ბესო შენგელია: ,,თავდაცვის სამინისტროში ფულის კეთების ახალი სეზონი იწყება!”

77

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესიკ შენგელია, თავდაცვის სამინისტროში შექმნილ არაჯანსაღ სიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა საკუთარი ქმედებებით ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

ბესო შენგელია:

_ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ლოჯისტიკის სარდლობას დაქვემდებარებულ სამშენებლო-საინჟინრო ბაზაში 647 კაცი მუშაობს. სამხედრო ნაწილში ონკანიც რომ გაფუჭებულიყო, ეს ბაზა იმასაც აკეთებდა, საომარი მოქმედებების დროს კი სანგრებიც ამათ უნდა გაეთხარათ. კრწანისის ბაზის 80%, ასევე აეროპორტის გზაზე სამხედრო ქალაქი ამათი აშენებულია და ეს იყო ერთადერთი ბაზა, რომელსაც საიდუმლო ობიექტებზე წვდომა ჰქონდა. აშენებდნენ საიდუმლო ობიექტებს, არემონტებდნენ და მხოლოდ მათ ჰქონდათ იქ შესვლის ნებართვაც. ბაზაში მომუშავე ადამიანებიდან ძალიან ცოტაა სამხედრო პირი, უმეტესობა სამოქალაქოა. ეს სამსახური რომ დაშალეს, სამხედროები კადრების დაქვემდებარებაში გადაიყვანეს და დაჰპირდნენ, სადღაც დაგასაქმებთო, 450 ადამიანი კი პირდაპირ სახლებში გაუშვეს. 130 ადამიანს ამჟამადაც ამუშავებენ სამხედრო ქალაქის მშენებლობაზე, რადგან მინისტრმა გამოაცხადა, სამხედროებს ბინები ვადაზე ადრე უნდა გადავცეთო და ეს ობიექტები სასწრაფოდ უნდა დაასრულონ, თუმცა არც ერთ იქ მომუშავეს ამჯერად კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს, მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდნენ, დაგტოვებთ და ხელფასს მერე ჩაგირიცხვთო. ხელფასი რომ არ ჩაურიცხონ, ისინი იურიდიულად ვერანაირ პასუხს ვერ მოითხოვენ.

ეს სამსახური თავდაცვის უწყებაში 2009 წელს შეიქმნა, მანამდე ამ საქმეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აკეთებდნენ, თუმცა საიდუმლო ობიექტებზე წვდომა ჰქონდა მხოლოდ საინჟინრო ბრიგადას და გარეშე პირი იქ იშვითად შედიოდა. წელიწადნახევარია, ამ სამსახურში მომუშავე ადამიანები ძალიან დაჩაგრულად გრძნობენ თავს, რადგან მათ აღარ აძლევენ სამედიცინო დაზღვევის ბარათებს, არც სახელფასო დანამატებს, პრემიებს და ხელფასზე დანამატს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ამ სამსახურში თუ მშენებლობაზე 10 ლურსმანი დასჭირდებოდათ, მას თავდაცვის სამინისტრო თავად ყიდულობდა და უგზავნიდა, ანუ სამსახურს საკუთარი ბიუჯეტი არ ჰქონდა. მათ ყოველწლიურად უდებდნენ კონტრაქტებს. როცა პრესკონფერენცია გავაკეთე და განვაცხადე, რომ ამ ადამიანებს კონტრაქტებს აღარ გაუგრძელებდნენ, მათთან სარდალი მივიდა და უთხრა, _ წინასაახალწლო პერიოდია, არ გინდათ პროტესტი და ხმაური, ყველა აუცილებლად გამოხვალთ 4 იანვრიდან და ჩვეულებრივ იმუშავებთო. როცა 4 იანვარს ეს ადამიანები სამსახურში გავიდნენ, მათ კარი მოუკეტეს და უთხრეს, რომ აღარ მუშაობთო. მერე დაიწყეს საპროტესტო აქციები. ერთობლივად ვითხოვდით მათ სამსახურში აღდგენას, თუმცა მინისტრმა განაცხადა, მე ვერაფერს ვიზამო. ამ ხალხთან სალაპარაკოდაც არავინ მოვიდა, არ აუხსნეს, რის გამო უშვებდნენ სამსახურებიდან. ეს იყო მინისტრ თინა ხიდაშელის „წინასაახალწლო საჩუქარი“. ასეულობით ადამიანი შემოსავლისა და ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს. ასეც რომ არ იყოს, ამ სამსახურის გაუქმება არის დიდი დანაშაული, რომელიც აუცილებლად ცუდ შედეგს მოიტანს.

_ რატომ მიგაჩნიათ ასე, იქნებ, აგვიხსნათ?

_ პირველ რიგში ეს ნაბიჯი დამღუპველია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. ამ ხალხმა საიდუმლო ობიექტების შესახებ ყველაფერი იცის და ვინ არის დარწმუნებული, რომ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში რომელიმე ამაზე არაფერს იტყვის? თანაც ესენი არ არიან სამხედრო პირები და საიდუმლოების შენახვის ვალდებულებაც არ გააჩნიათ. წინასაახალწლოდ, ჯერ კიდევ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გვესაუბრებოდა, სამუშაო ადგილები გავზარდეთ და ბევრს ვასაქმებთო, მაგრამ აგერ მინისტრი ხიდაშელი ამდენ ადამიანს ტოვებს უსამსახუროდ. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ არანაირი ოფიციალური განცხადება ამის ირგვლივ თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია, მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით უპასუხეს. ამაზრზენია ის განცხადება, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტრომ, თუმცა მათი არაკომპეტენტურობა განცხადების დასაწყისშივე იგრძნობა, რადგან ბაზის დასახელება შეცდომით უწერიათ. წერენ, სარემონტო ბაზააო, ამ დროს კი საინჟინრო ბაზაა. ეს ადამიანები 5-6 წელი ამ სამსახურში მუშაობენ და ჯარების განვითარებისთვის იღვწიან, ამიტომ მინისტრი ან რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი უნდა გამოსულიყო და მათთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა მაინც უნდა გადაეხადა, რაც არ გაუკეთებიათ.

ახლა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას წაგიკითხავთ და თან კომენტარებსაც გავაკეთებ.

_ გისმენთ…

_ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცილური გადაწყვეტილება სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის შესახებ მიმდინარე რეფორმის პროცესის ნაწილია“. როგორც ხედავთ, ამბობენ, რომ იქ მიმდინარეობს რეფორმა, თუმცა არავინ უწყის, რა რეფორმაზეა საუბარი, რადგან ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ასეც რომ იყოს, რაც მათ გააკეთეს, ეს გახლავთ ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია. როგორც ჩანს, მათ ამ სიტყვების მნიშვნელობაც არ იციან. „რეორგანიზაცია და მიმდინარე რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტიანობის ზრდას“. იქნებ, თქვენ მითხრათ, 700 კაცის სამსახურიდან განთავისუფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როგორ გახდის ბრძოლისუნარიანს?

ეს გადაწყვეტილება ემსახურება „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას, ნაკლებ ბიუროკრატიულ ხარჯებს და ფინანსური პოლიტიკის ოპტიმიზაციასო“. ორი მუშა ამ ბრიგადაში 600-600 ლარს იღებდა, მაგრამ მათ ავალებდნენ, რომ 10 ათასი კვ.მ. თაბაშირ-მუყაოს ჭერი გაეკეთებინათ და ისინი ამას აკეთებდნენ კიდევაც. 10 ათასი კვ.მ. თაბაშირ-მუყაოს გაკეთებაზე ტენდერი რომ გამოაცხადოს თავდაცვის სამინისტრომ, 7 ათასი ლარიც არ ეყოფა.

_ საუბარი იქით მიგყავთ, რომ, თითქოს, თავდაცვის სამინისტროს უნდა, ამ მშენებლობებზე ტენდერი გამოაცხადოს და ამიტომაც დაშალა ეს სამსახური?

_ დიახ, ასეც არის. ჩვენმა მთავრობამ მიგვაჩვია, როგორ უნდა გაისქელონ მავანმა ადამიანებმა ტენდერებით საკუთარი ჯიბეები. ესეც, მხოლოდ და მხოლოდ, ამიტომ ხდება, რადგან ამ სამსახურის დაშლის შემდგომ, ტენდერების გარეშე, თავდაცვის სამინისტრო ვერანაირი სამუშაოების შესრულებას ვერ შეძლებს. მერე მისი ხელმძღვანელები თუნდაც ოფშორში კომპანიებს დააფუძნებენ, ტენდერებს მოაგებინებენ და იქიდან კარგად იხეირებენ. დიდი ალბათობით ეს ყველაფერი ამ მიზნით ხდება.  სხვანაირად თუნდაც იმიტომ ვერ იფიქრებ, რომ ამ ხალხის ხელით მათ უიაფესი მუშახელი ჰყავდათ და ამ ხალხს იცილებენ. გარდა იმისა, რომ იაფი მუშახელია, მათ მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზეც არ აქვთ პრეტენზია. შეგვიძლია სამხედრო ქალაქში მივიდეთ და ვნახოთ, რომ ამაყობენ იქ შესრულებული სამუშაოებით.

ამ სამსახურში მომუშავე ადამიანებზე სტიქიამ ძალიან მძიმედ გადაიარა. თბილისისა და კახეთის სტიქიების დროს ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და პირველი გვამებიც თბილისში სწორედ მათ აღმოაჩინეს და გამოიტანეს, მაგრამ აი, როგორ დაუფასდათ გარჯა. მართალია, მაშინ საზოგადოება ერთიანი იყო და ყველა ერთად მუშაობდა, მაგრამ მძიმე სამუშაოებს ესენი ასრულებდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ასეთი არაკომპეტენტური და არაადეკვატური პასუხი ამ თანამშრომლების 20%-ს არ წაუკითხავს, რადგან მათ სოციალურ ქსელთან წვდომა არ გააჩნიათ და ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ, რომელიც შეცდომების გარდა, მცდარიც არის.

წერენ, _ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებული სამუშაოების 90% მრავალი წელია, ტენდერებით შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდებაო, რაც ტყუილია. არანაირი სატენდერო კომპანია სამხედრო ქალაქს არ აშენებდა. თუ ტენდერებით აკეთებს რამეს თავდაცვის სამინისტრო, ეს შეიძლება 40%-იც არ იყოს. „ტენდერებში გამარჯვებული სამოქალაქო კომპანიები სამხედრო ბაზებს, საცავებს, საიდუმლო ობიექტებს, სასადილოებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს აშენებენო. თავდაცვის სამინისტროს ვუსვამ კითხვას: რატომ ჰქვია საიდუმლო ობიექტი, თუ ტენდერს აცხადებ და მერე ნებისმიერ პირს შეუძლია, მის შესახებ ყველაფერი გაიგოს? თუ ეს ინფორმაცია ჩვენს მტრებთან მოხვდება, თავდაცვის სამინისტრო მერე რას შვრება? ასეთ შემთხვევაში არანაირი დაზღვევა, რომ საიდუმლო ობიექტების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსხურებისთვის ცნობილი არ იქნება, არ არსებობს. თავდაცვის სამინისტრო დანაშაულს სჩადის, როცა ასე ფიქრობს, ტენდერს გამოაცხადებენ და ნებისმიერ პირს გააკეთებინებენ იგივე საქმეს.

„სტრუქტურული ერთეული, რომელმაც დღეს აქცია გამართა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში სამხდრო მოსამსახურეების საცხოვრებლების მშენებლობით იყო დაკავებული“. ესეც სიცრუეა, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობდა და უკვე დაგისახელეთ, რომელ სამუშაოებში მონაწილეობდნენ, ანუ მხოლოდ ამ საქმით არ ყოფილან დაკავებულნი. _ სამუშაოს ადგილების გაუქმებაზე საუბარი უადგილოა, რადგან სამუშაოები შესრულებული და ღიაა და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გააგრძელებენ ამ ადამიანების დასაქმებასო. ესეც, რა თქმა უნდა, ტყუილია, რადგან ეს ადამიანები რეალურად უკვე გაუშვეს. ამ კომპანიებს უკვე ჰყავთ საკმარისი თანამშრომლები და ვინც ასე არ არის, ის ტენდერში ვერც გაიმარჯვებს. საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ ხალხის დასაქმებას? ისე ხომ არა, რომ მინისტრი მათ აიძულებს, ზედმეტი ხალხი მიიღონ? თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საიდუმლო ობიექტების მშენებლობები და რემონტი დიდი ხანია, ტენდერებით ხორციელდებაო. არც ეს გახლავთ სიმართლე. ასე რომ იყოს, ე. ი. ჩვენი საიდუმლო ობიექტების შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის და თუ ეს ასეა, რატომ ჰქვია მათ კვლავ საიდუმლო? არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია სამხედრო საიდუმლოებებზე. ეს წერილი აუცილებლად უგუნური ადამიანის დაწერილია, რომელმაც ვითომ პასუხი გასცა ამ ხალხის პროტესტს, სინამდვილეში კი უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე სამინისტრო აქამდე უშვებდა. ასევე განცხადებაში წერია, რომ ამ სამსახურის სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 7 მილიონს აღემატება, რაც თავისთავად არაეფექტიანად სახსრების ხარჯვის მაგალითიაო. ეს 7 მილიონი ლარი ერთი წლის განმავლობაში ვირული მუშაობის შედეგია. ამ ფულით სრულდება ის სამუშაოები, რომლებსაც ტენდერით 700 მილიონიც არ ეყოფა და ა. შ. ოჯახში, ალბათ, ყველას ჩაუტარებია სარემონტო სამუშაოები და ცხადია, ფასები იციან. კვადრატული მეტრი იატაკის დაგება ღირს 8 ლარი და წარმოიდგინეთ, რა ფული დასჭირდებათ, არადა, თვეში 600 ლარად ეს ადამიანები ასობით კვადრატს აგებდნენ. იცით, კიდევ რა წერია? _ თუ ეს ბაზა აუცილებელია, რატომ არ აქვს ის დევნილთა სამინისტროს, რომელიც ამდენ ბინას აშენებსო? ეს კითხვა სრულიად გაუგებარია, რადგან ჩვენ საუბარი გვაქვს სამხედრო სამუშაოებზე და არა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობებზე. ხვალ რომ ომი დაიწყოს, ამ ბაზის თანამშრომლებმა უნდა გათხარონ სანგრები და ომის დაწყების მერე რომ გამოაცხადებს ტენდერს სამინისტრო და გამარჯვებულის გამოვლენას შეუდგება, მე მგონი, სანგარი საჭირო აღარც იქნება. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ყველაფერს საინჟინრო ბრიგადა გააკეთებს და განთავისუფლებული ადამიანების ერთი ნაწილი იქით გადავაო, მაგრამ ამ ბრიგადაზე ექსკლუზიურად შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია და გითხრათ, რომ უკვე ამ ბრიგადიდანაც აპირებენ ხალხის განთავისუფლებას და ამჯერადაც იტყუბა სამინისტრო. ბოლოს ისიც განაცხადეს, _ არასდროს გვითქვამს უარი შეხვედრაზე და დიალოგზე. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, დამატებითი განმარტებები მივცეთ ამ ადამიანებსო. მაგრამ მათ არავინ გამოეხმაურა. ერთხელ სარდალმა დაუბარა, _ თუ გინდათ, სამ კაცს მიგიღებთო. 700 კაცამდეა გაშვებული სამსახურიდან და სამ კაცს უნდა მისცენ განმარტება? ბოლოს მასხრად აგდება ამ წერილში იყო ის, რომ დაწერეს, თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან უსაგნო პოლიტიკურ დებატებში შესვლასო. ისინი, უბრალოდ, ზუსტად უნდა ჩამოყალიბდნენ, სსრ კავშირის აღდგენა სურთ, თუ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაო? მომიტევოს ყველამ, მაგრამ მინისტრი ხიდაშელი თუ განმიმარტავს, რომ 700 კაცის განთავისუფლება დემოკრატიულ საქართველოს ააშენებს, ბოდიშს მოვიხდი.

_ 2009 წლამდე როგორ იყო, ან 2008 წელს ვინ თხრიდა სანგრებს?

_ 2008 წლის ომმა ცალსახად გამოააშკარავა, რომ ჩვენი ყველა ობიექტის შესახებ მტერს ინფორმაცია ჰქონდა. ეს ტენდერის ბრალი იყო თუ არა, ცალსახად ვერ ვიტყვით, მაგრამ სწორედ ამის გამო დადგა დღის წესრიგში ასეთი სამსახურის შექმნა, რათა ეს ინფორმაცია მაქსიმალურად მოქცეულიყო ნაჭუჭში და ნებისმიერ ადამიანს მასზე წვდომა არ ჰქონოდა. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს იყო სამსახური, რომელმაც დამატებით 700 კაცი დაასაქმა და დღეს ეს ადამიანები ყველაფრის გარეშე დარჩნენ.

რა უნდა თინა ხიდაშელს, ამით კარგად ჩანს. როგორც უკვე გითხარით, ინფორმაცია მოვიპოვე იმის თაობაზე, რომ საინჟინრო ბრიგადაშიც დაიწყება ხალხის სამსახურიდან გაშვება და ეს მოხდება, მაქსიმუმ, ერთ თვეში.  სამოქალაქო პირების 90 პროცენტი საინჟინრო ბრიგადაშიც აღარ იმუშავებს და დატოვებენ მხოლოდ ვიწრო სპეციალობის ადამიანებს, მაგალითად ამწის მძღოლს, დურგალს და ა. შ. უკვე იციან კონკრეტული გვარ-სახელები, რომლებსაც ერთ თვეში სამსახური აღარ ექნებათ. შეიარაღებული ძალების სარდალი ცხვედიანი სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად ფიქრობს, რომ ნებისმიერ საქმეზე, თუნდაც ლურსმნის მიჭედებაზე, გამოაცხადოს ტენდერი და საკუთარი ძალებით არ გააკეთონ. ტენდერი საქართველოში როგორც ხდება, ამის ყველაზე კარგი მაგალითია თბილისის მერია. მერიის, დევნილთა სამინისტროსა და სხვა უწყებების მაგალითებზეც კარგად ვიცით, ტენდერებიდან „ატკატებით“ ფული როგორ ტყდება. ე. ი. თავდაცვის სამინისტროში ფულის კეთების ახალი სეზონი იწყება. თანაც ეს ხდება წინასაარჩევნოდ, რადგან რასაც ხელისუფლება აკეთებს, არჩევნებში გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს და, ალბათ, არც აქვს.

თავდაცვის მინისტრს ანი დოლიძის სახით ისეთი მოადგილე ჰყავს, ანუ ყოფილი ენჯეო, რომელმაც კარგად იცის, პროექტებით ფული როგორ აიღოს. ერთ-ერთი მოადგილე კი წინათ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და ცხადია, კარგად გაარკვევს სხვებსაც,  ფინანსურ ნაწილში როგორ სჯობს ტენდერების ჩატარება. მაგრამ პასუხი გამცენ კითხვაზე, _ ომის დროსაც ტენდერს გამოაცხადებენ?

ამ ყველაფერზე დასკვნა ერთია _ ქვეყნის უსაფრთხოება არის დანგრეული და ჩამოშლილი. სამხედრო საიდუმლო ობიექტების საჯაროობა მოიტანს იმას, რომ დაცული ინფორმაცია ქვეყანაში აღარ იარსებებს და ინფორმაციები საიდუმლო დაწესებულებებზე ყველა ქვეყნისთვის მარტივი მისაწვდომი გახდება. ასე რომ, ამ ნაბიჯებით სახელმწიფო უსაფრთხოების ნორმებიც ირღვევა. გარდა ამისა, სამხედრო ბრიგადა ნატოს თითქმის ყველა შეიარაღებულ ძალებს ჰყავს. თანაც ამჯერად საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ბოლო სამი წელია, საომარ მდგომარეობაშია და ისეთ გეოპოლიტიკურ არეალზე ვცხოვრობთ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.

_ ჩვენი რეალური მტერი არის რუსეთი და ამ ნაბიჯებით ვის თამაშს თამაშობს თავდაცვის სამინისტრო? ცოტა დავიბენი, _ თავდაცვის მინისტრი რესპუბლიკელების წარმომადგენელია, მისი მოადგილე პროამერიკულ ძალად მოიაზრება და ამჯერად რა ხდება?

_ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებები რესპუბლიკელების იმიჯს დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბიძინა ივანიშვილი კარგად ვიცით, რა მიმართულებითაც მიდის და მათთან კოალიციაში ყოფნა უკვე სვამს კითხვის ნიშანს, ეს ადამიანები არიან კი დასავლური ორიენტაციის?

ერთი მთავარი მომენტი აუცილებლად უნდა გითხრათ: როცა თბილისის მერია ტენდერს აცხადებს, იქ მონაწილეობდნენ რუსეთში დაფუძნებულები კომპანიები, მფლობელები არიან რუსები, ანდაც ქართველები, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა აჩვენოს, რა სამუშაოები აქვს შესრულებული და მათ აჩვენეს რუსეთში შესრულებული სამუშაოები. ჩემი აზრით, თავდავის სამინისტროს ტენდერებშიც ასე მოხდება და ეს რასაც ნიშნავს, კარგად მიხვდებით.

 

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი

12570915_10207568819914002_662687206_n