ერთი „ხელის ბიჭიდან“ მორიგ „ხელის ბიჭამდე“

gg

„გვეშველება რამე?“ _ ეს ის კითხვაა, რომელიც ყველაზე ხშირად და მტკივნეულად დაისმის ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე მართალი, იქნებ, მაშინ იყო, როდესაც სკანდალური წერილი დაწერა იმის თობაზე, რომ ქართველები რაღაც ერთ დონეზე გავიყინეთ და წინ, განვითარებისკენ სვლას ვეღარ ვახერხებთ? ან როგორ მოახერხებ, როცა შენივე ქვეყანაში ყველა და ყველაფერი დღენიადაგ უფსკრულისკენ მიგაქანებს? კითხვები ბევრია, პასუხებზე რა მოგახსენოთ.

კომუნისტური სისტემა კი დაინგრა, მაგრამ რა შეიქმნა მის ადგილას, ამაზე განმარტებას განსხეულებული ეშმაკიც კი ვერ მოგცემთ. ეს ისეთი მახინჯი ნაზავია სოციალიზმისა და ველური კაპიტალიზმის, რომლისგანაც თავის დაღწევა ადვილი არ იქნება. ამ ვითარებაში პატიოსან, ე. წ. საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს შანსი არ აქვს, რამე სასარგებლო გააკეთოს, რამეს მიაღწიოს. წლების განმავლობაში თავ-პირის მტვრევას შედეგი არ მოაქვს და ადამიანები ბოლო დარჩენილ ქონებას ყიდიან, რათა რომელიმე უცხოურ ქვეყანას გააღწიონ, თავს უშველონ.

რას აკეთებენ ამ დროს პოლიტიკოსები? ცეცხლზე ნავთს ასხამენ და მორიგი ტყუილებით არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებენ. ლამის ნებისმიერმა ვიგინდარამ კარგად შეისწავლა პოლიტტექნოლოგიის `ტრიუკები” და სასურველი შედეგიც გარანტირებულია. შემდეგ როცა ძლიერთა გადამგდებობა კიდევ ერთხელ წარმოჩინდება, ისინი ყველა უბედურების კვლავ წინამორბედებისთვის გადაბრალებას ცდილობენ. მაგრამ ამის ვიღას სჯერა, საკითხავი ეს არის.

2012 წლის შემოდგომაზე დღევანდელ ხელისუფლებას რა მხადრაჭერაც ჰქონდა, ასეთს ვერც ერთი სხვა ვერ ინატრებდა. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ბოლო გრანდიოზულ მიტინგზე რუსთაველის გამზირი მთლიანად გადავსებული იყო. ხალხი ყოველ 50 მეტრში დამონტაჟებულ ეკრანებზე უყურებდა და ტკბებოდა მორიგი „მხსნელის“ გამოჩენით. ხშირად ხმა ითიშებოდა (ეს უნიათობა მაშინვე ჩანდა) და ხალხი მზად იყო, მესიის მანერა-მიმიკებისთვის მხოლოდ თვალი ედევნებინა, იმდენად აღაფრთოვანებდა  „მილიარდერის“ არნახული დაპირებები.

რით უპასუხა „მხსნელმა“ ხალხის მონურ ნდობას? საკუთარი დღის რეჟიმი სახელმწიფო მოღვაწეობას ვერ შეუთავსა და ერთ წელიწადში (გაცემულ დაპირებებს ის კი არა, მამაზეციერიც ვერ შეასრულებდა), თანამდებობიდან უკანმოუხედავად გაქუსლა და ხელისუფლება ერთ-ერთ რიგით „ხელის ბიჭს“ გადააბარა. ამით „მარჩენალმა“ ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და ეს ღარიბაანთ ბიჭი რის გამკეთებელი იყო? ჰოდა, მასაც ამაზე პერმანენტულად პასუხს სთოვდნენ, ისიც შეძლებისდაგვარად თვალებს აბრიალებდა. ამ დროს ვიღაც სიცილით კვდებოდა სოლოლაკის სტრატეგიულ სიმაღლეზე.

ჰოი, რა სწრაფად მოვიდა მეოთხე საუკეთესო წელი. ქვეყანაში ხელფას-პენსიები დღემდე არ მომატებულა, სოციალური სიდუხჭირე გაზრდილია, ეროვნული ვალუტის კურსი დაცემულია… სამაგიეროდ, უცხოური საელჩოების მიმდებარე ტერიტორიები ვიზის მთხოვნელებით გადავსებულია. ლამის ყოველ მეორეს ქვეყნიდან დროულად გასწრებაზე უჭირავს თვალი. ამ ფონზე „მარჩენალი“ ერთ ხელის ბიჭს მეორით ცვლის იმ მოტივით, რომ ამ მეორემ „ევროპელებიც კი გააკვირვა“. და თუ ასეთი კარგი იყო, აქამდე სად ჯანდაბაში იყავით?! _ ხალხი მხოლოდ ამასღა კითხულობს.

მეოთხე წელია და ხელისუფლებაში შემთხვევით მოკალათებული მედროვეები ისევ წინა ხელისუფლების დარღვევებზე საუბრობენ. ამისთვის ყირაზე გადადიან, რადგან მიზანი ნათელია, _ ამ გზით ხელისუფლება უნდა შეინარჩუნონ. ამისთვის ჰყავთ ერთი მადლიერი რეჟისორი, რომელმაც ზედ არჩევნებამდე მრავალსერიანი ფილმი უნდა დადოს „ნაციონალების~ დანაშაულზე.

თქვენ ში… ფუტინსკი ხომ არ ხართ, ბატონებო? კალენდარზე 2016 წელია, რის `ნაციონალი~, რა `ნაციონალი~? ქვეყანა მორიგ უფსკრულში ბოლომდე გადაჩეხეთ და `ნაციონალების~ გინების ფონზე ცდილობთ ძირმომპალი ხელისუფლების შენარჩუნებას, თქვენ მართლაცდა შ… ფუტინსკი ხომ არ ხართ?

ეშმას კურთხეული რაღაც სასწაული რომ მოხდეს და თქვენ მართლა შეინარჩუნოთ ეს ექსკლუზიური მმართველობა, ხალხს მართლა არაფერი დარჩენია, მასობრივად უარი თქვას მოქალაქეობაზე და შავი ან ხმელთაშუა ზღვის წყლებს მიაწყდეს. აი, ისე, დღეს გაღატაკებული აზია-აფრიკის მცხოვრებნი „ლოდკებით“ რომ ცდილობენ საცოდაობისთვის თავის დაღწევას და ევროპის ნაპირებზე გარიყვას. სამწუხაროდ, ეს მცდელობა ხშირად სიკვდილით სრულდება. თქვენ ამ გზაზე გინდათ მიიყვანოთ მოსახლეობა?

ამ ქვეყნის მთავარი უბედურება არაფორმალური მმართველობაა და ამას, ადრე თუ გვიან, ბოლო მოეღება. რაც უფრო დროზე, მით უკეთესი. ვინც ნამდვილი „ხაზეინია“, ის ამ ქვეყანაში არავისზე და არაფერზე პასუხს არ აგებს. როგორ შეიძლებოდა, დამოუკიდებლობის 25 წლის შემდეგ ასეთი დამპალი სისტემა შექმნილიყო? გეკითხებით, ვინ არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი? კვირიკაშვილი, რომელიც ბოლომდე „ხაზეინის“ ერთი ჩვეულებრივი ხელის ბიჭი იქნება? ან მარგველაშვილი, რომელმაც ფილოსოფიის ხათრით მაინც მონობაზე უარი თქვა, მაგრამ ამის გამო ყველა ბერკეტი წაართვეს და პრეზიდენტის სასახლეში დეკორაციად დატოვეს? თქვენს…

ვინ მართავს ამ რეალობაში ქვეყანას, თუ არა ერთმანეთზე კუდით გადაბმული ბანკები? რეალურად, პარაზიტი და ყაჩაღი ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი ქსელებით სულს ხდიან მოსახლეობას და ჯიბეში გროშს არ უტოვებენ, ხოლო თავს ზემოთ _ ჭერს. ამ ბანკების „გულაობისთვის“ იბრძოდა ამ ქვეყნის მოსახლეობა დამოუკიდებლობისთვის? თავისუფლების გარეშე არ არსებობს დამოუკიდებლობა, ეს ცხადზე უცხადესია. ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა კი ბანკების კლანჭებშია მოქცეული და თავი ვერაფრით დაუღწევია. ამისთვის იკლავდა თავს ციმბირში ტყვეობით მერაბ კოსტავა, რომ საზოგადოების უმეტესობაზე რამდენიმე თაღლითს სრული კონტროლი დაემყარებინა?

კონკრეტული მაგალითებით ვისაუბროთ. აბა, მიდით და რომელიმე ბანკში ჩვეულებრივი მინიმალური სამომხმარებლო სესხი მოითხოვეთ. ათას ლაბირინთში გაგატარებენ და ხელფასის ქონის მიუხედავად, სესხს არ მოგცემენ. რატომ? იმიტომ, რომ თვითონვე აქვთ სოკოებივით შექმნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაც ასტრონომიულ მოგებაზე მუშაობენ. 500-ლარიან კრედიტში, თვეში ზემოდან, მინიმუმ, ას ლარს გართმევენ და ნორმალურ საბანკო სესხს რატომ მოგცემენ? თან იმ სესხს ისე გჩრიან, შანსს არ გიტოვებენ, _ ქვეყანაში უმეტესობას უჭირს და იმიტომ.

ყველგან მათი რეკლამის ხმა ისმის. ჰა, არ გინდა, 300-500 ლარი უპროცენტოდ? და საქმეც გაკეთებულია. მერა რა, რომ ამ ხუთასი ლარის გამო ერთ წელიწადში შეიძლება ბინა გაყიდო, დაგროვილი ვალის დასაფარავად. ვიღაცებმა ხომ ასტრონომიული ფული იშოვეს, ეს ქვეყანა ხომ მათია და არა გაჭირვების უფსკრულამდე მიყვანილი მოსახლეობის? სამსახური _ არა, რაიმე სხვა შემოსავალი _ არა, მეურნეობა _ არა, საიდან უნდა მოიტანოს ადამიანმა თვეში ასლარიანი პროცენტი? ჰოდა, პროცესის შედეგიც სახეზეა.

ქიზიყელი ნაცნობი მყავს, თავის დროზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი დაამთავრა. ოჯახური პირობების გამო, სოფელში, მშობლებთან მოუწია ცხოვრება. წინა ხელისუფლებისას სოფლის თვითმმართველობაში მელიორაციის მიმართულებით მუშობდა. მოვიდნენ „ოცნებისტები“ და სამსახურიდან პირველი ის გააგდეს, როგორც „პირწავარდნილი ნაციონალი“. მისნაირი პატიოსანი მოსამსახურე, ალბათ, ქვეყანაში ბევრი არ არის, მაინც არ დაინდეს. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც სასოფლო საქმეში 25 ლარის ნამატი რჩებოდა და მის აღებაზე უარი თქვა. ეს კაცი არ გამოგვადგებაო და დაემშვიდობნენ.

უმუშევარმა, უშემოსავლო კაცმა რა უნდა გააკეთოს? ოჯახს ფული სჭირდება, ერთ-ერთი მიკროსაფინანსოსგან პირველი უპროცენტო თანხა აიღო და ასე გაგრძელდა ეს ამბავი. დღეს უკვე რამდენიმე მიკროსაფინანსოს მოვალეა, ისე რომ, ისევ არც სამსახური აქვს, არც რაიმე მეურნეობა, რომ იქიდან შემოსავალი ჰქონდეს. პატარა სასოფლო ბიზნეს-პროექტი კი აქვს გაკეთებული, მაგრამ „უპატრონოს“ ამ ქვეყანაში ვინ დაგაფინანსებს? ისე, იცოცხლე, ქაღალდზე ბევრი ისეთი პროგრამა მუშაობს, რომ სოფლად მის შესახებ არც არაფერი სმენიათ.

ჰოდა, დადის ეს ქიზიყელი ნაცნობი, ერთი ადგილიდან იღებს ფულს, მეორეს აძლევს, მეორისგან მესამეს და ამ მოჯადოებული წრისთვის თავი ვერ დაუღწევია. ხელისუფლების რა იმედი უნდა ჰქონდეს, როცა ისინი ჯერ ფილმს იღებენ წინ ხელისუფლების გადაცდომებზე. ბატონებო, თქვენ მართლა ში… ფუტინსკი ხომ არ ხართ?

ჩვენმა მეორე ნაცნობმა, თავის დროზე, „საქართველოს ბანკისგან“ ორასლარიანი, ცნობილი ექსპრესკრედიტი აიღო. ისეთი პატარა შრიფტით აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, რომ წესიერად ვერც გაიგო, რა კონკრეტულ პირობებზე იყო საუბარი. თურმე ერთ თვეში უნდა დაეფარა ეს ორასი ლარი (აქედან 20 ლარი მაშინვე დაიტოვეს), როცა მას ეგონა, რომ თვეში ოც-ოცი ლარობით იფარებოდა მთლიანი სესხი. აღნიშნული შეცდომა ბევრს მოუვიდა და როცა ვითარებაში გაერკვია, დაგვიანებული იყო. ის ოცი ლარი პროცენტში მიდიოდა და ძირის თანხა, თურმე, უცვლელი რჩებოდა.

ამის გამო ვალი დაგროვდა. რაღაც ზღვარს რომ მიაღწია, ბანკმა ეს საქმე ე. წ. საპრობლემო სამსახურს გადასცა. იქ მივიდა ეს ჩვენი ნაცნობი. უთხრეს, რომ დაგროვილ დავალიანებას „გაუყინავდნენ“ და ეს თანხა ნელ-ნელა, სრულად უნდა დაეფარა. გაუხარდა, იფიქრა, რომ რაღაც შეთანხმების საფუძველზე ვალს მოიშორებდა. ნურას უკაცრავად!

თავიდან, შეთანხმებული თანხის დაფარვის შემდეგ, საპრობლემოს წარმომადგენელს დაურეკა (ყოველ გადახდაზე, ექვს საათამდე ურეკავდა, რომ მონაცემთა ბაზაში ასახულიყო) და ჰკითხა, _ ხომ ყველაფერი დავასრულეო? _ არა, რაღაც ტექნიკური შეცდომა მოხდა და გარკვეული თანხა კიდევ დარჩენლი გაქვთ გადასახდელიო.

ამ ჩვენს „მევალეს“ ყელში ჰქონდა ამოსული ეს ამბავი და მაინც, კიდევ ერთხელ მივიდა აღნიშნულ საპრობლემოში. რეალურად, ერთ ბუნაგში, სადაც ყველაფერს კადრულობენ, რომ ადამიანებს ბოლო კაპიკები აწაპნონ. იქ ისევ „დიდი პატივით“ მიიღეს დ აუხსნეს, თუ რის გამო ჰქონდა კიდევ დარჩენილი ვალი. გარემოებებისგან დაღლილი მევალე ამაზეც დათანხმდა, რომ ყოველთვიურად ისევ გადაიხდიდა და ამასაც დაფარავდა.

გავიდა კიდევ ერთი წელი და ჩვენს ნაცნობ „მევალეს“ ჰგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია. ურეკავს ამ საპრობლემოში ხაზზე მყოფს და დასტურს სთხოვს.

„არა ძმაო, გავაკონტროლებთ და პრობლემა არ იქნებაო“. იმდენად აღარ სჯერა მათი „მევალეს“, რომ ნომრებს აწერინებს, თუ რამე გაუგებრობა იყოს, აუცილებლად დამირეკეთო. ერთი თვე გადის, არავინ რეკავს, შედის საქბანკის ანგარიშზე და ის ძველი, ასტრონომიული თანხა ისევ ჩანს მის გვერდზე. გაგიჟებული რეკავს იმ „ხაზზე მყოფებთან“ და ყველა ნომერი გამორთულია. გული ცუდს უგრძნობს, ისევ რაღაც მაიმუნობას აქვს ადგილი.

ბოლოს ვიღაცასთან ამ საპრობლემოდან კონტაქტზე გადის.

_ არა, ძმაო, ის ძველები, პირობითად დავითი, გიორგი და ილია ერთი თვეა, ჩვენთან აღარ მუშაობენ, მე გადავამოწმე და თქვენ ისევ გაქვთ ვალი დარჩენილიო.

თქვენ, ში…ფუტინსკი ხომ ხართ? _ გულში გაიფიქრა ამ დროს ჩვენმა ნაცნობმა „მევალემ“, მაგრამ შეეცადა, უფრო კულტურული რეაქცია გამოსვლოდა. _ რას ამბობ, ადამიანო, მთელი სამი წელია, ამ ვალს ვფარავ, ორას ლარში ლამის სამი ათასი გადავიხადე, ბოლო შეტანისას დავრეკე და გავაფრთხილე დაეფიქსირებინათ, თუ რამე გაუგებრობა იქნებოდა. და ახლა კი მეუბნებით, ისინი აღარ მუშაობენ და ვალი გაქვთო, _ ისევ გულში ბობოქრობდა თავისთვის.

_ არა ძმაო, მოდით საპრობლემოში, ყაზბეგის 15ა ნომერში და აქ `გავაიასნოთო~. როგორ უნდოდა ამ დროს მათთვის ყველაფრის `გაიასნება~. მაგრამ მიდი, თუ კაი ბიჭი ხარ. გიჟად, შეურაცხადად ისევ შენ გამოგაცხადებენ, ცხრაკლიტულში გამოგამწყვდევენ რაღაც შურაცხყოფისთვის და ეს „თანამშრომლები“ ისევ გააგრძელებენ ჭუკჭუკს თავიანთ ბუნაგებში.

არ აპირებდა მისვლას, მაინც მივიდა, რადგან პრინციპის ამბავი იყო ეს ყველაფერი. შევიდა იმ „ოფისში“, დაბრძანება შესთავაზეს. თვითონ ეს თანამშრომელი ფეხზე დგას და ზემოდან უხსნის არსებულ რეალობას. ვეღარ მოითმინა და შენც დაჯექიო, უთხრა ამ ხეპრეს. რაღაცის ახსნის შემდეგ ჩვენმა ნაცნობმა თავიდან ბოლომდე ჩამოუყალიბა აქამდე არსებული ურთიერთობა ამ საპრობლემოსთან. მოკლედ, რომ რამდენჯერმე შეთანხმდნენ, ყველაფერი გადაიხადა და დღეს ისევ ვალზე იყო საუბარი. მოპასუხემ გაიმეორა, რომ ის თანამშრომლები აქ აღარ არიან, ჩვენი სათქმელი გითხარით და რაც გინდათ, ის გიქნიათო. _ წესიერად ილაპარაკეთ, რას ნიშნავს, რაც მინდა, ის მიქნიაო?! ვინ თუ არა, ჩვენი ნაცნობი, მზად იყო, ამ ყველაფრის ადგილზე „გაიასნებისთვის“, მაგრამ ამით რას მიაღწევდა?

მერე შევიდა მათ უფროსთან, რომელსაც კედელზე „პრობლემური გადამხდელების საუკეთესო დამკვალიანებლის“ „გრამოტა“ აქვს გამოკრული. მასაც კიდევ ერთხელ აუხსნა ყველაფერი, ამ უფროსმა კი თავისივე ყოფილი თანამშრომლების გინება დაიწყო, _ სამსახურიდან ამიტომაც გავყარეო.

მე რა ვქნა, მე? _ აღმოხდა „მევალეს“ და სანუგეშო ვერაფერი უთხრეს. ის კი არა, უფროსთან ამობეჭდილმა მონაცემებმა უფრო მეტი დავალიანება აჩვენა და მევალე მიხვდა, რომ ამ ბუნაგში სიმართლეს ვერასოდეს გაარკვევდა.

თან ყველაზე საინტერესო: როდესაც ბოლო ერთი წელი ჩვენი ნაცნობი სწორედ ამ საპრობლემოში ატყობინებდა თანხის შეტანას, იქ მოახსენეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი საქმე უკვე `საქართველოს ბანკში~ იყო გადაცემული და მათთან საქმე არც უნდა ჰქონოდა.

_ როგორ, მე თქვენ თანამშრომლებთან მქონდა შეთანხმება, პირობითად დავითთან, მერე გიორგისთან და მერე ილიასთან, თუ საქმე გადაცემული იყო, ეს ხალხი რატომ აფიქსირებდნენ გადახდას და მეუბნებონენ, რომ სესხი მცირდებოდა? ამაზე უფროსს რეალური პასუხი არ ჰქონდა, მხოლოდ გაგდებულ თანამშრომლებს აგინებდა.

ბოლოს, _ ამოაბეჭდინეთ ბანკში თქვენი გადახდილები და უკვე მათთან გექნებათ საქმეო, _ უთხრეს. დატოვა ოფისი, გარეთ გამოვიდა და გადაწყვიტა, არასოდეს აღარ ჰქონოდა მათთან საქმე. ან რა საქმე უნდა ჰქონოდა, როცა ამ დროისთვის უკვე აღარაფერი ებადა ამ საპრობლემოს და ბანკის (რომელსაც სახელად საქართველოს ჰქვია) აღუვსებელი საწყაულის დასაკმაყოფილებლად. ჰოდა, რაც გადაგიხადეთ, შეირგეთ, აწი ფეხებსაც ვეღარ მომჭამთ, რაც არ მაქვს, რაღას გამომართმევთო? ამ რწმენით გამოეშურა. თუმცა ბანკისგან და ამ საპრობლემოსგან ხვალ რა `ტრიუკები” ელოება, ეს მხოლოდ ეშმაკმა უწყის.

თუნდაც ეს ბოლო მაგალითი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ მკითხველმა იცოდეს, რა სიბინძურესთან გვაქვს საქმე. მთელი სისტემა სიცრუეზე და ძალადობაზეა დაფუძნებული, სადაც ე. წ. რიგით მოქალაქეს შანსი არ აქვს, ამას დაუძვრეს. სისტემა ისედაც გაღატაკებული ადამიანების ჯიბეებში ხელებს აფათურებს და ყველა გზებითა და საშუალებით ბოლო თეთრების ამოღებას ცდილობს. ეს არის სამართლიანობის აღდგენა?

მოქალაქეებისადმი მსგავსი დამოკიდებულების შედეგია, რომ ლამის ყოველი მეორე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ან რა დაედგომება ქვეყანაში, სადაც ნორმალურად არსებობის შანსს არ გიტოვებენ? სამსახური არა (ყველგან ნეპოტიზმი მეფობს), პერსპექტივა არა, რამე ახალი შესაძლებლობა არა, რომ მცირე საქმე მაინც წამოიწყო. და რა გზა რჩება? უნდა წახვიდე სადმე, სადაც რაღაცის კეთების შესაძლებლობა მაინც მოგეცემა.

რადგან აქ მმართველობის ოთხი წლის თავზე საუბრობენ არა იმაზე, თუ რას მიაღწიეს, ხალხს როგორ შეუმსუბუქეს ცხოვრება, როგორ დაუსახეს უკეთესი პერსპექტივა და სამომავლო შრომისთვის, ბრძოლისთვის განაწყვეს, არა, ოთხი წლის თავზე მძლავრი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებას გეგმავენ, სადაც წინამორბედი ხელისუფლების გადაცდომებსა და დანაშაულზე იქნება ხატოვანი საუბარი. ამ პიარით გინდათ შეინარჩუნოთ სადავეები? თქვენ მართლა ში… ფუტინსკი ხომ არ ხართ?

ერთი წელიც არ გაქვთ დარჩენილი და ვისაც რამე ნამუსი შეგრჩათ, წადით წმინდა მიწაზე და გოდების კედელზე მიზანმიმართულად თავები ურახუნეთ. მოინანიეთ ხალხის წინაშე, რათა შეგინდოთ მაინც, თორემ ეშმაკსაც წაუღია მახინჯი ოლიგარქია და მისი პატრონები. რაღაც აუცილებლად შეიცვლება ამ ქვეყანაში და ვიღაცას ოხრად დარჩება ეს ყველაფერი. ხელის ბიჭობა კი მარადიული პროცესი არ არის, რეალობა ტრანსფორმირდება და მორიგი პანჩური გარანტირებული იქნება, ამის უახლესი მაგალითი გვაქვს.

 

                                                                                                                გიორგი მეფარიძე