მამუკა ნოზაძე: ,,არ ვიცი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს უპირისპირდება სასამართლო ხელისუფლება და დემარშებს აწყობს!“

cx3

ადვოკატი მამუკა ნოზაძე იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, ადვოკატთა ასოციაციის მსგავსად, სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში გამჭვირვალე გახადოს მოსამართლეებისა და პროკურორების დისციპლინური დასჯის ფაქტები.

მამუკა ნოზაძე:

_ უკვე ყოველდღიურ მოვლენად იქცა სასამართლო სისტემის შიდა დაპირისპირებები. განსხვავებულ აზრს როგორც კი ვინმე გააჟღერებს, მაშინვე მისი ავტორის დაკორტნას იწყებენ. ასე დაემართა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს, როცა მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე არაჯანსაღ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამის შემდეგ დისციპლინური დევნაც კი აღიძრა ახვლედიანის მიმართ. სასამართლო სისტემაში თუ რაიმე უნდა გამოსწორდეს, მე გეტყვით, პირველ რიგში, რა არის გამოსასწორებელი.

მართალია, პირველ ეტაპზე მოსამართლეთა დისციპლინური დევნა უნდა იყოს კონფიდენციალური და არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ის ინფორმაცია, რაც საფუძვლად დაედო სამართალწარმოებას, მაგრამ მეტი დემოკრატიულობისთვის, სამართლებრივი დევნის საბოლოო შედეგი უნდა გახდეს საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არ უნდა იყოს საიდუმლო, როგორც ახლა არის _ საჩივრის ავტორსაც არ ეცნობება ინფორმაცია, თუ რა სახის გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის უცნობია.

ადვოკატთა ასოციაციაში ამჟამად დამკვიდრებულია ძალიან კარგი პრაქტიკა, როცა ასოციაციის ვებგვერდზე ქვეყნდება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოოა და უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრებულა. ასევე ქვეყნდება ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები კონკრეტული ადვოკატის მიმართ, თუ ის ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ. საჯაროობა და გამჭვირვალობა ხელს უწყობს საზოგადოებას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებგვერდზე შესვლა და ამა თუ იმ ადვოკატზე ინფორმაციის მიღება, რის შემდგომაც თავად გადაწყვეტს, მასთან დაამყაროს საქმიანი კავშირი თუ არა. საზოგადოებას ასევე აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა მოსამართლემ ჩაიდინა კანონდარღვევა თუ მძიმე გადაცდომა. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეები საკუთარ თავს დაუწესებენ ცენზურას და აღარ ჩაიდენენ ისეთ დარღვევებს, რომელზედაც სადისციპლინო კომისიას უკვე გამოტანილი ექნება გადაწყვეტილება და ის შეფასებული ექნება, როგორც მოსამართლის მიერ ჩადენილი გადაცდომა. რადგან ასე არ ხდება, ამიტომაც მოსამართლეები ერთი და იგივე გადაცდომას იმეორებენ. ერთნაირი დავების გადაწყვეტასთან მიმართებითაც ერთგვაროვანი პრაქტიკა არ გააჩნიათ. ქაოსს იწვევს ის, რომ ყველა მოსამართლე თავისი „სამრეკლოდან რეკავს“.

_ ცხადია, ყველა უწყების თანამშრომლებს მოსდით გადაცდომები, თუმცა ადვოკატთა ასოციაციის გარდა არ გამიგია, ამ ინფორმაციას ასაჯაროებდნენ. ასეა, თუ ვცდები?

_ ეს არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემის პრობლემა. იგივე პრობლემის წინაშე დგას პროკურატურაც. საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდება იმ პროკურორებზე, რომლებიც გადაცდომებში არიან შემჩნეულნი, ან უხეშად არღვევენ კანონს კონკრეტულ დანაშაულობებთან მიმართებით. სახელმწიფოს მოვალეობაა და იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სადისციპლინო სამართალწარმოება ღია იქნება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ყველა პროკურორი, მოსამართლე, ადვოკატი და სხვა დარგის წარმომადგენელი, მოერიდება არაეთიკური საქციელის ჩადენას. ცხადია, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჯაროებით ადვოკატთა ასოციაციამ შედეგი მიიღო. ეთიკის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ადვოკატები ეცნობიან და ცდილობენ, საკუთარ საქმიანობაში გამოიყენონ, არ ჩაიდინონ იგივე გადაცდომები და იყვნენ უფრო ფრთხილები. ბუნებრივია, არავის უნდა, მისი გადაცდომების ამბავი ყველამ გაიგოს. ასევე მათ იციან, რომ კონკრეტულ გადაცდომაზე ჩამოყალიბებულია სამართალწარმოების მკვეთრი პრაქტიკა. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება, მხოლოდ და მხოლოდ, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო საბჭოში, აქედან გამომდინარე, ამ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არაერთხელ აქვს ნამსჯელი უზენაეს სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო საბჭო იხილავს ასევე მოსამართლეთა მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს და ეს არის ბოლო ინსტანცია, სადაც იხილება საქმე მოსამართლეთა განთავისუფლებასა თუ სხვა სადისციპლინო გადაცდომასთან დაკავშირებით.

_ პროკურატურაში ხომ გენინსპექცია არსებობს, სადაც თანამშრომელთა გადაცდომის საკითხებს უნდა იხილავდნენ და თქვენი აზრით, ეს სამსახური უნდა გაუქმდეს?

_ გენინსპექცია მოძველებული სახის ინსტიტუტია. შეიძლება მას საქმის შესწავლის უფლება ჰქონდეს, მაგრამ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხები უფრო სხვა ორგანომ უნდა განიხილოს. პროკურატურასა და შს სამინისტროსაც უნდა ჰქონდეთ სადისციპლინო და ეთიკის დეპარტამენტი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს კანონმდებლობიდან, კონსტიტუციიდან და საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობა ყველა სამსახურისთვის პოზიტიურია და დადგა დრო, რომ ეს ყველგან დაინერგოს. ამ საქმეში ადვოკატთა ასოციაცია ნამდვილად არის ნოვატორი, ის არაფერს მალავს და ყველა მისი საქმიანობა ხელის გულზე ძევს. იმ ადვოკატებს, რომლებიც ვინმეს ზიანს აყენებენ, კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე, ასოციაცია არ იცავს, სასამართლოსა და პროკურატურისგან განსხვავებით. სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე არ აღძრულა არც ერთი დისციპლინური დევნა და როგორც გითხარით, პროკურატურაში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა. იმ ადამიანებს, რომლებიც განცხადებით მიმართავენ, ზოგიერთი პროკურორი აგინებს, თუმცა ამის გამო ის არ ისჯება. გინება არის სერიოზული ეთიკური ნორმის დარღვევა. ადვოკატი რომ შეაგინებს არათუ თავის კლიენტს, არამედ მოწინააღმდეგე მხარეს, ბუნებრივია, მასზე ადვოკატთა ასოციაცია მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს. უკვე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, როცა ადვოკატი დაისაჯა არა მხოლოდ გინების გამო, არამედ იმისთვის, რომ კლიენტს, ან მოწინააღმდეგე მხარეს არაკორექტულად მიმართა და თუნდაც დებილი უწოდა. ეს იმ დროს, როცა ზოგიერთი პროკურორი წიხლს ურტყამს მოქალაქეს და მის მიმართ არანაირი დისციპლინური სასჯელი არ დგება. ეს სასამართლო სისტემასა და პროკურატურაში უნდა განახორციელოს იუსტიციის მინისტრად წოდებულმა თეა წულუკიანმა, რომელიც არაფერს აკეთებს.

_ თქვენ მოსამართლეთა საქმეების გამჭვირვალობაზე საუბრობთ, ისინი კი სრულ ხელშეუხებლობას ითხოვენ. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი მოთხოვნა, არა? 

_ სასამართლო ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა აგრესიული უმრავლესობა, რომელიც ცდილობს, წარმმართველ პოზიციებზე იყოს და ყოველთვის მისი აზრი დომინირებდეს. სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი უზენაესობა მათთვის არ წარმოადგენს აპრიორს. მოსამართლეთა კონფერენციაზე სწორედ ასეთი დაჯგუფების წევრი მოსამართლეები გამოდიოდნენ სიტყვით. ერთ-ერთმა მოსამართლემ _ მირანდა ერემაძემ, ის ტექსტი წაიკითხა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო. ერემაძე სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მას უფლებამოსილება 20 აგვისტოს უწყდება. ბუნებრივია, იგი ცდილობს, პირმოთნეობით გამოირჩეოდეს ლევან მურუსიძისა და მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი, რათა კვლავ მოსამართლედ გაამწესონ. მას ვერ ექნება განსხვავებული აზრი, რადგან ამ იუსტიციის საბჭომ რამდენიმე თვეში მისი მოსამართლეობის საკითხი უნდა განიხილოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მირანდა ერემაძე წინა ხელისუფლების დროს `ნაციონალურ მოძრაობასთან~ მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა. უფრო კონკრეტულად კი ის იყო `ნაციონალების~ ზუგდიდის ფრთასთან დაახლოებული, ანუ ახალაიების ოჯახთან, ამიტომ ის ვერ იქნებოდა ობიექტური. მისთვის მისაღები იყო სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი და ცხადია, ყველანაირად შეებრძოლება არსებულ სიტუაციას.

ამ კონფერეციაზე ერემაძემ პრეზიდენტზეც ისაუბრა. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს უპირისპირდება სასამართლო ხელისუფლება და მის მიმართ დემარშებს აწყობს. ეს არის მოსამართლეთა არაადეკვატური ქმედება. პრეზიდენტს აზრის გამოხატვისა და პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს, რომ სასამართლომ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ამის კონსტიტუციური უფლებაც აქვს პრეზიდენტს და ეს არ არის მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევა. „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ პრინციპით მოქმედებენ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და ეს პოზიცია მათ მდგომარეობას საზოგადოებაში ვერ გაამყარებს. მირანდა ერემაძეს ასევე მინდა შევახსენო მის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები:

წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბევრი საქმე შედიოდა სასამართლოში განსახილველად,  მოსამართლეები მომიტინგეებს მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო აკავებდნენ. მირანდა ერემაძე ასეთ ადამიანებს ყოველთვის ჯარიმას, ან პატიმრობას უფარდებდა. მას არ აქვს გამოტანილი არც ერთი გადაწყვეტილება, რა დროსაც, კანონის საფუძველზე, ის მიიჩნევდა, რომ კონკრეტულ პირს არ ჰქონდა ჩადენილი არავითარი გადაცდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით. მაგალითად, მან განიხილა ანა ჩუბინიძის საქმე, რომლის მიმართაც პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმის გამო, რომ თითქოს მან თბილისის იერსახე დაამახინჯა.

_ რის გამო შეუდგინეს ეს ოქმი, რა გააკეთა ასეთი?

_ იერსახის დამახინჯებაში იგულისხმებოდა ის, რომ მან ასფალტზე დახატა `ქართული ოცნების~ ლოგო _ მზე. ბუნებრივია, დედაქალაქის იერსახეს ვერ დაამახინჯებს ცარცით დახატული რომელიმე პარტიის ლოგო და არ შეიძლება, მოსამართლემ მსგავს ფაქტს ასეთი კვალიფიკაცია მისცეს. ეს სტუდენტი გოგონა დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის `ქართული ოცნების~ მომხრედ და აქტივისტთა მხარდამჭერად მიიჩნეოდა. მოსამართლე ერემაძემ კი ის 400 ლარით დააჯარიმა. ამ ერთი ფაქტიდანაც კარგად ჩანს, როგორი ობიექტურობით გამოირჩეოდა ერემაძე, რომ ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი და მისთვის სამართალსა და კანონს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. იგი მხოლოდ `ნაციონალური მოძრაობის~ კარნახით მოქმედებდა და ამის დასტურია ისიც, რომ მისი გადაწყვეტილება ანა ჩუბინიძესთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან სტუდენტი გოგონას მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ახლა გამოდის ეს მოსამართლე და ქართულ საზოგადოებას თითებს უქნევს. ხალხს უხსნის, რა არის სამართლიანობა და რომ მოსამართლეები ხელშეუხებელნი არიან. ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციაზე განაცხადა, ჩვენ იმიტომ გვებრძვიან, რომ კარგები ვართო. მათ არავინ ებრძვის. საზოგადოება გამოხატავს დასაბუთებულ შეშფოთებას მათ მიერ წლების მანძილზე ჩადენილი ქმედებების გამო და ბუნებრივია, ხალხს პრეტენზიებიც აქვს. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ცდილობენ, მუდმივად შეინარჩუნონ თანამდებობები და იყვნენ შეუცვლელნი, ხელშეუხებელნი და პრივილეგირებულნი. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ პროფესიას, რომელიც დაუსჯელია და არ შეიძლება ამ პროფესიის წარმომადგენლების მიმართ კანონი აღსრულდეს, მაგრამ ესენი ამას ითხოვენ. საქართველოს მოსამართლეები ხმამაღლა აცხადებენ, რომ ისინი არასდროს უნდა დაისაჯონ. ყველამ ვიცით, რომ ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები გაუსამართლებიათ, პასუხისგებაში მიუციათ და მოუხდიათ კიდევაც მათ  ეს სასჯელი და ესენი რატომ უნდა იყვნენ დაუსჯელნი, გაუგებარია?

_ კანონზე მაღლა დგომას მოითხოვენ?

_ მოსამართლე კანონს უნდა ემსახურებოდეს და არა _ პირიქით. მსგავსი რამ მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ ასეთია ბანდის მენტალიტეტი. ქურდები რომ შეიკრიბებიან და იტყვიან, ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას უნდა ემორჩილებოდესო, ესენიც ასე არიან. ეს, პირველ რიგში, ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს სასამართლო სისტემას. ასე რომ არ მოხდეს და ამ ადამიანებს განუზომელი უფლებები არ ჰქონდეთ, ამის შემაკავებელი ღონისძიებები სახელმწიფომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით უნდა განახორციელოს.

უამრავი განცხადებაა შესული პროკურატურაში, სადაც მოქალაქეებს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ პრეტენზიები აქვთ. ასევეა ევროპულ სასამართლოშიც, თუმცა იუსტიციის საბჭოს წევრებმა განაცხადეს: მერე რა, რომ ევროპულ სასამართლოს მურუსიძის მიმართ პრეტენზიები აქვს, მათ სხვა ქვეყნის მოსამართლეების მიმართაც ჰქონდათ პრეტენზია, თუმცა ეს არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ ის მოსამართლეები თანამდებობიდან განთავისუფლებულიყვნენო. საქმე ის არის, რომ ისეთი მკაცრი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპულმა სასამართლომ საქართველოზე გამოიტანა, არც ერთი ქვეყნის მიმართ არ დამდგარა. სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ არის დადანაშაულებული უკანონობებში, ამიტომ სისტემა, სადაც ეს მოხდა, ვალდებულია, მკაცრი ზომები გაატაროს და ამის ჩამდენი მოსამართლეები სამსახურებიდან გაუშვას, რათა მათ უფრო მძიმე დანაშაული არ ჩაიდინონ. ჩვენი ქვეყანა მოსამართლეებმა საერთაშორისო ასპერეზზე აღარ უნდა შეარცხვინონ.

_ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორც ვიცი, არის განყოფილება შესაბამისი სტაფით, რომელიც მოსამართლეთა გადაცდომებს უნდა იხილავდეს. თუ არც ერთ მოსამართლეზე არ დამდგარა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ არავინ დასჯილა, იქ მომუშავე ადამიანები ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ?

_ იუსტიციის საბჭოში არის ეთიკის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია იურისტებით. მათი მოვალეობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შესული საჩივრები შეისწავლონ. ისინი ამზადებენ პროექტებს იმ საჩივრებთან მიმართებით, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედის, წერენ დასკვნებს, კონკრეტული მოსამართლე უნდა მიეცეს თუ არა პასუხისგებაში და ა. შ. წლების განმავლობაში ამ დეპარტამენტს არაფერი გაუკეთებია და სულ ტყუილად იღებენ იქ მომუშავე ადამიანები ხელფასს. მათი მოქმედება, მხოლოდ და მხოლოდ, ლაკონიური პასუხებით შემოიფარგლება, რომ მოსამართლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ შეინიშება, თითქოს მისი ქმედება არ არის დისციპლინური გადაცდომა და, შესაბამისად, არ უნდა დაიწყოს სამართალწარმოება. წინათ მოსამართლეებისთვის კუბლაშვილი და ლევან მურუსიძე იყვნენ იმის გარანტები, რომ რაც უნდა უკანონო გადაწყვეტილება მიეღოთ, არ დაისჯებოდნენ. სანამ ეს პროცესი საკანონმდებლო აქტით არ დარეგულირდება, სანამ ის პირები, რომლებიც მაფიოზურ სინდიკატს ქმნიან ხელშეუხებლები არიან და მოქმედებენ „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პრინციპით, საქართველოში სამართლოანობა ვერასდროს დამკვიდრდება.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ასევე გამოვიდა დავით მამისეიშვილი და პირდაპირ განაცხადა: დიახ, მე ვარ ლევან მურუსიძე, ევა გოცირიძე იმიტომ, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი გარანტებიო. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით მამისეიშვილმა ახლა რაც არ უნდა დააშაოს, ის იქნება დაცული, ვინაიდან ის არის ამ სინდიკატის წევრი. ერთი და იგივე ადამიანები აქტიურობენ ლევან მურუსიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაცავად. მათ რიცხვში არიან ბოლნისის სასამართლოს თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე _ დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელმაც უცნაური რამ განაცხადა `რუსთავი 2~-ში გამართულ დებატებში. მან თქვა, _ თუ საჯარო გამოსვლის დროს ადვოკატი მოსამართლეს უწოდებს უვიცს, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევაო. მოსამართლის მიერ კანონდარღვევა არაფრად არ მიიჩნევა და სხვა ადამიანის მიერ იმის მინიშნება, რასაც ის მოსამართლის მიმართ, მისი საქციელიდან გამომდინარე გრძნობს, კანონის მძიმე დარღვევა ყოფილა. გვრიტიშვილის ეს შეფასება, გარდა იმისა, რომ არის არაადეკვატური, გახლავთ ორმაგი სტანდარტის საქციელი. რაც წინათ ხდებოდა, ახლაც ის ხდება სასამართლოში, პროკურატურაში და ეს უნდა დასრულდეს.

 

ნელი ვარდიაშვილი