13 მილიონად შეფასებული პოლიტიკური ნადავლი ?!

dx

ორად გახლეჩილი ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრთა შორის არსებულმა დავამ კარგა ხანია, რაც სამართლებრივ სიბრტყეში გადაინაცვლა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამ დაპირისპირების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი ფაქტია უცნობი.

ვის რა შანსები აქვს ამ ბრძოლაში? პარტია ბურჯანაძეს დარჩება, თუ ჯოჯუასა და ,,გადაგდებულებს“?

ა. წ. 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა საქმეზე: ,,ქრისტიან-დემოკრატები“ ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, თუმცა პროცესი, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, გადაიდო.

,,ქრონიკა+“-ს აღნიშნული სამართლებრივი დავის ბატალიებზე ესაუბრება ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, ,,თავისუფალი საქართველოს“ წევრი _ თენგიზ ომანიძე:

_ თენგიზ, თქვენ კახა კუკავას პარტიის წარმომადგენელი ხართ, ამჟამად კი ბატონ გოჩა ჯოჯუას და ,,ქრისტიან-დემოკრატების“ ერთი გუნდის ინტერესებს იცავთ, როგორც ადვოკატი…

_ დიახ მე ,,თავისუფალი საქართველოს“ წევრი ვარ დაფუძნებიდან დღემდე, მაგრამ, პარტიული საქმიანობის პარალელურად, იურიდიული საქმიანობის პრაქტიკაც გავიარე. წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი უფლებადამცველ საქმიანობაში, ასევე სხვადასხვა საარჩევნო პროცესში სამართლებრივი კუთხით. შესაბამისად, ამ საქმეშიც ჩართული ვარ არა როგორც პოლიტიკური მხარე, არამედ როგორც იურისტი. თუმცა თქვენთან ინტერვიუში პოლიტიკურ შეფასებებსაც არ მოვერიდები.

_ იქნებ, გაგვარკვიოთ, რას ედავებიან ,,ქრისტიან-დემოკრატები“ ნინო ბურჯანაძეს?

_ 2014 წლის გაზაფხულზე, თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ქდმ-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პარტია, მთელი თავისი რესურსით, ნინო ბურჯანაძისთვის გადაეცა. ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია. მას აქვს წარმომადგენლის ყოლის უფლება საარჩევნო უბნებზე, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ასევე ეკუთვნის უფასო საარჩევნო დრო და პირდაპირი დაფინანსება ბიუჯეტიდან. საბოლოო ჯამში, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი დაფინანსება _ უფასო სარეკლამო დროის ჩათვლით, ჯამში შეადგენს 13 მილიონი ლარის ოდენობის თანხას. ჩვენი აზრით, ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი ფარულად გაურიგდნენ ნინო ბურჯანეს. ერთადერთი ლოგიკური ახსნით, პარტიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ნინო ბურჯანაძისგან ნაღდი ფული აიღო. თავად ბურჯანაძემ კი ქდმ-ს სახით პოლიტიკური ნადავლი მიიღო.

_ თქვენი აზრით, თავად ვეფხვაძემ და ახვლედიანმა რატომ ვერ აითვისეს ამ მასშტაბის რესურსები დამოუკიდებლად?

_ აქ, ალბათ, პოლიტიკური კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, კონკრეტულად კი ივანიშვილის ფაქტორი _ 2012 წლისთვის მის მიერ დაფუძნებულმა კოალიციამ კონკურენტ პარტიებს საკმაო რაოდენობის ამომრჩეველი წაართვა. 2013 წლიდან ქდმ-ს რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. როგორც ჩანს, ასეთ ვითარებაში ვეფხვაძე-ახვლედიანის დუეტმა ვერ დაინახა პარტიული განვითარების პერსპექტივები და პოლიტიკურ დივიდენდებს ფინანსური დივიდენდები არჩია. სახალხო ენაზე რომ ვთქვათ, დღევანდელი კვერცხი ამჯობინეს ხვალინდელ ქათამს.

_ პოლიტიკური კონტექსტი და თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ მივუბრუნდეთ საქმის სამართლებრივ მხარეს: როგორ მოხდა ნინო ბურჯანაძის არჩევა ერთ დროს გიორგი თარგამაძის მიერ დაფუძნებული პარტიის ლიდერად?

_ იმისათვის, რომ ნინო ბურჯანაძე ქდმ-ს თავმჯდომარედ დაემტკიცებინათ, აუცილებელი იყო ელემენტარული ფორმალობების დაცვა, შესაბამისად 2014 წლის 6 მაისს, ლევან ვეფხვაძის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობა ეწოდა. ამ ე. წ. ყრილობაზე სამართლებრივი ნორმების დარღვევით პარტიის ლიდერად ბურჯანაძე გამოაცხადეს. ე.წ. ყრილობას ესწრებოდნენ ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ 15-მდე წევრი. მასალებიდან გამომდინარე, უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ: ამ ყრილობაზე თერთმეტი დელეგატი იმყოფებოდა, მხოლოდ თერთმეტი უფლებამოსილი პირი, დანარჩენი ადგილები კი შეავსეს ნინო ბურჯანაძის აქტივისტებმა და უპარტიო პირებმა.

_ თერთმეტი დელეგატის გარდა პარტიის სხვა წევრები რატომ გამიჯნეს პროცესიდან და თუ გააპროტესტა ვინმემ ამ ყრილობის შედეგები?

_ პარტიის ბირთვმა, ვეფხვაძისა და ახვლედიანის მცირე ჯგუფის გარდა, მომხდარის შესახებ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გაიგო, მაშინ როცა საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაცია ხდებოდა. რეალურად საქმე გვაქვს ფარულ გარიგებასთან, ეს დასტურდება იმითაც, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა განსაკუთრებული გასაიდუმლოების რეჟიმში. ვეფხვაძე და ახვლედიანი, ისევე როგორც ქდმ-ს სხვა ლიდერები, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდნენ, იქამდე მედიის წარმომადგენლები იყვნენ. შესაბამისად, არც ერთ მათგანს არ გაუჭირდებოდა ჟურნალისტებთან კონტაქტი. თუმცა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ყოფილი კოლეგები არ მიუწვევიათ. თქვენ წარმოგიდგენიათ, პოლიტიკური პარტიის მიერ კონსპირაციულად ჩატარებული ყრილობა და თან წინასაარჩევნოდ? როგორც აღვნიშნე, ღონისძიებაზე არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული. მეტიც, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო სწორედაც რომ ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით.

_ თქვენი საუბრის მიხედვით, ვეფხვაძემ და ახვლედიანმა თანაგუნდელებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს პარტიის ბედი?

_ ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად ვეფხვაძემ, იმ პერიოდისთვის საქართველო დატოვა, ზოგი არც გასულა ქვეყნიდან, თუმცა მოძრაობის აქტიურ წევრებს ემალებოდნენ, მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ჩვენი დადასტურებული ინფორმაციით ორივე მათგანი არიდებდა თავს თანაგუნდელებთან კონტაქტს 6 მაისის ,,ყრილობამდე“. ნინო ბურჯანაძემ კი მოძრაობის წევრთა ნაწილს პირდაპირ განუცხადა, რომ ისინი გარიცხულები იყვნენ პარტიიდან. საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც უცხო პირებმა, 350-ზე მეტმა დელეგატმა, ჩაატარა ყრილობა, რომელთაგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ 11 იყო უფლებამოსილი პირი, ხოლო მათი უკანონო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა.

_ როდის გასაჩივრდა სადავო ყრილობის ოქმი და როგორ განვითარდა მოვლენები?

_ მას შემდეგ, რაც ვეფხვაძე-ახვლედიანის მიერ პარტიის გვერდზე გაწეულმა ნაწილმა მომხდარზე შეიტყო, სამართლებრივი ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. გასაჩივრება მოხდა 2014 წლის სექტემბერში. პირველ სასამართლო პროცესზე, რომელიც ,,თბილისის საქალაქო სასამართლოში“ ჩატარდა, საქმის განხილვისას ბურჯანაძის გუნდმა დაადასტურა, რომ 6 მაისის ყრილობის დელეგატების ნაწილი არ წარმოადგენდა ,,ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“. მათ ვერ წარმოადგინეს სადავო ყრილობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალები, რომელიც მტკიცებულებებად შეიძლებოდა გამოყენებულიყო ორივე მხარისთვის.

პირველი ინსტანცია მოვიგეთ. 2015 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა. შედეგად ბათილად გამოცხადდა 6 მაისის ე. წ. ყრილობის ოქმი, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ნინო ბურჯანაძე აღარ იქნება პარტიის უფლებამოსილი პირი თავმჯდომარის პოსტზე.

_ როგორც ცნობილია, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იყო. რა ბედია ეწია ამ პარტიას?

_ მის მიერ დაფუძნებული პარტია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, ,,დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე არის ვახტანგ ყოლბაია, ხოლო თავად ბურჯანაძემ პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა“ 2014 წელს დატოვა. ,,დემოკრატიული მოძრაობის“ რაიმენაირი აქტივობების შესახებ ბოლო პერიოდში ინფორმაცია არ მოიპოვება. 2014 წლის 6 მაისის შემდეგ, 8 აგვისტოს, ნინო ბურჯანაძემ მორიგი ყრილობა ჩაატარა და ქდმ-ს ერთი ნაწილით გადახალისებულ ძალას ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ დაარქვა.

_ დასასრულისკენ, რას ელოდებით 20 იანვარს გადადებული პროცესის შემდეგ?

_ როგორც წეღან ვთქვი, 20 იანვარს ჩანიშნული პროცესი მოსამართლის ჯანმრთელობის გამო გადაიდო. თუ მეორე ინსტანციის სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ბურჯანაძის მხარე უკვე მესამე ინსტანციაში გაასაჩივრებს შედეგს. ეს, სავარაუდოდ, დროის გაწელვის მცდელობა იქნება, რადგან არ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლისა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას მართალ ადამიანებთან ერთად მოვიგებ.

კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხების გასაცემად ,,ქრონიკა+“ გიორგი ახვლედიანს დაუკავშირდა:

_ ვინ ეკითხება თენგიზ ომანიძეს, ამ თემაზე რომ საუბრობს? ის არანაირ კავშირში არაა ამ საქმესთან. ან თქვენ რატომ ჩაწერეთ ,,თავისუფალი საქართველოს“ წევრი?

_ ომანიძე მეორე მხარის წარმომადგენელია, მათ ინტერესებს იცავს.

_ ვიღაცის ნაბოდიალებზე უნდა გავაკეთო კომენტარი? ვინ დაგავალათ მისი ჩაწერა? კახა კუკავამ?

_ თქვენ შეურაცხყოფას მაყენებთ…

_ გოჩა ჯოჯუა რომ ჩაგეწერათ, უფრო გამართლებული იქნებოდა. არ მინდა, ისე იქნას აღქმული, რომ თითქოს ვინმე ომანიძის ბრალდებების საპასუხოდ თავს ვიმართლებ.

_ თუ თენგიზ ომანიძის ხსენებამ ასე გაგაღიზიანათ, კითხვებზე გადავიდეთ. მე გისვამთ ამ კითხვებს: ვისი ინიციატივით და რა მიზნით გაიმართა 2014 წლის 6 მაისის ყრილობა?

_ 2013 წლიდან ,,ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობაში რეორგანიზაცია დავიწყეთ: გავაუქმეთ რაიონული ორგანიზაციები, ვინაიდან რეგიონში მომუშავე ადამიანები მხოლოდ თანხებს იღებდნენ, სანაცვლოდ კი შედეგს ვერ აჩვენებდნენ. ზოგიერთ უბანზე, სადაც ორ-ორი კოორდინატორი გვყავდა, ვერც ერთი ხმა ვერ ავიღეთ. რაიონული ორგანიზაციებიდან დაახლოებით 80% გავუშვით და დავაკომპლექტეთ ახალი კადრებით. 2014 წლის გაზაფხულიდან პარტიის ლიდერებმა, მე, ლევან ვეფხვაძემ და გიორგი თარგამაძემ დავიწყეთ მოლაპარაკებები ნინო ბურჯანაძესთან იმ მიზნით, რომ პარტია გადარჩენილიყო. ხელცარიელები არც ჩვენ მივსულვართ ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან. დასამალი არაა ის ფაქტი, რომ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ვსარგებლობთ უფასო სარეკლამო დროით წინასაარჩევნოდ და გვაქვს დაფინანსება. შესაბამისად, ორი ძალის გაერთიანებით ახალი დიდი ძალა გამოჩნდებოდა პოლიტიკურ სარბიელზე.

_ თუმცა ნინო ბურჯანაძე მაინც პრორუსულ ძალებთან ასოცირდება, ,,ქრისტიან-დემოკრატების“ საგარეო ორიენტირები კი უფრო დასავლეთის ვექტორზე იყო მიმართული.

_ თქვენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პათოსით საუბრობთ. ეს სააკაშვილის მიერ დანერგილი აზროვნების სტილია.

_ თვეების წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც თქვენ ბურჯანაძის პოლიტიკას აკრიტიკებთ სწორედაც რუსეთთან მიმართებით. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

_ მაშინ ჩვენ კონკურენტი პარტიები ვიყავით და განსხვავებული პოზიციები გვქონდა მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა რუსეთთან სააკაშვილის პოლიტიკას ჩვენც ვგმობდით. ბურჯანაძემ, თავის დროზე, საინტერესო გზავნილები ჩამოიტანა მოსკოვიდან.

_ მივუბრუნდეთ 6 მაისის ყრილობას, _ ეს არჩევნები სამართლებრივი ნორმების დაცვით ჩატარდა?

_ ამ ყრილობას ის ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დღეს ბრალს გვიყენებენ. მაგალითად, ვახტანგ გაბუნია, ია ხარაიშვილი, პავლე კიკალიშვილი. დაახლოებით ორ თვეში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ვახტან გაბუნია იყო ქუთაისის სიის მეორე ნომერი, ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით. პავლე კიკალიშვილი ასევე ბურჯანაძის ხელმოწერით გახდა წყალტუბოს გამგებლობის კანდიდატი _ ქალბატონი ია ხარაიშვილი იყო მეორე ნომერი ახალციხის რაიონის საკრებულოს კანდიდატობაზე. ამ ადამიანებს მაშინ არაფერი აწუხებდათ. მე მათთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი. ჩატარდა არჩევნები. ისინი დამარცხდნენ და ეს ადამიანები ვერ გახდნენ დეპუტატები, ამის შემდეგ კი ჩვენზე მოიტანეს იერიში.

_ რა მოლოდინები გაქვთ სასამართლოსგან? რას ფიქრობთ, როგორი იქნება მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება?

_ ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, ექსპერტები. ყველა ცალსახად ამბობს, რომ საქმე, რომელიც ბურჯანაძისა და მისი გუნდის წინააღმდეგ წამოიწყეს, არის პოლიტიკურად მოტივირებული, ვინაიდან მათი მხარის წარმომადგენელმა დანაშაული ჩაიდინა და გაყალბებული ხელმოწერების შედეგად შექმნილი დოკუმენტი წარადგინა სასამართლოში. სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხელმოწერები გაყალბებულია, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. რაც შეეხება გოჩა ჯოჯუას, ,,დემოკრატიულ მოძრაობასთან“ გაერთიანებამდე, ის მე მეპატიჟებოდა რაღაც გაუგებარი პარტიების გაერთიანებაში, რომლის უკანაც ყოფილი ხელისუფლება იდგა. თუმცა ჩემი უარის შემთხვევაში მან ქდმ-ს ბიუჯეტიდან თანხის გაყოფა მომთხოვა, რაზედაც უარი მიიღო და რის შემდეგაც ეს ბრძოლა წამოიწყო. ეს საქმე ბუმერანგივით მიუბრუნდება ზოგიერთს.

 

                                                                                                                    ზაზა სვანაძე