ღარიბაშვილის კადრებს შს სამინისტროდან სახლებში უშვებენ?!

w

გასულ კვირას სამხარეო პოლიციის უფროსების სამსახურიდან დემარში, როგორც ჩანს, რიგითებმაც აიტაცეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ინფორმაციით, ათეულობით პოლიციელმა დაწერა განცხადება და სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „აპრიორის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია ამის მიზეზად ორ გარემოებას ასახელებს: ღარიბაშვილების კადრები გაყარეს და პოლიციელებს არ მოსწონთ კრიმინალების მფარველობა ხელისუფლების მხრიდან. ასეთ სიტუაციაში მათ მუშაობა აღარ სურთო.

ბესო შენგელია:

_ პოლიციის სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის დაკვეთა შუშის სასახლიდან მოდის და სამხარეო პოლიციის უფროსების განთავისუფლებებიც ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება. სამხარეოს უფროსები, ფაქტობრივად, ამ კუთხეებში გუბერნატორების დონის ჩინოვნიკები არიან, უბრალოდ, მათ შს მინისტრი წარადგენს. ივანიშვილმა შეიძლება გვარებით არ იცოდეს, თუ ვინ არის გურიაში, ან სამეგრელოში ამ თანამდებობაზე, მაგრამ ის ნამდვილად იცის, ვინ ვისი კლანის წარმომადგენელია. სანამ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, შს მინისტრობის დროს, მან და მისმა სიმამრმა ეს სისტემა საკუთარი კადრებით დააკომპლექტეს. მას შემდეგ კი, რაც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი თავის შვილობილს შემოსწყრა და ის „პენსიაზე“ ნაადრევად გაუშვა, ხელისუფლებაში დიდი გადანაწილებები დაიწყო. საარჩევნო წელი მოდის და აღარ აწყობს ივანიშვილს, რომ ხელისუფლებაში კვლავ ღარიბაშვილის ხალხი იყოს. ყველამ ვიცით, როგორ ხდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თვითმმართველობის არჩევნებმა დაგვანახვა ისიც, რომ ეს `ქართულ ოცნებას~ არაჩვეულებრივად გამოსდის.

კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ მალე შს მინისტრიც წავა თანამდებობიდან, რადგან, თავის დროზე, ისიც ამ პოსტზე ღარიბაშვილმა მოიყვანა. თავდაპირველად კი ძალოვან უწყებას ჩამოაცილეს შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი და ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. ხუციშვილი იყო ღარიბაშვილის გავლენიანი ნათესავის, სიმამრის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მეჯვარე. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის ყველა კადრს ამ სისტემიდან გაყრიდნენ და ასეც ხდება.

_ რამდენი თანამშრომელი ჩამოაცილეს ამ დრომდე ღარიბაშვილის კლანის წევრობის გამო შს სისტემას? 

_ საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში პოლიციის უბრალო თანამშრომლები, პატრულ-ინსპექტორები თუ სისტემაში მომუშავე ხალხი, ამბობს, რომ ის პოლიცია აღარ არის, რომელიც აქამდე იყო და არც მათ აქვთ განცდა, რომ წინანდებურად დაფასებულები არიან.

თავდაპირველად გურიაში პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გადადგა სამსახურიდან, მერე მას სხვა სამხარეო პოლიციის უფროსებიც მიჰყვნენ. ჩემი ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიცია დატოვა რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა და, სავარაუდოდ, სხვებიც დატოვებენ. ბევრი ახლობელი მყავს გურიაში და ინფორმაცია მომაწოდეს, რომ პოლიციიდან წამოსული თანამშრომლები კერძო დაცვის სამსახურებში გადანაწილდნენ. გურიის რეგიონში ამჟამად კატასტროფული მდგომარეობაა კრიმინალური თვალსაზრისით. უკვე დაფიქსირდა ძარცვის, ქურდობის უამრავი ფაქტი. ოზურგეთში გაიძარცვა მაღაზიები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. რიგითი პოლიციელების მასობრივი წასვლის მიზანი იყო ის, რომ მათ არ უნდა იმუშაონ ისეთ სამსახურში, სადაც მათი უფლება შელახულია და ისინი დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ახორციელებენ. მათი თქმით, ბოლო წლებში მათ არ ჰქონდათ განცდა, რომ ისინი ნამდვილი პოლიციელები იყვნენ და დამნაშავეთა სამყაროს ებრძოდნენ. ყველამ კარგად იცის იმ ფაქტებზე, როცა  ხელისუფლების მაღალჩინოსნების დახმარებით კრიმინალები თავისუფლად გააცილეს საზღვარზე, სარფის მიმართულებით; ასევე სარფიდან გაექცათ მკვლელი და ა. შ. ცხადია, ამას ისე, ლამაზი თვალების გამო არავინ აკეთებს და ეს არის ფაქტი იმისა, რომ დამნაშავეებს ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან მფარველობენ. არ ვიტყვი იმას, რომ ხელისუფლებაში ყველა ასე იქცევა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოებრიობას, პოლიციის გამართულ მუშაობას. ეს განცდა პოლიციაში დიდი ხანია, გაჩნდა. ასევე იყო საუბარი მათი ხელფასების შემცირებაზეც. აღარ აძლევდნენ პრემიებს, დანამატებს, რაზედაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია დიდი ხანია საუბრობდა და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რაც ამ დღეებში მოხდა.

განცხადებები ასევე დაწერეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და გურიის დეპარტამენტების უფროსებმა. მინისტრმა ვის არ დაუკმაყოფილა განცხადება, ჯერაც უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გურიაში პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად უკვე დაინიშნა კახა მურადაშვილი. ახალი ხელმძღვანელი უკვე დანიშნეს. ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა ღარიბაშვილის კადრად არ სახელდება.

_ როგორც ცნობილია, პოლიციის უფროსები საკუთარი სურვილით  წავიდნენ სამსახურებიდან და ხომ არ იცით, განცხადებებში რა მიზეზები ჩაწერეს?

_ როცა განთავისუფლების განცხადებებს სამხარეო პოლიციის უფროსები წერენ, ეს უკვე პოლიტიკური ნაბიჯია და არა ჩვეულებრივი განცხადება. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, განცხადებებში მათ მიზეზად რა ჩაწერეს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგი მათგანი, ალბათ, ერთგულია ღარიბაშვილის და ამიტომ წავიდა, ზოგიც ფიქრობს, რომ ამ გუნდთან ვერ იმუშავებს. 14 იანვარს, როცა შს მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა, მან ისიც განაცხადა, უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელებას ვგეგმავთ და რეფორმა დაიწყოო. რეფორმას ხომ უნდა მომზადება, ამიტომ, იქნებ, ვინმემ აგვიხსნას, ასე მოულოდნელად რა რეფორმას ატარებს შს სამინისტრო? 2016 წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენებით ცალსახად ჩანს ის, რომ `ქართული ოცნება~ არჩევნებისთვის ემზადება. მთავარი ტესტი მათ 28 იანვარს ექნებათ, როცა გარდაბანში არჩევნები ჩატარდება. ისინი ცდილობენ, არჩევნებამდე სათანადოდ დაალაგონ ადმინისტრაციული რესურსი, რათა არჩევნებზე კარგად გამოიყენონ ძალოვანი უწყება.

რაც შეეხება ივანიშვილის განაწყენებას ღარიბაშვილზე და მის ჩამოცილებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია სტაფილოს წვენის გამო გაუნაწყენდეს ადამიანს, თუმცა ისიც კარგია, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, ღარიბაშვილის დაჭიმული სახის ყურებით როგორ დაზარალდა საზოგადოება. მისი გუნდის წევრებიდან ივანიშვილს სიმშვიდე არ ჰქონია. კარგად გვახსოვს ჯანყარაშვილის, თამაზაშვილებისა და მისი სხვა ნათესავების თავნებობები. ამ ე. წ. „კახურმა კლანმა“ დაღალა ჭორვილელი მილიარდერი, ამიტომაც ისინი ჯერ ნელ-ნელა ჩამოაცილა ხელისუფლების სადავეებს, ბოლოს კი ღარიბაშვილიც მიაყოლა. მართალია, საგურამოში ღარიბაშვილის გამოჩენამ ხალხი დააბნია, მაგრამ ეს იყო თამაში. სინამდვილეში, ვინმეს რომ კიდევ სჭირდებოდეს ღარიბაშვილი, ის კვლავ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და თუ მდგომარეობა იგივე დარჩა, დიდი მნიშვნელობა არც იმას ექნება, ვინ გვეყოლება პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და ა.შ.

_ შს სამინისტროს გარდა კიდევ სად არიან დასაქმებული ღარიბაშვილის ის კადრები, რომელთაც ასევე ელოდება განთავისუფლება? როგორც ამბობენ, მისი კლანის ოდიოზური წარმომადგენლების დაჭერებიც არ არის გამორიცხულიო. დაჭერის სავარაუდო კანდიდატების შესახებ რა იცით?

_ ამჟამად ორი ადამიანია ღარიბაშვილის კადრებიდან მაღალ თანამდებობაზე _ შს მინისტრი და მისი ყოფილი მოადგილე, ხუციშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, რაც მისი დაქვეითებაა. რაც შეეხება დაჭერებს, დიდი ალბათობით ჯანყარაშვილის ხალხს დააპატიმრებენ, რადგან მათ საკმაოდ ბევრი ფული ჭამეს და ჩვენი ქვეყანა ტენდერებით მოწველეს, რაც ხშირად იყო კიდევაც საზოგადოების მსჯელობის საგანი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონკრეტული ფაქტებიც დადეს, საიდანაც კარგად ჩანდა, მისი ოჯახის წევრები როგორ მონაწილეობდნენ ასეთ მაქინაციებში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია იყო, ჯანყარაშვილის ოჯახის წევრებზე გაფორმებულმა კომპანიებმა დიდთანხიანი ტენდერები მოიგეს. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ჯანყარაშვილს დაახლოებით 200 მილიონი ლარი აქვს წაღებული ქვეყნის ბიუჯეტიდან სხვადასხვა მეთოდით. როგორც მე ვიცი, მას ქვეყანა არ დაუტოვებია და კვლავ საქართველოშია. მთავარი რუხი კარდინალი თამაზაშვილი, ალბათ, შეძლებს ივანიშვილთან სიტუაციის დალაგებას. ასევე იყვნენ პატარა კარდინალუკებიც, რომელთაგანაც ზოგი თანამდებობაზე არ იყო, მაგრამ მაინც ატრიალებდა დიდ ფულს. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური თანამდებობების გარდა საქართველოში ისეთი სამსახურებიც არის, საიდანაც შეიძლება წელიწადში ერთხელაც ვერ მოხვდნენ ეკრანზე და არავინ იცნობდეს, მაგრამ თავისუფლად შეუძლიათ, სახელმწიფო ბიუჯეტი კარგად გამოფხიკონ. ფაქტი ერთია, ტენდერების 85% დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ წევრების დეიდაშვილებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, საყვარლებთან და ა. შ. როცა ღარიბაშვილი ჯერ კიდევ შს მინისტრად დანიშნა საკუთარმა სიმამრმა ქვეყნის მმართველ ივანიშვილთან შეთანხმებით, მათ ხელში ჩაუვარდათ სახელმწიფოს მართვის უმაღლესი სადავეები. ღარიბაშვილი ამის მერე პრემიერად მოგვევლინა. მისი პრემიერობის 6-7 თვე აქტიური იყო მისი ნათესავებისთვის, რომელთა გვარებიც ბოლო პერიოდში აღარ ისმოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ მოქმედებდნენ. მოვა დრო, როცა იმ სამინისტროს თანამშრომლები დააკავებენ ამ ადამიანებს, სადაც ღარიბაშვილი მინისტრად იჯდა.

_ შს სამინისტროში დანიშნული ახალი მინისტრის მოადგილეები ამჯერად ვისი კლანის წევრები არიან? 

_ კვირიკაშვილის კლანი მისი ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ჩამოყალიბდა. მას დასაყრდენი ძალები უკვე ბევრგან ჰყავს და დიდი ალბათობით ესენი არიან შს მინისტრის ის მოადგილეებიც, რომლებიც ახლახან დანიშნეს ამ უწყებაში.

_ კვირიკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიმართულებას შეცვლის, თუ ქვეყანა ახალი პრემიერის ხელში იგივე გზას გააგრძელებს?

_ პრემიერ-მინისტრიც, პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და ყველა მინისტრიც საქართველოში გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მან თავისივე გაპრემიერებული ხალხით ჩვენი ქვეყანა გადააქცია შპს „ქართუ საქართველოდ“, რადგან იქ „ქართუს“ ყველა თანამშრომელი დაასაქმა. მას ვურჩევ, „ქართუს“ შენობა ამჯერად დევნილებს დაუთმოს, რადგან იქ დასაქმებული ყველა ადამიანი უკვე თანამდებობაზე ზის და ეს შენობა მათ აღარ სჭირდებათ. ჩემი მოლოდინი კვირიკაშვილთან დაკავშირებით არის ის, რომ არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება და ყველაფერი იმ კურსით გაგრძელდება, როგორც ეს ივანიშვილს სურს. მოვიდა თუ არა ახალი პრემიერი, მან თბილად დაიწყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტზე. ეს საოცარი იმიტომ არის, რომ ბოლო პერიოდში ივანიშვილი და მისი ხალხი პრეზიდენტის აქტიურ ლანძღვაში იყვნენ. როგორც ჩანს, ქვეყნის დე ფაქტო მმართველმა ამჯერად ახალი თამაში წამოიწყო და ამ რჩევას მას რუსი ექსპერტები აძლევენ. მან იცის, რომ მსოფლიო ექსპერტების ყურადღება ამ წელს მიმართულია ჩვენი ქვეყნისკენ არჩევნების გამო და ცდილობს, სტაბილური, მშვიდი ქვეყნის იმიჯი შექმნას. ეს არის ის ერთი წელიწადი, როცა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უნდა მოატყუს საზოგადოება, რასაც ახალი პრემიერის ხელით შეეცდება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: თუ არჩევნებში კვლავ ,,ოცნება“ გაიმარჯვებს, მომავალი პრემიერი კვირიკაშვილი აღარ იქნება და მერე მას რომელიმე დაჭიმულსახიანი პიროვნებით შეცვლის, ანუ ვისგანაც ყველაფერი უფრო მეტად ექნება გარანტირებული.

 

                                                                                                          ნელი ვარდიაშვილი