BOSS სანდრო, ,,მოხოდილი“ ლადო და შეხვედრები ვაშლიჯვარში

kxa'd

კარგა ხნის წინათ ერთმა ჩემმა ჟურნალისტმა მეგობარმა პირადი საუბრისას ისე, სხვათა შორის, მკითხა, _ კრიტიკული სტატია რომ დავწერო შენზე, რა რეაქცია გექნება, დამკარგავო? არც დავფიქრებულვარ, კითხვა ავტორს შევუტრიალე, _ თავად რა რეაქცია გექნება, მე რომ ჟურნალისტი ვიყო და საჯაროდ გაგაკრიტიკო-მეთქი? პასუხი, დაახლოებით, ასეთი იყო, _ თუ სიმართლეს დაწერ, ჟურნალისტურად მართალი იქნები, მაგრამ პირადულში ჩაიჭრებიო; თუ არ დაწერ, მაშინ კარგი მეგობარი გამოდიხარ, თუმცა როგორც ჟურნალისტი, მასალას ,,გამაზავო“.

ახლა კი იმას მოგახსენებთ, თუ რატომ აღვიდგინე სტენოგრაფიული სიზუსტით ეს საუბარი? დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ვწერ ადამიანზე, რომელთანაც ვმეგობრობდი და რომელთანაც ნათელმირონობა მაკავშირებს. არც კი ვიცი, რა დავარქვა ბიოგრაფიული დეტალებით გაჯერებულ ამ მასალას _ საავტორო სტატია? ეს, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მშრალი ისტორიები. მიუხედავად იმისა, რომ გზავნილის მთავარ გმირთან ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს, სუბიექტურ შეფასებებს ფაქტები გადაფარავს. კონკრეტული პიროვნების, ლადო სადღობელაშვილის ირგვლივ, ბოლო პერიოდში არსებული კითხვებიდან გამომდინარე, შევეცდები, ჩემს ყოფილ მეგობართან ერთად, წარსულში გამოგზაუროთ. პერიოდულად კი სხვა რეალური პერსონაჟებიც შემოვლენ. მოკლედ, მივყვეთ ამბავს თანმიმდევრულად:

პირველად ლადო სადღობელაშვილს 2007 წლის შემოდგომაზე ჩამოვართვი ხელი ,,თანასწორობის ინსტიტუტის“ ოფისში. იმ პერიოდისთვის ,,თანასწორობის ინსტიტუტს“ გოგა ხაინდრავა მფარველობდა. სწორედ მისი პატრონაჟით აღნიშნული ორგანიზაცია კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ შენობაში განთავსდა. დიდ და ბნელ ოთახებში გოგა ხაინდრავას იშვიათად შეხვდებოდით, ,,თანასწორობის ინსტიტუტში“ მასპინძლის როლს კოკა ყანდიაშვილი უფრო ითავსებდა. ლადო სადღობელაშვილი, კოკა ყანდიაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი სხვა ახალგაზრდებთან ერთად გავიცანი. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყანდიაშვილი ახალგაზრდა აქტივისტებს მედიასთან ურთიერთობაზე მშვიდ ტონალობაში ესაუბრებოდა, ლევან გოგიჩაიშვილი კი მინილექციის პარალელურად ტელეფონზე საუბრობდა. იმ პერიოდისთვის ის კამერების წინ აქტიურად ჩნდებოდა და ყანდიაშვილის ინსტრუქციებს სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგაც ღიმილით ისმენდა. ზოგადად, ყოფით ურთიერთობებშიც კი, გოგიჩაიშვილი ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რასაც ვერ ვიტყოდი სადღობელაშვილზე _ რაც მართალი მართალია, იმ წლებში სადღობელაშვილი ბევრად მოკრძალებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე დღეს. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ თავმდაბლობა _ ეს მისი პოზა იყო, რათა საზოგადოებაში თავი დაემკვიდრებინა.

ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს სადღობელაშვილი პირადად არ მინახავს, მაშინ ჯაბა ჯიშკარიანთან, ლევან გოგიჩაიშვილთან და სხვა, წინა ხაზზე მებრძოლ აქტივისტებთან ერთად ვიდექი პოლიტიკურ ბარიკადებზე. ლადოს პირველი პოლიტიკური აქტივობა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული პრომეთეს ძეგლის გადასატანად გაკეთებული საპროტესტო განცხადება იყო, თუმცა ამ აქციის იდეის ავტორი ის არ ყოფილა. რამდენადაც მახსოვს, კოკა ყანდიაშვილმა მისი კომენტარი დაიწუნა: ,,არადამაჯერებლად საუბრობ, ნელა ისაუბრე და ამოისუნთქე“. ეს სცენა დღემდე ნათლად მახსოვს, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ. ზოგადად, იმ პერიოდში კოკა ყანდიაშვილის პოპულარობა ინერციით ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული, ,,ეროვნულ საბჭოში“ მას სიტყვა ეთქმოდა. შესაბამისად, სხვა საქმეებთან ერთად, ყოფილი ტელეწამყვანის ფუნქციებში შედიოდა ახალგაზრდა აქტივისტების გაწვრთნა და სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე გაგზავნა. მის მოწაფეებს შორის ლადო სადღობელაშვილს უმნიშვნელო როლი ჰქონდა. ყანდიაშვილის საყვარელი შეგირდი იყო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, ლერი ლაფაჩი.

იმ დროიდან მოყოლებული, ერთმანეთთან ინტენსიურად არ ვურთიერთობდით, თუმცა კარგი სალამი ყოველთვის გვქონდა. მართალია, მასზე დღეს ნაწყენი ვარ, თუმცა ფაქტს აღვნიშნავ _ მის ირგვლივ არსებული მითქმა-მოთქმების მიუხედავად, ჩემთან მიმართებით ის ზომიერად იქცეოდა. წლების განმავლობაში მე ყოველთვის ვაიგნორებდი სადღობელაშვილზე ცუდის მთქმელებს. ბუნებრივია, ამ ადამიანების ვინაობას არ გავამხელ, მაგრამ მათ ნაამბობს კი აქ დავაფიქსირებ. პირად საუბრებში არაერთგზის უთქვამთ, რომ ლადო ძალიან ფეთქებადი და აგრესიული ადამიანია და რომ ჩემს გვერდზე მისთვის ადგილი არ უნდა ყოფილიყო. რჩევებს, ბუნებრივია, ვღებულობ, თუმცა იშვიათად ვხელმძღვანელობდი სხვათა აზრებით. ადამიანებს ყოველთვის ვაძლევდი შანსებს ჩემთან ურთიერთობაში. გამონაკლისს არც ლადო სადღობელაშვილი წარმოადგენდა, ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამობობთ.

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აქტივისტი, სააკაშვილის წინააღმდეგ ვიბრძოდი, რაღაც პერიოდის განმავლობაში ლადოს სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივობებისთვის თვალი არ მიმიდევნებია. რამდენადაც მახსოვს, ,,თანასწორობის ინსტიტუტის“ შემდეგ მან გია მაისაშვილის ბანაკში გადაინაცვლა, თუმცა ცოტა ხნით; შემდეგ კოკო გამსახურდიასთან გადაინაცვლა, სადაც სანდრო ბრეგაძეს დაუახლოვდა.

ვინაიდან ამ დროს მის გვერდზე არ ვყოფილვარ, არც მაშინდელი ბატალიების შესახებ მაქვს დეტალური ინფორმაცია, თუმცა როგორც კოკო გამსახურდიამ ჩემთან სახლში სტუმრობისას თქვა, სადღობელაშვილი მას სანდრო ბრეგაძემ შეაჩეჩა, _ გულიანი ბიჭია და იქნებ, გვერდზე დაიყენოო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ,,გულიანმა ბიჭმა“ თქვა საჯაროდ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილზე, კოკო გამსახურდიაზე, _ ზვიად გამსახურდიასთან მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი აკავშირებსო.

ზოგადად კი კავშირების ძიება ყოველთვის აქტუალური თემა იყო ქართულ პოლიტიკაში. მით უფრო მაშინ, როცა სააკაშვილმა წარმატებით ჩაისვა ჯიბეში ოპოზიციის ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი მარტივად გაამარგინალა. იმ წლებში არაერთი პარტია დაიშალა, არაერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაუკეტეს საარსებო რესურსები, ზოგიერთმა კი საერთოდაც მარტივი გამოსავალი იპოვა _ უბრალოდ, გაიყიდა. კოკო გამსახურდიას პარტიის დაშლას მავანნი ბრეგაძეს მიაწერდნენ. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო ბრეგაძე ივანე მერაბიშვილის ახლო მეგობარი ყოფილა, რაც მე მოგვიანებით გავიგე. იმ წლებში კი ასეთ ხმებს ბევრზე ავრცელებდნენ, თუმცა, დაპირებისამებრ, ვერსიებზე მეტად ფაქტებს მივყვები, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე საუბარს აღარ გავაგრძელებ.

ფაქტია ისიც, რომ 2011 წლიდან ჩემი და ლადოს მეგობრობა მედიაკავშირ ,,ობიექტივში“ გაგრძელდა. ორივე ჩვენგანს საავტორო გადაცემები გვქონდა. მან გადაცემასთან ერთად ორგანიზაციული საქმიანობაც აიღო საკუთარ თავზე.

მოძრაობა ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც სადღობელაშვილმა დააფუძნა და რომლის აქტიური წევრებიც ლევან კოჭლოშვილი და გიორგი ფარესიშვილი იყვნენ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მათი პროტესტის ხმა ცოტას თუ ესმოდა. შემდეგ კი ამ ორგანიზაციის ლიდერი, თავის ოჯახთან ერთად, ემიგრაციის რთულ გზას დაადგა.

საფრანგეთში მცხოვრები სადღობელაშვილი მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით ახერხებდა, თავი შეეხსენებინა სამშობლოში დარჩენილთათვის, თუმცა აქა-იქ მაინც გამოთქვამდნენ მის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს. ძირითადად, ამ შინაარსისას, _ თუ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდა, რას გაიქცა, ფეისბუკით აქვს დიდი გულიო? რა თქმა უნდა, მის კრიტიკოსებს უპასუხოდ არ ვტოვებდი.

2014 წელს საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ჩამოსვლისთანავე დამირეკა. ჩამოსვლიდან მალევე მან სახლის რემონტი წამოიწყო და ყოფითი პრობლემების მოგვარებით დაკავდა.

ის თითქმის სამი წლის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში, ბევრ რამეს კითხულობდა, ამა თუ იმ პიროვნების სტატუსით და გავლენებით ინტერესდებოდა, მიზიარებდა თავის მოსაზრებებს, კონკრეტული ადამიანების ქმედებებს განვიხილავდით ოჯახურ წვეულებებზე, ძირითადად, ალკოჰოლის თანხლებით, როგორც მეგობრებს შორის ხდება. ძალიან დარდობდა, რომ სტაბილურ სამსახურს ვერ პოულობდა და ფულის შოვნის ათას გეგმას განიხილავდა, ვინაიდან მის უკან ოჯახი იდგა.

იმავე 2014 წლის ზაფხულის ერთ ღამეს დამირეკა და მთხოვა, მასთან ავსულიყავი. პრაქტიკულად, შესვლისთანავე დამადებინა პირობა, რომ მის ნასაუბრებს არსად მოვყვებოდი. საუბარი ნაყინისა და სიგარეტის თანხლებით გაიმართა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, _ სანდრო ბრეგაძემ მაგარ ,,კანალზე“ გამიყვანა და აწი ,,მოვიხოდებიო“. იმავე ღამით მკითხა, თუ შევძლებდი ინტერნეტ-ტელევიზიის მართვას და რა ხარჯებთან იქნებოდა ეს დაკავშირებული? მართალია, მოგვიანებით ინტერნეტ-ტელევიზიის დაფუძნების გეგმა შეიცვალა, თუმცა მის გვერდზე ამის შემდეგაც უანგაროდ ვიდექი, ბუნებრივია.

,,თავისუფალი თაობის“ დაფუძნებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი რამ თქვა: სანდროს ტვინს ურევენ, ეუბნებიან, ლადომ სვანაძე არ გაიკაროს, თორემ დაღუპავსო. მე კბილებით გაგიტანე და იცოდე, ბოლომდე ჩვენთან უნდა იყოო. _ კითხვაზე, თუ ვინ ურევდა ტვინს სანდრო ბრეგაძეს ჩემთან მიმართებით, მიპასუხა, რომ ეს შოთა ჭოხონელიძე იყო. მას უთქვამს, _ სვანაძემ ხიდაშელი და მაია ფანჯიკიძე არ დაინდო და რომ გაბრაზდეს, ჩვენზეც ისაუბრებსო. სიმართლე გითხრათ, ჭოხონელიძის მისამართით არ გავბრაზებულვარ _ პატარა ადამიანებზე ფიქრით გონებას არასდროს ვიღლიდი.

უკვე სექტემბრის დასაწყისში ლადომ სანდრო ბრეგაძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე დამპატიჟა. სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ შეკრებაზე სადღობელაშვილის დაჟინებული თხოვნით მოვხვდი, მე იქ პირადი ინტერესით ან რაიმე ტიპის მოლოდინის იმედით არ ავსულვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშლიჯვარში ტაქსით წავედი, შეხვედრაზე მაინც დამაგვიანდა. სანდრო ბრეგაძე მხნედ გამოიყურებოდა, ძველი რესტორნის ტიპის შენობაში ფუსფუსი შევნიშნე. ვერანდაზე ზაზა დავითაია, ჯაბა ხუბუა, ანი დარსალია და ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანის სახელი და გვარი დღესაც არ ვიცი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.

საუბარი წავიდა ისეთი ორგანიზაციის დაარსების თაობაზე, რომელიც საქართველოს მაიდნის ტიპის პროცესებს აარიდებდა. ერთ მომენტში სანდრო ბრეგაძე მომიტრიალდა და მითხრა, _ იცი, რამდენი ფულია იმაში ჩადებული, მერაბიშვილი და ახალაია რომ ციხიდან გამოვიდნენო? ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთო. ფულზე პოლიტიკურ კონტექსტში საუბარი შემდეგაც გააგრძელა იმავე სანდრო ბრეგაძემ, _ სააკაშვილის წასვლის შემდეგ დიდი ბიზნესები დალაგდა, აქ მარტო ბიძინა კი არ დგას? მილიონებს დებს ხალხი სასწორზე და მიშას უკან მოტრიალება არ გვაწყობსო.

,,თავისუფალი თაობა“ ხმაურიანი აქციით წარდგა საზოგადოების წინაშე. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დაფუძნებისთანავე საპატიო სტუმარი სანდრო ბრეგაძე იყო. ვიღაცები მას ბოსსაც ეძახდნენ. ნელ-ნელა გავათვითცნობიერე, რომ სადღობელაშვილს ბრეგაძის წინაშე ბევრად მასშტაბური პასუხისმგებლობები ჰქონდა აღებული, ვიდრე თავიდან წარმომიდგინა.

თუმცა დაფინანსების რაოდენობაზე და წარმომავლობაზე მეგობრისთვის პირდაპირ არასდროს მიკითხავს. ბავშვობიდან მეზიზღებოდნენ ადამიანები, რომლებიც პირად ურთიერთობებს ჯიბის სისქის მიხედვით საზღვრავდნენ.

ორგანიზაციის დაფუძნებიდან მალევე, ჩემსა და ლადოს შორის პირველად, მცირე, თუმცა მაინც _ კონფლიქტი მოხდა. გაგიკვირდებათ და თეა წულუკიანის გამო.

რომ არ დაიბნეთ, დეტალურად გავიხსენებ ამ ეპიზოდს.

ჟურნალისტური საქმიანობის მიზნით, საინფორმაციო სააგენტო ,,კორესპონდენტის“ ფარგლებში, რომელიც პირადი თანხებით დავაფუძნე, იუსტიციის სახლს ვესტუმრე. ამ დაწესებულების ფოიეში იპოთეკით დაზარალებული ადამიანები აქციას მართავდნენ. ზოგიერთი რესპონდენტის ნაამბობიდან ცხადი იყო, რომ მათ ღია ცის ქვეშ ცხოვრება ემუქრებოდათ. ერთ მომენტში დაცვამ კამერაზე ხელი ამიკრა, მაგრამ გადაღება გავაგრძელე, თუმცა მან მაჯა გამიკავა და ტურნიკეტთან წავიქეცი. ვიდეოკამერა ძლივს გადავარჩინე დამტვრევას. იუსტიციის სახლიდან გამოსულებს კი ქუჩაში თავიანთი ოპერატორები და ფოტოგრაფები დაგვადევნეს, პრესსამსახური კამერების წინ დაკითხვებს გვიწყობდა, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი პრობლემებით მათ უწყებაში მივიდნენ, უპასუხოდ დატოვეს. აღნიშნული ფაქტი იქ მყოფმა კოლეგა ჟურნალისტებმა გაავრცელეს. იმ ღამით პირველი ირმა ინაშვილის ზარი მივიღე. ირმამ მომიკითხა და ჩემი სურვილის შემთხვევაში შემპირდა, რომ იუსტიციის სახლში მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებდა. ჩემმა მეგობარმა ვასილ გოგოლაძემ კი ელისო კილაძის პოზიცია შემატყობინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ამჟამინდელ რედაქტორთან იმ პერიოდში კონტაქტი არ მქონდა, კილაძემ პირად წყენებს გადააბიჯა და კოლეგიალურად მოიქცა. რამდენიმე საათში თავადაც დამირეკა. ელისო კილაძესთან საუბრის დასრულების შემდეგ ჩემს მობილურ ტელეფონზე ლადო სადღობელაშვილის ზარი შემოვიდა. ვიფიქრე, ესეც ამბის მოსაკითხად რეკავს-მეთქი, თუმცა ვცდებოდი, ტელეფონში ისტერიული ღრიალი მესმოდა: რას ერჩი იუსტიციის სახლს?! ვიღაც ბომჟებს აშუქებ და წულუკიანის უწყებას ურტყამ?! არ იცი, წულუკიანი ჩვენი რომ არისო?! პირველი რეაქცია, რაც მახსოვს, გავოგნდი! ჰონორი არ მესიამოვნა, თუმცა არ შევიმჩნიე. საპასუხო პანიკები არ ამიწევია, ვინაიდან მივხვდი, რომ ლადო სადღობელაშვილი სანდრო ბრეგაძესთან აღებული პასუხისმგებლობების გამო ნერვიულობდა. მართალია, არც ერთი მათგანისგან ფინანსური ვალდებულებები არ მქონდა, თუმცა მეგობარს გავუგე და, უბრალოდ, არ ავყევი.

უსაგნო ბრალდებები და ეჭვიანობის სცენები შემდგომაც მრავლად იყო.

მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც თავს ჩემს მეგობრად აცხადებდა, არ მენდობოდა და ეჭვობდა, რომ ინფორმაციები გარეთ გამომქონდა.

ლადო სადღობელაშვილთან დისტანცია ეტაპობრივად გავზარდე. მირეკავდა იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ვინმეს შესახებ რამე აინტერესებდა. მე უკვე მასთან კონტაქტის სურვილი აღარ მქონდა.

ერთ ასეთ ამბავსაც გავიხსენებ: პორტალმა ,,სკადალ.გე“-მ ჩემი და მისი ფბ-კომენტარების ამსახველი ვიდეო წარმოადგინა. ვვარაუდობ, რომ ჩემზე ეჭვობდა. დღესაც არ ვიცი, ვისია ,,სკანდალ.გე“ და ვინ გაავრცელა ეს კომენტარები. სხვათა შორის, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს მიმოწერა გაყალბებული არაა, მე მართლაც რომ უცენზურო სიტყვებით მოვიხსენიებდი ბიძინა ივანიშვილს. ამ ,,სქრინშოტის“ გავრცელება ნამდვილად არ მაძლევდა ხელს. ისე კი ივანიშვილის ხისტ კრიტიკაში სადღობელაშვილი ნამდვილად არ ჩამომრჩებოდა, იქამდე, სანამ ,,თავისუფალ თაობას“ დააფუძნებდა.

ნათელი იყო: კაცი, რომელიც ერთ დროს მეგობრობას მეფიცებოდა, ნერვული კრიზისის ზღვარზე იმყოფებოდა. ის ყველაზე ეჭვიანობდა, მათ შორის, ზაზა სვანაძეზეც. მისი ორგანიზაციიდან წამოსული ადამიანები ჩემთან იოხებდნენ გულს. თავს შევიკავებ და ამ საუბრების შესახებ აქ მაინც არ დავწერ, ვინაიდან ძალიან დელიკატურ თემებს ეხება.

შარშან ზაფხულისთვის ორგანიზაციას ანი დარსალია და მისი აქტივისტები გაემიჯნენ. ლადო სადღობელაშვილი ადამიანური რესურსის გარეშე რჩებოდა. ეს ინფორმაცია მე მალევე შევიტყვე, თუმცა არსად გამივრცელებია. უბრალოდ, იმ წლებს ვეცი პატივი, რომელიც მასთან ერთად გავატარე და ერთ ნიუსად არ დამიხურდავებია წლებით ნაშენები ურთიერთობა.

სამაგიეროდ, ერთ მშვენიერ დღეს ვირტუალურ სივრცეში მორიგი კამათისას ნინო ჯღარკავამ ფეისბუქის პირად გვერდზე ისეთი რამ დაწერა, რაც მხოლოდ სახლში მქონდა ნასაუბრები და რაც არავინ იცოდა, ჩემი ოჯახის წევრების გარდა. აქ ყველაფერს ნათელი მოეფინა. ჯღარკავას მიერ გამოქვეყნებული კომენტარის შემდეგ დედაჩემთან დავრეკე და ვკითხე, _ ვის უთხარი იმის შესახებ, რომ მე საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარში ვაპირებ წასვლას-მეთქი? მან მიპასუხა, რომ ლადო სადღობელაშვილმა დარეკა, შენს ნომერს ეძებდა და მოვუყევი, რასაც აპირებო. დედაჩემმა მაშინ არ იცოდა, რომ ლადოსთან აღარ ვურთიერთობდი და მანაც ვრცლად მოუყვა ჩემს გეგმებზე. ზოგადად კი ვის, ვის და ლადო სადღობელაშვილს ნამდვილად არ უნდა ეჭორავა ჩემს საზღვარგარეთულ გეგმებზე, ვინაიდან ემიგრაციაში მყოფი მუდმივად წუხდა, _ ბიძინას მოსვლით საქმე გამიფუჭდა, უკან გამომიშვებენო. ,,ნაცები“ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, საფრანგეთში თავშესაფარს ულაპარაკოდ მომცემენო. ორი მთავრობის კრიტიკის შემდეგ ყველა კარი ჩამეკეტა და ჩემი უნარების რეალიზებას ვერსად ვახდენდი. ქვეყნის სახელით არასდროს მივაჭრია და ისიც გააზრებული მაქვს, რომ სამშობლო ვისკიზე, გართობაზე, კარგ ცხოვრებაზე არ იცვლება, თუმცა ვიფიქრე, რომ იმ კონკრეტულ ეტაპზე ქვეყნიდან წასვლა განვითარების შანსს მომცემდა და დასავლური ცხოვრების გამოცდილებით დაბრუნებული, პროფესიულადაც გავიზრდებოდი.

დასავლეთში წასვლა ვერ მოვახერხე, თუმცა ურთიერთობიდან გავუშვი ადამიანი, რომელმაც ოჯახში ნასაუბრები ჩემს მტერთან მიიტანა.

ზოგადად, პირადი საუბრების მიმართ ყოველთვის მაქვს პასუხისმგებლობა, თუმცა იქამდე, სანამ მეორე მხარე ამ პასუხისმგებლობაზე ხელს არ იღებს. ისტორიას კი დასაწყისში მოთხრობილი ამბით დავასრულებ: კარგა ხნის წინათ ერთმა ჩემმა ჟურნალისტმა მეგობარმა პირადი საუბრისას ისე, სხვათა შორის, მკითხა, _ კრიტიკული სტატია რომ დავწერო შენზე, რა რეაქცია გექნება, დამკარგავო? _ ლადო სადღობელაშვილს ამ კითხვას არ დავუსვამ, რადგან მან მე კარგა ხნის წინათ დამკარგა, რაც, ბუნებრივია, მისი არჩევანი იყო. ახლა მთავარია, სანდრო ბრეგაძემ არ დაკარგოს სინდისი და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩემი ნათელმირონი შუა გზაში არ მიატოვოს.

P.S. ,,თავისუფალი თაობიდან“ წამოსულმა ერთმა აქტივისტმა ამას წინათ მომიყვა, რომ სანდრო ბრეგაძე ლადოს საყვედურობდა, _ რატომ მოანათლინე სვანაძეს შვილიო?! თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ლადო სადღობელაშვილი მებრალება, _ როგორ შეუზღუდავს თავისუფლება ბოსს მისთვის…

 

                                                                                                                      ზაზა სვანაძე