ბუცისა და ჰალსტუხის ამბავი – SALE 50%

rere33

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 3 ოქტომბრიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს _ ხელისუფლების ფავორიტი ლევან კობიაშვილი, რომელიც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ანაზღაურების ახალ სისტემას ნერგავს. ამ ყველაფერზე მან ახლახან პრესკონფერენციაზე განაცხადა და საფეხბურთო სამყაროც აალაპარაკა.

აღმასკომის გადაწყვეტილებით 17 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს, 19 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი გიორგი ყიფიანი იქნება; 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება აღნიშნულ თანამდებობაზე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ეროვნულ ნაკრებებში ანაზღაურების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება. ხელშეკრულების ახალი მოდელი ყველა ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის პრემიული სისტემის ამოქმედებას გულისხმობს _ ვკითხულობთ ფედერაციის ვებგვერდზე.

რას ნიშნავს პრემიული სისტემა? საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, კახა ცხადაძე, თანახმაა, მაისიდან ხელფასი 25 პროცენტით დაიკლოს, სანდო და კონფიდენციალური წყაროს ცნობით კი კობიაშვილს სურს, ცხადაძემ ხელფასი 50%-ით შეიმციროს და თუ გუნდს დამდეგ შესარჩევ ციკლში კარგი შედეგი ექნება, ცხადაძეს პრემია გამოუწეროს.

ცხადაძე ფიქრობს, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

სანამ ცხადაძის ანაზღაურების თემას მიმოვიხილავთ, ისიც უნდა ითქვას, რომ შარშან ჩვენმა 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი დაძლია და წლეულს ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, გოჩა ავსაჯანიშვილიც, იმედიანად იყო, არ გამათავისუფლებენო, მაგრამ მიუხედავად წარმატებისა, ავსაჯანიშვილი 17 წლამდელთა ნაკრებს ჩამოაშორეს.  პრეცედენტიც უკვე არსებობს _ კობიაშვილის ფედერაცია ასე უხდის მადლობას წარმატებულ მწვრთნელს.

ოფიციალურად ჯერაც არ უთქვამთ, რატომ ჭიანურდება მწვრთნელთა დანიშვნა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში. ცხადია, კულუარებში ამაზეც საუბრობენ, თუმცა მოვლენებს არ გადავასწრებთ და ისევ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებას გადავწვდებით.

საფეხბურთო მილეთში ყველამ იცის, რომ ცხადაძეს ნაკრებში მის წინამორბედზე, თემურ ქეცბაიაზე ბევრად ნაკლები ხელფასი აქვს, დაახლოებით იგივე, რაც მას ბაქოს „ინტერში“ ჰქონდა. ცხადაძეს აზერბაიჯანის ყველაზე მდიდარი კლუბი „გაბალა“ ეპატიჟებოდა და ცხადია, ბაქოს „ინტერზე“ მეტ გასამრჯელოსაც სთავაზობდა, მაგრამ ცხადაძემ სულ სხვა გამოწვევა აირჩია, ანუ ფულს ახალი საქმე, ახალი სარბიელი ანაცვალა. ახლა კი კობიაშვილს უნდა, რომ ცხადაძემ ქამარი მაგრად მოიჭიროს. როგორ გგონიათ, მწვრთნელს ხელფასს რომ გაუნახევრებ და ეტყვი, თუ საბოლოო შედეგი კარგი გექნება, პრემიას გამოგიწერო, ამით გუნდის თამაში უკეთესი გახდება? მწვრთნელის ხელფასის შემცირება უშველის საქართველოს ნაკრებს? მწვრთნელს ფულს რომ მოაკლებ და უფრო მეტ წნეხში მოაქცევ, ეს გამოაკეთებს ვითარებას? მაინცდამაინც ხელფასის განახევრებაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატების შემთხვევაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა პრემია დაიმსახუროს?

შარშან, წინაშესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან ამხანაგური მატჩი 0:3 წააგო და რა თქმა უნდა, შედეგზე ყველაზე მეტად მწვრთნელია პასუხისმგებელი.  კულუარულად მოპოვებული ინფორმაციით, ესტონეთთან თამაშის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი კობიაშვილი გასახდელში არ ჩავიდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთელები არ გაამხნევა.

ფეხბურთელ კობიაშვილს ძალიან მდიდარი კარიერა ჰქონდა და კარგად ესმის საფეხბურთო ნიუანსები. ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ ცხადაძე ხელფასის შემცირებაზე უარს იტყვის და ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება, გუნდის ყოველი ფეხის დაცდენა მწვრთნელზე უფრო ფედერაციის პრეზიდენტს დაბრალდება. მაშ, რა ხდება?

სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ცხადაძისთვის ხელფასის შემცირება არ არის მხოლოდ კობიაშვილის გადაწყვეტილება და ფედერაციის პრეზიდენტი ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს სხვათა აზრს, ანუ მათ, ვინც მას პრეზიდენტობაში დაეხმარა.

კობიაშვილი ერთობ ცივსისხლიანი პრეზიდენტი გამოდგა _ ფედერაციიდან ათეულობით თანამშრომელი გაუშვა. ფეხბურთის ფედერაციაში მეც ვმუშაობდი და იქ მართლაც იყო რამდენიმე ისეთი თანამშრომელი, რომელთა ფუნქცია გაუგებარი გახლდათ, თუმცა ისინი ძალიან დიდ უმცირესობაში იყვნენ. ფედერაციის წინა პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, სხვაგვარად უდგებოდა საკითხს, ის ამბობდა, რომ ფედერაცია არ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამით იმის თქმა სურდა, რომ შტატის ოპტიმიზაცია არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის  პრიორიტეტი. სჯობს, ფული რაც შეიძლება მეტ ქართულ ოჯახში შევიდეს, ვიდრე ფედერაციის თითო ოროლა თანამშრომელს ჰქონდეს ძალიან მაღალი ხელფასი _ დაახლოებით ასეთი გახლდათ სიჭინავას კონცეფცია. მას მიაჩნდა, რომ ფეხბურთის ფედერაციას შეძლებისდაგვარად უნდა დაესაქმებინა ყველა ის ადამიანი, ვისაც რაღაც წვლილი მიუძღოდა ქართული ფეხბურთის წინაშე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიჭინავასდროინდელ  ფედერაციაში ისეთი ხალხიც მუშაობდა, ქართულ ფეხბურთში საქმიანობა მყის ფედერაციის კოპწია ოფისიდან რომ დაიწყო.

კობიაშვილმა ფედერაციიდან მეტწილად ის თანამშრომლები გაათავისუფლა, სიჭინავას მმართველობისას რომ მოხვდნენ იქ. ცხადაძეც მაშინ გახდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

კობიაშვილი 14 წელი ცხოვრობდა გერმანიაში და, ალბათ, მთლად კარგად ვერ აქვს წარმოდგენილი, თუ რას ნიშნავს სამსახურის დაკარგვა ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქისთვის, რომლის ხელფასის უკანაც დგას ოჯახი _ შვილები და ხნიერი მშობლები. გულის აჩუყება და სენტიმენტები კობიაშვილისთვის ვინძლო უცხოა. მე კი მგონია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ყველას უნდა გამოექომაგოს, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის უშრომია და უწვალია განურჩევლად იმისა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებში რევაზ არველაძის მომხრე იყო თუ კობიაშვილის.

კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რომ გახდა, აკა მორჩილაძემ ფედერაციის ყოველთვიურ, იმის აქეთ უკვე დახურულ ჟურნალში სვეტი გამოაქვეყნა: „ძველი, გამოცდილი ხალხის ნათქვამია, სახელმწიფოს ყოველთვის ერთი ვაზნით მეტი აქვსო“, _ დაწერა მწერალმა და მწერალიც იმისაა, რომ ერთი სხარტი და გონიერი წინადადებითაც აღწეროს ამბავი.

ფეხბურთელობის შემდეგ კობიაშვილს ქართულ ფეხბურთში, ფაქტობრივად,  არაფერი გაუკეთებია, ქართულ ფეხბურთში არანაირ თანამდებობაზე არ უმუშავია, ბუცები რომ გაიხადა, მყის ჰალსტუხით დაიმშვენა თავი და ფედერაციის პრეზიდენტად მოგვევლინა. აბა, სად მომხდარა, რომ ფედერაციის პრეზიდენტს საფეხბურთო ჩინოვნიკობის გამოცდილება არ ჰქონდეს, ფეხბურთელობის მერე ეტაპები არ გაევლოს და ერთი წლის შემდეგ  პრეზიდენტი გამხდარიყოს?

ამას წინათ ნოდარ ლადარიამ ფეისბუქზე დაპოსტა: `ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქართველთა შორის გავრცელებული წარმოდგენები სიკეთესა და ბოროტებაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, უფლებებსა და მოვალეობებზე სავსებით საკმარისია ერთობების (ცომმუნიტიეს) შესაქმნელად, მაგრამ ვერასოდეს შექმნის საზოგადოებას (სოციეტყ)~.

ერთი ვაზნის ისტორიაც ამის დასტურად გამოდგება.

კობიაშვილს კი თანამდებობით მოპოვებული ძალაუფლება, ადამიანური ბუნება ებრძვის, თორემ, ზოგადად, კარგი ადამიანია _ ასე მგონია და ვფიქრობ, სინამდვილე სხვაგან არც უნდა იყოს.

 

                                                                                                         დავით თავართქილაძე