მუქარის გზით დათმობილი 4 მილიონის ქონება!

1qaz

სამართლიანობის აღდგენა _ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი გზავნილი, დღემდე მხოლოდ გზავნილად რჩება. ამ ხელისუფლებამ სამართალი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აღასრულა _ დაუბრუნა ყველა ის თანხა, რომლითაც უკანონოდ დააჯარიმეს, მაგრამ არც იმ უკანონო დამჯარიმებლისთვის აუფრენიათ ბუზი და არც იმ მოსამართლეებისთვის, რომელთაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ალბათ, ამ საოცარ დემოკრატიას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი.

რამდენიმე უკვე დაძველებული მანქანის გარდა ხელისუფლებას არაფერი დაუბრუნებია და არც აპირებს. ამას იმით ხსნის, რომ ეს ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდება და სახელმწიფოს ახლა ამის საშუალება არ გააჩნიაო.

ერთი მხრივ, ლოგიკურია, მაგრამ არის ისეთი ქონებაც, რომლის დაბრუნებას მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება სჭირდება და არა კომპენსაცია.

ცეკავშირის სისტემაში შემავალ ,,აჭარკოოპკავშირს“ მთელი აჭარის მასშტაბით 2006 წელს 4 მილიონი ლარზე მეტის ქონება იძულებით და მუქარით დაათმობინეს, რაც გაყიდეს, გაყიდეს, მაგრამ რაც დარჩათ, იმის დაბრუნებაზე დღემდე უარს აცხადებენ, თუმცა მოტივი არ გააჩნიათ.

საქმის არსი კი ასეთია: 2006 წელს რ.კ. ,,აჭარკოოპკავშირს“, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, მახინჯაურის, ჩაქვის, ბათუმის, ქობულეთისა და ოჩხამურის სამომხმარებლო კოოპერატივებს ზეწოლის შედეგად ჩამოერთვა მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და გადაეცა სახელმწიფოს.

სამართლიანობის აღდგენის მიზნით, 2012 წელს, ,,აჭარკოოპკავშირის“ ხელმძღვანელობამ მიმართა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ზეწოლით წართმეული ქონების დასაბრუნებლად. ღარიბაშვილმა ზეწოლის ფაქტის დასადგენად კოლექტიური წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მეშვეობით რეაგირებისათვის აჭარის პროკურატურას გადასცა, სადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.

გამოძიების დროს დაიკითხნენ ის პირები, რომლებმაც 2006 წელს უშუალოდ განიცადეს ზეწოლა და აღნიშნული ორგანიზაციების ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

გამოძიება დასრულებულია და ზეწოლის ფაქტი დადგენილი, მაგრამ აუხსნელი მიზეზების გამო არც ბრალდებულები გამოუვლენიათ და არც რაიმე გადაწყვეტილება მიუღიათ.

სახელმწიფოს მიერ წართმეული ქონების ნაწილი გასხვისებულია, რითაც სახელმწიფომ გვარიანად იხეირა, ხოლო მეპაიეები გაკოტრდნენ.

მიუხედავად არაერთი წერილობითი თხოვნისა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მისამართით, დღემდე არ არის გადაწყვეტილი უკანონოდ დათმობილი ქონების დაბრუნების საკითხი.

ამ პერიოდში კი მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, ავტონომიის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ `აჭარკოოპკავშირისათვის~ ჩამორთმეული არაერთი ქონება გაასხვისა და ამით, ფაქტობრივად, ყოფილი ხელისუფლების უკანონო ქმედებები გაამართლა.

ამ დროს კი ნადგურდება ჩამორთმეული გაუსხვისებელი ობიექტები, ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს კი საარსებო წყარო მოესპოთ. საგულისხმოა, რომ დარჩენილი ქონების დაბრუნების შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური ნებაა აუცილებელი და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხარჯის გაღება არაა საჭირო.

უმოქმედოდაა და, ფაქტობრივად, განადგურებულია ქობულეთის წვენების ქარხანა, თხილის ქარხანა, ხელვაჩაურის სამომხმარებლო კოოპერატივის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.

თავად ,,აჭარკოოპკავშირის“ ადმინისტრაციული შენობა ქალაქის ცენტრალურ, პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, მემედ აბაშიძის 16-ში. ის შენობაც ზეწოლით წაართვეს ამ ორგანიზაციას და მასში საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარია განათავსეს.

კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი საქართველოში, გიორგი პაპუაშვილი, მარტო სხვაზე უკანონოდ წართმეულ ბინაში კი არ ცხოვრობს, სამსახურის ნაწილიც წართმეულ ქონებაში ჰქონია.

მიუხედავად დეკლარირებული სამართლიანობის აღდგენისა, აჭარისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროები მაინც აგრძელებენ ქონების გასხვისებას.

ამ ორგანიზაციის მონაცემებით, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ გასხვისდა ქობულეთის სამომხმარებლო კოოპერატივის მუხაესტატის უნივერმაღის შენობა და ჩაქვის სამომხმარებლო კოოპერატივის ყოფილი საწყობი მასზე მიმაგრებულ 4800 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად.

მსგავს დღეში მხოლოდ ეს ორგანიზაცია არ არის. სახელმწიფო უკან არაფრის დაბრუნებას არც მაშინ ფიქრობდა და ეს მიმზიდველი დაპირება მხოლოდ საარჩევნო ტრიუკი ყოფილა და მეტი არაფერი.

,,აჭარკოოპკავშირის“ ხელმძღვანელობამ ახალ პრემიერსაც მიმართა, _ უხსნის რა საქმის ვითარებას, ითხოვს, შეჩერდეს წართმეული ქონების გასხვისება საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვნახოთ, რას უპასუხებს გიორგი კვირიკაშვილი მეპაიეებს?

 

მერაბ ქავთარაძე _ ,,აჭარკოოპკავშირის“ იურისტი:

_ ჩვენს ბალანსზე რიცხული 273 ობიექტი მთელი აჭარის მასშტაბით 2006 წელს იძულებით გადაგვაცემინეს სახელმწიფოზე. ,,აჭარკოოპკავშირის“ მაშინდელი თავმჯდომარე შოთა ჭურკვეიძე და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაიბარეს აჭარის მინისტრთა საბჭოში, დიდი შეხვედრა ჩატარდა. მას ესწრებოდა აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, მინისტრები, პროკურატურისა და ძალოვნების წარმომადგენლები და ნათლად განაცხადეს, ან დათმობდნენ ყველა ქონებას, რაც მათ ბალანსზე იყო რიცხული, ან დაიჭერდნენ. მოგეხსენებათ, მაშინ ადამიანის დასაპატიმრებლად მიზეზი არც იყო საჭირო და ასე მუქარით დაგვათმობინეს 4 მილიონად რიცხული ქონება. ხომ იცით, ლარის კურსი იმ დროს როგორი იყო.

_ კერძოდ, ვინ იყო, ვინც ეს ქონება ჩაიბარა თუ გადაიფორმა?

_ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები: ნაკაშიძე, ცეცხლაძე და აბესალომ გურგენიძე. იმათი სახელები არ მახსოვს. თუ არ ვცდები, ისინი დღემდე იმავე თანამდებობებზე მუშაობენ. ჩვენი ადმინისტრაციული შენობა კი აბაშიძის 16-ში (500 კვ.მ.) რომლის საბაზრო ღირებულება 500.000 ლარი იყო, 100 ლარად წაიღეს და ისე გამოგვყარეს, საბუთების წამოღების საშუალებაც კი არ მოგვცეს და ახლა იძულებული ვართ, აქეთ-იქით ვიხეტიალოთ და ამხელა ქონების პატრონები ნაქირავებში ვართ.

_ სასამართლოს რატომ არ მიმართეთ?

_ აქ გასარკვევი არც არაფერია, გამოძიება დასრულებულია, მასალები გადაცემულია პროკურატურის ქონების დაბრუნების დეპარტამენტისთვის, მაგრამ პასუხი არსაიდან არაა. აჭარის პროკურატურამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მისწერა, საკითხის გადაწყვეტამდე ობიექტების გასხვისება შეაჩერეთო, მაგრამ შესაბამისი სამსახურის უფროსმა ჭურკვეიძემ განგვიცხადა, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და თუ კლიენტი გამოჩნდა, ყველაფერს გაყიდიან.

თუ ამჯერადაც ვერ მივიღეთ სათანადო პასუხი, სასამართლოსაც მივმართავთ.

 

ტარიელ ფაღავა _ ,,აჭარკოოპკავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე:

_ დაგვიბარეს მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში, და კატეგორიულად მოგვთხოვეს ქონების დათმობა. ვთქვი, _ მოპაიეებს მაინც მივცეთ შეღავათი და მათ შეიძინონ ქონება-მეთქი. სიტყვა არ დაგვამთავრებინეს, ისე გამოგვყარეს იქიდან.

ჩვენი ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარე, შოთა ჭურკვეიძე, ამ ამბავს შეეწირა და მალევე გარდაიცვალა.

რაიონებში ამას პროკურორები ხელმძღვანელობდნენ. ქობულეთში სწორედ პროკურორმა თემურ მახაძემ დაგვიბარა და ქობულეთის, ოჩახმურისა და ჩაქვის ქონებები დაგვათმობინა. ის კი არა, ქობულეთის მაშინდელმა გამგებელმა თენგიზ ზოიძემ ჩაქვში ჩვენს ადმინისტრაციულ შენობას ტრაქტორებით გადაუარა, საბუთებს ვინღა ჩივის, ჩვენ ძლივს გამოვასწარით შენობიდან.

 

დავით ჯინჭარაძე _ მახინჯაურის კოოპერატივის თავმჯდომარე:

_ ჩვენც ჩამოგვართვეს ქონება. ჩვენივე ქონების შესყიდვა ვცადეთ, კრედიტები გამოვიტანეთ, მაგრამ ლარის კურსის ცვალებადობამ იმ დღეში ჩაგვყარა, რომ შენობას ვკარგავთ.

 

,,ქრონიკა+“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, იონა წითელაძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო იონა, რა გიშლით ხელს, რომ სამართალი აღასრულოთ და `აჭარკოოპკავშირს“ ქონება დაუბრუნოთ?

_ ჩვენ არ მიგვიღია სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად და კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ.

 

ამავე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ დიასამიძე ჩვენმა თხოვნამ გააღიზიანა, ნაკაშიძისა და ცეცხლაძის სახელი ეთქვა, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი ქონების ჩამორთმევის პროცესში და დღემდე მუშაობდნენ თუ არა ამავე სამინისტროში და რა თანამდებობაზე?

მან მოგვთხოვა, ოფიციალურად მოგვმართეთ და კანონით დადგენილ ვადაში პასუხს მიიღებთო.

გელა ცინცაძე _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი:

_ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ,,აჭარის კანონით ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“. ამით კი სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, თუნდაც ის ჩამორთმეული იყოს, მხოლოდ კანონის შესაბამისად განიკარგება.

_ რა მექანიზმით შეიძლება დაუბრუნდეს ,,აჭარკოოპკავშირს?“

_ ქონების გაცემის ორი წესი არსებობს: ან აუქციონი, ან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პირდაპირი მიყიდვის წესით. სხვა რამ დღევანდელი კანონმდებლობით გაუთვალისწინებელია.

_ ე.ი. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ეს რთული პროცესი არ არის?

_ მე გაგაცანით გასხვისების წესი, სხვა ჩვენი პრეროგატივა არ გახლავთ.

_ ხომ არ გიფიქრიათ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით მიგემართათ საკანონმდებლო ორგანოსათვის ამ მართლაც პრობლემის მოსაგვარებლად?

_ ,,აჭარკოოპკავშირის“ ქონება მარტო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის საკუთრებაში არ გადასულა.

 

,,ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის მიმართა ამ საქმის პროკურორს, გიორგი კვარაკვახიძეს. თავდაპირველად მან დაკავება მოიმიზეზა, თუმცა დაგვპირდა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდა. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ არაერთხელ ვცადეთ მასთან შეხმიანება, მაგრამ უშედეგოდ _ პროკურორმა გიორგი კვარაკვახიძემ ,,ქრონიკა+“-ის არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც მის ნომერზე გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

                                                                                                                     ნატო ქათამაძე