შალვა ნათელაშვილი: ,,სად უნდა წავიდეს ირაკლი ღარიბაშვილი, სპეციალობა მაგას არ აქვს და პროფესია _ „ბორჯომის“ მიმტანობის გარდა”!

c7

,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან ვრცელი ინტერვიუ მის კაბინეტში ჩავწერე. როგორც თავად მითხრა, ჩვენს საუბარს პირდაპირ ისმენდნენ უშიშროებაში და ეს უწყება რასაც ჩვენ მიმართ აკეთებს, მოკლე ხანში გამოვააშკარავებთო. მიუხედავად ამისა, მან „ქრონიკა+“-ის არაერთ კითხვას საკმაოდ საინტერესოდ უპასუხა, პირველ რიგში კი განვლილი „საუკეთესო წელი“ შეაფასა.

შალვა ნათელაშვილი:

_ ჩვენი ქვეყნისთვის 2015 წელი იყო სრული კატასტროფა _ ასეთია ხალხის შეფასება. აფეთქდა სოციალური, ეკონომიკური, კონსტიტუციური სტაბილურობა, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი წელი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც მარტო „ქართუ ბანკიდან“ 1700%-იანი მოგება ნახა და რომელმაც თავისი კომპანიების სახით ეკონომიკური წელი ძალიან დიდი ზემოგებით დაამთავრა, იმიტომ რომ ეს პარაზიტი მოაჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ჩვენს ჯიბეებს, მოაჯდა ჩვენს ეკონომიკას და, პრაქტიკულად, ეკონომიკური რესურსი „ქართუ ბანკით“ გაიწოვა, შემდგომ კი ოფშორულ ზონებში გადაისროლა. ბუნებრივია, ის კმაყოფილი იქნება, იტყვის, რომ ეს იყო კარგი წელი, მომავალი კი იქნება საუკეთესოზე საუკეთესოო.

_ იქნებ, კიდევ უფრო დააკონკრეტოთ, რატომ იყო 2015 კარგი წელი ივანიშვილისთვის?

_ ივანიშვილი ადგა და მთელი თანხა ბიზნესმენებს თანაინვესტირების ფონდში მიატანინა. მათ შორის მიატანინა ბეჟუაშვილებს, ჭყონიებს, ჩოჩელებს და ყველას, ვინც „ნაციონალებიდან“ გადაბარგდნენ „ოცნებაში“. სულ 6 მილიარდი მიიტანეს. როგორც „მხედრიონის“ დროს დაუძახებდნენ და მიატანინებდნენ ხოლმე, ისე მოხდა ახლაც და ეს 6 მილიარდი მან გადაქაჩა ოფშორში, ანუ სავალუტო რესურსი და რეზერვი ქვეყნიდან გაიტანა. ამის მერე ეროვნული ვალუტა არაფრით აღარ გამყარდა და დეფიციტი ვეღარ შეივსო. ამიტომ 100 ლარს რომ იღებდა პენსიონერი, ის თავისი მსყიდველუნარიანობით 50 ლარად გადაიქცა. ამას დაემატა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე გაძვირება, წამლიდან დაწყებული და ბურღულით დამთავრებული და მეტი რაღა არის კატასტროფა?! ასეთი შიმშილობისა და ევროვნული ვალუტის გაუფასურების გამო არგენტინაში ერთ წელიწადში 7 პრეზიდენტი შეიცვალა სახალხო გამოსვლებით. ალბათ, გახსოვთ, ერთი პერიოდი იქ ტაფებისა და ქვაბების რევოლუციები მოხდა. კრიზისი საქართველოშიც გადაიზარდა კატასტროფაში, რაც სახეზეა.

_ თქვენ ოფშორულ ზონებში თანხების გადაქაჩვა ახსენეთ. კარგად მახსოვს, როცა ,,ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მათ ოფშორის ინფორმაციების გახსნაზე დაიწყეს საუბარი. თითქოს აპირებდნენ კანონის მიღებას და ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ ამას გააკეთებდნენ, მაგრამ ეს დაპირება ყველას დაავიწყდა… ფაქტობრივად, მიზეზი ახლა თქვენ ახსენით…

_ როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, პარლამენტს კანონი მიაღებინა, რომ სასამართლოს გარეშე არავის აქვს უფლება, ბიზნესს შეეხოს და შეამოწმოსო. ეს მას ბიზნესმენების მისამხრობად სჭირდებოდა. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ალბათ, გახსოვთ, დილის 5 საათზე გადაფორმებული მილიარდიანი საკუთრებები ერთი სუბიექტიდან მეორეზე, მეორიდან _ მესამეზე და მეოთხეზე. ასევე მოიქცა ივანიშვილიც, ყველაფერი აღმოჩნდა სიცრუე და საარჩევნო პიარი. ეს დაპირებაც, ცხადია, ტყუილი იყო. გიჟია, საკუთარი კუდი რომ მოიჭრას? პანამის, ვირჯინიისა და მარშალის კუნძულებზე ოფშორი სავსეა მისი საბანკო ანგარიშებით და კომპანიებით. ეს ანგარიშები წარმოშობილია ძალიან ბინძური ფულით _ 870 მილიონი დოლარით, რომელიც მან „ბროსკრიტ ბანკის“ საშუალებით მიიღო, მერე იარაღად აქცია ანგოლაში და ამას მილიონი ანგოლელი შეეწირა სამოქალაქო ომის დროს. ამ საკითხების გამოძიებას საერთაშორისო დონეზე სერიოზულად მივხედავთ. აქ არის ნარკოტრანზიტის, იარაღის კონტრაბანდის, შავი ფულის გათეთრების გზით დაგროვილი კაპიტალი და სულელია, რომ ეს ანგარიშები გახსნას და მსოფლიოს აჩვენოს, ამ გზით ვიშოვე ფულიო? ეს გამორიცხულია. ცნობილი რომ გახდეს, რა გზებით იშოვა ეს მილიარდები, დესანტი ჩამოვა და დაიჭერს.

_ საგურამოში „ოცნების“ საახალწლო ზეიმზე რას იტყვით? ზოგი ამბობს, რომ „მარანში“ გამართულ ამ შეკრებაზე მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო საკითხები განიხილა, თუმცა თავად აცხადებენ, რომ საახალწლოდ იზეიმეს და იქ პოლიტიკაზე სიტყვაც არ დასველებულა.

_ ეს იყო ჩვეულებრივი „ქურდული სხადნიაკი“. ჩვენს საზოგადოებას არ ვიცი, რამდენად ახსოვს, მაგრამ ეს ბატონი დიდი ხანია, ასე მართავს სახელმწიფოს. ანალოგიური შეხვედრები მან წინა პერიოდებშიც მოაწყო, რესტორნების ჩამონათვალი იმხელაა, ახლა მათ დასახელებას არ შევუდგები _ „ჭაშნაგირიდან“ დაწყებული, ბიზნეს-სახლებით დამთავრებული, რაც არ არის გასაკვირი. კრიმინალების მართვის უმაღლესი ორგანოა „ქურდული სხადნიაკი“. დიახ, რესტორნებსა და მარნებში ეწყობა ხოლმე ასეთი შეხვედრები. 5 წლის წინათ მოსკოვში პირდაპირ ისხდნენ გემზე, „მასკვა რეკაზე“ და უმრავლესობა ქართველი იყო. იქ სპეცრაზმი შევარდა, ზოგი მდინარეში გადატყაპუნდა და ასე გაასწრო, დანარჩენი კი ჯგუფად აკრიფეს. ეს არის სწორედ „სხადნიაკი“. ივანიშვილიც ტიპურ „სხადნიაკებს“ იწვევს ისეთ ტიპურ „სხადნიაკურ“ ადგილებზე, როგორიც არის რესტორანი, მარანი, იახტა, მტკვარში მოცურავე კატერი და ა. შ. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ტრაგიკული რომ არ იყოს.

მე არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, იქ რა თემას შეეხენ, მაგრამ ჩემთვის დამაფიქრებელი და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელსაც ასე უბედავენ მასხრად აგდებას, მოტყუებას, ხალხის გადაგდებას, გაძარცვას და ქურდული წესებით მართვას. იყო პერიოდები, როცა ქვეყანას მართლაც ოფიციალურად მართავდნენ „კანონიერი ქურდები“ და ისინი ამას არც მალავდნენ. ახლა, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ქურდები, საერთაშორისო კონტრაბანდისტები და დამნაშავეები გვმართავენ და ის ქურდები ამათთან ფრთიანი ანგელოზები არიან, დაწყებული მოპარულის დონით, ეროვნულობით და ადამიანობით. ალბათ, მაგ შეხვედრაზე იქნებოდა მცდელობა, რომ რამენაირად დაებალანსებინათ ურთიერთობა შიგნით, რადგან არჩევნები ახლოვდება, ემოციები ძლიერდება და მძაფრდება. ეს ემოციები არ უკავშირდება იდეურ, ან ქვეყნის განვითარებას, არამედ ადგილს სიაში, მზის ქვეშ, რადგან ბიუჯეტის, ჩვენი ფულის მოსაპარავად უნდათ ეს ადგილები. ივანიშვილიც, ალბათ, იქ შეეცადა ამის დარეგულირებას. რაღაცებს დაჰპირდა, ზოგს მოეფერა, ზოგს გაუწყრა, როგორც ეს ქურდებს სჩვევიათ.

_ პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა თუ რა ხდება?

_ საკანონმდებლო ორგანო იყო ის, ორი დღის წინათ რომ ამბობდნენ _ ჭავჭავაძეების მარანში. არავინ დაიჯეროს, რომ პარლამენტში კანონებს იღებენ. პოლიტიკოსები პოლიტიკიდან გაძევებული არიან და პოლიტიკაში შემოვარდნენ ქურდები, მილიონერები, მაფიოზები, კრიმინალები და მათი დამკვრელი და ფეხის მფხანელი არტისტები, ჩემპიონები, სპორტსმენები და რა ვიცი, ვინღა არა. საქართველოს პოლიტიკაში ყველაა, პოლიტიკოსების გარდა და ჩვენ კიდევ ღმერთი გვფარავს, რომ აქამდე არ დავამთავრეთ არსებობა, როგორც სახელმწიფომ. ეტყობა, ინერციით ვდგავართ ფეხზე. ასეთი ბანდა ნებისმიერ იმპერიას აქამდე დააქცევდა.

_ ხელისუფლებაში წლის ბოლოს მაღალი რანგის თანამდებობის პირების ცვლილებები მოხდა. რამე პოზიტიურს უნდა ველოდოთ?

_ ესეც წმინდა მაფიოზური ფორმატია. ხშირად ერთი მაფია მეორეს ებრძოდა ხშირად ჟლეტის, ფიზიკური განადგურების დონეზე. გადიოდა რაღაც პერიოდი და მაფიები ისევ იკრიბებოდნენ. აქაც ასე მოხდა, როცა იმ შეკრებაზე ღარიბაშვილიც მიიწვიეს. აბა, სად უნდა წავიდეს ახლა ირაკლი ღარიბაშვილი, ვის რაში სჭირდება? სპეციალობა მაგას არ აქვს და პროფესია _ „ბორჯომის“ მიმტანობის გარდა. იმდენი ინტელექტი არ მოეპოვება, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს და პოლიტიკური ლიდერი გახდეს. შესთავაზა ეს ივანიშვილმა, მაგრამ ასე მეც შეიძლება ვინმემ რაკეტის მართვა შემომთავაზოს, რომელიც მარსზე აიყვანს ხალხს, მაგრამ ეს ხომ არარეალური იქნება? ამით ივანიშვილმა ღარიბაშვილს მწარედ დასცინა. მაგ ბიჭის გაზრდას დრო, ეტაპები უნდოდა და შეიძლებოდა საშუალო დონის კლერკი გამოსულიყო და ღირსეულად ეცხოვრა, მაგრამ დაღუპა. ადამიანმა უნდა გაიაროს საფეხურები უმდაბლესიდან უმაღლესამდე. უცებ რომ აჭამო კაცს 10 კილო ხაშლამა, აუცილებლად მოკვდება. როცა აიყვან და კლერკს ქვეყნის ხელმძღვანელად დანიშნავ, რომელმაც საქართველო უნდა წარმოადგინოს მსოფლიო არენაზე, აინუნში რომ არ არის არაფრის და იმას რომ დანიშნავ ასეთ ადგილზე, ის აუცილებლად კატასტროფით დაასრულებს საკუთარ კარიერას.

გეკიტხებით – ვინ დანიშნავს ამერიკაში სახელმწიფო მდივნად დონალდ ტრამპის თანაშემწეს? ეს რომ მოხდეს, ამერიკა აჯანყდება. სანამ ჩვენთან კადრების სისტემა არ აღგება და სავალდებულო არ იქნება თანამდებობებზე მოსასვლელად ეტაპები, მანამდე იარსებებს ბიუჯეტის მჭამელთა ჯოგი, რომელიც მოვა, ყველაფერს გადახრავს და წავა, ახლები ამათზე უარესები მოვლენ და ა. შ.

_ კვირიკაშვილზე რას გვეტყვით?

_ რაც შეეხება კვირიკაშვილს, ეს არის ერთი გულქვა ბანკირი, რომელმაც უამრავი ხალხი გამოასახლა ბინებიდან. ყველა ბანკი აქვს მოვლილი, დაწყებული აქვს ვანო ჩხარტიშვილის ბანკით, რადგან მასთან ერთად დაიტაცა ხალხის ანაბრები. გულქვა ბანკირის მართული და გადარჩენილი ქვეყანა არ არსებობს. დამისახელეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელი ბანკირი მართავდა ქვეყანას? საფრანგეთში რომელი ბანკირი იყო ქვეყნის მეთაური? ბრიტანეთში ჩერჩილი, ტონი ბლერი თუ კემერონი იყო ბანკირი? არ შეიძლება ბანკირის მიშვება სახელმწიფო რესურსებთან. ის იმავე წუთში თავისი სპეციალობით იწყებს მითვისებას.

ახლა შინაგან საქმეთა მინისტრს გაათავისუფლებენ, რადგანაც, ჩემი აზრით, ეს პიროვნება არ არის პოლიტიზებული და ჩვენ მისგან რაიმე სახის ზეწოლა არ გვიგრძნია. ალბათ, ივანიშვილი პირადი დაცვის წარმომადგენელ ჩუბინიძეს დანიშნავს. ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს. უშიშროება მთლიანად პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა. ჩვენი მოწინააღმდეგე არც „ოცნებაა“, არც საოცრება და სხვები, ჩვენი მოწინააღმდეგე არის უშიშროების სამსახური. ამ დღეებში თქვენ გაიგებთ სენსაციებს, რასაც ეგენი ჩვენს ოფისში აკეთებენ.

_ რას აკეთებენ? მინიშნებით წინასწარ მაინც გვითხარით?

_ მეტი რა მიგანიშნოთ? ჩვენს ინტერვიუს ახლა ისინიც პირდაპირ ისმენენ. რამდენიმე დღეში მაგათ სამაგალითოდ ვასწავლი ჭკუას _ იმ დონეზე, რომ ამ უწყების ხელმძღვანელებზე ევროპასა და ამერიკაში ვიზებს აღარ გასცემენ.

ადრე მოსკოვში უმღლესი პარტიული სკოლა იყო, რომლის დამთავრების გარეშეც მინისტრი და რაიკომის მდივანი ვერ გახდებოდი. ეს სკოლა ახლა ბანკირების ჯოგმა შეცვალა „ქართუ ბანკიდან“, რომლებიც ამ ინკუბატორის უფროსმა ივანიშვილმა გამოზარდა ნიცშეს პრინციპებით. „ქართუს“ თანამშრომლობა რომ ჰარვარდის დიპლომს აჭარბებს, ესეც ფაქტია და სამწუხარო რეალობა. თბილისში კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელად „ელიტა ბურჯის“ საწყობის გამგე დაუნიშნავთ, ვინმე ბიწაძე. საწყობის გამგე შეიძლება მთავარსარდალი გახდეს, როცა გაიზრდება და ჩამოყალიბდება, მაგრამ აცალეთ, რა, გაზრდა, ნუ დაამთავრებინებ კარიერას და ცხოვრებას, ნუ დააღუპინებ ქვეყანას.

_ „გაზპრომისა“ და „სოკარის“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟსა და სკანდალზე რას იტყვით?

_ ეს გახლავთ გეოპოლიტიკური შეთქმულება, რადგანაც ივანიშვილი პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელია. რა თქმა უნდა, ის ამას დასავლეთთან თამაშით ფარავს, მაგრამ დასავლეთს ის ვერ მოატყუებს. ამ წარმომადგენლობას, რა თქმა უნდა, კონკრეტული დავალებები მოყვება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი პირველი დავალება იყო ის, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიის გავლით გასულიყო საოცნებო ინდოეთის ოკეანეზე ირანის მიმართულებით. ამისათვის საჭირო იყო ირანის გაზსადენებისა და რუსეთის გაზსადენების შეერთება საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ევროპას ალტერნატიული გაზსადენი ეკეტებოდა და მონოპოლიას იღებდა ირანი და რუსეთი. ევროპის საქმე, პრაქტიკულად, ძალიან ცუდად და არასასიამოვნოდ იქნებოდა, ეს ასე თუ მოხდებოდა. ამ ეტაპზე საქმე ჩაუვარდა. ამაში ჩვენ დიდი როლი შევასრულეთ, მაგრამ მცდელობებს კიდევ ექნება ადგილი. მაგისტრალის ერთადერთი, 225 კმ-იანი მონაკვეთი არის საქართველოსი, დანარჩენი სომხეთშიც „გაზპრომმა“ იყიდა და ეს მონაკვეთიღა დარჩა. ამას მოყვებოდა ერთიანი სატარიფო სისტემის შემუშავება ირანისა და რუსეთის მხრიდან და აზერბაიჯანს, როგორც ევროპისკენ გამტარს, ჩაკეტავდნენ. ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ ხალხს ფასი შეუმცირდებოდა, პირიქით, პრემიერი დაგვპირდა, გაზის ფასი მოიმატებსო. ამას სქემაც კი აღარ დასჭირდებოდა, შეკრებდნენ მონა მარეგულირებელ კომისიას, ეტყოდნენ, თუ ახლა ერთი ლარი ღირს, უნდა იყოს 2,50 ლარიო და ისიც დაგვისაბუთებდა, რომ ასე იყო საჭირო, რადგან გაზი რომ იქაჩებოდა დედამიწიდან, ძალიან დიდი ენერგია იხარჯებოდა კომპრესორების გამო. ერთია, რომ ხალხზე ფიქრობ და ამის გამო იწყებ ასეთ რთულ თამაშს და მეორე, როცა ამას სხვა ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთებ და მათი ხელმძღვანელობის დაკვეთით. გარდა იმისა, რომ ამ მოდელით ჩვენთვის გაზი არ იაფდებოდა, მთელ ევროპას ვუპირისპირდებოდით. დასავლეთი ხდებოდა თეირან-მოსკოვის დიქტატზე გადაჯაჭვული, ეს ყველაფერი კი, მინიმუმ, იმით დასრულდებოდა, რომ ჩვენ ევროპაში უვიზო რეჟიმი არ გვექნებოდა. პრაქტიკულად, მან ნაბიჯი გადადგა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და უნდოდა, მთელი გეოპოლიტიკური ვითარება აეფეთქებინა კავკასიის რეგიონში. ამიტომ არის ცუდი ასეთი კაცისთვის სახელმწიფოს ჩაბარება. მილიონერთა პარპაში პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს და მათ არავითარი საქმე არ უნდა ჰქონდეთ საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან, საზოგადოების მართვასთან. კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ თუ დეპუტატმა ბიზნესი შეუთავსა, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება. როცა წინა ხელისუფლებას ტელეკომპანია თრიალეთის დირექტორის, ბადრი ნანიტაშვილის გაგდება დასჭირდა პარლამენტიდან, თქვა, დეპუტატობას ბიზნესს უთავსებსო და უფლებამოსილება შეუწყვიტა. ახლა მილიონერების ჯოგი ზის, რომელიც ქვეყანას პარსავს, ბეჟუაშვილით დაწყებული და ოქრიაშვილით გაგრძელებული, რომელიც სიცოცხლით ვაჭრობს უპრობლემოდ. გადახედეთ მთელ მთავრობას, ყველას ბანკის გავლით აქვს საგზური აღებული ხელისუფლებაში და ბანკირების მმართველობა გვაქვს.

_ თქვენ ხშირად დადიხართ უცხოეთში. ისინი ჩვენს ხელისუფლებას როგორ აფასებენ?

_ მე საერთაშორისო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დეტალებს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ რასაც თქვენ გელაპარაკებით, როცა ამას მათ ვეუბნები, არ მეკამათებიან. არ ამბობენ, მოიცა, ასე კი არა, ეს ასე იყოო და მეტი რა გითხრათ? შევარდნაძეზე როცა ცუდს ვესაუბრებოდი, კამათი იყო, _ როგორ, კაცმა ბერლინის კედელი დაანგრია და თქვენ ამტკიცებთ, რომ არადემოკრატიაო? დასავლელი პოლიტიკოსებისთვის რთული დასაჯერებელი იყო, რომ შევარდნაძე რამეს დაუშავებდა დემოკრატიას, სამართლიანობას და არჩევნებს გააყალბებდა. 2004 წელს, როცა ევროპარლამენტში ჩავედი, იქ იყო დეპუტატი ბავარიიდან ურსულა შლაიხერი, საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველს ჰგავდა, სასტიკი დედაკაცი იყო. ცივად მიმიღო და როგორც კი ვუთხარი, რომ „ვარდების რევოლუცია“ იყო დანაშაული დემოკრატიის წინაშე, თქვენ ამის თაობაზე დიდხანს ინანებთ, რადგან ჩვენს ხელისუფლებაში ავანტიურისტთა ხროვა მოიყვანეთ, რომელიც დასავლურ ღირებულებებს გააუფერულებს-მეთქი. პირდაპირ მითხრა, _ რას ლაპარაკობთ, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია „ვარდების რევოლუციით“ და თქვენ ამას როგორ ამტკიცებთო? ივანიშვილი მოიყვანა იმ „ვარდების რევოლუციიდან“ გულაცრუებულმა ხალხმა.

_ იმის ნაცვლად, რომ დაპირებების შესაბამისად ხალხს შეღავათები ეგრძნო, წელს ხელისუფლებამ ხალხისთვის წნეხების გაზრდა სცადა. ვგულისხმობ კანონპროექტებს მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე, ჯარიმების 100-ქულიან სისტემაზე და ა. შ.

_ კიდევ იცით, რას აპირებდნენ? ვისაც მიწა არ ჰქონდა გაფორმებული, უნდა ჩამოერთმიათ. ეს არის ხელახალი „გაკულაკება“. გლეხების 70 პროცენტს მიწა რეესტრში გაფორმებული არ აქვს, რადგან გადასახადი არ გააჩნიათ. ხმაური ავტეხეთ და გააჩერეს, მაგრამ პრემიერმა გამოაცხადა, უკან არ დავიხევთ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზეო. ამ პროექტებს ყველას განახორციელებენ, თუ ამ აჩევნებით შეძლეს და კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. გამორიცხული არც ისაა, არჩევნებამდეც მიიღონ, ბიუჯეტს ვეღარ ავსებენ, რადგან თავად არ იხდიან გადასახადს. ამათი ფული და მოგება უცხოეთის საბანკო ანგარიშებში მიდის. ჩვენი ბიუჯეტი საწყალი ხალხისგან წართმეული კაპიკებით ივსება _ შუქის გაოცმაგებული, გაზის გაათმაგებული, წყლის, ნაგვის ფულებით, ჯარიმებით, ქულების დაკლებით, უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი ჩვენი სისხლისა და ხორცის გამოგზავნილი თანხების პროცენტებით და ამით ყიდულობენ მერე ჯიპებს. ცხადია, ბიუჯეტის შევსების ახალ-ახალ გზებს მოძებნიან. ამ ფულს კიდევ დათვი ხომ არ მოგვცემს ტყეში, ხალხს უნდა დაერიონ და უთხრან, _ შენი ეზოს წინ რომ დგას ხე და ტოტი არ აქვს, ამის გამო ახლა ჯარიმა უნდა გადაიხადოო. ხალხი თუ ამათ დარჩენას დაუშვებს ხელისუფლებაში, მაშინ ესენი თვითმკვლელები იქნებიან. ამათ საპარლამენტო ბარიერი ვერ უნდა გადალახონ. ეს იქნება ღირსეული ერის ღირსეული პასუხი მატყუარებისა და ბანდიტების ქმედებებზე. ხომ ხედავთ, ყველა თაღლითმა დაასკვნა, რომ აქ სულის და ხმების ყიდვა ფულით შეიძლება. აგერ ვიღაც ჩერნოვიცკი პარტიას აკოწიწებს, ოპერიდანაც გამოვარდა ხალხი და პარტიას ქმნის. თქვენ კიდევ ნახავთ, სოკოებივით წამოვა მილიონერების პარტიები, რადგან იფიქრეს, აგერ ფულს მივცემთ, ერთი დღე გაძღებიან და მერე 4 წელი ქვეყანა ჩვენი იქნებაო. ეს სამარცხვინო ლაქა უნდა ჩამოვირეცხოთ, _ იმ პოლიტიკურმა ძალამ, სადაც ივანიშვილი გაიჭაჭანებს, ბარიერი არ უნდა გადალახოს.

_ „ოცნების“ წევრებისა და ივანიშვილის აზრით ისინი ხალხის ხმებს მიიღებენ და რეიტინგიც საკმარისი აქვთ?

_ ივანიშვილი ნიცშეს ფილოსოფიურ პოსტულატებში ედავება და თავად წერს წიგნს ადამიანის შესახებ. არაჯანსაღი ფსიქიკის კომენტატორი არ ვარ, მაგრამ აბსოლუტურ რეალობას გეუბნებით, _ მათი პოლიტიკური პარტია განადგურებულია! ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგი 40%-ზე რომ დავა, კონგრესში უკვე იმპიჩმენტის მოძრაობები იწყება და ამათი რეიტინგი 7%-ის ქვემოთ არის დასული. ივანიშვილს თავის დროზე შევარდნაძემ და ნოდარ ჯავახიშვილმა გაუხსნეს ბანკი და რუსეთიდან ჩამოტანილი კრიმინალური ფული იქ გაათეთრა და ოფშორებში გადაქაჩა. საქართველო იქცა მის ციხესიმაგრედ, ხალხი  _ მეციხოვნეებად. გადაუგდებს მეციხოვნეებს და ზოგს ამღერებს, ზოგს _ აცეკვებს. 50 მილიონი უჯდება მას ელიტის შესყიდვა და ამას ის ლოიალობისთვის უხდის დეპუტატებს, მთავრობას და გუბერნატორებს. მოვა დრო და ამ დოკუმენტებს „ქართუ ბანკიდან“ ამოიღებენ. ეს არის პოლიტიკური ქრთამი. ცოტა ხანში ამაზე ვისაუბრებთ. ის თანხა, რასაც ხელფასებსა და პრემიებში იღებენ, მიზერია ამ თანხებთან. ასევე ყველა ხელისუფლების პირი „ქართუ ბანკის“ მოვალეა. სუბარს გამოუტანია სესხი და სამი ბინა უყიდია. ათასობით ლარის ვისკი და სასმელი შეუტანია სამინისტროში. თავად თუ უყვარს სასმელი, გასაგებია, მაგრამ ეს ვისკი გაჭირვებული დევნილებისთვის მაინც ჩამოერიგებინა საახალწლოდ?!

_ პარლამენტარები ძვირადღირებულ ვისკებს როგორ მიირთმევენ რესტორნებში, ამის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით ხშირად ვრცელდება…

_ ესენი განვითარებული ქვეყნის პოლიტიკური ელიტის მსგავსად ცხოვრობენ. თუმცა იქ ასე ხელგაშლით მაინც არ ცხოვრობენ. ერთხელ ამერიკის ერთ-ერთ კონგრესმენს ვეპატიჟებოდი საქართველოში და მიპასუხა, _ ახლა ვერ ჩამოვალ, საბიუჯეტო კრიზისია, სამივლინებოს ვერ გამომიწერენო. ამათგან რომელმა თქვა უარი ხელფასის, პრემიის აღებაზე და მივლინებებში სირბილზე?

_ პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელიც „ოცნების“ გუნდის წევრი იყო, ხშირად თავად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ „ნაციონალებს“ შეეკრა. თქვენზეც იგივეს ამბობენ. მოკლედ, ხელისუფლების კრიტიკა უპირობოდ „ნაციონალობას“ ნიშნავს და რამე ფობიასთან გვაქვს საქმე?

_ გახსოვთ „ჯაყოს ხიზნებიდან“, ჯაყოს ვინც არ მოსწონდა, ყველას კონტრრევოლუციონერს ეძახდა. ამათთვის კონტრრევოლუცია იგივე „ნაციონალობაა“, ამ დროს „ნაციონალების“ „სბროდი“ აქვთ შიგნით. გადახედეთ მათ შემადგენლობას და ვინ არის „არანაციონალი“? თუნდაც ბიზნესმენები _ ჩოჩელიდან დაწყებული, ბეჟუაშვილებით დამთავრებული. ახლა ჩოჩელი „გირჩის“ _ იგივე კუბლაშვილების დასაფინანსებლად მიუმაგრებიათ. ეს ხალხი ციხეში უნდა ისხდეს, რადგან ისინი შავბნელი რეპრესიული პერიოდის ავტორები არიან. ერთი ძმა რეპრესიულ კანონებს წერდა და მეორე ძმა ციხეებსა და საწამებლებში უკანონოდ აგზავნიდა ხალხს. დღეს ივანიშვილმა მათგან პარტია შექმნა და სპონსორად ჩოჩელი მიამაგრეს, რომელმაც მთელი მხარე დააქცია _ რისი ყიდვაც შეიძლებოდა, იყიდა და რისი მოპარვაც შეიძლებოდა, მოიპარა. რაც მაგან ჩვენ გაგვიყალბა ამ მხარეში არჩევნები, ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო დასკვნა არ ეყოფა მის აღწერას. ასე არიან სხვებიც. რომელი არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. კვირიკაშვილი „ნაცმოძრაობა“ – „მოქალაქეთა კავშირიდან“ არის და დეპუტატიც კი იყო. სააკაშვილის ფავორიტი ყოფილა, რადგან 90-იან წლებში ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფში ჰყოლია მიშას. მთავარი პროკურორიც „ნაცებიდან“ არ მოიყვანეს? ივანიშვილი არ აფინანსებდა სააკაშვილის მთავრობას? „ვარდების რევოლუცია“ მან არ დააფინანსა? მე „ნაცებს“ ფიზიკურად შევეწირე, ღმერთმა გადამარჩინა და ჩემზე ამას რომ იტყვი, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ უზნეო კაცია.

ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს რევოლუციას, თუ მან არჩევნები გააყალბა და ხმების მიწერა მოინდომა. შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს არჩევნები მასობრივად ყალბდებოდა და ჩვენ მისი მსხვერპლი ვართ, მაგრამ დასავლეთი მათ მხარს უჭერდა. ერთია, არჩევნები გააყალბო და მეორე _ როგორ გაათეთრებ. როცა დასავლეთმა შევარდნაძის არჩევნებს მხარი აღარ დაუჭირა, რევოლუცია მოხდა. დასავლეთი არ დაუკანონებს გაყალბებას ივანიშვილს და ის თავისივე ქმედებას შეეწირება. ეს პროგნოზი კი არა, რეალობაა. წელს მთლიანად განვიტვირთებით, განვიმუხტებით და დავიწმინდებით ბანდიტი მილიონერებისგან.

_ პოლიტდევნილების სკანდალურ თემასაც მინდა შევეხოთ. ამასთან დაკავშირებით თქვენც ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

_ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რაც ვიცი: ჩვენ პარტიაში გვყავდა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც პოლიტპატიმრად აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დასავლეთმა, მათ შორის, სახალხო დამცველმა. ევროპამ, იტალიის მთავრობამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ჩემი წერილის საფუძველზე. საუბარია არჩილ ბენიძეზე, რომელიც ჩვენი კოორდინატორი იყო გლდანში და მართლაც უსაფუძვლოდ დაიჭირეს. შავი დღეები გადავიტანეთ და არ მინდა ახლა ამის გახსენება. ის არ შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში. მსოფლიო შევყარეთ, ყველგან იდო მისი დოსიე, მაგრამ არ შეიყვანეს, რადგან ის იყო „ლეიბორისტი“. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პირდაპირ ბიძინას დავალება, რადგან მას უნდოდა განევითარებინა თეზისი, რომ ჩვენ „ნაცებთან“ ვიყავით შეკრულები და თუ შეკრული ხარ, პოლიტპატიმარი საიდან გეყოლება? ციხიდან გამოუშვეს და საქმე შეუწყვიტეს და იცით, როდის? როცა სპეციალური ჯგუფი შექმნეს ჩვენი წევრებისგან, რომლებმაც პარტიის ფულიც მოიპარეს და წასვლაში ფული აიღეს, ათასი სიბინძურე იკადრეს. მათი მიზანია, ყოველდღე გამოვიდნენ და ჩემზე საშინელი სიბინძურეები თქვან. სანამ ამ ჯგუფში არ შევიდა და ჩემი ლანძღვა არ დაიწყო, ბენიძეს საქმე არ შეუწყვიტეს. შესაბამისად, პოლიტპატიმართა რეაბილიტაციის პროცესი თავად იყო პოლიტიზებული. ეს იყო ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის პირდაპირი დავალება. მათ უამრავი სიბინძურე გაავრცელეს ჩემზე. სწორედ მათგან ფინანსდებოდნენ ის ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ოფისთან მოვიდნენ და რაღაცებს ყვიროდნენ. ესენიც მაგათგან ფინანსდებოდნენ, თუმცა ეს ჯგუფი წავიდა და არანაკლები მოვიდა. ესენი არანაკლებს გააკეთებენ.

 

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი