რატომ იხსენებდა „ადგილ-ადგილ“ ბიძინა კუჭავას ბიძინა ივანიშვილი _ პროკურორის მკვლელობის დეტალები

xew

„ზუგდიდლები ხართ და თვითონაც კარგად მოგეხსენებათ, მისგან არავინ იყო განაწყენებული“, _ ასე მიმართა სამეგრელოში მედიასაშუალებათა წარმომადგენლებს ვახტანგ (პაატა) ქირიას ოჯახის წევრმა, როცა ის, ჯერ კიდევ, დაკარგულად ითვლებოდა და ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო.

სახლიდან 13 იანვარს გასული ვახტანგ ქირია ოჯახის წვრებმა მეორე დღეს მოიკითხეს, მაგრამ ამ დროს მას უკვე მობილური გამორთული ჰქონდა. ოჯახში მხოლოდ ის იცოდნენ, რაც შინ დაიბარა, _ მივლინებით უწევდა სამსახურიდან თბილისში წასვლა. თუმცა, როგორც გაირკვა, ქირია პროკურატურაში არ მისულა, ანუ მან ოჯახის წევრები მოატყუა, სახლიდან გასვლა და თბილისში საკუთარი მანქანით ჩასვლა კი სულ სხვა რამეს უკავშირდებოდა და არა მივლინებას.

ქირიას ცხედარი გაუჩინარებიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვეს. სავარაუდოდ, არც ოჯახის წევრები და არც სამართალდამცველები მას მანამდე საფუძვლიანად არ ეძებდნენ. ოჯახი მიიჩნევდა, რომ პროკურორს არ ჰყავდა ისეთი მტერი, მისთვის რამე დაეშავებინა, ხოლო სამართალდამცველები ოჯახისეული ინერციით მოქმედებდნენ, ინფორმაციას არ ახმაურებდნენ და „კაცია, საახალწლოდ სადღაც შერჩა ქეიფს“ პრინციპით მოქმედებდნენ მანამ, სანამ ამ აბსურდული თეორიისთვის გონივრული ვადა არ ამოიწურა.

სამართალდამცველებმა მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეს ის, რაც პირველ თუ არა, მეორე დღეს მაინც უნდა გაეკეთებინათ: გზებსა და ტრასებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით მიჰყვნენ ქირიას მანქანის გადაადგილების მარშრუტს და ის თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოს აღმოაჩინეს. შესაძლოა, ვიდეოკამერებმა ისიც დააფიქსირეს, გადაჯდა თუ არა ქირია თავისი ავტომანქანიდან ბიძინა კუჭავას ავტომანქანაში, ან შევიდა თუ არა იქვე მდებარე, კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში.

ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ სამი დღის შემდეგ სამართალდამცველები კუჭავას კვალზე მისი მანქანის მეშვეობით გავიდნენ და ისიც დაადგინეს, რომ გვიან ღამით ის ქალაქიდან, შესაძლოა, ქვეყნიდან გასვლასაც გეგმავდა: საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი „მერსედესი“ გააჩერა, თუმცა საქარე მინასთან პოლიციის ოფიცრის მისვლამდე, ოფიციალური ვერსიით, ბიძინა კუჭავამ, მანქანაში მყოფი ცოლ-ქმრის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა.

ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კუჭავას ჯიბეში აღმოაჩნდა ხელთათმანი, სამი ცალი მობილური ტელეფონი და სისხლიანი მანქანის ტექნიკური პასპორტი, რომელიც ქირიას ეკუთვნოდა. პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადა კუჭავა ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად.

თავად ქირიას ცხედარი სწორედ კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში იპოვეს. იქვე იპოვეს „ტილი“ _ მძიმე საგნების თანაბარ სიმაღლეზე ასაწევი მოწყობილობა, რომელიც სააბაზანოში იყო დამონტაჟებული და ასევე, სისხლიანი ე. წ. ბალგარკა, რომლის დახმარებითაც, წინასწარი ინფორმაციით, კუჭავა გვამის დანაწევრებას გეგმავდა. იქვე იყო გორგოლაჭებიანი, დიდი ტევადობის ტვირთისთვის გათვალისწინებული ჩანთა. გამოძიების ვერსიით, ეს მოწყობილობები ბიძინა კუჭავამ ელიავას ბაზრობაზე, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძინა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასევე, გამოძიების ვერსიით, კუჭავამ, ქირიას მკვლელობის შემდეგ, ქირიას მობილური ტელეფონი რუსთავში წაიღო და იქ ჩართული გადააგდო. სწორედ მობილური იპოვეს პირველად სამართალდამცველებმა, მაგრამ კუჭავას ვარაუდი, რომ ეს გამოძიებას კვალს აურევდა, არ გამართლდა _ სამართალდამცველებს რუსთავში არ დაუწყიათ ძებნა _ მათ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოაგდეს და ქირიას მანქანას „მიჰყვნენ“.

ასე რომ, ის რამდენიმე დღე, რომელიც კუჭავას (იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ვერსიის მონაცემებს გავიზიარებთ) სჭირდებოდა ქირიას ცხედრის დასანაწევრებლად და თავიდან მოსაშორებლად, მას სწორედ მობილურის მეშვეობით უნდა მოეგო. სწორედ აქ არის პასუხი იმაზეც, თუ რატომ არ დატოვა კუჭავამ ქვეყანა მკვლელობისთანავე და რატომ დააპირა ეს რამდენიმე დღის შემდეგ: მკვლელობაში ბრალდებულს, სავარაუდოდ, ეგონა, რომ დაკარგულს ძებნას რუსთავში დაუწყებდნენ, ამასობაში კი თვითონ გვამს დაანაწევრებდა და თავიდან მოიშორებდა, კვალის წაშლის შემდეგ კი უპრობლემოდ დატოვებდა ქვეყანას.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გეგმა ჩავარდა, ხოლო პროკურორის დაკარგვის თემა საყოველთაო განსჯის საგანი გახდა, სავარაუდოდ, კუჭავა შეშინდა და აჩქარდა: ის იქამდეც კი მივიდა, რომ მზად იყო, ქვეყნიდან გასულიყო, ხოლო ცხედარი, რომლის დანაწევრებაც ადვილი არ აღმოჩნდა და ბინიდან გატანა უფრო ძნელი ჩანდა, ბინაშივე დაეტოვებინა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვითმკვლელობამდე კუჭავა ბინაში აპირებდა მისვლას (გავიხსენოთ ხელთათმანები ჯიბეში), მაგრამ იქ პოლიციელთა სიმრავლე შენიშნა, მიხვდა, რომ გამოძიება სწორ კვალს დაადგა და ნაჩქარევად გადაწყვიტა გაქცევა, მას შემდეგ კი, რაც საპატრულო ეკიპაჟის მიერ მისი მანქანის გაჩერების ნამდვილ მიზეზს მიხვდა, თავი მოიკლა.

ყველაფრის შეჯამების შემდეგ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება (ეს და სხვა თეორიები დამყარებულია გამოძიების მიერ ოფიციალურად არსებულ ვერსიასთან და არ აქვს მტკიცებულების ფორმა, – ავტ.): როცა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა კუჭავა ელიავას ბაზრობაზე „ტილსა“ და ე. წ. ბალგარკის ხერხს ყიდულობდა, მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ ქირიას მოკლავდა, მის ცხედარს კი დანაწევრების გზით მოიშორებდა თავიდან.

თავისთავად ჩნდება შეკითხვა: რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე ბიძინა კუჭავა? რატომ გადაწყვიტა ვახტანგ (პაატა) ქირიას მოკვლა, მით უმეტეს, რომ ისინი დეიდაშვილები იყვნენ? გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბინაში, სადაც მკვლელობა მოხდა, პაატა ქირია თავად _ ან მარტო, ან კუჭავას თანხლებით მივიდა და რადგან თვითონ მივიდა, მანამდე კი მობილური ტელეფონიც გამორთო, ესე იგი, არც იმას ელოდა, რომ იმ ბინიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა…

ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ორივე პიროვნების _ პაატა ქირიასა და ბიძინა კუჭავას წარსულს უნდა გადავხედოთ. და რადგან ამ დღეებში მედია მთლიანად გადართულია ბიძინა კუჭავას პერსონასთან დაკავშირებული დეტალების გამოკვლევაზე და არაერთი სკანდალური ფაქტიც გახდა მასზე ცნობილი, ჩვენ ვახტანგ (პაატა) ქირიათი დავიწყოთ.

პაატა ქირია წლების წინათ, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მუშაობდა პროკურატურაში და მაშინაც პროკურორის თანამდებობა ეკავა. ის არ იყო ე. წ. აგრესიულ პროკურორთა შორის, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩეოდა, ვიდრე სხვები და სწორედ ამიტომ, როგორც ზუგდიდში ამბობენ და იხსენებენ, მასთან „მოლაპარაკება არ ჭირდა“ ხოლმე. ეს გახლავთ საფუძველი იმ გავრცელებული ხმებისა, რომ მას მტერი არ ჰყავდა. პაატა ქირია პროკურატურაში ცოტა ხნით მას შემდეგაც დარჩა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, თუმცა სისტემიდან წასვლის შესახებ მალე განცხადება დაწერა.

ერთ-ერთი ვერსიით, პაატა ქირია შევარდნაძის დროინდელ იმ პროკურორთა სიაში მოყვა, რომლებზეც სააკაშვილის ხელისუფლებას ქრთამის აღებისა და სხვა გარიგებათა დამადასტურებელი მასალები ჰქონდა და მათი არგახმაურების სანაცვლოდ, სისტემიდან წასვლა შესთავაზა. ამის შემდეგ პაატა ქირია სახელმწიფო ან სამართალდამცველ სტრუქტურებში 2013 წლამდე არ გამოჩენილა. სააკაშვილის დროს სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ კი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა მისი ერთ-ერთი ძმა ბესო _ ის იმერეთის რეგიონში საქმიანობდა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ ორივე ძმის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილება მოხდა: 2013 წელს ვახტანგ (პაატა) ქირია პროკურატურაში დაბრუნდა და უფროს პროკურორად დაინიშნა, ხოლო მისი ძმა _ ბესო ზუგდიდის მე-4 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი გახდა. ის იქ ზუგდიდის ციხის დახურვამდე მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც პაატა ქირიას ცხედარი ზუგდიდში ჩაასვენეს, მისმა ძმამ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სამართალდამცველებს რომ ერთად და ეფექტურად არ ემუშავათ, ძმის ცხედარს ვერ ჩამოასვენებდა, რადგან მას გააქრობდნენ.

რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, მისი ცხედარი თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბინაში მიასვენეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები, ბევრისთვის მოულოდნელად, კუჭავას ცხედარზე დაზიანებების არსებობაზე ალაპარაკდნენ და გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. გარდაცვლილის ცოლი მარინა ნიკოლოზაშვილი გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კუჭავას მოეკლა ქირია და შემდეგ თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. მისივე თქმით, მედიას დამატებით მას შემდეგ დაუკავშირდება, რაც ექსპერტის დასკვნა გახდება ცნობილი. კუჭავას ოჯახში ამბობენ, რომ ქირიასთან მას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.

ერთ-ერთი ვერსიით,  ქირიას კუჭავას ვალი ჰქონდა და ამ უკანაკნელმა მისი მკვლელობა იმიტომ დაგეგმა, რომ გადახდას არ აპირებდა.

მით უმეტეს, კუჭავას თავადაც ბევრი ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი: ცნობილია, რომ ის საკმაოდ აზარტული ადამიანი იყო, თამაშობდა კაზინოებში და უფრო ხშირად აგებდა, ვიდრე პირიქით. კუჭავას კაზინოც ჰქონდა და, ზოგადად, ბოლო დრომდე ის ფინანსების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა.

თავდაპირველად, პაატა ქირიას გაუჩინარებისთანავე, ერთ-ერთ ვერსიად ისიც დასახელდა, რომ ის „სამეგრელოს სამალავებისა“ და „კასრების“ საქმეებს იძიებდა და, შესაძლებელია, ეს ანგარიშსწორება ყოფილიყო. სხვა ვერსიით, პაატა ქირია ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ დანაშაულებზე მუშაობდა. სინამდვილეში ეს ვერსიები არაფერ შუაში უნდა იყოს _ პაატა ქირიასა და მისი დეიდაშვილის ურთიერთშემხებლობა, მათი შეხვედრის ფაქტი იკვეთება.

რის დამტკიცებას ცდილობს კუჭავას ოჯახი? რას ნიშნავს მათი განცხადებები გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებების არსებობის შესახებ? რატომ მიანიშნებენ ისინი, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა და რომ კუჭავა მოკლეს? რატომ ამტკიცებენ ხელაღებით, რომ პაატა ქირია ბიძინა კუჭავას არ მოუკლავს?

იმის მიუხედავად, რომ ბიძინა კუჭავა იშვიათად ჩნდებოდა მედიის ფურცლებზე, ის საკმაოდ საინტერესო წარსულის პიროვნებაა. ტვ „საქართველოს ხმა“ მან 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დააფუძნა. ამ რადიო და ტელეკომპანიას საკმაოდ კარგი რეიტინგიც ჰქონდა. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ გიგი უგულავამ ჟურნალისტის რანგში მუშაობა სწორედ ამ ტელეკომპანიაში დაიწყო. მოგვიანებით კუჭავა „იბერვიზიის“ პროექტშიც ფიგურირებდა.

ბოლო დღეებში ამოტივტივდა ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა კუჭავას ბიძინა ივანიშვილიც იცნობდა. საუბარია 2013 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში ივანიშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელსაც ტელევიზიებისა და რადიოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ამ ბრიფინგზე ბიძინა კუჭავამ შეკითხვა დაუსვა ივანიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელს, ბრიფინგის მოდერატორის მიერ კუჭავას წარდგენის შემდეგ გაახსენდა, რომ მას შეხვედრია:

„თქვენ ის ბიძინა ხართ, ჩემთან რომ იყავით მოსული?“ _ ჰკითხა მან კუჭავას, ხოლო დადასტურების მერე თავი გააქნია და უთხრა: „თქვენ ძალიან ცუდი როლი ითამაშეთ მაშინ, ძალიან ცუდ თამაშს თამაშობდით, როცა ოპოზიციაში ვიყავი და ჩემთან მოხვედით, შემიძლია საჯაროდაც გაგახსენოთ, მე მქონდა თქვენთან შეხვედრის სურვილი, სხვათა შორის და ადგილ-ადგილ ვიხსენებდი კიდეც თქვენთან შეხვედრას“, _ პრემიერი აშკარად განაწყენებული სახით იხსენებდა წარსულს.

რა შეხება შეიძლებოდა ჰქონოდა კუჭავას ივანიშვილთან? რატომ მივიდა ის პოლიტიკაში ახალმოსულ ოლიგარქთან, რა შესთავაზა მას და რა პასუხი მიიღო მისგან? რასაკვირველია, ეს დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ივანიშვილთან მისულმა კუჭავამ მას თავისი არხის, „საქართველოს ხმის“ ყიდვა შესთავაზა, როცა გაიგო, რომ ოლიგარქი ახალი ტელევიზიის გახსნას გეგმავდა.

მოკლედ, ბიძინა კუჭავამ გადაწყვიტა, ფული გაეკეთებინა და ივანიშვილს მიაკითხა. ჩვენი ინფორმაციით, თანხის ნაწილი მიიღო კიდეც, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა და ივანიშვილის ხალხს ტელევიზია არ გადაუფორმა. შესაძლოა, სწორედ ამას გულისხმობდა ივანიშვილი, როცა კუჭავას აყვედრიდა, რომ მაშინ ცუდი როლი ითამაშა.

სხვათა შორის, ბრიფინგის დასრულების შემდეგ მაშინდელმა პრემიერმა და კუჭავამ ასე, 5-6 წუთი ისაუბრეს კიდეც იქვე, დარბაზში, განცალკევებით, მაგრამ ყველას დასანახად. რაზე შეთანხმდნენ, ან შეთანხმდნენ თუ არა საერთოდ, გაურკვეველია.

კუჭავას კრიმინალურ წარსულზე ოფიციალური დოსიე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ვარაუდები და საეჭვო დამთხვევები. აზარტული მოთამაშე, ახალგაზრდა, რომელიც აბაზანაში, საფეთქელში ტყვიით მოკლული იპოვეს, მანამდე უშიშროების ყოფილი ოფიცერი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, რომლებიც საძინებელში, იარაღით მოკლული იპოვეს, უფრო ადრე, ტყეში მოკლული ახალგაზრდა ბიჭი, რომლის მამინაცვალიც იყო ბიძინა კუჭავა _ ამ ადამიანების სიკვდილში საერთო ხელწერა ამ დღეებში ბევრმა დაინახა.

რამდენიმე ვერსიათაგან, რაც პროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებით ფიგურირებს, ერთი ასეთიც განიხილება: წლების წინათ მომხდარ მკვლელობებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კვალი რამდენჯერმე მივიდა კუჭავასთან, მაგრამ ის მუდამ სუფთად გამოვიდა სიტუაციიდან, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა პაატა ქირიას. მას შემდეგ, რაც პაატა ქირიამ კუჭავასთან, კაზინოში (კუჭავას მეგობრები ამტკიცებენ, რომ ის კაზინის მფლობელიც იყო) დიდი თანხა წააგო, ხოლო კუჭავა მის გადახდას ითხოვდა, ქირიამ სკანდალურ საქმეებზე გაჩუმების სანაცვლოდ ამ თანხის გაქვითვა მოითხოვა. კუჭავამ ის თბილისში, ვაჟაზე მდებარე დაქირავებულ ბინაში მოსალაპარაკებლად დაიბარა, მანამდე კი წინასწარ მოემზადა და როცა ქირია მივიდა, ის თავიდან მოიშორა.

მეორე ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილის სავარაუდო მკვლელობა და არა მარტო ზუგდიდის პროკურორთან, ფოთის პროკურორთან და ვიცე-მერთან დაკავშირებული ფაქტებიც მოვლენათა ერთი ჯაჭვია, სადაც, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ფიგურირებს. ამ ვერსიის მიხედვით, პაატა ქირიას თავიდან მოშორება გახდა საჭირო, რადგან მან იცოდა არა მარტო კუჭავას წარსულის, არამედ ივანიშვილთან მისი ურთიერთობის დეტალებიც. ქირიას თავიდან მოშორება სწორედ კუჭავას დაევალა და ის, თავდაპირველად, თავდაჯერებულად მოქმედებდა _ წინასწარ ჩატარებული „მოსამზადებელი“ სამუშაოები სწორედ ამაზე მიანიშნებს. ამ ვერსიის ავტორები ირწმუნებიან, რომ ქირიას თავიდან მოშორების შემდეგ კუჭავას ქვეყნიდან უსაფრთხოდ გაყვანასაც დაჰპირდნენ და სწორედ ამ პროცესში იყო ის, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი მანქანა გააჩერა. ამის შემდეგ ბიძინა კუჭავა მიხვდა, რომ გადააგდეს, და თავი მოიკლა…

ბოლოს, კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სტატიაში მოყვანილი თეორიები გამოძიების ოფიციალურ ვერსიაზე, ასევე „ქრონიკა+“-ის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერების პრინციპითაა შედგენილი და არ გახლავთ რაიმეს ხელაღებით მტკიცება. სისხლის სამართლის საქმე ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, კუჭავას ოჯახი კი ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რის შემდეგაც დამატებით განცხადებებს გააკეთებს.

 

                                                                                                         დოროთე გითოლენდია