მამუკა ნოზაძე: ,,მაინტერესებს, ნინო გვენეტაძე პასუხისმგებლობას როდის აიღებს?!“

cvr

რას ემსახურებოდა მოსამართლეთა კონფერენცია და რამდენად გამართლებული იყო სრულიად საქართველოს მასშტაბით მოსამართლეთა შეკრება სამუშაო დღეს, როცა არაერთი სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული? ვისი ორგანიზებით მომზადდა ეს კონფერენცია და არის თუ არ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ნებისა და დაპირებების ღალატი? _ ასეთ კითხვებს სვამს ადვოკატი მამუკა ნოზაძე და ამ საკითხში პასუხისმგებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს აკისრებს.

მამუკა ნოზაძე:

_ ორშაბათს მართლმსაჯულების სახლში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა. საქმე ის არის, რომ კონფერენციის ჩანიშვნა სამუშაო დღეს დაუშვებელია. ამით მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა საქმეების განხილვაც სწორედ ამ დღეს, პირველ თებერვალს იყო ჩანიშნული. ამ კონფერენციით, ფაქტობრივად, საქართველოს მასშტაბით, სასამართლოებში ჩაშალეს სამუშაო პროცესი, რადგან კონფერენციაში ყველა მოსამართლე მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, რომ ეს კონფერენცია შაბათს, ან კვირას დაენიშნათ, რადგან დღის წესრიგით არ იყო განსაზღვრული რაიმე ფორსმაჟორული საკითხის განხილვა.

_ რა საკითხებზე იყო საუბარი ამ კონფერენციაზე?

_ ერთადერთი, რისთვისაც ეს კონფერენცია ჩატარდა, იყო ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ევროსაბჭოს რეზოლუციებითა თუ დასკვნებით დადასტურებულიყო ის, რომ საქართველოს მართლმსაჯულებაში სერიოზული პრობლემებია. კრიტიკის ქარცეცხლში ტარდება მოსამართლეთა არაპროფესიონალიზმის, არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის საკითხები. კონფერენციით მათ საზოგადოებას ის დაანახვეს, რომ მოსამართლეები ერთიან პოზიციას აფიქსირებენ, ყველა ერთად დგას და საქართველოსა თუ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა სასამართლოს მიმართ უსაფუძვლოა.

_ ასეთი ღონისძიებების მოწყობაზე პასუხისმგებელი კონკრეტულად ვინ არის?

_ რა თქმა უნდა, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება შეთანხმებული არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან. ცხადია, ნინო გვენეტაძემაც კარგად იცის, რომ მოსამართლეები პროცესებს ისედაც აჭიანურებენ, გადადებენ, მერე გადაწყვეტილებებს დაწერენ და ამ ფორმით კიდევ უფრო ხელს უშლიან სასამართლო პროცესებს. თქვენი გაზეთიდან მინდა, ნინო გვენეტაძეს ვკითხო, _ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა იმისთვის, რომ ეს კონფერენცია სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში ჩატარებულიყო და ამ ფორმით მთელ ქვეყანაში ჩაშლილიყო სასამართლო სამართალწარმოება?

საქმე ის არის, რომ 2 თებერვალს ასევე კონფერენცია ტარდება სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით იგივე თემებზე.

მთავარი თემა კი გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები, სადაც მთავარი მომხსენებელი ოდიოზური ევა გოცირიძე იქნება.

არ ვიცი, გვენეტაძე რა პასუხს გამცემს, მაგრამ ეს კონფერენცია, მხოლოდ და მხოლოდ, იმას ემსახურებოდა, რომ მოსამართლეებს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ აზრი, რომ, თითქოს, ისინი წარმატებულნი არიან და სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპს გადიან.

_ რა ეტაპებზეა საუბარი, იქნებ, აგვიხსნათ?

_ ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, რადგან საზოგადოებამ არ იცის, რა გაკეთდა ამ სისტემაში. ისინი გეტყვიან, ალბათ, რასაც ნიშნავს პირველი და მეორე ეტაპები, ან რა შეიცვალა ამ ეტაპების დროს, რა შედეგები დადეს, ახლა მესამე ეტაპს რომ აანონსებენ? სინამდვილეში, არანაირი ეტაპები არ გაუვლიათ და არც მესამე ეტაპი არსებობს. ეს პარლამენტი ისე დაიშლება, რომ სასამართლო სისტემაში რეალურად არანაირ ცვლილებას არ მოახდენს.

20 თებერვალს, აპრილსა და სექტემბერში ბევრ მოსამართლეს უწყდება უფლებამოსილება და, შესაბამისად, ბევრი ვაკანტური ადგილიც არსებობს. უკვე ჩატარებული კენჭისყრის დროსაც სრულად ვერ დაკომპლექტდა 65 ვაკანტური ადგილი, ამას ემატება ახალი თავისუფალი ადგილები და, ფაქტობრივად, ისედაც პარალიზებული სასამართლო კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, კონკურსების ინტენსიურობა დამოკიდებულია ვაკანსიებზე. ვაკანტური ადგილები როცა აღარ იქნება, კონკურსიც არ ჩატარდება.

სავალალო მდგომარეობა არის შექმნილი, რადგან ის მოსამართლეები, რომლებმაც უკვე წინა კონკურსები გაიარეს, კიდევ მონაწილეობენ. სინდისი უნდა ჰქონდეს ადამიანს, 5-ჯერ რომ ეტყვიან უარს, კიდევ არ მიეძალოს. არა მგონია, ეს ხალხი მანტიით დაბადებულიყო და ეს განაპირობებდეს მათ ამგვარ სიჯიუტეს. როგორც ჩანს, სხვა სამსახურებში საკუთარ თავს ვერ ხედავენ და ისე არიან ამ ადგილებს ჩაბღაუჭებულნი, ხელიდან გაშვება აღარ უნდათ. ცხადია, ამას ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ყოფილი მოსამართლე ჯემალ კოპალიანი ყოველთვის იყო პოლიტიზებული მოსამართლე და წლების განმავლობაში უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა. 4-ჯერ უკვე უთხრეს მას მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე უარი, მაგრამ მაინც არ ჩერდება. ასევე იქცვიან ზვიად ესებუა, კობა გოცირიძე. როცა ხედავ, რომ იმ ქმედებებს, რასაც სჩადიოდი, ცუდი რეზონანსი მოჰყვა, აღარ უნდა იძალადო და უნდა გრცხვენოდეს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდე და გაიგო, რომ არ ითვლები კარგი რეპუტაციის ადამიანად, არ ჯდები ევროსტანდარტების მოთხოვნებში, რომ მოსამართლე უნდა იყოს ყველაზე პატიოსანი, ღირსეული, სამართლიანი, მცოდნე და შეეშვა კონკურსში მონაწილებას. „ქართული ოცნების“ დანაშაული ის არის, რომ რეფორმები ვერ განახორციელა. ეს მაშინ, როცა საზოგადოებაში არსებობს ძალიან კარგი კადრები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ, სასამართლო სისტემაში ეს ხარვეზი შეავსონ. კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ მოსამართლედ ყოფნა, გამოცდის ჩაბარება, ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სკოლის გავლა არ არის აპრიორი იმისა, რომ ის გახლავთ კარგი ადამიანი. დილემის წინაშეა სასამართლო სისტემა მოქცეული. ახალ კადრს, ახალ სისხლს საშუალება არ ეძლევა, სასამართლო სისტემაში მოვიდეს და რაიმე შეიცვალოს.

 

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი