ვინ გაანიავა უსინათლოთა მიერ შექმნილი ქონება?!

23ws

საქართველოს უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, ვალერი ოზმანოვი, აცხადებს, რომ უსინათლოთა ქონება, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებმა შექმნეს, უსინათლოთა კავშირმა გაანიავა და კორუფციული სქემით გაასხვისა. მან „ქრონიკა+“-ს და მის რედაქტორს სამართლიანობის აღდგენაში დახმარება სთხოვა. ვალერი ოზმანოვს უნდა, რომ ამ საქმით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდეს და მთავარ პროკურორს უსინათლოთა საქმის სრულფასოვნად გამოძიება დაავალოს.

   ვალერი ოზმანოვი:

_ ისე არ იფიქროთ, რომ დავა ახლა დავიწყეთ. სამართალს 1998 წლიდან უშედეგოდ ვეძებთ. საქმე ეხება სამართალმემკვიდრეობის უკანონოდ მითვისებას, არასამართლიან რეგისტრაციას და არსებული ქონების დანაშაულებრივად გასხვისებას. მე თქვენ ახლა მოგიყვებით უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელების მიერ განხორციელებულ აფერებზე.

საქართველოს მასშტაბით 14 ათასამდე უსინათლო ადამიანია. აქედან დაახლოებით 3500 ჰყავს აღრიცხული უსინათლოთა კავშირს და მეტს აღარ აწევრიანებს, _ ამდენ წევრს ვეღარ ავუვალთო. თითქოს ვინც ჰყავს, იმას რაიმეს უკეთებდეს. თუ უსინათლო განცხადებას დაწერს ერთჯერად დახმარებაზე, მას 5 წელიწადში ერთხელ აძლევენ 30 ლარს. ახლაც, საახალწლოდ, ორი ბოთლი ლიმონათი და დაახლოებით 300 გრამი შოკოლადი დაურიგეს. მერია უსინათლოების გამცილებლებს აფინანსებს, მაგრამ ამაზეც რიგია, ვინაიდან მერია 9 გამცილებელს უფინანსებს, კავშირს კი მხოლოდ 4 დამხმარე ჰყავს აყვანილი. დამხმარეებისთვის გამოყოფილი დანარჩენი თანხა გაუგებარია, სად მიდის. ესენი არიან ერთდღიანი დამხმარეები, რომლის საჭიროებაზეც უსინათლომ თვენახევრით ადრე უნდა შეატყობინოს. ჩვენი თხოვნით, თბილისის საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტში უსინათლოთა პროგრამაც ჩავასმევინეთ და გასულ წელს უსინათლოები 300 ლარს ღებულობდნენ, რაც თბილისის საკრებულოს დამსახურებაა. კავშირში ვინც მიდის დახმარების თხოვნით, ყველას ჩვენკენ უთითებენ _ იქ მიდით, ისინი დაგეხმარებიანო. მართლაც ჩვენ ბევრ უსინათლოს ვეხმარებით. ზოგი მათგანი სოციალური დახმარების ბაზიდან ამოგდებული იყო და ჩავასმევინეთ, ზოგსაც სხვა სახის დახმარებები გავუწიეთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვუკეთებთ ამ ადამიანებს. უსინათლოთა კავშირს კი გრანტებიც აქვს, სხვა შემოსავლებიც და რიგითი წევრებისთვის არაფერი ემეტება. სამაგიეროდ, თავად კავშირის ხელმძღვანელები კარგად ითვისებენ უსინათლოთა ქონებას.

_ კონკრეტულად მითხარით, რა ქონებაზე საუბრობთ?

_ კავშირს უსინათლოთა საზოგადოებისგან დარჩა დიდძალი ქონება, რომელსაც უკანონოდ ყიდიან და ფულს ითვისებენ. დიდი ხანია, ამაზე ვდაობთ, თუმცა სამართალი ვერ გვიპოვია და უკანონოდ და დანაშაულებრივად ქონების გასხვისების პროცესი დღემდე გრძელდება.

იმასაც გეტყვით, თუ როგორ აღმოჩნდა უსინათლოთა ქონება უსინათლოთა კავშირის ხელში. სამწუხაროა, რომ დღეს უსინათლოთა ლოკომოტივი არის უსინათლოთა კავშირი, რომელშიც დაახლოებით 100 ადამიანია. ისინი ზოგჯერ სამ ხელფასს იღებენ და, ფაქტობრივად, ისინი წარმოადგენენ დამცავ ძალას.

საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება 1926 წელს ავთანდილ ციხელაშვილმა ჩამოაყალიბა. წლების განმავლობაში უსინათლოები იყვნენ ყოველგვარი ბეგარისგან განთავისუფლებულები და სხვადასხვა პროფილის ფაბრიკაში დასაქმებულნი, სადაც მოსახლეობისთვის საჭირო წვრილმან ნივთებს აწარმოებდნენ. ამით საზოგადოებას საშუალება მიეცა, სოლიდური კაპიტალი დაეგროვებინა. 1997 წლის 15 მაისს საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მეთერთმეტე ყრილობაზე ახალი პრეზიდიუმი და თავმჯდომარე უნდა აერჩიათ ფარული კენჭისყრით, თუმცა თავმჯდომარე ღია კენჭისყრით აირჩიეს. საზოგადოების რამდენიმე წევრმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ის დააკმაყოფილა და ყრილობა ბათილად გამოაცხადა. სააპელაციომაც დატოვა ძალაში ეს გადაწყვეტილება. 2001 წლის 7 სექტემბერს დაინიშნა უსინათლოთა რიგით მეთორმეტე ყრილობა, რომელმაც ხელახლა ჩაატარა არჩევნები და საქართველოს უსინათლოთა პრეზიდიუმის თავმჯდომარედ რევაზ მაისურაზე აირჩია. 2002 წელს ისანი-სამგორის სასამართლომ კიდევ ერთი დადგენილება გამოიტანა და თქვა: ვინაიდან 1997 წლის დადგენილება არ აღსრულებულა, მეათე ყრილობის მერე ყველა ჩატარებული ყრილობა ბათილად ჩაითვლებაო. სააღსრულებოს წარმომადგენელმა პირადად მიიტანა საზოგადოებაში აღსრულების ფურცელი, მაგრამ მეათე ყრილობის მიერ არჩეულმა თავმჯდომარემ მოვალეობის აღსრულებას თავი აარიდა და დროებითი თავმჯდომარის ფუნქცია მოადგილემ, სალომე ქაჯაიამ აიღო. ქაჯაიამ მეათე ყრილობის შემდგომ მოწვეული ყრილობების მიერ არჩეული თავმჯდომარეები და მოადგილეები გაათავისუფლა, თუმცა ეს ბრძანება ქაღალდზე დარჩა და არც ერთ თანამშრომელს პოსტის დატოვება არ უცდია. ამ უკანონო მოვალეობას ისინი კვლავ განაგრძობენ და წლების განმავლობაში სიმწრით დაგროვილ საზოგადოების ქონებას ყიდიან.

1998 წლის 10 დეკემბერს საზოგადოების სახელით მოწვეულ მე-12 ყრილობის გამგეობის პლენუმზე (სხდომა) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რეგისტაციის შესახებ საქართველოს უსინათლოთა კავშირის სამართლებრივი ფორმით და თავმჯდომარედ აირჩიეს გ. ჭუმბურიძე, პირველ მოადგილედ _ გოგოძე, მეორე მოადგილედ ფრ. ლობჟანიძე. ისნის სასამართლოს მოსამართლე დალი სულხანიშვილმა სარეგისტრაციო დადგენილებში მიუთითა, რომ რეგისტრაციაში გაატარა არაკომერციული იურიდიული პირი _ საქართველოს უსინათლოთა კავშირი, რომლის დამფუძნებელია საქართველოს უსინათლოთა ასოციაცია. მან კავშირი წარმოადგინა საზოგადოების სამართალმემკვიდრედ, რაც არასწორი იყო. ასეთი გადაწყვეტილების მიღება კანონით მხოლოდ უმაღლეს ორგანოს, ყრილობას შეეძლო და არა სხდომას. უსინათლოთა კავშირი კი დაირქვეს, მაგრამ საიდენტიფიკაციო კოდი და ბეჭედი კვლავ საზოგადოების დაიტოვეს, რაც ასევე დანაშაულია. უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელები იყვნენ გოგი ჭუმბურიძე, რეზო მაისურაძე და ახლა არის ფრიდონ ლობჟანიძე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეჭამეს უსინათლოთა ქონება.

როცა ორი ორგანიზაცია ერთმანეთს შეერწყმის, საწყისი კაპიტალი ორივეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ კავშირი უკაპიტალოდ მოვიდა და საზოგადოების დაახლოებით 200 მილიონზე მეტ ქონებას დაეპატრონა. შერწყმა და სახელის შეცვლა მოხდა ისე, რომ არც ერთი უსინათლო არ ჩააყენეს საქმის კურსში. მათ მოწმობებიც უცნაურად შეუცვალეს, უთხრეს, რომ ახალი ფორმის უნდა დარიგებოდათ. ყველას უკითხავად ასე გადაიქცა საზოგადოება კავშირად და საზოგადოების ქონებაც მიითვისა. უსინათლოებმა ყველაფერი საკუთარი ხელით შექმნეს. უსინათლოთა დასახლებას უწოდებდნენ ქვემო ფონიჭალას, რაც ვარლამ ძნელაძის დამსახურებაა. წყალი არ იყო და მას ურმით მიჰქონდა წყალი, კორპუსები რომ აეშენებინათ. ამ ადამიანებმა კი შექმნეს სპეციალური სქემა, როგორ უნდა ჩაეგდოთ ხელში საზოგადოების მთელი ქონება, რაც 1998 წელს დაიწყო.

რეზო მაისურაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი კენჭი იყარა და ხელმძღვანელი გახდა. ეს ადამიანი ახლა მერიაშიც მუშაობს, თუმცა კავშირის სათავეშიც დგას. ყველა ხელისუფლების პირობებში პოულობდა მფარველს და ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებიდან ვინმე „კრიშავდეს“. სხვანაირად დაუჯერებელია, რომ უსასყიდლოდ ამდენი ქონება ვიღაცამ ვიღაცას გადასცა და ეს შერჩეს. თუ ეს სიმართლეა, თავადაც სულელი ყოფილა, მაგრამ სანოტარო აქტებში ასე წერია, რომ უსასყიდლოდ გადასცემენ ადამიანებს, რომელთაც უსინათლოებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.

_ მხოლოდ ეს ადამიანი აკეთებდა ასეთ საქმეებს?

_ ლობჟანიძე ზაფხულში ჩვენთან იყო და პირდაპირ მითხრა, _ რეზო მაისურაზე თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანიაო. ჩვენ ხარჯზე გახდა ეს პიროვნება ასეთი მდიდარი. მართალია, ამჟამად მმართველი ლობჟანიძეა, მაგრამ ფაქტობრივად კავშირს კვლავ რეზო მაისურაძე მართავს. კავშირის გამგეობა რაც აირჩიეს, ეს ხალხი სულ ერთ წრეზე ტრიალებს, არადა კანონით, მხოლოდ ორ არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამათთვის სამართალი ურმით კი არა, საერთოდ არ დადის.

ფონიჭალაში იყო და არის უსინათლოების დიდი საწარმო, მაგრამ დღეს იქ უსინათლოს არ უშვებენ, რადგან გაასხვისეს. გაყიდულია, აბა, რა არის, როცა ამხელა საწარმოს ვიღაცას ჩუქნი? სანოტარო აქტებზეც წერია, რომ უსასყიდლოდ აქვს გადაცემული და რატომ არავინ კითხულობს, ეს ვერ გაგვიგია? დღეს ვინმე ვინმეს ჩუქნის ამხელა ქონებებს. ასევეა გაცემული უსასყიდლოდ ფონიჭალის კულტურის სახლი. მთელი სიაა ასეთი ძვირადღირებული ობიექტებისა, რომელიც ამ ხალხმა ვითომ უსასყიდლოდ გაასხვისა. უსინათლოთა საზოგადოების ბალანსზე ორი კულტურის სახლი იყო _ ერთი ფონიჭალაში და მეორე ორთაჭალაში. მე გადმოგცემთ ფოტოებს, ახლა რა დღეშიც არის ორთაჭალის კულტურის სახლი.

_ რა დღეშია?

_ ფონიჭალის კულტურის სახლი დღეს და-ძმა ერაძეების ხელშია, რომელთაც საერთო არაფერი აქვს უსინათლოებთან. ვინმე რომ მივიდეს კავშირში და უთხრას, ამა და ამ ქონების ყიდვა გვინდაო, ის აუცილებლად გაურიგდება თანხაზე, მაგრამ გააფრთხილებს, რომ უნდა დაწეროს „უსასყიდლოდ“. დიდი კორუფციული სქემაა ამათ საქმიანობაში ჩადებული. არავითარი მიზეზი არ არის მითითებული სანოტარო აქტებზე, თუ რატომ აძლევდნენ.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რევაზ მაისურაძემ რუსთავის გზატკეცილის #22-ში მდებარე 1700ზე მეტ კვ.მ. მიწის ფართი ზედ დამაგრებული შენობა-ნაგებობებით გადასცა ვინმე მერაბ ნემსაძეს უსასყიდლოდ, რომელმაც, თავის მხრივ, დააფუძნა შპს „გეობა“. მხოლოდ ეს წერია დოკუმენტებში. ასეთი ფორმით აქვს კავშირის ხელმძღვანელებს გასხვისებული საქართველოში თითქმის ყველგან ობიექტები. უსინათლოთა საზოგადოებას ჰქონდა კურორტებიც, მაგრამ ისინიც მიზერულ თანხებად გაყიდეს. სინამდვილეში კი დიდი თანხები აქვთ აღებული, თუმცა ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ სახელმწიფოს გადასახადს უმალავდნენ.

_ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ხალხი ასე თავისუფლად და ღიად აკეთებდა მსგავს უკანონობებს. ბოლოს და ბოლოს, არავინ ამოწმებდა მაინც?

_ კავშირის საქმიანობა კონტროლის პალატამ რამდენჯერმე შეამოწმა. ერთხელ 33 დარღვევა დააფიქსირეს და პროკურატურას გადაუგზავნეს. პროკურატურის წინ უსინათლოები ვშიმშილობდით კიდევაც, რა დროსაც ჩვენთან გამოვიდა პროკურატურის პირველი ნაწილის უფროსი ქაჯაია და გვითხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა და დამნაშავეებს სათანადოდ დასჯიდა. ამ საქმეში 12 ადამიანია დასაპატიმრებელიო, _ აგვიხსნა. ყველაფერი გამოძიებული და შესწავლილი იყო, მხოლოდ კეთილი ნება უნდოდა კანონის აღსრულებას, თუმცა ჩვენ იმ იმედით წამოვედით, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ამის მერე პროკურატურაში გვემალებოდნენ და სატელეფონო ზარებზეც არ გვპასუხობდნენ.

ორთაჭალაში, პოტენციურ ინვესტორთან რომ მართავდნენ მოლაპარაკებებს, ეკა ბესელიას ვთხოვეთ, შესაბამისი დაწესებულებებისთვის ეთქვა და ყადაღა დაედოთ ამ ობიექტისთვის, რათა იგი უსინათლოებისთვის არ წაერთმიათ, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქცია, საქმე გაიწელა და მაინც გაყიდეს. ორი კვირის წინ კი იქ სპეცტექნიკა მიიყვანეს და ყველაფერი დაანგრიეს. თითქოს იქ საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს და პირველი სართული დაუბრუნონ კავშირს, მაგრამ ეს საეჭვოა, რადგან არც ერთ დოკუმენტზე მითითებული არ არის. როცა ვიკითხე, ეს შენობა რატომ დაანგრევინეს, მითხრეს, რომ დაზიანებული იყო და ბზარები ჰქონდა. სანამ დაანგრევდნენ, მაშინ გადავიღე ეს ფოტოები და ბზარი ვერსად ვნახეთ. წლების განმავლობაში ის დაქირავებული ჰქონდათ ახალ მემარჯვენეებს და სანამ იქ შევიდოდნენ, დიდი თანხა დახარჯეს და კაპიტალურად გაარემონტეს. დაზიანებულ შენობაში რატომ გადაიხდიდნენ ქირას და რატომ იქნებოდნენ იქ წლების განმავლობაში, ესეც ხომ სათქმელია?

_ კიდევ დარჩა რაიმე გასასხვისებელი საზოგადოების ქონებიდან?

_ დიახ, რამდენიმე ობიექტი დარჩა. ერთი საწარმოც არის თბილისში დარჩენილი. იმ ქონებების ზუსტად ჩამოთვლა, რაც ასოციაციას ჰქონდა, შეუძლებელია. ჩვენი აზრით, მარტო ამ საწარმოების გაყიდვით დაახლოებით 200 მილიონი მიითვისეს. გარდა ამისა, თეთრი წყაროში, ფიჭვებისხევში გვქონდა დასასვენებელი, რომელიც გაიყიდა, ასევე გაიყიდა დასასვენებელი სახლები  წყალტუბოში, ბახმაროში, ცხვარიჭამიაში. ზოგჯერ ასეთ ინფორმაციას შენობის გაყიდვის შემდეგ ვიგებთ, ზოგჯერ წინასწარ, მაგრამ მაშინვე მივმართავთ ხოლმე შესაბამის უწყებებს, ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ ვერაფერს ვშველით. მაინც იყიდება. კავშირი თავის საიტზე ათავსებს ხოლმე ინფორმაციას და ასე ვიგებთ, დაფარულად კი არ აკეთებს ამ ყველაფერს.

_ უსასყიდლოდ ვყიდითო, ამას წერენ?

_ ცხადია, ასე არ წერენ და უწერიათ, ფასი შეთანხმებითო, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ნოტარიუსთან უსასყიდლოდ გადასცეს. მათი განცხადებითაც ჩანს, რომ სინამდვილეში ამ ობიექტებს ყიდიან, მაგრამ წერენ, უსასყიდლოდ მივეცითო და არავინ არაფერს ეუბნება. ჭიათურაში იყო საწარმო, რომელიც უნდა გაეყიდათ. იქ მომუშავე უსინათლოები შეიკრიბნენ და უთხრეს, ჩვენ ვიყიდით, ფულს დავდებთო, მაგრამ მათ არ მიჰყიდეს და არაუსინათლოს მიჰყიდეს. ამ ობიექტს ასევე საერთო საცხოვრებელი ჰქონდა, სადაც უსახლკარო უსინათლოები ცხოვრობდნენ. იქიდან ისინი გამოყარეს და საერთო საცხოვრებელი გაყიდეს. იქვე იყო პატარა პარკიც, მაგრამ არც ის მიჰყიდეს უსინათლოებს. ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ უსინათლო მერე იტყოდა, ვიყიდეო და ვერ გააფორმებდნენ, როგორც უსასყიდლოდ გადაცემულს, ანუ მაქინაცია გაუმჟღავნდებოდათ. თუ სადმე რამეა გაყიდული, ყველგან უწერიათ, უსასყიდლოდ გადავეცითო.

არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მერაბ მაისურაძემ მიწის ფართი ზედ დამაგრებული შენობა-ნაგებობით გადასცა უსასყილლოდ დავით ზაალიშვილს. ქვემოთ კი ზაალიშვილი წერს: დავის წარმოქმნის შემთხვევაში მესამე პირის ჩართულობით, ვიტოვებ უფლებამოსილებას, რევაზ მაისურაძისგან მოვითხოვო ჩემი კუთვნილი თანხაო. ხომ იბადება კითხვა, თუ  უსასყიდლოდ გადასცეს მაისურაძეს, რა თანხის დაბრუნებაზე საუბრობს ის?

გვინდა, თქვენი გაზეთისა და მთავარი რედაქტორის მეშვეობით მივაწვდინოთ ხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რათა უსინათლოებს მოგვხედოს. ბევრი უკვე გამათხოვრებულია. ცხადია, თქვენც ხედავთ, როგორ მათხოვრობენ ისინი მიწისქვეშებში, ქუჩებში, მეტროში. ბევრი სიცივეში ყოფნის გამო გარდაიცვალა კიდეც. მათი ქონება ასე რომ არ დაენიავებინათ ამ ადამიანებს, ისინი ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ.

ორხევში, ქიზიყის ქუჩის #20-ში არის კიდევ ერთი ჩვენი საწარმო, რომელიც არ გაყიდულა. პირადად ვთხოვე რევაზ მაისურაძეს, კავშირის ბალანსზე დაიტოვეთ, მე მოვიძიებ სპონსორს, ავამუშავებ და იქ მხოლოდ უსინათლოები იმუშავებენ, შიმშილით რომ არ დაიხოცონ-მეთქი, მაგრამ დამიანგარიშა და ერთ კვადრატულ მეტრზე ორი დოლარი მომთხოვა. ასევე მითხრა, ერთ წელიწადში უნდა შემოიტანო 10 ათასი დოლარიო. ეს მითხრა კაცმა, რომელიც, თურმე, უსასყიდლოდ არიგებს გაურკვეველი მიზეზით უსინათლოთა ქონებას. 400-ზე მეტი დასახელების პროდუქციას ქმნიდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით უსინათლოები, მაგრამ ამჟამად ყველა დაუსაქმებელი და საშინელ დღეშია. ეს არის უსინათლოების გენოციდი. იმედი დაკარგეს უსინათლოებმა და ზოგი აქციებზე აღარც გამოდის, რა აზრი აქვს, მაისურაძეს და ლობჟანიძეს მაინც არავინ შეეხებაო.

_ პრემიერ-მინიტრმა რა უნდა გააკეთოს? მესამე პირზე გაყიდული ქონება უკან როგორ უნდა დაბრუნოთ?

_ ძალიან მარტივად: იურისპრუდენციაში არის მუხლი, როცა პირი თაღლითურად ეპატრონება ქონებას და ეს დამტკიცდება, ის გაბათილდება და პირველ მფლობელს დაუბრუნდება, ამ შემთხვევაში უსინათლოთა კავშირს. როცა სასამართლო დაამტკიცებს ამ ადამიანების თაღლითობებს, კავშირს გააუქმებს და რაც 20 წლის განმავლობაში ყიდეს, ის ქონება უკან დაბრუნდება.

დიახ, მივმართავთ პრემერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ დაინტერესდეს უსინათლოების საქმით. 20 წელია, ეს უმსგავსობა ხდება ჩვენს თავს და პარტონი არავინ არის. დაავალოს მთავარ პროკურორს, მის თანამშრომლებს, რომ გულთან მიიტანონ და აღადგინონ სამართლოანობა. სამწუხაროდ, დღესაც იბადებიან უსინათლოები. წინათ ასეთი ადამიანები თავიანთ საწარმოეში საქმდებოდნენ და თავის რჩენაც შეეძლოთ, ახლა კი რა უნდა გააკეთონ, რით იცხოვრონ?

 

„ქრონიკა+“ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელს, ფრიდონ ლობჟანიძეს დაუკავშირდა:

_ ჩვენ უსასყიდლოდ არაფერი გადაგვიცია. მაგათ არ იციან დოკუმენტის კითხვა და რა ვქნა? ფონიჭალაში იყო სასწავლო ცენტრი, სადაც 800-მდე ადამიანი მუშაობდა, უსინათლოებიც და მხედველებიც. მერე ის შპს-დ გადაკეთდა. ამის შემდეგ კი დაიყო პატარა შპს-ებად და ეს ქონებაც ამიტომ დანაწილდა. აბა, ძირი შპს, ხომ არ მიჰყიდდა შვილ შპს-ებს ქონებას? რაც შეეხება ორთაჭალაში რატომ დავანგრიეთ კულტურის სახლი, ახალი მემარჯვენეების შემდგომ იქ უნივერსიტეტი იყო იჯარით და მათ 180 ათასი ახლაც გადასახდელი აქვთ. შენობა მოძველებული იყო და აღარ ქირავდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა გამგეობამ, რომ დაენგრია და მის ადგილზე ახალი შენობა აეშენებინა.

ტყუილია ყველაფერი, რასაც ეგენი ამბობენ. უკვე არაერთი სასამართლო გაიმართა და ყველამ ჩვენ გაგვამართლა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც დევს ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ დაჯერება არ უნდათ და ჩვენ რა გავაკეთოთ? ყოველწლიურად ვატარებთ ყრილობას, სადაც რაიონებიდან ჩამოსული უსინათლო დეპუტატებიც ესწრებიან და იქ გაგვაქვს ყველა საკითხი. ასე რომ, ჩუმად, ფარულად არაფერს ვაკეთებთ. ამჟამად კავშირის ხელმძღვანელი მე გახლავართ და არ ვარ ის კაცი, ვინმემ რომ მმართოს. თუ უფრო ვრცლად ისურვებთ ჩვენთან ინტერვიუს, სიამოვნებით მიგიღებთ და ყველაფერს მოგიყვებით.

 

                                                                                                            ნელი ვარდიაშვილი