არსებობს თუ არა კლასობრივი საკითხი?!

zaa

XX საუკუნის ბოლოს არსებულმა მარქსისტულმა რეჟიმებმა, პრაქტიკულად, კრახი განიცადა. საბჭოთა იმპერია დაეცა აღმოსავლეთ ევროპის ,,სოციალისტურ ბლოკთან“ ერთად, ჩინეთი კი, ფაქტობრივად, სახელმწიფო კაპიტალიზმის განსახიერება გახდა, სადაც დიდი მულტინაციონალური კორპორაციები ადგილობრივი მუშახელის ისეთ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, რომ ეს ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანასაც შეშურდებოდა.

ე. წ. ვაშინგტონის კონსენსუსის შემდეგ კაპიტალიზმის კრიტიკა ტაბუირებულ თემად იქცა მთელ მსოფლიოში _ უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ე. წ. თავისუფალი ბაზარი დოგმის რანგში ავიდა და ვინც ამაზე ხმას ამოიღებს, იმწუთსვე ,,რადიკალის“, ან ,,მარქსისტის“ იარლიყი მიეკერება და განსჯა უკვე მის გარეშე გრძელდება. დღევანდელ დღეს უკვე მთელი ახალი თაობა გაიზარდა იმ დოგმის ქვეშ, რომ კაპიტალიზმს ვერაფერს დაუპირისპირებ და რომ ლიბერალური ეკონომიკა ერთადერთი მისაღები ვარიანტია, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ამაზე საუბრობს ალან ბადიუ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომში ,,კომუნისტური ჰიპოთეზი“.

ლიბერალური ეკონომიკური მოდელი თავის ძირში შეიცავს დოგმატურ პრინციპს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გარკვეული რესურსების უკმარისობა. ცხადია, უკმარისობა სამყაროში ბუნებრივადაც არსებობს _ ხშირად დრო, ან რესურსები უკმარისია, მაგრამ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების თანახმად, უკმარისობა თუ არ არსებობს, მაინც უნდა გამოიგონო, რადგანაც კმარი რესურსების პირობებში ადამიანი არ მუშაობს. ლიბერალურ ეკონომიკას საფუძვლად უდევს ადამიანის ბუნების გარკვეული, საკმაოდ რეაქციული შეხედულება, რომ ადამიანი, თავისთავად, ზარმაცი არსებაა და ის თუ არ შიმშილობს, არ მუშაობს. ცხადია, მუშაობისთვის ადამიანს გარკვეული სტიმულირება სჭირდება და ამ სტიმულად ისიც გამოდგება, რომ არსებობს დროის უკმარისობა, ან კი გარკვეული ბუნებრივი კატაკლიზმები. ამქვეყნად რომ სრული სამოთხე ვერ იქნება, ეს დიდი ხნის დამტკიცებული ფაქტია. მაგრამ ის, რომ უკვე გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კაცობრიობამ საკვებისა და მედიკამენტების უკმარისობის პრობლემა გადალახა, აგრეთვე უდავო ფაქტია. დღეისთვის სწორედ ,,ბაზრის“ ინტერესების დასაცავად ევროპისა და ჩრდილო ამერიკის მთავრობები სრულიად სოციალისტური ,,სუბსიდიების“ პოლიტიკას მიმართავენ, რომ საჭმლის ფასი არ დაეცეს, ბოლო წლებში კი უკვე მთლიანად მოხდა საჭმლის კომოდიფიკაციის პროცესი, იმისათვის, რათა საჭმელი სავალუტო ბირჟაზე გაეყიდათ. აქედან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში გაიზარდა საჭმლის უკმარისობა.

გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს, Unicef-ის ცნობით, სიღატაკისა და შიმშილის მიზეზით დღევანდელ პოსტმოდერნულ და ლიბერალურ მსოფლიოში ერთ დღეში 22 ათასი ბავშვი კვდება. ეს ციფრების ენაზე იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ლიბერალური ეკონომიკის სამყარო ყოველ 4 წამში ერთ ბავშვს კლავს და ყოველ წელს, დაახლოებით, 8,1 მილიონი ბავშვი კვდება სიღატაკის მიზეზით. მათ შესახებ კი ჩვენ ინფორმაცია არ მოგვეწოდება. ლიბერალური პრესა უხვად გვაწვდის ინფორმაციას ბრიტნი სპირსზე, მადონაზე, ან, თუნდაც, ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამაზე, სხვადასხვა ,,არჩევნებზე“ სხვადასხვა ქვეყანაში _ მაგრამ ყოველ წელს 8,1 მილიონი ბავშვის სიკვდილის ფაქტი ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება.

WFO-ს ცნობით, დღეს მთელ მსოფლიოში 925 მილიონი ადამიანი შიმშილობს, რაც, დაახლოებით, ყოველი მე-6 ადამიანია. ეს მაშინ, როდესაც უამრავი ფული იხარჯება ფერმერების სუბსიდირებაზე.

ხშირად ლიბერალური სისტემის აპოლოგეტი ეკონომისტები ამბობენ, რომ არ არსებობს ფინანსური სახსრები, რომლებიც მსოფლიოს ამ უდიდესი კლასობრივი პრობლემის მოგვარებას ეყოფა; რომ ელემენტარულად არ არის ამის სახსრები.

თუმცა ვნახოთ, მართლაც არის თუ არა რესურსების უკმარისობა პლანეტაზე ამჟამად? გაეროს განვითარების პროგრამამ, ჯერ კიდევ, 1998 წელს გააკეთა მოკვლევა სიღატაკისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესახებ მსოფლიოში და მეტად საინტერესო დასკვნებიც გამოაქვეყნა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, სადაც მხოლოდ რეგისტრირებული, ადგილობრივი მთავრობებისგან მიღებული მონაცემებია შეტანილი:

საყოველთაო სიღატაკისა და ჯანდაცვის პრობლემის დასაძლევად საჭირო იყო 13 მილიარდი ამერიკული დოლარი წელიწადში; ქალთა პრევენციული მედიცინისა და ოჯახური დაგეგმვის საკითხების მოსაგვარებლად კი _ 12 მილიარდი დოლარი; მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტისთვის _ 9 მილიარდი ამერიკული დოლარი და საყოველთაო განათლებისათვის, კიდევ, 6 მილიარდი ამერიკული დოლარი. მთლიანად, ამ ყველაზე მტკივნეული პრობლემების მოსაგვარებლად, საჭირო იყო 40 მილიარდი დოლარი.

საინტერესოა, იყო თუ არა უკმარისი ეს რესურსები?

იმავე წელს მხოლოდ კოსმეტიკურმა ბიზნესმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 მილიარდი დოლარის მოგება ნახა, ანუ საყოველთაო განათლების რეფორმისთვის საჭირო თანხაზე 2 მილიარდით მეტი. მარტო ევროპაში კი ნაყინის ინდუსტრიამ 11 მილიარდის ბრუნვას მიაღწია.

ყველაზე საინტერესო კი ეს სტატისტიკაა:

სიგარეტის მოხმარებამ, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, 50 მილიარდ დოლარს მიაღწია, ანუ 10 მილიარდით მეტს, ვიდრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რესურსების უკმარისობის აღმოფხვრას სჭირდებოდა;

ალკოჰოლის ბიზნესმა მხოლოდ ევროპაში 105 მილიარდი დოლარი გააკეთა;

ადამიანის მკვლელობის კიდევ ერთი საშუალება _ ნარკოტიკების ბიზნესი _ ამ არალეგალური ბიზნესის შემოსავალმა იმავე წელს 400 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზუსტად 10-ჯერ(!) დიდი თანხა, ვიდრე კაცობრიობის საარსებო მინიმუმია.

დაბოლოს, ადამიანების მკვლელობის პირდაპირი საშუალება, _ იარაღით ვაჭრობა: იმავე წლის ოფიციალური მონაცემებით იარაღის ბიზნესის შემოსავალმა 780 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ დროს, ანუ იარაღის ვაჭრობის დაახლოებით ერთი მეთვრამეტედი კაცობრიობას საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფდა.

ბევრჯერ გაჟღერდა ეს მართლაც ტრაგიკული სიტუაცია 1998 წელს მსოფლიო პრესაში? _ მხოლოდ რამდენჯერმე _ ისიც გაკვრით. არადა, ეს ციფრები გაეროს განვითარების პროგრამამ მოიპოვა. სამაგიეროდ, იგივე 1998 წელს ამერიკული და მსოფლიო პრესა აჭრელებული იყო მონიკა ლევინსკის მიერ შესრულებული ორალური სექსის პერიპეტიებით. ამ ფაქტს ასეულ ათასობით პუბლიკაცია მიეძღვნა. დისკურსი მთლიანად გადავიდა ყვითელი პრესის დომეინში, თუმცა ამდენი ბავშვი და უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა შიმშილით.

ცხადია, ორთოდოქსული მარქსიზმ-ლენინიზმი და სხვა კლასობრივი თეორიები დახვეწას მოითხოვს. ისიც ცხადია, რომ ტრადიციულმა მარქსიზმმა ადამიანის იდენტობა უგულებელყო. მან მთლიანად გამოტოვა ეროვნული, რელიგიური, სექსუალური, რასობრივი თუ სხვა კუთვნილების საკითხები. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია, ერთი მხრივ, ნაციონალისტებისა და რელიგიური ფუნდამენტალისტების, მეორე მხრივ, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების ჯგუფების სამართლიანი უკმაყოფილება. მიშელ ფუკოს არაჩვეულებრივ ნაშრომში ,,სიგიჟის ისტორია“ კარგად არის განხილული ის დისკრიმინაცია, რომელსაც განმანათლებლური რეციონალობის სახელით ახორციელებდა ბიურგერული საზოგადოება ,,სულიერად ავადმყოფებისა“ და სხვა სახის ქრონიკულ კონდიციაში მყოფი ადამიანების მიმართ. საბჭოთა იმპერიაში კი, გახსოვთ, როგორ ეპყრობოდნენ ე. წ. გიჟებს _ ყველას, ვინც ოფიციალური ხაზისგან განსხვავებულად ფიქრობდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკრავდნენ თავს და, პრაქტიკულად, მის იზოლირებას ახდენდნენ გაურკვეველი პერიოდით, ხშირად მთელი ცხოვრებითაც. ამ მხრივ მთლად განსხვავებული მდგომარეობა არც კაპიტალისტურ ამერიკაში იყო _ ამის ძალიან კარგი მაგალითია კენ კიზის არაჩვეულებრივი რომანი ,,გადაფრენა გუგულის ბუდეზე“. ისევე, როგორც ტრადიციულმა ბიურგერულმა ჰუმანიზმმა, მარქსიზმმაც ვერ შეძლო იდენტობის საკითხის დაძლევა და განსხვავებული ადამიანებისთვის თანასწორუფლებიანი სტატუსის მინიჭება. სწორედ ამიტომ პოსტმოდერნულ პერიოდში მარქსიზმის ძალიან კარგი კრიტიკა გაისმა დელიოზის, გატარის, დერიდას, ფუკოს და სხვების ნაწერებში, სადაც კარგად აისახა ეს წინააღმდეგობრიობა. ადამიანური განსხვავებულობის მიღება ტრადიციული მარქსიზმისთვის ძნელი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომაც იდენტობის პოლიტიკაზე დაფუძნებულმა ჯგუფებმა _ უპირველეს ყოვლისა, ნაციონალისტებმა და რელიგიურმა ფუნდამენტალისტებმა, მარცხნიდან გენდერისა და რასისტული თეორიებით მომაგრებული ზურგი უფრო გაიმაგრეს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში კლასობრივ პოლიტიკაზე საუბარი თითქმის სრულიად მარგინალური სფერო იყო და ეს თემა მხოლოდ აკადემიის ჩარჩოებში გახლდათ ჩაკეტილი. მეინსტრიმ მედიაში საქმე ისე წარმოჩინდა, თითქოს სიღატაკის პრობლემა აღარც არსებობს. სიტუაცია ოდნავ შეიცვალა 2008 წლის ფინანსური კრიზისის მერე, რადგანაც ეს კრიზისი თეთრკანიან მოსახლეობასაც შეეხო _ იმ ხალხს, ვის ხელშიაც არის დისკურსის განსაზღვრის კულტურული ჰეგემონია. სწორედ ამის მერე დაიწყო იდენტობის პოლიტიკიდან საუბრის ნელ-ნელა გადაყვანა კლასობრივ საკითხებზე, თუმცა ამისათვის შესაფერისი ტერმინი ჯერ არ მოუფიქრებიათ. ალბათ გრამშის ,,სუბალტერნი“ ყველაზე გამოსადეგი ტერმინი იქნება ამ მოვლენის აღსაწერად, რომელსაც მარქსისტული ,,პროლეტარიატი“ უკვე დიდი ხანია, ვეღარ ასახავს. დღევანდელი პრობლემა გაცილებით მწვავეა, ვიდრე ეს მარქსს წარმოედგინა _ მარქსი მაინც ყველაფერს ევროპულ ჭრილში უყურებდა. მას კი ვერ წარმოედგინა, რაც ნეოკოლონიური პოლიტიკის შემდეგ შეიძლებოდა გაჩენილიყო _ ამხელა გაჭირვება ,,მესამე მსოფლიოში“ – მის დროს ხომ ეს `მესამე მსოფლიო“ არ არსებობდა, ჯერ კიდევ ერთი სამყარო იყო.

სუბალტერნის განთავისუფლების პროექტი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თუმცა ნელ-ნელა ძალას იკრებს. ჩემი აზრით, საქართველოს პრობლემების უმეტესობა სწორედაც რომ სუბალტერნული ხასიათისაა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები არასდროს ვაღიარებთ, რომ ოდესმე შეიძლება მესამე მსოფლიოს ვეკუთვნოდეთ. ჩვენთან კლასობრივი საკითხისა და სიღატაკის დაძლევის სერიოზული პროგრამა თუ არ შემუშავდა, ვერც ერთი პოლიტიკური დოქტრინა ვერ შეძლებს ქვეყნის ამ საშინელი კრიზისიდან გამოყვანას.

უკანასკნელი დაანგარიშებით საქართველოში ხომ უკვე, მინიმუმ, 800 ათასი სუბალტერნის წევრია. მათი რიცხვი, საუბედუროდ, არ იკლებს _ პირიქით. ამიტომაც, კლასობრივი საკითხი, რაღა თქმა უნდა, უფრო თანამედროვე ინტერპრეტაციით – ხელახლა უნდა შემოვიდეს ქართულ ლექსიკონსა და დისკურსში, ოღონდ საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით იმისთვის, რომ ნამდვილად გადაიჭრას ეს პრობლემა.

 

                                                                                                                 ირაკლი კაკაბაძე