ნათია შარაშენიძე VS ბეგლარ სიორიძე

fr4

ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ,,ლეიბორისტული პარტიიდან“, ნათია შარაშენიძემ, ახალი წლის წინა დღეებში ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოზურგეთის მერი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, _ ჯერ შემაგინა, მერე კი ქაღალდების დიდი შეკვრა მესროლაო. ამ ფაქტს გამოეხმაურა ,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი და სამართალდამცველებს მოუწოდა, საქმე შეესწავლათ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ფაქტით პოლიციაც დაინტერესდა. რა მოხდა 28 დეკემბერს ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის კაბინეტში, ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თავად ნათია შარაშენიძე ესაუბრა.

ნათია შარაშენიძე:

_ თქვენმა მკითხველმა თანმიმდევრულად იცის, ბოლო პერიოდში რაც ხდებოდა გურიაში, კონკრეტულად კი ქალაქ ოზურგეთში, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ვრცლად, ამჯერადაც თქვენთან მესაუბრა. 28 დეკემბერს ჩანიშნული იყო ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომა. მართალია, ბიუროს წევრი არ ვარ, მაგრამ როგორც საკრებულოს წევრს, უფლება მაქვს, რომ ბიუროს დავესწრო. იქ ჩემი პირველი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ბიუროს სხდომა ჩატარდა ოთახში, რომელიც ამჟამად უკავია ოზურგეთის მერს _ ბეგლარ სიორიძეს. ამ ეტაპზე ის იმიტომ მუშაობს ამ ოთახში, რომ მის კაბინეტში რემონტია.

_ მერს ბიუროს სხდომის თავის კაბინეტში ჩატარების უფლება არ აქვს?

_ ოთახი, სადაც ამჟამად მერი ზის, საკრებულოს თავმჯდომარის იყო, მაგრამ ის თავის მოადგილესთან გადავიდა, მერი კი მის გაბინეტში გამოიჭიმა. ფაქტობრივად, სიორიძემ გაასახლა საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი ოთახიდან და ბიუროს, რომელიც არის დამოუკიდებელი და მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ატარებინებს მერის კაბინეტში, მისი თანდასწრებით. როცა მერია საკითხს საკრებულოზე წარადგენს, ბიურომ მასზე დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა იმსჯელოს და ეს საკითხი ამის შემდგომ გავა საკრებულოზე. იმ დღეს კი ბიურო არ ყოფილა დამოუკიდებელი. ის ჩატარდა დარღვევებით, მერის კაბინეტში და მას ესწრებოდა თავად მერი _ ბეგლარ სიორიძე. სწორედ ამ ბიუროს სხდომაზე იხილებოდა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერმა წარმოადგინა. ბიუროს წევრები, ცხადია, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ იყვნენ, რადგან მერი ყველა მათგანის მოქმედებას აკვირდებოდა, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ისინიც თვალებში უყურებდნენ მერს საუბრისა და გადაწყვეტილებების დროს, რამე სხვანაირად არ წამოგვცდეს და მერს არ ვაწყენინოთო. სხვაგან რომ ჩატარებულიყო ბიუროს სხდომა, ალბათ, გაცილებით თავისუფლები იქნებოდნენ აზრის გამოთქმაში. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ გავლენა მოახდინა მათზე  და ამ ოთახში ბიუროს სხდომის ჩატარების მიზანიც სწორედ ეს იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის ამჟამინდელ ოთახში თუ არ იყო იმის საშუალება, ბიუროს სხდომა ჩატარებულიყო, აპარატის ოთახში საკმაოდ დიდი მაგიდაა და ბიუროს ყველა წევრი თავისუფლად დაეტეოდა, მაგრამ  რადგან საკრებულო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავდა, ის აუცილებლად მერის ზეწოლის ქვეშ უნდა მიეღოთ და ამიტომაც ჩატარდა ასე. ჩემი პროტესტიც რეალური და დროული იყო, თუმცა მაინც ზარზეიმითა და ტაშით მიიღეს ის, რაც სიორიძეს სურდა.

_ ისეთი რა წერია 2016 წლის ოზურგეთის ახლა უკვე ბიუჯეტში, რომ მერმა ამ ნორმების მიუღებლობას კანონდარღვევა ამჯობინა?

_ პროექტის არც ერთ მუხლზე ბიუროს წევრებს შენიშვნა არ ჰქონიათ. რაც მერიამ შემოიტანა, ის დამტკიცდა კიდეც და სიტყვა-სიტყვით გავიდა საკრებულოზე. ამ პროექტის, ახლა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის, რამდენიმე დეტალზე შევჩერდები: ბიუროს არც ერთ წევრს არ გასჩენია კითხვა, რომ აიპები რიცხოვნობით თუ შემცირდა, მათი სუფსიდიები რატომ გაიზარდა? აიპების სუფსიდირება კი ამ წლის ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს. სუფსიდირების გაზრდის მიზანი მე კარგად ვიცი. აიპებს წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის და ახლაც ასეა. იქ ახლობლებს ასაქმებენ და ასე იხსნება საბიუჯეტო თანხებიც. საკრებულოს ვერც ერთმა წევრმა, მათ შორის, ვერც მე, ვისაც გამოთხოვილი გვქონდა ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რამდენი თანამშრომელია აიპების შტატში, რამდენია უშტატოდ, ვინ არიან ისინი და ა. შ., ვერ მივიღეთ და ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. ოზურგეთის მერი მალავს საჯარო ინფორმაციას მხოლოდ იმის გამო, რომ იქ საგანგაშო სიტუაციაა და არ უნდა, ამ ამბებმა მზის სინათლე იხილოს. როგორც ჩვენთვის არის არაოფიციალურად ცნობილი, ძალიან დიდი ხელფასები აქვთ იქ დასაქმებულ ადამიანებს. აიპები ბოლო დროს შეამცირეს, ზოგი გააერთიანეს, გააუქმეს, მაგრამ არავინ უწყის, ვინც დარჩა, ისინი კი აკეთებენ საქმეს ხარისხიანად? ჩვენ ვითხოვდით აიპებთან დადებულ ხელშეკრულებებს, შტატებს, ხელფასებს, ასევე ვის რა ევალება. გვინდოდა განგვესაზღვრა, არის თუ არა საჭირო ეს აიპები და სჭირდება თუ არა ამგვარი დაფინანსებები მათ, მაგრამ მერი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ მოგცემთო. კულუარულად ვიცით, რომ აქ დასაქმებული ადამიანები არიან მერთან დაახლოებული ოჯახებიდან, მათი სამეგობროდან, სანათესავოდან და ა. შ.

 _ კიდევ რას მიიჩნევთ იმის მიზეზად, ბიუროს სხდომა მერის თანდასწრებით რომ ჩატარდა? 

_ ბიუჯეტის პროექტში, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები გაზრდილია. ბიუროს არც ერთმა წევრმა არ დასვა კითხვა, რატომ არ წარმოადგინეს ანაზღაურების ჩაშლილი ვარიანტი? რატომ არ ჩანდა, რამდენი იყო პრემია და რამდენი _ ხელფასი? გაერთიანებულ მუხლში 90 ათასი ლარი პრემია დევს, მაგრამ ეს რეალურად არ ჩანს, წერია მხოლოდ შრომის ანაზღაურება და თანხა. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პრემია თვალში მოსახვედრი იქნებოდა. მერე საკრებულოს სხდომაზე ვიკითხე, გაიცემოდა თუ არა ამ წელს პრემიები და მიპასუხეს, რომ უნდა გაიცეს 90 ათასი ლარიო, მაგრამ ეს დევს შრომის ანაზღაურების მუხლშიო. ვიმეორებ: ეს უნდა იყოს ჩაშლილ ბიუჯეტში და მოქალაქეც, ჟურნალისტიც და ყველა უნდა ხედავდეს, რა თანხები გაიცემა პრემიებში და რამდენი _ ხელფასებში. ცხადია, ამით უნდა დაინტერესებულიყო ბიუროს ყველა წევრი და ხარვეზიც გამოესწორებინათ, მაგრამ მერი, რომელმაც ასე ისურვა ბიუჯეტის შედგენა, მათ თავზე ედგა, და ხმას როგორ ამოიღებდნენ?!

ბიუროს წევრებმა ასევე ვერ ამოიღეს ხმა ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით. ერთ ბენეფიციარს წელიწადში 150 ლარს აძლევენ, რაც ძალიან მცირე თანხაა. ეს ეძლევათ ხოლმე იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სოციალური დახმარება, მაგრამ რეალურად ძალიან გაჭირვებულები არიან. ამ ბიუჯეტით მათ თვეში 12,50 ლარი გამოსდით, რაც დაცინვაა. ბეგლარ სიორიძეს თუ ეყოფა წელიწადში 150 ლარის ჯანდაცვა და თუ ეყოფა, მაშინ რატომ იღებს თავად წელიწადში 32 ათას ლარს?

საუბარი იყო იმაზეც, რომ წელს გარკვეული პროგრამები დაემატა სოციალური კუთხით, მაგრამ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან რეალურად ბიუჯეტის მხოლოდ 7 პროცენტამდე მოხმარდება სოციალურად შეჭირვებულებს და რომელი სოციალური პროგრამების დამატებაზეა საუბარი? ეს არის თამაში და ციფრებით მანიპულირება. არავის დაუსვამს ეს კითხვა, თუმცა ჩაწერეს, რომ წელს პრიორიტეტი არის ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ახალგაზრდული პროგრამები და განათლება მაშინ, როცა ახალგაზრდულ პროგრამებზე არც ერთი თეთრი არ არის გამოყოფილი. მატება აქვს მხოლოდ ხელფასებს და ინფრასტრუქტურას. დიდი ბოდიში, მაგრამ წინა ხელისუფლებას სწორედ ამას აყვედრიდნენ, _ ფასადებს, შადრევნებს, გზებს აკეთებენო და თავად სხვას რას აკეთებენ? წელს ბეგლარ სიორიძეს დაგეგმილი აქვს, ნახევარი მილიონი დახარჯოს ყოვლად გაუმართლებელ გზის გამყოფებზე. ერთ ქუჩაზე გზის ასეთი გამყოფი უკვე გააკეთა და 160 ათასი ლარი დახარჯა, მაგრამ უკვე ორი ავტოავარია მოხდა და ამის გამო მანქანები დაილეწა. გზაზე მძღოლებისა და მგზავრების მოძრაობა კომფორტული უნდა იყოს, ამან კი გზა ისე დაავიწროვა, ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უვლის. ახლა იგივე სხვა ქუჩებზეც უნდა გააკეთოს. ასევე დაგეგმილი აქვს ფეშენმოსაცდელების მოწყობა. თითოეული 5 ათას ლარამდე დაჯდება, თუმცა გაუგებარია, ვის სჭირდება ეს მოსაცდელები, როცა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის? იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, რაც სიორიძემ აქამდე გააკეთა, ბევრი კითხვის ნიშანია და მის უხარისხობაზე უკვე სხვებიც ლაპარაკობენ. ამის შემმოწმებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ვთხოვ, რომ დაინტერესდეს ქალაქ ოზურგეთში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, გამოყოს კომისია და შეისწავლონ, რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს ასეთი სამუშაოები რეგიონში.

_ საკრებულოს ხომ აქვს იმ პროექტების შემოწმების უფლება, რომელიც თავად დაამტკიცა?

_ საკრებულომ უნდა განახორციელოს საზოგადოებრივი მმართველობა და ის უნდა იყოს საზოგადოების ხმა, მაგრამ ოზურგეთში ისეთი საკრებულო არ არსებობს, რომელიც ამას გააკეთებს. მერმა ხვალ რომ შემოიტანოს საკრებულოს თითოეული წევრის დახვრეტის ქაღალდი, ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოსგან. ხვალ ოზურგეთის დანგრევის გეგმის დამტკიცება რომ მოისურვოს, ამაზეც აუწევს საკრებულო ხელს. არ ვიცი, ეშინიათ თუ რამე გარიგებებს აქვს ადგილი, მაგრამ ფაქტი სახეზეა.

_ როგორც ვიცი, ოზურგეთის საკრებულოში საჯარო კრიტიკა მხოლოდ თქვენგან და კიდევ რამდენიმე წევრისგან ისმის, რის გამოც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ ხშირად აღმოჩენილხართ, ახლა კი, როგორც ამბობთ,  ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლიც გახდით…

_ როგორც ჩანს, ჩემი კრიტიკა, პროტესტი, რეპლიკები დაუგროვდათ. წინა დღეებში საკრებულოს თავმჯდომარესთან საუბარი მქონდა სახლების გადახურვასთან დაკავშირებით. განცხადების შედეგად აღმოვაჩინე, რომ მოსახლეობას, რომელიც სახლების გადახურვას ითხოვდა, მეორადი თუნუქით გადაუხურეს _ სხვა სახლებზე მოხსნილი სახურავები დაუფარეს. ამის გამო ერთ-ერთმა მოქალაქემ საჩივარი შემოიტანა ჩემთან, რის შემდგომაც წავედი, ვნახე და ფაქტი დადასტურდა. ვიღაცამ შესრულებულ სამუშაოებში აღნიშნა, რომ ეს სახლი გადაიხურა და ის პრობლემას აღარ წარმოადგენდა, თუმცა ეს ასე არ არის. ამასთაან დაკავშირებით დოკუმენტაცია გამოვითხოვე, მაინტერესებდა, ამ გადახურვისთვის რა თანხები გაიწერა და როგორ არის აღნიშნული იქ ეს ყველაფერი, მაგრამ დოკუმენტაცია დღემდე არ მომსვლია. აქ რომ რაღაც არაკანონიერი იმალება, ამ დოკუმენტების დამალვითაც ჩანს. გარდა ამისა, გადახურვებთან, გამაგრებებთან, დახმარებებთან, მდინარის კალაპოტთან დაკავშირებით 40-ზე მეტი შუამდგომლობა დავწერე, თუმცა არც ერთი არ დამიკმაყოფილეს. გაზაფხულზე მდინარე ნატანები დიდდება და ირგვლივ ყველაფერი მიაქვს, მე კი მისი ჯებირების გამაგრებას ვითხოვ, მაგრამ არც ამის გაკეთება უნდათ.

სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტების ვიზიტი ოზურგეთში, სადაც მერის, ბეგლარ სიორიძის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ, მე დამაბრალეს და ამის გამოც იყვნენ გამწარებულები. მაშინ თქვენ ზუსტად გადმოეცით იქ არსებული სოტუაცია და ცხადია, ასეთი რამ მათ გეგმაში არ იყო. თქვენ ვერ გაგიბედეს ვერაფერი და ჩემზე დაიბოღმნენ. თუმცა მადლობა მინდა გითხრათ, რომ ჩამოხვედით და სიმართლე დაწერეთ იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება ოზურგეთში.

ახლა კი მოგიყვებით, რა მოხდა იმ დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.

_ გისმენთ…

_ მე მუდმივად ვეუბნები მერს, რომ არაფერს აკეთებს, ხალხისთვის არაფერი კეთდება. მოსახლეობის უმნიშვნელო თხოვნებიც არ არის დაკმაყოფილებული, წყალში იყრება და არამიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტის ფული და ა. შ. ეს უგროვდებათ, როგორც ჩანს, და ახლა, ერთბაშად დამატეხეს რისხვა თავზე. როცა ბიუროს სხდომაზე კითხვა დაისვა, რა დროს უნდა ჩატარებულიყო საკრებულოს სხდომა, ითქვა, რომ 3 საათზე, მაგრამ მერმა შენიშნა, რომ ამ დროს ვერ ჩატარდებოდა, რადგან 30 დეკემბერს ბევრი ღონისძიება მაქვს დაგეგმილი და იქ უნდა ვიყოო. მაშინ მე ვუთხარი, არ არის აუცილებელი, თქვენც დაესწროთ საკრებულოს სხდომას, საკმარისია იქ იყვნენ საკრებულოს წევრები და ის თქვენ გარეშეც ჩატარდება-მეთქი. საქმე ის არის, რომ ისეთ წვრილმან დეტალსაც კი, რომელ საათზე ჩატარდება საკრებულოს სხდომა, მერთან ათანხმებენ. ქსენოფობიური გამონათქვამები, დაცინვა მერიის თანამშრომლებთან ერთად, ჩემი კოლექტიური გაკიცხვა, ჩაკეტვა საკრებულოს დარბაზში და თავისუფლების აღკვეთა არ მაკმარა და ახლა ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა. მას უნდა, ამ ფორმით გამაჩუმოს. მერი ამჯერად ჩემმა უწყინარმა და სამართლიანმა ნათქვამმა გააღიზიანა. როცა ბიუროს წევრებმა დაინახეს, რომ მერი გაღიზიანდა, წინათ ხელისუფლების დროს `ნაციონალი~ და ახლა უკვე `ქართული ოცნებაში~ მყოფი ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირინა საჯაია გამოექომა მერს და მითხრა, _ შენ ყველას ნერვებს უშლი კომენტარებით და კრიტიკული გამონათქვამებით, არაფერი შენ არ მოგწონსო. ბიუროზე მყოფი ხალხი წამოიშალა, პირველი გავიდა საკრებულოს იურისტი, საჯაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდგომ გარეთ უნდა გავსულიყავი, ზურგიდან მერის გინება რომ გავიგონე, _ წადი შენიო! და ამ დროს სახესთან ჰაერის ნაკადმა გამიარა. მილიმეტრებში ამცდა რაღაც და ძირს დაეცა. როცა დავიხედე, დავინახე ქაღალდის სანიშნი ფურცლების შეკვრა. ეს არის საკანცელარიო ნივთი, რომელიც ყველა თანამდებობის პირს უდევს მაგიდაზე. ეს იყო საკმაოდ დიდი შეკვრა იასამნისფერი ყდით. ძალიან გამიკვირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მერმა აიპის თანამშომლები ისე სცემა, რომ მათი საშინელი ფოტოები ფეისბუქითაც გავრცელდა, მისგან არაფერი უნდა გამკვირვებოდა. ბეგლარ სიორიძე ისეა გადასული აზროვნებიდან, რომ საკანცელარიო ნივთებსაც კი ისვრის. უახლოეს საკრებულოზე აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ მისი ფსიქოლოგიური შემოწმება ჩატარდეს და დაიდოს დასკვნა, არის თუ არა ის ჯანსაღად.

საქაღალდის სროლის შემდგომ მოვტრიალდი და სიორიძეს ვკითხე, _ თქვენ მესროლეთ სანიშნეების შეკვრა-მეთქი? ადამიანს დანაშაულზე რომ წაასწრებენ და უცებ ისე მოიქცევა, ვითომ სხვა რამეს აკეთებს, მერიც ისე მოიქცა. ჯერ კომპიუტერში დაჟინებით იყურებოდა, მერე ჭერში დაიწყო ცქერა და თან მეუბნებოდა, _ რა, მე რა გესროლეო? მისი საქციელი ძალიან არაადეკვატური იყო. საკრებულოს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც გვერდით მედგა და რეალურად უნდა დაენახა, ვინ მესროლა ქაღალდების შეკვრა, ვკითხე, _ ხომ დაინახე, სიორიძემ რომ ისროლა-მეთქი, მაგრამ მან მიპასუხა, _ არა, მე ქვემოთ ვიყურებოდიო. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ზოგი გვერდით იყურებოდა, ზოგი ქვემოთ, ზოგი ერთმანეთში ლაპარაკობდა და სიორიძე ჭერში ბუზებს ითვლიდა. მდივანმა, რომელიც გარეთ ზის, ეს ამბავი ასე ახსნა, _ სანიშნე დამაგრებულია კარის თავზე და მოქალაქეებს ამით ვინიშნავთო. ვერ გავიგე, ეს როგორი ტექნოლოგიით ხდება, მაგრამ მერე ამ სანიშნეს ვეძებდი, რათა ჟურნალისტებისთვის მეჩვენებინა, რამხელა საკანცელარიო ნივთი მესროლა ქალაქის მერმა და ვეღარ ვიპოვე. მითხრეს, რომ ის გადააგდეს, _ ჩაი ავადუღეთ, ზედ დავდგით, დაიღვარა, გაფუჭდა და გადაგდებაც ამიტომ გადავწყვიტეთო. ეს მოხდა შემთხვევიდან 5-6 წუთში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ამჯერად მერის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გავხდი.

ამის მერე ირინა საჯაიას კაბინეტში შევედი და ვკითხე, რა პრეტენზიები ჰქონდა ჩემთან. მან მითხრა, რომ მისი აგრესია გამოწვეული იყო ჩემ მიერ გავრცელებული კარიკატურის გამო.

_ რომელ კარიკატურაზეა საუბარი?

_ რამდენიმე დღის წინ ჩემი ფეისბუქის გვერდზე დავდე მერის კარიკატურა, რომელიც ახალგაზრდა სტუდენტმა დახატა. მას არ სურს საკუთარი სახელით და გვარით გამოჩენა. მე ეს ჩემს გვერდზე დავდე, რადგან მივიჩნიე, რომ ზუსტად ესადაგებოდა ოზურგეთის საკრებულოსა და მერის ამჟამინდელ ურთიერთობებს. კარიკატურაზე მერს ჯიბე აქვს გაწეული და იქ ის დეპუტატები უსხედან, რომლებიც მუდმივად ხელს უწევენ მის მოთხოვნებს და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. ჩემს საუბარს საჯაიასთან ესწრებოდა ერთ-ეთი ჟურნალისტიც, რომელმაც მოისმინა, როგორ მითხრა ამ ქალბატონმა შეურაცხმყოფელი სიტყვები და დამემუქრა კიდეც, _ გპირდები, წიხლქვეშ გაგიგდებო. ირინა საჯაიამ როგორ უნდა გამიგდოს წიხლქვეშ, არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ვინმეს დაავალებს ამის გაკეთებას. ასე მემუქრება ადამიანი, რომელიც გარდა იმისა, რომ ქალია, ასევე გახლავთ რაიონის გენდერული საბჭოს წევრი, საკრებულოს იურიდიული, საპროცედურო, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. ახლა დასკვნა თქვენთვის მომინდვია, არის თუ არა ეთიკასთან კავშირში მისი საქციელი. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, როგორმე გამაჩუმონ, შემაშინონ და მე ხმა არ ამოვიღო მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე. თუ გავჩუმდები, ალბათ, მეც მომცემენ პრემიებსაც, თანამდებობასაც და სხვებივით სასურველი წევრი ვიქნები.

_ ე. ი. საკრებულოს წევრებს პრემიებს აძლევენ?

_ მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირები იღებენ პრემიებს. ახალი წლის წინ საკრებულოსა და მერიაში პრემიები დარიგდა და მე ერთი თეთრიც არ მიმიღია. როცა გაიგეს, რომ პრემიები დარიგდა, წერილები მომდიოდა, _ რატომ უკან არ აბრუნებო?! ამიტომაც ფეისბუქზე პოსტი დავწრე, _ მე არაფერი ამიღია და რაც არ ამიღია, რა დავაბრუნო-მეთქი? ყველა თანამდებობის პირმა მიიღო ხელფასის ოდენობის პრემია და ცხადია, ეს რომ არ შეუწყდეთ, ყველას დაუპირისპირდებიან. 2015 წელს ხელფასებიც მოიმატეს და პრემიებიც დაირიგეს წლის ბოლოს.

_ მერმა თქვა, შარაშენიძეს ოპოზიციონერობა ის ჰგონია, ყველაფერს კრიტიკულად რომ უყურებდესო და რა გგონიათ იპოზიციონერობა, ან ოზურგეთის მერს რა ჰგონია მერობა, იქნებ, განგვიმარტოთ?

_ სიორიძეს მერობა ხალხის ხარჯზე უზრუნველი ცხოვრების მოწყობა ჰგონია. გაჭირვებულს 150 ლარს რომ მისცემს, წელიწადში და თავად 32 ათას ლარს აიღებს, ამას კიდევ პრემიას წაამატებს. სიორიძეს მერობა კიდევ ის ჰგონია, კრიტიკული აზრი რომ ჩაახშოს და ებრძოლოს, ხალხის აზრი არაფრად მიიჩნიოს და თავის ჭკუაზე მოაწყოს ფეშენმოსაცდელები და საბილიარდოები, რომელიც რეალურად ხალხს არ სჭირდება. ხლხისთვის მართლა რომ ფიქრობდეს, ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ოზურგეთელისთვის. ჩემი ოპოზიციონერობა კი ის მგონია, რომ რაც მერს ეშლება, რაც ხალხს უნდა, მაგრამ იგი არ აკეთებს, მივუთითო და გავაფრთხილო, რომ გააკეთოს. ხალხმა იმიტომ მიმიყვანა საკრებულოში, რომ მათი აზრი აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მიმეტანა, თუმცა ეს მათ არ აინტერესებთ.

ჩემმა ლიდერმა, ,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა, ფიზიკური დაპირისპირების გამო მიმართა პროკურატურას, დიპლომატიურ კორპუსს და მეც მივმართე სამართალდამცველ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკაში ქალთა ჩართულობაზე მუშაობენ. უკვე დაინტერესდა რაიონის პოლიციაც. ის, რომ ფაქტით დაინტერესდნენ, უკვე კარგია და იმედისმომცემი.

,,ქრონიკა+“ ბეგლარ სიორიძეს იმ მიზეზით არ დაუკავშირდა, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს განგვიმარტა ოზურგეთის მერის პრესსამსახურმა – სიორიძე ნათია შარაშენიძის შეფასებების კომენტარისთვის არ შეგვეწუხებინა.

 

 

                                                                                                               ნელი ვარდიაშვილი