რა კავშირშია ,,კამაცუ“, ჭიკაიძე და შიოლაშვილი?!

koma

ექსკავატორ ,,კამაცუს~ ტრაქტორი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტოტექნიკაა. მისი საბაზრო ღირებულება 1 მილიონ ლარსაც კი აღემატება. კახეთში `კამაცუს~ ტიპის ტრაქტორები სულ რამდენიმეა: ერთი ლაგოდეხის რაიონს აქვს, მეორე _ ყვარელს, ხოლო მესამე გუბერნიის საკუთრებაა. თუმცა ვინაიდან გუბერნიას ვითომ მწირი ბიუჯეტი აქვს, ,,კამაცუ“, ნათხოვრობის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ, თელავის თემის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ასე რომ, `კამაცუს~ მოვლა-პატრონობა ამ მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა.

აღნიშნულ ექსკავატორს, ძირითადად, სტიქიის ზონაში არსებული მუნიციპალიტეტები იყენებენ, ასეთი კი კახეთში ოთხია: ლაგოდეხი, ყვარელი თელავი და ახმეტა.

თემას რომ არ ავცდეთ, აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს სამი `კამაცუ~ მთავრობის ადმინისტრაციამ 2010 წელს კახეთს აჩუქა. სწორედ ამ მძიმე ტექნიკის დამსახურებაა, ხშირად მოვარდნილი მეწყერი და წყალდიდობა კახეთში რომ შედარებით მშვიდად ჩაივლის. თუმცა ეს წარსულში დარჩა.

ჯერ კიდევ თვეების წინათ ლაგოდეხში დაკარგულმა მძიმე ტექნიკამ ვოლსკის ბიზნესმენ მეგობარისთვის უსასყიდლოდ მრავალი ჰექტარი ტყე-ღრე გაჭრა, გაასუფთავა და შემდეგ დაზიანებული და დანგრეული მუნიციპალიტეტის ავტოფარეხში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ტრაქტორის შეკეთება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მოუწია… მაშინ `ქრონიკა+~-მა ამ თემაზე სტატია მოამზადა, სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და სამართლიანი ქვეყნის მოქალაქეები რომ ვიყოთ, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია დაკავებული უნდა იყოს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობისთვის, ხოლო საკრებულოს კი მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომლის უფლებამოსილების საკითხი უნდა ჰქონდეს სხდომაზე განხილული…

ჩვენთან კი ასეთი სახის დანაშაული წახალისებულია. და, აი, ასე, ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გია გორთამაშვილმა,  აღმოაჩინა, რომ ,,კამაცუ“, რომელიც გუბერნიისგან თხოვების პრინციპით აქვს თელავის თემის მუნიციპალიტეტს გადმოცემული, გამქრალია…

საკრებულოს სხდომაზე გორთამაშვილი ასახელებდა სოფლებს, სადაც არ და ვერ იმუშავა ტრაქტორმა, სამაგიეროდ, მან მოიტანა შავ-თეთრად ამობეჭდილი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ,,კამაცუ“ სადღაც მუშაობდა, მიწიდან ხეებს ძირკვავდა და ტერიტორიებს ასუფთავებდა…

არაერთი კითხვის მიუხედავად ვერავინ გასცა პასუხი დეპუტატს, სად იყო ,,კამაცუ“, თუმცა ყველამ იცოდა, რომ 1 მილიონად შეფასებული ტრაქტორი დაზიანებული და გაფუჭებული იდგა და მისი შეკეთება 50 000 ლარამდე ჯდებოდა.

ახლა კი მთავარი კითხვა: სად გაქრა ,,კამაცუ“ მას მერე, რაც იგი ტრაქტორისტმა ბოლოს სოფელ ვანთაში ამუშავა?

სოფელი კონდოლი ვანთიდან, დაახლოებით, 4 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი წყალსაშიშ ზონად ნაკლებად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გზების ან ხევების გაწმენდა აუცილებელი არ არის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული ტექნიკის მრავალმხრივ დატვირთვას, მივხვდებით, რომ ტრაქტორი, მაგალითად, ასუფთავებს ხეებისა და ჯაგებისგან მიწებს და უნიკალურ დასამუშავებელ სახნავ-სათესად აქცევს. ამის გარდა ,,კამაცუს“ შეუძლია საგუბრების გაჭრა, გაჭრილი საგუბრების ადგილზე კი თევზის საგუბრების შექმნაც უადვილესია…

კონდოლში ,,კამაცუ“ ორი მიზნით იყო, პირველი: ,,კამაცუს“ საშუალებით მიწა ჯაგებისგან გაიწმინდა; და მეორე: ,,კამაცუმ“ შეძლო მიწის გაჭრა და, ალბათ, საგაზაფხულოდ საგუბრის გაკეთებაც დაიგეგმება…

საკრებულოში ყველამ იცის, რომ 1 მილიონად შეფასებული სახელმწიფო ქონება _ ტრაქტორი _ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის მამულებში მუშაობდა. მაგრამ შიში ხათაბალაა, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, კაბინეტებში კი გულიანად იგინებიან და იმასაც ყვებიან, როგორ მოითხოვა გუბერნატორმა შიოლაშვილმა, ,,კამაცუს“ ჭიკაიძის ახლად შეძენილ მამულებში ემუშავა, მოძრავი ქონება კი ისე გაიტანეს, რომ საკრებულოსგან ნებართვა არ უთხოვიათ, შესაბამისად, არც ქირავნობის თანხა გადაუხდიათ და არც გაფუჭებული შეუკეთებიათ…

 

ჭიკაიძის დეკლარაცია

მართალია, ალექსანდრე ჭიკაიძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში არსად წერია, რომ ექსმინისტრს კონდოლში ჰექტრობით მიწები აქვს „შეძენილი„ და მის საკუთრებაში ითვლება, მაგრამ სოფელ კონდოლში გლეხებს დეკლარაცია არ სჭირდებათ. სოფლის ბირჟაზე მისულს ყველა გულღიად დამეთანხმა, რომ მათ საფელთან ახლოს მდებარე მიწები სწორედ ჭიკაიძის საკუთრებაა, იგი მანამდე სხვა ფიზიკურ პირს ეკუთვნოდა, ახლა კი ყოფილ მინისტრს იმ ტერიტორიაზე სამი მიმართულება ექნება მეურნეობაში: რამდენიმე ჰექტარი აქვს ვენახზე, სახნავ-სათესი მიწა და საგაზაფხულოდ უკვე საგუბრის მშენებლობასაც დაიწყებს. ჯამში, ჭიკაიძის მამულები 10 ჰას აღემატება.

მთავარია, ალბათ, სამი კითხვა:

1. რატომ მალავს ჭიკაიძე შეძენილ ქონებას?

2. 10 ჰა მიწა საკმაოდ ძვირია და რა თანხით შეიძინა ექსმინისტრამა აღნიშნული მამულები? ან რის სანაცვლოდ უყიდეს?

3. რატომ მოიხმარა ჭიკაიძემ მამულების გასაწმენდ და დასამუშავებლად მუნიციპალური ქონება ისე, რომ საკრებულოს არ ჰკითხა?

ახლა კი კანონიერებას რომ დავუბრუნდეთ:

1. ვინც ,,კამაცუ“ საკრებულოს ნებართვის გარეშე გაანათხოვრა, ის სისხლის სამართლის დამნაშავეა;

2. საკრებულოში ყველამ იცის, სად იმუშავა ,,კამაცუმ“, მაგრამ ეს კითხვა მარტო დეპუტატ გორთამაშვილს გაუჩნდა;

3. საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა თავად მიიტანა საკრებულოში ინფორმაცია ,,კამაცუს“ უმისამართოდ წაყვანის შესახებ, თუმცა თავად არ გაახმოვანა. აქვე საინტერესოა, გორთამაშვილს ვინ მისცა ფოტოები? ,,ოცნების“ რომელმა დეპუტატმა, რომელიც კულისებში რჩება და სცენაზე არ გამოდის?

დაბოლოს, რატომ არ დააყენა საკრებულოს თავმჯდომარემ ,,კამაცუს“ დაკარგვის შესახებ პირთა პასუხისმგებლობა? შემთხვევით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავად თავმჯდომარე მხოლოდ იმის შემსრულებელია, რაც მას და მის სავარძელს არ დააზარალებს?..

გაკახელებული ჭიკაიძე კი ღარიბაშვილის გადადგომის დროს თელავში იყო, ლექსო თამაზაშვილსა და მის საძმოს ამშვიდებდა და მოძღვრავდა. რას იზამს ამის მერე „თალიბანი“?

 

                                                                                                         მაკა მოსიაშვილი