამიტომ უზენაესმა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა _ ერთი მილიონი რუბლი ერთ ლართან მიმართებით და სარჩელი 0,004 თეთრით დამიკმაყოფილა.

მერე საქმე სტრასბურგის სასამართლოში გავაგზავნეთ. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ პირველი ინსტანციიდან მეორეში გადავიდა, მეორემ დამიდასტურა, რომ საქმე ნამდვილად განხილვადი იყო. შემდეგ რაღაც საბუთი მოგვთხოვეს, რომელიც ბანკში იყო. ბოლოს და ბოლოს, იქიდან პასუხი მოვიდა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია აღარ მეცნობებოდა და საქმე სტრასბურგში ვისი ხელშეწყობით დაიხურა, ეს ჩემთვის დღემდე გაუგებარია, თუმცა წარმოგიდგენთ წერილებს, ვისი ხელმოწერაც იქ არის.

_ ვისი ხელმოწერითაა?

_ თეა წულუკიანის, მაშინ სტრასბურგში მუშაობდა. ეს 2004-05 წლებში ხდებოდა. მოკლედ, საქმე შეჩერდა იმ პროცედურებიდან გამომდინარე, რაც სტრასბურგს ახასიათებს. ჩვენ დამატებითი დოკუმენტაცია ვერ გავუგზავნეთ.

_ დღეს გამოსავალს სად ხედავთ?

_ ჯერ გეტყვით, რომ ამ საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. გამომძიებელმა გია ნუკრაძემ დაზარალებულად მარტო ჩვენ კი არა, რამდენიმე მოქალაქე ცნო, ვინც კი ამაზე სარჩელი შეიტანა. ის თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს. მერე საქმე თავისიანს მისცეს და საბოლოოდ დახურეს, _  თაღლითობის ნიშნები არ არისო. საინტერესოა, მე ვიყავი თაღლითი, თუ ისინი? ეს ამბავი, დაახლოებით, 2003 წელს მოხდა.

უკვე დღევანდელი მთავრობის პირობებში, მთავარ პროკურატურას მივმართეთ, მაგრამ პასუხს არ გვცემენ, ჩამი-ჩუმი არ ისმის. იყო რეკვები, რომ იქიდან სადღაც გადაიგზავნა, ამას და იმას დაეწერაო, მაგრამ დღემდე რეაქცია არ არის. საქმე სად წავიდა, კაცმა არ იცის. სხვათა შორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიც საქმის კურსში იყო. თეა წულუკიანის უწყებასაც ვთხოვდით, კონტროლი გაეწიათ, თუ როგორ მიმდინარეობდა სასამართლო, მაგრამ პასუხი მომივიდა, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

 

სოსო მარხვაშვილი:

_ ჩვენ ასევე ვითხოვთ იმ მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც ქვეყნის კონსტიტუციას ზედ გადაუარეს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამ ხელისუფლებასაც ძირს უთხრიან თავიანთი ქმედებებით.

ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება მიაქციოს სასამართლოს და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. მოსამართლეები კანონს ღიად აბიჯებენ, ამისთანა გაუქმებული ნორმატიული აქტით დღესაც ხელმძღვანელობენ და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ამიტომ მთავრობამ კეთილი ინებოს, კანონი შეცვალოს და მოსამართლეებს პასუხი აგებინოს.

ის კანონი გაუქმებულია, მაგრამ მეუბნებიან, ის შენ მაინც გეკუთვნისო; უნდა მოგიყენო, რადგან ბანკი პრეცედენტს არ დაუშვებსო. ამას მოსამართლე გოდერძი გიორგიშვილი ადასტურებს. ასევე მოსამართლე მარტიაშვილმა დამიდასტურა, რომ რა ვქნათ, ასეა, ეგ შენი ფანტაზიის ნაყოფია, მე არ ვიღებ სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობასო. აბა, რა ცნობა აინტერესებთ, ქვეყანაში მარტო ბანკის ცნობას აღიარებენ? თუ მთავრობა რომ ეუბნება მოსამართლეებს, საქმე ასე და ისე გააკეთეთო?

მე ხელშეკრულება მაქვს და ყველაფერი უნდა ამინაზღაურონ. სხვათა შორის, ინფლაციაზე რასაც ამბობენ, ჩვენ ის ცნობაც გვაქვს, რომელსაც სააკაშვილი ხელს აწერს, _ 1993 წლის 3 აგვისტომდე ინფლაცია არც ერთ ფულად ერთეულს არ ეხება.

ელემენტარულად, არც პიარი გვინდა და არც ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მათ ხალხი გამოუვარდეს. დასხდნენ, დაგველაპარაკონ და ჩვენი კუთვნილი ორი კაპიკი მოგვცენ და ჩვენ ამ საქმეს გავეცლებით, სხვამ თავისი არკვიოს. მაგრამ როგორც არკვევენ ამ წლების განმავლობაში, ამას თვითონ ბანკიც კარგად ხედავს. ამ საქმეზე 12 წელი მარტო ორი ადამიანი დარბის, კიდევ რამდენიმესთან ერთად.

,,ქრონიკა+” ცდილობდა დაკავშირებოდა ,,ვითიბი ბანკის” პრესსამსახურს, ოფიციალურ გვერდზე ელექტრონული სახით კითხვებიც გავუგზავნეთ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

 

                                                                                                გელა მამულაშვილი