თბილისი _ „ოსვენციმის“ მუზეუმი

6tgv

დანტეს „ჯოჯოხეთში“ არის ასეთი ფრაზა: „აქ შემომსვლელმა ყველა იმედი კართან დატოვოს“.

ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ქალაქის მეორე ტუბდისპანსერის მისაღებში იმედები კართან არ დამიტოვებია. არც აქ და არც არც პირველ სართულზე, სადაც რესპირატორი ამაფარეს და მთხოვეს მეორე სართულზე ასვლისას, მუაჯირს არ შევხებოდი, ხელში რომ არ შემრჩენოდა. იმედი არ დამიკარგავს არც ექთნის კაბინეტში, რომელიც ბნელ დერეფანში წინ მიმიძღოდა და აყრილ პარკეტს ხელით მაცილებდა.

იმედები მეორე სართულზე დავტოვე, როდესაც კედელზე გაკრულ „ხსოვნის კუთხეს“ მივადექი.

ტუბერკულოზით გარდაცვლილი ექიმების ფოტოები _ ახალგაზრდებისა და ხანში შესულების. ისინი აქ დაავადდნენ…

მერე იყო გრძელი გასასვლელები, უფანჯრო ოთახები, ყოფილი პალატები, სადენებჩამოგლეჯილი ლაბორატორიები და ლინოლეუმახეული რენტგენის კაბინეტები. ალბათ ასე გამოიყურება დღეს „ოსვენციმის“ მუზეუმი.

გარეთ გამოსვლისას ნიღაბს ვიხსნი და თვალში მხვდება დისპანსერის გვერდით გაკრული აბრა „სკოლა“. ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაყვანილი ტუბერკულოზით დაავდებული პაციენტები და სკოლის მოწაფეები აქ ერთად მოდიან, ერთ გზას გადიან _ ბორჯომის ქუჩას.

ყველაზე დიდი სიურპრიზი წინ მელოდება, _ ის, რასაც „ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, ზაზა ავალიანი გვიყვება ამ ობიექტების შესახებ:

_ შენობა 1893 წელს აშენდა და ერთ-ერთი სომეხი ვაჭრის საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც რევოლუციის შემდეგ, 20-ანი წლების მეორე ნახევარში, სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთდა. ფაქტობრივად, ერთი საუკუნის ნაგებობაა, რომელიც ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს. ნანგრევებში კი მოყვება როგორც მომუშავე პერსონალი, ასევე პაციენტები. აქ არის ოთახები, რომელთაც ფანჯრები არ აქვს, აირაციის უქონლობა კი ყოვლად დაუშვებელია, როდესაც ასეთი ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. მეორე სართულზე სპეციალური სტენდი გვაქვს გაკეთებული, რომელზედაც ტუბერკულოზით დაავადებული მედპერსონალის ფოტოებია. კიდევ ორი დისპანსერია კატასტროფულ მდგომარეობაში. ერთი მდებარეობს ნავთლუღში, მეორე ე. წ. აფრიკის დასახლებაში. ისინიც, პრაქტიკულად, ამორტიზებული და განადგურებულია.

_ ბატონო ზაზა, ის, რაც ხდება ბორჯომის ქუჩაზე, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? ანდა რამე თუ გაკეთდა, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?    

_ ინფრასტრუქტურულ აღწერაში აღნიშნული დისპანსერების გარდა შესულია ჩვენი ე. წ. ბავშვთა დეპარტამენტი, რომელიც ანალოგიურად არის ამორტიზებული. იქ კედლებია გადახსნილი და ყოველ დილით გულის კანკალით მივდივარ სამსახურში, იქ მწოლიარე ბავშვებს ხომ არ ჩამოექცათ პალატის ჭერი თავზე-მეთქი. კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა კაბინეტებში, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული.

_ სულ რამდენია ასეთი დაწესებულება?

_ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქსელი შედგება როგორც „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისგან“, ასევე ათი დიდი რეგიონული ცენტრისგან, სადაც მცირე სტაციონარული ტიპის ინსტიტუციებში შემავალი სტრუქტურებია. კიდევ გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმოფანტული 64 ტუბერკულოზის საწინააღმდეგო კაბინეტი, ამას დამატებული თბილისში არსებული ხუთი დისპანსერი. დედაქალაქში ამ ტიპის ყველაზე მეტი დაწესებულებაა თავმოყრილი, ვინაიდან   საქართველოში დაფიქსირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა ერთი მესამედი აქ მოდის. ის, რა პირობებშიც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე დისპასნერი ამის თვალსაჩინო მაგალითია.

_ ობიექტების რეაბილიტაცია საერთოდ იგეგმება?

_ იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმა აქვს, რომ არსებული მდგომარეობა შეცვალოს. ჩვენ დახმარებისთვის უკვე მივმართეთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაცია „გლობალურ ფონდს“, რომელიც მნიშვნელოვანი პარტნიორი გახლავთ ანტიტუბერკულოზური პროგრამების განხორციელებაში საქართველოს მთავრობისთვის.

_ კონკრეტულად როგორ გეხმარებიან?

_ დონორი ორგანიზაციებისთვის მიმართვის ძირითადი არსი გახლავთ ამ ტიპის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება. მთელი უბედურება იცით, რა არის? _ დღეს ანტიტუბერკულოზური პროგრამის სრულყოფილად წარმართვა შეუძლებელია ამორტიზებულ ინფრასტრუქტურაში. „გლობალური ფონდის ხელმძღვანელობა თბილისში ჩამოვიდა და შეხვდა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ტუბერკულოზის კონტროლის ცენტრის პერსონალს. მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ რა მდგომარეობაა ბორჯომის ქუჩაზე. შოკირებული არიან! დღესაც ვესაუბრე მათ და საუბრის თავიც არ ჰქონდათ, იმდენად შეწუხებული იყვნენ ნანახით.

_ „გლობალური ფონდის“ ხელმძღვანელობა მანამდეც არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში. წლებია, ისინი ამ პროგრამას ახორციელებენ, მაგრამ პარალელურად ჩვენ გვაქვს „ოსვენციმის“ ბანაკების ანტურაჟი დისპანსერებში!

_ იმიტომ, რომ მათვის აქამდე არავის მოუკიდია ხელი და არ მოუყვანიათ, არ დაუთვალიერებიათ ეს ობიექტები. პრობლემის გაცნობიერება და შეფასება აქამდე ვერ მოხერხდა. რატომ? ამაზე პასუხი არ მაქვს, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ახლა დადგა მომენტი, როცა შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილებები მივიღოთ.  ვგულისხმობ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის აშენებას, რომელსაც ვფიქრობ, სულაც არ დასჭირდება დიდი ხარჯები, როგორც აქამდე იყო. უბრალოდ, „გლობალური ფონდის“ კეთილი ნება და სტრატეგია უნდა იყოს.

_ დღეს მთავრობა მთლიანად არის ჩართული „ცე“ ჰეპატიტის პროგრამაში. ტუბერკულოზთან მიმართებით რა ხდება?

_ რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას ამ კუთხით, მან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მისცა ინფექციურ პათოლოგიებს. ამჯერად მიმდინარეობს ტუბერკულოზის ილიმინაციის პროგრამაც, რომელიც გულისხმობს ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოში. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის ურთულესი საქმე. ტუბერკულოზი უმძიმესი სენია, რომლითაც 60 მილიონზე მეტი ადამიანია მსოფლიოში დაავადებული. ყოველწლიური ახალი შემთხვევები 9-დან 11 მილიონამდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის ასე მარტივად მოგვარება შეუძლებელია.

_ რა მოგვარებაზეა საუბარი, როდესაც, ელემენტარულად, შენობებია ამორტიზებული?

_ ჯერ უნდა მოწესრიგდეს ის ინფრასტრუქტურა და შეიქმნას სწორი ორგანიზაციული მენეჯმენტის სქემა, რომლის პირობებშიც 12-მილიონიანი ბიუჯეტი ეფექტურად იქნება განკარგული. უკვე დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. მილიონ სამასი ათასი ლარი გამოიყო ბავშვთა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ცენტრის ასაშენებლად. მშენებლობა დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომამდე დასრულდება. მარტო სახელმწიფო ფინანსურად ვერ შესწვდება არსებული მდგომარეობის შეცვლას. აქ არის ჩვენი პარტნიორების როლი.

 

ზაზა ავალიანთან ინტერვიუ „ქრონიკა+“-ის მიერ დაწყებული ამ უმნიშვნელოვანესი, ქვეყნისთვის ბიოლოგიური იარაღის ტოლფასი კერის შესახებ მომზადებული მოთელვითი სტატიაა, ერთგვარი შესავალი იმ სკანდალური ციკლისა, რომელსაც შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

 

                                                                                                             თამარ როსტიაშვილი

z1

z2

z3

z4

z5