დიმიტრი შაშკინი: „ნატოში ინტეგრაცია უნდა გადაიდოს. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა.“

vc

პუტინის ხელისუფლების არაადეკვატურმა ნაბიჯებმა დასავლეთს ახალი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. „პენტაგონის“ მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დამატებითი ძალები და სამხედრო აღჭურვილობა, შესაძლოა, უნგრეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში გაიგზავნოს. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ეს იქნება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია რუსეთის შეკავებისკენ რეგიონში შესაძლო აგრესიისგან: „თეთრი სახლი ევროპაში ამერიკული შეიარაღების განლაგების მიზნით რეკორდული _ 3,4 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს“.

„ქრონიკა+“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრება:

_ მსოფლიოში მძიმე პროცესები მიდის. რუსეთი სულ უფრო არაადეკვატური ხდება. ეს არაადეკვატურობა პირველად საქართველოსთან აჩვენა ღიად 2008 წლის ომის დროს. მაშინ კიდევ ბევრ ევროპულ ქვეყანას იმედი ჰქონდა, რომ ეს პროცესი თავისით შეჩერდებოდა, პუტინი დაჭკვიანდებოდა და ა. შ.

ასე არ მოხდა. მერე უკრაინაში ომმა, სირიაში რუსეთის მხრიდან ღია ინტერვენციამ კიდევ ერთხელ მიუთითა იმაზე, რომ პუტინი აბსოლუტურად არაადეკვატურია.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი ერთსა და იმავეს, უფრო სწორად, ვიმეორებდი უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს, _ ერთადერთი, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს არის ძალა. ჩერჩილი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია.

ამიტომ მგონია, დადგა მომენტი, როდესაც დასავლური ქვეყნების პრეზიდენტები მიხვდნენ, _ ერთადერთი, რითაც შეიძლება დაუპირისპირდნენ რუსეთს, ეს არის ის, რომ აჩვენონ ძალა, აჩვენონ კბილები. და ამ პროცესს ახლა რეალურად ვხედავთ.

_ ამ პროცესით რა შედეგებს მიიღებენ თუნდაც ქართული, უკრაინული და მოლდოვური მხარეები?

_ დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

მოგეხსენებათ, რომ ამერიკა საარჩევნო კამპანიის სტადიაში შევიდა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თვითონ ამ საარჩევნო პროცესზე. ეს ბუნებრივია, ძალიან ბევრი ქმედების შემაფერხებელი ფაქტორი გახდება.

ამ დროს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტია ყველა თავის ნაბიჯს ამ შიდა საარჩევნო კამპანიის კუთხით უყურებს. ამიტომ რამე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული საქმეა. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ აშშ-ში საარჩევნო კამპანია არ დამთავრდება, რაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება.

_ ექნება თუ არა ზემოაღნიშნულ ნაბიჯებს რეალური გავლენა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე?

_ ამის იმედი მაქვს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ერთადერთი, რასაც რუსული მხარე აღიარებს და პატივს სცემს, ეს არის ძალა. ახლა, ამ წუთისთვის, დასავლეთს რაც შეუძლია, სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, _ პუტინს, რუსეთს აჩვენოს, რომ მის ძალას ასევე უპირისპირდება ძალა.

ამ პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი დემოკრატიული ფასეულობა, ნებისმიერი ტაქტიკური სვლა, მაგალითად მოთმენა, დიპლომატიური უკანდახევა ყოველთვის აღიქმება, როგორც სისუსტე. ანუ ეს ისტორიული მომენტია და ამას ნებისმიერი მემატიანე დაადასტურებს.

მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნებოდა მეფის რუსეთი, საბჭოთა კავშირი თუ პუტინის რუსეთი, ეს ერთი და იგივე ბოროტების იმპერიაა, რომლის ნებისმიერი დიპლომატია ძალაზეა აგებული.

სიმართლე გითხრათ, თუ ამ ისტორიული კუთხით შევხედავთ, დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს მეცხრამეტე საუკუნეს, როდესაც ნიკოლოზ პირველი იყო რუსეთის სათავეში. მაშინ რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა, მეტოქე დაამარცხეს და თითქოს რუსეთის იმპერია ბოსფორზე გავიდა. რადგან რუსეთი მაშინაც იზოლაციაში მოაქციეს და საკმაოდ დიდი ხნით, ერთი საუკუნის განმავლობაში დასავლეთმა მისი შედარებითი ნეიტრალიზება მოახდინა მსგავსი იმპერიული გიჟობებისგან.

ახლა ჩვენ დაახლოებით იგივეს ვხედავთ.

_ ამ ვითარებაში რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ქართულმა მხარემ, რომ ახალ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს?

_ ქართულმა მხარემ უნდა გაატაროს პრინციპული პოლიტიკა. არავითარ შემთხვევაში არანაირი დათმობა არ შეიძლება! და არც ერთ შემთხვევაში არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ისინი რაღაც თამაშში შეიძლება გაყვნენ რუსეთს.

ძალიან პრიმიტიულად რომ ავხსნათ: რუსეთი, ვთქვათ, ფეხბურთს არ თამაშობს, მასთან ამ თამაშს აზრი არ აქვს. და თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ ამ თამაშს რუსეთს მოუგებს, ის ცდება, რადგან რუსეთს ავტომატი უჭირავს ხელში. როგორც კი ბურთით წინ წაიწევი და მის კართან მიხვალ, ეგრევე გესვრის.

ამიტომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე და ნატოსთან ინტეგრაციაზე. პარტნიორებთან მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. მეტი არაფერი. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად დგას.

_ ამ მხრივ გარკვეულ საფრთხეს შეიცავს თუ არა „გაზპრომთან“ ცნობილი მოლაპარაკებები?

_ ბუნებრივია, რომ ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. აქაც ძალიან მარტივი პოლიტიკაა რუსეთის მხრიდან. მას უნდა, რომ საქართველოში აზერბაიჯანული გაზი შეცვალოს. ამისთვის მზად არის, რომ მინუსშიც კი წავიდეს; კერძოდ, შესთავაზოს კონკურენტუნარიანი ფასი.

მაგალითად, სომხეთს, თავის სტრატეგიულ პარტნიორს, უფრო ძვირად აწვდის, ვიდრე აზერბაიჯანი ჩვენ გვაძლევს, მაგრამ რუსეთი ამაზეც კი წავა, რომ კონკურენტუნარიანი ფასი იყოს, რადგან მას ძალიან კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანული გაზი, რომელიც ახლა საქართველოში მოდის, როგორც კი ჩვენ ამაზე უარს ვეტყვით, ეს აირი მილებში არ დარჩება, ეგრევე წავა ევროპაში.

მერე როცა ჩვენი მთავრობა მიხვდება, თუ რა ხაფანგში გაყო თავი, უკვე გვიანი იქნება, რადგან ეს გაზი სხვა მისამართზე გაიგზავნება. აზერბაიჯანს არ აქვს იმის რესურსი, რომ ბუნებრივი აირი იქაც აგზავნოს და აქაც გამოაგზავნოს. მერე ჩვენ ამ გაზს უკვე ვეღარ მივიღებთ და ბუნებრივია, რუსეთი მონოპოლისტი გახდება.

_ სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს…

_ აქ მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას, არ ესმის, თუ რას აკეთებს ნატოსთან დაკავშირებით. მოკლედ ჩამოვაყალიბებ: ნატოში ინტეგრაცია, მაპის მიღება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პრობლემა, ვასრულებთ თუ არა ჩვენ რაღაც კონკრეტულ მოთხოვნებს. ამას ვასრულებთ და ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არ გაგვაჩნია.

მაგრამ მეორე არის პოლიტიკური ნაწილი. ამ პოლიტიკურ ნაწილში კი გენერალური შტაბის უფროსს ტუალეტთან იჭერ, რუსთავი ორზე ზეწოლა მიმდინარეობს, ტელეკომპანია ბეწვზე არის გადარჩენილი; ზოგადად, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა მიდის; როდესაც ადამიანებს პოლიტიკურად დევნიან, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ციხეში ზის; როდესაც მერი 24 საათი იყო გამოშვებული და მერე ისევ ციხეში დააბრუნეს; როდესაც პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეობას ართმევ და ა. შ. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში პოლიტიკურად წამგებიან თამაშში ხარ.

იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს გაწევრიანებას, რეალურ საბაბს აძლევ თქვან, რომ აქ დემოკრატიის პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ნატოში ინტეგრაცია უნდა გადაიდოს. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა.

_ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს თუ შეუძლია, ამ მხრივ გარკვეული როლი შეასრულოს უკეთესობისკენ?

_ კარგი კითხვაა იმ კონტექსტში, რაც ახლა გარდაბანში ხდება. დიახ, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებს შუძლია, ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს. მაგრამ ასევე ეს როლი შეიძლება იყოს საპირისპიროდ ძალიან ნეგატიურიც; რაც გარდაბანში მოხდა, როდესაც საარჩევნო უბნები ზონდერბრიგადების, ნიღბიანი ადამიანების ალყაში იყო მოქცეული, სამწუხაროა, _ მოჭიდავეები ყურების ძალიან სპეციფიკური ტრავმებით, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, მოსახლეობას ატერორებდნენ.

მაგალითად, გარდაბნის ერთ-ერთი მკვიდრის მანქანა ხელებით დაამტვრიეს: გამოვიდა გაბრაზებული, ნიღბიანი ადამიანი სპეციალური საბრძოლო ხელთათმანებით და ავტომანქანას ბოლო მოუღო. ასე ტარდებოდა ეს ბოლო, გამგებლის არჩევნები.

თუ ჩვენ ოქტომბერში ასეთ არჩევნებს მივიღებთ, ბუნებრივია, ძალიან დიდი პრობლემა იქნება კონკრეტულად ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ეს რეალობა ყველა ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს.

გასაგებია, რომ არსებობს ერთმანეთის მიმართ ანტიპათია, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას _ არა, მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან მარტივი საკითხი დგას, ეს არის გადარჩენის პრობლემა.

ჩვენ ვერ წავეთამაშებით რუსეთს და ვერ დავრჩებით მარტო მის წინააღმდეგ. ერთიც დამღუპველია და მეორეც. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ დასავლელ პარტნიორებს იმის საბაბი არ მივცეთ, თქვან, _ ამ ხალხს დემოკრატიის მშენებლობა არ შეუძლიაო.

 

                                                                                                                 გელა მამულაშვუილი