ბესო შენგელია: ,,თბილისის შემდეგ კუბოებს ფოთის მერია ყიდულობს!“

we3

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, სამეგრელოს მუნიციპალიტეტის ტენდერებზე ავრცელებს ინფორმაციას და ეჭვი აქვს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა კონკრეტული პერსონების ჯიბეში მიდის.

ბესო შენგელია:

_ ბოლო პერიოდის დიდთოვლობამ ზუგდიდის რაიონში ცუდი შედეგები გამოიწვია. სოფელ ჭითაწყარში ჯამბულ ჩარგაზიას სახლი არის ცენტრალურ გზაზე, სადაც ასევე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის განყოფილება. 5 იანვარს, საღამოს, დიდთოვლობის დროს, სახლს თოვლის დიდი მასა დააწვა და მეორე სართული ჩამოანგრია. პირველი დახმარება ოჯახს მეზობლებმა აღმოუჩინეს, შემდგომ კი სოფლის გამგებელს დაუკავშირდნენ. გამგებელი, თავის მხრივ, სამაშველო ჯგუფს დაუკავშირდა. მოვიდა 3 ადამიანი და თოვლისგან შენობის გაწმენდა დაიწყო. ჩარგაზიებთან დანგრეული სახლის გადასაღებად ასევე მივიდნენ ტელევიზიების ჟურნალისტები. მათთან  გამგებელმა განაცხადა, რომ 1000 ლარით დაეხმარებოდა ოჯახს, თუმცა ჟურნალისტები რომ წავიდნენ, მან ოჯახის უფროსს უთხრა, თანხა არ მაქვსო.

ჩარგაზიები აფხაზეთიდან დევნილები და სოციალურად დაუცველები არიან. 7 იანვარს მათ ზუგდიდის გამგეობაში ყველა საჭირო დოკუმენტი შეიტანეს, რაზედაც ცოტა ხანში უთხრეს, რომ 12 იანვარს ეს საბუთები უკვე თბილისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნეს, _ მათ უნდა მოგვცენ დასტური, ისე ვერაფერს გავაკეთებთო. ეს არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან უვიცობა, ანდაც _ ტყუილი. ასეთ საკითხებთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს რა კავშირი აქვს? ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის ან გუბერნიის განსახილველი და გასაკეთებელი საქმე. უკვე თვეზე მეტი გავიდა და ეს ადამიანები ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. ოჯახის ახლობელი ორი დღის წინ ამ პრობლემაზე სალაპარაკოდ გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუას შეხვდა, რომელმაც განუცხადა, _ ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, დოკუმენტაცია გადაგზავნილია, ხუთშაბათს ინფრასტრუქტურის მინისტრი მიდის პარლამენტში, იქ განიხილავენ და პასუხს მერე გეტყვითო. რა შუაშია ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი, გაუგებარია?! ან ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება ამ ადამიანებს ქუჩაში სძინავთ და რომ უნდა დაეხმარონ? დღემდე არავის გაუწვდია მათთვის ხელი, _ არც გამგებელს, არც გუბერნატორს, არც საკრებულოს თავმჯდომარეს, ყველა ატყუებს, რომ მათი ხსნის საიდუმლო არის თბილისში. აი, ასე ატყუებენ ხალხს რეგიონებში, გუბერნიებსა და მუნიციპალიტეტებში. ჩარგაზიების სახლის ფოტოებს მოგაწვდით და ზუგდიდში ვინმემ გვიპასუხოს, ასეთ მდგომარეობაში თუ შეიძლება მოქალაქეების დატოვება?

_ თქვენ მითხარით, ტენდერებზე მოგიყვებითო…

_ დიახ, შპს ზუგდიდის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რომელიც არის სიპი, გამოაცხადა ტენდერი სამი ავტობუსის შეკეთებაზე. ორი ავტობუსი არის „ბოგდანი“ და ერთი _ „პაზი“, რომლებიც გამოშვებულია 2007 წელს. პრეისკურანტში წერია ისეთი ნაწილების შესყიდვა, რომელიც შეიძლება საერთოდ არაფერში დასჭირდეს ამ ავტობუსებს.

ტენდერის თანხა იყო 84 700 ლარი. მასში ერთადერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და მის წინადადებაში ზუსტად ის ციფრი წერია, რა თანხაც არის გამოცხადებული ტენდერის პირობებში _ ერთი ლარიც კი არ დაუკლია შპს-ს. ეს დეტალი აჩენს  ეჭვს, რომ ტენდერში აღნიშნული თანხა წინასწარი შეთანხმების შედეგად არის მორგებული მათ ჯიბეებს. დოლარის კურსზე რომ გავყოთ ეს ფული, 34 ათასი დოლარი გამოდის. ამ ფასად ახალ ავტობუსებს გამოიყვანდა ფირმა და ასეთი პომპეზური შეკეთება აღარ დასჭირდებოდა.

_ ფიქრობთ, რომ ეს კორუფციული სქემაა?

_ ცხადია, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციული სქემა, რომელსაც დაარქვეს ტენდერი. ერთ „ბოგდანს“ უწერია, რომ სჭირდება ორი საქარე მინა. შეიძლება დაზიანებული ჰქონდეს და ერთი შეისყიდონ, მაგრამ ერთ ავტობუსს ორი მინა რად უნდა?

თბილისის მერს, დავით ნარმანიას, არ ჩამორჩა მისი კოლეგა ქალაქ ფოთიდან და ფოთელები წინასწარ გაიმეტა სიკვდილისთვის.

_ რას გულისხმობთ?

_ საქმე ეხება კუბოების შეძენის ცნობილ თემას. ფოთის მერმა გამოაცხადა ტენდერი 122 კუბოს შეძენისთვის, რომელსაც 2001 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რეალიზება უნდა გაუკეთონ. ფოთში თუ უმწეო ან სოციალურად შეჭირვებული დაიღუპება, მას ამ კუბოს მისცემენ. ძალიან მაინტერესებს, ფოთისა და თბილისის მერები როგორ ხვდებიან, წელიწადში რამდენი უმწეო და გაჭირვებული გარდაიცვლება? თან უწერიათ, რომ ეს კუბოები არის სტანდარტული ზომის, ხარისხიანი, გამოკრული სარჩულით. არასტანდარტული ადამიანი რომ დაიღუპოს და გაჭირვებული იყოს, მას რა ეშველება? ეს არის მარაზმი და საშინელება!!! ამ ტენდერის მიხედვით ფოთში, წელს, 122 სოციალურად დაუველი ადამიანის სიკვდილს ელოდებიან. არ ვიცი, კუბოების ტენდერის თემა საიდან შემოიღეს, სავარაუდოდ, ან ახლობელი ჰყავთ იქ, ანდაც ამ ფორმით კარგად აკეთებენ ფულს, სხვა რა უნდა იფიქროთ ამ საშინელებაზე?!!

_ კუბომდე რომ არ მივიდეს საქმე და მედიკამენტებით, საკვებით რომ დაეხმარონ? ამ მხრივ ფოთში რა ხდება?

_ როგორც ეხმარებიან, ამის შესახებ ზუგდიდის მაგალითიც საკმარისია. ხალხს ღია ცის ქვეშ სძინავს და პატრონი და განმკითხავი არავინ არის. ცხადია, წამლით ბევრს არ ეხმარებიან, დაზღვევებზეც საშინელი პრობლემებია. როგორც ჩანს, ამ ყველაფერთან შედარებით იაფი მაინც კუბოა და ამ ადამიანების თავიდან მოსაცილებლად მას არიგებენ. ტენდერი დასრულებულია და ძალიან მალე 122 კუბო ექნება ფოთის მერიას.

დეკემბერში რეგიონებში ნაძვის ხეები დადგეს და მერე სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელეს. ბევრი მათგანი სამარცხვინო და სასაცილო იყო, მაგრამ ყველაზე საშინელება მაინც აბაშის ნაძვის ხე გახლდათ. ის აბაშის ცენტრში იდგა. ჩვენ წავაწყდით დოკუმენტაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა და 12 900 ლარით დააფინანსა კომპანია, რომელსაც ნაძვის ხე უნდა შეეძინა აბაშის ცენტრში დასადგმელად. 8850 ლარი უნდა ყოფილიყო ნაძვის ხის ღირებულება და დანარჩენი სათამაშოებისთვის, მოსართავებისთვის და ა. შ., მაგრამ მუნიციპალიტეტის ცენტრში იდგა საშინელება, რომელიც, ცხადია, ამ თანხის მეოთხედიც არ დაუჯდებოდათ,  შესაბამისად, ეს ფულიც ვიღაცის ჯიბეში წავიდა.

„ქრონიკა+“ ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ხელმძღვანელს, მაია მაკალათიას დაუკავშირდა. მისი განმარტებით, სოციალური პროგრამა ითვალისწინებდა სარიტუალო მომსახურებასაც. ახლა კი სოციალურად დაუცველებს ხშირად არ აქვთ საშუალება, კუბო იყიდონ, ამიტომ გადაწყდა, რომ ქალაქმა გააკეთებინოს. შეჭირვებული მოგმართავს, საბუთებს მოიტანს, ვამოწმებთ  და მერე  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვაძლევთ. კუბო, ცხადია, მიცვალებულის ზომების მიხედვით კეთდება და არა სტანდარტული. 122 ცალზე კი გეტყვით, რომ ეს ჩვენ ავიღეთ საშუალოდ.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ჩარგაზიების თოვლისგან ჩამოწოლილ სახლს, მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია ღურწკაიამ გვითხრა, რომ მათ მუნიციპალიტეტში ბევრი ოჯახია დაზარალებული ამგვარად, ამიტომ შეიქმნა კომისია, რომელმაც აღწერა ყველაფერი, ადგილზე მოხდა იდენტიფიცირება და დოკუმენტები გაიგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. დაზარალებულ ოჯახებს აუნაზღაურდებათ მხოლოდ ის ზარალი, რაც კონკრეტულად თოვლმა მიაყენა.  რაც შეეხება ავტობუსების შეკეთების ტენდერს, ამ საკითხის გარკვევა მომდევნო დღეებისთვის გადადეს.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი