რატომ იყო საზოგადოების ნაწილი მზად პოეტის ჩასაქოლად?

44e3e3

რატი ამაღლობელის ლექსი „პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“ სოციალურ ქსელში პოეტის ვერბალური ჩაქოლვით დასრულდა. შუასაუკუნეობრივ საზარელ ინკვიზიციას შეშურდებოდა ის მეთოდები, რითაც „მორწმუნე“ საზოგადოება მუზებთან წილნაყარ მგოსანს ემუქრებოდა. ადამიანი ცხოვრებაში რამდენჯერმე კვდება, რათა ხელახლა დაიბადოსო, _ ალბათ, ამაღლობელმა ამ დღეებში ერთი დიდი ზღვარი გადალახა, რათა კიდევ და კიდევ გაახაროს მაღალი პოეზიის მიმდევრები.

 

„ქრონიკა+“ მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელს ესაუბრება:

_ საქმე გვაქვს აბსოლუტურ გაუგებრობასთან და სურვილთან, რომ ერთმანეთს არ მოვუსმინოთ. სწორედ იმ გახლეჩასთან, რასაც საზოგადოებაში ვაკვირდებით. ვფიქრობ, რომ ამაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება, ეს ლანძღვა-გინება ისეთ მასშტაბებში გადავიდა.

ზოგი რატი ამაღლობელს ლანძღავს კიდეც, _ ეგ რა პოეტიაო?! შეიძლება რატის ყველაფერი დააბრალო, მაგრამ ნამდვილად კარგი მოლექსეა. ამას ბევრზე ვერ ვიტყვი, ვისაც ამ ქვეყანაში მგოსნობა სურს. რატი უდავოდ კარგი პოეტი და მოაზროვნეა. თუნდაც იმ ლექსში ასეთი გასაგიჟებელი და ყირაზე გადასასვლელი რა იყო? ადამიანმა თავისი პოზიცია, გულის ტკივილი და შინაგანი განცდები დააფიქსირა.

მაგრამ აქ ერთი რამ არის მთავარი, _ მოსმენა უნდა გინდოდეს. უნდა გსურდეს რეალურად გაგება. ამიტომ ზოგადად უნდა განვიხილოთ, თუ რა კრიზისია საზოგადოებაში. საუბარი რელიგიაზე იწყება და დაპირისპირებით, ერთმანეთის შეურაცხყოფით მთავრდება. რაღაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ემსგავსება ეს ყველაფერი, რაც ძალიან საგანგაშოა.

მოხდა ასეთი ფაქტი, _ პატრიარქის დაბადების დღე მთელმა სამთავრობო სისტემამ პომპეზურად აღნიშნა. არ მივიჩნევ, რომ ამაში რამე ცუდი უნდა ვეძიოთ. უბრალოდ, იმ ღამესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიყინა ადამიანი. დღეს კომენტარებს ვკითხულობდი, აქ პატრიარქი რა შუაშიაო. პატრიარქი, რატი, მე და თქვენ კი არ ვართ რამე შუაში, აქ ზოგადი მოცემულობაა, რაც ქვეყანაში გვაქვს. სამწუხაროდ, ეკლესია ძალიან მდიდარი ინსტიტუტი გახდა, თითქოს მან თავისი არსი დაკარგა.

ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა ადრე თქვა, რომ ეკლესია ყოველთვის მაშინ არის კარგი, როდესაც იდევნებაო. როდესაც მასში რჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად რაღაცის ძიების სურვილი აქვთ, -_ ღმერთის, შემეცნების და ა. შ.

აი, უცებ, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, ისევ კლანურად დაიწყეს ვიღაცებმა გამდიდრება. ეს ეხება ნებისმიერ ხელისუფლებაში პოლიტიკოსებსაც, ეხება სასულიერო პირებსაც… ხალხი ძალიან ბევრს შრომობს, წელზე ფეხს იდგამს, მაგრამ არ აქვს შემოსავალი. და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ გრანდიოზულ ფუფუნებას, რაშიც ცხოვრობს, მათ შორის, რელიგია.

ეს იყო მანდ არსი. ეს ეხებოდა არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ იმ სამთავრობო პერსონებსაც, რომლებიც ასევე პომპეზურად აღნიშნავენ ასეთ დღეებს.

გასაგებია, რომ სახელმწიფო გვაქვს, საეკლესიო ინსტიტუტი და ამას ვერავინ გაექცევა. იქ პატრიარქი, პრეზიდენტია, ველურებივით ვერ ვიცხოვრებთ და ყველაფერს თავისებური პატივისცემა უნდა.

საერთოდ სხვა თემაა, მე პიროვნულად როგორ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, როგორც მოაზროვნე, როგორ ვუდგები ამას. ჩემთვის შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს ასეთი იერარქიები და ზედმეტი იყოს, მაგრამ ნახევარ ქვეყანას ჩემი ცნობიერება ხომ არ აქვს? ხომ არ შეიძლება, ჩემი ცნობიერებით მივუდგე და მოვითხოვო? ამიტომ ყველაფერი უნდა იდგეს გონიერებასა და ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთგაგებაზე.

თითქოს გონება გათიშულია და არის რაღაც კვანძოვანი სიტყვები და ეს ყველაფერი ჰიპნოზის ქვეშ ხდება, _ პატრიარქი _ და დამთავრდა. არავინ აღარ წაიკითხა, რეალურად არ ჩასწვდა აზროვნების იმ სიღრმეებს, რაზეც პოეტი წერდა. ვიღაც პატრიარქს შეეხო და ადამიანების ერთი ნაწილი, რომელსაც საშინლად არ უნდა აზროვნება, უკვე მზად იყო გადაევლო, ჯვარზე გაეკრა, მისი წიგნები დაეწვა, ელანძღა და ა. შ. საშინელი კომენტარები ვნახე რატი ამაღლობელზე.

ჩვენ უფრო ეს პრობლემა გვაქვს, _ პატარა, გაღატაკებულ ქვეყანაში, ასეთ ფასეულობათა ომში მზად ვართ ურთიერთგანადგურებისთვის. იცით, ჩვენთან როგორი ფასეულობათა ომი დაიწყო? თითქოს ორი ცნობიერება, არქაული და სრულიად თანამედროვე (რომლებიც ერთმანეთთან საუკუნეობით არიან აცილებული), ერთ სივრცეში ცხოვრობენ და ბუნებრივია, რომ ვეღარ ახერხებენ ვერაფერს, _ მათ შორის მიდის კონფლიქტი.

მიმაჩნია, რომ ორივე მხარე (ვინც საკუთარ თავს მოაზროვნედ მიიჩნევს) სჯობს რაღაც კონსენსუსზე შეთანხმდეს. მე შეიძლება სულ არ ვიყო რელიგიური ადამიანი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არის ცნობიერების ეტაპი, როდესაც გონებას რელიგია ძალიან სჭირდება. ახლა მეორე თემაა, ეს მაღალი თუ დაბალი ცნობიერებაა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს? ჩვენ ხომ ჰუმანისტები ვართ? ამაზე ხომ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ასეთი ადამიანები? და ჰუმანიზმი ნიშნავს, რომ მაღალმა ცნობიერებამ იტვირთოს დაბალი ცნობიერება. იტვირთოს არა ცინიზმით, არა შეურაცხყოფით.

და მერე კიდევ, _ დაბალ ცნობიერებას უნდა ჰქონდეს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები, რომ „დაუკრეფავში არ გადავიდეს“, რადგან დაბალი ცნობიერება და არქაული ადამიანი მიდრეკილია ძალადობისკენ. მას საერთოდ არ შეუძლია რაღაცების კონტროლი. დაბალი ცნობიერება ნიშნავს, რომ გონება რეალობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს. აი, ეს რეალობა ძალიან სავალალოა.

_ იქნებ, ისიც ვთქვათ, რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?

_ სხვათა შორის, ხშირად მიფიქრია ამაზე. იცით, ჩვენ ყველა საიდან და როგორ მოვდიოდით. აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ წინა საუკუნეებში რა ხდებოდა. მე-20 საუკუნეში ბოლშევიკურმა მოძრაობამ, პრინციპში, ერთი კასტა საერთოდ განდევნა აქედან, სრულიად ახალი იდეოლოგია დამყარდა. შემდეგ 70 წელი ეს იდეოლოგია ძალიან მყარად იდებოდა ადამიანის გონებაში. საინტერესო ის არის, რომ მაშინ რელიგია არ დომინირებდა, რადგან ქრისტიანობა თუ სხვა მიმდინარეობა კომუნისტურმა იდეოლოგიამ ჩაანაცვლა.

მაგრამ ამ იდეოლოგიის ქვეშაც ერმა, გარკვეულწილად, შეინარჩუნა თავისი ტრადიცია, ოღონდ ძალიან ბევრი მახინჯი რამ. რადგან კარგად იცით, რომ კომუნისტურ სისტემაში მყარად დამკვირდა მთელი ეს ნეპოტიზმი, კორუფცია, მძინარე მდგომარეობა.

რატომ? როგორი უნდა ყოფილიყო კარგი საბჭოელი ადამიანი? _ რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, ნაკლებად აზროვნებდა. მას ჰყავდა პარტია, რომელიც ყველაფერს მის მაგივრად წყვეტდა. იქ მაღალ, პარტიულ იერარქიაში როგორი ფიგურები გვყავდა _ სტალინი, ლენინი, ბერია, _ ავტორიტეტები, რომლებზედაც ათწლეულობის განმავლობაში ზარდეს                                                                                                               ეს ხალხი. სტალინის სახელის ხსენებაზე დღესაც ზოგს თვალები უბრწყინავს, ზოგი ლამის ავტომატურად ფეხზე დგება, ეს ყველაფერი ძალიან ღრმად არის გამჯდარი.

ამ ფონზე ადამიანები გადაეჩვივნენ ფიქრს, გადაეჩვივნენ აზროვნებას. თქვენ ნახეთ მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური წიგნები, უბრალოდ, საცოდაობაა ეს ყველაფერი წასაკითხად. მესმის, რომ ცენზურა იყო. იმის თქმა მსურს, რომ ამ ყველაფერმა გონება დაამახინჯა. ყველაფერი ისე გადაკეთებულ-გამრუდებული იყო, რომ ყველა ამ სისტემას მორგებოდა, რათა ჩამოყალიბებულიყო საბჭოთა ადამიანი.

ჰოდა, ჩამოყალიბდა კიდეც ეს საბჭოელი ადამიანი, რომელსაც პარტია აჭმევდა და ასმევდა, რომელსაც არაფერზე ფიქრი არ სჭირებოდა. ეს იყო ბედნიერი კომუნისტი. უცებ, დაიშალა საბჭოთა კავშირი. ახლა რა ხდება? ფიქრსა და აზროვნებას შეუჩვეველი ადამიანი, რასაკვირველია, დაიბნა.

გახსოვთ, რაც 90-იან წლებში მოხდა, _ აბსოლუტური შოკი, ვერ გაიგეს ადამიანებმა, როგორ უნდა ეცხოვრათ ამ აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში. იმ გარემოში, სადაც უკვე თქვენი ნიჭის დაფასება მოხდებოდა; თქვენი პირადი, ინდივიდუალური მანაცემებით და არა რაღაც ნეპოტიზმით, მშობლების, ბებია-ბაბუის დახმარებით.

ვინც ფსიქოლოგიაში ჩახედულია, კარგად გაიგებს, ასე ადვილი არ არის, მასობრივად დაიწყოს ხალხმა ფიქრი, თუ რა ხდება მის გონებაში. ამ დროს მომენტალურად ჩაეჭიდნენ რელიგიას. სწორედ კომუნიზმის ნგრევამ დაიწყო ეკლესიის რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაში ეკლესია მსხვერპლის როლში იყო. მართალაც, თავის დროზე, ძალიან ბევრი ტაძარი დაანგრიეს, სასულიერი პირები განდევნეს, დახვრიტეს და ა. შ. და როგორც მსხვერპლი, ისე დაბრუნდა რელიგია. რასაკვირველია, თავისი იდეალებით.

და ეს აბსოლუტურად მართვადი მასა, რომელსაც მუდმივად სურდა, რომ ის ვიღაცას ემართა, ავტომატურად გადავიდა მეორე მხარეს. ანუ, რეალურად, ერთი იდეოლოგიის ადგილი მეორემ დაიკავა. ამიტომ მივიჩნევ, რომ სტალინი და მსგავსი ფიგურები დღეს სასულიერო პირებმა ჩაანაცვლეს. სწორად გამიგეთ, არავის ვეხები, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, ვცდილობ, ფსიქოლოგიურ ჭრილში ავხსნა, თუ რა მოხდა. ალბათ, მარტო არ ვარ, ვინც ამას ფიქრობს.

ეკლესიის ავტორიტეტი სერიოზულად გაიზარდა. მაშინ, 90-იან წლებში, ეკლესია ასეთი მდიდარი არ იყო. მერე ზუსტად იმიტომაც გამდიდრდა, რომ მისი ავტორიტეტი გაიზარდა. ვიცით, თუ რა მძიმე 25-წლიანი სოციალური ცხოვრება გამოვიარეთ. და უცებ აღმოჩნდა, რომ ეკლესიის სისტემა შეიძლება სამსახურიც ყოფილიყო. უამრავი ადამიანი ასე ქუჩიდან მოძღვარი გახდა. ზოგმა, მაპატიეთ და, წერა-კითხვაც ნორმალურად არ იცის, იქ აზროვნებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.

დაიწყეს პოზიციების განმტკიცება და როგორ უნდა განიმტკიცონ ეს პოზიციები? გახსოვთ, ხომ, კომუნისტები რომ მოვიდნენ, ისეთი ინსტიტუციური მოწყობა უნდა ჰქონოდათ, რომ მწველავს შეძლებოდა, პრეზიდენტი გამხდარიყო. ზუსტად იგივე მოხდა რელიგიის სისტემაში, ასეთი ჩანაცვლების პირობებში.

საშუალო სტატისტიკურ სასულიერო პირთან, რომელსაც არც შესაბამისი განათლება აქვს (რეალურად, არაფერი იცის) უამრავი განათლებული მრევლი, ასე ჰაერში დარჩენილი ადამიანი მიდის. და ეს რით უნდა შეინარჩუნონ, მხოლოდ და მხოლოდ, ავტორიტეტის გაძლიერებით. რადგან ამ დროს აზრიანს ვერაფერს ეტყვი ადამიანს, რომელსაც შენზე მეტი წაუკითხავს, მეტი უფიქრია. ისევ მივედით ამ პრობლემასთან.

ამ დროს რა ხდება? დაიწყო ერთ ნაწილში მოძრაობა, _ მოდით, ვთქვათ ახალგაზრდებში, საშუალო ნაწილშიც, ვინც მიხვდა, რომ მას აზროვნება უნდა დაეწყო. ვინც მიხვდა, რომ ყველა იდეოლოგია დამღუპველი იყო, რომ ყველა იდეოლოგია აჩლუნგებს ადამიანის გონებას.

რასაკვირველია, ბევრი ისევ მძინარე მდგომარეობაშია, რომელმაც ძველი იდეოლოგია ახლით ჩაანაცვლა, მისი ავტორიტეტებით და ა. შ.

და ამ დროს არიან ცოტა, მაგრამ გაცილებით მოაზროვნეები, უფრო რეაქციულები, ხშირად ძალიან უხეშები და აგრესიულები. ეს ის ხალხია, ახალი თაობა, რომელსაც, უბრალოდ, აღარ შეუძლია ასეთი ცხოვრება.

აი, აქ მოხდა რადიკალური დაპირისპირება. ადამიანებმა ისე, რომ არც ესმით მისი არსი, ქრისტიანობაში გააერთიანეს მთელი ეს ფუნდამენტური ღირებულებები, _ ქართველობა და ქრისტიანობა ერთია და ა. შ. ვინც მათსავით არ ფიქრობს, განსხვავებული აზრი აქვს, ე. ი. მისთვის ყველაზე წმიდათაწმიდას ებრძვის. მის ღმერთს, მის სიწმინდეს და ა. შ. აი, აქ ძალიან დიდი აცილება მოხდა.

გონება, რომელიც არ ფიქრობს და ვერ აზროვნებს, ის ვერ ვითარდება. ავტორიტეტებისადმი დამორჩილება და იდეოლოგიებისადმი მიყოლა უფრო აქვეითებს გონებას. მეორე ნაწილმა კი ნაბიჯი გადადგა აზროვნებისკენ.

_ დღეს გამოსავალი სად არის, რომ საზოგადოებამ ამ კონფლიქტურ რეალობას თავი დააღწიოს?

_ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამეა _ ადამიანებმა უნდა დაიწყონ ფიქრი. ასევე იმ სასულიერო პირებმაც, ვისაც მართლა რაღაცად უღირს ადამიანური ფასეულობები. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ასეთები ნამდვილად არიან, _ მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს. მათ ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ მრევლთან. უნდა გამოვიდნენ, ისაუბრონ.

მეორე, მოაზროვნე მხარემ უნდა შეწყვიტოს ეს რაღაც ცინიკური აგრესია და დაცინვა. და ჩვენ ყველა კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. რაღაც ფარული შეთანხმება უნდა იყოს, რომ მე თქვენს რელიგიას პატივს ვცემ, ოღონდ თქვენ ჩემს აზროვნებას პატივი ეცით.

ოღონდ, დროთა განმავლობაში აუცილებელია ფიქრი, აზროვნება, განათლება… და საერთოდ, თაობებში უნდა შევცვალოთ აღზრდის პროცესი, სკოლებში დამოკიდებულებები, ასევე უნივერსიტეტებში. ყველაზე დიდი გამოსავალი ახალ თაობაშია.

მაგრამ მანამდე ისევ ომამდე რომ არ მივიდეთ და ამხელა აგრესია არ იყოს, ამ ყველაფერზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებსაც ფიქრი შეუძლიათ. ამ დროს ძლიერმა სჯობს, ცოტა დათმოს. ეს, სხვათა შორის, ორივე მხარეს ეხება, ვისაც რამე ესმის. სჯობს, იყოს ნაკლები ცინიზმი, აგრესია, იყოს ბევრი ლექცია, შეხვედრა, საუბარი, მაგრამ მიზანი უნდა იყოს რაღაც საერთო აზრამდე მისვლა და არა იმის გაუთავებელი მტკიცება, რომ მე უფრო მაგარი ვარ, ვიდრე შენ.

_ ხედავთ საზოგადოებაში ამისთვის საჭირო რესურსს?

_ ჩვენ ძალიან ცინიკოსები ვართ და ეს ნამდვილი კოშმარია. ამისთვის მზაობა, სურვილი არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, სხვანაირად ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია.

                                                                                                               გელა მამულაშვილი