რატომ ემუქრება მთავრობას გადაყენება?!

Capturewqqq

ოპოზიციისა და საექსპერტო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები რუსულ „გაზპრომთან“ ნახევრად გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აგრძელებენ. ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული.

„ქრონიკა+“ ესაუბრება ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორს, ექსპერტ რომან გოცირიძეს:

_ „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული. ამასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმდინარე ფარული მოლაპარაკებები საშიშ სახეს ღებულობს და  იგი სცდება საქართველოსთვის რუსეთიდან მცირეოდენი რაოდენობის გაზის მიწოდების საკითხს.

ეს პროცესი ხასიათდება მთელი რიგი საეჭვო ქცევებით, კერძოდ:

1. საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოლაპარაკებებს ასაიდუმლოებს, მაშინ როცა მას პირველად ყოველთვის რუსული მხარე ამჟღავნებს. ისე ჩანს, თითქოს ამით რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობს და ქართულ მხარეს აიძულებს, უფრო აქტიურად იმოქმედოს და ღიად დაიცვას მის მიერ აღებული კურსი,  ამტკიცოს მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა;

2. ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის არსებობს აზერბაიჯანიდან დამატებითი რაოდენობის გაზის მიღების შესაძლებლობა.

ასეთი სიჩქარე შეიძლება აიხსნას რუსეთის სურვილით, ხელშეკრულება გააფორმოს დღევანდელ მთავრობასთან საპარლამენტო არჩევნებამდე. ნათელია, რომ ეს უკანასკნელი ვერ ღებულობს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და რუსეთისათვის უფრო ადვილია, ურთიერთობა იქონიოს ქვეყნის ერთადერთ არაფორმალურ მმართველთან, ვიდრე იმ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ფორმირება დიდი ალბათობით არის მოსალოდნელი მომავალ არჩევნებში.

რუსეთის სიჩქარე განპირობებულია იმითაც, რომ 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის აზერბაიჯანული „შაჰდენიზ 2-ის“ პროექტის ფარგლებში მოპოვებული გაზის ახალი ნაკადები, რითაც შეწყდება ყოველგვარი სპეკულაციები გაზის მიწოდების ახალი წყაროების საჭიროების შესახებ.

გარდა ამისა, მომავალ წელს საქართველოში იწყება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რითაც საბოლოოდ დაზღვეული იქნება ქვეყანა ყველა სახის, მათ შორის, ტექნიკური ხასიათის რისკებისაგან. ასეთ ვითარებაში არ რჩება რაიმე სახის არგუმენტი რუსულ გაზზე საქართველოს მიბმის დასასაბუთებლად;

3. რუსეთისთვის „გაზპრომის“ შემოყვანას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს შეიძლება გაზის რეალიზებით მიღებული მცირეოდენი ფინანსური სარგებელი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ  რუსეთის მთავარი სამიზნე  აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა იყოს. ამით საქართველო, სომხეთის მსგავსად, საბოლოოდ მოექცევა რუსეთის ეკონომიკურ არტახებში.

ამ მიზნისაკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება განვიხილოთ „როსნეფტის“ მიერ საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ფოთის ნავთობტერმინალის მოულოდნელი შეძენა. ისევე როგორც რუსული სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების აქტიურობა საქართველოს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სახის ობიექტების შეძენის მიმართულებით;

4. რუსეთისთვის საქართველოს რკინიგზის ამა თუ იმ ფორმით კონტროლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონში მისი სამხედრო ყოფნის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის საკითხი შესაძლოა სულ მალე დადგეს დღის წესრიგში, რათა ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებამდე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი და რომლითაც აზია ევროპას უნიკალური ახალი აბრეშუმის გზით დაუკავშირდება;

5. რუსეთის მიერ საქართველოს ჩათრევა ახალ ენერგეტიკულ სქემებში და „მოსკოვი-თბილისი-ერევანი-თეირანის“ ენერგოღერძის შექმნის შესახებ ახლახან გაკეთებული განცხადებები აშკარად მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის, როგორც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი მთავარი გეოსტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოს მთავრობის დაინტერესება „გაზპრომთან“ კოოპირებით ირანიდან სომხეთის გავლით გაზის შემოტანის თაობაზე. დღეისათვის ამ იდეის ხორცშესხმის არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს და ამ თემის წამოწევა და მასში საქართველოს ჩათრევა კიდევ ერთი ხრიკია რუსეთის მიერ აზერბაიჯანის გასაღიზიანებლად და მასზე პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად.

თუმცა აზერბაიჯანზე ზემოქმედების მთავარ იარაღად რუსეთი მაინც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან პირდაპირი სახმელეთო კავშირების აღდგენას განიხილავს;

6. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა შეუძლებელია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების შეშფოთებას არ იწვევდეს.

ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა უარყოფითადაა აღქმული მთელი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის მიერ. მკვეთრად უარყოფითია ასევე საზოგადოებრივი აზრი. საბოლოო ჯამში, ეს წამგებიანია მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საარჩევნო მიზნების თვალსაზრისით.

მიუხედავად საკითხის არაპოპულარობისა, ხელისუფლება ჯიუტად და საეჭვოდ აგრძელებს აღებულ კურსს. ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესებში არის ან კერძო პირების კორუფციული ინტერესები, ან რუსული ფაქტორის გამოყენების მცდელობა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების ტოლფასია. არ არის გამორიცხული,  არსებობდეს, აგრეთვე, ქვეყნის არაფორმალურ მმართველზე ზემოქმედების ჩვენთვის უცნობი ეკონომიკური თუ სხვა სახის ბერკეტები.

პრობლემის დრამატულობა ისიც გახლავთ, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი რეალურად არ არის მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში, გარიყული არიან პროცესებისგან, არ აქვთ წარმოდგენა ნამდვილ მოტივებზე და მიზნებზე. მოლაპარაკებებში საეჭვოდ აქტიურობს მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრი და შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისიც მარიონეტად,  განტევების ვაცად არის გამოყენებული.

ასეთ ვითარებაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ ქმედით გზად რჩება საზოგადოების მხრიდან მტკიცე პროტესტის გამოხატვა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დროული ჩართვა მოვლენების არასასურველი სცენარით წარმართვის თავიდან ასაცილებლად.

საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე და მთავრობისადმი ნდობის უკიდურესად დაბალი ხარისხის პირობებში, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზეზიც გახდეს.

_ რით დასრულდება ეს პროცესი?

_ „გაზპრომის“ მიერ ერთი თბოსადგურისთვის ან ქარხნისთვის გაზის მიწოდებით არ დამთავრდება ეს ისტორია. ასევე საეჭვო პროცესები მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზ თბილისთან“ დაკავშირებით. ყაზახურ პრესაში ჯერ კიდევ კალაძის ამ ქვეყანაში ვიზიტისას იწერებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ყაზახები თბილისის გაზის სისტემის მართვაში დაბრუნდებიან, ისინი მის გაყიდვას აპირებენ. სავარაუდო მყიდველად რუსული კომპანიები სახელდებოდნენ.

დღეს მართლაც არ არსებობს 70 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების მქონე კომპანიის რომელიმე სოლიდური დასავლური კომპანიის მიერ შესყიდვის პერსპექტივა. თუ რაიმე მექანიზმი არ ჩაიდო, ყაზახებს ვერავინ დაუშლის რუსეთისთვის მის გადაცემას. ეს კი ნიშნავს „გაზპრომის“ შემოსვლას თბილისის თოთოეულ ოჯახში.

საქართველოს მთავრობის საგაზო ვნებების აღწერისას ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ყაზახეთში ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ მთავრობაში განაცხადეს, რომ თბილისი შეიძლება მომარაგდეს ყაზახური გაზით.

სინამდვილეში ყაზახური გაზი რუსულ მილებში სხვა არაფერია, თუ არა „გაზპრომის“ გაზი, ანუ ე. წ. სვოპი. ყაზახეთი მიაწვდიდა გაზს რუსეთის მეზობელ რეგიონებს, „გაზპრომი“ კი თბილისს. მოგეხსენებათ, ყაზახეთს თავის მილი არ აქვს არც საქართველომდე და არც ევროპასთან. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა რუსეთს ყაზახური გაზის მის მილებში გატარების? მხოლოდ ჩვენზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტების ხელში ჩაგდების.

იგივე ხდება ე. წ. ირანული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში შემოტანის ახლახან გახმაურებული თემის ირგვლივ. რომ არა ირანულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, საქართველოს მთავრობა ამ მოლაპარაკებებსაც ასაიდუმლოებდა.

_ მთავრობამ შეიძლება ირანული შირმით ისევ „გაზპრომი“ შემოიყვანოს?

_ მას შემდეგ, რაც ირანულმა პრესამ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შინაარსი გამოაქვეყნა, მთავრობა იძულებული გახდა, ეს ფაქტი დაედასტურებინა. გაზის შემოტანას სომხეთის გავლით აპირებენ. დღეს ამის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს.

საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი, აზერბაიჯანის გავლით, ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ოციოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში „აღადგინეს“. სწორედ ერთი თვე ჰყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება.

ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. თეორიულად შეიძლება ამ გაზის მიერთება ჩრდილოეთ-სამხრეთის (რუსეთ-საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. აქედან რუსული გაზი სომხეთისაკენ მიედინება და იქიდან ირანული გაზის მიღება ტექნიკურად შეუძლებელია, თუნდაც იმ შემთხვევაში, რუსული გაზისგან საერთოდ რომ დავაცარიელოთ.

უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ _ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რუსული გაზი უფრო „იაფია“ ირანულთან შედარებით, რაც საფუძველი გახდება კონტრაქტის შეცვლისა.

გარდა ამისა, სომხეთში არსებული მილსადენები ეკუთვნის რუსეთს და იგი ყოველთვის შეიძლება გადაიკეტოს საქართველოსთვის „გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების“ გამო.

ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების აუცილებელი მონაწილე „გაზპრომიც“ იქნება. ეს ახლახან დაადასტურა კიდევაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ. ამ პროცესში აზერბაიჯანისადმი დამატებითი გაზის მოსათხოვნად დრო იკარგება.

მას შემდეგ, რაც თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ „შაჰდენიზ 2-ის“ პროექტი და დამატებითი გაზის მოცულობები დაგეგმილ 2018 წელზე ადრე იქნას მიღებული და, შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე გატარებული, მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს. მათ შორის იმას, რასაც ზემოთ ვამბობდი _ ხომ აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე, უფრო ზუსტად, მის არაფორმალურ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები? ან შეიძლება, უბრალოდ, ეს ინტერესთა თანხვედრა იყოს?

ისევ ყაზახურ-რუსული თემა: საქართველოდან ნელ-ნელა გადის ყაზახური ბიზნესი. დიდი ალბათობით, მას რუსული ჩაანაცვლებს. აგერ „ბილაინი“ ყიდულობს „კავკასუსს“, შარშან „როსნეფტი“ შემოვიდა უკითხავად. მოკლედ, მცოცავი ეკონომიკური ანექსია მიდის ხელისუფლების წაყრუებით თუ ხელშეწყობით.

„გაზპრომის“ შემოყვანის მცდელობა უკვე იმდენად ღიად და თავხედურად ხდება, რომ მეტის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკება, როგორც ჩანს, იმით მთავრდება, რომ მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი ხელშეკრულება საქართველოს საზიანოდ იცვლება. სომხეთისკენ გატარებული გაზის სანაცვლოდ, დღეს ვღებულობთ გაზს ნატურით, მისი 10 პროცენტის ოდენობით. ახლა, თურმე, გაზის ნაცვლად გვთავაზობენ ფულს. ამ ფულით უნდა ვიყიდოთ გაზი ისევ „გაზპრომისგან“. ნაცვლად გარანტირებული გაზისა, ვღებულობთ ფასზე დამოკიდებულ მცოცავ სიდიდეს. დღეს შეიძლება ეს გატარებული გაზის ათი პროცენტი იყოს, ხვალ ხუთიც არა.

ენერგეტიკის მინისტრი ამ ერთი თვის წინ რიხით აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა კონტრაქტის ამ ფორმით ცვლილებას. თუ შედეგს ვერ მიაღწია, მინისტრი თავის მთავრობიანად უნდა გადადგეს. ზარალზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი, თუნდაც პოლიტიკურად.

_ ეროვნული ბანკის გარშემო რა პროცესები ვითარდება?

_ თებერვალში ქადაგიძის ნაცვლად ეროვნული ბანკის საბჭოში დასანიშნ კანდიდატურას პრეზიდენტი სპეციალისტების დახმარებით ეძებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება. არც ისაა გარანტირებული, დაამტკიცებს თუ არა მას პარლამენტი. არც ესაა დიდი პრობლემა.

მომავალი წლის დეკემბრამდე ეროვნულ ბანკს მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ეყოლება. შემდეგ კი კიდევ საბჭოს სამ წევრს, მათ შორის, ორ ვიცე-პრეზიდენტს გასდის ვადა. ასე რომ, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს ოთხი გამოთავისუფლებული წევრის წარდგენა მოუწევს. ძალთა თანაფარდობა აშკარად პრეზიდენტის სასარგებლოდ იქნება შეცვლილი. ის მთავრობა უკვე არ იქნება ასეთი მთავრობა. პარლამენტიც სულ სხვა პროფილის იქნება. თანაც, დრო პრეზიდენტის სასარგებლოდ მუშაობს.

შვიდიდან ოთხი წევრის ნაკლებობა ეროვნული ბანკის საბჭოში მის სრულ პარალიზებას გამოიწვევს. ამიტომ პარლამენტი იძულებული გახდება, პრეზიდენტის კანდიდატურები დაამტკიცოს. რომც ივაჭრონ და ერთი-ორი საკუთარი კადრი გაიყვანონ, ეს არაფერს ცვლის, _ საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთს ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავს ეროვნული  ბანკის პრეზიდენტად.

მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს სპეციალისტების დახმარებით ეძებს, რაც პროცესისადმი ნდობას იწვევს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევას ახორციელებს სპეციალისტების დახმარებით. ეს მეტ ნდობას აღძრავს ამ პროცესისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონებასა და მხარდაჭერას იწვევს, რითაც პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციები კიდევ უფრო მყარდება ამ პროცესთან დაკავშირებით.

იანვრის ბოლოს პრეზიდენტი უკვე წარადგენს გამოთავისუფლებული წევრის სანაცვლოდ ახალს. გახდება თუ არა იგი ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, ეს დამოკიდებული იქნება მის ავტორიტეტზე და პროფესიონალიზმზე. საბჭოს წევრისადმი მოთხოვნები როგორც პროფესიული საზოგადოებიდან, ასევე პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთია და როცა იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოიაზრება, _ მეორე. ამიტომ ბევრი რამ წარდგენილი პიროვნების „პროფილზე“ იქნება დამოკიდებული.

_ რა ხდება აზერბაიჯანის მანათთან დაკავშირებით და რა საფრთხეები შეიძლება წარმოიქმნას? აზერბაიჯანში სავალუტო პუნქტები დახურულია და ვალუტის დეფიციტი გაჩნდა. ხომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნიდან იქით გადადინება?

_ ვალუტის დეფიციტის ცნება არ არსებობს. არის არასწორი გაცვლის კურსი. იქნება რეალური კურსი, გაჩნდება ვალუტაც.

აზერბაიჯანში თითქოს თავისუფლად მცურავი კურსი შემოიღეს, სინამდვილეში მაინც ეწეოდნენ მის კონტროლს. შედეგიც ასეთია, რასაც ვხედავთ.

არ გამოდის ნახევრად ფეხმძიმობა: ან უნდა მიუშვა და თავისით იპოვის წონასწორობას, ან უნდა არეგულირო და რეზერვები დახარჯო. არც ერთი უნდათ და არც მეორე.

_ რაც შეეხება ლარის ამჟამინდელ მცირეოდენ გაუფასურებას?

_ ეს კვლავ გამოწვეულია დეკემბრის ბოლო კვირაში განხორციელებული დიდი საბიუჯეტო ხარჯვებით და საახალწლო ნავაჭრის კონვერტირებით იმპორტიორების მიერ და არავითარი კავშირი მას აზერბაიჯანთან არ აქვს.

აზერბაიჯანი აღმოჩნდა ის ბოლო ქვეყანა, რომელიც იმ ილუზიით იკვებებოდა, რომ შეეძლო თავიდან აეცილებინა საკუთარი ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია ეკონომიკის იმ სტრუქტურისა და იმ საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში, რომელსაც იგი ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასები და დოლარის გლობალური გამყარებაც ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის დრამატულ გაუფასურებაში შიდა ეკონომიკურმა შეცდომებმაც სერიოზული როლი ითამაშა.

აზერბაიჯანი 2015 წელს მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა გახდა ეროვნული ვალუტის დევალვაციის სიდიდის მიხედვით. მომდევნო ადგილები ყაზახეთს, ზამბიას, ბელარუსს  არგენტინასა და უკრაინას ეკავათ.

აზერბაიჯანმა ზუსტად გაიმეორა ის შეცდომები, რომელიც ყაზახეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა დაუშვა. იქაც ეროვნული ვალუტის ორეტაპობრივი დევალვაცია განხორციელდა. ყაზახეთში პირველი დევალვაცია მოხდა გასული წლის თებერვალში,  მეორე _ აგვისტოში. თავდაპირველად, ტენგეს გაცვლის კურსი ფორმალურად გაუშვეს თავისუფალ ცურვაში. მაგრამ ყაზახეთის  ცენტრალური ბანკი მაინც არეგულირებდა მას, რითაც  ადგილობრივი ვალუტის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდა.

ასეთმა პოლიტიკამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ აგვისტოში მოუწიათ ხელახალი, მნიშვნელოვანი დევალვაციის განხორციელება. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ვალუტის კურსი  1993 წლის ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მთლიანობაში ყაზახური ტენგე წელიწადში  ორჯერ და უფრო მეტად გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით.

მსგავსი პროცესები შეიმჩნევა აზერბაიჯანშიც.

დრომ გვაჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია სწორი იყო. მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან, ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლებო ძალებისაგან და მათ მიერ დაქირავებული „ექსპერტებისგან“, ლარის თავისუფალ მცურავ კურსზე გადასვლა კრიზისის დაწყების პირველივე დღეებიდანვე  იყო გამართლებული ნაბიჯი.

ფაქტობრივად, არჩეულ იქნა ეკონომიკის გარე შოკების ზემოქმედებასთან  ადაპტაციის უნივერსალური მექანიზმი, როცა ვალუტის გაცვლის კურსს მართავს ბაზარი და არა ეროვნული ბანკი. ამ პოლიტიკამ თავიდან აგვაცილა უცხოური ვალუტის რეზერვების განიავება, მნიშვნელოვნად იმოქმედა იმპორტის მოცულობაზე და უზრუნველყო ლარის კურსის ახალი, მეტ-ნაკლებად, სტაბილური წონასწორობის ნიშნულისკენ  გადანაცვლება.

 

                                                                                                                       გელა მამულაშვილი