„მედიატორი“ თბილისის მერიის წინააღმდეგ!

poooo

„მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ კვლევას ასაჯაროებს. კვლევა 2015 წლის განმავლობაში მაჟორიტარების სამსახურებრივ აქტივობას ეხება. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მერიიდან და გამგეობიდან გამოითხოვა.

მიღებულ შედეგებზე „ქრონიკა+“ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:

_ „მედიატორის“ კითხვა გახლდათ შემდეგი: მოგვაწოდეთ 2015 წლის იანვრიდან 10 დეკემბრამდე მაჟორიტარი დეპუტატების მიერ გაწეული შუამდგომლობებისა და ასევე დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

კატასტროფული შედეგები მივიღეთ. ფაქტობრივად, დედაქალაქში არც ერთი დეპუტატი არ მუშაობს. საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს, რომ დავასკვნათ:

დედაქალაქს ჰყავს 25 არჩეული დეპუტატი, რომელსაც აბსოლუტურად დაკარგული აქვს ადგილობრივებთან ურთიერთობა და მხოლოდ პირადი კომფორტის მოწყობით არის დაკავებული. ამ დეპუტატების ანაზღაურება წელიწადში, საშუალოდ, 30 000 ლარი, ანუ 25 მაჟორიტარზე 750 000 ლარია. ამას დამატებული ბიუროსთვის გამოყოფილი 60 000 ლარი, თითოზე წელიწადაში ჯამურად 1 500 000 ლარი. დეპუტატის ბიუროს ხარჯსა და დეპუტატის ანაზღაურებას თუ შევკრებთ, 2 250 000 ლარი წელიწადში. ყოველთვიურად თბილისის ბიუჯეტიდან 187 500 ლარი იხარჯება.

ფაქტობრივად, ერთ წელიწადში (2015 წლის ინვრიდან 10 დეკემბრამდე) მუხიანის დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ 3 შუამდგომლობა გააკეთა!

გლდანი ლუწები, ნინო გოგუაძე _ 5 შუამდგომლობა;

ლოტკინი, დავით ჭელიძე _ 3 შუამდგომლობა;

საბურთალო (დოლიძე), დავით ზურაბიშვილი _ 15 შუამდგომლობა;

ვაკე (წყნეთი), გიორგი მუსხელიშვილი _ 8 შუამდგომლობა.

ეს ციფრები რეალურად ასახავს დეპუტატების „მუშაობას“, მათ დამოკიდებულებას ადგილობრივების მიმართ.

დეპუტატების უმრავლესობას წელიწადში 100 შუამდგომლობაც კი არ აქვს გაწეული. ასეთები არიან: ჯაბა ჯიშკარიანი, თარაშ შურღაია, ვლადიმერ ძნელაძე, ზაქარია კოლელიშვილი, შორენა ბუხრაშვილი, ალეკო ელისაშვილი, გულიკო ზუმბაძე, ლია ჯახველაძე, გოჩა ბაბუნაშვილი.

„საუკეთესო“ დეპუტატები ამ ფონზე: ნავთლუღი, ზურაბ ნეფარიძე _ 452 შუამდგომლობა, რაც მისი ამომრჩევლის მხოლოდ 1,6 პროცენტია; რამინა ბერაძე _ 604 შუამდგომლობა, რაც მისი ამომრჩევლის 1,07 პროცენტია. იხილეთ დანართი სრულად.

_ კიდევ ვინ და რა გამოიკვლიეთ?

_ საკრებულოს მაჟორიტარი დებუტატების გარდა, „მედიატორის“ კვლევის ობიექტი დედაქალქის გამგეობებიც იყო. მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციების საფუძველზე გარკვეულ სურათს ვიღებთ, რაც დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

ფაქტია, გამგეობებს ინფრასტრუქტურული მიმართულების საქმის კეთება ძალიან უჭირთ. გზების თემა იმდენად ყბადაღებული გახდა ამ ბოლოს თბილისში, რომ ამაზე აღარ შევჩერდებით. გზა „საჭმელადაც“ აღარ გვაქვს და მართლა უკვე  სანატრელი რომ გახდა გზა დედაქალაქში, ესეც არახალია.

მათივე მოწვდილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2015 წლის განმავლობაში, წლის დასაწყისიდან 10 დეკემბრამდე (რა დროშიც საჯარო ინფორმაცია გვქონდა მოთხოვილი), ისნის რაიონში არც ერთი ახალი სკვერი არ მოწყობილა. ასევე ირკვევა, რომ კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონებში მხოლოდ 1 სკვერი მოეწყო. მთაწმინდა, ნაძალადევი და ვაკე _  ამ რაიონებში 3-4 და 5 შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში.

ამ მიმართულებით „ჩემპიონები“ არიან: სამგორი _ 18, დიდუბე _ 15 და საბურთალო _ 13. ეს ციფრები შეიძლება დიდს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ აქვე კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, რაც 2015 წლის ცუდ მუშაობას ასახავს. ამ მონაცემებით მივიღეთ, რომ ჯამში ერთი წლის მანძილზე დედაქალაქს 68 ახალი სკვერი შეემატა მაშინ, როცა დედაქალაქში, 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით 1147 სკვერია მოწყობილი. ამას ახალ 68-ს თუ გამოვაკლებთ და შემდეგ 10 წელზე გავყოფთ, გამოვა, რომ წელიწადში, საშუალოდ, 108 სკვერი კეთდებოდა. ახლა კი თითქმის ორჯერ ნაკლებია.

მხოლოდ სკვერების სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ სუსტ გამგეობებს შორის არიან კიდევ უფრო სუსტები. მაგალითად, ასეთია ისნის გამგეობა. ასევე სკვერების მიმართულებით საინტერესოა, რომ ზოგი რაიონი სკვერების რეაბილიტაციას მაინც თუ აკეთებდა, ამ მხრივ გლდანის რაიონში სრული კატასტროფაა. მხოლოდ  8 სკვერი მოეწყო და არც ერთს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ასევე საინტერესო სტატისტიკაა ხელოვნურსაფარიანი მოედნების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ უფრო მოიკოჭლებენ. არც ერთი ახალი მოედანი არ მოწყობილა ნაძალადევის, სამგორის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. მხოლოდ თითო გააკეთა საბურთალოს, ვაკისა და გლდანის გამგეობამ.

აქაც „ჩემპიონი“ დიდუბის გამგეობაა _ 6 ახალი მოედნით. ალბათ, ამიტომაც აძლევს თავს უფლებას დიდუბის გამგებელი, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მარწყვი და ალუჩა გამოიწეროს. დიახ, ასეთი ხელშეკრულება გააფორმა წლის დასაწყისში გამგებელმა ინდმეწარმესთან.

ჯამში, დედაქალაქში გასული წლების განმავლობაში 638 ხელოვნურსაფრიანი მოედანია მოწყობილი. არადა, საშუალოდ, წელიწადში 63 ახალი მოედანი ემატებოდა ქალაქს. 2015 წელს ეს ციფრი მხოლოდ თერთმეტია.

_ უპირატესად, რა ტიპის განცხადებები შედის გამგეობებში?

_ 2015 წელს 128 362 განცხადებაა შესული თბილისის 7 გამგეობაში. სამმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. განცხადებების 33,9 პროცენტი ეხება მედიკამენტებით დახმარებას, ოპერაციას, გამოკვლევას და სხვა სოციალურ დახმარებას. ეს ციფრები ცხადყოფს, თუ რა მძიმე და სავალალო მდგომარეობაა სოციალური კუთხით დედაქალაქში.

საინტერესოა, რომ 2015 წლის განმავლობაში 8 გამგეობაში (ორმა გამგეობამ არ მოგვცა ინფორმაცია) 8946 განცხადება არ დააფინანსეს, რომელიც სწორედ მედიკამენტებს, ოპერაციასა და სოციალურ მიმართულებას ეხებოდა.

ამ ყველაფრის ფონზე დასკვნა მარტივია: ხალხს უკეთესი მერი და მერია უნდოდა, რომელიც კიდევ უფრო დიდ და გრანდიოზულ პროექტებს განახორციელებდა; კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებდა ყველა მიმართულებით. და საბოლოოდ მივიღეთ, რომ გზებს ვერ აგებენ, სკვერებს ვერ აკეთებენ, სტადიონებს ვერ ამატებენ. სოციალური მიმართულებითაც ვერ გამოიყურებიან კარგად.

სამაგიეროდ, არიან ჩაჭრილები, ღებულობენ პრემია-დანამატებს. წინასწარ ზრუნავენ ცოცხალი თბილისელების დამარხვაზე, იწყობენ საკუთარ კომფორტს და ამის უამრავი მაგალითი იყო 2015-ში.

ატარებენ ნარდისა და დომინოს ჩემპიონატს. ტენდერის გარეშე აფორმებენ ხელშეკრულებებს ნათესავების კომპანიებთან. დასაქმებული ჰყავთ პარტიული აქტივი, ნათესავები. მოკლედ, გაჭირვებული ხალხი აღარავის ახსოვს.

_ რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს?

_ არაფერი განსაკუთრებული, „შპს მერიის“ „დირექტორმა“  ივანიშვილმა გადაწყვიტა, მმართველები შეცვალოს და მისი კომპანიის თანამშრომლებით დააკომპლექტოს დედაქალაქის მთავრობა. ლილუაშვილიც ამის ნათელი მაგალითია, ისევე როგორც კუბლაშვილი და სხვა კადრები.

ნელ-ნელა ყველა მაღალ თანამდებობას „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელობა და არა მარტო ხელმძღვანელობა დაიკავებს. დიდი ალბათობით, მალე თანამდებობის დატოვება მოუწევს სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილს, რომელიც თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას.

ასევე ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ თორდინავა, რომელმაც ღრმა კრიზისში შეიყვანა დედაქალაქში ბაღები. საუბარია კვებაზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; შემდეგ ტენდერები, რომლითაც, ჩვენი ინფორმაციით, ფინანსური საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა.

მოგეხსენებათ, უკანასკნელ ტენდერებში 3 500 000 ლარის ტენდერი მოიგეს კომპანიებმა, რომლებიც ტენდერის გამოცხადების შემდგომ დაფუძნდნენ, რაც ძალიან დიდ და საფუძვლიან ეჭვებს აჩენს.

ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ ხარისხიანი კვება ვერ ხვდება ბაღებში და ასევე მენეჯმენტი,  რომელიც დაულაგებელია. ბაღის პერსონალს საკვების მიღებისთვის, ფაქტობრივად, 24 საათი ბაღში ყოფნა უწევს იმიტომ, რომ არ არის დალაგებული დროები და ვისაც როგორ უნდა და როგორც შეუძლია, ისე მიაქვს პროდუქტი. ხორცთან დაკავშირებით კიდევ ცალკე პრობლემებია.

ასევეა საკადრო პოლიტიკა, რასაც თორდინავამ თავი ვერ გაართვა. მის მიერ განთავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მას შეასრულებინებენ „სუსის“ დავალებებს, „გაწმენდენ“ არასასურველი თანამშრომლებისგან ბაღებს და შემდეგ ხელებსაც მასვე შეაწმენდენ.

რიგში დგანან ისნის, გლდანის, სამგორის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონის გამგებლები, რიგი მიზეზების გამო. რიგ მიზეზებში შედის ისიც, რომ, მაგალითად, სამგორის, კრწანისისა და გლდანის გამგებლების პოლიტიკური ხაზი შიხიაშვილ-ჯანყარაშვილთან და, შესაბამისად, ღარიბაშვილთან მიდის. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად, პოლიტიკური პატრონების გარეშეც დარჩნენ.

ასევე მოსაძიებელია მაჟორიტარები დედაქალაქში 2016 წლისთვის და გამგებლებიც ამ ნიშნით დაინიშნებიან, რომ 2016 წლისთვის იმ რაიონში კენჭი იყარონ. ასევე იქნება ხმაურიანი დაჭერები და იმიტაცია იმისა, რომ კორუფციას ებრძვიან. მოკლედ, წინ ცხელი გაზაფხული გველის.

 

                                                                                                                 გელა მამულაშვილი

po1

po2

po3

po4