ეკოლოგია, დაბალი კულტურა და ბრძოლა სქესთა შორის

tcf

თუ რა მნიშვნელობის საკითხია ეკოლოგია, ყველას მოეხსენება. ეკოლოგიაზე ხომ პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ტერმინი „ადამიანის ეკოლოგია“ ჯერ კიდევ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას შეიცავს ადამიანის გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. ადამიანის ეკოლოგია ცალკე მეცნიერებაა და მის მთავარ თავისებურებას მრავალდისციპლინური ხასიათი წარმოადგენს. ამ მეცნიერებაში განიხილება სოციოლოგიური, გეოგრაფიული, მედიკო-ბიოლოგიური პრობლემები და საკითხები.

თუ სამედიცინო ლიტერატურას მოვიშველიებთ, ეკოლოგია ბიოლოგიური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ორგანიზმისა და მისი საარსებო გარემოს კანონზომიერებას, განვითარებისა და არსებობის კანონებს ბიოსფეროში, ანუ დედამიწის იმ სივრცეებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

ქრონიკა+“-ის რესპონდენტია დავით ცხომელიძე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, რომელსაც ადამიანის ეკოლოგიაზე ვესაუბრეთ:

_ ამ დროისთვის რა არის ყველაზე მწვავე ეკოლოგიური პრობლემა?

_ ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა ჟანგბადის ნაკლებობაა. ჟანგბადის ნაკლებობა ფიქსირდება მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც. გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქში გაიზარდა ხმაურიც, რაც იწვევს ნევროზის სხვადასხვა ფორმას და კიდევ არაერთ დაავადებას, მაგალითად, სმენის დაქვეითებას; ხმაური განსაკუთრებიც ცუდად მოქმედებს ნაინფარქტალებზე;

მოიმატა მოლეკულური ტიპის დაავადებებმა, მაგალითად, მიტოქონდრიამ, ანუ ენერგიის დაქვეითებამ ადამიანებში; ეკოლოგიის გაუარესების შედეგია პეროქსისომური დაავადებებიც _ ორგანიზმში ტოქსინები სათანადო დონეზე ვერ იშლება; მოიმატა დაავადება ცეველგერის სინდრომმა, რომელსაც შეუძლია ერთ წელიწადში მოკლას ადამიანი; გაიზარდა ცისტური ფიბროზმის შემთხვევებიც _ ფილტვებიდან და პანკრიასიდან ლორწო არ გამოიდევნება.

_ ეკოლოგიის დაბინძურება ხელის გულზე ჩანს: მაგალითად, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსებთან მომრავლდა სასურსათო მაღაზიები, სადაც სადისტრიბუციო მანქანები გროვდებიან, რომლებიც დიზელის საწვავზე მუშაობენ. ერთ ასეთ მაღაზიას დღეში ათზე მეტი სადისტრიბუციო მანქანა აკითხავს, რომლებიც ტროტუარზე ამოდიან და ზედ მაღაზიის კართან ჩერდებიან დაქოქილი დიზელის ძრავით. ცნობილი ფაქტია _ ევროპულ ქვეყნებში სახელმწიფო დიზელის საწვავზე აქციზს ზრდის და დიზელის საწვავი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბენზინი. ეს კეთდება იმისთვის, რომ დიზელის მოხმარება შეიზღუდოს, რადგან დიზელის გამონაბოლქვი გაცილებით უფრო საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ბენზინის. როგორ ფიქრობთ, საქართველოს დედაქალაქში ამაზე რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას?

_ რეფრაქტორი წარმოადგენს ადამიანის უჯრედის ერთ-ერთ თვისებას. უჯრედში რომ საკვები შევიდეს, ამისთვის საჭიროა რეცეპტორი, მაგრამ თუ საკვები ცუდია, რეცეპტორი იმალება და ორგანიზმს ეს ცუდი საკვები მიეწოდება. ანუ რეფრაქტორით ჩვენ ვიცავთ თავს, მაგრამ რეფრაქტორის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და დიდ შემოტევებს ვეღარ უძლებს. საცხოვრებელ კორპუსებთან გამონაბოლქვის დიდი კონცენტრაცია ადამიანის დამცავ საშუალებებს ასუსტებს და უმჯობესი იქნება, თუ დიზელზე მომუშავე სადისტრიბუციო მანქანები ტროტუარზე არ ამოვლენ და ბორდიურთან გაჩერდებიან.

ბევრი ალკოჰოლის მიღების დროს ორგანიზმში შხამი გროვდება და ეს ტოქსინები პეროქსისომების საშუალებით იშლება. როცა ორგანიზმი ალკოჰოლით იტვირთება, ღვიძლსა და თირკმლებში პეროქსისომების რაოდენობა იზრდება, რაც ღვიძლსა და თორკმლებს შხამის განეიტრალებაში ეხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანს არ შეუძლია, უსასრულოდ გაუძლოს ყველაფერს, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შხამის რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

_ ადამიანის ურთიერთობა ცხოველებთან, მათგან გადამდები დაავადებები _ ამ მხრივ რა მდგომარეობაა ჩვენთან?

_ ინდონეზიაში ასეთი რამ მოხდა _ პალმის ზეთის მისაღებად პალმის ხეები გაჩეხეს, ფაქტობრივად, ტყეები განადგურდა, რის შემდეგაც პალმის ტყეებში დაბუდებულმა პარაზიტებმა სახლი დაკარგეს და მათი ახალი მასპინძელი ადამიანი გახდა, ამან კი პარაზიტოლოგიური დაავადებების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ექინოკოკიზმმა და ლეიშმანიოზმა შესაძლოა იმიტომაც მოიმატა, რომ ამ პარაზიტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა. იმატა ტოქსოპლაზმის შემთხვევებმაც, რომლის გადამდებიც კატაა. ტოქსოპლაზმა კატის ბეწვიდან და განავლიდან გამოდის და თუ ორსული ქალი ტოქსოპლაზმით დაავადდა, ქალის პლაცენტიდან დაავადება ნაყოფზე გადადის.

პარაზიტული დაავადებების ზრდას ხელს უწყობს დაავადებული მაწანწალა ძაღლების მომრავლება. ესტონეთში მაწანწალა ძაღლები მოსახლეობამ სახლში შეიკედლა, ასეთ დროს ძაღლი ადამიანის ყურადღების ქვეშაა და ცხადია, მისი დაავადების რისკი მცირდება. გარდა ამისა, ძაღლთან და, ზოგადად, ცხოველებთან ურთიერთობა ძალიან კარგი საშუალებაა ნევროზის საწინააღმდეგოდ. ახლა ვნახოთ, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა ჩვენთან: ძაღლები და კატები თბილისშიც უყვართ, მაგრამ ჩვენთან ცხოველის მოვლის კულტურა დაბალია. თბილისის ცენტრალურ უბნებშიც კი ნახავთ სახლიდან გამოყვანილი ცხოველების ფეკალიებს, რადგან ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი თავს არ იწუხებს მათი ნაგავში გადაყრით. ამასობაში კი ცხოველთა ფეკალიები ხმება და მათში არსებული პარაზიტული კვერცხები ჰაეროვანი გზით გადაედება ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს. ერთი სიტყვით, ჩვენთან შინაური ცხოველების მოვლა დასახვეწია. ეკოლოგიური ბალანსი არ უნდა დაირღვეს. ძაღლთან ურთიერთობა ხელს უწყობს ნევროზისგან განთავისუფლებას, თუმცა თუ ძაღლს სათანადოდ არ მოვუვლით, ბალანსი ირღვევა და დაავადებათა რისკი იზრდება. გასათვალისწინებელია, რომ ძაღლის მაღალ დონეზე მოვლა ძვირი, თვეში, დაახლოებით, 600 ლარი ჯდება. ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე არაფერი არ უნდა მოხდეს.

დაბალი კულტურაა თამბაქოსთან მიმართებითაც: საქართველოში სიგარეტს ეწევიან კაფე-რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ლიფტშიც კი!..

პარაზიტული დაავადებებიდან უნდა ვუფრთხოდეთ ტრიქინელოზსაც: არ შეიძლება ღორის ხორცის ყიდვა ნებსიმერ ადგილას. საკვებად მისაღები ხორცი თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს. ტრიქინელოზი გადადის დათვის ხორცისგანაც და ეს დაავადება ზოგჯერ მონადირეებსაც ემართებათ.

სოფლად ხშირად ყველა ცხოველი ერთად ჰყავთ. ფრინველისგან შემოსული ვირუსი გადაიქცა ღორის გრიპად _ ანუ არ უნდა მოხდეს რეკომბინაცია.

_ არსებობს მეცნიერული მოსაზრება, რომ ქალი მამაკაცზე უფრო მედეგია სხვადასხვა დაავადების მხრივ. თქვენ რას გვეტყოდით ამის შესახებ? რა ვითარებაა სქესთა შორის ბრძოლის ველზე?

_ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ქალზე 30%-ით უფრო მავნე გავლენას ახდენს, ვიდრე მამაკაცზე. ეს განპირობებულია იმით, რომ მამაკაცის სხეულის წონა უფრო მეტია და მამაკაცს ქალზე მეტი ფერმენტი აქვს ტოქსინებთან საბრძოლველად. ცხადია, არის ისეთი ინდივიდუალური შემთხვევებიც, როცა ქალი მამაკაცზე უფრო კარგად იტანს ჭარბ ალკოჰოლს.

ქალის გული მოცულობით კაცისაზე მცირეა და უფრო ხშირად იკუმშება _ მამრის გული წუთში, საშუალოდ, 72-ჯერ იკუმშება, მდედრის კი _ 90-ჯერ. ქალის გულის მარცხენა კედლის სისქე კაცისაზე უფრო თხელი და ელასტიურია და ინფარქტისთვის უფრო მედეგია.

ქალის თმები კაცისაზე 2 მილიმეტრით უფრო ღრმად აღწევს კანში და თმის ცვენის რისკიც გაცილებით დაბალია.

ქალის ორგანიზმი შეიცავს 50-60 პროცენტ სითხეს, კაცის კი _ 60-70 პროცენტს. ანუ კაცის სხეული უფრო მძიმე და ნაკლებად მედეგია.

კაცის ორგანიზმში მოძრაობს, დაახლოებით, 4,5 ლიტრი სისხლი, ქალისაში კი, დაახლოებით, 3,6 ლიტრი. ყოველ წვეთ სისხლში კაცს ქალზე მეტი უჯრედი აქვს, რის გამოც ინფარქტის და ინსულტის რისკი უფრო მეტია, რადგან სისხლის პლაზმა უფრო სქელია.

მამაკაცებში ნივთიერებათა ცვლა უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ქალებში. კაცს ქალზე 700 კალორიით მეტი სჭირდება. კაცის სხეულის ტემპერატურა უფრო მაღალია. ყოველივე აქედან გამომდინარე, კაცი ქალზე უფრო ღონიერია და მეტ ფიზიკურ დატვირთვას იტანს.

ქალებს კაცებზე უფრო დიდხანს სძინავთ, _ დღეში, დაახლოებით, 2 საათით მეტი და ამიტომაც კაცებზე უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, თუმცა უძილობას ქალის ნერვული სისტემა უფრო მწვავედ განიცდის.

ქალს უფრო მეტი შანსი აქვს, ცუდი გენები მოიცილოს. ქალს აქვს ორი X ქრომოსომა და შეუძლია, ერთი ქრომოსომა, რომელიც უფრო დაზიანებულია, გათიშოს.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად, რა გარემოში ცხოვრობს ქალი. ევროპელი ქალი, დაახლოებით, 6 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე სხვა კონტინენტის ქალი, რადგან ევროპელი ქალი ერიდება ცხიმიან საკვებს და უფრო სწრაფად გამოდის სტრესიდან.

_ ეკოლოგია და ონკოლოგიური დაავადებები? აქ რა რჩევებია სასარგებლო?

_ ადამიანს აქვს ასეთი გენი: P53. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გენი, რომელიც ამავე სახელწოდების ცილას წარმოქმნის. ეს გენი მოლეკულურ დონეზე მუტაციებისგან გვიცავს. სიმსივნის ვირუსიც სწორედ P53-ის მოშლას ცდილობს და როცა გარემო დაბინძურებულია, P53-ს სიმსივნის ვირუსთან ბრძოლა უჭირს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ალკოჰოლის ჭარბი მიღება იოლად ვერ ამარცხებს P35-ს, მაგრამ როცა ადამიანი ალკოჰოლთან ერთად სიგარეტს ეწევა, სიმსივნის ვირუსი მნიშვნელოვნად აზიანებს P53-ს. ზომიერება და ბალანსი ყველგან უნდა დავიცვათ.

_ ეკოლოგიის თემას მოიცავს გენმოდიფიცირებული საკვებიც. ამ მხრივ რა ტენდენცია იკვეთება?

_ გენმოდიფიცირებულ საკვებს უნარი აქვს, რომ ადამიანის სხეული მოატყუოს, ანუ რეცეპტორებმა ეს საკვები თავისიანად მიიღონ და ორგანიზმში შეიყვანოს, წლების შემდეგ კი შესაძლოა, ეს საკვები საზიანო აღმოჩნდეს. საკვების გენმოდიფიცირებასთან ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: XXI საუკუნის ბოლოს დედამიწის მოსახლეობა, დაახლოებით, 11 მილიარდი იქნება, ამდენ ადამიანს გამოკვება დასჭირდება და საკვების გენმოდიფიცირების გარეშე ეს შეუძლებლად ჩანს. როცა საკვების დეფიციტი XX საუკუნის შუა წლებში შეიქმნა, 1950 წელს ბურღულეულის მოპოვება 250%-ით გაიზარდა და გამოკვების პრობლემა მოიხსნა. ეს განხორციელდა ახალი ტიპის სასუქების შექმნით და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით. დღეს ძნელია ბევრი რამის წინასწარ გათვლა, გამოსავალი კი ის უნდა იყოს, რომ გენმოდიფიცირება დასახვეწია.

 

                                                                                                        დავით თავართქილაძე