ახდენს თუ არა „ენერგო-პრო ჯორჯია“ სხვისი ქონების ექსპლუატაციას?!

xz3

სააქციო საზოგადოება „ნიას“ დირექტორმა, გიორგი ლევანიშვილმა, 2002 წელს საწარმოს კუთვნილი „ნარეკვავის“ ელმომარაგების ხაზი, დროებითი სარგებლობის მიზნით, სოფელ წეროვნის გამგეობას გადასცა. ამას მცირედი ტექნიკური მანიპულაცია დასჭირდა და წეროვნის მიმდებარე სოფლებისა და საწარმოების ელენერგიით მომარაგების საკითხიც მოგვარდა. ხელშეკრულებაში წერია, რომ გამქირავებელს, საჭიროების შემთხვევაში, ხაზის დაბრუნების უფლება აქვს, რისთვისაც დამქირავებელი ორი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს. მიუხედავად ამისა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყურად არ იღებს „ნიას“ დირექტორის თხოვნას ამ საკითხის ცივილიზებულ გარკვევაზე და მისივე თქმით, განაგრძობს სხვისი ქონების ექსპლუატაციას.

„ქრონიკა+“ სააქციო საზოგადოება „ნიას“ დირექტორს, გიორგი ლევანიშვილს ესაუბრება:

_ სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია“ სხვისი ქონების ექსპლუატაციას ეწევა. ჩვენს მოთხოვნაზე, რომ ქონება დაგვიბრუნონ, ადეკვატურად არ რეაგირებს. ამასთან დაკავშირებით, მსურს თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართო ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის თამჯდომარე ირინა მილორავას და სააქციო საზოგადოება ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლაი ნიკოლოვს.

მოგეხსენებათ, საქართველოში გამომუშავებული ჰიდრო და თბოელექტროენერგიის მიწოდება-მომსახურებაში რამდენიმე კომპრადორი პროფილური სამსახური მონაწილეობს და, საბოლოოდ, მომხმარებლისგან გახარჯული ელენერგიის საფასურს იღებს _ თბილისში „თელასი“, რეგიონებში კი, ძირითადად: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ და რამდენიმე წვრილი ლიცენზირებული ელგამანაწილებელი, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს მოიცავს, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი, ცალკეული რეგიონისთვის შესაბამისი და შეწონილი სატარიფო განაკვეთებით.

ჩვენი საწარმოო კომბინატი განლაგებულია მცხეთის რეგიონში, სოფელ ნატახტარში, ე. წ. სამხედრო გზის გასწვრივ.

ჩვენი საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სულ 5-წუთიანი ელენერგიის მიუწოდებლობაც კი დიდი რაოდენობით მუშა-მოსამსახურის მოცდენას და ტექნიკურ პრობლემებს გვიქმნიდა, რაც, რასაკვირველია, ეკონომიკურ შედეგებზეც უარყოფითად მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნატახტრისა და მისი მიმდებარე სოფლების ელენერგიით კომუნალური მომსახურების ხაზი (სადაც ჩვენი საწარმოც იყო მიერთებული) ჩვენივე ტერიტორიის გასწვრივ გადიოდა, ზემოთ მოყვანილ მიზეზთა თავიდან აცილების მიზნით, 1970-იან წლებში, ჩვენი ხარჯებით, განმხოლოებული მაღალი ძაბვის ელმომარაგების ახალი ხაზი დავამონტაჟეთ _ მაშინდელი საქენერგოს „ნარეკვავის“ ელენერგიის გამანაწილებლიდან ჩვენს საწარმომდე, შესაბამისი, საკუთარი სატრანსფორმატორო მომსახურებით, რითაც მოწოდებულ მ/ძ ელენერგიას ვადაბლებდით და მარტო ჩვენ ვსარგებლობდით.

გარდა ამისა, 2001 წელს, დამატებით, შეუფერხებელი ელმომარაგების მიზნით, კიდევ მეორე ალტერნატიული ხაზი _ „ფიდერი ნია“ დავამონტაჟეთ, რის შედეგადაც (საკუთარი მაღალი ძაბვის ელგადამცემი სისტემისა და შესაბამისი სატრანსფორმატორო მომსახურების საფუძველზე) მარეგულირებელმა, როგორც „პირდაპირ მომხმარებელს“, შეღავათიანი, 6-თეთრიანი სატარიფო განაკვეთი დაგვიდგინა, დღევანდელმა მარეგულირებელმა კი ეს სტატუსი გაგვიუქმა, როდესაც სხვა, ე. წ. პრივილეგირებული საწარმოები ამით დღესაც, რატომღაც, სარგებლობენ.  ამჯერად, ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას არ გადავტვირთავთ.

ყველას გახსოვთ, ელმომარაგების როგორ დეფიციტს განიცდიდა მთლიანად ქვეყანა 2004 წლამდე. ცალკე ეს საკითხიც საინტერესოა. ანუ როგორ მოხდა, რომ „საქენერგოს“ დროს ქვეყანა ელენერგიის დეფიციტს არ განიცდიდა, ხოლო 1991 წლიდან საქართველოში, დღეს ამ ერთობ დევალვირებულ სიტყვა „თავისუფლების“ პირობებში, მთელი ქვეყანა ჩაბნელებული იყო, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონიც.

იცოდა რა ჩვენი წარმოების ალტერნატიული ელმომარაგების ხაზების არსებობა, რეგიონის ყოფილი გუბერნატორის და შემდგომში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, არმაზ შამანაურის თხოვნით (ამას ნაღდი მაჟორიტარი დეპუტატის აზროვნება და ქმედება ჰქვია), 2002 წელს ჩვენი კუთვნილი „ნარეკვავის“ ელმომარაგების ხაზი, დროებითი სარგებლობის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით, სოფელ წეროვნის გამგეობის იმდროინდელ თავკაცს გადავეცით. საკითხი მცირედი ტექნიკური მანიპულაციით მოგვარდა. ამით წეროვნის მიმდებარე სოფლებისა და საწარმოების ელენერგიით მომარაგებაც მოწესრიგდა. ამ დროიდან დაერქვა ამ ხაზს „ფიდერი წეროვანი“.

ზუსტად ამ ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია (თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს პირობის დადებას და მის შესრულებას დღეს): დამქირავებელი ვალდებულია, თუკი შეიქმნება ისეთი გარემოება, რომელიც მითითებულია 2.2 პუნქტში (გამქირავებელი ორი თვით ადრე გააფრთხილებს დამქირავებელს აღნიშნული ხაზის დაბრუნებაზე, თუკი ასეთი აუცილებლობა შეიქმნება, საკუთარი მოხმარების სარგებლობის მიზნით), ორი თვის განმავლობაში მოაგვაროს ხაზის ექსპლუატაციის შეწყვეტა და დაბრუნებულ იქნას ს.ს. „ნიას“ სარგებლობაში.

13 წელზე მეტია გასული და ერთი თეთრიც არავის გადაუხდია ჩვენთვის. ამ თემაზე არც ვლაპარაკობ, უაზრობაა, უბრალოდ.

რაც მთავარია, „ფიდერი წეროვნით“ 2002 წლიდან დღემდე ჩვენ საერთოდ არ ვსარგებლობთ.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ბალანსზე რიცხული მაღალი ძაბვის 6 კვ-იან ელგადამცემ ხაზებში („ფიდერი წეროვანი“ და „ფიდერი ნია“), 2002 წლიდან დღემდე, მაღალი ძაბვის ქსელში მანიპულირების უნარისა და სპეციფიკური ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მქონე ელექტრიკოსების საშუალებით მომსახურებას საკუთარი ძალებით ვახდენთ და ქონების გადასახადსაც სახელმწიფოს ჩვენ ვუხდით.

ეს ყველაფერი ხდება 2002 წლიდან ყოფილი „საქენერგოსა“ და შემდგომ „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“, ხოლო 2007 წლიდან დღემდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პერიოდში.

ზემოხსენებულ ჩვენს ელგადამცემ ხაზებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჩართული ჰყავს რამდენიმე ე. წ. ქვეაბონენტი. მრავალმა სიტყვიერმა თუ  წერილობითმა მიმართვამ, სადაც ვითხოვდით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“  ხელმძღვანელობასთან აუდიენციას, რათა ჩვენთვის ერთობ მნიშვნელოვანი საკითხი ურთიერთმოლაპარაკება-შეთანხმებით მოგვეგვარებინა, შედეგი ვერ გამოიღო.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ და ელგადაცემის სამსახურები დღესაც ჩვენი კუთვნილი ელმეურნეობის „სექციურ“ ექსპლუატაციას ეწევიან, რისთვისაც არაკანონიერ გასამრჯელოს იღებენ.  ვინაიდან ელენერგიის გატარება ელენერგიის საბოლოო საგადასახადო  ტარიფშია გათვალისწინებული, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყურად არ იღებს ჩვენს თხოვნას ამ საკითხის ცივილიზებულად გარკვევაზე და განაგრძობს სხვისი ქონების ექსპლუატაციას.

გარდა მორალურ-მატერიალური ზარალისა, ილახება ადამიანის  უფლებები.

ჩვენს მორიგ მიმართვაზე, რათა გაგვერკვია ჩვენი კუთვნილი ხაზების საკითხი (ვინაიდან მომხმარებლებთან ის ამყარებს ურთიერთობას, სხვა რა სამსახურებია ჩართული ამ ჯაჭვში ჩვენთვის უცნობია) „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მიგვითითა ენერგეტიკის სამინისტროს 30.08.06 წლის #77 ბრძანების, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, თურმე, ვალდებული ვართ, „ელენერგიის ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით“, 13 წელი ვითმინოთ, ჩვენი ელქსელით როგორ სარგებლობს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

აქვე სრულად გთავაზობთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბოლო პასუხს:

„კომპანიამ განიხილა თქვენი წერილი და რამდენადაც მას არ ერთვის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია, პასუხად შეგვიძლია მხოლოდ ზოგადად განგიმარტოთ, რომ მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობის ძირითადი პირობები ნორმატიულად რეგულირდება. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 30.08.06წ. 77-ე ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის არალიცენზიანტი მფლობელი ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა. თმენის ვალდებულებას აწესებს აგრეთვე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008 წლის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილი. ქსელის მფლობელს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს და ამ კომპენსაციის გაანგარიშების წესიც ნორმატიულად დადგენილია. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.13წ. მე-15 დადგენილებით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესებით“, გატარების საფასური უნდა განისაზღვროს სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების თანახმად, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ თქვენი კუთვნილი ქსელის გატარებაში მონაწილე ფრაგმენტის (ფრაგმენტები) საბალანსო (ისტორიული) ღირებულება და ქსელის საპროექტო გამტარუნარიანობა. მითითებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა, ცხადია, ქსელის საკუთრების დამადასტურებელ საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად აუცილებელია ელექტროენერგიის გატარებისთვის კომპენსაციის საკითხის განსახილველად.

წერილს ხელს აწერს ნიკოლაი ნიკოლოვი, გენერალური დირექტორი. შემსრულებელი ირაკლი კოხოძე~.

ეს „თმენის“ ტერმინი და რეჟიმი 18.09.2008 წელს და 30.12.2013 წელს #15 დადგენილებით _ „მესამე პირების მფლობელობაში არსებული, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის ქსელებში გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გაუმაგრებია, რომლის თანახმად, მათ მიერ ჩვენი არალიცენზირებული ხაზებით სარგებლობით გატარებული ელენეგიის საფასური უნდა დაანგარიშდეს.

მოგმართავთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მესვეურებო! აბა, კარგად გაიაზრეთ, 8 წელი სხვისი ხაზების ექსპლუატაციას რომ ეწეოდით და ფულის ამოღებას ახდენდით, იმ ტარიფში როგორ გაიანგარიშეთ ჩვენი ელგადამცემი (ფრაგმენტი) ხაზის საბალანსო ღირებულება, რომლის ისტორიული წარსულით ამდენი ხნის მანძილზე არ დაინტერესებულხართ?

სხვა დამადასტურებელი ვრცელი მასალით რომ არ გადაგტვირთოთ, თანდართულ რამდენიმე მოწერილობის ასლს გიგზავნით, თუ გაეცნობით, ჩვენი ხაზების წარსულ ისტორიასა და მის მფლობელშიც დარწმუნდებით.

2014 წლის თებერვალში „სემეკში“ აგვიხსნეს, რომ 2013 წლის #15 დადგენილება გადახედვას საჭიროებს და მოგვიანებით მოგვაკითხეთო. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ანალოგიური გათვლებით ისარგებლოს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, რა ნიხრებითაც ახდენენ ურთიერთანგარიშსწორებას ელგადაცემის სამსახურებთან.

_ დღეს რა რეალობაა შექმნილი ამ ქონებასთან დაკავშირებით?

_ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქონების გასხვისება გადაწყვეტა. ამ დროს, დასხდომა-მოლაპარაკებასაც კი არ კადრულობენ, რადგან თავის აქტივებთან ერთად გაყიდიან ჩვენს ქონებას და ის ვიღაც „მორიგ კეთილსინდისიერ მყიდველად მოგვევლინება“.

ამიტომ ვითხოვთ, დაავალონ შესაბამის სამსახურებს რეაგირება. ძალიან გვაინტერესებს, რამდენი ხანი შეიძლება თმენა?

როდესაც ელგამანაწილებელი კომპანიები, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაც“  3 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში პენსიონერ მომხმარებელს ელმომარაგებას უწყვეტს და ზამთარში გასაყინად იმეტებს, საინტერესოა, თუ დაფიქრებულან, ამ შემთხვევაში „თმენის“ ვალდებულება მათ რატომ არ გააჩნიათ?

ჩვენ მიმართაც გამოიყენა „ენერგო-პრომ“ ეს ქმედება. 2012 წელს სასამართლოს მიმართეს გაუგებარი და დაუსაბუთებელი დავალიანების მოთხოვნით. მოსამართლემ არსებითი განხილვაც არ ჩაატარა ჩვენ მიერ წარდგენილი საბუთების გამო და საჩივარი უკან გაათხოვნინა, რადგან სარჩელი საფუძველს სრულიად მოკლებული იყო.

მარტო 2010 წელს ჩვენ მიერ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მცხეთის ფილიალის სახელზე გაგზავნილი წერილი #16-3 (მათი საქმეთა მმართველის ბეჭდით დადასტურებული) საკმარისი დასტურია იმისა, რომ გახსნილი ტექსტით ვადანაშაულებდით მათ არაკანონიერ ქმედებებში. რეაგირება მაინც ნულის ტოლი იყო.

ჩვენდა საუბედუროდ, პრეზიდენტი მარგველაშვილი 100%-ით მართალი ყოფილა თავის „ნიჩორტაში“, რომელიც ქართველებს ალალად გვიბოძა. ეტყობა, რაღაცაზე დაყრდნობით ფიქრობდა ცნობილი სამედიცინო დიაგნოზის დასმის დროს.

_ ქონების კუთვნილების დასაბუთებაზე კიდევ რას გვეტყვით?

_ 2008 წლის 19 ნოემბერს „ნიუ ენერჯი“ ასეთი შინაარსის წერილს გვიგზავნის:

„გაცნობებთ, რომ შპს „ნიუ ენერჯი“ სოფელ წეროვანში საცხოვრებელი სახლების მშენებლობას აწარმოებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის თქვენს ბალანსზე რიცხული მაღალი 6-კილოვატიანი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რაც ხელს გვიშლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში. აღნიშნული ხაზი საჭიროებს გადატანას. პატივისცემით, გენერალური დირექტორი ზურაბ ჯიქია“.

ასევე, 2009 წლის 11 მარტის სამუშაოთა შესრულების აქტს ხუთი მხარე ხელს ვაწერთ და ბეჭდითაც ვადასტურებთ. ერთი მხრივ, შპს ტერმინალ-კომპლექსი „თბილისი“, სს „ავტოგაზი“, სს „ალბატროს პეტროლი“ და ჩვენ, როგორც ამ ხაზის მეპატრონე და რეკონსტრუქციის ძირითადი დამკვეთი სს „ნიას“ დირექტორი და მეორე მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მცხეთა-მთიანეთის ფილიალის, წარმოდგენილი მისი დირექტორის, დავით ხარშილაძის სახით. მეტი რა დასტური სჭირდებათ, რომ ელემენტარული სამართლის აღსრულება დაიწყონ?

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომწერა, რომ უნდა მივუტანო ამ ხაზის წარმოშობის ისტორია და საბალანსო ღირებულება. საერთოდ, ახლა საწარმოებს აღარ აქვთ საბალანსო ჩამონათვალი, აქვთ ერთი, მთლიანი ქონება. ეს საბალანსო ღირებულება ჩემთვის კი მაქვს, მაგრამ ხაზის წარმოშობის ისტორიას რაც შეეხება, ეს 70-იან წლებშია გაკეთებული და ყველაფერი დაკარგულია. ქვეყანა დაინგრა და… არქივში ვიყავი, არ არის, საქენერგოში _ არც მათ აქვთ. ეს თუ არ მივუტანე, შენი ხაზი არ არისო. აბა, ვისია?! თუ ჩემი არ არის, აბა, რატომ მწერდნენ, რომ თქვენს ბალანსზე რიცხული ობიექტი ხელს გვიშლის და გთხოვთ, გადავიტანოთო? მერე ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, ეს ხაზი გადაიტანეს და ა.შ.

თითქმის 14 წელი გავიდა. დროებით ვათხოვეთ (ეს ხელშეკრულებაში ნათლად ჩანს), ახლა უკან ვთხოვთ ქონების დაბრუნებას. ჩვენ ეს ხაზი გვჭირდება, რადგან ხვალ შესაძლებელია, წარმოება  ამუშავდეს, ამჟამად კონსერვაციაში ვიმყოფებით.

ამ პროცესში ვართ, ისევ მთხოვენ, ესა და ეს მოგვიტანეო. და თვითონ საიდან აქვთ ეს ხაზი, მაჩვენონ, ერთი!

ყველაზე მეტად იცით, რას ვერიდები? ახლა ეს „ენერგო-პრო“ თავის კაპიტალს ყიდის. მოვა ახალი მყიდველი, მას კეთილსინდისიერი დაერქმევა და გეტყვის, რომ მე არ ვიცი, საერთოდ არ გიცნობ, ვინ ხარ, „ენერგო-პრომ“ ეს მომყიდაო. ვცდილობ, ამას ავცდეთ. სასამართლოში რომ მიხვიდე, 7 თვე უნდათ, რომ საქმე განიხილონ. სხვაგან სად მივიდე? ენერგეტიკის სამინისტროს თავისი პასუხიც არ მოუწერია, „ენერგო-პროს“ პასუხს დაეყრდნო, მარეგულირებელიც. მარტო ეს პასუხი მაქვს, მეტი არაფერი.

ახლა ჩემი მიზანია, რომ მათ ჩვენი ხაზი არ გაყიდონ, არ მიათვალონ „ენერგო-პროს“ ქონებაში, ეს არის ჩემი კატეგორიული მოთხოვნა.

_ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს სად ხედავთ?

_ რაც მთავარია, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც ვიცი, თავის პირველად კონტრაქტს ასაიდუმლოებს. ენერგეტიკის სამინისტრომ და, საერთოდ, არავინ არ იცის, იქ რა წერია. ჩვენ კი რეესტრის საბუთს გვთხოვენ, რაც არქივშიც საერთოდ აღარ არსებობს და საიდან მოვუტანო? ამიტომ უნდა შევხვდეთ და ფაქტობრივი მდგომარეობით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ სადავო საკითხის მოსაგვარებლად.

გუბერნატორის გარდა, ამაში რამდენიმე ასეული ჩვენი თანამშრომელი დაგვემოწმება.

დღემდე ჩვენი ელექტრიკოსებით ვემსახურებით, მაგრამ არ შეგვიძლია, მას ხელი მოვკიდოთ, რადგან იქ სხვა აბონენტები ჰყავთ ჩართული. ასე ხელის ხლება არ შეიძლება, სხვას დავაზარალებთ, თორემ მივიდოდით და გამოვრთავდით, უბრალოდ, იძულებულს გავხდიდით, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა შექმნილი. კერძო დავებს მხოლოდ სასამართლო აგვარებს. ეს ისეთი დავაა, რომელიც ნორმალურ ურთიერთობაში ადვილად უნდა გარკვეულიყო, მაგრამ რომ ვუყურებ, ჯერეჯერობით, არაფერი შველის. სხვა გზას არ მიტოვებენ. რა ვქნა ახლა, არ ვიცი!

,,ქრონიკა+“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ავთო დვალიშვილს დაუკავშირდა:

_ უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ხაზი, რომელზედაც საუბარია, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბალანსზე არ არის. შესაბამისად, მცდარია იმის მოლოდინი, რომ თუ კომპანია გაიყიდება, ეს აღნიშნულ ხაზთან ერთად მოხდება. რასაკვირველია, ეს ვერ მოხერხდება.

მეორე საკითხს რაც შეეხება, ამაზე საწარმოს წერილი ადრესატთან უკვე გაგზავნილია და ეს თქვენც გაქვთ, სადაც ელექტროენერგიის ბაზრის წესების ის მუხლებია მითითებული, რის მიხედვითაც ასევე თმენის ვალდებულებაზე არის საუბარი.

თუმცა მას აქვს შესაძლებლობა, რომ გატარების ანაზღაურება მოითხოვოს. ამის ანაზღაურება რომ მოხდეს, უნდა დაიდოს ხელშეკრულება და ა. შ. ამისთვის ყველა იმ საბუთის წარმოდგენა არის აუცილებელი, რომელიც ჩვენს წერილში არის მითითებული.

თუ ის საბუთები წარდგენილი იქნება, კომპანია ვალდებული გახდება, კანონის მიხედვით ხელშეკრულება დადოს, რომ შემდეგ გატარების საფასური ანაზღაურდეს. გადახდის ტარიფები დგინდება იმის მიხედვით, თუ როგორ არის დატვირთული, რა სიმძლავრისაა, რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას ატარებს ეს ხაზი.

ვფიქრობ, რომ „ნიამ“ აუცილებლად უნდა მოიძიოს საბუთები, რომელის მის მფლობელობას დაადასტურებს. კიდევ ის რამდენიმე საბუთი, რომელიც ჩვენს წერილში არის მითითებული. და არანაირი პრობლემა არ იქნება. კომპანია მსგავსი სერვისებით სარგებლობს. აქვს ასეთი პრაქტიკა და რასაკვირველია, ამ ყველაფრის კანონის ფარგლებში გადაწყვეტა ხდება.

მოკლედ, ამ წუთში კომპანია არაფერ შუაშია. რამდენჯერმე მის წერილებზეც გავეცით პასუხები. ამ კაცისთვის ყველაფერი ახსნილია და ალბათ, თვითონ უნდა მოაგვაროს საბუთების პრობლემა.

თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ენერგეტიკის სამინისტრომაც:

_ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს კერძო ქონებრივ ურთიერთობებს.  შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ან რაიმე პოზიციის გამოთქმა სცილდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციას.

 

                                                                                                        გელა მამულაშვილი