„სტრატეგია 2016“ – გიორგი ვაშაძის გუნდი ახალი ინიციატივით გამოდის!

5rt

უკვე 25-წლიანი „დამოუკიდებლობის“ შემდეგ ქვეყანა ისეთ დამყაყებულ ჭაობში აღმოჩნდა და ბევრი მიმართულებით ყველაფერი ისე გაიყინა, რომ ერთ გვარიანი „შემოლაწუნება“ ნამდვილად არ აწყენდა. კატასტროფული სოციალური სიდუხჭირე, აქედან გამომდინარე მახინჯი საფინანსო-პოლიტიკური ოლიგარქიის მხრიდან მოსახლეობის მზარდი დამონება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ათასი სხვა უბედურება ქვეყანას ნორმალური ევროპული გზით განვითარების შანსებს უსპობს.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, ა/ო მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, ჩვენი ქვეყნის ყველაზე თავისუფალი და ჯანსაღი ნაწილი, ახალგაზრდობა, მზად არიან სხვადასხვა მიმართულებით „შემოლაწუნებისთვის“.

კონკრეტულ ინიციატივებზე „ქრონიკა+“ სწორედ ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:

_ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ შარშან, ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგით იყო დაკავებული. განსაკუთრებით აქტიურად დედაქალაქის მერიის საქმიანობას ვაკვირდებოდით და თქვენი გაზეთის მეშვეობით უამრავი დარღვევის ფაქტზე გვქონდა საუბარი. ავად თუ კარგად, სხვადასხვა შედეგიც დადგა. მაგალითად, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მოხსნეს, რომლებიც კორუფციაში, სხვადასხვა გადაცდომაში ვამხილეთ. პრობლემები სახეზეა და წელვანდელი ბიუჯეტის დაგეგმვიდან გამომდინარე, მეტად იქნება გამოხატული.

მაგრამ დღევანდელი საუბრის თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს. ა/ო მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობს. ეს ფონდი მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მოლდოვაში, ალბანეთსა და მაკედონიაში; სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებს ატარებს. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეა, რომელიც ასევე უკრაინაში აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენი ორგანიზაცია წელიწადნახევარზე მეტია, ამ ფონდთან თანამშრომლობს და, ფაქტობრივად, ფონდი და „მედიატორი“ ერთმანეთისგან განუყოფელი გახდა.

ახლა პროგრამა „სტრატეგია 2016-ის“ ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ განვახორციელოთ არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობების მონიტორინგი, არამედ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ როგორც დედაქალაქის მერიაში, ასევე სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში; სადაც შეგვეძლება ვაწარმოოთ მონიტორინგი, კონკრეტული ინიციატივები წამოვაყენოთ და ა.შ. ასევე გვინდა საზოგადოებას შევთავაზათ კონკრეტული გამოსავალი და რეფორმები იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც დღეს ქვეყანაში ვაწყდებით.

გვსურს ფონდთან ერთად დავიწყოთ ამ პროექტებისა და რეფორმების პრომოუშენი, მათი გავრცელება, საზოგადოებამდე, კონკრეტულ ადამიანებამდე მიტანა; ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება. ამ მიზნით შევხვდეთ როგორც ბიზნესმენებს, ასევე სტუდენტებს, დაინტერესებულ ადამიანებს, ადგილებზე სადარბაზოებში ვიაროთ და ა.შ.

ჩვენ რამდენიმე ინიციატივაზე ვსაუბრობთ და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანზე მოგახსენებთ.

_ სანამ ამაზე გადავალთ, ორი სიტყვით, რა რეალობაა დღეს დედაქალაქისა და ადგილობრივ თვითმმართველობებში?

_ მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემა არაპროფესიონალიზმია. მეორე _ ბიუჯეტის არარაციონალური გადანაწილება; მისი მორგება კონკრეტულ ადამიანებსა და თანამდებობის პირებზე.

_ აქ ფუნდამენტური პრობლემა რა არის, რაც ყველაფრიდან ამოსავალი წერტილია?

_ თუ ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო და ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცული იქნება, ეს გამოწვევა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. წლების წინათ ამ ქვეყანაში სასამართლოს არც არავინ ცნობდა. მერე ის მაინც მოხდა, რომ კონკრეტული მოსამართლეები ქრთამს აღარ იღებდნენ, მაგრამ სახელმწიფოს მაინც დარჩა სასამართლოზე ზეწოლის ბერკეტები, რომელსაც იყენებდა როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ახალმა ხელისუფლებამაც „წარმატებით“ აითვისა.

სამართალსა და სასამართლოს უკავშირდება პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიზება. თუნდაც მერიის, დედაქალაქის მთავრობის მუშაობა აბსოლუტურად პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. კერძოდ, პოლიტმოტივებით შემომწირველების დასაქმება, ასევე არაპროფესიონალების მოწყობა, ჩაჭრილი თანამშრომლების დანიშვნა, ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ. ყველაფერს იქამდე მივყავართ, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად შერჩევითი სამართალი ბოგინებს.

ამ ფონზე, სახელმწიფო თვითონ წყვეტს, ვის რა ბრალი წაუყენოს, მერე სასამართლოში რა გზით გადაწყდეს ეს საქმეები, ვინ დაიჭირონ, ციხეში გაუშვან და ა. შ. ამ ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემა სამართალია.

_ საზოგადოებას რას სთავაზობთ?

_ გვინდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა, ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური სიტუაციები აბსოლუტურად ყველაფრის შემქმნელი (ბიზნესში, პროკურატრაში, შსს-ში და ა.შ.) არ იქნება.

ბოლო ინსტანცია ქვეყანაში უზენაესი სასამართლოა _ ჯერ საქალაქო, სააპელაციო და ბოლო უზენაესია, სადაც თუნდაც დაგვიანებით საქმის განხილვა უნდა ხდებოდეს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო დავები თავიდან ბოლომდე სახელმწიფომ უნდა გადასცეს, მაგალითად, ვენისა და ლონდონის საარბიტრაჟოს, რომელიც გამორიცხავს რაიმე ჩარევას. ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. დასაწყისში, შეიძლება, გარკვეულწილად, ძვირიც დაუჯდეს, მაგრამ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება უსამართლობაზე, უკანონობაზე საუბარი. რასაკვირველია, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება დაიწყება, როცა სამართლებრივი გარემო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამყარებული არ იქნება. როდესაც ყველა ბიზნესმენს ეცოდინება, რომ ქვეყანაში რაც უნდა მოხდეს, ვერც ქონებას წართმევენ, ვერც ბიზნესს დაუყადაღებენ და ვერაფერსაც ვერ უზამენ.

ასევე ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა გადავცეთ გერმანიას, რომელიც ევროპაში ყველაზე სანდოა. თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ არადა, წლების განმავლობაში ვისაუბრებთ, რომ ვიღაცამ კომისია შექმნა, მერე მურუსიძეები იქნებიან მოსამართლეები, ვიღაც საბჭოს დანიშნავს და ა. შ. სამწუხარო რეალობაა, რომ ოც წელზე მეტია, დამოუკიდებელ სასამართლოზე ვსაუბრობთ. თუ პროცესი ისევ ჩვენს მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული, ხელისუფლებაში მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება ექნება, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს. ვნახეთ, რომ ურთმელიძემ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მშობელი დედა უარყო. მოკლედ: ასეთი რაღაცები ერთხელ და სამუდამოდ რომ გამოვრიცხოთ, შეგვიძლია გავაკეთოთ უპრეცედენტო რამ, _ სამოქალაქო გადავცეთ ვენასა და ლონდონს, ხოლო სისხლის სამართალი _ გერმანიას, ან შეერთებულ შტატებს.

ვიმეორებ: ეს ყველაფერი შეიძლება განხილვის საგანი იყოს. მას დეტალიზება სჭირდება, რაზეც ბევრი ვიმუშავეთ და პროექტიც არსებობს. ამას საზოგადოებას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესმენებს შევთავაზებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის საშუალებით საზოგადოებას კარგად გავაგებინოთ. 2016 წელს სწორედ ამით ვიწყებთ. ყველას შევხვდებით და დაწვრილებით ავუხსნით, რა გვინდა და როგორ შეიძლება მივაღწიოთ, რომ სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებელი იყოს.

_ ეს გადაცემა რა ვადით მოხდება?

_ ეს სისტემა გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს, მუდმივი ვერ იქნება. მაგალითად, 10-15-წლიან პერიოდზეა საუბარი. საქალაქო სასამართლოში რაიმე ზეწოლა აღარ მოხდება. მოსამართლის მოქრთამვა, დაშინება აზრს დაკარგავს. ქვედა ინსტანციებში ამ სიმახინჯეების კეთებას აზრი აღარ ექნება, რადგან ყველას ნათლად ეცოდინება, _ არის ვენის, ლონდონის საარბიტრაჟო, გერმანიის სისხლის სამართლის პალატა, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ამას არ დასჭირდება 6 თვე, ერთი-ორი წელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში როგორ მარტივად და სწრაფად განთავისუფლდება ჩვენი სასამართლო წნეხისგან. უბრალოდ, ყოველგვარ აზრს დაკარგავს ქრთამიც და ზეწოლაც. სახელმწიფო, პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული უნდა იყვნენ იმით, რომ მოსახლეობას შესთავაზონ სისტემები, სადაც ყელაზე ცუდი პოლიტიკოსიც კი რამის გაფუჭებას ვერ მოახერხებს.

მაგალითად, იუსტიციის სახლში პირადობის აღება ან ბიზნესის რეგისტრაცია როცა გინდათ, რომელიმეს, ვინმეს, ოდესმე (რაც ეს სისტემა შეიქმნა) აზრად მოსვლია, რომ ქრთამი გადაეხადა? ეს ხომ მარტივი მიზეზითაა გამოწვეული? ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, იქ გიორგი ვაშაძე იქნება, ადეიშვილი, წულუკიძე, თუ ლევან ხაბეიშვილი, სისტემა ისეთია შექმნილი, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავს კორუფციას. ავიღოთ განათლების სამინისტროში გატარებული რეფორმა. გამოცდებთან დაკავშირებით ბევრ რამეზე შეიძლება იკამათო, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ქვეყანაში აღარავინ კამათობს, არის ის, რომ ამ სისტემაში მოწყობისთვის ქრთამის გადახდას აზრი აღარ აქვს. ყველამ იცის, რომ ამაში ფულს აღარავინ იღებს. ყველამ იცის, რომ აქ არანაირ ზეწოლას აზრი აღარ აქვს, _ მასწავლებელზე, ლექტორზე, საერთოდ არავისზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ლომაია იქნება მინისტრი, სანიკიძე, თუ სხვა ვინმე. ეს კი იმან გამოიწვია, რომ მთელი სისტემა შეიქმნა, რომელიც საათის მექანიზმივით მუშაობს და ეს სამაგალითოა.

ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს სასამართლოში. თუ ჩვენ დავიწყებთ ისევ „ანგელოზისებრი“ ადამიანების ძებნას (რომლებიც სიტყვიერად გვპირდებიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სასამართლოს თავისუფალს გახდიან), გარწმუნებთ, არაფერი გვეშველება. ადამიანების სიტყვაზე ნდობა აღარ შეიძლება. პოლიტიკოსებმა იმაზე ზრუნვა უნდა დაიწყონ, რომ მოსახლეობას კონკრეტული სისტემები შესთავაზონ.

პროკურატურაში საჭირო აღარ იქნება შოთაძისნაირი პერსონების ყოფნა, რომლებიც ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან. თუ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, აზრს დაკარგავს რაიმე პოლიტიკური გავლენების ქონა და ეს პრობლემა მაშინვე ამოიწურება. პროკურორს არ ექნება მოტივაცია, რომ დღისით-მზისით შეთითხნოს საქმე; ეს გამოიწვევს იმას, რომ პროკურატურაში ე. წ. სანდო ადამიანები, იგივე ჯალათები აღარ დასჭირდებათ. სამაგიეროდ დასჭირდებათ განათლებული, ჭკვიანი პროკურორები, რომლებიც ნორმალურად, კეთილსინდისიერად იმუშავებენ და ამ მიმართულებით პრობლემები აღარ შეიქმნება.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იმან დაამარცხა, რომ სასამართლოში სისტემური რეფორმა არ გაატარა. ამან ის შედეგი გამოიღო, რაც ციხეებში მოხდა. იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც. წლების განმავლობაში წრეზე ვტრიალებთ და პროგრესისკენ ვერ წავალთ, თუ ამ მოჯადოებულ გარემოს თავს არ დავაღწევთ.

_ შემდეგ ინიციატივებზე რას იტყვით?

_ განათლების მიმართულებით სერიოზული რეფორმები არის გასატარებელი. მაგალითად, ბაღებში დირექტორს მერიის ბაღების სააგენტო ნიშნავს და შეუძლია, რომ მოვალეობის შემსრულებლად რამდენიც მოუნდება, იმდენი ხანი ჰყავდეს. სკოლის დირექტორების განთავისუფლებაც პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა და დღესაც ასეა. ხვალაც ასე მოხდება, თუ ეს სისტემა არ შეიცვლება. დღეს მინისტრი გამოცდავერჩაბარებულს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაინც ნიშნავს. ერთი-ორი წელი შეუძლია ასე ჰყავდეს და როგორც მოესურვება, ისე აკონტროლოს. ეს პრობლემებიც არ დასრულდება, სანამ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება. მაგალითად, დირექტორი სამ თვეზე მეტი ხნით მოვალეობის შემსრულებელი არ უნდა იყოს და ამას მინისტრი არ უნდა აკონტროლებდეს. დირექტორს თვითონ მოსწავლეების მშობლები უნდა ნიშნავდნენ. ამ ყველაფერში მინისტრი უხეშად არ უნდა ერეოდეს.

შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება, უსამართლოდ, ნეპოტიზმის ნიშნით დანიშვა არ მოხდება. სახელმწიფო შეიძლება ჩაერიოს, უბრალოდ, მსაჯის სახით.

თქვენი გამოცემის საშუალებით უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორ უცერემონიოდ ათავისუფლებენ ბაღების დირექტორებს, რადგან ეს ფუნქცია მერიის სააგენტოს აქვს. ბაღების სააგენტო პეკინიდან ვარკეთილში რატომ უნდა წყვეტდეს, მაგალითად, მეორე მიკრორაიონში ბაღის დირექტორი ვინ იქნება, _ ფიქრია თუ თამუნა? თუ რამე დანაშაულს სჩადის, არის სხვა ინსტანციები, სადაც ამის მოგვარება შეუძლიათ. წერენ, ცუდი მენეჯერიაო და ადამიანს სამსახურიდან უშვებენ. მაგრამ რატომ არის ცუდი მენეჯერი, რამე დაარღვია, მოიპარა, ვინმე მოიწამლა თუ რა, მსგავსი რაღაცები არ არის მითითებული.

ასევე სერიოზული რეფორმებია გასატარებელი პროკურატურის მიმართულებით. ვაპირებთ ქვეყანას საზოგადოებრივი პროკურორის ინიციატივა შევთავაზოთ, რათა გახმაურებულ საქმეებზე შესაძლებელი იყოს, რომ არჩევნების გზით დაინიშნოს საზოგადოებრივი პროკურორი, რომელსაც ხალხი ენდობა, მას კონკრეტული ადგილი გამოეყოფა პროკურატურაში, სახელმწიფო დააფინანსებს, როგორც ჩვეულებრივ პროკურორს, ყველა შესაბამის უფლებას მისცემს. ამით წნეხი მოიხსნება და საზოგადოებაში მის მიმართ ნდობაც იქნება.

საზოგადოებრივი პროკურორის ინიციატივაც იმას უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერმა პროკურორმა საქმე სწორად და ნორმალურად გამოიძიოს. თუ ასე არ გააკეთებს, იარსებებს ალტერნატივა საზოგადოებრივი პროკურორის საშულებით. შეიძლება მან გამოიძიოს ეს საქმე და დადოს მასალები, რასაც სხვები ვერ აკეთებდნენ. ეს ყველაფერი გამორიცხავს პოლიტიკურ ზეწოლას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და, ფაქტობრივად, აზრს დაკარგავს ზეწოლა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ა.შ. რაც ქვეყანას უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

იმ პირობებში, როცა ბიზნესმენმა იცის, რომ ქონებას ვერ წაართმევენ, მერე არ დაუყადაღებენ და ა.შ. მეტი მოტივაციით იმოქმედებს და ამ ქვეყანაში შექმნის დოვლათს.

წინა ხელისუფლების დროს ინვესტიციის შემოსვლისას გადამწყვეტი იყო პირადი კონტაქტები. თუ მაშინდელი ხელისუფლების მაღალ წრეებთან ურთიერთობა დალაგებული არ ჰქონდა, ინვესტიცია არ შემოდიოდა. თავის დროზე, ტრამპ თაუერი მიშა სააკაშვილის პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე შემოვიდა. იცოდა, თუ სააკაშვილი იქნებოდა, პრობლემები არ შეექმნებოდა და ბიზნესს გააკეთებდა. როგორც კი `ნამოძრაობამ~ არჩევნები წააგო, ტრამპ თაუერმა ქუდი დაიხურა და წავიდა. ასეთი შემთხვევა უამრავი იყო.

ამიტომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს.

„სტრატეგია 2016-ის“ ფარგლებში, თქვენს გაზეთში გაჟღერების შემდეგ დავიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას და ვეცდებით, საზოგადოებას ეს ყველაფერი კარგად განვუმარტოთ.

_ რაც შეეხება არსებულ გამოცდილებას?

_ სასამართლოსთან დაკავშირებული რეფორმა უკვე ტარდება მოლდოვში. სახელმწიფო დათანხმდა „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ რეფორმატორთა ჯგუფს. მოლდოვაში უკვე 20-დან 25-იანვრამდე იგეგმება პრესკონფერენცია, სადაც ეს გაჟღერდება და რეფორმის პრეზენტაცია შედგება. მოლდოვა იქნება პირველი, სადაც ჩვენი ფონდი ამ რეფორმას დაიწყებს.

იცით, რომ მოლდოვის სასამართლო ერთ-ერთი კორუმპირებულია და თავად სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს რეფორმა გაატაროს. თუ ჩვენც ამას გავაკეთებთ, პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. მოლდოვის გარდა, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ესაუბრება მაკედონიას და დარწუმებული ვარ, იქაც ეს სავსებით წარმატებული პროექტი იქნება.

მოკლედ გეტყვით, რომ მათ შორის საბაჟო მიმართულებითაც გვაქვს დასახული გარკვეული სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება იქ არსებული პრობლემების მოგვარება. უნდა შემოვიდეს კერძო საბაჟო სექტორი და სახელმწიფო მებაჟე აღარ იყოს. სისტემაში კერძო სტრუქტურები მუშაობდნენ, მათ შორის კონკურენცია იქნება და ა. შ. ეს ძალიან ფართო თემაა და დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ როგორც მედიას, ასევე ექსპერტებს, საზოგადოების ჯგუფების წარმომადგენლებს დეტალურად ვესაუბროთ ამა თუ ინიციატივაზე.

_ რამდენად შესაძლებელია ამ სისტემური რეფორმების დღევანდელ რეალობაში გატარება?

_ არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა მზაობა ეს გაეკეთებინა და დღევანდელ ხელისუფლებას არათუ მზაობა, არანაირი სურვილი არ გააჩნია. უბრალოდ, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდთან, ასეულობით ახალგაზრდასთან ერთად ვმუშობთ ამაზე და ამ ყველაფერს აუცილებლად შეესხმება ხორცი. ახლა გრიგოლეთში ვიმყოფები, სადაც საქართველოს მასშტაბით 3 ათასი ახალგაზრდა ჩამოდის სამდღიან ლიდერთა სკოლაში, 200-კაციანი ნაკადია. დავიწყეთ 15 დეკემბერს და 30 იანვარს დავამთავრებთ. ამ ახალგაზრდებთან მიმდინარეობს საუბარი მათ ლიდერულ თვისებებებზე და მათთან სხვადასხვა კუთხით ვმუშაობთ.

ამ ხელისუფლების პირობებში ილუზია არ მაქვს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს. თუ ეს ინიციატივები საზოგადოებიდან მხარდაჭერილი იქნება, დარწმუნებული ვარ, ამას წინ ვერავინ დაუდგება.

2016 წელი ჩვენი გადმოსახედიდან, ასევე „ენდიაის“ კვლევიდან გამომდინარეც ძალიან ბევრი პარტიისთვის, ბევრი პოლიტიკოსისთვის დასასრული იქნება. ამ პოლიტიკოსებს ადამიანებისთვის ახლის შეთავაზება არ ძალუძთ. მათ მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საუბარი შეუძლიათ, _ ვგულისხმობ როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ასევე წინა ხელისუფლების გარკვეულ ნაწილს.

ესენი არიან საბჭოთა კავშირის გადმონაშთი პოლიტიკოსები, რომლებმაც მახინჯი ვერტიკალი ვერ მოიშალეს. მომავალი აქვთ ახალგაზრდებს, ახალ ინიციატივებს, რეფორმების ძლიერ ტალღას.

 

                                                                                                               გელა მამულაშვილი